გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბადრი სულაძე - ლექსები


***
მუყაოსფერი სილუეტის
მშრალი კონტურით,
კვლავ იხაზება ჭუჭყის ქსოვილის
ყველა უჯრედი...
და ნეშომპალად გადაქცეული ფოთლების სისქეს
ნაკვთებად ირჩევს
სახის ოვალი, ჩაჭედებული თითების ძაბრში...
და ემსგავსება
წასაქცევად წახრილ სამკუთხედს,
უფრო სწორად კი, - ყავრის სახურავს,
ჩაცვენილი, ბებრული ყბებით,
რომელსაც წვიმა ყელზე ადგება...
და როცა სივრცეს,
გულს უწვრილებს ბებერი ბჟოლაც,
თითების ძაბრით 
მეც მათში ვჟონავ და მათთან ერთად
ვგრძნობ სიმარტოვეს, -
როგორც უეცარ ნემსის ჩხვლეტას,
წვრილად დაჭრილი,
შავი მსხლების ძაფზე აცმისას...
ადრე აცივდა...
ვავსებ ქაცვიდან გამოწურული წვენით
ძველ ქილებს და მზეს ვინახავ
ზამთრის გრძელი ღამეებისთვის,
როგორც თეთრგულა, ნაცრისფერი სინდიოფალა, -
მშიერი ზრუნვით...
მზის ყვითელ ყვავილს ეშურება
ლიანდაგების მყრალაბალახაც
და ნეშომპალად გადაქცეული ფოთლების სისქეს
ნაკვთებად ირჩევს
სახის ოვალი, ჩაჭედებული ისევ იმ ძაბრში,
სადაც, ცეცხლისგან მოსაკალი თითების სუნში,
სამადლოდ ვზმუი, როგორც მოზვერი,
ჯავრიან შუბლზე ამოსული დიდი ნიკორით...
სინდისს მიკორტნის,
ბზების სიმწვანით დაჩრდილული სევდის ბილიკი,
მზე კი – პირიქით,
ფრთას მაგონებს, საყდრის ძველ კარზე
შეფრენილი წითელი მამლის...
თითების ძაბრით,
ისევ ვჟონავ ხახვების კვალში,
რომლის სანაცვლოდ,
ბალახებს შორის გაჭიმულა
ჭიანჭველების უგრძესი მწკრივი...
თან ვუძლებ ტკივილს;
თან შესამჩნევი უხერხულობით ვეპოტინები
ჭურისთავებზე ჩამოყვითლებულ,
დაუცველ კომშებს...
თან ყულფზე ორ შრედ შემოვლებულ
სამყაროს ვძალავ დამღლელ სიცოცხლეს
და ვერ ვიოკებ
ანწლისფერი ტუჩების ცახცახს...
ვლოცულობ ჩუმად,
როგორც მთვარე, დარდის გუბესთან...
და ნეშომპალად გადაქცეული ფოთლების სისქეს
ნაკვთებად ვირგებ,
რადგანაც ჩემში
თვინიერად თვლემს სიმარტოვე, -
სპილენძის ტაშტში ჩაწყობილი
დაკორძებული
მიწის ტერფებით...


***
მხოლოდ დღეები გამორბიან ჩემს სანახავად,
მხოლოდ დღეები, -
ღამეები რომ გულ - ღვიძლივით ამომაცალეს
და ვეებერთელა ქვის ტაფებზე
უცეცხლოდ შეწვეს...
არც კი იფიქრეს,
როგორ უნდა გავძლო მუდამდღე,
ბედთან პირისპირ, -
დამწვარი ზურგით, გრილ ღამეებს თუ არ მივეყრდნე...
ცა გადმომყურებს
მიტოვებული ეკლესიის სამრეკლოსავით, -
და როგორც ყულფზე დაკიდებული
თითბრის ზარი, ვრჩები უენოდ, -
მრავლისმნახველი ლაზარეთის ცივ პალატასთან,
საღვთო ცხვარივით თავჩაღუნული, -
წარმოსახვით რომ გადავდივარ შორეულ წლებში, -
თაგვისფერ მუნდირს რომ ვიღეღავდი
და შიშველ ღამეს ვიხუტებდი,
მონატრებული გრძნობის სანაცვლოდ, -
ახლაც რომ ვატყობ,
როგორ ვივსები - ტანმაღალი არყის ხეების ჩუმი შრიალით
და რომელიღაც პატარა ქოხის შესასვლელთან
ჩამობმული მინდვრის სოკოს ასხმულათი ვსულიერდები, -
ასე, ნელ - ნელა....
და მახსენდება - 
როგორ უხდება სოკოს წვნიანს არყის ხის წვენი...
ნერწყვსაც ვერ ყლაპავს უიმედოდ გამშრალი ხორხი
და თვალებს ვაფჩენ - სამრეკლოს ყულფზე დაკიდებული
თითბრის ზარივით....
…………………………………………………………………….
თუმცა ცოტათი, სულ ცოტათი ხომ, მაინც შევძელი, -
და მივაწოდე
ტკბილი სული, როგორც ვაჟინი,
გამხმარ საყლაპავს,
არყის ხის ქერქში ჩამაგრებული ალუმინის პატარა მილით..


***
ქარით გაროზგილ ღამის სხეულზე,
ვერ მოვასწარი სიმაღლის ათვლა,
რითაც განწყობა დავისნეულე
და ძელზე გამსვეს ვიღაცის ნაცვლად...
როცა ლოდინიც ლოცვას მიაგავს,
არვინ მოელის ზღურბლთან დარაჯებს, -
და თუკი, მთვარეც მოვა გვიანად,
მოვა და სულში შემოალაჯებს...
ჩემი უსაზღვროდ დაღლილი ლანდი,
კვლავ რომ, ახლობელ ხვატში კაცუნობს,
ცდილობს, დაღეჭოს ლაგამი დარდის
და აფრასავით გაიტკაცუნოს...
თუ მიმოფანტულ სხივთა დაისში,
ცა ჯერშეუმდგარ გაზაფხულს ნისლავს,
თვალი გაფრენილ ჩიტად განიცდის,
სათოფურიდან დანახულ მიზანს...
დაკარგულ ჰილზას დავეძებ ბნელში,
ნესტოებს მიწვავს სუნი საფანტის,
რაკი შეჩვეულ სარეცელს სევდის,
შეუჩვეველი ზრუნვით დავაკლდი...
............................................................
კაკანათურად მძიმე ბედისგან,
როცა გაფრენას ნატრობდა შაშვი,
მე გათენება ისე მენიშნა,
როგორც ხელიდან გასხლტომა ბავშვის...


***

საჩაიესთან, 
ასფალტზე რომ სხივი დაეცა,
თავს ვაგუებდი 
რეალობას ისე წვალებით,
რომ ახლაც წითელ 
ტროტუარებს ვითვლი დამრეცად,
წერტილებს შორის
გაჩენილი ინტერვალებით....
მივეპარები
გასახედნი კვიცის უნაგირს
და ხელაღებით
კვლავ შევდგები ცის ხარიხებზე,
მაშინ, როდესაც
ცვილადქცეულ ფიქრის ბუნაგში,
სათქმელს, დღეისთვის
შემონახულს - ვცვლი ხვალინდელზე....
ის, რაც ვიგემე
ტკივილად და ვერ მოვირჩინე,
ჩაის ჭიქაშიც,
შაქრის ნაცვლად, ურვად დათვლილა...
და სანამ ღამე,
სახურავზე გამოიძინებს,
ტკივილს გავლოღნი,
მეც თითქოს და მურა დათვი ვარ....
თუმცა ადვილად,
არ ლაგდება ღამის სადგომი,
თუმცა მნათობიც
ცად ქცეულა და ცა - ფრინველად...
..........................................................
ღამე სკასავით
ჩემგან რთულად კვლავ მისადგომი...
ჯერ აუვსები,
თურმე უკვე დაცარიელდა...


***
ვერც სხვა სამყარო დავლანდე სანდოდ - ცისფერ საათებს სწყდებათ ისრები...
თოვლს შენადარებ, ქარაფზე ნადნობ, სიმაღლეს უკვე ვეღარ მივწვდები...
....................................................................
თვე და რიცხვები მოვზიდე თიხად, ზეცაზე გაკრულ მზის კალენდრებზე,
როცა გაცრეცილ მოთმინებისგან, მშვიდად ვძერწავდი დიდ სავედრებელს...
_ ვის კარგავენ და ვის დაეძებენ, ქარიშხლებივით ქრიან კითხვები...
წელში რა დარდიც ხრიდათ ენძელებს, მოფერებას ჰგავს - გვიან მიხვედრილს...
პირამიდების მხურვალე არსი, უდაბნოების ხვატზე მეტია
და მეც ვარჩიე მდუმარებაში, კვლავ სიყვარულის ხატზე მეტირა...
განტევების ვაცს არ უნდა ძებნა, სივრცეც რომ იქცეს ძვალშესალაგად...
ვით მკერდგაღეღილ ცხენების რემას, ვერ მოვუხერხე - დარდებს ალაგმვა...
თუმც მეხვევიან გველებად ტანზე - ფიქრები, გზას რომ ბერავენ წყლულით...
ყველა ტკივილის მშველელად გაძლებს, დაუსრულებლად ელვარე სული...
.........................................................................
მიწიდან ათვლილ სიმაღლეს ვკარგავ - 
და თუმცა მთვარის კვალზე ვკანკალებ,
დროსა და სივრცის შუაში ვდგავარ...
და მკრთალი შუქით ვავსებ აკლდამებს...


***
გზა ეგუება თოვლის ავშარას,
სივრცე კი ისე დაფიფქულია,
თითქოს ზეცაც და სოფლის გზა - შარაც,
გადავსებულან ბამბიქულისგან...
სანამ ფიფქების სულში ბარტყობა,
ყველა ქარიშხალს წამით ადუნებს,
სხვენიდან ვიღებ სულ მზით ნათხოვარ,
ცისგან ამოსხმულ მთვარის ბანდულებს...
თოვლს გადმოვარღვევ მთებზე - მუხლამდე,
თავს სისპეტაკით რომ იმოსავენ,
მერე კი ფერსაც დროს შევუხამებ,
დროს, რაც მაკრთობდა თოვლის მოსვლამდეც...
და გაგახსენებ შეცივნულ, მაგრამ - 
კოცნისგან გამთბარ ნატიფ ყვრიმალებს,
რაც გულს გარდასულ ზეციურ საგად
და მზისფერ ლამპრად ამიბდღვრიალებს...
გზა, სასოების მომნიჭებელი,
როდის, სად ვსაზღვრო, სხვა რელიეფით...
თოვლზე რომ რჩება გრძნობის ბეჭედი, 
ვით წმინდა ტაძრის ბარელიეფი...


***
მე გავიქცევი 
და გთხოვ, მწევარს ნუ დამადევნებ, -
შენი ყინულის 
სასახლიდან მთაში გავრბივარ...
უმჯობესია, 
გრძნეულ ღამეს უმალ დავნებდე,
ვიდრე კვლავ დავრჩე, 
ძველისძველი დარდის საკიდრად...
სანამ მთვარეულ
ვარსკვლავებზე ცეცხლს მოიკიდებს,
ალბათ, ცის თაღი -
კვლავ გახდება მოსაკითხავი...
მერე, მე თვითონ
გაგიკვალავ ჩემსკენ ბილიკებს,
მთაში გახიზნულ 
უჩემობას როცა ისწავლი...


***

ბრუნავს სამყარო, ბრუნავს მოთმენით, გზებს რომ დარდებად ამოიკეცავს...
ვეღარ მიცვნია მუხა ფოთლებით, დარდი კანზედაც ამოიქერცლა...…
ბევრჯერ მინახავს ვაზის ტირილით, ყაყაჩოებზე ცვარის აკინძვაც,
ის რაც შეჰხარის ყვავილს ჩიტივით და გამოყოლა იცის აკვნიდან...
თუ გაუმშრალი გზა და ჭირხლია და ვერ იტანენ ასკილს სიწითლით,
თუ არც ზღვა ამბობს ზღაპარს ტკბილხმიანს და ვერც ცამ გახსნა ნასკვი მიწისთვის, -
ღმერთო, შენამდე ისე ახლოა, რომ ემბაზისფრად დღე სულს ჩამიდგამს...
და აათრთოლებს მწიფე მაყვლოვანს, ნინოს ნაწნავით შეკრულ ჯვარისგან...
თან საფიქრალსაც დაყრის საცერზე, რომ ღრუბლებივით გაცრას ფიფქებად...
მერე კი, ყინვით დაღლილ საცეცებს, შემომაჩეჩებს დასაფიქრებლად...
მე მხოლოდ ჩემი ფიქრი არ დამაქვს, მუდამ ასეა, თუკი ვიდროვებ...
ბოგანოსავით დავალ კარდაკარ და სხვის ღიმილებს მუჭში ვიგროვებ...
გზად რომ დათქერილ ხორბლებს ვითვლიდი, ნაქარიშხალი გული ამტკივდა...
და მერე მივხვდი, რომ ეს ტკივილიც, გამოყოლილი მქონდა აკვნიდან...
თუ ცხრა მთას იქით, ზეცაც მეცხრეა და არ გამხდარა არვის სადაოდ,
ნურც იმას მკითხავთ, ცა რომ ვერცხლდება, რატომ მივიჩნევ ქარვისადაო...
მესაიდუმლედ ნაცადი ღამე, ფიქრს მტევანივით ხელში თუ წურავს,
მღვრიე გუბეში ჩავარდნილ მთვარეს, რატომ ვადარებ ბლების კუნწულას...
ნუ მკითხავთ, როცა ღრუბლების იქით, ჩიტს გულყვითელა მზედ დავიგულებ,
რაღატომ ვიწვევ დუელში სიკვდილს, ან რატომ ვმალავ სველ თაიგულებს...
რატომ ვარწყულებ დარდის ძირხვენებს, ატმის ხესავით სულში განატოტს...
და მდინარეთა გაწვდილ ცივ ხელებს, ნეტავ, ან რისთვის ვუცვლი კალაპოტს...
მე ველოდები გამონათებას, როგორც სიყვარულს, მხოლოდ ცნობიერს...
მადლი რომ ბნელშიც მენთო სანთელად, გმადლობ, უფალო, რომ მაცოდვილე...
იქნება ბედიც არ მაწყევლინო, თუმცა წვალებით ვზიდე მარხილი...
და კიდევ ერთხელ ამაწევინო, თავი, მიწისკენ მძიმედ დახრილი...
ღმერთო, შენამდე ისე ახლოა, რომ ემბაზისფრად დღე სულს ჩამიდგამს...
და აათრთოლებს მწიფე მაყვლოვანს, ნინოს ნაწნავით შეკრულ ჯვარისგან...
ცრემლიც თუ ფიქრად თვალს მომადგება, ბედს მაინც შეცვლის, შეცვლის პირწმინდად,
ასკილის წითლად ამონათება, სევდაშერეულ თეთრი ჭირხლიდან...
ვერ გამოდგება ის გზა ნარჩევად, და ეს მკლავებიც აღარ მკლავობენ,
თუ მზეს, ოცნების დედა – მარჩენალს, მიაგორებენ სასაკლაომდე...
მაგრამ პასუხი უმალ განარჩევს, სუნთქვას, რომელიც ბავშვივით წრფელობს, -
მეც სიყვარულით უნდა გადავრჩე და დედამიწის დაღლილი სფეროც...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge