ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნანა გოგოლაშვილი - მე – „სამკაული“
ნანა გოგოლაშვილი დაიბადა 1952 წლის 20 მარტს, ქ.თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი. 1980-იანი წლებიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში. 1999 წელს გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული ,,თალპიონი“, 2002 წელს – ამერიკული პოეტური ანთოლოგიიდან ნათარგმნი ლექსების კრებული ,,ამერიკული პოეზია“. 2015 წელს გამოდის მისი პირველი რომანი ,,ლამურია“, რომელიც წარდგენილი იყო ლიტერატურულ კონკურსზე ,,საბა“. ფლობს რამდენიმე უცხო ენას. თარგმნის ფრანგულიდან, რუსულიდან, ინგლისურიდან და იტალიურიდან
ევაზე მეტად ვიეშმაკო როგორმე უნდა,
მომანდე ჩემი წილი ადამი, ღმერთო,
Apple-ით ცდუნებაც „მოსულა“ ედემს,
ჩემი ადამი მარტოობს, ვეჭვობ...
ნანა გოგოლაშვილი
ტელევიზიაში მიმიწვიეს. პირველ არხზე არის ასეთი გადაცემა „ცხოვრება მშვენიერია“. უმშვენიერეს ნინო ქაჯაიას მიჰყავს. ჩემთვის დიდი პატივია ამ გადაცემაში მოხვედრა. ის ხომ ყოველთვის ისეთ ხალხს იწვევს, ვინც ჯერ თავს იმშვენიერებს და მერე სხვის ცხოვრებასაც. მართალია თავდაჯერებულობის ილუზიურ კონდიციას თითქმის უკვე მივაღწიე, მაგრამ მაინც ვნერვიულობ, იმიტომ კი არა, რომ უნდა გამატელევიზორონ, ამას უკვე მივეჩვიე, უბრალოდ, მეტყველების პრობლემის გამო ზოგჯერ უჭირთ ჩემი ნათქვამის გაგება. მაინც წავალ. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ჩემი, ანუ ჩემისთანების სათქმელი. დამირეკეს, სახლშიც გვინდა ჩაგწეროთო. მოვიდნენ. ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი ფრაგმენტი ჩაწერეს: როგორ ვმუშაობ კომპიუტერთან და როგორ მიყვარს წიგნები. ოღონდ, ცოტა უფრო გამოვიპრანჭე. ხუმრობა ხომ არაა, მთელი საქართველო უნდა დავარწმუნო იმაში, რომ ცხოვრება მშვენიერია... გადაცემის წამყვანი თავადაც ცხოვრებასავით მშვენიერი და სავალდებულოდ მომღიმარია. ისიც იცის, რომ მარტო პროფესიონალიზმის იმედად ვერ იქნება, თუკი მასალა არ დაჰყვება. ჰო, დღეს მე მისი მასალა ვარ, ჩვენ ორთავემ უნდა შევქმნათ გადამდები მშვენიერება.
დათქმულ დღეს საგანგებოდ გამოვეწყე, სარკეს თავი დავაჯერე და ტაქსი გამოვიძახე. მართალია, ახალი არაფერი ჩამიცვამს, მაგრამ ახლებურად მაინც გამოვიყურები. ყოველ შემთხვევაში, თავს ასე ვგრძნობ.
– ტელევიზიასთან, თუ შეიძლება! – ამაყად მივმართავ ტაქსის მძღოლს. ასე მგონია ისიც ხვდება, რომ დღეს ცხოვრება უნდა გავილამაზო.
ჩაჯდომისას ერთი გადმომხედა და მანქანა ისე დაძრა, კარის დახურვა ძლივს მოვასწარი.
– ნათი, რა გრძნობა დაგეუფლა, როცა შენი პირველი პუბლიკაცია დაიბეჭდა? –ჯეოსელის კონკურსში გამარჯვებული ჩემი ჩანახატი, „გამოშვერილი თითი“ იგულისხმა.
– რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემი პირველი ჟურნალისტური მცდელობა. მაქვს სტუდენტობისდროინდელი წერილებიც...
მეტის თქმა საჭიროდ აღარ ჩავთვალე. მშვენიერი დღის გაფუჭება არ მოვინდომე იმის თქმით, რომ კიბეზე ამომიყვანეს და სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა ჩემი სტუდენტობისდროინდელი წერილებიც. კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულებებში „შეღწევის“ თემას, რამაც აქ ამოსვლის წინ კიდევ ერთხელ შემახსენა თავი...
ამ, არცთუ „უმნიშვნელო“ პრობლემას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერმა მართლაც მშვენივრად ჩაიარა და კიბეზე როგორც ავედი, ისევ ისე ჩამოვედი. ოღონდ, ამჯერად ამაზე ნინომ იზრუნა. ტაქსიც იქვე ამოიზარდა! ტაქსისტობა ხომ ყველაზე ოპტიმალურ საქმიანობად იქცა დიპლომების ბალიშისქვეშეთიდან გამოსამზეურებლად.
– ტელევიზიაში მუშაობთ? – მკითხა მძღოლმა. ახალგაზრდა, ენაწყლიანი კაცი აღმოჩნდა.
– არა, ჩამწერეს, ნინო ქაჯაიამ ჩამწერა. ხომ იცით მისი გადაცემა – „ცხოვრება მშვე-ნიერია“?
– ისე მაგათ რა ვუთხრა! ეს მაგათთვისაა ცხოვრება მშვენიერი, თორემ აბა ხალხს ჰკითხონ... აი, მე, მაგალითად... და დაიწყო და რა დაიწყო... აი, რევოლუციამდე ვცხოვრობდით, თუ ვცხოვრობდით და დანარჩენიც იმავე არიიდან.
– არ გეთანხმებით!– ვუთხარი გადმოსვლისას, – ვიღაცამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყოს... თქვენს ნაქებ დროში ჩვენ საერთოდ არ ვარსებობდით, ახლა ფიქრი მაინც დაიწყეს!.. ჩვენ შევცვლით სამყაროს... და თქვენც მოგანდო-მებთ!..
ირიბად გამომხედა. ძალიან კარგი თუ არ არსებობდით, ე.ი.თქვენ ყველასნაირი იყავით. რის შეცვლას აპირებთ?
გულიანად გამეცინა . ჩემთვის მიუღებელი ლოგიკა მომეწონა. აღარც მიცდია მისი შეჩერება. მივხვდი, რომ მისი პროვოცირება სიტყვა „მშვენიერებამ“ გამოიწვია. მისთვის ეს სიტყვა 666-ის ზომბური არიიდანაა.
სხეული, რომლითაც ცხოვრებას დავაბრძანებ, ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ ხომ გაჯერებთ, რომ თქვენი ტკივილი სხვის ტკივილთან შეარებით უმნიშვნელოა! ხომ გახსენებთ, რომ სიკეთე ძალიან ჩვეულებრივი, ყოველწამიერი და ხელშესახებია... თუმცა, ჩემი აზრით, ადამიანი საზოგადოდ კეთილი კი არ არის, უნდა, რომ კეთილი იყოს და ამისთვის აუცილებლად უნდა მიეხმარო...
– მოგეწონა ნინო? – თემას არ ეხება დედა.
– ძალიან. მაგრამ რომ მცოდნოდა, გადაცემა 20 მარტს გავიდოდა ეთერში, დაბადების დღეს მოგილოცავდი...
– სტუმრებთან მაინც ხომ მოვიწონებ თავს, უკეთეს საჩუქარს რას ვინატრებ! – მამშვიდებს დედა.
იმ ღამეს უცნაური, მაგრამ ულამაზესი სიზმარი ვნახე: მშვენიერებას პეპლების საჭერი ბადით დავდევდი . . .
მართალია ნასიამოვნებმა გავიღვიძე, მაგრამ პეპელასავით ხანმოკლე მშვენიერების ალუზიამ ცოტა ხასიათი წამიხდინა. დილით, ყავასთან წინა დღის ამბების მოყოლა რომ დავიწყე, დედამ შემაჩერა, – გადაცემას დაველოდებიო. აი, დიპლომიანი ტაქსისტის თემა კი ჩემი უჩვეულო დიპლომის თემით ჩავანაცვლეთ:
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ვერ ვწერდი და ყველაფერს ზეპირად ვაბარებდი. უფრო სწორად, ისე ვწერდი, რომ მარტო მე და დედა ვკითხულობდით. ყველა დავალებას ვასრულებდი. ამიტომ წერის კულტურა მაინც გამოვიმუშავე, რაც შემდგომში სასიკეთოდ წამადგა. სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დედა განათლების სისტემაში მუშაობდა და ყველა ნაცნობს მიუკაკუნა, მისაღებ გამოცდებზე მაინც არ მიშვებდნენ, იმ მოტივით, რომ წერა არ შემეძლო. მაშინ, როგორც დიადი საბჭოთა ქვეყნის შვილები, მოსკოვიდან ვიმართებოდით და დედამ საბჭოთა კავშირის განათლების მინისტრს ვრცელი წერილით მიმართა, სადაც წერდა, რომ ყველა ქართველს ორ-ორი დიპლომი უდევს თავქვეშ და თუკი მათი დიდი ნაწილი მხოლოდ დიპლომიანის სტატუსით კმაყოფილდება, რა დაშავდება, ჩემს გოგონასაც გაუწიოს სულიერი საყრდენის მაგივრობაო. სამაგიეროდ, მის ცხოვრებას აზრი მიეცემა და, კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდესო... მაშინ კომპიუტერი შეიძლება ჭკვიან საბჭოთა თავებში ეტეოდა კიდეც, მაგრამ ჩვენ, რიგითებს, მისი შესაძლებლობები აზრადაც არ მოგვდიოდა, უფრო საბეჭდი მანქანის იმედად ვიყავი.
„გამოცდებზე დაიშვას. ფორმა თქვენ მოიფიქრეთ!“ – მოვიდა გამაოგნებელი პასუხი. მაშინ ვიგრძენი, როგორ მინდოდა ეს გადაწყვეტილება ჩემს ქვეყანას მიეღო. გადაწყდა: წერით გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაგნიტოფირზე ჩაიწერდნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა უნივერსიტეტის ისტორიაში. ყოფილა შემთხვევა ცხვირით, ყურით, შუბლზე მიმაგრებული კალმით, ფეხით წერის, მაგრამ დაეშვათ აბიტურიენტი, რომელიც ვერ წერდა, პირველად ხდებოდა. თანაც, ფილოლოგიის ფაკულტეტზე...
ფრიადი მივიღე! წარმოუდგენლად თბილი გარემო დამხვდა. ახლა ვუხდი იმ ხალხს მადლობას გულისხმიერებისთვის, რადგან მას მერე, ორმა ინტელექტუალურმა გვამმა გააპროტსტა ჩემ მიერ დაკავებული „ადგილი“...
ეს ჩემი ადგილი იყო, ბატონო პროფესორებო! ახლაც ჩემია და სულ ჩემი იქნება, სანამ დიდსოფელს შევხვდებით და ნაძალადევად, მხოლოდ იერარქიის გამო აღარ მოგესალმებით. თავისუფლების დეფიციტს რა ვუთხრა თორემ, ამ ტკივილს მაშინაც გავაპროტესტებდი.
თავისუფლებაზე გამახსენდა: მეორე კლასში ვარ და დედას ჩემი მეგობრები აღარ აძლევენ დერეფანში ლოდინის უფლებას. თვითონ მორიგეობენ: თავს მევლებიან, ტუალეტშიც დამყვებიან და ბუფეტშიც დამატარებენ. ეს ნაწილობრივ ციური მასწავლებლის დამსახურებაცაა. პირველი კლასის მეგობრები დღესაც ჩემთან არიან. მათ გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია... ამაზე ალბათ გზადაგზა შემომახსენდება. ახლა კი იმას მოგიყვებით, როგორ დამამახსოვრეს თავისუფლების პირველი მცდელობა:
ზოგჯერ, ცხადია, მისივე სურვილით, სკოლიდან მომაცილებდა ხოლმე ერთი ჩემი თანაკლასელი, თანამერხელი სეხნია. მისი მშობლები მსახურობდნენ და სკოლის შემდეგ სახლში არავინ ელოდებოდა. შესაბამისად, რამდენიმე საათი ის თავისი თავის ბატონ-პატრონი გახლდათ. მაშინ, საბურთალოზე, 126-ე საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოგვიანებით ნუცუბიძის პლატო გაშენდა, ჯერ კიდევ დაუსახლებელი იყო და გაზაფხულზე ბევრი ყაყაჩო იცოდა. სკოლიდან გამოსულს სურვილი გამიჩნდა ყოველდღიური, ცნობისმოყვარე ადამიანთა მზერით გაბეზრებულს გზიდან გადამეხვია და ნათიას შევეხვეწე, მინდორში გავისეირნოთ-მეთქი.
– აუ, რა მაგარია, – მეუბნება ნათია, მოდი, ჩანთას მე წამოგიღებ.
– არა, გმადლობ, – აღარ მინდა მისი ზედმეტად შეწუხება.
– ნახე, იქით რამდენი ყაყაჩოა, იქით წავიდეთ.
– დედიკოს გავახარებ, ძალიან უყვარს ყვავილები.
ყაყაჩოებში ვიკარგებით. დროს ჯერ არ ვიცნობ. თავისუფალ დროს ვგულისხმობ, თორემ ოთახში გამოკეტილს ბევრჯერ დამიმუნათებია კიდეც. ხელებში დასატევი თაიგული შევაკოწიწე. სხვა დროს ხელებს ძლივს ვიმორჩილებ, მაგრამ ახლა ყვავილებს ისე ვეფერები, საკუთარი ცვლილება მაოცებს. მას შემდეგ ვფიქრობ, რომ ყვავილების კრეფა ერთგვარ თერაპიადაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ცერებრული დამბლით დაავადებულთათვის.
დრო შეუმჩნევლად გასულიყო. ეზოს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, დედას გარშემო ხალხი ახვევია და ამშვიდებენ. პატარა, მშვენიერი ელისო ბოლქვაძე, ჰო, ის ელისო, ახლა უკვე სახელგანთქმული პიანისტი ხელებგაშლილი გამორბის და გულში მიხუტებს:
– სად ხარ, ნათი, როგორ შეგვაშინე, რა მოხდა?
– ყაყაჩოებზე არ ეტყობა ქალბატონს, სადაც ბრძანდებოდა? – ხუმრობს ფანჯარასთან მდგარი ბატონი ზაური, ელისოს მამა, თურმე ცნობილი პოეტი, ჩემთვის კი, უბრალოდ პირველი სართულის ტკბილი ბაბუ, რომელიც ხშირად მთავაზობს კანფეტებს...
ყაყაჩოებს ხელს არ ვუშვებ, დედას მინდა მივართვა, მაგრამ უცებ ლოყაზე ალმური მედება, დამჭკნარი ყაყაჩოები ძირს მიცვივა და გაოგნებული შევყურებ დედას. ისიც გაოგნებული დაჰყურებს თავის მარჯვენა ხელისგულს. . .
– დედა, ყაყაჩოები დაგიკრიფე!? ჩემი არ ესმის. ტირის.
მთელი საღამო ტიროდა, მთელი ღამე ტიროდა, ახლაც ტირის, როცა ყაყაჩოებს ხედავს. მაშინ თავი არ უმართლებია. ახლა ცდილობს: – ოთხი საათი გეძებდიო, მაგრამ ის სილა დღესაც ორთავეს გვტკივა.
ტკივილს ადამიანი ერევა – ფიზიკურს აყუჩებს, სულიერს აკეთილშობილებს. თრიაქი და სუბლიმაცია კაცის მოგონილია. გაუსაძლისი კი უბრალოდ კლავს და ასე ამშვიდებს ყოფას. საბედნიეროდ, მე სიცილი მიყვარს, სიცილით თავდაცვაც, სიცილით ლაპარაკიც, იქამდე, რომ ამით ნაოჭებმა იხეირეს და ცხოვრება დაირქვეს. ამას თანამედროვე ყოფაში Face ანუ სახე ჰქვია. მე დღეს ამ სახით ვცხოვრობ. ეს ჩემი ადგილია, პატივცემულო პროფესორო! „არავისთვის საჭირო ფილოლოგის“ ადგილი. ჯეოსელის გაზეთის ბლოგერი ვარ. მართალია, ჯერ მხოლოდ ერთგვარი სამკაული იმ ყოფისა, რომელსაც მეც არანაკლებ ვჭირდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული და თავს არ ვზოგავ. პირველი „თავისუფლების აღკვეთიდან“ – ტელევიზიამდე, ე.ი. ყაყაჩოებიდან – მშვენიერების ტელევიზიით დემონსტრირებამდე გრძელი გზა განვვლე: ინვალიდის, ჰენდიკაპის და ახლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, შშმპ გზას გავდივარ და, სანამ ჩემს გამოსვლებში ამ უკანასკნელ ტერმინს გავასრულებ, გზად ენაბლუობას ანუ დამატებით რაღაც ამდაგვარს კიდევ ავიკიდებ. ამას, შშმპ ტერმინის შესახებ მოგახსენებთ. ამ ტერმინის სირთულე, დარწმუნებული ვარ, მარტო მე კი არა, სხვებსაც აწუხებთ, მაგრამ სხვა სახელი ვერაფრით მოგვიძებნეს... არადა, თავად „სრულყოფილებაც“ რომ დაგვარქვან, დროთა განმავლობაში საჩვენო ტერმინი მაინც უარყოფით დატვირთვას შეიძენს და მაინც განგვასხვავებს სხვებისგან, როგორც ეს ჰენდიკაპს დაემართა. „Hand in cap (ხელი ქუდში)“ – ინგლისური იდიომაა და ბარტერს, ანუ ღირებულებათა თანაბარზომიერებას გულისხმობს. უფრო ზუსტად, რაიმე ღირებულის მიღების შემთხვევაში, მიმღები პირი ქუდში დებდა ხოლმე საპირწონე თანხას. ეს ტერმინი ინგლისში ჯერ დოღთან დაკავშირებით გამოიყენებოდა, მერე სპორტულ ცხენოსნობაში და ნიშნავდა ყველა კონკურენტისთვის თანაბარი შანსის მიცემას. მეოცე საუკუნეში კი ეს ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპით ყველაზე უფრო დამამცირებელი ტერმინის – ინვალიდის (უსარგებლო) – ჩასანაცვლებად გაჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა წარმატებით იყენებს დღესაც. ისე, ინვალიდსა და დღევანდელ შშმპ-ს ნამდვილად სჯობს და უფრო სამართლიანიცაა. თუკი, მაინცდამაინც სხვა რამ უნდა გვერქვას და დარწმუნებული ვარ, ეს ტერმინი ადამიანური ღირებულებების შეცვლასთან ერთად კიდევ მრავალგზის შეიცვლება, და, რატომღაც მგონია, არა მარტო ამ კატეგორიის ადამიანთა საამოდ. მე, პირადად „განსხვავებულს“ დავირქმევდი და არ მეტკინებოდა, იმიტომ რომ, ადამიანები საზოგადოდ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და უსარგებლობასა და სარგებლიანობასაც თავად განსაზღვრავენ. თუკი კაცობრიობამ თავს იმის უფლება მისცა, ინვალიდი ანუ უსარგებლო ეწოდებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად უფლებამოსილ პირებზე მეტსა და სასარგებლოს აკეთებენ, თუკი წინარე კაცობრიობა ასეთ ადამიანებს დაბადებისთანავე სხვადასხვა არაადამიანური ფორმითა და საშუალებით იშორებდა, თუკი დღესაც მათთვის პირობების შექმნა სავალდებულო კანონთა ნუსხაში ხვდება და მაშინაც არ სრულდება, ედვარდ მუნკის „კივილ“დატანილი სამკერდე ნიშნებით ხომ არ ვივლით ამ დაუნდობელ სამყაროში. დიახ, თავისუფლების ზემოაღნიშნული მშობლიური შეზღუდვიდან ტელევიზიაში მშვენიერების დემონსტრირებამდე გავლილი ცხოვრება აღმართს ჰგავდა. ილუზიათა სიმძიმე ხშირად უკან მექაჩებოდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი წინ სიარული თუ არა, ადგილზე ტკეპნა მაინც მესწავლა და ბუნებრივ საყრდენს, ამომგდებ ძალას მაინც მივნდობოდი, რომელიც ილუზიათა მსხვრევას და ჩაძირვას კი არა, ზედაპირზე ტივტივს მაინც გამოიწვევდა. წინსვლას მარტო ჩემი ძალისხმევა არ ჰყოფნიდა. უკვე ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა. მივხვდი, რომ ადამიანის სიკეთე შეცოდებას უფრო ენათესავებოდა და შეურაცხმყოფელ თავაზიანობათა გარდა კანონმდებლობით უნდა მომეპოვებინა ჩემი უფლებები. მართალია, კომპიუტერმა დიდი სამსახური გამიწია, მაგრამ ვირტუალურ ცხოვრებას თავისი ნაკლიც აეტორღიალა: თრიაქის მსგავსი, რაც უმოქმედობის საშიშროებას მიქადდა და უკან მეწეოდა. ფეისბუკის ყოველდღიური ქექვა აკვიატებად მექცა და ასე „გავვარდი გარეთ“. ერთ საღამოს, როცა უაზრო ფრაზებით ნავიგაციას მოვრჩი და ირ. გაფრინდაშვილის მორიგ სახალისო სტატუსს, კერძოდ „ტერფთაყვანისმცემლობას“, გადავაწყდი, რომელიც ქალის ლამაზ ფეხზე დადებულ ფოტოსურათზე მიეწერა, მაგრად ვიხალისე, თუმცა, ჩემს დას სევდიანი სტატუსი მივწერე იმის თაობაზე, რომ ქუსლიან ფეხსაცმელს ვერასოდეს ჩავიცვამდი... და, ის-ის იყო, კედლის დახურვას ვაპირებდი, რომ ვინმე Jean-Ive-ის კომენტარი შემოვარდა:
ჟან-ივ - ნათი (არავითარი ქალბატონო და მისთანები), მე გაჩუქებ წითელ ბასანოშკებს და ჩაცმაზე ერთად ვიფიქროთ (და წითელი გული).
მე - ბევრი ღიმილაკი...
ჟან-ივ - არ გჯერა? აი, შენი იყოს! და, კედელზე პედრო ალმოდოვარის რევოლვერისქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი ჩნდება ფილმიდან „მაღალი ქუსლები“.
ჟან-ივ - მეც. მხოლოდ ამ გადაცემაში თუ ნახავდი რაიმე ღირებულს.
მე - ფრანგული სახელი მარიაჟია?
ჟან-ივ - საფრანგეთის მოქალაქე ვარ, საქართველოში ვანო ვიყავი.
მე: - : ))))))))))))))
ჟან-ივ - ნუ დაეჭვდები, გულწრფელი ვარ.
მე - არც ვაპირებ. უბრალოდ, ვცადე გამომეცნო, მანდ როგორ მოხვდი.
ჟან-ივ - არც იფიქრო, მაინც ვერ გამოიცნობ. მერე მოგიყვები, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ლამაზი ფეხსაცმლით სიარული კი არა, ფეხის ფეხზე გემრიელად გადადებაც მენატრება. . .
მე - იცი, „ფსიქოს“ ამ ლოგომ თავის დროზე მე ტკივილის სიამოვნებად ქცევა მასწავლა, ეროტიკა და სიშიშვლე კი კლასიკის ჭრილში დამანახა . . .გავაგრძელე თემა. ტკივილზე ლაპარაკს თავს ვარიდებ.
ჟან-ივ - ჰო, მართალი ხარ, მეც ძალიან მიყვარდა ეგ გადაცემა.
მე - საერთო ინტერესები მახარებს.
ჟან-ივ - მეც. მაგიტომაც შეგეხმიანე. დიდი ხანია თვალს ვადევნებ შენ სტატუსებს.
მე - გმადლობთ:)))
ჟან-ივ - იცი, პირველად როდის შეგამჩნიე? – როგორი უშუალობითაც დაიწყო, ისევე აგრძელებდა. ფამილარობას ვერ დასწამებდი. - ვიღაც გიორგის ელაპარაკებოდი საქმიან თემაზე. პირველად გიორგის ეტლიანი პროფილი რომ დავინახე, ვიფიქრე, გამოველაპარაკები-მეთქი, მაგრამ იმან, რაც მერე საიტზე მოხდა, შენთან დალაპარაკება გადამაწყვეტინა. მაშინვე მივხვდი, რომელ სტატუსსაც გულისხმობდა, იმიტომ რომ დამამახსოვრეს. მე, ჩემმა მეგობარმა გიორგიმ და ჩემი ოჯახის წევრებმა მაშინ გულიანად ვიცინეთ. გული დამწყდა, ჯერ გიორგის ეტლს რომ მიუქცევია მისი ყურადღება, თუმცა გულიანი სიცილის ღიმილაკები მაინც გავუგზავნე. მივანიშნე, ვხვდები-მეთქი. მართალია, მერე ხალისით ვიხსენებდით ამ გაუგებრობას, მაგრამ იმ წუთას მაგრად ვინერვიულე.
– მშია, ათი ლარი მასესხე, რაა! – მოულოდნელად იწერება ჩემს გვერდზე.
– რაა?! გაფიცებ, თუ გჭირდები, არ მოგერიდოს! – გაოგნებული მპასუხობს გიორგი. არადა, შშმ პირთა შესახებ სამთავრობო დადგენილებებს ვარჩევდით და უცებ ეს სრულიად არაადეკვატური სტატუსი. სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა:
მე ცოტა ნელა ვბეჭდავ და სანამ გიორგის პასუხს ვწერდი, ოთახში ჩემი 14 წლის დისშვილი ივა შემოვარდა. ეზოში თამაშის მერე მოშიებოდა და სადილის „მისართმევად“ კომპიუტერს რომ ვერ მომწყვიტა, მეცა, – მოდი, დაგეხმარები, ასე უფრო სწრაფად იქნებაო. გამოცდილებით ვიცოდი, რომ რაღაც გაუთვალისწინებლისთვის მიმეტებდა. მარტო კივილით კი ვერას გავხდი. ისიც ვიცოდი, რაღაც სისულელეს ჩაწერდა, მაგრამ მსგავსს არაფერს ველოდი. წინააღმდეგობის გაწევა აღარც მიცდია, რადგან მაინც ვერ მოვასწრებდი. რამდენი და რომელი ღიმილაკი მიხსნიდა იმ წამს. რა თქმა უნდა, მაშინვე გიორგისთვის ყველაფრის ახსნამ მომიწია, მაგრამ ამ ამბის გახსენებაზე დღემდე მწარედ მეცინება.
ჟან-ივ - იმ საღამოს მეც ბევრი ვიცინე და ეგ ამბავი ოჯახის წევრებსაც კი მოვუყევი. შენი დისშვილი ჩემი სეხნია ყოფილა, მიხარია...
ოჯახი რომ ახსენა, დავიძაბე, აღარ ვიცოდი, საით წამეყვანა საუბარი.
მე - ჰო, ივა უკვე დიდი ბიჭია, კაცობას ცდილობს მაგრამ სიცელქემ ვერ დაივიწყა, ჩემსავით ,,ნაყვარება“. . . კიდევ გუგა გვყავს, 11 წლის, ის უფრო სერიოზული ბიჭია.
ჟან-ივ - ივა და გუგა კუზანოვების პატივსაცემად დაარქვით? (ღიმილაკები...)
მე - ჰო, მაგ კითხვას ხშირად გვისვამენ, ჩემი და შაყირობს კიდეც, მათგან ერთი უფასო გალამაზება ნამდვილად მეკუთვნის, სადაც კი შვილების სახელებს ვახსენებ, ყველგან მაგათი რეკლამა გამომდისო.
ჟან-ივ - ჰო, მაგარი რეკლამაა (ღიმილაკები). დასთან ცხოვრობ?
მე - არა, ჩემი დაა ჩემთან დროებით. ისე, სხვაგან ცხოვრობს . . . უკვე შეიძლებოდა ოჯახზეც დავლაპარაკებოდი, მაგრამ თავი მაინც შევიკავე, ისეთი ტემპით იხსნებოდა. შენ სად ცხოვრობ?
ჟან-ივ - მონპელიეში, სამხრეთ საფრანგეთში. არჩევანი მე არ გამიკეთებია. აქ ჯერ ჩემი ძმა ჩამოვიდა. აქაური ქალი შეირთო ცოლად კატრინი, მე კატოს ვეძახი და ძალიან მოსწონს. ორი მშვენიერი გოგონა ჰყავთ: 12 წლის კამილა და 8 წლის ელე – დედაჩემის სეხნია.
მე - ორივემ სხვაგან ცხოვრება ირჩიეთ... რატომ?
ჟან ივ - მოდი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. სკაიპზე შემოვალ და უკეთ გაგეცნობი, კარგი?
მე - კარგი.
ადამიანის ცხოვრება ძილად და ღვიძილად, სიზმრად და რეალობად იყოფა და მაინც ერთი სახელი – სიცოცხლე ჰქვია. მავანთათვის ამ დაყოფას დაღლა და დასვენება ჰქვია, ჩემთვის კი ორი სიცოცხლე, რადგან სიზმრებში ის ქალი ვარ, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, ჩვეულებრივად დადის და ჩვეულებრივად საუბრობს, ყოველგვარი ზედმეტი თვალთვალისა და თანაგრძნობათა უადგილო გამოხატვის გარეშე, რომელსაც დიდი ხანია ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ სხვების ყურადღება, თავშეკავებულიცა და თავშეუკავებელიც, მაინც ხვდება ჩემს მეხსიერებაში. მახსოვს, ერთმა მეგობარმა ექიმმა დედაჩემს უთხრა, – ნათიას გადამდები სიცილი იმაზე მიანიშნებს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი სულის პატრონია, შენ კი ფსიქოლოგის პატარა ხელის წაკვრა არ გაწყენდაო. მაგალითიც კი მოუყვანა: აი, კაცს რომ ყბაში რკინა ჰქონდეს გაჩრილი და იძულების წესით ამ რკინით არსებობდეს, შენთან ლაპარაკისას ის რკინა მხოლოდ შენ შეგაწუხებსო.
– მართალი უთქვამს, – ვუთხარი დედას, – მე შენი რეაქციები უფრო მაწუხებს, ვიდრე სხვათა უადგილო ყურადღება. მაგ დროს მე შენი დაცვის სურვილი უფრო მიჩნდება ვიდრე მათი განსჯის-მეთქი.
საფრანგეთი. . . მონპელიე. . . წითელი, ქუსლიანი ფეხსაცმელი. . . ეტლი, ჟან-ივ. . . უჩვეულო სიტყვების რიალი ჩემს ფიქრებში, ჩემს ძილისწინა ფიქრებში, რომლებიც ჩემს მეორე, ჯანმრთელ ცხოვრებას წითელ ნაჭერს უფრიალებს. ვერაფრით ვიძინებ. თავზე მათენდება. მეორე დღეს მთელი დღე მძინავს. არ მაღვიძებენ. სადღაც 5 საათისკენ ვიღვიძებ. ყველაფერს სიზმარივით ვიხსენებ. კომპიუტერს ვაშტერდები, თითქოს სუნთქავს, თითქოს მეძახის. თვალს ვარიდებ, მეშინია მიახლოების. უცებ გადაწყვეტილებას ვიღებ: სწრაფად ვდგები, ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. პირველივე მიკროავტობუსში ავდივარ, გვერდით მჯდომს ნომერს ვეკითხები და აღმოვაჩენ, რომ ავტობუსს აღმაშენებლის პროსპექტზე მივყავარ. მახსენდება, რომ ყავაც არ დამილევია და პირველივე კაფესთან ჩამოვდივარ. სრულიად ცარიელია. ალბათ ჯერ ადრეა, – ვფიქრობ ჩემთვის. მით უკეთესი. იმ განყოფილებაში გავდივარ, სადაც მოწევა შეიძლება. ყავას ვუკვეთ და ყველაფერს კიდევ ერთხელ ვატრიალებ. განსაკუთრებულს ვერაფერს ვიხსენებ: ადამიანი ჩვეულებრივად გამეცნო, ეტყობა საერთო ინტერესები იყნოსა, ქვეყნიდან შორსაა, სამშობლო ენატრება. გიორგის ეტლიანი პროფილის ფოტო მოხვდა თვალში და გამომეცნაურა. რა არის ამაში განსაკუთრებული, რამ ამირია თავგზა? ალბათ, გამოუცდელობამ. ჰო, გამოუცდელობამ, არადა, ყოველთვის თავშეკავებულობით გამოვირჩეოდი... რას მივაწერო ეს ფორიაქი?
შინ დაბრუნებული ხმას არავის ვცემ, არც არავინ არაფერს მეკითხება. მამა თავის ოთახში ტელევიზორთან ზის და საინფორმაციო-სპორტულ გადაცემებს ატრიალებს, დედა რაღაცას ბეჭდავს კომპიუტერზე. რახანია, ასე, ჩვენ-ჩვენთვის ვცხოვრობთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედას „ზაბროჟკა“ აღარ ვარ. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ აღარ აინტერესებთ ჩემი ამბები. უბრალოდ, იციან, რომ თავისუფლებისადმი სწრაფვამ ერთგვარი სიჯიუტის თვისებაც წამომიფრინა. კომპიუტერს თვალს ვარიდებ. თითქოს რაღაც საყრდენს ვეძებ, ანალოგიებს ვიხსენებ. უცებ, მახსენდება ჩემივე ერთი წერილის სათაური – „ლიტერატურა მხარზე ხელის დადებასავითაა“ და ოთარ ჭილაძის რომანი „ყოველმან ჩემმა მპოვნელმან“, რომელიც სადიპლომო ნამუშევრად ოდესღაც სწორედ ამ მიზნით ავირჩიე. თუმცა, ვერავინ მიხვდა, რატომ. დედაც კი, რომელიც მუდამ მზრუნველად, მაგრამ თავმომაბეზრებლად ადევნებდა თვალყურს ჩემი სულის მოძრაობას. ვიცი, არ მიწყენს ამ სიტყვებს, რადგან თვითონვე გრძნობს ხოლმე თავის ე.წ. ზედმეტობებს.
„ლიტერატურა მხარზე ხელის დადებასავითაა“, – ოდესღაც ამოკითხული ამ სიტყვების ავტორს ვერ ვიხსენებ, მაგრამ თვითონ სიტყვები უკვე რამდენი წელიწადია, კარგად მახსოვს. მე თავად გამოვიყენე ერთ-ერთი საგაზეთო წერილის სათაურად. თითქოს ეს ხელი ფიზიკურადაც კი ვიგრძენი მაშინ, როდესაც პირველად ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ წავიკითხე. ეს ის დრო გახლდათ, როდესაც ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების ისედაც გაუბედავ პირველ ნაბიჯებს საზოგადოებრივი აზრი ეჭვქვეშ აყენებდა და თავის რიგებში უკვე მზამზარეულ ადგილს მთავაზობდა. არადა, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ამ ადგილას თავს კომფორტულად ვერასოდეს ვიგრძნობდი. ამის მიზეზი ჩემდა გასაკვირად (ან საბედნიეროდ) რომანშივე ამოვიკითხე: „მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს“. ეს უპირატესობა რომ თანასწორობის იდეას იმთავითვე გამორიცხავს, საკამათო ნამდვილდ არ გახლავთ. ადამიანს ოდითგანვე უჭირდა განსხვავებულობის მიღება. ხოლო იმ რეალობის აღმოსაფხვრელად, რომელიც მას ხელს სულაც არ აძლევდა, იგი მედიცინას ან სულაც მჩხიბავებს მიმართავდა. ამით, თურმე ადამიანი იმ სასწაულის მოლოდინს იხანგრძლივებდა, რომელიც ბუნებაში, ბედნიერი გამონაკლისების გარდა, უბრალოდ არ ხდებოდა. ან კი რა გაემტყუნებოდა ჩვეულებრივ მოკვდავს, როცა „სასწაული უფრო კეთილია, იმედის მომცემია, ღვინოსავით გათრობს და გალაქლაქებს“. მთავარია, ეს თრობისა და ლაქლაქის პერიოდი დიდხანს არ გაეწელოს ადამიანს და თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელიც თავისი არსით „უბრალოა, ცარიელ-ტარიელია, რაც არის, ის არის, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი“. მთავარია, მისი სწორად გამოყენება შეძლო, რადგან მისი არასწორად გამოყენება პროცესში მონაწილე ორივე მხარეს თანაბრად აზარალებს.განსხვავებულობა, რომ ცხოვრებისეულ „სიხარულებზე“ უარის თქმას არ გულისხმობდა, ესეც ამ წიგნიდან ვისწავლე. მახსოვს, ზოსიმე მღვდელს როგორ არ დავეთანხმე, ალექსანდრეს რომ ეუბნება, – პირჯვრის გადასაწერად ცალი ხელიც საკმარისიაო. არადა, საკუთარი ცხოვრების სხვებისთვის მინდობას არც ნაწარმოების გმირი, ალექსანდრე მაკაბელი აპირებდა: „ძალიან შემცდარან თუ ჰგონიათ, რომ იგი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, მთელი ცხოვრება პირჯვარი იწეროს და შარვლის ღილები აწვალოს. . . მთავარი იყო, ალექსანდრე მალე შეგუებოდა ცალხელა კაცის ცხოვრებას. მოკვდება და ისწავლის, მოკვდება და თავის ჭკუაზე გაწვრთნის ერთადერთ მკლავს. . . გააუხეშებს, გააღონიერებს, გააეშმაკებს, თვითონ იცის და მისმა მკლავმა“. თავისთავად ორი მკლავი სულაც არ გახლავთ იმის გარანტი, რომ რაიმე ღირებულს შექმნი. ამას ნაწარმოების გმირი ალექსანდრე მკლავის დაკარგვის შემდეგ ხვდება – გასაკეთებელს ნამდვილად გააკეთებ, თუკი მას „შენს ჭკუაზე გაწვრთნი, როგორც ყაჩაღი ცხენს, მწყემსი – ქოფაკს, და ბაზრის ოინბაზი – მაიმუნს“. მთავარ გასაკეთებელს ალექსანდრე ნამდვილად რომ აკეთებს, მკითხველი უყოყმანოდ დამეთანხმება. მას მაკაბელთა პირქუშ და უნდობლობით დათრგუნვილ ოჯახში, საკუთარი ძმისშვილის, მართას სახით სიყვარული და სიცოცხლე შემოაქვს. კარგად მახსოვს, ბიძა-ძმისშვილთან ერთად მეც რა სულმოუთქმელად და გაბედულად ავიარე მაკაბლებისა თუ საკუთარი სახლისკენ მიმავალი აღმართი.Top of Form
რეალურ ცხოვრებასაც გადავხედე და ჩემი დის მეგობართან ჩემი ინტერვიუ გამახსენდა. ის 18 წლისა ავარიაში მოყვა და ექიმთა შეცდომით ის ეტლში აღმოჩნდა მახსოვს ჩემი და და სხვა თანაკურსელები როგორ ცდილობდნენ მისთვის ეს თავსდატეხილი უბედურება შეემსუბუქებინათ. მარტო დიდხანს არ ტოვებდნენ, საფიქრალ დროს არ აძლევდნენ, თუმცა მათ ჯერ კიდევ გამოუცდელებმა არ იცოდნენ, რომ ფიქრი სტიქიათა, კერძოდ კი ვულკანურ კატეგორიას განეკუთვნება და მაშინაც კი მუშაობს, როცა გვგონია, რომ ადამიანს სძინავს. ეს რატიმ მალე დაამტკიცა თავისი პირველი პოეტური კრებულით „წყვეტილი ხაზების ბოდვა“ და, მე, როგორც დამწყებმა ჟურნალისტმა (ახლა მახსენდება, რა უტიფრად დავიბრალე ეს პროფესია), წიგნის პრეზენტაციის შემდეგ მასთან ინტერვიუ ჩავწერე. ახლა მხოლოდ ინტერვიუს იმ ნაწილს ვიხსენებ, სადაცსიყვარულზე ჯერ კიდევ გაუბედავად ვსაუბრობთ: აი, რატის ის ჩანახატიც: „ჩემმა მობილურმა ოპერატორმა ახალი ფუნქცია ჩართო – ავტომთარგმნელი. საკმარისია სიტყვა გავაგზავნო, რომ უმალ მოდის მისი ინგლისური ან ქართული შესატყვისი. ხშირად ვსარგებლობ ამ სერვისით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ და მინდა ვინმეს დაველაპარაკო. გუშინ ყველაზე უბრალო სიტყვა გავგზავნე, უბრალო და უმთავრესი – LOVE! პასუხი არ მიმიღია“.
– როგორ ფიქრობ, – ვეხუმრები რატის, ამ სიტყვის ლექსიკონში შეტანა დაავიწყდებოდა ვინმეს?
ჩემთვის კი ვფიქრობ: ჰო, სიყვარულის მოლოდინი ხომ ყველაზე მტანჯველი და სასიამოვნო მოლოდინია მოლოდინთა შორის.
– ღმერთმა დაგვიფაროს. უბრალოდ, მისი დეფიციტია მარადიული. უკეთესი იქნებოდა, საზოგადოებას მეტი სიყვარულის ნიჭი ჰქონოდა! – რატომღაც სერიოზულად მპასუხობს იგი. მას შემდეგ რატი ტელეფონის სიყვარულს ქალის სიყვარულს ამჯობინებს და ამ დიდებულ გრძნობას კაცის ამღერება და აცეკვება რომ სჩვევია, მის მოთვინიერებულ ეტლსაც ეტყობა. რაღაცნაირი სიფრთხილით ვხსნი კომპიუტერს, საკუთარ თავს ვატყობ, რომ ხელებში დაჭიმულობას ვებრძვი, თითქოს თავს ვაწონებ. ფოსტას ვნახულობ: ჟან-ივმა დატოვა კომენტარი თქვენს სტატუსზე „იმედის გმირები“. ცოტა შევცბი. . . აი, თურმე რა აწუხებს, გავიფიქრე ჩემთვის და კომენტარი გავხსენი: „ვეთანხმები შეზღუდულთა გმირობის შენეულ ვერსიას, თუმცაღა პროექტის შესახებ ახლა შენი ფეისბუკიდან შევიტყვე და ძალიან მომეწონა“. ცოტა მომეშვა. იმ სტატუსს აკომენტარებდა, მე რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიღწევების მავანთა მიერ გმირობად მონათვლის მცდელობას ვაკრიტიკებდი და დღესაც იმავე აზრის გახლავართ.
სკაიპით რეკავს. უნდა დაველაპარაკო. . . ნეტავ როგორ გამოვიყურები.~. . სარკეში ვითვალიერებ თავს, ღიმილსაც ვიმოწმებ, გაოცებასაც, ამ ყველაზე დამაჯერებელ სახისმეტყველებას მეგობრობის გულწრფელი სურვილის გამოსახატად.
– გამარჯობა, ნათი, როგორ ხარ? – ხმასა და ტორსს მთელი ფორმატი მიაქვს...
– კარგად, გმადლობ – თითქოს ვპატარავდები. . . ვცდილობ, არ შევიმჩნიო.
– შენი სტატუსი მომეწონა!
– ჰო , ვნახე. მიხარია, შენც რომ ჩემსავით ფიქრობ.
– რა თქმა უნდა, როგორც კი განსხვავებული ადამიანი საზოგადოებაში თვითდამკვიდრების გზას მიაგნებს, მაშინვე ჩნდება ისეთი იარლიყები, როგორიცაა გმირი, მამაცი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი... არადა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
– გეთანხმები. შეზღუდულობას კი ხელოვნური ბარიერები ქმნის. სამედიცინო მოდელი მეორე ადგილზე ინაცვლებს. სწორედ ეს გვაქცევს ქველმოქმედების ობიექტებად! – ვისერიოზულეთ ორთავემ.
– სიმართლე გითხრა, ეტლით მე საქართველოში არ მიცხოვრია, მაგრამ უეტლოდ ხომ ვიცხოვრე. . . .თუმცა, მაშინ მეც იმ უგულო სოციუმში მოვიაზრებოდი ალბათ.
– რამდენი ხანია საქართველოში არ ყოფილხარ?
– 2009 წლიდან. აგვისტოს ომს უმნიშვნელო ჭრილობით გადავურჩი და რუსებზე დაბოღმილმა მთელი ჩემი სიბრაზე საქართველოდან შორს, ავღანეთს დავანთხიე. 17 ნოემბერს ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული გადაისროლეს, მათ შორის მეც. ფრანგულიც იქ ვისწავლე და მერე მათივე დახმარებით გავაგრძელე აქ მკურნალობა.
– იცი, ქართველთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ქალები, ავღანური მისიების გამართლებას ვეძებთ, იქნებ შენ მაინც მითხრა, ამას ვინმე გაიძულებდათ?
– ვიცი, ვიცი, ამ კითხვას ხშირად მისვამენ და მეც სულ ერთი და იგივე პასუხი მაქვს. გარდა იმისა, რომ ქვეყანას ვჭირდებით, ეს ჩვენი საყვარელი პროფესიაა და სხვათა დაცვას გულისხმობს. მეომარი და მებრძოლი კაცი მხოლოდ ომსა და ბრძოლაში გრძნობს თავს ლაღად და, ბოლოს და ბოლოს, ამ პროფესიით უნდა ვარჩინოთ ოჯახებიც.
ისევ დავიძაბე. არ ვიცოდი როგორ გამეგო საკუთარ ოჯახში ვის გულისხმობდა. როგორმე მსუბუქად უნდა გადავსულიყავი თემაზე.
- ჰო, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, ცოლ-შვილი რომ არ ჰყავთ სარჩენი?
– ოჯახი მარტო ცოლ-შვილი როდია! დედა, მამა, და - ძმა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც, ამ მხრივ, თავადაც კარგად იცი, რა ხდება. . .მეც მშობლებს უნდა დავხმარებოდი, დასაოჯახებლადაც ვემზადებოდი.
ამოვისუნთქე. ამდენი არასოდეს მიწვალია კვანძის გახსნაზე. გადავწყვიტე, მის სანუგეშებლად ერთი, ფეისბუკზე წაკითხული ამბავი მომეყოლა:
– ამასწინათ, ინტერნეტსაიტზე ერთ ასეთ „სიუჟეტს“ გადავაწყდი - ფლორისტი ქალი წერდა: დილის 7 საათზე ყვავილების მაღაზიის კართან ჯარისკაცი დამხვდა. აეროპორტში ეჩქარებოდა. ავღანეთში აგზავნიდნენ ერთი წლით. ჩემს ცოლს ყოველ პარასკევს, უქმე დღეების გასალამაზებლად თაიგულს ვუძღვნიდი ხოლმეო, – მითხრა. არ მინდა, ჩემი წასვლის მერე ეს სიამოვნება მოაკლდესო და 52 შეკვეთა გამაფორმებინა. მის დაბრუნებამდე, ყოველ პარასკევს ქალისთვის ოფისში უნდა მიგვერთმია თაიგული. ისე მოვიხიბლე ამ ჟესტით, რომ 50%-იანი ფასდაკლება გავუფორმე და ამით საკუთარი დღეც გავილამაზე. გარდა ამისა, ჩემს კურიერს დავავალე, ყოველთვის მოეყოლა ჩემთვის ყვავილების ადრესატის განწყობა. პირველ ორ მიტანაზე რეაქცია ადეკვატური იყო, მაგრამ მერე და მერე, ყვავილებს აღარც ართმევდა, პირდაპირ ვაზისაკენ უთითებდა თურმე. ერთხელაც, ჩემმა კურიერმა სხვასთან ალერსში მიუსწრო და ნირწამხდარმა ქალმა თაიგული უკან გამოატანა, – დაიღუპაო – წაილუღლუღა. . .დანარჩენი თაიგულები საკუთარი ხელით დავაწყვე უცნობი ჯარისკაცის საფლავზეო.
დუმილით მიპასუხა. რატომღაც ორივეს გაგვიფუჭდა ხასიათი. რაღაც ვერ მოვზომე ეტყობა. ჯარისკაცებს სხვაგვარი ამბები სჭირდებათ გასამხნევებლად. მთელი ღამე თეთრად გავათენე. პირიქით მინდოდა. მინდოდა მეთქვა, უარესებიც ხდება-მეთქი და არ გამომივიდა. მეგონა, აღარც გამოჩნდებოდა .
მოგვიანებით ინტერნეტსაიტებს გადავხედე. ნეტავი როგორ ამხნევებენ ხოლმე მებრძოლ ბიჭებს, ნუთუ რაღაც დროს ადამიანებს მართლა სჭირდებათ პათეტიკა?
ინტერნეტში ავღანეთის მისიების თემატიკას გადავავლე თვალი. მინდოდა უფრო ცხადად წარმომედგინა მისი უახლესი წარსული და, შესაბამისად, მორიგი უხერხულობებიც ამერიდებინა თავიდან. ჯერ დაჭრილთა ფოტოებს ჩამოვყევი. ვერავინ მივამსგავსე, მერე გამახსენდა, რომ გვარიც კი არ ვიცოდი. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა კონკრეტულ გვარსა და სახელს. ყველა მათგანი ერთ ვაჟკაცურ და ახლობელ სახედ აღიქმებოდა და ყველაზე ძალიან ის გამიკვირდა, რომ მათდამი სიბრალულის კი არა, გაოცებისა და სიამაყის განცდა დამეუფლა. მერე იმათზეც გავბრაზდი, ამ ომს სხვათა ომად რომ მიიჩნევდა და ხელისუფლების ქილიკსა და ლანძღვასაც არ ერიდებოდა. აღმოვაჩინე, რომ ქართველი ბიჭები ავღანეთის მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობენ და არაერთი გმირობაც ჩაუდენიათ. ერთი პირობა ისიც კი გავიფიქრე ნეტა შვილი რომ მყოლოდა, გავიმეტებდი თუ არა ავღანეთში გასაგზლავნად-მეთქი და პასუხი ვერ ვიპოვე. მარგერიტ დიურასის ფრაზა გამახსენდა: „როცა არ იცი როგორ თქვა, სჯობს ისევ ღმერთს მოუხმო“ . . . და ყველაზე უტყუარ თავგანწირვის მაგალითს, ჯვარცმას ჩავებღაუჭე. გარდაცვალებისა და აღდგომის მისტერიაში ქალების როლს გადავხედე და ღვთისმშობლის სადიდებელი ფრაზაც გავიხსენე: „და კურთხეულ ხარ დედათა შორის შენ“. . . პასუხი მაინც სამომავლოდ გადავდე, თავიც ვერ მოვიტყუე, მე ხომ მხოლოდ დეიდა ვიყავი. . .ბევრი, ბევრი, დედის სუნით დისშვილთა მიტყუებით ნუგეშცემული.
ვიფიქრე ერთი-ორი პათეტიკური მაგალითი ჩემთვისაც არ იქნებოდა ურიგო და საჭირო სიტყვებსაც მივაგენი. ჩემზე ადრე ეზრუნა მავანს ბიჭებზე. ამას კი ახლა ჩემისთანა მერყევი ხალხის დასაფიქრებლად გადმოვწერ:
თურმე მე-18 საუკუნეში, იქ, სადაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შტაბია განლაგებული და ანტიტერორისტულ ოპერაციაში ქართველი სამხედროები მონაწილეობენ, შორეული ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ქართლის მეფე გიორგი XI განაგებდა იქაურ საქმეებს. მისი იქ მოხვედრის გზებიც მეტ-ნაკლებად ძალიან ჰგავს ყველა დროის ქართველთა ბრძოლის მაგალითებს უცხო მიწაზე: იმ დროისთვის, დასუსტებული ირანი ვეღარ უმკლავდებოდა იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში ავღანელთა მეომარი ტომების გამუდმებულ შემოტევებსა და საქართველოში ქართლ-კახეთის მეფეთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. გიორგი XI-ის მოშორების მზაკვრული გეგმა შემუშავდა. მეფის საქართველოდან გამოტყუებით ის და მისი მეომრები საქართველოსაც დააკლდებოდნენ და ირანის იმპერიულ მიზნებსაც დაიცავდნენ. ქართველთა თავდადებაზე ლეგენდები დადიოდა (ეტყობა, ასეთი ლეგენდების შექმნა მაშინაც გასამხნევებლად სჭირდებოდათ). მეფე გიორგიმ დაატყვევა ავღანელთა ბელადი მირვეისი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანს. მოგვიანებით კი, მეფის მტრებმა ის უკან დააბრუნეს ავღანეთში. აი, რას წერს მეომარი სეხნია ჩხეიძე გიორგი მეფის შესახებ: „იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის!“ არადა, ბრძოლის დროსაც გამოუჩნდნენ მომხრეები და მოწინაღმდეგეები და ყველამ სათავისოდ სცადა ყურის შებმა, თუმცა სიმღერა ლხინსა და გასაჭირს რომ ემოციურად აკეთილშობილებს ლექსისა და მუსიკის ტერმინთა შინაარსითაც ადვილი გამოსაცნობია: ოდა და ელეგია, კანტატა და რეკვიემი სწორედაც რომ განწყობათა გამოძახილია.
სპარსელები კი ხშირად იჩენდნენ სულმოკლეობას და ხშირად გარბოდნენ ბრძოლის ველიდანო (ნეტავ როგორია სპარსელების თვალით დანახული ეს ისტორია, რას წერენ თავიანთ ლომებზე). მირვეისი რომ ვერაფერს გახდა ქართველებთან ბრძოლაში, მუხანათობას მიმართაო. მან ყანდაარის სიახლოვეს რამდენიმე სოფლის აჯანყების ინსცენირება მოაწყო. გიორგი მეფე ანკესზე წამოეგო და აჯანყებულთა დასასჯელად ქართველთა სამიათასიანი ჯარი გაგზავნა თავისი ძმისწულის ალექსანდრეს მეთაურობით, თავად კი მირვეისის მიერ მის პატისაცემად გაშლილ ნადიმზე მცირე ამალით გაემგზავრა (ნეტავ რას ამბობდნენ მასზე მაშინდელი ქართველები? ასეთი პროვოკაციებით ხომ სავსეა საქართველოს ომების ისტორია. ნებისმიერი ხელისუფლისთვის ძნელია უყუროს, როგორუსწორდებიან უდანაშაულო მოსახლეობას, როგორ უბახებენ ცოლ-შვილს თავმოყვარე ქართველს. არ უპასუხებ და ლაჩრად ჩაგთვლიან. ხალხი ყოველთვის განტევების ვაცის ძებნაშია. და მაინც, ჩემი აზრით, საქართველს ისტორიის ყველაზე ღირსეული მონაკვეთები ომებია, წაგებულიც და მოგებულიც. მხოლოდ აქ არიან ქართველნი გულწრფელნი და თავდადებულნი). გიორგი XI იქ მუხანათურად მოკლეს და ალყაში მოქცეული ჯარიც თან მიაყოლეს. ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა თურმე ფეხი: „ავღანელები სპარსელებთან შედარებით ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით ცხვრები არიან. ჩვენ ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებითო“. ამის წაკითხვის მერე მივხვდი, რომ ერთადერთი ღირსეული გასახსენებელი ქართველთა ისტორიაში წაგებული თუ მოგებული ბრძოლების მონაწილეთა თავდადებაა, რაც გულანთებულთა გულუბრყვილობასა და გამოუცდელობაზეა მთლიანად გათვლილი მავანთა მიერ.
ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, ჟან-ივთან სალაპარაკოდ გადმოვიწერე, თუმცა ლომების, ვეფხვებისა და ცხვრების ტოტემურიპანთეონი ერის ისტორიისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას ვერაფრით აკეთილშობილებდა, მაგრამ საჭიროებისამებრ გამოყენება ალბათ მაინც არ მაწყენდა. არადა, ჩემი კრიტიკა, რომელსაც ის მიწონებდა, მხოლოდ თავსმოხვეულ გმირობას ეხებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო ნამდვილ გმირობასთან, რომელთა ერთი წარმომადგენელიც ყოველდღე მირეკავდა და თავმდაბლობის ულამაზეს გაკვეთილებს მიტარებდა.
საღამოს ისევ დარეკა. ჩემი საყვარელი სიტყვა – „ჰოდა“ ისევ არ დავიწყებია. ეს სიტყვა ჩემთვის და, ალბათ საერთოდაც, დროის უწყვეტობის, არგანშორების ყველაზე მარტივი სიმბოლოა და საჭირო დროს შემრიგებლის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს. . . ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ ქალი, რომელიც თავს მერჩივნა და, რომლის სიყვარულსაც თურმე ჩვენი სიშორე და სიკვდილის შიში უფრო ამძაფრებდა, ვიდრე საერთო ვნება და ინტერესები, ისე გაიპარა ჩემი ცხოვრებიდან,როგორ ბინაში შემთხვევით მოხვედრილი ქურდი და ხელსაც ის გააყოლა, რაც მოეწონა. ყველაზე ძვირფასს კი ვერ მიაგნო ან რას მიაგნებდა, რაც არც უძებნია, თორემ ის განძი, რომელსაც ჩემი სული ერქვა, წამოსვლისას მას დავუტოვე სამშვენისად. ფლორისტის ქალის მოყოლილმა ამბავმა ძალიან ამაფორიაქა, განა იმ ყვავილებსა და შეყვარებულ სულს შორის რაიმე განსხვავებაა?
– მაპატიე, ვერ გავთვალე, მერეღა მივხვდი, შენს დუმილზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მეც მთელი ღამე ვეძებდი სიტყვებს შენთან შესარიგებლად. ის კი არა, ინტერნეტიდან გიორგი XI-ის ავღანური გმირობებიც კი მოვიძიე შენს გასამხნევებლად – ისევ იუმორით ვცადე ფონს გასვლა. გადაიხარხარა. გამამაკაცდა კომპიუტერის ეკრანი. თითები შევახე. შეამჩნია და ხელი გამომიწოდა. ხელებში დაძაბულობა მომეხსნა. ხელით ნაგრძნობი მშვენიერება. სად გამომადგა ჩემივე სიტყვები, რომლებიც ადრე უსინათლოებთან გამოვიყენე. . .
– „ჩემი გმირი!“ – წამოსცდა ტუჩებს და თავის მართლებაც ვცადე, – ჩემს სტატუსში ნამდვილ გმირებს არ ვგულისხმობდი-მეთქი. ასეც იყო. საოცარია, ზოგჯერ ჩემივე შეთხზული გმირისაც მერიდება, სიტყვებს ვურჩევ, რომ ისეთი არაფერი წამოსცდეთ, ნაწერი გამიფუჭონ.
– მოდი, გმირობას თავი დავანებოთ და საქართველოში რა ხდება განსხვავებულთა მიმართულებით, ის მითხარი! – სცადა ჩემი შეჩეჩებული ტერმინის გამოყენება.
–ნამდვილი „შშმპ რესპუბლიკა“. რაღაც-რაღაცები დაიწყო, მაგრამ ყველა თავ-თავისკენ ეწევა. დანარჩენებს გვატრენინგებენ. მე, მაგალითად, 20 წელიწადია, ტრენინგებს გავდივარ. ყველა არსებული სერტიფიკატით გავამდიდრე ჩემი სივი და მაინც ყველას მხოლოდ სარეკლამოდ ვუნდივარ...
– ყოჩაღ, ხალხი ფულს ხარჯავს მაგისთანა საქმეში... – სცადა ხუმრობა.
– ფულის ხარჯვაზე გამახსენდა. წარმოუდგენლად დიდი ფული იხარჯება მხოლოდ უცხოელთათვის იმის საჩვენებლად, რა ცივილიზებული ხალხი ვართ ქართველები; უამრავ ფულს იხდიან ტრენინგების პომპეზურად ჩატარებაში და სულ ერთსა და იმავეს ტკეპნიან. უკვე აღარც ვუსმენ ხოლმე.
– პოზიტიური რა ხდება?
– მე მაინც პოზიტივად მიმაჩნია ის, რომ განსხვავებულებზე ზრუნვა უკვე სახელმწიფოს ნებად გამოცხადდა და თუ ერთმანეთს მოვუსმენთ, საქმეც წინ წაიწევს . . . ჯერჯერობით ბევრი რამ საქველმოქმედო დონეზეა, მომრავლებულ მათხოვრებზე გულგაცივებულ საზოგადოებას ლამის ჩვენზეც იგივე დაემართოს. აუცილებლად გაგაცნობ ხალხს, რომლებიც უკეთ გეტყვიან სათქმელს. 3-4 წელიწადი ის დრო არაა, გაფრანგება მოგესწრო.
– მაგრამ იმდენი, რომ „გრუზინული“ აღარ მომეწონოს. . .
რაღაცნაირად გავშინაურდით. ჩვენს დიალოგებში ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ, ორივე მხრიდან.
– ნათი, ჩამოდი ჩვენთან სტუმრად, – მეპატიჟება კატრინ-კატო დამტვრეული ქართულით. მხიარული და გულისხმიერი ქალი ჩანს, ჟან-ივსაც თბილად ეფერება თმაზე.
„თმა ჩემია!“ – ვფიქრობ უუფლებო ეჭვიანობით და საკუთარი სითამამე მაკვირვებს:
– ვოიცნებო?. . . – ვეკითხები ჟან-ივს. ეს სიტყვა საქართველოში უკვე იმთავითვე გულისხმობს იმედგაცრუებას.
– იფიქრე, ეგრე აჯობებს. უფრო სწორად, ვიფიქროთ!– არ ეშლება გმირს.
ფიქრი ჩემი ცხოვრების იძულებითი წესია, თუმცა მოსახერხებელი. კითხვებს თავად ვსვამ და თავადვე ვპასუხობ. არადა, ვიფიქროთო, – მითხრა. ვიფიქრებ, აბა, რა... მაგრამ მის ფიქრს როგორ ვადევნო გულისყური, აქამდე ჩემი ფიქრი მარტო ჩემთვის მინდოდა, საითაც მინდოდა იქით გავაჭენებდი უნაგირდადგმულსაც და უბელოსაც. ახლა რაღა ვქნა, მხოლოდ ფიქრზე ფიქრს ვუნდები და პასუხსაც ვერ ვპოულობ.
მის ნაფიქრალს ველოდები:
– ნათი, გუშინ ტურისტულ სააგენტოებს გადავხედე და რაღაც საინტერესო შემოთავაზებები ამოვწერე. შენ რა მოიფიქრე, მშობლებს უთხარი?
– არა, არავისთვის არაფერი მითქვამს, მთელი ღამე „შშმპ კონკიების“ საიტის ძებნაში გავატარე. . .
– მერე რაო, რა იპოვე?(ღიმილაკები).
– ვერაფერი.
– ჩვენ გავხსნით. . .
– )))))))))
– კარგი, კარგი, ნუ დაიძაბები, ხვალ დავრეკავ და პასუხი მითხარი.
დედაც მყავს, მამაც, დაც და დისშვილებიც, მაგრამ ეს რაღაც სხვა გრძნობაა, ყველა სხვა ჩაანაცვლა. . . იქამდე, რომ არც ერთი მათგანის აზრი აღარ მაინტერესაებს. . . ვხედავ, აღარც მე მომეკითხება. . . დედას ვეტყვი, რა თქმა უნდა! ჰო, დასაც, ალბათ მამასაც? არა, მამას დედა ეტყვის, ასე აჯობებს. ფრანგულ საიტებზე შევდივარ. დედამ ფრანგული იცის და მითარგმნის.
– რა გჭირს? – მეკითხება დედა.
– საფრანგეთში მივდივარ!..
– ასე მალე? – მეკითხება ჩვეულებრივ , თითქოს უბრალოდ ჩემოდნის მომზადება ეზარებოდეს.
– ჰო. ოღონდ, ისე არა, შენ რომ ფიქრობ. ტურისტული საგზურით.
– მარტო?! – მეკითხება ყველა დედის საკითხავს.
– არ ვიცი. ჯერ ჩემს პასუხს ელოდება. დაწვრილებითალბათ მერე.
* * *
ჩემი 11 წლის დისშვილი სავარძელზე წამოგორებულ უზარმაზარ თოჯინას ეფერება. . .I LOVEYOU BABY . . .
არ მეცინება. სხვა დროს გამეცინებოდა. ისიც კი გრძნობს, რომ ჩეს თავს რაღაც ხდება. ჩემთვისაც და მათთვისაც უჩვეულო.
* * *
– ბევრი ვიფიქრე და უარის თქმა გადავწყვიტე, – ვეუბნები დედას.
– კარგი გიქნია, – თავს მიქნევს დედა, – მე ვერ შემოგბედე. ჯერ მისი ჩამოსვლა აჯობებს. ჩვენც შეგვიძლია მასპინძლობა. იქნებ თავადაც ეგ უნდა და ვერ გიბედავს. მოსინჯე. შენ დაპატიჟე.
იმავე საღამოს ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. არ შეუცხადებია.
– მესმის შენი, – მეუბნება ღიმილით, – თავიდან მეც მაგას ვაპირებდი, მაგრამ კატრინმა გადამაფიქრებინა. მისი აზრით, მონპელიე ევროპის ქალაქთა შორის ყველაზე მეტად ადაპტირებული ადგილია განსხვავებულთათვის და ჩვენ აქ უკეთ მოვახერხებდით დასვენებასა და ერთმანეთის გაცნობას. ეს იყო და ეს. სხვა ქვეტექსტი არ არსებობს.
– მე კი ვფიქრობ, რომ სამშობლოს მონატრებული კაცის სამშობლოში დაბრუნება აჯობებს. ჩემთვის კი ზედმეტად დიდი ემოცია იქნება შენი გაცნობა და ადაპტირებულთან ადაპტირებაც. დამინდე.
– გადავჩვეულვარ ქართველ ქალს! : ))) – თავის მოფხანით ცდილობს უხერხულობის გაფანტვას.
– არა მგონია, ჩემს პასუხთან ქართული კომპლექსის გაიგივება მართებული იყოს. ეს ალბათ ყველა ეროვნების ქალის „კომპლექსია“.
– კარგი, კარგი, ხელები ამიწევია!!! თუმცა, მაინც შევეცდები მონპელიეთი შენს მოხიბვლას: გუშინ „Place de la Comédie“-ზე („კომედი მოედანი“) გავედით მე დანიკოლი (ჩემი ძმა ნიკო). ეს არის ისტორიული ტურისტული ცენტრი. ვიწრო ქუჩებში ძველი ქვაფენილია და როგორც ყველა ისტორიული ადგილი, მჭიდროდაა დასახლებული. ტურისტული ოფისი სწორედ ამ მოედანზეა. საშენო პირობების დაზუსტება მინდოდა, თორემ მე უკვე გატკეპნილი მაქვს ეს მარშრუტი.
– ამ ვიწრო ქუჩებში და ქვაფენილზე მარტო დადიხარ? ეტლს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
– ქალაქის ახალ ნაწილში მარტო გავდივარ. ქუჩები სრულიად ადაპტირებულია სპეციალური სავალი ადგილებითა და გადასასვლელებით. ისტორიულ ნაწილში გადაადგილებაც შემიძლია, მაგრამ ჩემები მაინც ფრთხილობენ და სასეირნოდ ერთად დავდივართ. ქალაქის ყველაზე დიდი კომფორტი მაინც ტრამვაია. ქალაქში ოთხი ხაზია და მათ ფერების მიხედვით არჩევენ. ტრამვაისაც და ავტობუსებსაც დაბალი პლატფორმა აქვს და ეტლის ასასვლელი პანდუსიც.
– ჰო, შენ გგონია, ახლა ძალიან მაკვირვებ, არა? სწორედ მაგიტომ მინდა შენი ჩამოსვლა. აქაც დავიწყეთ მაგ ყველაფრისთვის ბრძოლა. ცოტა რამ შევძელით კიდეც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მაგალითად, როცა ჯეოსელის სარეკლამო გაზეთსა და ჟურნალში ვიბეჭდებოდი, სპეციალური სვეტიც მომცეს ამ პროექტების გასაშუქებლად (რა თქმა უნდა, აქაც სოციალური პროექტის ნაწილი ვიყავი, ერთგვარი „სამკაული“ ჩვენი განვითარებადი ყოფისა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო და დავალებულიც კი ვარ იმ კოლექტივისგან, რომელიც ნამდვილად ცდილობდა ნოვაციის შემოტანას ჩვენს სინამდვილეში). სწორედ მაშინ მიდიოდა ბათუმში იასამნისფერი პლაჟის მოწყობა (ეს ჯეოსელის ჯადოსნური ფერია). ძალიან გავაპროტესტე ის, რომ ჩვენ სხვათა დახმარების გარეშე ზღვასთან მიახლოება გვიჭირდა. ეს სურვილი ნაწილობრივ გაითვალისწინეს და ხელოვნური ბილიკი დაიგო პლაჟზე. ეს ეტლით გადაადგილების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ზღვასთან პირისპირ დარჩენილი მაინც უძლური იყავი. სხვათა დახმარების გარეშე ვერ შეხვიდოდი.
– მონპელიედან 11 კილომეტრზე არის ადაპტირებული პლაჟი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ხშირად დავდივართ მე და ნიკო. ძალიან მოხერხებულად ვმგზავრობთ და სპეციალურად დაგებული ბილიკით მივდივართ ზღვასთან. იქ კი გვხვდება სპეციალური მოწყობილობა – „ტირალო“ (ფრანგულად წყალში შესაცურებელს ნიშნავს), რომელზეც მოხერხებულად გადავდივარ და ზღვაში ვნებივრობ.
– ჰო, მეც ვნახე ინტერნეტით ეგ მოწყობილობა, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს – სხვამ თუ არ გადაგაადგილა, თავად შეიძლება უმისამართოდ იტივტივო. თუმცა, მე გასაბერი ტივტივაც მაკმაყოფილებს. გარდა ამისა, განსხვავებულთა სხვადასხვა კატეგორია არსებობს და, შესაბამისად, პირობების მეტ-ნაკლებად გათვალისწინებული უნდა იყოს. თურქულ პლაჟებზე მეტი კომფორტია. მთელი ბილიკის სიგრძეზე თეჯირია, რომელიც ზღვაშიც შედის და ჩემისთანებისთვის ბევრად მოსახერხებელია.
– ჰო,მართალი ხარ, ვერაფერი მოგაწონე, მაგრამ მაინც აქ უკეთესი პირობებია არა მარტო დასასვენებლად, არამედ საცხოვრებლად და სამკურნალოდაც.
– მაგრამ აქ შენი ქვეყანაა და თავად მონაწილეობ მომავლის შენებაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებს თავი ვერ დავაღწიე და „ყოველი მეათედან“ რიგითი და ჩვეულებრივი ვერ გავხდი, მაინც აქ ყოფნა მიჯობს. ცხოვრებას ვგულისხმობ, თორემ მოგზაურობას არაფერი მირჩევნია ამქვეყნად.
– როგორც ვატყობ, დამიყოლიე... ფიქრი დამჭირდება: )))
– იფიქრე! გამიხარდება შენი ჩამოსვლა!

– ამას, მშვენიერებასთუ უბრძანებ... – გავიფიქრეჩემთვის და ხასიათიარ გავიფუჭე. მანქანატელევიზიის ბევრისმნახველკიბესთან გავაჩერებინედა ისევე ამაყადგადმოვედი, როგორც ჩავჯექი. გადმოსვლითკი გადმოვედი, მაგრამროგორც კი კიბისპირველ საფეხურსშევბედე, მივხვდი,რომ დახმარებისგარეშე მშვენიერებისკარს ვერ შევაღებდი. დედა კი გრძნობდა,რომ დახმარებადამჭირდებოდა, მაგრამიცოდა ჩემი სიჯიუტისამბავი და გამოყოლაარც უცდია. მე ხომ სინამდვილეშიყველაზე მეტადმისი ცხოვრებისგამშვენიერებას ვცდილობდი. ხასიათიწამიხდა. არადა, ბევრჯერ, ბევრგანმითქვამს და დამიწერია,საზოგადოებრივ ადგილებში ჩემისთანების „შეღწევისა“ თუ „შეუღწევლობის“ თემაზე.
ვიღაცამ ხელკავი გამომდო.

- ქართველია. . . ვფიქრობ ჩემთვის, „წითელი ბასანოშკებიც“ მოსმენილი აქვს და შეიძლება „ფსიქოს“ მაყურებელიცაა. გზადაგზა გავარკვევ, ადამიანთა რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, ფანოღია თუ გოგი გვახარიას ფანი, ასაკით სავარაუდოდ, ჩემხელაა. ფეხსაცმლის ეროტიკულ დატვირთვას, რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევ.

- შენი მშობლები აქ ცხოვრობენ? სენაკში?

ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები