გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ გელიტაშვილი - ანა კალანდაძის ორმაგად კოდირებული ,,მკვდართა მზე”

,,მკვდარი მხოლოდ ამქვეყნიდან გადის, არა
სამყაროდან. ის იქ რჩება, რათა სახე იცვალოს
და დაიშალოს შემადგენელ სტრიქონებად,
       რომელთაგანაც ითხზვი შენც და მთელი სამყაროც“.
მარკუს ავრელიუსი


მიწიდან შობილთ ბოლოს მაინც მიწა მოგვიკითხავს. დროებით სიცოცხლესთან მიშვილებულებს, სამყაროსთვის ერთი თვალის მოვლებასაც ვერ მოვასწრებთ, ისე დაგვიძახებს ჩვენი დედა-მიწა. დაგვიძახებს, რათა მკერდში მაგრად ჩაგვიკრას და არასდროს აღარსად გაგვიშვას.
ალბათ, ვებრალებით წუთისოფლის სატანჯველისათვის და ამიტომაც გვიწესებს ასე ხანმოკლედ რეგლამენტირებულ ამქვეყნიურ დროს.
ხვალ უკვე სხვისი ჯერი დადგება - ჩვენ მიერ ,,გამოთავისუფლებული” სიცოცხლის ადგილს სხვა დაიკავებს, ხვალ კიდევ სხვა და ასე დაუსაბამოდ...
      ანა კალანდაძეს სულ თექვსმეტი სტრიქონი დასჭირდა იმისათვის, რომ ლექსში სიკვდილ-სიცოცხლის ეს კანონზომიერება გადმოეცა. საგულისხმოა, რომ ეს თექვსმეტივე სტრიქონი თავიდან ბოლომდე კოდირებულია. კოდირებულია, როგორც მისი სათაური, ისე სიღრმისეული, მეორეული პლანის შემცველი ქვეტექსტი. აქ ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა ჯერ თითოეული სიტყვა-გამოთქმის მეტაფორული მნიშვნელობა უნდა გავშიფროთ, შემდეგ კი ამ მეტაფორისა თუ ალეგორია-სიმბოლოების მეორეული, ღრმააზროვანი შინაარსი.
      ქართულ კილო-კავთა სიტყვის კონა გვამცნობს, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში ,,მკვდართა მზე” ჩამავალ მზეს ეწოდება, ანუ დაისს. ეს მყარი მეტაფორა ანა კალანდაძის ლირიკულ ლექსში დაშიფრულია და სრულიად სხვა შინა-არსისკენ მიგვახედებს. ასე, მაგალითად: დაისი, რომელსაც პოეტმა ,,მკვდრის მზე” უწოდა, ლექსში სიცოცხლის მიწურულს მყოფი მოხუცი ადამიანის მდგომარეობაზე მიგვანიშნებს - ,,სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ”…
ალიტერაციებში - ,,სხივმიმკრთალი” და ,,სხივმიმკვდარი”- სწორედაც რომ სიჭაბუკისა და მოწიფულობის ასაკს კარგა ხანს გადაბიჯებული, სიბერით დაუძლურებული ადამიანის ყოფაა გაცხადებული, რომლის თვალებშიც მზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიცოცხლის სიმბოლო) ჩამქრალა.
ანა კალანდაძის ამ ორმაგად კოდირებულ პოეტურ შედევრში ყოველი ფრაზა თუ პწკარედი განმარტების აუცილებლობას წარმოშობს. ამიტომაც მხოლოდ პირველადი, ზედაპირული მეტაფორის ამარა ვერ დავრჩებით, აქ მთავარი მაინც ქვედა შრე, მეორეული, კოდირებული მეტაფორის ამოკითხვაა. 
მაშ, ასე... ლექსის პირველივე სტრიქონებში ვკითხულობთ:
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგავარ,
     გულო, რისად მეხურები?
      პირველადი მეტაფორით თუ ვიმსჯელებთ, ორი ქვეყნის საზღვრად დგომა, ანუ ,,მკვდართა მზედ“ თავის წარმოდგენა დღისა და ღამის გასაყარზე ყოფნას ნიშნავს, ხოლო მისი სიღრმისეული ქვეტექსტი ლირიკული გმირის ისეთ მდგომარეობაში ყოფნაზე მიგვანიშნებს, წინა აბზაცში რომ ვისაუბრეთ - ანუ ,,ორი ქვეყნის საზღვრად დგომა“ იმას გულისხმობს, რომ ჩვენ მუდმივად სააქაოსა და საიქიოს ზღვარზე ვიმყოფებით, მეტადრე მოხუცები, ვინც სიბერეს მიაღწიეს და თავისი ცხოვრების მიმწუხრ ასაკში იმყოფებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სიბერით დაუძლურებულ ადამიანს თავისი მდგომარეობა აიძულებს, პესიმიზმს მიეცეს, რადგანაც ის მუდმივად გარდაცვალების მოლოდინშია და უნდა, არ უნდა, გაცნობიერებული აქვს, სიკვდილის კლანჭებს ჯერ ვერავინ დასძვრენია ხელიდან, ამ ყველაზე საზარელ მოლოდინს კი ბუნებრივად ახლავს შიში შეუცნობელი სამყაროსი.
ლექსში კონტრასტს ქმნის მეორე ტაეპი: ,,გულო, რისად მეხურები?“
დიალექტიზმით ,,რისად“ (ანუ რატომ?) ლირიკული გმირი აშკარად კიცხავს საკუთარ თავს. მართალია, ის, ანუ ჩამავალი, მკვდართა მზე სიკვდილ-სიცოხცლის (,,ორი ქვეყნის საზღვრად“) იმყოფება, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ არა აქვს პესიმიზმისა უფლება. ,,მზის ჩასვლის ჟამი“ და მოახლოებული სიკვდილი არ ნიშნავს საბოლოო გაქრობას, რადგანაც ერთი ადამიანის სიცოცხლის დასრულებას მეორის, ახალი სიცოცხლის დაბადება მოჰყვება. პოეტს ამით იმის ხაზგასმა სურს, რომ სიცოცხლე მარადიულია და სიკვდილი იმიტომ დაუწესებია გამჩენს, ბუნების მსგავსად, ისიც მუდმივად განახლებადი და აღდგომადი იყოს. ამაზე მეტყველებს ფრაზები: ,,სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ, ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები“.
,,ბეღურების თამაში“ ტექსტში იმ ახალგაზრდა, მჩქეფარე სიცოცხლეს აღნიშნავს, იმ მომავალ თაობას, რომელიც ,,მზემიმქრალი“ წინაპრის თესლიდან უნდა აღმოცენდეს და მისი მემკვიდრეობითი ხაზი გააგრძელოს.
ანა კალანდაძის ლექსმა, შეუძლებელია, არ გაგვახსენოს ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,სოფლისა წესი ასეა“, სადაც მგოსანი პოეტური მგზნებარებით გადმოსცემს სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ წრებრუნვას, სადაც მოხუცის სიკვდილი აღარ აღიქმება ტრაგედიად, იმ მიზეზით, რომ ის ახალმა, ნორჩმა სიცოცხლემ უნდა ჩაანაცვლოს. ამიტომაც იგრძნობა ვაჟას ლექსში ლირიკული გმირის ამაღლებული პათეტიკა, რისთვისაც ადიდებს კიდეც შემოქმედის მიერ დაწესებულ გარდაუვალ ხვედრს:
     სოფლისა წესია ასეა:
      ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან;
      მკვდრების მაგივრად მალევე
      მეორეები ჩნდებიან.
      სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
      ეს მიტომ დასდვა წესადა;
      სიკვდილი გაუჩენია
      მას თავის გასაკვებადა.
      იმიტომა სძულს უძლური,
      ვით ტანსაცმელი ძველია;
      რომ უყვარს ნორჩი, ახალი, _
      მით დაიმშვენოს წელია.
      ანა კალანდაძის ,,მკვდართა მზე ვარ“ გაგრძელებაა ვაჟას გენიალური ნააზრევისა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ანას ყოველი მეტაფორა თუ სიმბოლო, როგორც ითქვა, დაშიფრულია და ორმაგად არის კოდირებული. ამის დასტურია შემდეგი სტრიქონებიც:
      კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,
      ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
      ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას...
      ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს...
      ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
      მაგრამ... მაინც გული რისად მეხურება?
      ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლი
      აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა...
      გაზაფხულის ფერადოვნება განუმეორებელი პოეტური მეტყველებითა და ინტონაციებით არის ასახული, ხოლო ბუნების პერსონიფიკაცია მეტ სიმძაფრესა და გამომსახველობას აძლევს ლექსის საერთო ამაღლებულ ტონალობას. ბუნებრივია, გაზაფხულის პირველი ამოფეთქვა ,,კორჩიოტას“ (ყოჩივარდას) ამოწვერვა და ბალახის ამობიბინება ახალი სიცოცხლის დასაწყისს მოასწავლებს, იმ სიცოცხლისა, რომელიც ნესტიანმა მიწამ უნდა გაანოყივროს და შვას. ნესტიანი მიწა კი ზამთარგამოვლილი ნიადაგია, მეტაფორული მნიშვნელობით - მიმქრალ-მინავლებული სიცოცხლე, რომელმაც ორთქლი, ანუ ახალი სიცოცხლე უნდა დაბადოს.
ბუნებრივია, სიცოცხლე მემკვიდრეობით გადაეცემა ყველა მოკვდავს, რაზეც შემდეგი ფრაზაც მეტყველებს: ,,ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლი აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა“. აქ ვარდის რტო ერთ დროს სიცოცხლითა და სილამაზით სავსე ადამიანის ყოფას აღნიშნავს, რომლის აწ უკვე მიმქრალი სიცოცხლის ხაზი (,,ხმელი თესლი“) მისმა შთამომავლებმა უნდა გაგრძელონ (,,აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა“). სწორედ მემკვიდრეობის გამრავლების სიხარულით გამოწვეული განცდა აძლევს ლირიკულ გმირს ოპტიმიზმის საფუძველს და სიკვდილის მოახლოების მტანჯველ გრძნობას უქარწყლებს. სიბერეს ყოველთვის ახლავს თან ნეტარება შვილიშვილებისა და შვილთაშვილების დაბადებისა, რომელთაც გვარი უნდა გააგრძელონ და ერი გააძლიერონ, წინაპრის სიცოცხლე უკვდავყონ და მათელი ხსოვნა შეინახონ. ამიტომაც აღარ აღიქმება სიცოცხლის ბოლო პერიოდი ტრაგედიად და სწორედ ეს არის მიზეზი ლირიკული გმირის მაჟორული განწყობისა. მარადიული გაქრობის შიშს ახალი სიცოცხლის გაბადების სიხარული ანელებს. ასე ხდება კვდომადი მოვლენა (,,ხმელი თესლი“) სხვა, ახალი სიცოცხლის მასაზრდოებელი.
ამ ფაქტს აკაკი ბაქრაძე ასე განმარტავს:
,,უდიდესი კანონზომიერება - დაბადება და სიკვდილი. სიცოცხლე შეწყდება, თუ დაბადების გვერდით სიკვდილი არ იქნა და სიკვდილის გვერდით - დაბადება“.
ასეთია ორმაგი მეტაფორა ანა კალანდაძის ლექსისა, რომელსაც ერთნაირი დასაწყისი და დასასრული აქვს. ეს კი პოეტს იმისათვის სჭირდება, რომ ემოცია გაამძაფროს, მეტი მხატვრულობა შესძინოს ტექსტს, უფრო მეტი პოლიფონიურობით აახმიანოს და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ სიკვდილი, მსგავსად მზის ჩასვლისა, არ ნიშნავს საბოლოო გაქრობა-განადგურებას. ,,მზებუდობას“ აუცილებლად მოსდევს ახალი სიცოცხლის დაბადება-აღორძინება, რაც მარადიულობას განაპირობებს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge