გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის


1

ამერიკელის მენტალურ თვალსაწიერს, ანუ, ზოგადად, ამერიკულ ცნობიერებას შეიძლება ,,გონივრული ეგოიზმი" ვუწოდოთ; პირობით, ცხადია. ეს არის ტერმინი, რომელიც თავის დროზე თომას ჰობსმა შეარჩია ადამიანის ვითარცა სოციალური არსების შინაგანი მამოძრავებელი პრინციპის სახელად. ის ზედმიწევნით მიუდგება ამერიკელის მსოფლმხედველობასა და გემოვნებას.   
      ამერიკელის ფიქრები მისი პირადი საქმიანობის გარშემო ტრიალებს. ის არ ჰგავს მეგრელს, ან გურულს, რომლებიც წამში დაგილაგებენ მსოფლიოს. ქართველი მასშტაბურად ფიქრობს, ოღონდ ვერ ამჩნევს ამ მასშტაბურობის აშკარა კავშირს ერთგვარ კომიკურობასთან.
ამერიკელი კითავის თავზე ფიქრობს და არავითარ ნაკლად ეს არ მიაჩნია. ოღონდ ეს ეგოიზმი, როგორც ვთქვით, ,,გონივრულია” და ამის სწორად განმარტებაა საჭირო.

ეს განმარტება უნდა დავიწყოთ შეერთებული შტატების თავისებური წარმოშობიდან - მისი არაეროვნული საწყისებიდან. ეს ხალხი, სხვა ხალხებისგან განსხვავებით, სტიქიურად, ბუნებრივად არ ჩამოყალიბებულა. ისინი უკვე ჩამოყალიბებულნი მოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანდა გაერთიანდნენ წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით. ახლდა ამას ცნობილი სისასტიკე, მაგრამ არაა საჭირო ამისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ეს ბუნებისთვის დამახასიათებელი სისასტიკეა. ბუნება თავის გზაზე მორალური პრინციპებით არ ხელმძღვანელობს.

დასავლური ,,ინდივიდუალიზმიდან” წამოსულმა ადამიანებმა იუცხოვეს კოლონიურ მდგომარეობაში ყოფნა, გარეკეს ინგლისელი კოლონიზატორები და თავისუფლების ქანდაკება აღმართეს. მათ მიიღეს კანონები და თავისუფლად დაემორჩილნენ ამ კანონებს. სწორედ ესაა მათი ეგოიზმის ,,გონივრულობა". ამერიკული ეგოიზმი ზომიერია, კანონებშია მოქცეული. ეს დასავლური რაციონალიზმის უცვლელად გადმოტანა იყო ,,ახალ სამყაროში" (The New World).

მაგრამ იყო მეორე დიდი მოვლენაც - სამოქალაქო ომი. მისი მთავარი საკითხი მონობის საკითხი იყო; მონობისა, რაიც ეწინააღმდეგებოდა ,,თავისუფლების ქანდაკების" იდეას. ამ ომის მთავარი შედეგი ცნობილია - მონობის უარყოფა! ომის დასასრულს გამოშვებული ,,Emancipation Proclamation“ მთელს შტატებში აუქმებდა მონობას და ათავისუფლებდა ადამიანს.

ოღონდ არ უნდა ავჩქარდეთ და ეს არ უნდა განვმარტოთ ,,ქრისტიანულ სიყვარულად". დასავლური კულტურა, ალბათ,ანტიქრისტიანული უფროა, ვიდრე ქრისტიანული. ამერიკელი მონები გაათავისუფლეს არა მათდამი თანაგრძნობისა და სიყვარულის გამო, არამედ წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით: მონის შრომა უეფექტოა და მონის რჩენა - წამგებიანი! უპირველეს ყოვლისა, აი, ამ მოტივით ამერიკელი მონობის წინააღმდეგია.
2


     რა მივიღეთ? ამერიკული ცხოვრება მომდინარეობს არა ბუნების სპონტანური წიაღიდან,მითოსის საიდუმლო ზღვიდან, არამედ მშრალი, ფორმალიზებული კანონებიდან. ამერიკელი ცხოვრობს ადამიანთა კონკრეტულ გამოცდილებაზე დამყარებულ და მათივე განსჯით შექმნილ კანონში და ენდობა მხოლოდ მას, როგორც იუდეველი - მოსეს რჯულს. მითოსი, ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, მასარ გააჩნია. სამაგიეროდ,მან სრულიად ბუღალტრული გაანგარიშებებით მიღებული კანონები გადააქცია მითოსად და ყოველგვარი ემოციების გარეშე დაემორჩილა მას. მან იცის სტატისტიკა, გაანგარიშებანი და ალბათობასთან დაკავშირებული რისკები, მაგრამ მისთვის უცხოა ფანტასტიკა და შიში.

მითოსი ჰკვებავს და ამდიდრებს ფანტაზიას, სამაგიეროდ, შიში იცის. კანონი, პირიქით, ამშვიდებს და აწრთობს ადამიანს, სამაგიეროდ,შიშველი ანგარიშიანობითაა ის შეზღუდული.

საერთოდ, ამერიკელი გამოირჩევა უშიშობით და ერთგვარი იუმორით ,,საიდუმლოებათა" მიმართ. ეს მშვენივრად შენიშნა გამჭრიახმა ოსკარ უაილდმა, როცა აშშ-ს ეწვია ესთეტიკის სალექციო პროგრამით და გამოხატა თავის ერთ-ერთ უძლიერეს მისტიურ მოთხრობაში ,,კანტერვილის სასახლის მოჩვენება".



3
ამერიკაში ყოველთვის იყო მილიარდერის კულტი. ე.წ. ამერიკულ ცივილიზაციას ვერც წარმოიდგენ მილიარდერთა რამდენიმე საგვარეულოს გარეშე. ეს გვაფიქრებინებს ამერიკული ცნობიერების ღრმა შესაძლო კავშირზე ებრაულ კულტურასთან. 
   ეს კულტი სწორად უნდა გავიგოთ: ფული აქ თვითმიზანი როდია, წარმატებული საქმიანობაა მთავარი. ფული კი წარმატების საზომი ერთეულია. თუ ბევრი ფული მაქვს, ესე იგი, წარმატებით ვსაქმიანობ! სხვა მხრივ,ამერიკელმა მშვენივრად იცის, რომ ფულს არც სულიერი სიმდიდრე მოაქვს და არც ის, რასაც ჩვენ ბედნიერებას ვეძახით. თვითონ ამერიკელს კი ბედნიერება (the Happiness), ცოტა არ იყოს, უცნაურად ესმის:მასში დაახლოებით იმას გულისხმობს, რასაც ჩვენ ,,კმაყოფილებას“, ,,სიხარულს“ ვეძახით.

მკითხველს, ალბათ, არ გაუჭირდება მაშინვე შეადაროს ეს კულტი მილიარდერის ჩვენებურ გაგებას. ჩვენ ბევრი ფული გვჭირდება ან თავის დასაღუპად, - თითქოს დაღუპვის სხვა, უფრო ადვილი გზები არ არსებობდეს, - ან სხვის დასამცირებლად. ასეა, გარეგნულად ერთი და იგივე მოვლენები სრულიად სხვადასხვაა, თუ შიგ კარგად ჩავიხედავთ. ამერიკულ მილიარდერობაშიც მონაწილეობს ორივე ეს მოვლენა, ოღონდ არა მთავარ ნაკადად, არამედ თანმხლებ, გვერდით მოვლენებად.



4
,,გონივრული ეგოიზმის“ გამო ამერიკელის მთავარი საზრუნავი შინაგანი სამყაროს დალაგებაა - ,,მე"-ს შემოფარგვლა და მოქცევა კანონებში! ამიტომ სხვა ადამიანი, საერთოდ ,,სხვა", პრობლემა არაა ამერიკელისთვის. ამ მხრივ მას არა აქვს ,,ფობიები" - ამერიკული ფსიქოლოგიის ეს მთავარი საფრთხობელა!  ,,სხვა ადამიანის“ პრობლემა მისთვის ფსიქიატრიის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე - ჩვეულებრივი, რეალური ცხოვრებისა.

ქართველის საზრუნავი კი გარეგანი სამყაროს დალაგებაა, ანუ ,,გადმოლაგებაა” მისკენ. ასეა, რადგან მისი ცხოვრება, პირიქით, ,,სხვებითაა" სავსე და ჰგონია, რომ ის უჭერს მარწუხებს. ამიტომ ცდილობს გაბატონდეს მასზე. ამის შედეგად ქართველიმართლაც მტრად მოიკიდებს გარესამყაროს და დამატებით რწმუნდება, რომ თავიდანვე არ შემცდარა მის შეფასებაში. ის ცდილობს ჩაერიოს სხვების ცხოვრებაში და შეძლებისამებრ შეავიწროვოს იგი. მეგობრები ამისთვის სჭირდება. მეგობრობა მტრობისგან იბადება და მტრებთან ბრძოლაში გამოიცდება. ამიტომ მეგობრობას არ ძალუძს გადაჭრას ,,სხვების" პრობლემა.  პირიქით, იგი ,,სხვების“ ანარეკლია და ამრავლებს ,,სხვებს“, მათგან მომდინარე შიშებს. ეს კარგად ჩანს მეგობრობით იმედგაცრუებაში, რაც ცხოვრებისეული სიბრძნის ნაწილად ითვლება.  

ამერიკელისთვის მეგობრობას არა აქვს ასეთი მძიმე, მითოსური დატვირთვა - შეავსოს ,,მე“-სა და ,,სხვას“ შორის არსებული მეტაფიზიკური უფსკრული. ის ბევრად უფრო მარტივია. მას საფუძვლად უდევს შემთხვევა და შეჩვევა. ამერიკელი ადამიანთან ისევე მეგობრობს, როგორც ოთახის პუდელთან. მან არ იცის, სად და რამდენად გაამართლებს მეგობარი. ასე გაგებული მეგობარი არ შეიცავს ფანტაზიით შეთხზულმითოსურ ფერადებს, სამაგიეროდ,უფრო მდგრადია და ნაკლებად იმსხვრევა.



5
ამერიკელი ცდილობს ისე არ დაეცეს, რომ შესძულდეს ადამიანი. სიძულვილი ბევრმა ფიქრმა იცის. ამერიკელი, ჩვენგან განსხვავებით, არ ფიქრობს მეორე ადამიანზე იმდენს, რომ შესძულდეს იგი. ხოლო თუ ვინმე უსამართლოდ მოექცევა, ის ნაკლებად ფიქრობს ამ ადამიანის ,,ბოროტებაზე“. ასეთ ფიქრს მისტიფიკაცია და შიშები მოსდევს, რადგან შიშებს მისტიური, ანუ საიდუმლო საგანი (სუბსტანცია) იწვევს მისი იდუმალებით, ზებუნებრიობით და აქედან გამომდინარე უსაშველობით.

ის ფიქრობს საპასუხო ზომების მიღებაზე და ამისთვის ირჩევს ყველაზე მარტივ გზას - კი არ ,,ფიქრობს და ფიქრობს“, არამედ მოქმედებაზე გადადის. ,,ბოროტ" ადამიანზე კი არ ფიქრობს, არამედ რიგითი ადამიანის მიერ გარკვეულ სიტუაციაში მის წინააღმდეგჩადენილ უკანონო და უწესო ქმედებაზე. სრულიად უსარგებლო სიძულვილის ადგილს იკავებს სწორი, შეასბამისი რეაგირება.



6
ამერიკელი ბუნებით კოსმოპოლიტია. მას სწამს, რომ ადამიანებს საერთო სამშობლო აქვთ - დედამიწა! საზღვრები პირობითია, ისტორიულია. ყველანი მსოფლიოს მოქალაქეები უნდა ვიყოთ და არ უნდა მიენიჭოს საკრალური მნიშვნელობა დედამიწის იმ კუთხეს, სადაც დავიბადეთ. ყველას უფლება აქვს იცხოვროს იქ, სადაც სურს და ,,გაქაჩავს“. 
    ეს არაა ქოსატყუილას ლიტონი განცხადება, რადგან ამერიკა თვითონ იძლევა მსგავსი ქცევის მაგალითს. იგი ვითარცა ,,ახალი ბაბილონი“ სავსეა მსოფლიოს ხალხებით და არავინ აქ თავს არ გრძნობს შევიწროებულად. კანონი ყველასთვის ერთია!

ამერიკას ედავებიან, რომ თავის კოსმოპოლიტიზმს, ,,ლიბერალურ დემოკრატიას", თავზე ახვევს სხვებსაც და ეს ტიპური იმპერიალიზმია. სინამდვილეში, ასე არაა. აგრესია სხვისთვის საკუთარი სურვილის ან აზრისძალადობრივად მოხვევაა. ხოლო ის, რაც ამერიკისა და მსოფლიოს ქვეყნების ურთიერთობებშიხდება, არ შეიძლება ასეთადჩაითვალოს. ამერიკა ცდილობს თავისი აზროვნებისა და ცხოვრების წესის გავრცელებას მთელ დედამიწაზე, რადგან ეს სწორად მიაჩნია. ის დარწმუნებულია, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს მშვიდობიანი და საქმიანი თანაარსებობა არ შეუძლიათ - ეროვნულობა უშლით ხელს! მთავარი აქ ისაა, რომ მისი ეს მრწამსი აგრესიულ ქმედებაში არ გამოიხატება.  სხვა სახელმწიფოთა ლიდერები, პრაგმატული მოსაზრებით,თვითონვე ეთანხმებიან ამერიკის მიერ შემოთავაზებულ  ლიბერალურ-დემოკრატიულ იდეებს. ეს, უკიდურეს შემთხვევაში, მათივე შეცდომა ან ადამიანური სისუსტეა, მაგრამ არა ,,აგრესია ამერიკისა“.  

7
ამერიკის ეს მრწამსი და შესაბამისი ამბიციები, ალბათ, ამერიკის ჩვეულებრივ სუბიექტურ ცალმხრიობად და შეცდომად უფრო უნდა ჩაითვალოს, ვიდრე  აგრესიად. ეს ცალმხრიობა და შეცდომა არსებითად იმაში გამოიხატება, რომ ,,გონივრული ეგოიზმი“  ჯონ ლოკისეული ,,ბუნებრივი ადამიანის“ თვისებად ცხადდება.  სინამდვილეში კი ის აიხსნება არა ,,ბუნებრივ ადამიანით“, არამედ ამერიკული სახელმწიფოს სპეციფიური წარმოშობით. ამიტომ მისი გავრცელება მთელ მსოფლიოზე, თუნდაც არააგრესიული გზებით, არანაირად არ აღმოფხვრის მსოფლიოს წინააღმდეგობებს; პირიქით, გაამწვავებს მათ. მსოფლიოს გაერთნაირების ყოველ მცდელობას მოჰყვება უკურეაქცია, ანტიგლობალისტური მოძრაობების გამწვავება.
     საქართველოში ამბობენ, რომ ამერიკამ ფული ჩადო საქართველოში და აღარ დაუშვებს მის დისტანცირებას. ამით გახაზავენ ამერიკის ძალადობას, აგრესიას და, შესაბამისად, ჩვენთა მცდელობათა ამაოებას.  ეს შეცდომაა. ფული, რაც იქნებ მართლა ჩადეს, ამერიკისთვის ისეთი ხურდა ფულია, ცენტებია, რომ მის გამო არავინ გამოგვეკიდება. ამერიკა კი არ ,,იპყრობს" დაუმორჩილებელ, ,,თავისუფლებისმოყვარე" კოლხეთსა და იბერიას, არამედ ესენი იქით ეტენებიან ამერიკას -- ფულის გამო. ერიდებიან მის განაწყენებას და, რაც მთავარია, მისგან დისტანცირებას. ამით ხომ პირად მხარდაჭერას დაკარგავენ მისგან?  ეს კი სულ სხვა რამეა, ვიდრე უცხო ქვეყნის აგრესია.  

ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ ამერიკას მისივე საყვარელი ფრაზა: ,,თქვენს აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვეთანხმებით!". ამის პასუხად ამერიკა, იმედია, წყნარი ოკეანიდან არ დაგვიბომბავს გურჯაანსა და ოზურგეთს; უბრალოდ, შეწყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და არჩევნებში მხარდაჭერას, რასაც ხელისუფლება სრულიად შეუსაბამო და სასაცილო სახელს არქმევს -- ,,ქვეყნისადმი სტრატეგიულ პარტნიორობას“.

მაგრამ საქართველოს არცერთი ხელისუფლება ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს არასოდეს გამოაცხადებს ზუსტად ზემოხსენებული მიზეზით -- დაფინანსებისა და არჩევნებში მხარდაჭერის დაკარგვის შიშით! დიახ, არ გამოაცხადებს, ოღონდ ამის ნამდვილ მიზეზს ცოცხალი თავით არ გაამხელს. ამოეფარება მოარულ სულელურ ფრაზას: ,,ჩვენ ობოლი ერი ვართ და დიდი მოკავშირის გარეშე ვერ გავძლებთ!". ეს არგუმენტი საქართველოში ქვას გახეთქავს. მთელი საქართველო აჰყვება მას და ჩაჰქოლავენ ნეიტრალიტეტისკენ მომწოდებელს ვითარცა ,,რუსეთუმეს".

სიტყვას მოჰყვა: სასაცილო ფრაზა ,,ჩვენ ობოლი ერი ვართ!" ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს (დავით ბერს) ეკუთვნის. ნათქვამის აზრი ნათელია: თითქოს ჩვენ მამა არ გვყავს, ვინც დაგვიცავდა და თავისუფლებას გვაჩუქებდა.  მწერალს მეხსიერებამ უღალატა და მხედველობიდან გამორჩა დათა თუთაშხიას ღრმა მოსაზრება:  ,,თავისუფლება თვითონ უნდა მისცეს კაცმა თავის თავს!“.  ასე რომ, ,,ობლობა“ ერის უიღბლო ხვედრი კი არაა, არამედ მისი ღირსება და ღვთიური საჩუქარი.  ერი ,,ობოლია“ ბუნებით თვისით, თავისივე არსით, რადგან იგი თავისუფალია, თვითონვეა თავისი თავის მშობელი!
     და ბოლოს:ამერიკას თავისი პრობლემა და თავსატეხი აქვს.  ეს პრობლემა და თავსატეხი მისსავე ,,გონივრულ ეგოიზმშია“ ჩადებული.  ეგოიზმი, როგორი გონივრულიც გინდა ყოფილა ის, არ კმარა დიდი იმპერიის, თვითმპყრობელობის შესაკრავად.ამისთვის ,,იდეალიზმია“ საჭირო, რისიც ამერიკას არ სწამს. ის ერთობ პრაგმატულია საამისოდ და თავის სოციალურ ფანტაზიებში ,,The American Dream”-ის ღატაკ იდეას ვერ სცილდება.  
     დიახ, ამერიკის საშინაო პრობლემა ,,გონივრული ეგოიზმიდან“ გამომდინარეობს. ფიზიკის ტერმინი გამოვიყენოთ -- ცენტრიდანული ძალის უპირობო პირველობაში ცენტრისკენულზე, განზიდულობისა -- მიზიდულობაზე.  ისტორიულად ამან პირველად ,,შეერთებული შტატებისა“ და ,,კონფედერაციის“ ჯახში  იჩინა თავი.,,შეერთების“ იდეამ მაშინ გაიმარჯვა, მაგრამ კონფედერაციის იდეა არსად გამქრალა.  ის დროებით ჩაიძირა და თავის დროს ელოდება.    
    და, აჰა, ,,გონივრული ეგოიზმის“ დიალექტიკურ, წინააღმდეგობრივ ფორმულაში ,,ეგოიზმმა“ თანდათან იწყო ,,გონების შევიწროება“.  შესაბამისად, თავისუფლების იდეა ჩვენს თვალწინ გაკოტრდა, გაშარჟდა და დღითიდღე მწიფდება პირობები კონფედერაციის იდეის მძლავრი ამოყვინთვისთვის, ანუ დიდი სახელმწიფოს ნგრევისა და მის ადგილზე ჯუჯა სახელმწიფოების აღმოცენებისთვის.  
    იმედია, რომ ამ აპოკალიფსურ სურათს ამერიკა კარგად გააცნობიერებს; რომ ამერიკული გონება ძალას მოიკრებს და შეაკავებს ლიტონი ეგოიზმიდან გამოქროლილ უთავბოლო ქარს და თავის ისტორიულ ჩარჩოებში ჩააბრუნებს;  რომ თავისუფლების ქანდაკების საპირწონედ და შემავსებლად ოკეანის მოპირდაპირე ნაპირზე აღიმართება მეორე გრანდიოზული ქანდაკება -- ქანდაკება პასუხისმგებლობისა!
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურაბ რთველიაშვილი - განჩინბის სუტრა ზურაბ რთველიაშვილი - განჩინბის სუტრა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფსიქოლოგია / გამოქვეყნებული მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ქეთევან ნაზღაიძე - ამერიკული სატირის ისტორიიდან ქეთევან ნაზღაიძე - ამერიკული სატირის ისტორიიდან ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge