გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ მარჯანიშვილი - ერთი უცნაური სიყვარულის ამბავი

                                      
                                            ემიგრანტთა წერილების მიხედვით  

                                  დაიბეჭდა გაზეთ ,,უქიმერიონში"N5, 2019

         სიყვარულს ათასობით ასპექტი აქვს, და ყოველ მათგანს - თავისი სინათლე, თავისი წუხილი, თავისი ბედნიერება და თავისი კეთილსურნელოვნება ახლავს... 
     ერთ უგონო სიყვარულზე გიამბობთ... 
      იგი ქართლის დიდ გვარიშვილთა ემიგრანტულ ცხოვრებაში ჩაისახა... მათი უსაზღვრო ფიქრები და განცდები აბობოქრებულ ზღვასა ჰგავდა... ზღვას, რომელიც ქუხილითა და გრგვინვით ეხეთქებოდა ნაპირს... ისინი ღმუოდნენ, შფოთავდნენ, ქვითინებდნენ, იბრძვოდნენ სიცოცხლისა და ბედნიერებისათვის... აბორგებულ ზღვათა მსგავსად მათი სიყვარული საკუთარ ბედს ორთაბრძოლაში მწვავედ იწვევდა...
    ,,... ,,დონჟუანი“, ,,ლოველასი“, ქართულად - არშიყი ან უფრო დაბალი ხარისხისა, - მუსუსი, არასოდეს ვყოფილვარ. ეს, იმას კი არ ნიშნავს რომ ბერად ვყოფილიყავი, ან სურვილი მქონოდა ბერობისა. ასე მგონია, სრულებით ნორმალური კაცი ვიყავი ამ მხრივ; ოღონდ, როგორც უკიდურესად აქტიური ბუნებისა ყველაფერში და აღზრდის გარემოებათა გამო, შეიძლება აქაც ცოტა მეტადა მქონდა განვითარებული ქალისადმი (და არა ქალებისადმი) მისწრაფება... 
... 1926 წელს დოდო პარიზში ჩამოიყვანეს, - 14 წლისა იყო და ჩვენ ოჯახში შვილივითა გვყავდა, - რაკი მთელი მისი ოჯახი ჩვენი მეგობრები იყვნენ (თუმცა მისი ნათესავები ყოველთვის გვაფრთხილებდნენ: ,,დაანებეთ თავი, ყველანი გიჟები არიან“-ო). მართლა ცოტა ,,უცნაურები“ იყვნენ და განსაკუთრებით პატიოსნები, კეთილშობილები, ნიჭიერები, მაგრამ გაუნათლებელნი სრულიად. დოდოს, მამის სიკვდილი და და-ელიკას თვითმკვლელობა, საშინლად აწუხებდა, თავი მახინჯი ეგონა და სიცოცხლე ეზარებოდა... სულ თავის მოკვლაზე ლაპარაკობდა“ (პარიზი. 2/1/1968).
     XIX საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის ვაჟი პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე გახლდათ.  ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისთანავე მან ცოლ-შვილთან ერთად უცხოეთს მიაშურა.
    1922 წელს გიორგი ამილახვრის მრავალსულიანი ოჯახი პარიზში დამკვიდრდა. უფროსმა შვილმა ბაზორკამ 1926 წელს წარჩინებით დაამთავრა სან-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ  უმაღლეს სამხედრო სკოლად ითვლებოდა. აქედან დაიწყო მისი 16 -წლიანი სახელოვანი სამხედრო კარიერაც საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. 1934 წელს ლეიტენანტი ამილახვარი აგადირის ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად დაინიშნა, ხოლო 1940 წლის მაის-ივნისში ნარვიკის ცნობილ ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისათვის საბრძოლო ჯვრით დაჯილდოვდა. 
    მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კი სიდი-ბელ-აბუსში (ალჟირი) შექმნილ მე-13 ნახევარ ბრიგადაში ჩაირიცხა. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ,,თავისუფალ საფრანგეთის“ არმიას შეუერთდა, სადაც თავი ისახელა ქალაქების მასაუსა და დამასკოს აღებისას. 1941 წელს მას პოლკოვნიკის (კოლონელის) სამხედრო წოდება მიენიჭა.
     გენერალმა დე გოლმა მხედრული წარმატებისათვის ამილახვარი უმაღლესი ნიშნით - ,,გათავისუფლების ჯვრით“ დააჯილდოვა. იგი ელ-ალამეიმის ბრძოლის დროს 1942 წელს გმირულად დაიღუპა.
  გიორგი ამილახვრის მეორე შვილი კონსტანტინე ამილახვარი ფრანგული არმიის რიგითი ჯარისკაცი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომში მოხალისეთ წავიდა აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც ფეხების მოყინვით გარდაიცვალა.  
   ,,დოდო პირველ ხანებში გვეცოდებოდა, მაგრამ, თანდათან მის კარგ თვისებებს რომ ვხედავდით, შვილივით შეგვიყვარდა და მე მის აღზრდას შეუდექი, რაკი ძმებმა, რომ იტყვიან, - ,,ქვა მიაგდეს“. ,,ჩემი მეთოდი“ იმაში იყო, რომ ვართობდი, ვაცინებდი, ცხოვრების სილამაზეებზე ველაპარაკებოდი, ვასწავლიდი, და, რაც მთავარია, ვარწმუნებდი, რომ სრულებითაც მაიმუნი არ არის, და, თუ მოისურვებს, თუ სილამაზეებს ამა ქვეყნისას დააკვირდება, - ყვავილებს, სურათებს, წიგნებს, მუზეუმებს და სხ. და სხ., თვითონაც თანდათან გალამაზდება. იცინოდა, მაგრამ, როცა მალე დედაც მოუკვდა და ძმებიც შემოეფანტნენ, მთლად ობოლი დარჩა, - ნამდვილად შეიშალა“ და კვლავ თავის მოკვლა ჰქონდა გულში...
     მაშინ ,,იძულებული გავხდი დოდოს ძმებისთვის მიმემართა: ,,უპატრონეთ თქვენ და-ძმას, თორემ დაიღუპებიან;“ - კოტიკამ მიპასუხა: ,,მე გვარიც გამოვიცვალე, ამილახვარი აღარა ვარ, ჩემი თავისთვის ვერ მომივლია. თვითონ მოუარონ თავსა“-ო. 
     ბაზორკამ ,,დათუშა და დოდო ფულის მეტს არაფერსა მთხოვენ ხოლმე, რამდენიც შემიძლიან ვუგზავნი და სხვა რა უნდა, ან რა ვქნა“-ო.
      ,,ბაზორკა“ ანუ დიმიტრი 1906 წელს დაიბადა ბაზორკინოში, რომელიც დაბადების ადგილის მიხედვით იწოდებოდა ,,ბაზორკად“.
    ობლობა, და-ძმის უდროო სიკვდილი მასში ისეთ გრძნობას აღვიძებდა, რომ წინასწარმეტყველურად ხედავდა მასაც მსხვერპლი უნდა გაეღო... 
     ყმაწვილი ქალი მელანქოლიკი და მარტოსული გახდა. სიკვდილს ჩაჰყურებდა სულის უფსკრულში და იქ შორეული ზეციური ქვეყანა ელანდებოდა. მისი სული იყო შეშლილი, დაღლილი და ნაღვლიანი. მას თვითმკვლელობა და სიკვდილის სიახლოვე უფრო მეტად აღაგზნებდა. დოდო ამილახვრის ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკა ბავშვობიდანვე იყო ტრავმირებული. რადგან საქართველოს გასაბჭოების დღიდან ბოლშევიკებმა განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყეს ამილახვართა გვარის ამოჟლეტა. ისეთივე მეთოდებით, როგორც იმპერიალისტური რუსეთის ჟანდარმერიამ გაგარინის სიკვდილის გამო დადეშქელიანების სისხლის ტბორი დააყენეს.
  საერთოდ, ოჯახური გარემო, აღზრდა, ახლობელთა წრე, მარცხი თუ წარმატება, სიხარული თუ ტრაგედია, ,,პირველადი ტრავმები თუ შემდგომი პერიპეტიები აღიბეჭდება ფსიქიკის ფირზე, რჩება მეხსიერებაში და ცოცხლობს.
      განსაკუთებით ეს ეხება, როგორც გამღიზიანებელთ, სულიერ ტრავმებსა და ცალკეულ ფიზიკურ და ფსიქო-ნერვულ დაავადებებს, რომელთა მეშვეობით ამოძრავდება და გააქტივდება ინსტიქტები...
   ... ვიღაც ,,ეგვიპტელმა პრინცესამ“ დოდო და მაია (იგულისხმება კოკი დადიანის ქალიშვილი) გასართობად შვეიცარიაში წაიყვანა. მე ჩემებური წერილი მივწერე და გასაოცარი ცვლილება მოხდა. ისეთი წერილი მომწერა და თავისი სურათი გამომიგზავნა, - ვერ იცნობდით ამ ,,მოწყენილ გოგოს“, უკვე მეთექვსმეტე წელში მყოფს. ,,ბატონო რეზო, ერთად-ერთი ჩემი მფარველი მეგობარი თქვენა ხართ... მართალს რომ მეუბნებოდით: აქაურ სილამაზეებს რომ ვუყურებ, - მთებს, წყლებს, წყაროებს, ასე მგონია მეც ვლამაზდები-ო... აი, ამ ჩანჩქერთან ვატარებ თითქმის მთელ დროს, სულ თქვენზედა ვფიქრობ და ამ ,,პულოვერს“ გიქსოვთ... მთელ ჩემ სითბოსა და ოცნებას შიგ ვაქსოვ“-ო. შეყვარებული ქალის წერილსა ჰგავდა. შემეშინდა... ჩამომიტანა ,,პულოვერიც“, სურათებიც, მკოცნიდა, მეალერსებოდა... ,,ჩემი ძმაც, მამაც, მეგობარიც თქვენა ხართ“-ო“.
    აშკარა იყო, ობლად დარჩენილი ასული მისი ფიქრების, გრძნობების წყნარ და მშვიდობიან ნავთსაყუდელს ეძებდა, რომელიც გულში ჩაიკრავდა, მოეფერებოდა და დაამშვიდებდა... 
     მამაკაცს კი ავიზმანება აეკვიატა. უკვე 44 წლის ვაჟკაცის სულში, ნორჩი გოგონას დანახვისთანავე დემონმა დაისადგურა და გალაკტიონის ესოდენ ნაცნობი სტრიქონები ახმიანდა: 
                                            ,, ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვია
                                               ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
                                               ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
                                             ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი...“ (,,ცამეტი წლის ხარ“, 1916)
      ერეკლე II-ის მიერ ქართლ-კახეთიდან განდევნილი გაბაშვილები, რომლებიც ქუთაისში რიონის მარცხენა მხარეზე, დღევანდელ გაბაშვილების გორაზე ცხოვრობდნენ მისი უახლოესი ნათესავები გახლდნენ და იგი ხშირი სტუმარი იყო მათი. სწორედ, ქუთაისში ჯერ კიდევ ჯეელობაში გაიცნო გალაკტიონი, რომლის პოეზია ყოველთვის უფორიაქებდა სულს. 
      სიჭაბუკის ძალთა აზვირთებით შეუდგა მამაკაცი, დოდოსაგან პიგმალიონის მსგავსად სპილოს ძვლისაგან ულამაზესი ქალწულის გამოკვეთას, რომელიც შეუყვარდა. და როგორც ცნობილია აფროდიტემ ოცნება აუსრულა, ქანდაკებას სული ჩაუდგა და პიგმალიონმა შეირთო იგი. 
    ,,...კვირაში ორჯელ სკოლა გვქონდა, ვასწავლიდი ისტორიას, გეოგრაფიას, ლიტერატურას და არა მარტო კარგადა სწავლობდა, - თვითონაც მშვენიერად სთარგმნიდა რაბინდრანატ თაგორს. და თავის ლექსებსა და მოთხრობებსაც. საოცარი ნიჭიერი, მგრძნობიერი და ... ,,არაამქვეყნიური“ იყო... ზ. ავალიშვილს, რომ წავაკითხე (დაუსახელებლად ავტორისა), - მიხვდა - ვინ არ იცოდა და არ ხედავდა ჩვენს მეგობრობას? - ძალიან მოეწონა და ... მაქო, მიქო...“ 
   მამაკაცი ცდილობდა ქალიშვილის ხატებაში ჩაედო საკუთარი სული, სიყვარულის ინსტიქტები, რათა გადაერჩინა ეიფორიასა და იმედების მსხვრევისაგან. 
     პიგმალიონივით იგი ამილახვრის ასულში ქმნიდა თავის პოეზიას, პოეტურ აღმაფრენას, რადგან ,,პოეტი რომ გახდე, უნდა იყო შეყვარებული ან უბედურიო,“ - როგორც ბაირონი ამბობდა.
     ყმაწვილ ქალში ჩადებული ადამიანის სულის ათასნაირი რხევა, ათასნაირი ფერი კაცს საკუთარი თავის შესაცნობად სჭირდებოდა, რამეთუ როდესაც ადამიანი ცდილობს გააკეთოს ისეთი რამ, რაც მარტო მას არ მოუტანს სარგებლობას, ანდა კიდევ უკეთესი - სხვას უფრო მეტს სარგებლობას, სიკეთეს მოუტანს, ვიდრე თვითონ მას, მაშინ ის უკვე პიროვნებაა, ხოლო პიროვნების უპირველესი ნიშანი კი ის გახლავთ, რომ პოეტია.
,, ... დოდოსთან ასი ზღაპარი, ათასი პოემა და ლექსი მაქვს მიწერილი, მსჯელობანი ამქვეყნიური თუ ზეციური, მთელი ტომი გამოვიდოდა...
     როცა კედელზე ჩამოკიდებულ რუკასთან ვაჩვენებდი საქართველოს მთებსა, მდინარეებს, ქალაქებს და აუწერე კავკავიდან თბილისამდე გზის მშვენიერებანი, აღტაცებით კიდევ გადამეხვია: ,,ნეტავ თუ მოვესწრები როდისმე მაგ გზის გავლას თქვენთან ერთად“-ო.
      მამაკაცის ტრფობა წამებული დოდოსთან 1926-1944-მდე, 18 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ,,როცა ვეტყოდი ხოლმე ,,ჩემი გახდი“-მეთქი, ყოველთვის მიპასუხებდა: ,,თქვენი არა ვარო! თქვენს გარეშე არავინ მიყვარსო, მაგრამ როგორც კაცი - არაო, არ შემიძლიან“-ო.
        გულუბრყვილოთ სწამდა, და, თითქმის მეც დამარწმუნა, რომ მისი ჩემდამი სიყვარული, ,,სხვანაირი იყო“ და ჩემი - მისდამი - ,,სხვა“.
     ... დოდო, რა გენაღვლება მე მიყვარდე, ეს ხომ შენ არაფერს გავალდებულებს... ნება მომეცი გელაპარაკო, მოგწერო; შენ თუ გინდა, - ერთ ყურში შეუშვი, მეორეში გამოუშვი, ნურაფერს მიპასუხებ, ვითომ შენ არც კი შეგეხება. ვითომ წიგნი წაგეკითხოს უცნობ ავტორისა... მეც ხომ ადამიანი ვარ და უფლება მაქვს ჩემი აზრები მქონდეს, ჩემი გრძნობები, ჩემი სურვილები...
     თანდათან ისე დამიახლოვდა... ,,რანდევუებზე“ არა მარტო მოდიოდა სიამოვნებით, გულში მეხუტებოდა და უჩემოდ ნაბიჯს არ სდგავდა: ,,ყოველ თავის დიდსა თუ პატარა საქმეში ანგარიშს მაბარებდა, არავითარი საიდუმლოება ჩემგან არა ჰქონდა და სიტყვა მომცა და მტკიცედ ასრულებდა, - რაც უნდა მომხდარიყო, ჯერ მე მეცოდინებოდა და ჩემი რჩევის გარეშე, - არაფერს იზამდა. მეგობარი მეგობარს, ძმა- ძმას ისე არ ენდობოდა, როგორც ჩვენ ვიყავით...“
      საერთოდ, თავშეწირვა ტანჯვისა და ტკივილის გააზრების მთავრი ფაქტორია. ტკივილს და ტანჯვას მაშინ აქვს აზრი, იგი მაშინ არის სასიამოვნო და ადვილად ასატანი, როცა ისინი ნეფსითი თავშეწირვის შედეგი არიან, ხოლო თავშეწირვა სიყვარულის აქტი არის; იგი გულისხმობს სიხარულს იმისათვის, რომ იგივე ადამიანი თავის სიცოცხლის ერთ, ზოგჯერ უდიდეს ან უკეთეს ნაწილს იმას უთმობს, ვინც მას უყვარს. ამიტომ ,,თავშეწირვას იანუსის მსგავსად ორი სახე აქვს: ერთი იღიმება, მეორე კი ტირის. იგი იხედება ერთ და იმავე დროს ცრემლების სამყაროსკენ და სიხარულის სამფლობელოსკენ“, - განმარტავენ ფსიქოლოგები.
        ასე რომ, მამაკაცს მუდმივად ახლდა შიში - მისი თავის მოკვლის მიდრეკილებისა. ხოლო ქალს შიში მისი დაკარგვისა, როგორც მფარველისა და ნავსაყუდელისა. ხოლო ქალს კი ღრმად სწამდა: ,,თუ რამე ვიცი, თუ რამე კარგი მაქვს, თუ რასმე წარმოვადგენ, ეს სულ თქვენგანა მაქვს და ამ ამაგს რომელ ყმაწვილზე გავცვლი“-ო...
      იმდენი ამაგი გვაქვს ერთმანეთზე დახარჯული, - ჩვენი გაყრა შეუძლებელია“-ო.
       დოდო მართალი იყო... მისი მამაკაცი ერთად-ერთი სათაყვანებელი ,,სულიერი მამა“ იყო მისთვის...
      მამაკაცის რწმენით კი ,,დოდო არა-ჩვეულებრივად დაჯილდოვებული პიროვნება იყო, არა მარტო თავისი მტკიცე, ბუნებრივი ხასიათით, თავგანწირვამდე მოსიყვარულე გულით, ალერსიანი კატუნიასავით და ნიჭიერი. შემიძლიან ვსთქვა, პოეტი -მეოცნებე. მისი სახე ლამაზი იყო არა ფიზიკურად, არამედ იმ სულიერი სინათლით, რომლის მრავალფერობა გასაოცარი სიუხვით ეტყობოდა ყოველ გამომეტყველებაში. ეს ნაზი არსება, თაფლივით ხელსა და პირზე რომ შემოგადნებოდა, გაჯავრებასა და გაცხარებაში ცეცხლივით გულს დაგწვავდა და ლახვარივით დაგჭრიდა. (ტყუილად ხომ არ იყო ,,ამი-ლახვარი“) ისეთს გეტყოდა სრულიად დაუზოგავად. მასთან უბრალოდ ყოფნა შეუძლებელი იყო, მუდამ ,,ჩახმახზედ უნდა ყოფილიყავ“, რადგან უმნიშვნელო ხუმრობა თუ ღრმა შენი - აზრი - რამ, არ იცი მასში რა რეაქციას გამოიწვევდა. უმრავლესობა, მეტადრე ნათესავები ,,გიჟადა“ სთვლიდნენ და გვაფრთხილებდნენ. ,,გიჟიც იყო თავისი სიფაქიზით ყველასა და ყველაფრისადმი, თავისი სიწმინდით, არა ამქვეყნიურ თვისებებით და სისასტიკით.“
       თვითმკვლელობაზე ფიქრი ბევრთათვის ლამაზი არტისტული ჟესტი იყო, ხოლო დოდო ამილახვარი თავად იჩქაროდა სიკვდილისაკენ, რადგან მის პესიმიზმს მრავალი წყარო კვებავდა - ნერვული ფსიქიკა, სამშობლოს დაკარგვა, უცხოეთში შეუფერებელი გარემო, დედ-მამის, და-ძმების ტრაგიკული სიკვდილი.
    ,,ქალის ამბავს რას გაიგებ?: ოქტომბერში ძმა მოუკლეს, და, მგლოვიარემ, ცრემლებით რომ დასველებული ვიყავი, - ძლივს ვაშოშმინებდი; ქრისტეშობისთვეში რა პირობით გამისტუმრა; იანვარში ლულუს წერილი მივიღე: ,,ჯვარი უნდა დავიწეროთ და დოდო მარტო თქვენს ნებასა და კურთხევას უცდისო“. და ოთხ თებერვალს, თურმე, ჯვარი დაიწერეს. ოქტომბერი - გლოვა; დეკემბერი - ჩემი ზეცა; იანვარი - ხუმრობა? თებერვალი - სხვისი გაყოლა!? ოთხი თვის განმავლობაში ასეთი მეტამორფოზები გასაგებია?!“ (21.12.).
     ...სიყვარული ხშირად სცდება, როდესაც საყვარელ საგანში ხედავს იმას, რაც არ არის... მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ სიყვარულივე აღმოაჩენს მასში მშვენიერს ან დიადს, რაც თვალისა და გონებისათვის მიუწვდომელია. 
      ქალისთვის მამაკაცის სიყვარული მხოლოდ სულიერ მისწრაფებასა და არახორციელ, იდეალურ სიყვარულზე იყო დამყარებული, რომელსაც პლატონურ სიყვარულს ეძახიან. 
      დოდო ამილახვარს მთელი სამყაროს ბზარები გულზე აჩნდა, ყველას სატკივარს იტევდა, მაგრამ მარტოობას მაინც ვერ სძლია. პლატონურმა სიყვარულმა და პოეზიის ტრფიალმა მხოლოდ წლებით გადასწია თვითმკვლელობის სურვილი. 
,, - აკი უსიყვარულოდ ვერ გავთხოვდები“ -ო, მეუბნებოდი, და? 
  • მიყვარს!“-ო მითხრა თითქო ნიშნის მოგებით, ან ჯინზე... ეკლესიაში წასვლის წინ ხუთი წუთით, - არ ვიცოდი, წავიდოდი თუ არა... გაორებული ვიყავი“-ო.
  • რაზე თხოვდებოდი, როგორ მოხდა - მეთქი?
  • როგორღაც დავსეირნობდით, ფიქრებში ვიყავი და კიდევ ერთხელა მთხოვა გავყოლოდი ცოლათა“-ო...
...ომში მიდიოდა და უარი როგორ მეთქვა“-ო.
    დოდო ამილახვარს პირადი ცხოვრება ისევე მოუწესრიგებელი ჰქონდა, როგორც ნერვული სისტემა.
    მარტოსულსა და მიუსაფარს, სევდა უწეწავდა სულს. დეპრესია უსუსტებდა ნერვებს. მისი გაღიზიანებული ფსიქიკა უმძაფრესად აღიქვამდა გარემოს.
,, ... დღესაცა ვგრძნობ 25 წლის შემდეგ ჯვრის წერიდან პირველ შეხვედრაზედ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. ხალხის დიდ წვეულებაში ახლად ჯვარ-დაწერილ ,,ქმრის“ თანდასწრებით გადამეხვია, ჩამეკრა გულში, მკოცნიდა პირზე, თვალებში, იცინოდა, ტიროდა, ,,ჩემო ბატონო რეზო“! -ს მეუბნებოდა, და, ჩაციებით, - როგორც დასაკლავი ხარი ვეზინეში წამიყვანა. მთელი გზა ,,ქმართან“ კი არა, ჩემთან იყო ჩახუტებული, და, იქ რომ მივედით შუაში ჩაგვიდგა, ორივენი მიგვიკრა, და: ,,ნეტა ორი თავი მქონდეს, ორივეს თავზე დავდო“-ო და ხან მე, ხან იმას დაადებდა თავს.“
       ზოგჯერ, ორი თითქმის დიამეტრულად საწინააღმდეგო ბუნების მამაკაცი თითქოს ავსებს ერთმანეთს და მათი განცალკევებით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოდგენა რაღაც არსებითს აკლებს ორივეს. დოდო ამილახვარი ქალური ინსტიქტით ამას კარგად გრძნობდა.
     ,,დოდო ამ დროს უკვე 24 წლისა იყო, მაგრამ სახითა და გულით 18 წლის უმანკოსა ჰგავდა, მანეკენობით გალამაზებულსა; ტანით სულ მომწიფებულიყო და ღვთის ნაძერწ ქანდაკებას დაემსგავსა, შოლტივით მოქნილს; ცოცხალს, მკერდი - სალოცავ გუმბათებს, კანჭები - სურათებს, მთლათ - სურათს; ხასიათით, - ჯერ ბავშვობიდან გამოუსვლელისა ჰქონდა. 
       ... ჰოდა, აქ მოხდა მეორე ამბავი. ქართველ ქალებში მე მუდამ ერთგვარ ,,პროპაგანდას“ ვეწეოდი: გათხოვდით, შვილები იყოლიეთ, მიწას ტყუილად ნუ ამძიმებთ“- მეთქი. და დოდომ ერთხელ საიდუმლოდ გამაცნო ,,ვთხოვდები... ლულუ კერესელიძეზე“-ო.
     ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ მამაკაცი დიდი არაფერია, ქალი კი ჩინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ამ მამაკაცის დაფარული ღირსება, რომელიც ამ ქალმა დააფასა. ეს შერჩევითი სიყვარულია და ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. დოდოს ყოველთვის ამდიდრებდა რეზო გაბაშვილის სიყვარული. 
    იგი ცხოვრებასა და სიყვარულში გაორებული იყო. მის სულიერ ტკივილს კიდევ ერთი უბედურება დაემატა:
    ,,25 დეკემბერს მთელმა ლეგიონმა დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვრის პატივსაცემად მგლოვიარობის ნიშნად შავი საყელოები ჩამოიკიდა. პოლკოვნიკ ამილახვრის მეუღლე ბავშვებიანად დაპატიჟებული იყო საშობაოდ ლეგიონერებთან ორლიანში... 
      ვილიამის ავტო იყო დიდი, წინ მძღოლი იჯდა, გვერდით ბება, ოთარი, უკან თამარი, ბებას უფროსი და ელისო, რომელიც ინგლისელზე იყო გათხოვილი და ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მანქანა ძლიერ სწრაფად მიდიოდა, წინა საბურავი გასკდა, მიმართულება დაკარგა და ხეს დაეჯახა. ამ დარტყმამ მოგლიჯა მგზავრების საჯდომი... ელისომ იმ წუთას გაათავა სიცოცხლე, ბებამ ორი დღე იცოცხლა ჰოსპიტალში და ისიც გარდაიცვალა, მხოლოდ ბავშვები გადარჩნენ. ორივე დაასაფლავეს სამხედრო წესით. დე გოლი და სხვა გენერლებიც იყვნენ გასვენების დროს რუსების სობოროში“ (თარხნიშვილის შ., ,,მოგონება“, ჟურ. ,,ქართული ემიგრაცია“ N3(6), თბ. 2015, გვ. 204-205).
    სწორედ, დოდოს თავზე დატეხილ ამ უბედურებაზე წერდა ლულუ კერესელიძის მამა გიორგი კერესელიძე თბილისში თავის დას: ,,საწყალ დოდოს მოუკლეს ბრძოლის დროს ერთი ძმა (დიმიტრი-ბაზურკა) - დიდი გმირი ფრანგების ჯარში. მის სახელზე მთელი სამხედრო დაწესებულებები არსებობს. მალე სხვა ფრონტზედ მეორე მისი ძმა დაავადდა და მოკვდა.შემდეგ მისი ძმის ცოლი (დიმიტრისა) ავტომობილის უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. დარჩა ორი ბავშვი ობოლი. ორივე საფრანგეთის სახელმწიფომ აღზარდა. საერთოდ, დოდო დიდი ნერვიანი იყო - რა დატრიალდა მის სულში! ვინ იტყვის. მისი ძმისწულები ჩვენთან იყვნენ. ბაღში ბავშვებთან ლულუ, დოდო და ნინო თამაშობდნენ. დოდო მხიარულად იყო. დილით მე ბაღში ყვავილებს ვკრეფდი. დოდო გამოვიდა სახლიდან, ჩქარის ნაბიჯით გავიდა ქუჩაზედ და ახლო რომ გამიარა, რაღაცა მითხრა, ვერ გავიგონე სწორედ. ვიფიქრე: ალბათ მითხრა, პატარა გიორგი სალონშია მარტო, მიხედეთ, მალე მოვალო. გამოვიყვანე ბავშვი ბაღში და ვათამაშებდი. დრო გადიოდა, დოდო არსადა სჩანდა. ტელეფონით შევეკითხე ყველა ნაცნობებს: ,,დოდო თქვენთან ხომ არ არის - მეთქი. არსად იყო. პოლიციაში გავიგე: ერთმა ქალმა წყალში თავი დაიხრჩო, აი მისი ფეხსაცმელებიო. ეს ფეხსაცმელები ვიცანი, მე თვითონ ვუყიდე ორიოდე დღის უწინ. როცა ლულუ დაბრუნდა და ვუთხარი დოდოს ამბავი - წაიქცა და თავს იატაკს ახლიდა. შევუტიე - ვუთხარი: ლულუ, ან უნდა ეხლავე თავი მოიკლა ან და იფიქრო, რომ პატარა გიორგის და ნინოს პატრონობა უნდათ! გაჩუმდა, წამოდგა ფეხზედ და ამის აქეთ დოდოს შესახებ ხმა აღარ ამოუღია. ხოლო შვილს კი დედის კულტს უნერგავს. 
   გიორგი მაღალი ტანის ბიჭი იზრდება. ჭკვიანი, ნიჭიერი და ჭკუა მახვილია, მოსწრებული პასუხით“ (კერესელიძე გ., ვეზინე 16 მაისი, 1958).
    ... დოდოს გვამს ხუთი დღე ეძებდნენ მდინარეში... ვის გამოუტანა ასეთი სასტიკი განაჩენი ამილახვარის ამაყმა ქალმა: საკუთარ არსებაში ჩაბუდებულ დემონს, მეუღლეს თუ მის მფარველს?!
      ... ან იქნებ, მამაკაცის სულში ჩაბუდებული ,,ადამიანი მესაკუთრის“ ბუნება ვერ აიტანა მისმა თავისუფლების მოყვარულმა სულმა და შერყეულმა ფსიქიკამ?! 
      მისი უგონოდ თაყვანისმცემელი რეზო გაბაშვილი სიკვდილამდე ფიქრობდა ქალის აუხსნელ ქმედებაზე და ,,ბოლოს გარდაცვალებამდე თოთხმეტი თვით ადრე ,,პარიზის გაყინული“ საზოგადოებისაგან ზურგშექცეულმა, ადამიანურ ურთიერთობებს დანატრებულმა პეტრე ხვედელიძეს თავისი აზრი გაუზიარა, რაც მანამდე არასოდეს არავისთვის უთქვამს - ,,... წაიკითხო და მეგობარივით იცოდე... 
     ,,სწორედ ამ რომანივით წერილზე მინაწერმა მაფიქრებინა - დაე, ფართო მკითხველმაც წაიკითხოს და... მეგობარივით იცოდეს...“
        ,,ეს აღმოჩენა, შეიძლება ჩემთვის იყო მარტო, და, ასე ვეძახი მხოლოდ იმიტომ, - არავისაგან გამიგონია, არც სადმე წამიკითხავს, თუმცა, მგონი, არ არის დარგი და ,,ქალთა საკითხებზე მეტადრე, - არ მესწავლოს... რადგან ერთ დროს მინდოდა ექიმობა და გატაცებული ვიყავი - მედიცინითაც.
      ჩემი აღმოჩენა სულ სხვა სფეროსია, - ხშირად კი არა, მეტისმეტად იშვიათად, ათასში ერთხელ, ფიზიკურ ქალწულობასთან ქალი არა ჰკარგავს სულიერ ქალწულობასაც. პირიქით, ათასობით შემთხვევაში, უმრავლესად და უამრავად, ქალი ამ ორივე, სულ სხვა და სხვა რიგის მოვლენას, ერთადა ჰკარგავს. ე.ი. იცვლება ფიზიკურად კი არა მარტო, არამედ სულიერადაც და სხვა ადამიანი და პიროვნება ხდება; ბევრად დაქვეითებული. წინააღმდეგი შემთხვევა იმდენად იშვიათია, რომ ისტორიულად ცნობილია მხოლოდ ერთადერთი, ღვთიშობლისა, - უბიწოდ რომ დარჩა შვილის შობის შემდეგაც. მართალია, ქალი გათხოვების შემდეგ, ყალიბდება უმეტეს შემთხვევაში ქმრის ყაიდაზე, მაგრამ მაინც რჩება - ძალიან იშვიათად - სულიერად ქალწული. აი, ეს არის ჩემი ,,აღმოჩენა“, და, მიკვირს რომ არც ისტორიულ, არც არქეოლოგიურ, არც მედიკურ ან ფსიქოლოგიურ წიგნებშიაც ამის ნიშან-წყალი, ჩრდილი ან კვალიც, არ შემხვედრია.
       ამ თვალსაზრისით, დოდო არა-ჩვეულებრივად დაჯილდოვებული პიროვნება იყო, არა მარტო თავისი მტკიცე, ბუნებრივი ხასიათით თავგანწირვამდე მოსიყვარულე გულით...“
     დოდოს მიმართ უცნაური გრძნობა დაუფლებოდა რეზო გაბაშვილსაც: ,,გასაშტერებელი ამბავია, - გათხოვებიდან სიკვდილამდე პერიოდში - დოდო აღარ მიყვარდა, და, ვიზედაც ,,მზე და მთვარე ამომდიოდა“, - სრულიად უცხო გახდა ჩემთვის“ (ჯერვალიძე ც., ,,პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“, თბ. 2012).
       ალბათ, ქალიშვილის სათნოება ის კი არ არის, რომ ბავშვივით არა იცოდა რა, არამედ ის, რომ მან ბალღურად იცოდა და, ამ ცოდნაში, წმინდა და ქალწულებრივი რჩებოდა...
        ასე დასრულდა ემიგრაციაში ორი ქართველის უიღბლო სიყვარული და როგორც რუსთაველი ამბობდა: ,,სდევს ფათერაკი მიჯნურსა, განჭვრიტეთ, გაიცადენით.“скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge