გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლია პეტრიაშვილი - ლექსები




  წიგნიდან - ,,ზურგშექცეულთა რაფსოდია“ (რედაქტორი - ლევან გორვანელი)
                            


დარდთა სამშვილდე

გაუსაძლისი გახდა ყოფნა-არყოფნის არსი,
ნდობა დავკარგე და აღარ მსურს სიცოცხლე ფარსი!
ამ უღიმღამო, უამური ცხოვრების ფონზე,
გამოღვიძებით რომ მოვიდნენ მავანნი გონზე...
ალბათ კარგია, ბრმა-ყრუობის იმიტაცია,
სიმართლით თქმული, უამრავჯერ მიმიტაცია,
კვლავ რომ გავუძლო, ამ სამყაროს უსამართლობას,
ვეღარ ვიგლოვებ, მკვდარ ტყუილთა უსამარობას!
კვლავ შემოვიხსენ მარტოობა დაღლილ მხრებიდან,
სიყვარულს მოვკრეფ მარცვალ-მარცვალ გრძნობის ზვრებიდან,
წარსულის ზანდუკს მივაბარებ შემოსანახად,
მთვარეს ვუკრძალავ ჩუმად ჭვრეტას, ჩემს დასანახად.
ტაბუს დავადებ ნაცრისფერი სევდების მერანს,
როდის გავიხდი, დღეებს ვითვლი, ამ ძაძის პერანგს...
ჩემს სამყაროში, აღმა-დაღმა, დავუშლი ყიალს
და ზურგს შევაქცევ ამ დროებას, უსახურს, - ტიალს!
მზის სხივს დავეძებ, სიბნელე მსურს ნათლით გავკვეთო,
რომ უმადურთა არსებობა დროზე აღვკვეთო,
მარიონეტად არ გადვიქცე, სული დამშვიდდეს,
ისარს დავარჭობ დასასრულად დარდთა  სამშვილდეს!
16 აპრილი, 2021 წელი.


გიორგობის დღესაო

ანგელოსნი მღერიან
გიორგობის დღესაო,
ცას თივთიკი მოუსხამს
თეთრი ღრუბელისაო.
ბუკს უკრავენ ზეცაში,
საქართველოს თავსაო,
წმინდა გიორგის ვთხოვე:
მადლი მოგვცეს ერსაო.
მოწიწებით ვაკოცე,
იმის თეთრსა ცხენსაო,
მის ფეხსაც ვეამბორე,
მერე ხელს და მკერდსაო,
სანთლის ალზე შევსთხოვე
შველა სამშობლოსაო,
ერი ერთად შეკრიბოს...
ერთი აზრისთვისაო.
ჰქონდეს ნატვრა  ყოველსა,
ფიქრი მამულისაო,
გაჰყვნენ, უკან მისდიონ,
გულით პატრიოტსაო,
ვინც ისევ დაგვიბრუნებს
ძალით წართმეულსაო,
ვინც ერს ერთად ამყოფებს,
,,იმის-ამისასაო",
მოგილოცავთ სუყველას
გიორგობა დღესაო,
ღმერთს მადლი გამოეღოს
- საქართველოსთვისაო,
ბედნიერად ეცხოვროს
მარად, ქართველ ერსაო!
                              23 ნოემბერი, 2020 წელი.


ცხოვრების გზაზე

მივყვები ჩემი ცხოვრების გზას ძლიერ დაღლილი,
გზის ბოლო არ ჩანს, დაფარულა წვიმით და ნისლით,
მორჩა, გათავდა!.. ოცნებები ყრია დაშლილი,
თავშესაფარად მრჩება ქოხი - დაფარულ ისლით.
სადღა წავიდე, რა ვეძიო... რაც ვერ ვიპოვე,
როგორც ნატვრისთვალს - ელიოზი, - ვეძებდი ისე!
ღმერთთან მისასვლელ ბილეთს ვითხოვ და ვერ ვიშოვე,
ზოგისთვის ორი სამოთხეა! - პოულობს მყისვე.
ნუ მებრძოლებით დაუნდობლად, ვერ დამეწევით,
ვერასდროს ახვალთ კვარცხლბეკამდე ბოღმით აღვსილნი,
ყვავ-ყორანივით დამჩხავით და თავს დამესევით,
მასეთი ქცევით ქვეყნად ივლით თვალებდავსილნი!
ვერ დამაჩოქებს სისასტიკე, წყეული ბედის,
ქედს არ მოვუხრი  სიბოროტეს ამაყი სულით,
ვერვინ მამღერებს ბოლო ნოტზე სიმღერას - გედის...
ვერც ჩემს ღირსებას გამითელავს ვერავინ შურით!
თვალსაწიერი ირგვლივ  სულმთლად  ნისლს დაუფარავს,
არაფერი ჩანს მომავლისკენ, გულის სამხარო,
უმადურები  წყალში ყრიან.... ვერ დაუთვალავს
მათთვის ბოძებულ სიკეთეს და... გმინავს სამყარო!
21 ნოემბერი, 2020 წელი.


სულის ტკივილით

დუღს დედამიწა, მისი გული ვარვარებს ლავად,
იწვის ცოდვები, ბოროტება გამხდარა ავად;
ცა იქუფრება, ერთდებიან ღრუბლები შავად,
სიცოცხლისათვის იბრძვის ვიღაც... გადარჩეს თავად.
სიკეთე თითქმის აღარ არის, ცოდვებმა სძლიეს,
ამობრუნებულ ზეცას კორტნის თვალხარბი სვავი,
იმათ რა უჭირთ, ვინც ცხოვრება ლაღად გალიეს,
არ აკლდათ უწინ, სიცოცხლისთვის... ყოფისთვის ხვავი!
უბედისწერო - მთლად გაერთხა ჭაობის წუმპეს,
გამომშრალ ძროხას დაემსგავსა ქვეყნიერება,
ვერ გამოწველი, ვერ გაუხსნი ვერაფრით უბეს,
აღარ ინახვის, აღარსად ჩანს მშვენიერება.
ბჟუტავს იმედი, მხოლოდ ერთი... გარდაუვალი...
ისევე ღმერთის შეწყალება თუ იხსნის მადლით,
დგას დედამიწა, აღარ ბრუნავს გზა გაუვალი...
რით შეცვლის ნეტავ, სიბილწეს და ტყუილებს მართლით!
წაერთვა სულ მთლად ადამიანს გრძნობები ქველი,
სიყვარულს უკვე ფასი არ აქვს, ძარცვავენ სულით,
სულ დაივიწყეს ტრფიალების სინაზე ძველი,
ახლა გრძნობებზე თამაშობენ... ხორცით და ფულით.
მეგობრობისთვის თავს არავინ აღარ გასწირავს,
სამარეს უთხრის ზურგშექცეულს, ცბიერ ღიმილით,
ეკლესიაში მარტო მყოფი მეუფე სწირავს,
არვინ მივიდა უფლის სახლში... სულის ტკივილით...
                                        18  ნოემბერი, 2020 წელი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge