გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რაულ ჩილაჩავა - ლექსები


მარიტა

მეც მოვისვენებ, ცხოვრებაო, თუ დალაგდები!..
სადღაც სარდაფში ობდებიან არტეფაქტები,
მომრავლდა ირგვლივ ჩემი სიტყვის ბანზე ამგდები
და ზოგ-ზოგები, რომ შეხედო, ჰგვანან ბაცილებს.…
რა დრო მოვიდა, სნაიპერი მიზანს აცილებს
და კავალერი ქუჩის მეძავს შინ მიაცილებს!
ძველი სახლისთვის აუჭედავთ კარი ლარტყებით,
ჭერქვეშ ბუდეში ჭყიპინებენ მერცხლის ბარტყები
და... სიტყვას ითხოვს პატიმარი ნაცემ-ნატყეპი.
თითქოს არაა ძველებურად ტკბილი “ადესა”,
ხოლო ბუნაგში რუხმა მგელმა კბილი ალესა,
რომ მალე მოთქმას დაამსგავსოს “კირიალესა”.
როგორ მრცხვენია, ვერ ვიცანი ჩემი ტოლები!..
ვერაგ საწუთროს დავსებია აგრემც თოლები,
ჭკნება სიტურფე, მისი სუსხით ანათრთოლები.
უცხო სიცივემ ნაადრევად ცა გაალურჯა
და ამას ბაღში სხვებზე ადრე მიხვდა ალუჩა,
რომელსაც მკრთალი მანდილიდან სახე არ უჩანს.
გავდივარ ველად, ვაკვირდები ალაგ-ალაგ ხშირ
ბუჩქებს, რომლებსაც გაფანტვია ძოწი, ბალახში
და...…იქვე თეთრი ბედაური კვდება ბალახში.
თითქოს თან მომდევს, არ მასვენებს ხმა სამარიდან:
“აღარც სოფელი, აღარც სატრფო, აღარც ქმარი და...…
მაინც სად მიდის სილამაზე?.. მარი...…მარიტა!”


კიბე
1
ვერ მოვიშორეთ ჭირი და სენი,
ვართ მეჯგუფენი, ვართ მედასენი,
ხან რუსოსს ვეტრფით, ხანაც დასენი
მოგვწონს...…ხან თვითონ ვმღერივართ გულში,
დღეს გვენატრება, რაც იყო გუშინ
და...…მხიარულში გვერევა ქუში.
მიტომაც ასე ვართ გაფანტული,
შემოგვრღვევია ხამლი, ბანდული
და...…ქართულს თითქმის არ ჰგავს ქართული.
გადმოპირქვავდა ქორონიკონი,
აქეთ — პეტრენი, იქით — ნიკონი
და...…ამ ყველაფერს იღებს “ნიკონი”.
ვინც გაივაკა, წარბი აზიდა,
მას ბევრი უკან მიჰყვა ყასიდად
და...…მართალს ამბობს ერთი ასიდან.
აჭრელდა ტექსტი წერტილ-მძიმეთი,
ხან ვაიმეთი, ხანაც იმეთი
და...…გვაქვს იმედი მხოლოდ იმ ერთის.
2
რაც ააღლიტეს ხალხს სამკვიდრონი,
ჩაქრნენ თვალები დიდრონ-დიდრონი,
ხოლო სადგურნი ჩვენნი, ჰიდრონი,
სხვისთვის ავსებენ შუქით ნათურებს.
არც ჰოოპუნას, აღარც ნადურებს
მღერიან სადმე...…ხელს აფათურებს
სულში ეშმაკი...…ჩუქნის ვაუჩერს,
ვინც ტაშს დაუკრავს, მხარსაც დაუჭერს,
ჩვენ რა ვქნათ, თორემ ეშმაკს რა უჭირს!
მარადქართული კითხვა: “ვისია?”
დღეს იგივეა, რაც “რევიზია”
და ბევრი კიდეც ნანობს, ზიზია
სახლ-კარი რომ აქვს... ახლა ზიზიებს
რომ უთხრა “ოშკი” ან “აზიზიე”,
მეტი რომ არ ვთქვა, თავს გაგისიებს.
თუ ესმის ვინმეს რეკვა ზართანი?..
გარდანქეშანმა მორთო ზღართანი,
როცა აღმოჩნდა ბოლო ზღვართან ის
და გდია გრიმით პირმოთითხნული...…
ცერებზე დგება ვიღაც დიდგული,
მისია კიბე, ცისთვის მიდგმული.


ალაყაფი

ღამით ვიღაცა რიგრიგობით ალაყაფს აღებს,
თითქოს ამოწმებს ჩუმად ეკლებმორეულ ბაღებს,
მანდ ხომ არა აქვთ ბუდე სულთნებს, ხალიფებს, აღებს!
ზოგმა დაკარგა კვერთხი, ზოგიც დაკარგავს ხვალ-ზეგ,
და ამიტომაც უნდა დღესვე იფიქროს ვალზე,
თუ მეტ სიზუსტეს გამოვიჩენთ: სისხლიან კვალზე.
კითხვა მდაგველი, ყველა ჩვენგანს გვახლავს სულ თან ის:
როგორ გამოჩნდა ჩვენს ტატნობზე უცებ სულთანი,
რომ აღევლინა ძლიერება მკვდართა სულთანი!
ერთსაათიან, მაგრამ მაინც, მაინც ხალიფებს,
ვინ ადგამს გვირგვინს, ხალიფებად ვინ აყალიბებს
ან ვინ უმზადებს მათ შავ დღისთვის წვრილ-წვრილ ალიბებს?
ვინ გამოჩეკა, ვინ დაგვასვა თავზე აღები,
რომ უკიდიათ დარბაზებში ოქროს ჭაღები
და აღარ ჰყოფნით სატრიბუნოდ თვით პარმაღები?..
თითქოს მგლის თავზე კითხულობენ მღვდლები აკაფისტს,
რაც ირგვლივ ხდება, მე მგონია ზოგჯერ ლაყაფი
და... აღარა აქვს დილით არც ერთ ბაღს ალაყაფი!


ანრი მისო
(ალუზია ლექსისა
მე დამესიზმრა, რომ მეძინა”)

ერთმა ნაცნობმა უცნაური სარკე მიშოვა.
მე იმ სარკეში ჩავიხედე: “ანრი მიშო ვარ!..” —
სარკის სიღრმიდან მითხრა კაცმა და შემომღიმა,
(უკან მოჩანდა თითქოს მცხეთა და შიო-მღვიმე).
მე კი მეგონა, რომ მეძინა, სიზმარს ვხედავდი,
თორემ სარკეში ჩახედვასაც ვერ გავბედავდი,
მაგრამ მეღვიძა, ეს სიზმარი სულაც არ იყო,
და სარკეშიაც თვითონ ანრი მიშო მდგარიყო.
და მაინც ეჭვი მაწვალებდა: იქნებ მეძინა,
ფრანგი პოეტი არ მენახა რადგან მე წინათ,
ვერ დავიჯერე, მსგავსი რამე ცხადში თუ ხდება,
ეს სიუჟეტი, ალბათ, უფრო სიზმარს უხდება.
სიზმარი... ცხადი... ამერია სხვადასხვა ჟანრი:
ჩავცქერი სარკეს, შემომცქერის იქიდან ანრი
მიშო და ვფიქრობ: იქნებ მართლა ანრი მიშო ვარ!..
ეეჰ, ნაცნობმა რა კვიმატი სარკე მიშოვა!


ბურიმე

თუკი ცხოვრება თამაშია, ჩემთვის ბურიმე
არის ცხოვრება... გავისროლე ქეიბური მე
და მოვახვედრე მიზანს ანუ ვიპოვე იგი —
უზუსტესი და უნაზესი რითმების რიგი.
თვალთუხილავი ჩამჩურჩულებს ყურში: “ყულევი!”
ვპასუხობ: “მამულს ნუ მოაკლოს განძი ულევი!”
მესმის მისი ხმა: “კავაბატა იასუნარი...”
“საოცარია, — მე ვაგრძელებ, — იას უნარი,
იგრძნოს პირველად გაზაფხულის კართან მოდგომა,
მსგავს შიკრიკს ნატრობს თვით ზაფხული და
შემოდგომა...”
და უცებ როგორც გასროლის ხმა: “გაგრა... ზნაური!..”
რა ვთქვა, როდესაც შემოდგომის ვარ აზნაური!
ჰოი, რაღა დროს თამაშია, მორჩა თამაში...
და მითოვს, მითოვს ერთდროულად სულში და თმაში!


ყულფი

წარსული ხსოვნას ყულფივით მიჭერს,
რაც მაწუხებდა, კვლავ ის მაწუხებს.
შეღამებები ჰგვანან მარწუხებს,
ვლამობ გავიქცე, სიბნელე მიჭერს.
გავრანდე სიტყვა, ერთი ასოც და
იგი შეიცვლის უცებ შინაარსს.
ჩემი მფარველი ისევ შინა არს
და რომც დაესხას თავზე ას ოცდაათი
მხედარი ბინდის, წყვდიადის,
მაინც გაუძლებს, მაინც აიტანს
მათ შემოტევას...… ყელში შაითანს
გაეჩხირება ჩემი ხმიადი.
მე ბევრი რამე ქარს გავატანე
და თუ რამ დამრჩა, გავატან მასაც,
რადგან ფიქრის და ჰაერის მასაც
გავასხეულე და გავატანე.
დღეს მხოლოდ ლოცვა და ლიტანია
მიბრუნებს რწმენას, მიბრუნებს იმედს
და ხსოვნის დამზრალ გორგალზე მძიმე
მხოლოდ ცრემლებით სველი ტანია!


წვიმა ზუგდიდში

ზუგდიდში წვიმდა. პატარა კაფე
კლიენტებს ვეღარ აუდიოდა.
მე ახლადნაყიდს ვფურცლავდი ჰაფეზს
და ნეტარების ცრემლი მდიოდა.
ზოგს ჩაი სურდა, ზოგსაც ნამცხვარი,
ზოგსაც, უბრალოდ, გადაკარება...
გარინდულიყო, ბორცვზე მანცხვარი,
ხან შუბლგახსნილი, ხან უკარება.
მე ვკითხულობდი... მეგონა წვიმა
ახლადწაკითხულ ლექსის პწკარედი
და ჩამესმოდა: “დაიცა, ჯიმა,
სად ეს გუმბათი, სად მინარეთი!..”

მოგონებათა უღრანი ვკაფე,
გამეხსნა სივრცე სათუთი, წმინდა...
მე ვკითხულობდი კაფეში ჰაფეზს,
იდგა მაისი... ზუგდიდში წვიმდა.


დილა მესტიაში
ანუ ქალი სარკეში

ქალი სარკესთან იცვამდა კაბას,
იჭერდა სარტყელს, იკრავდა ღილებს.
მზის სხივებს, დილის ცვარ-ნამით ნაბანს,
ხოტბას ასხამდა უშბადან “ლილე”.
ნისლს მიჰყვებოდა ნაღველი მქრქალი,
მდელოს სურნელი ამოდ დიოდა.
იმზირებოდა სარკეში ქალი
და... მზე სარკიდან ამოდიოდა.


გული-კოლიზეუმი

თქვენ შეისმინეთ თვალთა თხოვნა: „დამიჯერეთო!”
და იმ საღამოს არ წახვედით არსად სწორებთან.
მაღალ ჭიქებში კამკამებდა „ბლანჟე ჩერეტო”,
„ალიტალია” ასაფრენად ფრთებს ისწორებდა.
ყურისწამღებად გუგუნებდა აეროდრომი,
ლამის უმწეოდ შემოგჩივლეთ: „რა ადრე ვთვრები!..”
მე თქვენთან ერთად ნანგრევებში მრჩებოდა რომი
და ჰგავდა გული კოლიზეუმს, მოფენილს მკვდრებით.


მალევიჩის კვადრატი

ბოლო სანთელიც ჩაიწვა, ფერი წაერთვა შანდალს,
სუფევს სიბნელე იქ, სადაც შენი პროფილი ჩანდა.
ცივ, უკაცრიელ დარბაზში თითქოს ხმიანებს ქორო:
“ფანჯარაში რომ მტრედია, შენ რას გიშავებს, ქორო!”
მე ისევ დავრჩი საკუთარ თავთან და თავს ვგრძნობ კარგად,
შენი დაკარგვა, ხომ ხედავ, იქცა კრებულის ქარგად.
ვერ ვიტყვი, თითქოს განგებამ უკადრებელი მკადრა...
ეჰ, უკვე შენი პორტრეტი ჰგავს მალევიჩის კვადრატს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge