გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალექსანდრე ელერდაშვილი - თარგმანი (საადი შირაზელის პოეზია)

                                          
                                          საადი შირაზელი (121--1292)
                            აბუ მოჰამად მოსლეჰ ედ-დინ ბენ აბდოლლა ანუ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც საადი შირაზელი, დაიბადა ქალაქ შირაზში, მე- საუკუნის დასაწყისში და მეცნიერები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს დაახლოებით  წელს მოხდა. მისი მამა აბდოლლა ფარსის ათაბაგის – საად პირველის, იგივე საად იბნ ზანგის (-) კარისკაცი ყოფილა, მაგრამ ძალიან ადრე გარდაცვლილა და მის შვილს (მოსლეჰს/მოშრეფს) პატრონად და მზრუნველად ხსენებული ათაბაგი მოვლინებია და მომავალ პოეტსაც საკუთარი მეტსახელი `საადი~ ამ კაცის პატივსაცემად და მისი მზრუნველობის ნიშნად შეურჩევია. ათაბაგს იგი ბაღდადშიც გაუგზავნია სასწავლებლად და იგი იმდროინდელ უმაღლეს მუსლიმანურ სასწავლებელში – ნეზამიეში – გაუმწესებიათ. ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქში სპარსული პოეზიის მომავალ ვარსკვლავს ახალგაზრდული წლებიც გაუტარებია და არსებობს ისეთი ინფორმაციაც, რომ ბაღდადიდან არაერთხელ უმოგზაურია ისლამის წმინდა ქალაქ მექაში. ბაღდადში საადი, ცხადია, არაბულ ენაზე იღებდა განათლებას და ეს ენა იმდენად სრულყოფილად შეისწავლა, რომ ლექსების წერაც კი დაიწყო არაბულად, თუმცა მისი მშობლიური და სათაყვანებელი ენა მაინც სპარსული იყო ყოველთვის; საადის ორენოვანი ლექსები (ყაზალებიც) აქვს, რაც უფრო ლიტერატურულ ფაქტად ითვლება, ვიდრე პოეტურ მიღწევად და პოეზიის შედევრად.
წელს საადი შირაზელი, მონღოლთა შემოსევების გამო, გაიქცა შირაზიდან და ფეხით შემოიარა ისეთი ქვეყნები, როგორიცა: ერაყი,  სირია,  ეგვიპტე,ბიზანტია,  კავკასია და სხვა... თითქმის ოცდაათწლიანი განშორების შემდეგ,  წელს, შთაბეჭდილებებითა და შემოქმედებითი მგზნებარებით სავსე პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და სიკვდილამდე ცხოვრება იმ დიდი მემკვიდრეობის შექმნას მოანდომა, რაც მსოფიო ლიტერატურის საგანძურშია შესულია.
საადის შექმნილი აქვს ორი მნიშვნელოვანი ძეგლი, იგავებისა და შეგონებების კრებულები: `გოლესთანი~ (ყვავილნარი, ლექსნარევი პროზა) და `ბუსთანი~ (სურნელების ადგილი, პოეტური იგავები). გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის სპარსული კლასიკური პოეზიის მშვენებად მიჩნეული ყაზალები და რობაიები.



მეხუთე კარი
ბედის მორჩილებისათვის


დასაწყისი

შემომესია ერთ ღამეს მე საფიქრალი მწველი და
სატკივარს ისევ ფიქრი და მერე ლექსის თქმა შველიდა.
ჩემს ლექსებს თურმე უსმენდა ვიღაც ყბედობის მსურველი,
შემაქო, მაგრამ ჩემს თვალში მაინც გამოჩნდა სულელი.
თუმც ბოლოს შურიც შევატყე, სიტყვებში გესლიც გარია,
მის სათქმელს რაღაც სიავემ ერთბაშად ხელი დარია:
„საადის ლექსში მაღალი აზრიც ჩანსო და გონებაც,
ამბავთა შეთხზვის წესებიც მას კარგად გაეგონება,
ქნევა ხმლისა და გურზის კი მის ჭკუას არსად ერგება,
იგი სხვებს არ ჰგავს, ომი და ბრძოლები არ გაეგება“. 
იმ ყბედმა ის არ იცოდა, რომ ომი არსად მწადია,
მე ლექსის შეთხზვა მშვიდობის აზრად და არსად მწადია.
მოდით, ვინც შემერკინება ლამაზ სიტყვათა ფრქვევაში,
მას ნირს წავუხდენ ყოველგვარ მიმოხვრაში და ქცევაში.
ბედნიერება ადამის ძეს განგებისგან ეძლევა,
სიკეთის წყარო არ არის ღონე, ძალა და შეძლება.
ბედს გაძლევს ღვთიური ძალა, – მიჰყევ ამ ძალის დინებას,
თუ მან არ მოგცა, ვერ შეძლებ ქამანდით მონადირებას.
თვით ჭიანჭველის უნარსაც ზეგარდმო ძალა განაგებს,
ლომსაც ძლიერად ის სახავს, ყოვლთაგან მძლავრად ანაგებს. 
ზეცას რადგან ვერ მისწვდება კაცის ნება და სურვილი,
მიენდე, რასაც გიბოძებს ცის თაღი ლაჟვარდცურვილი. 
შენს ბედს თუ მან დააწერა, რომ უნდა იყო დღეგრძელი,
ვერც გველი მოგკლავს, ვერც მისი შხამ-გესლი, სულის შემძვრელი.
და თუ ინება, რომ მალე სიცოცხლეს გამოგასალმოს,
რაგინდ სალბუნსაც ჰპოვებდე, ვეღარ უწოდებ მას ამოს.
როსტომსაც განგების ძალით როს აღსასრულმა უწია,
მის სიკვდილს სუსტმა შაღადმა1 აკვანი გადაურწია.

იგავი  
ერთ ჩემს მეგობარს ვიხსენებ, ისფაჰანში რომ სახლობდა,
სულ მებრძოლ-მოჩხუბარ ხალხთან იყო და ახლომახლობდა. 
ხმალს არ აგებდა ქარქაშში, ხელი სულ სისხლში ერია,
გული ეწვოდა შიშისგან, თუ სადმე მისი მტერია.
ყოველი დღის გათენებით მას სულ აბჯარი ემოსა,
ჯავშნის ნაპერწკალთ კვესებით ზარს სცემდა გარეშემოსა.
მისი მხარ-ბეჭის ხილვისას კრთებოდნენ შუღლის მდომები,
მინდვრად გამოსვლას შიშობდნენ ელდანაკრავი ლომები.
მტრის რაზს რომ ლახვარს სტყორცნიდა, ერკინებოდა მარტო და 
მისი ნატყორცნი თითო კაცს ორ-ორ ნაწილად აპობდა. 
მე ვარდზეც კი არ მინახავს ეკლის იმდენი წვერები,
მის შუბს რომ ჰქონდა მტრის ფარზე დანასობ-დანაძგერები. 
ყველამ იცოდა, თუ ვინმეს ის მოუღერებს ოროლებს,
თავის და ჩაჩქნის ერთურთში აზელით დააბოლოვებს.
ვით კალიებთან სჩვევიათ ლაღად ჭიდილი ბეღურებს,
ის დუშმანს ისე ებრძოდა, მის ხელთგან ნაუბედურებს.
ფერიდუნთან რომ ებრძოლა, მასაც ჭკუიდან შეშლიდა,
იმასაც არ დააცლიდა, თუნდაც მახვილი ეშიშვლა.
სადმე ვეფხვი რომ შეჰყროდა, მოკლავდა მუშტის დარტყმით და
ლომსაც იმ მუშტით აჩეხდა, კარგ დღეს აღარც მას აყრიდა.
თუ ჩასჭიდებდა უცებ ხელს, მთაც უჩნდა ადამიანად
და მიწას ისე მოსწყვეტდა, მოთხრიდა ძირფესვიანად. 
ნაჯახს უეცრად დასცემდა ცალკე კაცს, ჯავშანს ცალკე და
დარტყმით ყველაფერს მუსრავდა და უნაგირსაც გაჰკვეთდა.
და მაინც მთელ ქვეყანაზე ჰქონდა კაცური სახელი,
სხვის, მისებრ სამართლიანის, არავინ იყო მნახველი.
მეც სულ მის გვერდით ვიყავი, მეგობრად მთვლიდა მუდამ და
ჩემი ლექსები მოსწონდა და მათი კითხვაც უყვარდა.
ჰოდა, ერთ დღესაც მომიხდა ისფაჰანს გავშორებოდი,
ბედმა პირველად ინება, ერაყის მიწას ვხლებოდი,
ერაყიდან კი შამამდე2 მატარა ბედმა ტიალმა,
და შამში დიდხანს მამყოფა ცხოვრების ორომტრიალმა  
ავი თუ კარგი ვნახე იქ, მქონდა შიში თუ იმედი,
ეჰ, ერთი სიტყვით, ცხოვრებით მე იმ ზომამდე მივედი,
რომ ყველაფერი მომბეზრდა, თვალში სულ ცუდი მხვდებოდა,
დღედაღამ ჩემი სახლი და სამშობლო მენატრებოდა.
კვლავ დატრიალდა ბორბალი და მატარებდა კვლავ ბედი,
შამიდან გამოქცეული ისევ ერაყში ჩავედი.
ერთ ღამეს შემომესია ფიქრები აუტანელი,
თვალწინ დამიდგა ის ჩემი მოყვასი ისფაჰანელი. 
კვლავ გამახსენდა, მასთან რომ ვიყოფდი პურს თუ მარილს მე
და ჭრილობაზე მაყრიდა მარილს ფიქრები ღამის მე. 
ჰოდა, წავედი ისფაჰანს, მასთან შეხვედრა მეწადა,
მსურდა ამქვეყნად მოყვრობის მადლი კვლავ გამომეცადა.
მიველ და ვნახე შედეგი დროთა თავგადასავლისა,
სახე – ზაფრანად, ქამანდად ჰქცეოდა ტანი ალვისა.
იტყოდი – მის თმას მთებივით თოვლი ზედ ეფინებაო,
თვალთაგან ცრემლი სცვიოდა, თითქოს ის თოვლი დნებაო.
გეგონებოდა განგება სიშმაგით იმას ეცა და
ისურვა თავისი ძალა სისრულით მასზე ეცადა.
თავი უშნოდ და უღონოდ მუხლამდე სთრევდა ლამის და
ამაყის ბეჩავად ხილვით მეც ლამის გული გამისკდა. 
ვუთხარ: „იერით რომ ჰგავდი მძვინვარე ლომთან შემბმელსა,
რა მოხდა, განა ახლა, რომ ემსგავსე მელას ბებერსა?!“
მწარე ღიმილით მითხრა მან: „თათრების შემოსევისას
დავკარგე ყველა სურვილი მტერთან ბრძოლის და ძლევისა...
მათ რომ შუბები გვაძგერეს, ისე ვით თავსხმა წვიმისა,
ცეცხლი რომ გადმოგვაფრქვის, ცას მისწვდა კვამლი იმისა,
მეც შევეჭიდე, მეც ვიყავ დუშმანთა ზარის დამცემი, 
მაგრამ თუ ბედი არ გწყალობს, არად ღირს სიმამაცენი.
მე ის კაცი ვარ, იერიშს მტერს რომ არასდროს აცლიდა
და შუბის წვერით თითიდან ბეჭედსაც გამოაცლიდა, 
იქ თითქოს ბედმა გამწირა - მოდი და ნუ დაეჭვდები,
გარს მომეხვივნენ თათრები, როგორც თითებზე ბეჭდები,
გაქცევა სჯობდა, იქ ჩემი ბრძოლის უნარი იძლია,
ხომ თქმულა – ბედისწერასთან მხოლოდ ბრიყვები იბრძვიან. 
ჯავშანი თუ მუზარადი შენი დაცვა ვერ იქნება,
თუ შენი მცველი იღბალი დუშმანად გარდაიქმნება.
ვინც გასაღები დაკარგა ბრძოლაში გასამარჯვები,
ის ჭიშკარს ვერსად შეანგრევს მხოლოდ მკლავით და მარჯვენით.
ვეფხვებრ გვებრძოდნენ, ჩვენ უკუ გვაქცევდნენ მათნი წინანი,
კაცსაც და ცხენსაც იმათგან ტანზედ ემოსათ რკინანი. 
ერთხელაც აღვიმართენით, კვლავ მოვიკრიბეთ ძალები,
ჩვენც დავიფარეთ ჯავშანით თავი, ტანი თუ მკლავები,
შევებრძოლეთ და ცხენები საწვიმარ ღრუბელს ვამსგავსეთ,
ერთხანს, ვით წვიმის წვეთები, თურქნი ვფანტეთ და დავქსაქსეთ,
ორი ლაშქარი ერთურთში აზელილ გროვად ვაქციეთ,
კაცი იტყოდა, რომ ზეცა მიწაზე ჩამოვაქციეთ.
ისრების წვიმას გარშემო რადგან ზუზუნი გაჰქონდა,
იქ ყოველ მხარეს სიკვდილი, ვით ქარიშხალი, დაქროდა.
გველეშაპივით დაეღოთ ქამანდებს პირი მზარავი,
კაცი თუ ლომი – იმ მახეს გადურჩებოდა არავინ. 
თითქოს ცად იქცა მიწაო და ლურჯმა ფერმა დანისლა,
ხმლის ელვა იყო სადარი ვარსკვლავთა სიკამკამისა.
ვინც გადავურჩით მძლეველთა მხედრებს... მივმართეთ წინ არეს
და ფარზე ფარით ვეკვეთეთ მტერს, სასტიკსა და მძვინვარეს.
ზოგჯერ პირისპირ შებმისას ძლეულიც გადიდგულდება,
მაგრამ თუ ბედი არ სწყალობს, ყველა ცდა ავად სრულდება.
კაცი რას იზამს თავისი მხარ-მკლავითა და სხეულით,
თუკი განგება არ არის მის მხარდამჭერად ქცეული?
ხმალი ვერ იზამს ხმლობას და შუბს ვერ მოიხმარ შუბადა,
თუ ვარსკვლავეთი შეიქნა შენთვის მწყრალად და უბრადა. 
ჩვენი ლაშქრიდან არავის ასცდა რისხვა და ხიფათი,
სისხლმა დაალტო ყოველი ჯავშან-აბჯარ-და-ხიფთანი.
ვიყავით, როგორც მარცვლები შეკრულნი ერთი თავთავით,
მაგრამ მთლად დავიფანტეთ, დავიქეცით და გავთავდით.
ჩვენი კაცური ღირსება არ დაგვკარგვოდა ეგება,
მაგრამ მაინც იმ თევზს ვგავდით, კაუჭს რომ წამოეგება.
ჩვენს ისარს აბჯრის გაპობით ბევრი მტერი რომ უპია,
თათრებს ვერარა დააკლო, ერთიც არ დაუღუპია.
იღბალმა ჩვენგან ბრძოლაში სხვისკენ იბრუნა პირი და
დავმარცხდით... მკაცრი სასჯელი ვერავინ ვერ აირიდა...“ 
ამ ამბის შემდეგ ჩვენ გველის სხვა – უფრო გასაოცარი,
ბედი თუ არ გაქვს, ნუ იბრძვი... უბრალოდ იყავ ცოცხალი!

იგავი  
ერთ არდებილელს3 ვიცნობდი, მას სახელს ძალა რამ სძენდა –
სპილოს შვილს ხელს თუ დაჰკრავდა, დედის ხორთუმში აძვრენდა.
მასთან ჭიდილი ისურვა ჭაბუკმა, ნაბდით მოსილმა
და ნათელი დღე უეცრად თითქოს-და ღამემ მონისლა.
ბარამ-გურს ჰგავდა, თუმც იყო ერთობ მსურველი ავისა,
ხელში ეჭირა მარტოდენ ქამანდი კანჯრის ტყავისა.
არდებილელმაც გაიგო მიზეზი მისი მოსვლის და
უმალ მშვილდს დასწვდა და სიმი ლამის ყურამდე მოზიდა.  
ორმოცდაათი ისარი სტყორცნა და განა რა ეცვა,
რომ ისრებისგან ნაბადმა შეძლო ჭაბუკი დაეცვა?!
როცა ნაბდოსანს მიეცა დრო შებრძოლების მომცველი,
თვისი ქამანდით გაკოჭა უიღბლო ისრის მტყორცნელი.
იმ არდებილელს მოეპყრო, როგორც ქურდსა და მპარავსა, –
იქ მიათრია, საითაც ხედავდა იმის კარავსა....
და მოისარი სირცხვილმა დატანჯა, არ დააძინა,
დილით მსახურმა რომ ნახა, თითქოს ამ სიტყვით დასცინა:
„შენი ნატყორცნი ისრით რომ რკინას ხვრეტდი და ღარავდი,
მის ნაბადს ვერრა დააკელ?! ანდა ტყვედ როგორ ჩავარდი?!“
არდებილელმა პასუხი გასცა მას, ცრემლით ცხებული:
„დღე სიკვდილისა ყველასთვის სადღაც არს ჩასაფრებული!
შენ იცი ჩემი ამბები ბრძოლებში გამოხდომისა, –
როსტომს შეეძლო ესწავლა ჩემგან წესები ომისა;
როდესაც განგების თვალი მე მოწყალებით მიმზერდა,
ნაბადს კი არა, რკინასაც ვირჩევდი დასამიზნებლად,
ახლა კი ბედმა მიმუხთლა... უიღბლოდ დამცა დაბლა და
ჩემგან ნატყორცნი ისრები მოიგერია ნაბადმა“.
შუბი ჯავშანს ხვრეტს, მეომარს სიკვდილი თუ უწერია,
იღბლიანთან კი ის შუბი პერანგსაც ვერ მოერია. 
სიკვდილი ხმალს რომ აღმართავს, ვეღარაფერი გიშველის,
გინდა აბჯარი გეცვას და გინდა მთლად იყო შიშველი,
იღბალს სიკვდილიც გაურბის, მასთან არ დაედგომება,
მის შორიახლოს მრავალჯერ თუნდაც იქუხონ ომებმა...
ბრძენი იღბალს ვერ შეიქმნის, ფიქრებით ცაც რომ გაკვეთოს,
ბრიყვს თუ ბედი აქვს, სულ ხარობს, თუნდ არაფერი აკეთოს.

იგავი  
მუცლის ტკივილით კვნესოდა ერთ ღამეს ქურთი მავანი
და უხმეს მკურნალს, რომ ეთქვა ტკივილთა ავანჩავანი.
უთქვამს მას: „ალბათ, შეჭამა ბევრი ფოთოლი ვაზისო,
და დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, სიკვდილის ბუზი აზისო. 
გიჯობს მუხთალმა თათარმა დაგასოს მკერდზე ისარი,
ვიდრე ის ჭამო, რომლისაც არ იცი - რა და რის არი. 
ბრიყვი ცუდ საჭმელს თუ შეჭამს, სიხარბით ვეღარ იხარებს
და სიცოცხლესაც შესწირავს ის თავის ბრიყვულ სიხარბეს“.
მკურნალი თურმე იმ ღამეს მოკვდა - ჰქონია იარა...
ქურთმა კი ორმოცი წელი ამქვეყნად კიდევ იარა.

იგავი  
ერთ გლეხკაცს ვირი მოუკვდა, სნეული იყო რაკი და
პატრონმა თავი მოსჭრა და ბოსტნის კარებთან დაკიდა.
ჩამოიარა იქ მგზავრმა, კაცმა მნახველმა მრავლისა,
მოჭრილი თავის ხილვისას მან ერთობ გაიხალისა 
და თქვა: „თავი რომ დაკიდე,  განა ენდობა კაცი მას?
ნუ ფიქრობ, ავი თვალისგან შენი ბოსტანი დაიცვას.
ის თავის თავს ვერ იცავდა, ვინმე რომ სახრეს ურტყამდა,
სიკვდილმაც უმალ მოაშთო... აბა, სხვას რაღას უზამდა?“
მკურნალი სხვას ვერ უშველის, აშკარაა და ცხადია,
როცა საკუთარ ტკივილთა საშველი არ აბადია.

იგავი  
მსმენია: ვიღაც ღატაკმა დაკარგა ერთი დინარი,
ძებნა და ვერსად იპოვა... და ასე, გაუცინარი
და დარდიანი სახლისკენ წავიდა აცა-ბაცა და
სხვამ სულ შემთხვევით იპოვა ისე, რომ ძებნა არც სცადა. 
უბედოდ ცხოვრებაა თუ ბედის ქონა და შეწევნა,
დედის მუცელში ყოფნისას ჩვენ უკვე შუბლზე გვეწერა.
ბედისწერასთან ჭიდილი ვერსად ვერავინ გამართოს,
გინდ ძალისხმევა მრავალი სხვას ან თავის თავს დამართოს. 
ბედს ბევრი ბრძენი ებრძოდა და სულ უიღბლოდ იარეს,
ხოლო ბრიყვებმა ბედისგან სიკეთე გაიზიარეს.

იგავი  
მოხუცი მამა თავის შვილს ძალით ურტყამდა ჯოხსა და
„ბრალი არ მაქვს და რად მცემო“ – ვაჟი ყვირილით მოსთქვამდა –
„მამავ, მე სხვებმა თუ მცემეს, შენ უნდა გითხრა ყველაო
და თავად შენ თუ გამლახავ, ვიღას შევთხოვო შველაო?“
გონიერს მუდამ წესად აქვს – ბედთან ჩივილს არ გამართავს,
მუდამ სიმართლედ მიიჩნევს ღვთით განჩინებულ სამართალს.

იგავი  
მავანს, სახელად ბახთიარს, არ აკლდა ბედის წყალობა,
წელგამართულად ცხოვრობდა, ჰქონდა სიმდიდრის მრავლობა.
მის ირგვლივ ღარიბ-ღატაკთა ქოხმახი იყო მრავალი,
მასთან კი ოქრო ეყარა ისე, ვით ხორბლის მარცვალი.
სხვებივით იქ ერთ დერვიშსაც თვალს უბრმავებდა შური და
უკვნესდა გული ბახთიარს მახლობლად რომ ჩაუვლიდა.
ცოლი იმ დერვიშს დღედაღამ საყვედურებით ავსებდა,
ქმარს დასძახოდა: „დადიხარ ხელცარიელი ასე და 
თავს ძლივსღა ირჩენ... შენსავით ცხოვრებას მე რა ვუთხარი! –
დაძრწიხარ და ჰკბენ სიტყვით ხალხს, როგორც ნესტარით ფუტკარი.
ისწავლე მეზობლებისგან, ბედს ვით უმტვრიო კარები,
არც მე ვარ ვინმე მეძავი, მეც შრომით მოგეხმარები.
არვინ არაფერს გარგუნებს, თუ არ იზრუნე თავადა...
სხვები სიკეთით ხარობენ, შენ კი დადიხარ ავადა“.
სინანულითღა დააცხრო ქმარმა ის შმაგი ცოლი და
თქვა: „სიტყვებს შენ აბრახუნებ მთლად ცარიელი დოლიდან;
იღბალს რა ვუყო, თუ მასთან მე ხელი არ მიმიწვდება, 
არც შეძახილი არ ესმის, ხმა ძახილშივე მიწყდება. 
ჩემს ბედს რომ თავად მე ვქმნიდე, რომ მქონდეს ამის უნარი,
მეც მექნებოდა იღბალი – არვისგან დასაწუნარი“.

იგავი  
ქიში რომაა კუნძული, იქ ერთ კაცს ყველა იცნობდა,
მას გონჯი ცოლი ჰყავდა და მასთან ამის თქმა იცოდა:
„განგებამ შეუხედავი გარგუნა პირი-სახე და
ლოყებს წითლად რომ იღებავ, ამაში საშველს რას ხედავ?! 
იღბალთან ვინ რას გააწყობს, თუნდ ბრძოლა გადაიხადოს,
განა ბრმა ნახავს სინათლეს, სურმით თვალიც რომ იხატოს?!
ვერარა შექმნა შრომასთან უბრად მყოფმა და უმძრახმა,
ძაღლს განა კერვა ასწავლა, ვინც მას სულ „თერძო“ უძახა?! 
ფილოსოფოსნიც რომ ბჭობდნენ, რომაელნი თუ ბერძნები,
თაფლის მიმღები ზაყუმის4 ხიდან, არვინ არს შემძლები.
ველურში ველური ზნენი ვერასდროს ვერვინ ალაგმა,
ნაყოფი ვერ გამოიღო ბევრმა შრომამ და ამაგმა.
რკინას თუ ჟანგი მოედო, გაწმენდ და სარკე იქნება,
ქვა წმინდე, რამდენიც გინდა, სარკედ ვერ გარდაიქმნება.
ტირიფზე ვარდებს ვერ გაზრდი, ჯაფით თუ ვაი-ვიშითა,
ზანგი თეთრი არ გახდება, რაგინდ გახეხო ქვიშითა. 
თუ ბედისწერამ ისურვა კაცისკენ ტყორცნოს ისარი,
ფარად მას მორჩილება აქვს... მისი იმედიც ის არი. 

იგავი  
მსმენია მე ეს იგავი, სვავმა ძერას რომ შესძახა:
„მთელ ქვეყანაზე, გჯეროდეს, ჩემებრ შორსმხედველს ვერ ნახავ!“
პასუხად ძერამ ეს უთხრა: „აბა, აქ ვით დაგიჯერო?
მიდამოს გადმოვხედოთ და თან ფრენით გული ვიჯეროთ“. 
ჰოდა, აფრინდენ... ორივემ ააფართხუნეს ფრთები და
ძირს გადმოხედეს ქვეყანას ციური ლაჟვარდებიდან.
სვავმა თქვა: „უნდა გჯეროდეს, სხვა ძალა აღარ გადგია,
ვხედავ, რომ მინდვრის შუაში ხორბლის მარცვალი აგდია“.
ძერა გაოცდა და ენდო მას დაეჭვების გარეშე
და მაინც შესამოწმებლად ფრინველნი დაბლა დაეშვნენ. 
სვავი რომ დასწვდა იმ მარცვალს, იქვე ყოფილა მახე და
გაება მასში და ძერას გაოგნებულმა გახედა.
აი, ამ ფასად დაუჯდა მას ხორბლის ერთი მარცვალი,
მაშინ გაიგო ბედკრულმა ბედის მუხთლობა რაც არი.
მარგალიტს ყველა სადაფი არ იტევს, ზოგი ფუჭია...
მოისარს თვალნი მიზნამდე განა ყოველთვის უჭრიან.
ძერამ თქვა: „მარცვალს რომ ხედავ, ნეტავ ასეთი ვინა ხარ?!
და რა ხეირი, თუ საფრთხეს მის გვერდით ვერ დაინახავ?!“
სვავს უთქვამს: „ეს ჩემი მარცხი მზერის ნაკლი ნუ გგონია,
განგებამ ასე ინება და მეც ეს ბედი მქონია“. 
სიკვდილმა თუ განიზრახა, იქ მუდამ სისხლი იღვრება
და მზერა, სმენა თუ ჭკუა სულ ფუჭად გადაიღლება.
მცურავი შუა ზღვიდან თუ ვერ დაინახავს ნაპირებს,
ის კარგი ცურვით ხმელეთზე გასვლას ამაოდ აპირებს.

იგავი  
ასე თქვა ფარჩის მქსოველის შეგირდმა ერთხელ ამაყად,
როცა ქსოვილზე სპილო და ჟირაფი მოავარაყა:
„სურათს ვერ შევქმნი – ეს სიბრძნე კარგად გაიგოს გამგონმა –
ყოვლისმფარველმა ოსტატმა5 თუ აზრი არ შთაგაგონა“. 
შენი ცხოვრების ნახატიც – ის ავია თუ კარგია –
გწამდეს, რომ დიადი მხატვარის6 ღვთიურად მოსაქარგია. 
ვინც თქვა: „ამრუს და ზეიდის7 ცოდვა მსჯის, განა ჩემიო“,
ის არის ურწმუნოებით საკუთარ სულის მგვემიო,
მაღალმა ღმერთმა ვისაც კი გონი და თვალი არგუნა,
ვერც ამრუს და ვერც ზეიდის ცოდვამ ვერასდროს დათრგუნა.
არ გამიგია უკუღმა მოქცევა იმის ბედისა,
ვინც არის მონა-მორჩილი დიადი შემოქმედისა. 
სახე უფლისგან მიიღეს ამ ქვეყნის დიბა-ფარჩება,
მან როგორც შექმნა საწყისი, ბოლომდე ასე დარჩება.

იგავი  
ერთხელ დაღლილმა კოზაკმა დედას შეხედა ვედრებით:
„გვეყოფა სიარულიო, ცოტა ხანს არსად შევდგებით?!“ 
უთხარა: „ჩემს ხელში რომ იყოს ამ ქარავანში აღვირი,
გავიქცეოდით, თუნდ ვიყოთ ამაზე მეტად დაღლილი“.


* * *
განგება სადაც ისურვებს, ნავს იქ წაიღებს ნიავით,
მენავე თუგინდ სამოსელს იგლეჯდეს ტანზე სიავით.
საადი, ხსნა და საშველი ქვეყნად არ სთხოვო არავის,
მხოლოდ უფალს აქვს სახელი მფარველისა და მფარავის.
დაგმანულ კარსაც გაგიღებს უფლის რწმენა და თაყვანი,
იგია ჭეშმარიტ გზაზე შენი შემწე და წამყვანი.
მან თუ ისურვა, იბრწყინებ, ვით საგვირგვინე სპეკალი,
და თუ შემოგწყრა, გზად გელის მხოლოდ ნარი და ეკალი. 


* * *

ის ლოცვა მართლაც მადლია, თუ გულწრფელ გრძნობებს ინახავს,
თუ – არა, მაშ, ჩათვალე, რომ ფუჭი კაკალი გინახავს. 
წელზე ზონარით8 დადის, თუ დალყით9მოსილი კაცია,
ეს სულერთია, თუ ხალხის მოსაჩვენებლად აცვია.
რად გინდა კაიკაცობით შენ ყურადღების მიქცევა?! –
ბევრი მცდელობით კაცობა ქალაჩუნობად იქცევა.
ზომიერება გმართებს და ყოველთვის იყავ, რაცა ხარ,
სააშკარაოდ კი არა, კაცი იქ იყავ, საცა ხარ.
ნათხოვარ სამოსს ჩამოგგლეჯს ერთხელაც ვინმე მყისიერ
და გამოჩნდება შენს ძონძებს რომ ფარავ ნათხოვრის მიერ. 
დაბალი თუ ხარ, ოჩოფეხს ფეხზე რად ირგებ... რას შვები?
მოტყუვდებიან ამგვარი სიმაღლით მხოლოდ ბავშვები.
ვერცხლი რომ ყვითლად დაფერო და თქვა – ოქროა ნამდვილი,
უვიცის შეცდენა არის ამით ძალიან ადვილი.
მოოქროვილი გროშებით არ გაბრიყვდება ზარაფი,
უმალ მიხვდება, რომ ამას ფასი არა აქვს არაფრის.
სპილენძს თუ მოსაჩვენებლად აცხია ოქროს ფენები,
ცეცხლში ჩაგდებით გაქრება, რაც ჰქონდა მოსაჩვენები.

* * *

არ იცი, თუ ბაბა ქუჰმა10 იმ კაცს რა სიბრძნე შესძინა,
ვისაც სინდისის ქენჯნისგან მთელი ღამე არ ეძინა: 
„შენს გულწრფელობას მიენდე, სხვა შველა არ დაგრჩენია,
ბრბოსგან ხომ წრფელი ზრახვანი არვის არასდროს სმენია.
ბრბო მოწონებით თუ გხვდება, ნუ ფიქრობ – მართლა კარგი ხარ,
ისინი მხოლოდ მას სჭვრეტენ, რომ გარეგნულად ვარგიხარ“.
ქცევით და ტურფა იერით თუ ხარ ფერიის სადარი,
ბრბო არ იკითხავს შენს სულში ამდენი ჭუჭყი რად არი.
შენი ფლიდობით სამოთხის კართან მისვლას თუ გაცლიან,
ნიღაბს მახინჯი სახიდან იქ უმალ ჩამოგაცლიან.


იგავი  
მსმენია, ერთმა ყმაწვილმა მარხვის დაცვა რომ ისურვა
და შუადღემდე იწვალა, სტანჯავდა შიმშილის ურვა. 
მისმა აღმზრდელმა წიგნი და სწავლაც კი არ დააძალა,
გაოცებული უმზერდა და თმენის სწავლა აცალა.
მამამაც დაუყვავა და დედამ აკოცა ნაზად მას,
სულ ოქრო-ვერცხლით შეუმკეს ოთახი ფიანდაზად მას,
ნახევარი დღე სამარხვო წესებს იცავდა ის ძლივს და
მალე მის კუჭში შიმშილის კოცონი ამოგიზგიზდა.
გულში თქვა: `მცირეოდენი რომ მოვახერხო სმა-ჭამა,
ამას ხომ ვერ გაიგებენ ვერასდროს დედა და მამა?!
ასე, მშობლების მალულად, გაძღა დღის ბოლოს პატარა,
და ყველას უთხრა, მარხვის დღე წესისებრ რომ გაატარა. 
ვინ იცის, რა გსურს, თუ გულში არა გაქვს წრფელი ზრახვანი
და თუ ნამაზით გჩვევია ცრუ გრძნობათ გამოსახვანი.
მოხუციც ბევრი მინახავს, ვითომ ლოცვა რომ ენება
და თავის ღვთისმსახურებას შეიქმდა მოსაჩვენებლად.
ვინც ხალხის თვალში სიცრუეს ნამდვილ გრძნობებად ასაღებს,
სიცოცხლის ბოლოს მიიღებს ის ჯოჯოხეთის გასაღებს.
სიცრუისკენ თუ გაგირბის მუდამ გული და თვალები,
მაგ შენს სალოცავ ნოხსაც კი შთანთქავენ ცეცხლის ალები.


იგავი  
ერთ გაიძვერას ტანიდან სული მაშინვე ამოსძვრა,
კიბიდან რომ დაეცა და არ ჰქონდა ამის გამო ძვრა. 
და მისი შვილი მცირეხანს გლოვის წესს და რიგს ეწია,
მალე კი გასალაღებლად ტოლ-ამხანაგებს ეწვია. 
ერთხელაც მამა იხილა შვილმა სიზმარში ანაზდად
და ჰკითხა: „სად ხარ? განკითხვა, ალბათ, შენს ცოდვებს არ ასცდა...“
„არ დამხვდებოდა, შენც იცი – თქვა მამამ –, ია და ვარდი,
რაწამს კიბიდან დავეცი, მე ჯოჯოხეთში ჩავვარდი“.
ის უსახელო, სიკეთეს ვინც იქმს და არ ჩანს – სად არის,
მაღლა დგას სახელოვანზე, ზნეობა რომ აქვს წამხდარი.
ღამის ყაჩაღი ჩემთვის იმ მლოცველზე უკეთესია,
ვისთვისაც ლოცვა ბოროტი ზრახვის შენიღბვის წესია. 
ვისაც სურს ხალხის წამება და მათთვის მახის დაგება,
არ უნდა სჯიდეს ნუთუ მას ბოროტების წილ განგება?
შენ ამრუსაგან*, ძმობილო, სიკეთე არსად დაგხვდება,
თუკი ზეიდმა გასწავლა – სიავით სად და რა ხდება.
გზა მეგობართან მიიყვანს, ვისაც აქვს სახე ნათელი
და მეგობრისთვის კეთილი სიტყვა მრავლად აქვს სათქმელი.
მართალი გზებით სიარულს მოსდევს ნანატრი შედეგი,
სწორ გზას თუ ასცდი, დაფიქრდი და დროზე სადმე შედექი.
ხარს არ ემსგავსო, ზეთისმხდელს რომა ჰყავს თვალახვეული
და დადის ისიც ერთ წრეზე უსინათლობას ჩვეული. 
ურწმუნო და უგუნური მუდამ იყო და არის და
ასე იქნება კვლავაც ის, ვინც მიჰრაბს11 სახე არიდა.
ლოცვისას ყიბლა12 ჰპოვე და ზურგი არასდროს აქციო,
თუ არ გსურს, შენი სიცოცხლე უღვთობით რომ არ დააქციო.
სულს, როგორც ბაღში დარგულ ხეს სჭირდება მოვლა სამყოფი,
რათა მის მომვლელს განგებამ მისცეს კუთვნილი ნაყოფი.
თუ გულწრფელობის ფესვები არ გაქვს მიწაში გადგმული,
თავქარიანი ცხოვრებით იქნები ქვეყნად განთქმული.
ბრიყვია, ლოდზე და ქვაზე ვინც ხორბლის მარცვალს დაესავს, –
ვერც თავად ჰპოვებს საზრდოს და ვერც რამეს მისცემს ნათესავს. 
ვინც თვისი პატიოსნება თვალთმაქცობაზე გაცვალა,
ანკარა წყალი მის ფსკერზე დალექილ ჭუჭყს ანაცვალა.
რას გარგებს, თუ გარეგნულად ნამუსის ქუდი გახურავს,
თუკი აუგი სიმდაბლე შენში ფარულად ზრახულ არს?!
მაცდურად ხერყეს* შეკერვა ყველასთვის არის ადვილი,
მაგრამ ღმერთს უნდა აჩვენო შენ მხოლოდ სახე ნამდვილი. 
ვინც კარგად იცვამს, რა იცი, რა უზნეო და ბილწია?
თვისი წიგნების ავ-კარგი თავად მწერლებმა იციან.
გუდასაც მძიმედ მიიჩნევს (როცა შიგ მხოლოდ ქარია),
სიმძიმის ამწონ-განმსჯელი თუ შენი მეგობარია. 
ღვთისმოსავს ირქმევს ბევრი და დადის წმინდანის იერით,
როცა ჩასწვდები მათს სულებს, შეკრთები სიცარიელით.
სამოსის ზედაპირით რომ სჯიან, მავანს აქვს რა რჯული,
ცდებიან, რადგან მის შიგნით უვარგისია სარჩული.
რას იცვამს და ვინ რას ამბობს მასზე ყრმაა თუ ხნოვანი,
ეს არ ანაღვლებს, ვინც არის ნამდვილად დიდსულოვანი.
ვაი, რომ კაცის ღირსებას ხედავენ დღეს ორ ცნებაში:
შინაგან სიმწირესა და გარეგნულ ფუფუნებაში. 
ბაიაზიდმა13 ასე თქვა: „ვარო მე ამის მოწამე,
ურწმუნო ნაკლებად მაფრთხობს, ვიდრე უგნური მოსწავლე“. 
სულთანია თუ შაჰია, თუგინდ იმათი შვილები,
უფალთან ვით მათხოვრები, მივლენ ხელგამოწვდილები.
უპოვართათვის წყალობის გაცემა ყველას ვალია,
დავრდომილს ხელი ვინაც ჰკრა, იგი სინდისთან  მწყრალია. 
შენშიც, ისე ვით სადაფში, მრავალი მარგალიტია,
შეიცან შენი თავი და შენს აუგს ვერსად იტყვიან.
დე, შენი სული ღვთის მადლით მარადის აღსავსე იყოს,
ჯიბრაილმა14 თუ ვერსაით მოგნახა, დე, ასე იყოს.
საადის ყური დაუგდე, შვილო, ისე ვით მამასა,
ეს რჩევაა და ეცადე, ჭკუა მიანდო ამასა: 
„შენი გონება დღეს ბრძნული აზრებით თუ არ იკვება,
ხვალ რომ სინანულს შეიგრძნობ, უკვე გვიანი იქნება.
ჭკვიანი კაცის რჩევების მოსმენა სულსაც ანათებს, –
ვინ იცის, მე რომ მოვკვდები, ცხოვრება შენ რას დაგმართებს?“


განმარტებები
  • შაღადი (შეყადი) – „შაჰნამეს“ მთავარი გმირის, როსტომის, გერი ძმა, რომელმაც მოღალატურად გამოასალმა იგი სიცოცხლეს.
  • შამი - თანამედროვე სირიის (და მისი დედაქალაქის _ დამასკის) გავრცელებული სახელი ძველად.
  • არდებილი - ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
  • ზაყუმი (ზაყუმის ხე) - შხამიანი ხე, რომელიც ჯოჯოხეთში იზრდება.
  • ყოვლისმფარველი ოსტატი - ღმერთის მეტაფორა.
  • დიადი მხატვარი - ღმერთის მეტაფორა.
  • ამრუ და ზეიდი - ფართოდ გავრცელებული არაბული სახელები, რომლებიც ჩვეულებრივ გრამატიკულ მაგალითებში გამოიყენება და ამის გამო საზოგადო სახელებად ითვლებიან (როგორც, ვთქვათ, ქართულში პეტრე და პავლე).
  • ზონარი - ქრისტიანთათვის აუცილებლად წელზე შემოსარტყმელი ქამარი.
  • დალყი - მატყლის უხეში ძაფით ნაქსოვი სამოსი დერვიშისა
  • ბაბა ქუჰი -ცნობილი ირანელი პოეტი, სუფიური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელი (გარდ.1050 წ)
  • მიჰრაბი - ნიშა მეჩეთის კედელში, რომელიც მექის მიმართულებას მიუთითებს მლოცველს.
  • ყიბლა - მიმართულება მექისკენ, საითაც ლოცვისას სახე უნდა მიიქციოს მუსლიმანმა.
  • ბაიაზიდი - (აბუ იეზიდ თეიფური) - მუსლიმანი მოღვაწე, ცხოვრობდა მე-8-9 საუკუნეებში
  • ჯიბრაილი - გაბრიელ მთავარანგელოზი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge