ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ
დასაწყისისთვის დავსვათ კითხვა: რა არის ჩვენი მღელვარებისა და შფოთის მიზეზი?ადამიანი წონასწორობიდან გამოჰყავს – მარცხს, ტკივილსა და გამარჯვებას. როდესაც ვმარცხდებით, გამარჯვება გვწყურია, თუ გვტკივა, გვსურს, დროზე მოვიშოროთ ტკივილი, ხოლო გამარჯვებულები, კიდევ უფრო მაღალი მწვერვალის დაპყრობაზე ვოცნებობთ. მაშასადამე, ცხადია, ჩვენი უბედურების მიზეზი ჩვენივე დაუოკებელი სურვილებია.
ამაში არაფერია ახალი, იმავეს გვასწავლის ბუდა. ბუდიზმის თანახმად, სამყაროს უნივერსალური პრინციპი ასეთია: ტანჯვა ჩნდება სურვილებისგან. მაშ, ჩვენს წინაშე დგას ერთადერთი ამოცანა: როგორმე დავთრგუნოთ და, ბოლოს და ბოლოს, დავამარცხოთ სურვილები.
პირველ ყოვლისა, ამისთვის უნდა ვისწავლოთ, მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. ამ მდგომარეობის მიღწევა კი, მხოლოდ თავმდაბლობითა და ბედისადმი დამორჩილებით არის შესაძლებელი.
იმისთვის რომ, სურვილებმა არ გაგვიტაცოს, უნდა ვისწავლოთ ფიქრების მართვა. ფიზიოლოგიურად ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ის ერთდროულად ორი ამოცანის ამოხსნაზე ვერ ფიქრობს. გონების სწორედ ეს თვისება იძლევა საშუალებას, რომ ნეგატიური ზრახვა არ მიიღო და უარყოფითი განცდა გულში არ ჩაისახლო. ამისთვის კი უნდა შეწყვიტო მიუღწეველი სურვილის გზაზე, ხელისშემშლელი მიზეზების გონებით ,,ტრიალი“ და ყურადღება სხვა ამოცანასა თუ საკითხზე გადაიტანო. პერიოდულად საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: ,,აუსრულებელ სურვილზე ფიქრმა, რაიმე ხელშესახები შედეგი მომცა? არა! მაშ, რა საჭიროა ამაზე დარდი?!“
დასკვნის სახით ვეცდები, ადამიანის ყოფის არსი შემდეგი სახით ჩამოვაყალიბო: მზე თავისით ჩადის და ამოდის, ხვალ მაინც ის მოხდება, რაც უნდა მოხდეს; ჩვენ ვცხოვრობთ მომავლით, რომელიც გვაახლოებს სიკვდილს; ასე რომ, ჩვენი განცდები ფუჭია და ბედისწერას უნდა მივენდოთ. დამერწმუნეთ, როგორც კი მივაღწევთ, განსაკუთრებით წვრილმანებისადმი, გულგრილობის საკმაო ხარისხს, ჩვენში სიმშვიდე დაისადგურებს.
არავინ უარყოფს, რომ ულმობელ ბედისწერასთან შერიგება ძნელია. სანუგეშოდ არსებობს შემდეგი აზრები:
1. ის რაც თავს დაგატყდა, თუნდაც წარსულში ჩადენილი ცოდვებით, შენვე დაიმსახურე და ბუმერანგის პრინციპით დაგიბრუნდა. თუ მორწმუნე ხარ, მანტრასავით იმეორე: ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“;
2. ამავე დროს, მუდამ გახსოვდეს, ყოველივე შენს ხელთაა, შენ იმ ადგილს დაიკავებ, რა ადგილსაც საკუთარ თავს მიანიჭებ, ოღონდ ამისთვის დიდი შრომა და მოთმინებაა აუცილებელი.
იმისთვის, რომ როგორმე გაძლოს და განსაცდელი აიტანოს ადამიანს აუცილებლად სჭირდება იმედი. როგორ მოვიპოვოთ ის?
მუდამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი ცხოვრებისეული აქსიომები:
1. ყველაფერი,რაც ხდება, მხოლოდუკეთესობისკენაა. თუ მორწმუნე ხარ, შეგიძლია იხელმძღვანელო თეზისით – იყავ ნება ღვთისა;
2. სწორედ ჩიხში იბადება ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებები და მხოლოდ სიბნელე განახებს გზას, როგორ გამოხვიდე სინათლისკენ;
3. ცხოვრების უნივერსალური კანონია – ,,ზებრას პრინციპი“: შავ ზოლს აუცილებლად მოჰყვება ნათელი. ყველა განსაცდელი გადაივლის. მძიმე დაცემას, თუ მას მოთმინებითა და თავმდაბლობით აიტან, აუცილებლად მოჰყვება ჯილდო და ბედნიერება მოგაკითხავს შენ! სენი, რომელიც არ გკლავს – გაძლიერებს. მოკლედ კი, როგორც ხალხური სიბრძნე გვასწავლის: ,,სანთელ-საკმეველითავისგზასარ დაჰკარგავს“
დასასრულ, შევაჯამოთ ჩვენი მსჯელობა. რაღა თქმა უნდა, ყოველივე ზემომოყვანილის ათვისებას დიდი გამოცდილება და გონების მუდმივი ვარჯიში სჭირდება. აუცილებელი პირობაა – მატერიალური მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება. ადამიანში ამგვარი გარდატეხა ხშირად სიკვდილთან მაქსიმალურმა მიახლოებამ (ან სხვა უმძიმესმა განსაცდელმა) შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც ის მკაფიოდ შეიგრძნობს, თუ რას ნიშნავს ,,ამაოება ამაოთა“. მხოლოდ წაკითხვით, სასტიკი ტკივილისა და დიდი გასაჭირის გადატანის გარეშე, ზემოთ დაწერილის სრულად გათავისება არ მოდის. მხოლოდ ამ გზით იწყებს პიროვნება ზნეობრივი კატეგორიებით ცხოვრებას – იძენს გამბედაობასა და პატიოსნებას.
ამისთვის კი, თავის მხრივ, უნდა ჩაქვრეს ვნებათა ცეცხლი! პირველ ყოვლისა: შიში და სიცრუე, სიძულვილი და დაუნდობლობა, ბოღმა და შური, მომხვეჭელობა და გარყვნილება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს სიმშვიდე და მეტ-ნაკლები ნეტარება.
ცხოვრების ბოლო ეტაპზე, როდესაც წვრილმანი დეტალები ქრება, ადამიანი მიდის ფუნდამენტურ დასკვნამდე – მას მარტოოდენ უბრალოება და სიმარტივე იზიდავს.
ბოლოს! მთავარი, რაც ამ წერილიდან შეიძლება გამოვიტანოთ, არის შემდეგი დასკვნა: იმისთვის რომ იყო თავისუფალი, დათრგუნე სურვილები და მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებ სიმშვიდესა და მოიპოვებ ბედნიერებას!
2020წ., თებერვალი.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა