გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიო ლომიძე - ლექსები


შეძლების
იმ ფეხის ჩადგმას უნდა ბედავდე
წყალში, რომლითაც ტანი წაგექცა,
წყალს კი ყინულად უნდა აქცევდეს
ყველა მხსნელი და ყველა არავინ,
ვისი მცდელობის მოლოდინითაც
სიფრთხილემ თვალი ამოგიბრუნა,
ვისი შელოცვის მონდომებითაც
კარის ჩარჩოზე ნალი დაკიდე
იმ ცხენის – მგელმა რომ დაუფლითა
მაღალ მთამისჯილ პაპის მეზობელს
ლოგინის ნაცვლად ხმელი ბალახის
ქვეშაგებისგან ძილის სიმცირე
იხტიბარივით რომ არ დაემსხვრა;
– და მდევარივით შეძლო ქოშინი.
იმ ცრემლის ყლაპვას უნდა ბედავდე
სხვას რომ ჩამოწყდა პეშვის ფსკერიდან,
ტერფების ნახვას უნდა ბედავდე
ნახეთქი კანის სიღრმის ცდუნებით
რომ ჩაიგლისო ყველა სიზმარი
საამებლად და სანთელმალამოდ,
კედლის ახალი ბზარების სინჯი
ფრჩხილის ფესვებით გადააწითლო
და ხინჯად დაგრჩეს მათი დანგრევა,
რომელსაც ისე ჩიჩქნიდი როგორც
თევზაობის წინ მატლისთვის მიწას.
იმ ხიდზე გავლაც უნდა შეგეძლოს,
რომლის ჩატეხვით სხვა გზას გაიგნებ,
იმ გზაზე ძაფის შებმაც შეგეძლოს
კვალის არევის შიშის თანახმად,
იმ შიშზე მეხის დაცემას ჰქონდეს
ხმა ნაცნობი და დაუფარავი,
უნდა შეგეძლოს – შემოცოცებულ
ბილიკებს გეზი დააცდენინო,
განასკვულ ენას კვანძების მიღმა
გადაურჩინო ხმაგასაყარი.


მიწისთევზები
როგორც კი მაყვლის კისელივით ბლანტი ამინდი,
ნიადაგიდან ამოწელავს უხმო შენობებს.
როგორც კი მწყრალად ჩამწკრივებულ უშნო კარკასებს
სილუეტები გადაეხრებათ,
თითქოს მაშინვე ვიღაც იწყებს ხელფრთიანების
უმოწყალო გამოდევნებას.
მერე ისინიც ზიგ-ზაგური რხევით, წრიპინით,
ამღვრეულ ჰაერს აწრიალებენ.
ვფიქრობ გაფრენის ყველა მცდელობას
კვალში ჩადგომის ელფერი დაჰკრავს,
რომ ამოიცნონ განცდებისა და ემოციების იდუმალება.
მე ბორნეოზე უნდა წავიდე.
მითხრეს იქ შევძლებ მონახულებას
შენობებიდან – მწიფე ნაყოფის
მსგავსად – მოწყვეტილ ახალგაზრდების
თუ ძველგაზრდების ან რა აზრი აქვს,
ზრდის რა სტადიას ეთავსება ცოცხალი მაშინ,
როცა არჩევანს უქუცმაცებენ,
არჩევანი კი გამორიცხავს სხვა საშუალებას.
ჰაერი იხშობს ინფორმაციას ჩამოვარდნების,
ჩამოტყორცნების, ჩამოფრენების.
მაგრამ ვინც ვრჩებით სიკვდილის მიღმა
რა თიხით უნდა გამოვძერწოთ მრგვალი ჭურჭელი,
ისე რომ ვინმეც დავარწყულოთ
და დამსხვრევისას მჭახე ხმისგან დავიცვათ ყური.
მე ბორნეოზე უნდა წავიდე.
რაც მითხრეს იქნებ არის ნუგეში
– „ქარების მღვიმე“ ოვალურ კედლებს
ხავსით და ნესტით ისე იმშვიდებს,
თითქოს სახის კანს იჯანსაღებდეს შუა ხნის ქალი
ლიმნით და კიტრის კანის ნათალით.
იმ კედლებს შორის დგანან ლოდები,
ნაწრეტი წლყების დინების მიღმა
და ირეცხავენ საყრდენ ადგილებს
დროის პირქუში ბზარების შიგნით.
მიწის თევზები მათ სიღრმეში ადგაფუნებენ
მარჯნისფერ ფარფლებს,
მკრთალ სინათლეზე ისე უშნოდ იფხორებიან,
როგორც ქარბუქში ზამთრის დღეები.
მე დამარწმუნეს რომ იქ შევძლებ იმის გაგებას,
თუ რა ფიქრები გააწბილეს დანარცხებამდე
სიცოცხლის ქროლვით, დამსკდარმა ძვლებმა.
მათ უსხეულო ფორმებს მოუხმობს მღვიმე – სახლივით
და მღვრიე თვალებს ისე დამიშრობს,
როგორც იმ ჭაობს სასტიკი გვალვა,
რომლადაც იქცა ჩემი საფლავი,
სანამ მიპოვნა გამოსავალმა
და უნუგეშო მთქნარების შიშით
მკვრივი სიტყვების უწყვეტმა ფორმამ
გადაკარგულად არ მიმიჩნია.
მე ბორნეოზე უნდა წავიდე
და მიწის თევზებს მივანიჭო უფლება იმის
რომ გამოშიგნონ მთელი სამყარო.
გადააპნიონ ქერცლი შენობებს
და ამოქოლონ „ქარების მღვიმე“.


ვისაც
ვისაც თვალები დაეხუჭა ჩემი დანახვით,
ან ვისაც გული შეეკუმშა ჩემი ცხოვრებით,
ვისაც კისერი წაუგრძელდა ჩემი წაქცევით,
ვისაც ჩურჩული ამოუძვრა ჩემი აღმა სვლით,
ვისაც ღიმილი ჩაეფინა ჩემი ხსენებით,
ვისაც ჩასუნთქვა გაუმძაფრდა ჩემი დუმილით,
ვისაც ნაფიქრი გაეფანტა ჩემი დამალვით
ვისაც ღუმელი ჩაუნელდა ჩემი სტუმრობით,
ვისაც კოცონი მიუნავლდა ჩემი სათხოვრით,
ვისაც ჰაერი შეეხუთა ჩემი შეხებით,
ან ვინც ხელები დაიბანა ჩემში  ჩაღვრილი
არ გამოჩენილ, უსინათლო ცრემლის წვეთებით,
ჩამოირეცხა სიახლოვის მცირე ნიშანიც
და ელვასავით უცაბედად გაუჩინარდა,
ვისაც სიმშვიდე შეეპარა ჩემი დაღმა სვლით,
ვინც დამინახა მომაკვდავი და გამითხარა
საფლავი, ნაცვლად იმისა რომ გადავერჩინე,
შემომისაზღვრა ადგილი და გაუჩინარდა,
შემომილაგა ქვა-ღორღი და გაუჩინარდა,
მახსოვრობიდან საბოლოოდ ამომიფერთხა,
ამბარის ფსკერზე ჩარჩენილი ძველი ფქვილივით,
არ ვიმალები, არ ვიფარავ სახეს ტალახით,
აქა ვარ ასე დარჩენილი საირმე გზასთან
და იფიტება უშობელი ნადირის ტანი.
ნეშომპალადან ამომძვრალი ნორჩი სხეულით
დასანაყრებლად, გვიმრის ფესვზე მოცოცავს ჭია.
ვერ დაინახავთ – როგორ დევნის შიშის ნიჟარა
ლორწოს, საფარზე რომლის მიღმაც არ დგას არავინ,
მაშინ იწყებენ გადაფრენას ლოკოკინები.


ჩრდილის სიმაღლე
თავკომბალები ისხდნენ ნაპირთან,
სიცილის გუბე ყარდა ხმაურით.
იწელებოდნენ ჩრდილები ღელვით
არა უმეტეს ჩემი ტანისა.
ადამიანის თვალების ფსკერი
ბლანტია როგორც ზიზღის საფლობი
და ზედაპირზე ლივლივებს სევდად
მოჩვენებითი შემწყნარებლობა.
თავკომბეალები ვერაფრით ხსნიან,
რა ემართებათ ციცინათელებს,
გაცრუებული იმედებივით
რომ ქრებიან და იფანტებიან.
აქ სანამ ღამეს ხელებივით დაუწვრილდება,
სუნთქვა შეკრული სხეულიდან დღის წანაზარდი,
სანამ მზის უკან ძილის ღმერთი გაიხიზნება
და ბოლო სხივსაც გამოაძევებს,
რომ მიაბჯინოს მოქუფრულ კისერს,
როგორც დათოვლილ ციცაბოს შიში,
მანამ ვიდგები მოხრილი წყალთან.
ძაფზე დავკიდებ გამბედაობას,
კბილს და მეზობლის კარის სახელურს
ტკივილის გამო რომ გამოვაბი.
არ გავიხსენებ რამდენ ხანს მქონდა
ლოდინი ვინმე დამკაკუნებლის,
რომელმაც აღარ ჩამოიარა.
რა იცით იმის შესახებ როგორ
გამოვაკარი ოთახის კედლებს
ეპითელური ქსოვილის აპკი,
რომ აებურცა ბუსუსებად ყვითელ ზედაპირს,
მთელი გულ-გვამის ფუყე სანგარში,
ერთ დროს ნასწავლი ღიმილის კვალი,
როგორც ნოტიო შლამით ნაჟღენთი,
რომ მოჟონავდა, რა ხანია გამოიფიტა.
არავის უკვირს ამ მასალით როგორ შევძელი
უფორმო ჩრდილის შეკოწიწება.
თავკომბალები შესხდნენ კამეჩზე,
წყალში ჩამხრჩვალი კამეჩის ლეშზე.
და გავიფიქრე რომ შეირხას – კუდი კამეჩის,
წვერი თხისა და თვალი კაჭკაჭის,
ჩემს შორი ახლოს რომ გატრუნულან?…
ან ეს ჩრდილები ქიცინმა რომ გადაიყოლოს,
რაღა დარჩება ჩემი ქანციდან?
თუ საბოლოოდ ისე გაქრა რომ აღარ მეყოს
– თავზე წაყრილი ნაცრის საჩიჩქნად,
წყალში გამდნარი ღამის სადევნად,
ყელში ჩაღვრილი თმენის სატირლად,
გულში ჩაღვრილი ღვარძლის საფხეკად,
ცაში გამქრალი ლოცვის სამხილად.
რა მოჟამული დღეა ბავშვობის
პერიოდივით უხსენებელი.
გავმართე ტანი, სილუეტმა იგრძნო სიმაღლე.
გამოვუხშირე ფერდებს ჰაერი.
ის ბუდეები ავიფარე თვალებზე, წეღან
ქარმა ნაპირთან რომ მოაგორა
და გავაგრძელე ყურება გუბის,
უღიმღამობის გამოსატოპად.
არ მახსოვს როდის გამომესარჩლა
ბოლო ჯერ ჩრდილი;
უკანასკნელად როდის ვნახე ბაყაყის ხმებით
გაბეზრებული მთვრალი მეთევზე,
ხელმოცარული რომ ახვევდა ბადეს ფიქრივით,
პირიქით – ფიქრის ბადის შიგნით როგორ ჩათვლიმა
და ამოღველფა უპეებზე მთელი ლოდინის,
მთელი თმენის, მთელი ქოშინის უხმაურობა.
წყალმა გაბერა კამეჩის ლეში.
თავკომბალები გამორიყა ნაპირისაკენ,
ჩემსავე თმებზე ჩამოსახრჩობად
და წყალი დაშრა.


წუმპე
ჩემი ხელები ერთდროულად იწყებენ დნობას.
გამოშვერილი ჩემი ხელები.
ვუყურებ როგორ იღვენთება მწიფე ქსოვილი,
როგორც ყალიბში ცხელი მეტალი.
როგორ იწყებენ დაღვრას სიბლანტის,
უსარგებლობით გახრწნილი ძვლები.
ჩემი თვალები ერთდროულად იწყებენ ლღვობას.
ლოდინ ჩამდგარი ჩემი თვალები.
კანს ეწებება მომჟავო და მომწარო ობი,
გულ-გვამის მთელი სივრცის მარაგი.
ჩემი ნეკნები ბზარებივით მიჩენენ  ეჭვებს,
ეს არის მხარში დგომის მცდელობა.
ჩემი ნეკნები როგორც კავები,
მხრებზე მკიდებენ წონასწორობას.
რაც ჩემგან რჩება ეს არის წუმპე.


ღრუბლის დაფქვა
მე ხშირად ვზივარ ფანჯარასთან.
და მე როდესაც ხშირად ვზივარ იმ ფანჯარასთან,
რომელიც იქნებ არის კიდეც სივრცის საზღვარი,
ამ საზღვრის იქით მოძრავ ტურისტებს,
პირიდან სცვივათ ჩემთვის უცნობი
შინაარსის მქონე სიტყვები,
რომლებსაც ისე აღვიქვამ თითქოს,
ახალ თვისებებს ვუთავსებდე ცნობიერებას.
არც კი იციან რა სამსახურს მიწევენ ამით.
ვზივარ და ვუცდი – ემოციურ გარდამავლობას;
წინადადებებს შორის ჩამდგარ მცირე პაუზებს;
ენერგიების სიხშირეთა თანაფარდობას,
რომლებიც ქმნიან შესაძლებლობას
გამოვიყენო შესაბამისად.
ჯერ გამოვკვეთო სივრცის საზღვარი
და მასში გასვლით შევძლო გარდაქმნა,
დავნაწევრდე და კვლავ გადავეწყო
ახალი ფორმის ისეთ სხეულად,
რომელშიც შეძლებს სხვა მედიუმი
ცეცხლის ქვიჯაში ღრუბელი დაფქვას,
ნამცვრევებიდან გამოძერწოს მოქნილი ენა
და ძაღლყურძენას თბილი ნახარშით ისე დაალბოს,
როგორც ლელეხმა დაბმული ძაღლი.
შემდეგ ოფოფის ფერი ზეციდან
ჩამოიბერტყოს კოსმიური ბუსუსები,
დაქვრივებული ქარის კალთებს
ამჟავებული საყვედური გამოაკეროს
და გამოსტყუოს შიშის პიგმენტი,
რომლითაც შეძლებს კვალის დანიშვნას;
კვალის რომელშიც ძილი ჩაუდგა
და იმ ძილიდან გაფუფქული სიზმარი ამოაძვრინა,
ყვითელი ენა შემოახვია,
განტევების ლოდი გადააგორა,
ქვის ვარდის ფოთლები შეასრისა,
წელიწადის უცნობი დრო გამოიხმო,
თივის ბულული მოატანინა,
უხილავი ცეცხლი შეანთებინა,
ყვითელი ენა გადაყლაპა
და კოცონში გაუჩინარდა.
მატყლის ნართივით კვამლის ქსოვილი
თივის ბულულს სულივით რომ ამოუვიდა,
იმ ღრუბლისაკენ გაემართა რომელიც დაფქვეს…
მე ხშირად ვზივარ ღია ფანჯარასთან.
და მე როდესაც ხშირად ვზივარ ღია ფანჯარასთან,
მგონი ვიზრდები…скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge