გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში


ადამიანი მუდამ ბედნიერების ძიებაშია. ამ დადევნებას რამდენიმე ეტაპი ახასიათებს:
1. ინდივიდუალური ,,სიმართლე“.
ადამიანთა უბედურებისა თუ ბედნიერების მიზეზს, სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში (კეთილდღეობა, ბიოქიმია, ემოციური ფონი და სხვ.), ხშირად მტყუან-მართლობის შეგრძნება წარმოადგენს. ამიტომ ინდივიდი ისე აფასებს სინამდვილეს და წარმოდგენაში იმგვარად გარდაქმნის, როგორც მას ეს აწყობს, იმისთვის, რომ მართალი გამოვიდეს. მაგრამ ასეთი, მხოლოდ მის ცნობიერებაში დამტკიცებული სიმართლე არ არის საკმარისი. ადამიანი ხომ სოციალური არსებაა და ამიტომ საკუთარი სიმართლის განმტკიცებისთვის სხვა პიროვნების დამოწმება სჭირდება. ასე ყალიბდება თანამოაზრეთა წრე.

2. კოლექტიური ,,სიმართლე“ – ბელადი, ლიდერები, პარტია.
რაც მეტი ადამიანი გაიზიარებს გარკვეულ ჭეშმარიტებას, მით მეტია მისი დამაჯერებლობა და წონა. ვიწრო წრე ფართოვდება და კოლექტივად იქცევა. კოლექტიური გონი კი უკვე აგრესიულია და ამიტომ მისი ნების წინააღმდეგ წასვლის ყველას ეშინია – ეს, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად მეტად დამაზიანებელია! ასე იძენს გარკვეული ,,ჭეშმარიტება“ მონოპოლიური იდეოლოგიის ხარისხს: ,,ვინც ჩვენს ,,სიმართლეს“ არ იზიარებს და დიქტატს არ ექვემდებარება, ის მტერია და უნდა განადგურდეს!“. ჩნდება ბელადი, ლიდერები და პარტია.
დიდ კოლექტივში გაერთიანება იმითაა მიმზიდველი, რომ ბრბოს მხარდაჭერა ადამიანს ყოვლისშემძლეობის შეგრძნებას ანიჭებს. ამ გზით პიროვნება მნიშვნელოვნებას იძენს და მისი თვითშეფასება მკვეთრად მაღლდება. ადამიანი მიდრეკილია სიამაყისკენ და ამიტომ, ფართო მასების მხარდაჭერით გათამამებული, ის საკუთარ შეუმცდარობას იჯერებს. კერპი ყველას ზემოდან უყურებს და იზიზღებს. ლოგიკურია, რომ ,,მართალი“ ბელადი, ლიდერი თუ კოლექტივის რიგითი წევრი ,,მეორეხარისხოვანი“ არსებებისადმი დაუნდობლები ხდებიან – მათთვის ხომ განსხვავებულად მოაზროვნე ინდივიდები, ადამიანებად არც ითვლებიან. 
აქვე დავძენ, რომ კოლექტივისტური ცნობიერების პირობებში, მხოლოდ ავტორიტარული მიდრეკილების ლიდერები ახერხებენ გაბატონებას. ხშირად ასეთი კერპები ნაკლული პიროვნებები არიან. ალფრედ ადლერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისკენ სწრაფვას საფუძვლად ,,არასრულფასოვნების“ კომპლექსი უდევს. როდესაც ადამიანის ფსიქიკა იშორებს მტკივნეული წარსულის, მაგალითად, მუდმივი დამცირების გამოცდილებას, ის იწყებს ზეკომპენსატორული მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც გამოიხატება სხვებზე უპირატესობის აკვიატებულ მოთხოვნილებაში.

3. ,,მტრები“ და ,,ნათელი მომავალი“.
ბედნიერების დადევნებსის დასკვნით ეტაპზე ცხადად იკვეთება შემდეგი კომპონენტები:
ა. იდეოლოგია – ბელადსა და კოლექტივს შორის შეთანხმებული თამაშის წესები – რა არის სიმართლე და ვინ არის მტერი;
ბ. ,,ნათელი მომავალი“ – ასეთი იდეოლოგია ემსახურება რაღაც უტოპიური მიზნის მიღწევას, რომლის ძირითადი აზრია – სამართლიანობისა და კეთილდღეობის მირაჟის სინამდვილედ გადაქცევა. კოლექტივის ცხოვრება მთლიანად იდეოლოგიზირებული ხდება. 
ბელადი და ლიდერები უხვ დაპირებებს არიგებენ და მაძღარი მომავლის სურათებს ხატავენ. დაბეჩავებული ხალხის სიდუხჭირით გადაღლილი ტვინი კი, ამგვარ ფერად ოცნებას ნარკოტიკივით ითხოვს – ხალხი ნებისმიერ ფანტაზიას სიხარულით იჯერებს. 
მონოპოლიური იდეოლოგიის გარშემო ხდება მასების დარაზმვა. მიზანი ერთია – ,,ათასწლოვანი ბედნიერების სამეფოს“ აშენება!.. მაგრამ ,,ნათელი მომავალი“ მარტო ადამიანთა ცნობიერებაში არსებობს, რეალურნი კი, მხოლოდ ამ ნეტარების ,,მტრები“ არიან. იწყება ადამიანთა მომართვა მტრის წინააღმდეგ. კოლექტივი დემონიზირებული მტრის განადგურებით ბოდავს, ბრბოსთვის გარდა მტრის ხატისა არაფერი აღარ არსებობს –მტერთან ბრძოლა კოლექტივის ,,იდეა ფიქსი“ ხდება...
გ. ,,ნათელი მომავლის“ იდეოლოგია და მტერთან ბრძოლის ჟინი პატრიოტიზმისა და სამშობლოს (მამულის) გადარჩენის ნოყიერ ნიადაგზე ითესება და ყვავის. რიგითი ,,მუშა ჭიანჭველებისთვის“ ყოველდღიური ცხოვრება ქრება, არსებობს მხოლოდ ბრძოლა...

4. შემსრულებლები – ელიტა, ,,მუშა ჭიანჭველები“ და ,,ოროსნები“. 
თავისი მიზნების მისაღწევად ბელადი და ლიდერები იწყებენ ისეთი ადამიანების შემოკრებას, ვინც უზნეობასა და წარუმატებლობას შორის არჩევანს, პირველის სასარგებლოდ გააკეთებს. ამისთვის შერჩევის მეტად დაბალი ზნეობრივი და ინტელექტუალური სტანდარტები წესდება. უპრინციპო ელიტის მეშვეობით ხერხდება პრიმიტიული მსოფლმხეველობის მომხრეების აღმგზნები და შაბლონური ლოზუნგების მეშვეობით შემოკრება, ნაწილის მოქრთამვა... 
მდაბიო ინსტინქტებზე თამაშის შედეგად, ,,მუშა ჭიანჭველების“ რაოდენობა საკმარისი ხდება გამარჯვება-გაბატონებისთვის. თუმცა, ამდენი ,,ოროსნის“ ერთდროულად შეკრება უკვე კულტურულ კოლაფსს იწვევს და დგება ,,ზედაპირზე ნაგვის ტივტივის ეტაპი“. ცხადია, ასეთ ერთობაში წარმატების მიღწევა დიდწილად უზნეო საქციელისთვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. სწორედ ამით იხსნება ის, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში წარმატებას, როგორც წესი, უპრინციპო, არაკეთილსინდისიერი პირები აღწევენ – ასეთ წრეში დიდი მოთხოვნილება მხოლოდ ,,ოროსნებზეა“. 

5. ,,მოსავლის აღება“ და ,,ადგილი მზის ქვეშ“.
უსამართლო გარემოში მასები მუდამ მზად არიან სოციალური აფეთქებისთვის. ხალხის გაჭირვების, ჩაგვრისა და უსამართლობის შედეგად, გროვდება უკმაყოფილება და ამის ხარჯზე (რევოლუცია თუ არჩევნები) ,,ახალი“ ძალა – ან იმარჯვებს, ან მარცხდება... ორივე შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ხალხისთვის ცხადი ხდება, რომ ნათელი მომავალი ბუნებაში არ არსებობს, რადგან მორიგი თუნდაც წარმატებული რევოლუციისა თუ არჩევნების შედეგად, მხოლოდ ზედა ფენა იღებს სარგებელს. 
ამავე დროს, ღარიბ ქვეყნებში არ არის იმდენი სიმდიდრე, რომ მთელ ელიტას ეყოს. ზედა ფენის ამბიციებიც დიდია... ასე ჩნდებიან უკმაყოფილონი. პოლიტიკური და სახელოვნებო ელიტის ნაწილი იწყებს ბრძოლას გავლენის სფეროების ახლიდან გადანაწილებისთვის. წრე იკვრება – იწყება სპირალის ახალი ხვია...
............................................
მოყვანილი სცენარი მხოლოდ ფეოდალური ურთიერთობებისკენ მიდრეკილი, ღარიბი საზოგადოებისთვის არის გაწერილი, სადაც განათლების მიღება და შრომა სათანადოდ არ არის წახალისებული და ბედნიერების დევნა, ხშირად კეთილდღეობისთვის (ან სულაც გამორჩენისთვის) ბრძოლამდე დაიყვანება.
ადამიანებს ყოველ ჯერზე იმედი აქვთ, რომ მორიგი რევოლუცია ან ,,დიდი რეფორმა“ მათ ბედნიერებს გახდის, მაგრამ ბედნიერება სხლტება და მასები პირში ჩალა გამოვლებულნი რჩებიან.
ბოლოს კი მხოლოდ ეს შემიძლია დავამატო: ,,უამრავი ადამიანი იტანჯება ნევროზით, რადგან ვერ მიმხვდარა, რატომ ვერ ნეტარებს ,,თავის ჭკუაზე“ და არც კი იციან , რომ სწორედ ეს ,,ჭკუა“ არ ყოფნით“ – კ. გ. იუნგი (,,მეტამორფოზის სიმბოლოები“).

2020 წელი, თებერვალი.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / მომხმარებლები ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები ზურა ოდილავაძე - ნაწყვეტი წიგნიდან ,,ფეისბუქის ლიტერატურა" ზურა ოდილავაძე - ნაწყვეტი წიგნიდან ,,ფეისბუქის ლიტერატურა" ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები შოთა ზივზივაძე - საზრისული ძიებისათვის შოთა ზივზივაძე - საზრისული ძიებისათვის ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / სტატიები / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge