გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათია ზოიძე - ეგზისტენციალიზმი მილან კუნდერას რომანში ,,ხუმრობა’’

დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია - ეს ხუმრობა ალბათ ყველას გაგონილი აქვს. სწორედ ამ დღეს, პირველ აპრილს, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში დაიბადა მილან კუნდერა. უბრალო დამთხვევაა, რომ მის სადებიუტო რომანსაც ,,ხუმრობა’’ ჰქვია, თუმცა ცხოვრება ხომ უბრალო დამთხვევათა ჯაჭვია, რომელშიც მიზეზშედეგობრივი სურათის დანახვა, მხოლოდ დისტანცირების შემდეგაა შესაძლებელი.კუნდერა კომუნისტური ქვეყნის ანტი-კომუნისტური იდეოლოგიის მწერალია, რომელმაც თავს საფრანგეთში გაქცევით უშველა.  საბჭოთა ცენზურას მისი ,,ხუმრობა’’ რომ დროულად აღმოეჩინა, დიდი ალბათობით მისი სახელი დღეს ჩეხებსაც არ ეცოდინებოდათ. რომანი 1967 წელს დაიწერა, როდესაც კუნდერა 1967-68 წლების ჩეხოსლოვაკიის საბჭოეთისგან განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობდა. ჩეხოსლოვაკიის ოკუპირების შემდეგ იგი პარტიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც 1975 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.
უსამართლობაა, რომ კუნდერას შეფასება და შემდგომ დაფასება  მისი პოლიტიკური კონტექსტისა და ისტორიის პრიზმაში გატარების შემდეგ დაიწყო. უფრო მეტიც, მისი პოპულარიზება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სწორედ ამ ნიშით ხდება. ხელოვანისათვის ასეთი ,,პოპულარობა’’ ალბათ ნაკლებად სახარბიელოა, რადგან როგორც ელიოტი ამბობს ესეში ,, ტრადიცია და ინდივიდუალური ნიჭიერება’’ , ისტორიას მწერალი იმდენ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს, რამდენიც მისი ხელოვნებისთვის ფონის ან კონტექსტის კონსტრუირებისთვისაა საკმარი. მილან კუნდერა ვფიქრობ ისეთი მწერალია, რომელმაც შეძლო პოლიტიკისა და ისტორიის უნაკლო ანტურაჟის შექმნა, მისი რომანებით დაინტერესება ანტისაბჭოური პათოსის ამოსაკითხად მცდარია, რადგან კუნდერამ ასევე შექმნა არაჩვეულებრივი ადამიანური სახეები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ მთელს ყურადღებას.
კუნდერა 1968 წელს სატელევიზიო ინტერვიუში განიხილავს რომანს ,, ხუმრობა’’ და ამბობს, რომ რომანის პოლიტიკურად მონათვლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღრმად სწამს, რომანი სიყვარულზეა. სასიხარულოა, რომ კუნდერა ქართველი მკითხველისათვის მშობლიურ ენაზეც ხელმისაწვდომია. კუნდერას ,, ყოფის აუტანელმა სიმსუბუქემ’’ გამოსვლისთანავე ახალგაზრდების დიდი ყურადღება დაიმსახურა. უფრო მეტიც, რომანი იმ ერთ-ერთი ,, გაჰიტებულ’’ წიგნთაგან გახდა, რომლის წაკითხვაც თანამედროვე ,,ნაკითხობის’’ იმიჯის განუყოფელ ელემენტად იქვა. ამის შემდეგ ითარგმნა კიდევ სამი რომანი: ,,უკვდავება’’, ,,უმნიშვნელობის ზეიმი’’ და ,,შეუცნობელი’’.
რომანების შერჩევა ცხადია მთარგმნელთა გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა დასანანია, რომ არ ითარგმნა ,,ხუმრობა’’ და ითარგმნა მაგალითად ,, უმნიშვნელობის ზეიმი’’. ვისაც ორივე რომანი წაკითხული აქვს, ალბათ მიხვდება, რომ ეს უკანასკნელი პოლიტიკური კონტექსტის გამო უფროა ნათარგმნი, ვიდრე ლიტერატურული ღირებულებისა- მასში კუნდერა სტალინისა და სტალინის ვაჟის მისეულ ხედვას გვთავაზობს, ეს თემა კი ქართველი მკითხველისათვის ყოველთვის მიმზიდველი იყო და ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება.
ვიმედოვნებ, რომ მოცემული სტატია მიიქცევს მთარგმნელებისა და ლიტერატურის მოყვარულების ყურადღებას და ,,ხუმრობა’’ დაგვიანებით, თუმცა მაინც ხელმისაწვდომი გახდება ქართულ ენაზე. 
ჩემი სტატია რომანისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება. რატომ არის რომანი საინტერესო?
რომანი ეგზისტენციალურ ჭრილში იქნება განხილული, აქვე უნდა ითქვას, რომ ,,ხუმრობა’’ არ არის წმინდად ეგზისტენციალური რომანი, როგორებიცაა ბეკეტის ,,მოლოი’’ ან სარა კეინის პიესა ,,ფედრა’’. აქედან გამომდინარე კუნდერას მთავარი გმირიც არ არის ყველა იმ მახასიათებლის მატარებელი, რომლებიც აერთიანებს ეგზისტენციალური რომანების გმირებს, თუმცა იკვეთება რამდენიმე აშკარა ნიშანი, რომლებიც მთელს რომანს ლაითმოტივად გასდევს. პირველი: ლუდვიკის , რომანის მთავარი გმირის თავგადასავალი არსებობის პრობლემას არაერთხელ უსვამს ხაზს. ორიენტირის გარეშე დარჩენილ სამყაროში ყოფის ერთადერთი ახსნა მხოლოდ და მხოლოდ არსებობაა, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის საკუთრ თავზე აღებას, რომელსაც მეორე მახასიათებლამდე ეგზისტენციალურ შფოთვამდე მივყავართ. როგორც კირკეგორი ამბობს, ეგზისტენციალური შფოთვა რაციონალურობის პრინციპებით სამყაროსთან გამკლავების საპასუხო რეაქციაა. რომანში ასევე იკვეთება ამ ორი ნიშნისაგან გამომდინარე განწყობებიც, როგორებიცაა მობეზრება, აბსურდულობა  და გაუცხოება. 
რომანის სათაური ,,ხუმრობა’’ მთავარი გმირის ცხოვრების შეჯამებაა, რომელიც უწყინარი ხუმრობის შედეგად აბსურდულ, რეპრესირებულ ,,ყოფაში ჩავარდა’’. ლუდვიკის ტრაგედია უაზრო ხუმრობით დაიწყო და მისი პიროვნებისა და ცხოვრების რღვევა, დემორალიზაცია და დაშლა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ თავმომწონე ლუდვიკმა ბანაკში წასულ შეყვარებულ მარკეტას ახალგაზრდული ეჭვიანობის გამო ირონიული წერილი მისწერა, რომელშიც ეწერა: ,, ოპტიმიზმი ადამიანების ოპიუმია, ჯანსაღი გარემო ყარს სისულელით, სიცოცხლე ტროცკის!’’. შემდგომში ეს ,,ხუმრობა’’ გადაიქცა მთელი ლუდვიკის ცხოვრების გარდამტეხ ფრაზად. ის გარიცხეს პარტიიდან, უნივერსიტეტიდან, გაამწესეს საპატიმროში და ამუშავებდნენ მაღაროში.  ერთ-ერთ პასაჟში ლუდვიკი წუხს იმაზე, რომ მაღაროში  და საპატიმროში მოხვდა და არა იმის გამო, რომ განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა, არც საკუთარი იდეის სხვათა იდეებთან ბრძოლაში დამარცხებისთვის არ დასჯილა, მთელი მისი ცხოვრება დაემსგავსა აბსურდის თეატრის წარმოდგენას.  ლუდვიკის ,,დაცემა’’  არანაირი დრამით არ ყოფილა განპირობებული. ,, ხმაური და მძვინვარება’’ მის ცხოვრებაში უაზრობიდან დაიწყო, როგორც მაკბეტში ამბობს მთავარი გმირი: ‘’Sound and fury signifying nothing’’.
რომანის სტრუქტურა ხუთი გმირის ნარატივზეა აგებული, თუმცა რადგან მთავარი გმირი ლუდვიკია , მისი ნარატივი ყველაზე ჭარბადაა წარმოდგენილი. რომანი იწყება ლუდვიკის თხრობით, რომელიც თხუთმეტი წლის უნახავ მორავიის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.  
ბავშვობის მოგონება და ადგილები ადამიანს ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან და ემოციებთან აკავშირებს.  ლუდვიკი კი საკუთარი ქალაქისაგან გაუცხოებიული ამბობს, რომ იქ დაბრუნება მასში არანაირ ემოციას არ იწვევს, რადგან მშობლიურ ქალაქში უკანასკნელი სტუმრობიდან თხუთმეტი წელი გავიდა, მას კი უკვე აღარ ჰყავს მეგობრები და ნაცნობები, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ სცნობს ცდილობს თვალი აარიდოს.  დორსის სიმღერაში ჟღერს ასეთი ფრაზა  ‘’ People are strange when you are stranger’’ ,  ადამიანები უცნაურები არიან, როდესაც უცნობი ხარ.  ლუდვიკის შემთხვევაში კი ნაცნობი ადამიანები იქცნენ უცნაურ უცნობებად, სწორედ  ამიტომ ის თავადაც ცდილობს საკუტრ წარსულს გამოეყოს და წარსულთან კავშირს ახასიათებს, როგორც ,, ობისებრ მიჯაჭვულობას’’.   დამცინავი აგდებული ტონით ამბობს: ,, ჩემს ახალგაზრდობის დროინდელ ნაცნობებს  ჩამოვუარე, ყველა ერთმანეთის მიყოლებით ვუარყავი’’.  თუმცა ლუდვიკი აანალიზებს, რომ წარსულის უარყოფა ხელოვნურია და სინამდვილეში  ვერასოდეს გათავისუფლდება მისგან: ,,მივხვდი მოგონებებს ვერ გავექცევი, ისინი თავს მეხვევიან’’.
თუმცა საინტერესოა ის, რომ ლუდვიკი მაშინ გადაწყვეტს საკუთრი წარსული ,,მეგობრის’’ კოსტკას მონახულებას, როდესაც ამისათვის პრაგმატული საფუძველი გაუჩნდება. ლუდვიკი მიხვდა, რომ პაემანს საზიზღარ სასტუმროში ვერ მოაწყობდა, ამიტომ გადაწყვიტა კოსტკას ბინის გამოყენება. კოსტკა რომანის გამორჩეული გმირია, შეგვიძლია ის ნაწილობრივ ეგზისტენციალისტურ გმირად მივიჩნიოთ. ლუდვიკის საუბრიდან ვიგებთ, რომ კოსტკა ცოლს გაშორდა და ექიმად მუშაობს. კოსტკა ყვება რომ მისი პარტნიორი მეზობელ ქალაქში ცხოვრობს და რომ დისტანცია, რომელიც წყვილს შორის როგორც წელი დაბრკოლებას ქმნის ხოლმე, მისთვის საჭირო თავისუფლებაა. კოსტკას ეშინია თანაცხოვრების და მოსწონს იმ ტიპის ურთიერთობა როგორიც აქვს, რადგან: ,, მარტოობა ხელშეუხებელი რჩება და თავისუფალი ვარ’’.  თავისუფლება, რომელზეც კოსტკა საუბრობს არის არჩევანისა და პასუხისმგებლობისაგან თავისუფლება. თუმცა კოსტკას თავისუფლების სურვილი განსხვავდება ლუდვიკის ირონირებული თავისუფლებისაგან.  ლუდვიკისთვის კოსტკას ბინაც მხოლოდ და მხოლოდ ის ადგილია, სადაც სექსუალური სურვილების ასრულებას შეძლებს. მისივე სიტყვებით რომ  ვთქვათ , კოსტკას ბინა ადგილია, რომელშიც მოახერხებს მიაღწიოს,, ლამაზ ჩამოშლას’’. მას კარგად ესმის, რომ კოსტკასთვის გაუგებარია ჩამოშლის ცნება, რადგან მას მოიაზრებს პიროვნებად, რომელიც ღმერთის მარადიული ღირებულებების მაშენებელთა შორისაა.  ,, მე ღმერთის კედლების აგურებით ამომყვანთა რიცხვს არ მივეკუთვნები’’. ლუდვიკი აქილიკებს მარადიულ ღირებულებებს და მეტაფორულად ამბობს, რომ რეალურად არც კი არსებობს ღირებულებათა ის კედელი, რომელსაც ღმერთის სამწყსო ღმერთთან ერთად აგებს, რადგან ის რომ ნამდვილად არსებობდეს, შეუძლებელი იქნებოდა მისი დანგრევა. კედლების ნაცვლად მე ვხედავ სასცენო დეკორაციებს, რომლებიც იმისათვის ეწყობა, რომ შემდეგ დაინგრეს.
ეს პარალელი ძალიან მოგვაგონებს სიზიფეს მითს, რომლის მიხედვით ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ლოდის აგორება და ჩამოგორება და მას მხოლოდ ამ ტიპის არსებობა აქვს. როგორც ლუდვიკი ამბობს საკუთარი ღირებულებების დეკორაციებს  უნდა დაშლის და უნდა ააწყობს, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ლოდის აგორებისას ან დეკორაციის სცენაზე აწყობისას რაიმე შეუცვლელს, მუდმივს მიიღებს. ადამიანმა უნდა დაინახოს მხოლოდ არსებობის ფარგლებში გაჩენილი შესაძლებლობებით.  ამ პატარა მონაკვეთში ნათლად იკვეთება ლუდვიკის ეგზისტენციალისტური მიდგომა ღირებულებებისა და ფასეულობების სისტემების მიმართ. ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშა ხომ ისაა, რომ არ არსებობს ზუსტი ჭეშმარიტებები,  არამედ მხოლოდ ინტერპრეტაციები. საინტერესოდ ვითარდება კოსტკასა და ლუდვიკის დიალოგი, როდესაც კოსტკა ეუბნება : ,, მაშინ რა მოხდება, თუ ერთხელაც მიხვდები, რომ ის ილუზიები, რომელთაც დასცინოდი, სინამდვილეში რეალობებია, თუ გაანალიზებ, რომ რასაც შენი ცინიზმით არღვევდი ილუზიად შენიღბული შეუცვლელი ღირებულებები იყო’’. 
ღირებულებების გაუფასურების თემას ეხმიანება ელენეს ნარატივიც,  ლუდვიკის საყვარელი ელენე გვიყვება თავისი ოჯახის, სიყვარულის ისტორიას.  იხსენებს ქორწილს, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა პარტიიდან, ანსამბლიდან და როგორ უთხრა მაშინ პაველს (ქმარს) : ,, პაველს ვუთხარი რომ თუკი ოდესმე ერთმანეთს ვუღალატებდით, ვუღალატებდით ყველას ვინც ჩვენს ქორწილზე მოვიდა. ვუღალატებდით ძველი ქალაქის სკვერში დემონსტრანტებს... მეცინება, როცა ვიხსენებ იმ ყველაფერს, რასაც ვუღალატეთ...’’ 
გაუცხოებული ურთიერთობის მაგალითი გვხვდება კიდევ ერტი გმირის იაროსლავის ნარატივშიც. იაროსლავი ლუდვიკის ბავშვობის მეგობარია. ისინი ერთმანეთთან საერთო ინტერესებმა და ბედმა დააკავშირა, ორივე ობოლი იყო, ორივეს უყვარდა მუსიკა და სჯეროდათ, რომ სიმღერებს შეუძლიათ ცხოვრების შეცვლა, რომ ფოლკლორში არის ერის სული. ლუდვიკმა ფოლკლორის ერთგვარი ფილოსოფია  ჩამოაყალიბა. მან იაროსლავს უთხრა: ფოლკლორი იის გამოა საინტერესო, რომ პოეტივით ინდივიდის გამომზეურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ინდივიდის სხვებთან დაკავშირებასო.  ფოლკლორი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყველა ვინც კიხალხურ სიმღერას მღეროდა უნებლიედ ამატებდა მას საკუთარ ,,მეს’’.  ლუდვიკის იდეის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულმა იაროსლავმა ფოლკლორული ანსამბლიც კი ჩამოაყალიბა. კომუნიზმისთვის, როგორც იდეოლოგიისათვის  და სისტემისათვის იმდენად მისაღები აღმოჩნდა მათი მუსიკა, რომ ანსამვლმა პოპულარობას მიაღწია და საზღვარგარეთაც კი გაუშვეს. საპატიმროდან დაბრუნებული ლუდვიკი გაუცხოებულია იაროსლავისაგან რადგან ის ზოგადად საკუთარი წარსულისაგან არის გაუცხოებული. იმ ლუდვიკისგან რომელსაც სჯეროდა, რომ სისტემ ა და რაციო უკეთესობისაკენ შეცვლიდა ისტორიას და სამყაროს.  პირველი ნაპრალი მათ ურთიერთობაში გააჩინა იმ ფაქტმა, რომ იაროსლავი თავს დამნაშავედ გრძნობდა, იმიტომ რომ მას ეწვია წარმატება და არა ლუდვიკს.  გარდა ამისა, მან არ მოინახულა ლუდვიკის დედა, რომელსაც მარტოობაში ამოხდა სული ( ამ დროს ლუდვიკი საპატიმროში იყო).  იაროსლავი ლუდვიკს საზღვარგარეთული ვოიაჟების შესახებ ვერ ელაპარაკება, რადგან სინდისი ქენჯნის. სწორედ ამიტომ მეგობრულმა დიალოგმა ფორმალური სახე მიიღო, ამასთან ორივე მხარე ცდილობდა ეს გადაეფარათ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ ,, დიალოგის თვითნებური უმნიშვნელობა აუტანლად მტკივნეული ხდებოდა’’. იაროსლავის აზრით ადამიანები იშორებენ ყველა ისეთ ფიქრს, რომელიც მათ სავალ გზას სცილდება, ასეთი ყოფის სიმსუბუქე მასში ეგზისტენციალისტურ შფოთვას იწვევს. რაშია იაროსლავი დამნაშავე ? თუმცა მთელი სიმძაფრით გრძნობს დანაშაულს და ამბობს ,, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, როცა ცუდი არაფერი ჩამიდენია’’.  ლუდვიკის გულგრილობა იაროსლავში მარტოობის გრძნობას იწვევს . იაროსლავი კი ამბობს: ,, შენი მტრები კი არ გწირავენ მარტოობისათვის , არამედ მეგობრები’’.
აბსურდულობის როგორც  ყოფის ერთადერთ მოცემულობად მიღების მაგალითია მაღაროში მოხვედრილი ლუდვიკი, რომელმაც იქ გაუსწორა თვალი დეპერსონალიზებულ ბუნდოვან არსებობას და მაშინვე შეძლო მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანების შემჩნევა: ,, ნელ-ნელა მივეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემმა ცხოვრება დაკარგა ხანიერება, ის ხელიდან გამომტაცეს, რომ საბოლოოდ ისღა დამრჩენოდა დამეწყო მხოლოდ არსებობა და მე დავიწყე გარშემო ადამიანების შემჩნევა’’. 
ლუდვიკი იწყებს ყოფის იმ სახით მიღებას, როგორიც ის არის. ,,კოლეგებთან’’ ერთად კვირაში ერთხელ ბარებში დადის და მეძავებთან ურთიერთობით ირთობს თავს. უდვიკი დაწვრილებით აღწერს მეძავთან პირველ ურთიერთობას, რომელმაც ლუდვიკს უჩურჩულა: მხოლოდ შენს გამო წამოგვყევითო, ლუდვიკმა იგრძნო, თითქოს ქალს უყვარდა და სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ თუნდაც მეძავის სიყვარული დაიმსახურა. 
მაღაროში მოხვედრილი ლუდვიკი ცდილობს გაექცეს ერთსახოვნებას, მას არ სურს იყოს ,,სამყაროში შემოგდებული ტიპი’’, მას გამორჩეულობა უნდა, თუნდაც მეძავის სიყვარულის ნიშნით. ლუდვიკი მალევე მოდის გონს და ხვდება, რომ ეს ყველაფერი ფანტაზიაა, არც მეძავს უყვარს და თავადაც არაა გამორჩეული. მარცხი მასში გულგრილობასა და ირონიულობას იწვევს. მისთვის სექსუალური კავშირი უბრალოდ ფიზიოლოგიური აქტი ხდება. ლუდვიკის განცდები ძალიან ჰგავს სარა კეინის ფედრაში მთავარი გმირის ჰიპოლიტუსის ყოფას, რომლისთვისაც მოწყენილობა და არაფრის შეგრძნება გამომდინარეობს იქიდან, რომ დაკარგა რაიმე განსაკუთრებულის დანახვის უნარი. ჰიპოლიტუსისათვის სექსი დროის გატარების ერთ-ერთი საშუალებაა, ისევე როგორც ჭამა და ტელევიზორის ყურება. აცნობიერებს რა , ყოფის მოსაბეზრებელ ამაოებას ლუდვიკს ეუფლება სევდა. სევდა იმის, გამო, რომ არაფერი გამორჩეული მის ცხოვრებაში, მის სექსში, ყოველდღიურობაში არ ხდება. მას არ მისცეს არჩევანის უფლება, ის ჩავარდა არსებობის ისეთ ფორმაში, რომელშიც არაფერი განსაკუთრებული არაა, და გაიაზრა ,, ფუნდამენტური და ჩვეული ყოფიერების, როგორც არსებობის მდგომარეობა’’.  ,,და მე შემეშინდა’’ ამბობს ლუდვიკი. თუკი მანამდე დრო განსხეულებული იყო სამუშაოში, სიყვარულში, რაიმე სახის ძალისხმევაში და ის ამ ქმედებების უკან იდგა, ახლა დრო ლუდვიკს შიშველი სახით გამოესახა: ,, სრულიად განძარცვული, როგორც სინამდვილეშია’’.
მაღაროში მყოფ ლუდვიკს ეგზისტენციალური შფოთვა იპყრობს და თავდაპირველად ცდილობს გაქცევით უშველოს თავს. რომანში გაქცევის მცდელობად ლუსი გვევლინება- ლუდვიკის სიყვარულის ობიექტი.  ალბათ სწორედ ამიტომ ამბობს კუნდერა, რომ რომანი სიყვარულზეა, რადგან წიგნის ერთადერთი პასაჟი, რომელიც რომანის ეგზისტენციალისტური პათოსისაგან თავისუფალია, ლუდვიკისა და ლუსის სიყვარულის აღწერაა. საათმა, რომელიც თვეები ჩუმად ეკიდა კედელზე, უცებ დაიწყო სვლა. დრომ , რომელიც მანამდე უაზრობიდან უაზრობისაკენ გულგრილად მიედინებოდა, კვლავ მიიღო ადამიანური სახე და გაზომვადი გახდა. ლუდვიკის ყოველი დღე ლუსისაკენ მიმავალი კიბის კიდევ ერთ საფეხურად იქცა. თუმცა ლუდვიკის სიყვარული, სრულდება მარცხით, გაუგებრობით და გაუცხოებით. თხუთმეტი წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ლუდვიკი შემთხვევით ხვდება ლუსის, ისინი ერთმანეთს არც კი შეხედავენ. მოგვიანებით ლუდვიკი აღიარებს, ნებისმიერი რამ მხოლოდ ერთხელ ხდება, განმეორების გარეშე და თან მოვლენის ორიგინალობა იმ ფონზეა დამოკიდებული, რა  ფონზეც და წიაღშიც ის აღმოცენდებაო. შეცდომაა, როდესაც საყვარელ ადამიანს იმ გარემოებებისგან მოწყვეტით განიხილავ, რომლებთანაცაა მისი გამოცდილება მიბმული, რადგან სიყვარულს ელფერს ყველაფერი ერთად სძენს. ლუდვიკი აცხადებს, რომ მას ეშინოდა ლუსისთან შეხვედრის, რადგან მათი შეხვედრა მოხდებოდა ისეთ ადგილას და დროში, რომელშიც ,, ლუსი’’ უკვე აღარ იქნებოდა ლუსი. ლუდვიკისთვის ლუსი იყო არა რეალური არსება, არამედ აბსტრაქტული ადამიანი, ლეგენდა, მითი, მაღაროში მყოფი ლუდვიკის სიტუაციის ერთადერთი ფუნქცია. სხვანაირი ლუსი მას არასდროს უნახავს, ამიტომაც ვერ იცნო თხუთმეტი წლის შემდეგ სალონში ის, მისი ხელები, შეხება, ლუდვიკისთვის სრულიად უცნობ ადამიანთან იყო დაკავშირებული და არა მისგან გაქცეული ლუსის სახესთან.  ლუდვიკისთვის რეალობა არა მის წინ მდგარი სტილისტი ლუსი იყო, არამედ ის გოგონა რომელიც მისგან გაიქცა. 
გარდა ზემოთ მოცემული მსჯელობისა, რომანი მოიცავს უამრავ ნიუანსს, რომელთა ერთობლიობა ,,ხუმრობას’’ კუნდერას ერთ-ერთ საუკეთესო რომანად აქცევს. ასე რომ, იმედს ვიტოვებ, მისი თარგმანით დაინტერესდებიან და უახლოეს მომავალში ,,ხუმრობას’’ ვიხილავთ ქართულად.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ მარჯანიშვილი - ,,მე მიზიდავს მხოლოდ საქართველო“ (მარიამ კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით) მარიამ მარჯანიშვილი - ,,მე მიზიდავს მხოლოდ საქართველო“ (მარიამ კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით) ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ლადო ჯაფარიძე - ჭადრაკის სათავეებთან ლადო ჯაფარიძე - ჭადრაკის სათავეებთან ჟურნალი / ესეისტიკა / სპორტი / სტატიები / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge