გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე

  

      ბერძნებს არსებობა მითოსად, ანუ ,,მარადიულ ამბავად“ წარმოუდგებოდათ;  ისეთ რამედ, რაც ერთხელ, ოდესღაც მოხდა და მას მერე დაუსრულებლად მეორდება.  დაახლოებით ისე, როგორც მზიან ამინდში საგანი მეორდება თავის ჩრდილში.  ჩრდილი, ცხადია, თვითონაც ნამდვილია, რეალობაა, მაგრამ ის მიუთითებს კიდევ უფრო ნამდვილ საგანზე.  ეს ,,სხვაზე მითითება“ არ ამცირებს ჩრდილს, არ ხდის მას ზედმეტად, შემთხვევით დანამატად;  პირიქით, უცხო ელფერს და მნიშვნელობას სძენს.  ზოგჯერ კი ანარეკლი რეალობაზე უფრო  მომხიბვლელია.  ამის თაობაზე ბერძნებს მითებიც ჰქონდათ -- ნარცისისა და პიგმალიონისა.
        მითოსის არსი, ალბათ, ერთ იდუმალ მეტამორფოზაში ჩანს -- ეს არის ,,საგანთა ლივლივი“.  ეს ღრმად პოეტური მოვლენა ,,ცნობიერების გაზაფხულს“ უკავშირდება.  ამ დროს ცნობიერება ჯერ კიდევ ახლად ამოფეთქილია, ვითარცა კვირტი ბუნების დიად, გრანდიოზულ ხეზე.  კვირტში მომავალი ნაყოფი მოცემულია, მაგრამ თავისი მკაფიო სახე მას ჯერ არ მიუღია.  ის ჯერ მხოლოდ მშობიარე დედის უმშვენიერესი ოცნებაა.  ბევრად სჯობს იგი იმ სინამდვილეს, რისგანაც იბადება, და მას, რაც მართლაც დაიბადება.  
        ქვეყნიერება ოცნებასა და სიზმარშია დანთქმული.  მსუბუქია იგი, მატერიით ჯერ კიდევ არ დამძიმებულა.  ლამაზია იგი, რადგან არსებობისთვის ბრძოლაში ჯერ არ გადაშვებულა და არ გადაუხეშებულა.  ჯერ ის შესაძლებლობათა ზღვაა და ერთ წვეთ რეალობად არ ქცეულა.  აკი შესაძლებლობა ზღვაა, რეალობა კი -- ამ ზღვის ერთი წვეთი!
        მითოსის ამ ტევრში მოსეირნეს ათასი სასწაული უდარაჯებს ყოველ ნაბიჯზე.  აქ არ გემუქრება ,,ერთგანზომილებიან“, მოსაწყენ საგანთა ყურება და შენთვის განკუთვნილ, მოზომილ რკალში ტრიალი.  ბუჩქებში თრთიან ნიმფები და ფერიები.  მზის ამოსვლისას წყალზე კოცონები ჰყრიან ნაპერწკლებს.  თვალი, რაიც ჯერ არ გალურსმულა გონების კატეგორიებით, დიდი ხნით ვერ აფიქსირებს, სიტყვაზე, მის წინ დაგდებულ ჯოხის უძრაობას.  საკმარისია ერთხანს შეაჩეროს მასზედ მზერა და ჯოხი თანდათან გველად იქცევა, დაიკლაკნება და ავი სისინით ბუჩქებში მიიმალება. ყველგან და ყველაფერში ცისარტყელის სახე ბატონობს.  ფერები ერთმანეთში ლივლივით გადადიან.
        ბერძნული მითოსის ამ ელვარე სახეებითა და ფანტაზიებითაა სავსე ჰერაკლიტე ეფესოელის აფორიზმები, რაც თავსატეხად იქცა ლოგიკის დიდოსტატ არისტოტელესთვის.ამ ფანტაზიის არსი კარგად გამოთქვა ანაქსაგორამ:  ,,ყველაფერი ყველაფერშია!“.  ეს მთელი ბერძნული მითოსის მოქცევაა ერთ ფილოსოფიურ ნაკვესში.
        მშვენიერია ბერძნული მითოსი -- საკვირველი ფანტაზიის ნაყოფი! საგანთა ლივლივი მისი მთავარი კანონია, მთავარი ამბავია.  მაგრამ ამ მთავარ ამბავს მისივე შინაგანი ძალით მივყავართ მეორე ამბავთან:  მშვენიერია საყურებლად ეს ლივლივი, მაგრამ ჯოჯოხეთია საცხოვრებლად.  შეუძლებელია შიგ ცხოვრება, რადგან აქ ქმნადობაა და არა არსი, მდინარება და არა თვით საგანი.  არის ქაოსი, ანარქია, მაგრამ არაა კოსმოსი, უფროსის ბატონობა ქვეშევრდომზე, წესისა და რიგის მიხედვით.  
        ასე გადადის მითოსის პირველი ამბავი მეორეში -- ტიტანომახიაში, რასაც შეიძლება მითოსის ,,შესაქმე“ ვუწოდოთ.  ტიტანებისა და ღმერთების ომში, სადაც ნასროლი კლდეები ცაში დაფრინავენ, ცა და მიწა ერთმანეთს უთმობენ ადგილს, ხოლო ზღვებსა და ოკეანეებში ვარსკვლავები ცეცხლის გორგალებად ინთქმებიან. ბოლოს და ბოლოს ღმერთები ამარცხებენ ტიტანებს, დედამიწის უბნელეს ჯურღმულებში უკრავენ თავს და წესრიგს ამყარებენ.  
        ხვნეშიან ტიტანები ამ დამამცირებელ ტყვეობასა და წამებაში; და არც არავინ უწყის, თუ როდის ამოჰყოფენ თავს, ააყირავებენ ამ უკანონო, უსამართლო ქვეყნიერებას და ბარბაროსულ რქებზე წამოიცვამენ.
        აი, ესაა ქვეყნიერების მთავარი ამბავი, რაც ბერძნულმა ფანტაზიამ შეთხზა დიდი მითოსის სახით და რასაც ფუნდამენტურად დაუპირისპირდა ბერძნული ფილოსოფია.  ამ უკანასკნელმა  თავისი მთავარი კითხვით:  ,,რა არის საგანთა არსი?“ ნიშანში ამოიღო ბერძნული მითოსი.  ეს კითხვა მითოსური ფანტაზიის წინაშეც იდგა.  ზემოთ მოთხრობილი ამბები სწორედ მასზე პასუხი იყო.  მაგრამ ახლა ფანტაზიაში ლოგიკაა ჩართული, რაც გამოვლინდა კითხვის ახლებურად ჩამოყალიბებაში:  ,,რისგან შედგება ყველაფერი?“, და, შესაბამისად, ლოგიკური დასაბუთების მოთხოვნაში: ,,რატომ?“.ბავშვობისა და ყრმობის პოეტურ სიმსუბუქეს ლოგიკის სიმძიმე დაეცა.
        საკითხთან მიდგომა არსებითად შეიცვალა.  მითოსის ხანაში იკითხავდნენ:  ,,რა ხდება, რა ამბავი ტრიალებს ქვეყანაზე?“.  ახლა, ლოგოსის ხანაში იკითხავენ: ,,რისგან შედგება ყველაფერი?“;  ,,რატომ ამისგან და არა სხვა რამისგან?“.  მაგალითად, არისტოტელე ამბობს:  პირველ ფილოსოფოსად თალესი ითვლებაო, რადგან მან პირველი საწყისის დასახელებას დასაბუთებაც მოაყოლაო.  
        ასე ჩავარდა თხრობაში ცნება, თანდათან შუაგულშიც მოექცა, აქცია თხრობა დასაბუთებად და ეს პროცესი მითოსიდან ლოგოსისკენ მსვლელობას დაემგვანა.  ამ გზაზე, თავიდან, ცნება  თითქოს უცაბედად ჩავარდა მითოსში, იწყო ნელნელა ამინდის შექმნა ფანტაზიასთან თანაცხოვრებაში, თანდათან შეავიწროვა ფანტასტიური სახეები და ბოლოს, არისტოტელესთან, ქვეყნიერების ბატონ-პატრონად იქცა.  აი ამ ცნებების მთავარ ბირთვს არისტოტელემ კატეგორიები უწოდა.  აქედან მოყოლებული, ფილოსოფია და ,,კატეგორიებით შემეცნება“ ხშირად სინონიმებადაც კი ითვლება.
        ,,კატეგორია“ ბერძნული სიტყვაა.  მისი თავდაპირველი მნიშვნელობა ,,დადანაშაულებაა“.  არისტოტელემ კი წინ წამოსწია მისი სხვა მნიშვნელობანი:  ,,ნიშანთვისება“, ,,მტკიცება“, ,,გამოთქმა“.  ყველა შემთხვევაში ის ეწინააღმდეგება მითოსურ გაურკვევლობას, საგნის უსაზღვრობას, მდინარებას.  მართლაც, კატეგორიამ ბოლო მოუღო საგნის თავისუფალ ლივლივს, თითქოს სიზმრიდან ცხადში გამოიყვანა იგი და ,,გალურსმნა“, ერთ ადგილას მიაჭედა.
        ყველა ადამიანს თავისი პირადი გამოცდილებიდან შეუძლია გაიხსენოს  სიზმრიდან გამოსვლის, გამოღვიძების პირველი წამები.  დასიზმრებული სახეები თითქოს ირხევიან, ერთმანეთში ირევიან და ბოლოს ღვიძილი ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს.  რხევასა და მდინარებას ცვლის საგნობრივი გარკვეულობა.  მაგრამ რა არის, რამაც საგანი ერთ ადგილას მიაჭედა?  ეს არის ცნება -- ზოგადი წარმოდგენა საგნის შესახებ.  საგანი, რაიც სიზმარში ირხეოდა, იქცა მისსავე მსგავს საგანთა ჯგუფის წარმომადგენლად, ამ ფართო კალაპოტში მოექცა და გამაგრდა. იქიდან ნაბიჯს ვეღარ დგამს, შიგ ჩაბეტონდაო თითქოს.  გონება აი ამ  ცნების შექმნის უნარია და მას უნდა ვუმადლოდეთ სამყაროს გარკვეულობას და შიგ ჩვენს მიერ გზის გაგნების, ორიენტაციის შესაძლებლობას.  ცნების ეგზემპლიარად ყოფნა ანიჭებს ყველა საგანს გარკვეულობას, ,,სიმაგრეს“.  
        ყოველი ცნება მსგავს საგნებს აერთიანებს მათი მსგავსებისა და სხვა საგნებისგან მათი განსხვავების საფუძველზე.  ესენი ზოგადი ცნებებია.  ამავე წესით, არსებობის ცნება აერთიანებს ყველა საგანს -- როგორც ცნობიერებისგან დამოუკიდებლად მყოფს, ისე მხოლოდ ცნობიერებაში არსებულს.  ეს კი უზოგადესი ცნებაა.  ასეთ ცნებებს უწოდა არისტოტელემ კატეგორიები.  
        კატეგორია იგივეა, რაც ცნება, მისი განსაკუთრებული სახეობაა -- უფართოესი მოცულობისაა, ზოგადობის უმაღლესი ხარისხითაა აღბეჭდილი.  ცნების მოცულობა იზრდება შინაარსის ხარჯზე.  ამიტომ უფართოესი მოცულობის, ანუ უზოგადესი ცნებები, კატეგორიები განსაკუთრებული შინაარსეული სიღარიბით, სიმწირით ხასიათდება.
        ცნების არისტოტელური თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს კატეგორიების არისტოტელურ გაგებას, პარმენიდეს პარადიგმითაა  განსაზღვრული.პარმენიდეს საგანთა ყველაზე ზოგად და აუცილებელ თვისებად გარკვეულობა მიაჩნდა.  ამით ის მწყობრად, ფუნდამენტურად დაუპირისპირდა ბერძნულ მითოსს.  
        ამ გადასახედიდან ყველაფერი, რაც კი არსებობს, როგორც წესი, გარკვეული სახით არსებობს.  გარკვეულობაში კი იგულისხმება საკუთარ თავთან იგივეობა და მასთან წინააღმდეგობის შეუძლებლობა.  ჩვენ არ ვიცით, რა არსებობს და რა არა,  ამას შესწავლა სჭირდება.  მაგრამ დაბეჯითებით, ანუ როგორც მოგვიანებით იტყვიან ფილოსოფოსები, a priori ვიცით ერთი რამ:  თუ რამე არსებობს, ის მხოლოდ არსებობს და არ შეიძლება ვთქვათ, არ არსებობსო, ან ამავე დროს არ არსებობსო.  ხოლო რაც არ არსებობს, ის მხოლოდ და მხოლოდ არ არსებობს და არ შეიძლება თქმა, რომ ის ამავე დროს არსებობს.  
        ყველაფერ ამას პარმენიდე ერთ დებულებად აყალიბებს:  ,,რაც არსებობს, ის არსებობს.  რაც არ არსებობს, ის არ არსებობს“.  ცნობილია ამ დებულების ასეთი ფორმულირებაც:  ,,არსი არის, არარსი არ არის“.  ამით გამოთქმულია პარმენიდეს ფილოსოფიის მეთაური აზრი:  საგანთა უზოგადესი თვისება გარკვეულობაა, სინათლე და სიცხადეა.  მხოლოდ ის აზროვნებაა სწორი, რომელიც ამ მთავარ, უზოგადეს კანონს ემორჩილება და მისდევს.  ხოლო ის ფილოსოფოსები, ვინც ამ წესს არ იცავენ, თავისსავე თავს ეწინააღმდეგებიან.  მათ პარმენიდე, დაცინვით, ,,ორთავიანებს“ უწოდებდა.
        პარმენიდე თავის პოემაში გვიამბობს, რომ ეს მეთაური აზრი, ,,საიდუმლო“ მას ქალღმერთმა გამოუცხადა.  ამით გვეუბნება, რომ ეს აზრი აპრიორულია -- არაა გამოცდილებიდან მიღებული.  ის გონებისთვის უშუალოდ ნათელი აზრია, ინტელექტუალური ინტუიციით, ანუ გონებისეული ჭვრეტით დანახული. გონებას სხვაგვარად აზროვნება, ანუ ამის საწინააღმდეგო აზრის გაგება არ შეუძლია.  
        მოგვიანებით პარმენიდემ ამ მეთაური აზრის გარშემო ლოგიკის მეცნიერება, ,,ანალიტიკები“ შექმნა.  მის მიერ ჩამოყალიბებული აზროვნების კანონები, ფაქტობრივად, პარმენიდესეული პრინციპის დაკონკრეტებაა, მისი გამოთქმაა სამი სხვადასხვა მხრიდან. 
     იგივეობის კანონი პარმენიდეს დებულებას ასე გამოთქვამს:  მსჯელობის მთელ მანძილზე ცნება ერთი და იმავე მნიშვნელობით უნდა მოვიხმაროთ.წინააღმდეგობის კანონი კი ამბობს:შეუძლებელია საგანს ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მიმართებით რაიმე მიეწეროს და არც მიეწეროს.  ხოლო გამორიცხული მესამის კანონი გვეუბნება:  საგანს რაიმე თვისება აქვს, ან არ აქვს,  მესამე გამორიცხულია.  
        პარმენიდეც და არისტოტელეც აზროვნების ამ ლოგიკას აზროვნების სფეროთი კი არ შემოფარგლავენ, არამედ მთელ სამყაროზე, საგანთა არსზე განავრცობენ, ონტოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ.  ამაზე მიუთითებს პარმენიდეს შრომიდან შემორჩენილი ცნობილი ფრაგმენტი:  ,,ერთი და იგივეა აზრი და ის, რისთვისაც აზრი არსებობს“.  ეს მეორე პარადიგმული პრინციპი პარმენიდესი ახალი დროის დასავლური ფილოსოფიის ერთერთ ლაიტმოტივად იქცა.  ჰეგელმა მას ახალი ფორმა მისცა:  ,,აზრი და არსი ერთი და იგივეა“.  არისტოტელეც, თავის ლოგიკურ კანონებს ნაირ-ნაირად რომ განსაზღვრავს, ყველგან გახაზავს ამ კანონებისონტოლოგიურ უფლებამოსილებას.  ლოგიკურობა მას მხოლოდ აზროვნების ფორმად კი არ ესმის, არამედ საგანთა ფორმადაც.
        ესაა ლოგიკური, რაციონალური აზროვნება.  მისი სული და გული გარკვეულობა და მასზე სწორებაა.  გაურკვევლობა რაციონალურ აზროვნებას  სუბიექტის შემეცნებით მდგომარეობად, კერძოდ, ილუზიად, შეცდომად მიაჩნია და  არავითარ შემთხვევაში -- საგანთა თვისებად.
        აზროვნების ამ სახეობას მრავალი სახელი ჰქვია:  ლოგიკური აზროვნება, რაციონალური აზროვნება, ცნებებით აზროვნება და ა.შ.  ამიტომ მის დასახასიათებლად ნაირ-ნაირი არსებითი ნიშანი წამოიწევს-ხოლმე წინ.  
        ერთერთი ასეთი ნიშანია საგანთა ახსნა გარედან, გარეგანი საფუძვლებიდან, მიზეზებიდან, ანუ მიზეზშედეგობრივი ახსნა.  აზროვნების ეს სახეობა საფუძველშედეგობრივი, მიზეზშედეგობრივი მიდგომაა საგანთან და პარმენიდული პარადიგმიდან გამომდინარეობს.  კერძოდ, საგნის გარკვეულობა, უპირველეს ყოვლისა, გარემოსგან მისი განსხვავებაა.  ამიტომ საგანი რაღაცნაირად კნინდება და ყურადღება საგნიდან მის გარემოზე გადადის.  შესაბამისად, იქმნება შემეცნებითი განწყობა -- საგანი გარედან უნდა აიხსნას! ის გარეგან მიზეზთა შედეგია. 
        ასე მოსდევს უზოგადეს თვისებად გარკვეულობის აღიარებას საგანთა საფუძველშედეგობრივი ახსნა, რაციონალური აზროვნება, ცნებებით, კატეგორიებით შემეცნება.
        ყველაფერ ამის უმოკლესი სახელია ცნებებით აზროვნება.  მითოსის ხატოვანებას ცვლის ცნება -- ზოგადი და მყარი წარმოდგენა.  მას სიმტკიცე, სიმყარე, გარკვეულობა, სიცხადე შეაქვს მითოსის მდინარებაში და სიზმარეულ სურათებში.სიცოცხლის ტალღა მცირდება და უფერულდება.სამაგიეროდ იზრდება სიმყარე და რეალობა. პოეზიის გრძნეული ძალა თანდათან მცირდება, სამაგიეროდ იწყება ბუნებაზე ადამიანის ტექნიკური ძალაუფლება.  
        ცნებების ეს სტიქია უმაღლეს წერტილს აღწევს კატეგორიებში.  ისინი ერთგვარი საკვანძო წერტილებია, რომლითაც ცოცხალი და მოუსვენარი, მიწყივ ცვალებადი, თავის კანში დაუტეველი ბუნება, სიცოცხლე მილურსმულია მარადისობას, თავისსავე თავს ვეღარ დაუსხლტება და, მაშასადამე, გარკვეულობას ინარჩუნებს.მათი მეშვეობით ადამიანი ახერხებს დააღწიოს თავი ,,ცრუ წუთისოფელს“, მოიხელთოს მარადისობა, არ გაჰქრეს და გაუჩინარდეს წარმავლობის დაუსრულებელ ზვირთებში.  
        მთავრდება სიზმარეული ბავშვობა, ცხოვრების სილამაზე და ბედნიერება, უზრუნველობა და ,,წმინდა შემეცნება“.  იწყება მოწიფულობა:  პრაქტიკული შემეცნება და უფერული სამყარო, სადაც წამი შეჩერებად არ ღირს.  ყოფნა უტოლდება  შრომასა და ბრძოლას, პასუხისმგებლობასა და ტანჯვას.  ეს ცნებებითა და კატეგორიებით გალურსმული სამყაროა.
        შეიძლება დიდი მეტაფორა დავინახოთ არისტოტელეს მიერ შემოთავაზებულ კატეგორიათა ათწევროვან კატალოგში.  შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა კატეგორიების ეს რიცხვი, ,,ათი“, შეარჩია ადამიანის ზედა კიდურების ათი ფალანგის მიხედვით.  აზროვნების ერთი უპირველესი ემანაცია, გამოსხივება ხომ  ადამიანის ხელებია, რითაც ადამიანი აკავებს, ათვინიერებს და გარდაქმნის ველურ ბუნებას.მძლავრად ჩასჭიდებია იგი ქამელეონივით მოცახცახე, მთრთოლვარე ბუნებას და ჩაუბღუჯავს ათი თითით.  თითქოს ეს თითებია არისტოტელეს ათი კატეგორია -- ათი გამჭოლი ლურსმანი, მითოსის ტანში გაყრილი!
        ერთობ საინტერესოა არისტოტელეს მიერ შერჩეული მეთოდი კატეგორიების შესამეცნებლად.  მას ისინი გამოჰყავს მეტყველებაზე, კერძოდ, მის წესზე, გრამატიკაზე დაკვირვებიდან.  ენისა და მეტყველების სტიქია თავისებური მოდელირებაა სამყაროსი.  სამყაროსა და მის უზოგადეს წესებს უფრო მოხერხებულად და მარჯვედ ვერსად დააკვირდები, ვიდრე ენისა და მეტყველების ფენომენში.  ეს თითქოს საოცრად შემჭიდროებული მოდელია სამყაროს სტრუქტურისა.  თითქოს არისტოტელემ ამ დაკვირვების საფუძველზე გამოიყვანა ათი კატეგორია:  არსება, რიცხვი, ხარისხი, ადგილი, დრო, დამოკიდებულება, მდგომარეობა, მოქმედება, ვნება, ფლობა.  
        სხვა ფილოსოფოსებმა სხვაგვარად დაალაგეს კატეგორიები, მაგრამ ეს არაა მთავარი.მთავარი ისაა, რომ კატეგორიები ,,უმაღლესი ხარისხის“ ცნებებია და მათი მეშვეობით ხდება მარად ცოცხალი ქვეყნიერების დაურვება, მათი მოქცევა ,,პროკრუსტეს სარეცელში“, ანდა შეკვრა და ერთმანეთთან გადანასკვ-გადაჯაჭვა ,,გორდიას კვანძით“.
        ბერძნული ფილოსოფია ამ მძლავრი განწყობიდან აღმოცენდა.  ქვეყნიერება ფილოსოფიის ცნებებში, კატეგორიებში უნდა მოთავსებულიყო.  ეს დასავლური მეცნიერების დიდი ეპოპეის დასაწყისია.  ბერძნებს ფილოსოფიაში სწორედ მეცნიერება ესმოდათ.  დიდი, ზღვასავით დაგრაგნილი და მშფოთვარე მითოსი ცნებებში უნდა მოქცეულიყო, ვითარცა წყალუხვი, ცოფიანი მდინარე -- კაშხალში.  პარმენიდესთან, მერე კი სოკრატესთან კარგად ჩანს, თუ რაოდენ საპატიო და ღირსეულ წამოწყებად მიაჩნდათ ეს ნაბიჯი ბერძნებს -- განმანათლებლობად, სინათლის შეტანად ბუნების ,,ბნელ ხვეულებში“;ხვეულებში, სადაც ,,გამოუცნობ ქიმერებსსძინავთ“.  მათ ჯერ არ ესმოდათ, თუ რა საქმეს მოჰკიდეს ხელი და საით მიდიოდა ეს წინააღმდეგობრივი პროცესი.  ვგულისხმობ ,,კატეგორიების გაკოტრებას“ და ე.წ. ეკზისტენციალების ხანას.
        ეს ამბავი კარგადაა აღწერილი და შეფასებული მძლავრ ფილოსოფიურ დინებაში ჰეგელისშემდგომი ეპოქიდან ჩვენს დრომდე.  თითქმის მთელი ჰეგელისშემდგომი ფილოსოფია ამ ლეიტმოტივითაა აღბეჭდილი.  უკანასკნელის დაწვრილებით გადმოცემა, ცხადია, ჩვენ აქ არ გვჭირდება,  მაგრამ არსებითი ხაზის ჩვენება საჭიროდ მიგვაჩნია.
        ბერძნულ ფილოსოფიაში აღებული გეზი მითოსიდან ლოგოსისკენ, ანუ ხატოვანი აზროვნებიდან ცნებებით აზროვნებამდე ღრმად წინააღმდეგობრივი იყო.  იგი შეიცავდა ტრიუმფული მსვლელობის კვალდაკვალ ნიჰილიზმსა და მის უცილობელ გაღრმავებას.  ტრიუმფი მდგომარეობდა ცნებების მეშვეობით გორგონას მედუზასავით სლიპინა ქვეყნიერების მოხელთებაში, პარმენიდესა და არისტოტელეს რკინის თითებით ლაოკოონისა და მისი უბედური შვილების გასკვანჩვაში, ადამიანთა შორის უბრძენესის, სოკრატეს მიერ დიალექტიკის, ანუ ნაყოფიერი დიალოგის გზით ჭეშმარიტების მიკვლევაში.  
        ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ მსვლელობამ მართლაც ტრიუმფით ჩაიარა.  მშვენიერი ბერძნული მითების საპირწონედ მივიღეთ არისტოტელეს დიდი ,,ანალიტიკები“.  ახალშობილი მეცნიერება მზიანი ბავშვივით იღიმებოდა არისტოტელეს მიერ დიდი რუდუნებითა და დიდოსტატური ტრიუკებით გამოთლილ აკვანში.
        მაგრამ თვითონ ბერძენი ფილოსოფოსებიც კარგად ამჩნევდნენ სრულიად საწინააღმდეგო შედეგებსაც, რაც ამ ტრიუმფს თან ახლდა და გონების დიდი გამარჯვების პარალელურად იზრდებოდა.  ეს იყო ,,არსის დაკარგვა აზრში“, რაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა პარმენიდეს პარადიგმას.  პარმენიდემ საგანი აზრთან გააიგივა, მაგრამ ამით თვითონ საგანი იკარგებოდა და ,,ცარიელი, უსაგნო აზრიღა“ რჩებოდა.  
        დავაკვირდეთ:  აზრი თავს დასტრიალებს საგანს.  ის ცნებებს ჰქმნის საგნის შესახებ, ანუ შლის, ანაწევრებს საგანს მარტივ მამრავლებად.  შემთხვევითობათა უკუგდებით გამოჰყავს ,,არსებითი, აუცილებელი“ კონსტრუქცია.  ბოლოს ვიღებთ ცნებას, მაგრამ ვკარგავთ თვითონ საგანს, მის სიმდიდრესა და სიცოცხლეს.  რაც უფრო იზრდება ცნების სიწმინდე, მისი მეცნიერული ხარისხი, მით უფრო შორდება იგი ,,ალმა მატერს“ და იშრიტება სიცოცხლის წვენისგან.  ცნების მოცულობა თანდათან იზრდება, მაგრამ მისი შინაარსი მით უფრო ღარიბდება.  
        ბერძნულმა ფილოსოფიამ ამ მოვლენას  სოფისტური ნიჰილიზმით უპასუხა.  სოფისტებმა აღიარეს მიღებული შედეგი -- საგნის დაკარგვა აზრში და დაიწყეს უსაგნო, მჩატე აზრებით მანიპულირება.  სოფისტიკა ამ სიმჩატით ტკბობაა.  მითოსის რღვევა დაიწყო აზროვნების ერთგვარი გამოცალკევებით გრძნობადობისგან და საკუთარ თავში აკუმულირებით, თავმოყრით.  აზრისა და არსის პარმენიდული გაიგივება სწორედ ამას მოასწავებდა.  აზრში გაქრა საგანი, ხოლო აზროვნებაში -- არსებობა, ყოფნა. 
        მთელი ფილოსოფია ჰაიდეგერისაამ მოვლენისთვის მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მინიჭებაა.  ნიცშემ ,,ნიჰილიზმი“ უწოდა მას, ხოლო ჰაიდეგერმა -- ,,sein”- ის დავიწყება.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge