გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელენე დემეტრაძე - ხანძარი რასპრავაში

    
   თებერვლის იმ საღამოს ბულანჟერიიდან ბიჭები ღრმად ნასიამოვნები დაბრუნდნენ სახლებში და მერე დილითაც ,,სუდა ი რასპრავაში” იხსენებდნენ სასიამოვნო ატმოსფეროს, რაც დედაქალაქში არსებულ საფრანგეთის იმ პატარა კუთხეში გამეფებულიყო.
–დიდებული იყო, ლევან. შენ რას იტყვი, ხშირად არ ვეწვიოთ ხოლმე? - ჰკითხა ნიკომ ლევანს.
–კარგი, ერთი რა, თუ ღმერთი გწამს, რომელი ტკბილეულობის მოყვარული მე მნახე ახლა! - ლევანმა თამბაქოს  მოუკიდა.
– არა, ლევან, არც მე ვარ დიდი მოყვარული, მაგრამ...
– მარტო ტკბილეული არაფერ შუაშია, შენ მოგეწონა აკვარიუმის დიდი თევზუნია, დელფინ სახელად, ხომ ასეა? - ლევანმა კომოდზე შემოდებულ სიგარას გადასწვდა, მოუკიდა, მერე თავისი დიდრონი, წყლიანი თვალები ოდნავ მოჭუტა და მეგობარსმიაპყრო - მაგრამ ვთვლი, რომ შენ ჯერ  ეს არ გჭირდება...
– ვერ მიგიხვდი, რაზე მიმანიშნებ, ან დელფინ ვინ არის? - ბავშვივით  გაიოცა ბარათაშვილმა. მე მარტო ანანასისა და ნაღების ნაყინის გემო გამომყვა იქიდგან, ბულანჟერეაში თევზი არ მიმირთმევია, ძმაო!
ლევანს კვლავ გაეღიმა, აღარ შეკამათებია, აზრი აღარ ჰქონდა, ნიკო კერკეტი კაკალივით იყო ზოგჯერ. თანაც დილაადრიდანვე უამრავიგადასარჩევი წერილი იყო დაგროვილი და ბარათაშვილი ეშურებოდა საქმის მალე მომთავრებას.
– ჰმ, განსაცვიფრებლად მუყაითია დღეს - ის იყო თავისთვის ჩაილაპარაკა მელიქიშვილმა, რომ მისი ყურადღება დერეფანში დღისით-მზისით უცნაურად სიჩახჩახემ მიიპყრო. ამ დილით ფარნები აანთეს, თუ რა ამბავიაო, - გაიოცა და გაეშურა ამბის გასაგებად, მაგრამ კარი არ ჰქონდა ხეირიანად გაღებული, რომ დერეფნიდან მათ სამუშაო ოთახში ტკარცალით შემოვარდა ცეცხლის ენები. - ჩქარა, ტატო, თავს ვუშველოთ! - დაიყვირა მან და ოთახში შემოვარდა. კაბინეტის მაღალი ფანჯრები პირდაპირ უკანა ეზოში გადიოდა, მაგრამ ნიკო საერთოდ არ დაბნეულა. მან ერთი ხელის მოსმით ჩაყარა დიდ ყუთში თითქმის ყველა საჭირო საბუთი, რაზეც ხელი მიუწვდებოდა და ფანჯრიდან გარეთ გადაიტანა, მერე კი თვითონვე მკვირცხლად გადაძვრა და გვარიანად დაბნეულ ლევანსაც შეეშველა. ადრე დილა იყო, ლევანის, ნიკოს, კარლ ბეკმანისა  და ღამის დარაჯის მეტი ჯერ არავინ მოსულიყო. უკვე მეორე სართულზე ასული ბეკმანი, ოთხმოც წელს გადაცილებული კაცი, მთლად პანიკას მოეცვა, ფანჯარასთან მიმდგარიყო აღელვებისაგან ყბა უცახცახებდა და ოდესღაც ძლიერ ხელებს ახლა ჰაერში ასავსავებდა. 
ნიკომ და ლევანმა მოისაზრეს, კარლ ილიჩს ფანჯარაზე ასვლა სთხოვეს და მერე იქიდან მშვიდობით ჩამოყვანას დაპირდნენ მყარი ხის კიბით, რომელიც ბედად ეზოში მდებარე ბებერი ვაშლის ხის წინ მიეყუდებინათ. 
- სპაკოინა, სპაკოინა ნადო სპუსკატსა ვნიზ, ილიჩ, ბეზ პანიკი, ლიცო კ ოკოშკე,  ი ნე სმატრიტე ნა ზემლიუ, სმატრიტე ნა  სტენუ! - ემუდარებოდა ამ კეთილ მოხუცს  ლევანი.
     – ბილ ბი მოლოდ, პასმელ ბი, ახ, სტაროსტ ნე რადოსტ, და ი პარალიჩ უბივაეტ, პამაგი ბოჟე! - პასუხობდა აკანკალებული ბეკმანი. მან ძლივს მოახერხა ფანჯარაზე გადაცოცება. მერე ვაი-ვაგლახით შებრუნდა უკან, რათა დაკრუნჩხული ხელები კიბისთვის ჩაევლო და ძირს დაშვებულიყო. კიბეს მელიქიშვილი ღონივრად ამაგრებდა.
ქუჩაში გამოვარდნილ ნიკოს ცოტაღა უკლდა საგონებელში ჩავარდნას, გარშემო არც დამხმარე, არც  ვინმე მეთულუხჩე, ვინმე ყარაჩოხელთანი ან კურიერთაგანი  იმყოფებოდა. გასაკვირიც არ იყო, ადრე დილას კაცი მშველელს მაინც ძნელად ნახავდა. ბარათაშვილი მოსხლეტით გაქანდა ხაზინის ქუჩის გავლით წყლისპირისაკენ, რუსულად ყვიროდა, მორიგე პოლიციელი გამომეხმაუროსო. წყლისპირიდან ოდნავ მოშორებით, ტივზე დაინახა ძმობილებთან მოსაუბრე თევზაობით განთქმული ყარაჩოხელი გიჟუა ფარემუზოვი, ბრგე, გრძელულვაშავაჟკაცი.
– რა ხდება თავადიშვილო, რა გაჭირვებაა, შენ გულს ვენაცვალე? -  ჭკვიანი შავი თვალები შეაფეთა ნიკოს  გიჟუამ.
– ხანძარია, გიჟუა-ჯან, რასპრავაში, თუ არ ჩავაქრეთ, ქალაქს  მოედება, დროზე მოგვეშველე შენ გაზდას!
გიჟუამ მიმოიხედა და მეორე ტივზე გასცა სროლის ბრძანება, სამჯერ უნდა გაესროლათ ავლაბრის მიმართულებით, სადაც ბრაგმეისტერ ნიკოლაი კალმიკოვის კოშკურა იდგა და ოთხი მეხანძრე მორიგეობდა. სროლის გაგებისთანავე ბიჭებმა სასწრაფოდ გამოაფინეს კოშკურაზე მწვანე  ფერის ბურთი, რაც მჭედლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის  ნიშანი იყო.
აქეთ კი, რასპრავის პირველი სართული უკვე მთლად ცეცხლს იყო მიცემული, სუნთქვა შენობაში  კი არა, უკვე გალავანს გარეთაც ჭირდა, შეშინებული ხალხი გარეთ ფაცი-ფუცობდა, ზოგს თავისი ეზოდან მოჰქონდა ჭურჭლით წყალი. გარეთუბნის მეთულუხჩეებს უკვე გაეგოთ მომხდარი და ჩამოსულიყვნენ. აქეთ კიდევ ბეკმანი ახველებდა შეუჩერებლივ, ვეღარაფრით აწყნარებდნენ. ლევანი მიხვდა, რომ ოდესღაც მებრძოლ კაცს ახლა უბრალოდ საკუთარი უსუსურობის რცხვენოდა დახველაც ამიტომ მორეოდა.

ხანძრის მაცქერალი მოქალაქეები

იქვე ქუჩის კუთხეში მეთულუხჩეები ხეირის მოლოდინში გეგმებს აწყობდნენ და ერთურთს უზიარებდნენ. მერე ადგნენ და ჩვეულებრივ დღეებში 5 კაპიკად ღირებული წყალი 25 კაპიკად შესთავაზეს. რაღა ექნა, ლევანს, არც დაფიქრებულა ისე ჩაუთვალა თითქმის მთელი ხელფასი! გარეშემო  ხალხი შფოთავდა, იხუვლეს და გალავანზე გადავიდნენ – არიქა, ჩვენს სახლებსაც არ გადაედოთ ხანძარიო! ვისაც როგორ შეეძლო, ისე მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში, ზოგი ძველ ლეიბებსა და გადასაფარებლებს იყენებდა, ზოგსაც ჩაიდნით და ვედროებით მოეზიდა მტკვრის წყალი. იქვე ხაზინის ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდა თავადიშვილი  მირიან სახელიშვილი საფრანგეთიდან სულ თერთმეტი თვის ჩამოსული იყო და ქალაქში წყლის სერვისის ფასიანი სამსახური დაეარსებინა. მას ეზოში პარიზიდან გამოწერილი ერთ-ერთი პირველი წყალსაქაჩი დაემონტაჟებინა, საიდანაც მტკვრის სუფთა წყალს ტუმბავდნენ, სპეციალური ხელსაწყოთი ფილტრავდნენ და მერე ყიდდნენ. ნიჭიერი გვარისკაცი პარიზში დიდად განსწავლულიყო იყო ზუსტ მეცნიერებებშიც, ასე განსაჯეთ, თავადაც კი შეექმნა რამდენიმე საფილტრი ხელსაწყო და მათს საყოველთაო წარმოებაზე ფიქრობდა. მაგრამ, როგორც კი ხანძრის ამბავი გაიგო, დაფაცურდა და სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა მელიქიშვილს თავისი ეზოს წყალი - ზედა ეზოდან უზარმაზარი მილი ჩამოუშვეს და თქეშით მიუშვეს შენობაზე მოელვარე ცეცხლის ენებს, ბაღსა და ყველაფერს, რაც იწვოდა. ნიკოც მალევე დაბრუნდა, სირბილში ფეხი სტკენოდა და აქეთობისას მეეტლეს ამოეყვანა.
ათიოდ წუთში კი ცხენების ფლოქვების ხმა გაისმა... სულ ბდღვირი აადინა  ქუჩას კალმიკოვის 5-კაციანმა მეხანძრეთა რაზმმა!
– ბისტრა, ნა  ვტაროი ეტაჟ! - შესძახა კალმიკოვმა.
–მარცხნიდან, მარცხნიდან დაიწყონ, უთხარით, ავეჯი, ილინსკის ოთახი და გერმანული ფისჰარმონიაა იქა! - სთხოვა ლევანმაც მეხანძრეებს. ხილვადობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, რადგან კვამლს შთაენთქა გარშემო ყველაფერი.
– ვითარება რთულია, კნიაზ, პაჟარი რთული ჩასაქრობია, - ქართულზე გადავიდა კალმიკოვი, მაგრამ თქვენის და ილინსკის პატივისცემით მოვედით აქა... ისე კი სხვა საქმეც ბევრი გვაქვს! არ გიღალატებთ! - განგებ ხმამაღლა ლაპარაკობდა ნიკალაი კალმიკოვი, რათა იქ მყოფთა ხმები გადაეფარა და თავისი საქმის ფასეულობა ეგრძნობინებინა გარშემომყოფთათვის. ისე იქცეოდა, გეგონება და ეგ არის, ვინც არისო. მერე მოსახლეობას მოუწოდა, სველი ცხვირსახოცები აეფარებინათ პირზე, რათა კვამლით არ გაგუდულიყვნენ.
ნიკომ რამდენიმე ტიკი გამოართვა ყარაჩოხელებს, გულზე თოკით ჩამოიკიდა და პირზე ცხვირსახოცაფარებული საკმაოდ მარდად ავიდა მიდგმულ კიბეზე. თავისი ხელით  ფანჯრებიდან  მიასხურა წყალი აქა-იქ მოელვარე ცეცხლის ენებს. ლევანი, კალმიკოვი და გიჟუა მას უშლიდნენ, - ემანდ, მარცხი რამ არაფერი მოიწიოო, - მაგრამ ის მაინც რაინდულად  დარჩა ბოლო წუთამდე, სანამ თავად არ დარწმუნდა, რომ ილინსკის ოთახი გადარჩა.
როცა ილინსკი და სხვა დანარჩენი თანამშრომლები მიადგნენ ექსპედიციის კარს, ცეცხლსაქრობი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე მოემთავრებინათ.
ამ საზარელი სურათის მხილველ დინჯ ილინსკის შიშისგან  თვალები დაუმრგვალდა - რა ხდება, ქრისტიანებო, - შესძახა გაოგნებულმა, - ვინ დაგვწვა, თავდასხმახომ არ იყო, თუ რა ამბავია ჩვენს თავს? 
კალმიკოვი ჩამოქვეითდა და სამხედროსავით გამოეჭიმა ილინსკის:
- ვასილი ივანიჩ, პაჟარ სპაზარანკუ - სიშიკი ზაიმუტსა ეწიმ, პადობნოე სლუჩაეტსა, მი სპასლი ბოლშუიუ ჩასწ ზდანია ი დოკუმენტოვ, პაეტამუ ბლაგოდარიწე მენია, კნიაზია ბარატოვა ი ბოგა! - სხაპასხუპით მიაყარა ამბიციურმა და რატომღაც ღმერთი სულ ბოლო ადგილას ახსენა. ამან ხალხი აღაშფოთა, ისინი გაიძახდნენ, - პირველ რიგში ღმერთმა არ გაგვწირა. თავადიშვილი ბარათაშვილი და ის ახლადგადმოსახლებული ჯეელი კნიაზი რომ არა, მეხანძრეების მომყვანიც არავინ იყო, ამიტომ მთლად გადავიბუგებოდითო...  სხვები ქოქოლას აყრიდნენ მეტიჩარა კალმიკოვს. მალევე სახაზინო პალატიდან ზარალის დამთვლელი კომისია და უბნის პოლიცია მოვიდა, ჩონჩხადქცეულ პირველ სართულზე შევიდნენ და ოქმი შეადგინეს. მეორე დილით კი ნიკოს და ლევანს დამატებით წამახალისებელი პრემია გამოეწერათ და საგანგებო მადლობა  მიიღეს. ნიკოს ახალი თანამდებობაც  კი ებოძა მადლიერების ნიშნად - ,,სააპელაციო საქმეთა გამგებელი” გახდა და ჯამაგირი ხუთი მანეთის მაგივრად შვიდი მანეთი  გაუხდა.скачать dle 12.1