გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

პოეტ პოეტიშვილი - ლექსები

პარიზის ცის ქვეშ (სონეტების გვირგვინი)

1

ლურჯ გულზე გადის პარიზული მერიდიანი,
იმედიანად იკვეთება სულის გრძედებით.
სამკუთხედ გრძნობას შუაზე ვყოფთ,ჯერ მედიანით...
ვატყობ წაქცეულ რვიანივით გამიგრძელდები.
პარიზის ცის ქვეშ პაემანზე ორ ცას შეგვხდებით,
ჟასმინებს გვიფენს, სასეირნოდ ყველა ბულვარი.
ხელი მეშლება, საცობში ვარ, როცა ვფერხდები.
მე ის ვიქნები, ვინც ვიყავი, ახლაც, სულ ვარ ის.
ეგ გიშრის თმები, ჩემს თითზეა ერთობ სართავი,
შენი სახება, არ იცვლიდა ამაზეც იერს,
ფიქრით თმის ყულფში დასახრჩობად, ღმერთო ვკარ თავი.
პოეტი ვბჭობდი, გაცინებდი მამაზეციერს.
სეკრეტად ვტოვებ, ამ სიყვარულს ერთ დროს მმართავი,
ცირკის ლომივით შმაგი ვეფხვი მათვინიერებ.

2

ცირკის ლომივით შმაგი ვეფხვი მათვინიერებ,
დაუფარავად, ცხადად, ნათლად, ჩანდა აშკარად,
თანამედროვე ტრუბადურს რომ მაბედნიერებ,
ნიღბის გარეშე ფანტასტიკით ვმართავ მასკარადს.
ჩემს ცალ დოინჯზე ხელს გამომდებ ოქროს ხელკავით,
გასენილ გრძნობით მივუყვებით სენის ნაპირას,
სენის ხერხემალს, მირაბოს ხიდს გაჰკრა წელკავი,
დუელში მიწვევს დანტესივით ენის რაპირა.
მე ვარ პარისი, შენ პარიზის მოსაპარი კი,
ცის ასპარეზზე ასპიროზით, ანდა მთიებით.
წმინდა ნინოს თმის მოგიხდება უფრო პარიკი,
ჩვენ ტრფობის შემდეგ, ყველა ტრფობა ჩანდა მითებით.
მზე მეცხრე ციდან ცხრათვალითურთ გვათვალიერებს,
სახეს იცვლიან და კარგავენ, მათ ვინც იერებს.

3

სახეს იცვლიან და კარგავენ, მათ ვინც იერებს,
ჩვენ არ მივბაძავთ, არ ვიკადრებთ, ახლოს მოშვებით.
ნოტრ-დამის ფრესკის ხატოვნებას ისახიერებ,
ხან ესმერალდას უმწიკვლობას დროგამოშვებით.
არ გამაგონო სიყვარულზე, აქ ეს უარი,
საგაზაფხულო ჩვენებაზე მარტის ბუტიკი,
მოგრთავს, შეგმოსავს, ყველა სახის აქსესუარით,
პიერ კარდენის დიზაინის ატრიბუტიკით.
ვარსკვლავებს გვიწერ სიყვარულში აბა, ჟურნალი,
თანახმა არის და ასევე ყაბულს ბულონი,
ხმა მოგვაწვდინოს გალობანით საბულბულონი.
მზეს გვიბნელებდა კრუასანის აბაჟურ-ნალი,
რომ დღე კალთაში უზის ეფემერიდიანი,
შენ წინაშე ვარ, მუზის მეფე, მე რიდიანი.

4

შენ წინაშე ვარ, მუზის მეფე, მე რიდიანი,
პარიზის დროით აჩვენებდა, ციფრებს Rolex SA.
საკუთარ ეგოს, რას ჩავწვდები, ჯერ იდიანი.
მსურს შენით მივცე, ანგელოსო ცისფერ დროს ლექსი.
შენ მომიხაზე პოეზიის ყველა ესკიზი
და გახდი ლექსის სანატრელი მეტრეტალონი.
ამ ყველაფერში კომიკურად დღეს გროტესკი ზის,
რომ მოგიპოვო ტრაგიკულად მერე ტალონით.
შემომეხვიე როგორც ხეებს, სურო, ლიანა.
რომ შემითავსო ნაწილ-ნაწილ, სულ რომ მთლიანად.
თავს ჰყოფს, სისინებს ეშმაკურად გველი სენისა,
კბენა და გესლი "ანგელოზთა" გველის ენისა.
როცა მზე მთვარის ორსულობით გაიბადრება,
პარიზის ცის ქვეშ სიყვარული დაიბადება.

5

პარიზის ცის ქვეშ სიყვარული დაიბადება,
ქორწილს ელის ეს, სასახლეში, იმ დროს ელისეს.
აქ ვერც ეკალი და ვერც ბარდი დაიბარდება
გაიფურჩქნება ლურჯი ვარდი მინდორ-ველის ეს.
თითებს გიკოცნი მადმუაზელ სავოიარდის,
შენ თავს მხოლოდღა საკუთარ თავს გადავაბარებ.
წითელ წისკვილში "მულენ რუჟშიც" გამოვიარდით,
ბარემ ახლები, შეგვამჩნიოს ძველმა კაბარემ.
გუმანით ვხდები, საბოლოოდ, ჩვენ ვინც გვიშვილებს,
და რიგში ვდგებით ეიფელის კოშკთან იმ ბოლოს
და ობოლ გრძნობებს სიყვარულით რომ დაგვიწყვილებს,
მე მის სტატუას გულს შევკიდებ ლექსის სიმბოლოს.
ჩემი ოცნება, ერთად ყოფნა უსუსურ ვილით,
შაგრენის ტყავიც მიმცირდება შენი სურვილით.

6

შაგრენის ტყავიც მიმცირდება შენი სურვილით,
თეთრო სანთელო დამიმშვენებ ღამით ნორჩ ჩილას,
ყველა ურვილით და ნაღველით ვარ აღჭურვილი,
შენმა წყურვილმა შემაჩერა, დამიმორჩილა.
მოქნილი ტანით ფიგურა გაქვს მაგარ ბალეტის,
ვალდებულება რომ ავიღე ნაკისრ ისარის,
ხელზე დაწვენა მოვინდომე, მაგ არბალეტის,
რომ არ გატირო, მუდამ მყავდე ნაკისკისარი.
სტიმულის ნიშნად,ისტორიას ბრმა სტილი ელის,
კარგი საქმისთვის მოიპოვეთ ავის უფლებაც
ბასტიონიდან ჩამოაგდეთ ბასტილიელი,
თანასწორ ძმობით მოიპოვეთ თავისუფლება.
კაპიუშონი იმიტომ მაქვს წამოხურვილი,
რომ აგაცილო უკუშესმით გავლა სულ ვირით.

7

რომ აგაცილო უკუშესმით გავლა სულ ვირით,
პარიზის ქუჩებს მოგატარებ კაბრიოლეტით.
ძლივსღა ვიკავებთ, ჩვენ ამ ქვეყნის ხორცში სულს ქირით,
რომ მე მოგიძღვნა სონეტები და ტრიოლეტი.
უნდათ ცვალებად ამინდებსაც აამონ მარტი,
ერთი ხარ, მაგრამ სურს ჩვენება სარკეს კი ორის.
"მხატვრების ქუჩით" გვიხატავენ სახეს მონმარტრის,
კარს გვიხსნის, ორი შვეიცარი საკრე-კიორის.
გული გამიხსნა სიყვარულის მადამ სეიფელს,
ედიტ პიაფის ჰანგს მოჰყვება- შარლ აზნავურის,
ხელი რომ გთხოვო რევერანსით "მადამ ეიფელს"
არისტოკრატო, არც მე არ ვარ, მთლად აზნაური.
მთრალი გრძნობები შესახვედრად დაგვიბარებდა,
პარიზის კოშკიც, დღეს ოთხ ფეხზე დაიარება.

8

პარიზის კოშკიც, დღეს ოთხ ფეხზე დაიარება.
საღ იარების რომ არ უჭირს აღიარება.
ქვაფენილებზე დავინახე ლოგო "რენო" მე,
ზევით და ქვევით აღმართულან ლუი ზეტები,
რეპუტაცია შეგილახეს, როგორც რენომე,
გილიოტინებს ადრე ერქვათ ლუიზეტები.
პოეტის გული ასაღები დარჩათ ჯვაროსნებს,
მითვალთვალებდა ტამპლიერი ასასი ნებით,
ლურჯი რჯული კი , ამ სიყვარულს დააჩქაროსნებს,
რომ არ ვიბრძოლებ, მათ მხარდამხარ ასასინების.
რომ ფრანგ ფრანტივით მოვიშნოვე, ფრაკი,სერთუკი,
პოეტის ნდობა, როგორც წესი, სარისკო კია,
ღია დეკოლტით არ მენდობი, რაკი ჯერ თუკი,
რომ ზღაპრულ არაკს ჯადოსნურად ავლენ კონკია

9

რომ ზღაპრულ არაკს ჯადოსნურად ავლენ კონკია,
შენს ბროლის ქოშით განსხვავებულს დავლევ კონიაკს.
წერილს ვუგზავნი პარიზიდან განაბულ ანჟეს,
ადრესატამდე თუ მიაღწევ პატრონს ბარდები.
ვგლოვობ, წვერს ვუშვებ ორმოცამდე, განა ბულანჟეს,
თითქოს ვიღაცამ წამომწია ბაკენბარდებით.
რომ ეს კოშმარი სულ არ იყო ნაზი სიზმარი,
თავაწეული ვუყურებდი აღირ სიცხადეს,
როგორც ზეიმზე, აქ ხალხია ნაზიმზიმარი,
რომ ამ ყველაფერს პოეზია აღირიცხავდეს.
შენ მომაწოდე კარვისათვის ეი! ფელიკი,
რომ ჩავდგა ღრუბლით გულისფორმის შავი კარავი.
დედოფალივით მორთულია ეიფელი კი,
გაოცებულა სიყვარულის სიაშკარავით.

10

გაოცებულა სიყვარულის სიაშკარავით.
ოდესღაც ერთად,ჩვენ მოვიწყობთ პარიზულ ტურნეს,
რაც რომ წამომცდა, დავამღერე ენის საკრავით,
გაიტრუნები შიშისაგან სამანდატურნე.
ლურჯი ვექტორი მოძრავია გულის მარშრუტით,
არ შეიცვლება არასოდეს გეზი და კურსი,
ნამგალა მთვარე გახსნილი მაქვს, ვით პარაშუტი,
რომ დაგინახო სიყვარული სულ სხვა რაკურსით.
ბევრი მივეცი პლაგიატებს მოსაპარი ზმა,
სიტყვის ყულაბა ყალბ ყალიბში არ შაბლონდები,
ფრანგული მოდით ჩემი ლექსიც მოსა პარიზმა,
მომაგონდები თეთრი კაბით ლურჯი ბლონდებით.
ფრანგული კოცნით ერთმანეთი არ გვიკოცნია
ახალი გრძნობა ძველმანივით არ გვიკონკია.

11

ახალი გრძნობა ძველმანივით არ გვიკონკია,
და არც წარბები გაბრაზებით შეგვიკონია.
წვიმს,რომ ქალაქი სველი კოცნით არის სალოშნი,
სხივი გარდატყდა ცისარტყელად ვხედავ კვლავ პრიზმით,
ძეწნები იდგნენ თმებს იშრობდნენ ქარის სალონში,
შარმიანი და მომხიბლავი შენი კაპრიზით.
ჰქუხს, ამოხეთქა სოკოებად ქუჩამ ქოლგები,
შენ მობუზული ჩემს გულმკერდში შეიყუჟები,
არც შინისაკენ უცაბედად გამოვქროლდებით,
რომ თმით კისერზე მეკიდები, მემარყუჟები.
პარიზისაკენ ისწრაფვიან მექა, ლა-მანში,
რომ გვირაბის ქვეშ არ უნახავს დაზრა არავის.
რადგან ხბოს ტყავით ფეხი ჩავდე მე ქალამანში,
ასეთი ტროპი არ მოსვლია აზრად არავის

12

ასეთი ტროპი არ მოსვლია აზრად არავის,
ცის ვენახია ეიფელით შესასარავი.
წინასწარ მომცეს დარდისფერი სახის ავანსი,
გაკვეთილ გულზე გამიკერონ,გამივლონ ბლანდი.
ლურჯი ნაპირი ჰორიზონტზე ვნახე პროვანსის,
ალპების თავზე ლურჯ გვირგვინით გამიმონბლანდი.
უნდა დაგადგა ვაზის,დაფნის და რტო პალმეტის,
ყველაზე მეტად არ მინდა რომ დაგვაბრალონ ის-
-არსიყვარული, რომ უბრალოდ ვართ საბრალონი
ამიტომ არ გვსურს სიმარტოვე მარტო ხვალ მეტი.
რამე არ მცხვია დონ ჟუანის, ლიქნი ალფონსის,
რადგან ხელ-მკლავზე ერთგულება დავიმანჟეტე
უკვდავი გრძნობა სამუდამოდ გვიქმნის ხვალ ფონს ის,
და ბოლო სიტყვად, სულ პირველად გეტყოდი ჟ"ეტემ,,

13

და ბოლო სიტყვად, სულ პირველად გეტყოდი ჟ"ეტემ,,
შორს ვარ, მე შენგან ვერსალივით, ვუსმენ ფაბიანს,
შენთვის ძვირფასო, სხვა ჩემს მეტი ვერ გავიმეტე,
რომ მირაჟებით თოვლში გლანდავ, მე ლურჯ კაბიანს.
დღემდე სინათლე გზაზე არ სჩანს "ვოი" აჟურის.
ზურგის ქარივით რომ ჩამიდგეს შენი ქარიზმა
იქნებ მოგვესწრას სიხარული ვოიაჟური,
ძეგლი აგვიგოს სიყვარულით ჩვენ იქ პარიზმა.
ცისფერ სივრცეებს გიხსნი მთვარის მე სახელურით,
რომ სიხარულის ლურჯ ცრემლებით დანამო ლინზა.
უპრიანია შევამჩნიო მე სახე ლუვრის,
შენში აღმდგარან მილოსელი და მონა ლიზა.
ჩვენ გაგვაცილებს მუზაგეტის დასი კორტეჟით,
რომ ჩემად იგრძნო პარნასიდან თავი პროტეჟემ .

14

რომ ჩემად იგრძნო პარნასიდან თავი პროტეჟემ,
რომ ორპირ ქარში ერთგულებით ხარ დასაცავი.
მზეს ვერ გიყურებ, ვინაიდან თვალს მჭრი პროჟექტით,
ღმერთმა გაშოროს, რომ არსებობს ქვეყნად რაც ავი.
ვარსკვლავურ წყვილებს კი გვეკუთვნის მთვარის ოტელი,
პარიზმა იცის უკეთესად ამ გულს რა უჭირს,
პლატონურ გრძნობას სიბრძნე ახლავს არისტოტელის
მაგრამ სიყვარულს მარტის თვეში ჭკუა არ უჭრის.
სინათლის ქალაქს სიძულვილით არ უცხოვრია,
არც სიბნელეში სიყვარული უმათხოვრია
რადგან იცვლიდა ევროს გამო ფრანკი, სუვე ნირს,
სახეს იცვლიდნენ ქსოვილებიც მერდინიანი.
მინიატურულ ეიფელის გჩუქნი სუვენირს,
ლურჯ გულზე გადის პარიზული მერიდიანი.
15

ლურჯ გულზე გადის პარიზული მერიდიანი
ცირკის ლომივით შმაგი ვეფხვი მათვინიერებ.
სახეს იცვლიან და კარგავენ, მათ ვინც იერებს,
შენ წინაშე ვარ, მუზის მეფე, მე რიდიანი.
პარიზის ცის ქვეშ სიყვარული დაიბადება,
შაგრენის ტყავიც მიმცირდება შენი სურვილით,
რომ აგაცილო უკუშესმით გავლა სულ ვირით.
პარიზის კოშკიც, დღეს ოთხ ფეხზე დაიარება,
რომ ზღაპრულ არაკს ჯადოსნურად ავლენ კონკია,
გაოცებულა სიყვარულის სიაშკარავით,
ახალი გრძნობა ძველმანივით არ გვიკონკია,
ასეთი ტროპი არ მოსვლია აზრად არავის.
და ბოლო სიტყვად, სულ პირველად გეტყოდი ჟ"ეტემ,
რომ ჩემად იგრძნო პარნასიდან თავი პროტეჟემ.


ღვინის ანგელოსი
დუღდი მტევნებით ღვინობისთვის საწნახელებში,
ყველა პოეტი გაალოთე, დაღუპე "შვებით",
შენით ჩამოჰყავს წამწამების ნაწნავს ხელებში,
ბებერი ღვინო უპეების აღუ პეშვებით.
თვალის ღვინო რომ იწურება, მათრობ აია,
წყვილ არაკს, თუკი პირს არ მობან, ცალდება.
ღვინის ანგელოსს მოგიგონეს, მათ რობაია,
რომ ამ სიამით ხაიამი მობანცალდება.
ღვინის დემონი სიახლოვეს არ მოვიშვები?!
ქალბატონ ღვინომ დამამონე ასე დემონი.
ალმოდებული ფიალიდან წარმოვიშვებით,
ღვინის გზა გვიჩანს, ამ ტრფიალით საედემონი.
ღვინის ანგელოსს ქარვისფერი ბაგე წაფებით,
ღვინის დემონი უცაბედად დაგეწაფები




გიზა
ქვიშის საათებივით უკვდავია გიზას დრო,
იმჰოტეპით ცას კიბე გადააბი ჯოსერი.
ღმერთმა ჰქნას და სფინქსები, სამუდამოდ გიზარდოს,
მეფელომმა პირველმა გადააბიჯოს ერი.
ფეხის გადასასვლელი ნილოსს არაფონია,
რადგან მისი გამთხრელი ხელით ფარაონია.
დრო დაბერდა, მოკვდება, უკვდავ სარკოფაგებით,
რომ მუმიებს ხორცმეტად არ აქვს სარკომ-ფაგები
ოქროს ქვიშის გიზგიზით, ძირს ვცრი ქარვას ნებიდან,
ექო მოაქვს მამლუქის ქარებს ქარავნებიდან.
ზურგზე გიზით აქლემებს განაპირა მიდებით,
გიზას ირგვლივ ვერ ივლით, განა პირამიდებით.
რაჟამს მოვა რიჟრაჟი მარიაჟის მირაჟით,
ვხედავ ქვების ჟირაფებს და ვამჟღავნებ ვირაჟით.
სამკაული ნეფრიტის ქანდაკებას თუთმოსის,
თავი უთმოდ შემარცხვენს, გულმა სხვისთვის თუ თმოს ის.
ორი-ონის ვარსკვლავმა დაგვიფარა ონიდან,
ვთლი ცის ფარას ონიდან რამზეს ფარაონიდან.
სამუმივით მუმია ადგა კიდე კაი რომ,
ძველ ეგვიპტეს ახალი გადაკიდე კაირომ,
ქიმზე, პირამიდიონს უსულ სულით კამ ირო,
პირამიდებს მოგინდათ ლექსით ლაპარაკი რომ.
ეს რა ხელმა აკურთხა, კირქვის აკ(ვ)რით ალდება,
ოთხი მხარით- სამკუთხა კარი აკრიალდება.
მშრალი თოვლი უდაბნოს გიზას გიზამთრებია,
ქვის აისბერგს უდნობად ვერას გიზამს რებითა.
სირიუსის ვარსკვლავით ცაზე ბინას ის იდებს,
ოსირისის მხარმკლავი იზიდავდათ ისიდებს.
ვარდის ფორმებს წვიმებით, რომ ცა ადებს დიუნებს,
ქვიშის გიგანტ ყვავილებს, როცა ადენიუმებს.
უხერხულად ვმარხულობ, უწყლოდ, ახლა სამ არხით,
ექვსი მხარე მწყურია სამკუთხედთა სამარხით.
არც რა აკლდათ აკლდამებს,სარკოფაგებს,მასტაბებს,
გასცდა პირამიდები სასაფლაოს მასშტაბებს.
მზემ, რომ თავი დახარა და ახარა, აჰა რას,
ღამის არქეოლოგმა გადათხარა საჰარა.
პირამიდის რა მიდის, მივა კარიკარ ტუშით,
გრიფი იეროგლიფის მივაკარი კარტუშით .
მზესაც პირი უშრება, როგორც გამქრალ ოაზისს,
პირადად პირამიდას პარადული დრო აზის.
ფრინავ თეფშის ვერტფრენით ხეოფსი და ხეფრენი,
გაფრინდება რეფრენით, როგორც ფრინავს ხე ფრენით.
პაპირუსის გრაგნილში სამუდამოდ ვარგი ზის,
უკვდავებით მოვკდები, რომ სიცოცხლე ვარ გიზის.
მირაჟივით მაჩვენა, რომ მზის პირმა იდებით
და თვალები ამივსო სხივთა პირამიდებით.



მშვილდოსანი
ნამგალა მთვარით მზის სხივებს ისვრით,
გამივლის კისრით,ისარს ყელიდან
ვიღებ, რადგან ვარ დაჭრილი ისრით,
ცის ანგელოზის ცისარტყელიდან.

კარგად ფლობთ ტროის ომის არიას,
შთამომავლები ამორძალისა.
პარისი გულის მოისარია,
მე კი მეკვიდრე ამორ ძალისა.

ერთი სული მაქვს პელოპონესი,
როდის მკრავს სტრიქონს ოდის სევდისა.->
სასიძოები პენელოპესი,
ლარს ვერ ზიდავენ ოდისევსისა.

ფრთა, ზრო, ბუნიკი, ისრის სამი ზნე,
ცად მოზუზუნე ბანად ირევი,
რომ კუპიდონი ისვრის სამიზნეს,
გულს ვერ აცილებ ნანადირევი.

და ვინც მოწამლულ ისარს ისრის ავს,
მოიგებს ლაჩრის ჯილდოს ან ისევ...
ცრემლთვალწამწამი მის არსს ისრისავს,
სჩანს, ცისარტყელა მშვილდოსანისებრ.

მშვილდი ხარ მოხრილ ტანის ბალეტით,
გაცვია ტანზე ისე შილიფად,
გიზიდავ, როგორც ლარს არბალეტი,
ისარს კაპარჟი და მშვილდს ხილიფა.

ოქროს ისრებს თვლის მთვარის ჯოლბორდი,
ფთებს ასხამს ისრებს ცის ქერუბინი.
ლურჯგულ ნიშნული->არის ბილბორდი,
თეთრ ვექტორს ამჩნევს ცისკენ ჩუბინი.

ერთი ქალია და ის სრულიად,
გამქრობი არის ათასის რულის.
მის წარბწამწამით დაისრულია,
უნაკლო მთვარის საათი სრული.

ჯვარზე +>ნაკლებად, ქარის კენტ ჯავრით,
წყვილ ბოძალს ვუსვავ, ლარზე, ამ ორძალს.
პოეტ-პეგასი, მთვარის კენტავრი,
ზურგზე შეგისვამ, მუზად ამორძალს.



მთვარის სონეტი

I ფაზა

ემბრიონის პოზაში მთვარე თავის აკვანში,
უსასრულოდ იშვება, რკალში, მოსაკაკვანში.
როცა სენსაციური, ჩადის მზე ზეციური,
ფეხზე დგება ცივ ურით, დადის ზეზეც იური.
გაიმ ცაა ყურუმი, გაცისკარდი ნალითა,
ეძებ მთვარის ქურუმი გაცის კარდინალითა
ცას აზიზად აზის ის, უპირველეს ფაზისი.

II ფაზა

მეგრულ ცხენზე ამხედრდა კოლხეთი და ფაზისი.
მითხრა ქართულ ნამგალმა, ასო ნახე ვარ მთავრის
ნისლი მთვარის ნაფაზი, მზე ოქრო ოფაზისი.
ციდან მოლაპარაკე სახე ნახევართვარის.
ოკეანეს იზიდავს, სავსე მთვარის მოქცევა,
მოტირალი ისიდას- სელენედ გადმოქცევა.
სიზმრების ტბა, მთვარეულს, მიპყრობს სომნამბულიზმით.

III ფაზა

სიზიგიით არეულს, მეხლიჩება სული ზმით.
დათვის თანავარსკვლავედს (ხელს აქვს) ტერმინად ტორი,
სიბნელისგან სინათლეს იცავს ტერმინატორი.
მხოლოდ მთვარის არ ნახვით ვითარსები აპოლონ,
არც პირიქით მომსწრეა ვითარების აპოლო.
საცეკვაოდ პოეტი მთვარეს გადაუშპა რით?!
წერა ნაყოფიერად შემიძლია შუშპარით.

IV ფაზა

ვინც ზურგი შეგაქცია, მალე იქცა მაქციად.
მე რითმების აქციამ, დიდ პოეტად მაქცია.
მინდა მთვარის სონეტის მოტანა ექსპონატით,
ბეთჰოვენი მთვარის ხმას მოატანს ლექსს სონატით.
მეც ვარ მთვარის პოეტი, დედამიწის გუშაგი,
ავმა თვალმა, ცხრათვალა მზე დამიწვი გუგაში.
რომ სულის ცხენს მიდაღავთ, მთვარის ნალით საღ დოგმას,

I-ფაზა

ახალ მთვარის პოეტად მელის მკვდრეთით აღდგომა


სვეტიცხოველი  (ეკა თარაშვილს)

ტაძრის უკვდავებით იშვა სვე სიცოცხლის,
ჰკვეთ ლურჯ საჭრეთელით თეთრ ჯვარს არსაკიძე,
ბედი მოგაბარეს ხელში სვეტიცხოვლის,
ჯვრების ჩუქურთმები ტაძარს გარს აკინძე.
ერთი პილიგრიმი გიშვერ სანუკვარ თითს,
რომ მსურს ქრისტიანად ვიშვე ანუ კვართით.
ვდგავარ განდეგილი ცივი მორიდებით,
რადგან ცხელი გული ლექსში ასვენია.
ერთ დღეს, მე და ქრისტე ვიცი მოვრიგდებით.
ჯვრებად მესახება სისხლი ასვენიანს.
ცისფერს ცას შეჰხარი თოვლის სამლოცველო,
მცველი საქართველოს, ყოვლის სამომცველო.
ხმას მცემს საფლავიდან წმინდა გალო ბანით,
რომ ჯვრის არილიდან, მე ჯვრით ამრეკლოს შინ
ჩემი სინანული ლექსთა გალობანით,
ისმის და გუგუნებს ცისფერ სამრეკლოში.
სული მეყინება, გული მეტ აძრებით,
ჯვარი აჩქარებით, ახლა მეტიც ხო ვლის.
ყველა მომლოცველი ვფიცავ მეტაძრებით,
მრევლთა ტაძრები დგას, შიგნით სვეტიცხოვლის.
ტაძარს შეკრებილი ვხედავ სინოდია,
ეკვრის სვეტიცხოველს დედა სიდონია
ლურჯი ცის მირონი მოდით მცხეთ ელიოზ.
წმინდა ევსტათია ოდით მცხეთელიო.
ვაზი ჯვრად იქცევა ნინოს შუქურ თმაში,
და სამ მტევანს ისხამს ტაძრის ჩუქურთმაში.
ნანა დედოფალი, ქრისტეს გმირი ან ის,
მცხეთა მატიანეს იტევს მირიანის.
მცხეთა სვეტიცხოვლით წმინდა ქალაქია,
ვამჩნევ, მე შორიდან ჯვარზე მქრალ აქ იას.
მტკვარი რომ ჩაგივლის, მარჯვნივ სვეტიცხოველს,
ვგავარ ღმერთო ჩემო მოჭრილ ხელის მთხოველს.
ამტან საქართველოს გიდრი მე ტანს იობს,
ნანობს ამირანიც ღმერთზე მეტანიობს.
ხშირად ვუკითხავდი ჩემს თავს სახარებას,
ლექსით ვაბარებდი ქრისტეს აღსარებას.
და ეს წმინდა ჯვარი გულში აქ ებაროს,
სვეტო სვეტიცხოვლის სულში საქებარო.
ხორცის წამებაა სულ ის მარტივობა...
უფრო მძიმე ხვედრი სულის მარტვილობა.
ჯვრის ათინათითა ცისკენ განაფორი,
როცა იმოსება ნისლის ანაფორით.
ხმა ვერ ამოიღო ენამ გალავნებით,
რადგან ვიტანჯები მე ნამგალა ვნებით.
მკაცრი წარმათობა ცეტი ფხოველების,
ერთ დროს მტერი იყო სვეტიცხოველების.
შენი ნათლისღებით, იცვლის აია ზმას,
რომ ჯვრის ცრემლები სდის ცვილის აიაზმას.
ჩუმი ხმა მონაზვნის ლოცვა სალ მუნობით,
გვიცავს ცის გალობა მოცვა ფსალმუნობით.
კლდეზე ტიტანები ურევთ გონს ტანტინებს,
ორი კონსტატინე ართმევთ კონსტანტით ნებს.


სფინქსის პრაიდი
უდაბნოში მირაჟით ჩნდება სფინქსის პრაიდი.
სახე ულურჯდებოდათ ლომკაცებს და ჩუმ იებს,
დავაპირე პირადად პარადიგმა პარადის
დამენახა სეხმეტი, როგორ აშრობს მუმიებს
და მაქსიმუმ სამუმით დაეფარა მემფისი.
ლომურ მთვარეს ლომცაზე მხვდები მოაქიმე რა,
რადგან, რომ არ გამოყოს საკუთარმა მემ ფისი,
ტანი მეწვის, როდესაც ცეცხლი მოაქვს ქიმერას.
იცავს ლომურ სიყვარულს, მაშ კარიბჭე იშთარის...
ლურჯ დიპლო-მზე ვამთავრებ , მთვარე სადიპლომე ბმას
ჩემი კმინვაც,ღრიალიც არის ბჭე საშიშ თარის ,
შეუერთდით,იჩქარეთ სფინქსის პრაიდს ლომებმა.
ლექსის მეფეს (ლომპოეტს) კვერს უკრავენ ბოკვრები,
და დირჰა-მზე ემბლემა- ხატი შირ-ი-ხურშიდის,
ხელით ოქროს სიმებზე ბევრს უკრავენ მოკვრებით,
სმენას რომ მოვუხშირდი, ბდღვნა და ბრდღვინვა ყურში დის.
ზენიტიდან დაჰყურებ ნადირს მეფე ცხოველი,
სხივთა ფაფარს აიშლი, გავხარ წამომხტარ იელს.
"ძალა ერთობაშია" (გერბზე) მე ფიცს ხო, ველი...
შოთა ვეფხისტყავოსანს გაცმევს ლომკაც ტარიელს.
ვეფხვის სიყვარულია ღვთაებრივი "ლომკა' ცის,
მზე თუ ნახავს- ნამგალა მთვარის ზოდია ქოში.
ანუბისებს არ გესმით პოეზია ლომკაცის,
რადგან არ გაგიმართლათ ლომის ზოდიაქოში.
ვირგებ ლომის მუზარადს მუზით ლეონიდასით,
სამას ვარსკვლავს ავანთებ ცაზე ელინო დასით.
ჩვენი დროის ჯვაროსნებს ვევლინები ლომგულად,
ლომთა ხვედრი ლექსებით მივახვედრო რომ გულადს.
ჩამავალ მზის ხაშხაში დნება ლომის ხახაში,
შემზარავი ხარხარი ისმის ხა,ხა,ხა,ხა შინ.
ვეფხვის ტყავზე ბრჭყალებით დაკაწრული პოემა,
მინდა ლომთან შაირი, მომკლას მის ეპოპეამ.
სახარებას უკითხავს ძუ მგელს წმინდა მარკოზი,
ოქროს ლომი ხუთ თეთრზე მარტო ზედ სამარკოდ ზის?!
ფიროსმანის ლო-მზე კი, ოქროს სხივი იფონებს,
მისტიკური კავშირით მივუძღვები გრიფონებს,
მომსდევს ბლომად ლომები, ვაგებთ სფიქსთა პრაიდებს,
ხაფრას, ტუტანხამონის..თავს რომ ლომი დაიდებს.
მაძლევ სამაგალითო წმინდა იერო ნიმუშს,
ეკალს რომ ამომიღებ, ქუსლზე იერონიმუს.


პეგასი
პეგასებზე შემოსხდნენ სუფთა სულიერები,
ცისფერი არემარე კრთება მხედართ რემებით.
აურაცხელ აურით, სულთა სულ იერებით,
სული აქსიომდება, რწმენის თეორემებით.
როცა მთვარის მხედარი ზევით ავალ პეგასით,
განუკურნელ სენებით ვარსკვლავს მოვექიმე რომ,
ორფეოსის სფეროში ფართოდ გავაპე გარსი,
რომ სატანა განვდევნო, ურჩხულს მოვექიმერო.
მაცდურ დემონსტრაციებს მართავს ასე დემონი,
არ სჩანს, თეთრი ვარსკვლავი შავ ხვრელს დაეგმანება,
სულის გზაზე მიფრინავს ცხენი საედემონი,
გაშლილ ფრთებით ანგელოზს როცა დაემგვანება.
უჩინარი სხეულით ზეცის მონახეთ ქარი,
მხედრებს აპოკალიფსის უსწრებ ჩემო მხედარო,
ზენიტზე ვერ მოგვწვდება მხეცი მონახეთქარი,
სისპეტაკეს რომ ნახავ თვალში შემომხედარო.
გაოცებულ ან-ბანით მთვარე ამხედრებულა,
გაოცებულ მცნებების მსგავსი დავამხე დარი.
სული აცხედრებულა, გზაზე სამ ხედ რებულა,
ანგელოზთა დასებში განავარდდა მხედარი.
სხეულს ჩამოხეული ჩოხა სამ-ოთხ ეულის,
გადაიქცა ღრუბლებად, გლოვის კაბაკარდებად.
ოხრად მაქვს მოხვეული, ოხვრა სამოთხეული.
მხოლოდ სულთა ცხენები თოვით აბაკარდება.
ფრენა და უკვდავყოფა, ბოლოს ცისკენ ნელდება,
ახლოს არ მიიკარა, ცამ რის გამოც ხადები.
სულის ცხენის მფლობელი, მხოლოდ აზესკნელდება,
იოანეს წინასწარ სიტყვის გამოცხადებით.
ანგელოზთა დასები, სულთა იქ დამხვედრები.
ჩემი წინამორბედი იქონიებს გავლენას,
პეგასებზე გადმოსხდნენ, ლურჯ ცხენების მხედრები,
სხეულები დატოვეს, სულის გამოსავლენად.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge