გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბექა ხოჯავა - კოლექტიური მკვლელობის მოტივი ფოლკლორსა და ლიტერატურაში


ფშავში გავრცელებულია თქმულება ჩარგლელ ძმებზე სულასა და კურდღელაზე, რომლებიც გამდიდრდნენ და თემში დაწინაურება მოინდომეს. პასუხად სოფელი გაერთიანდა და ახალი წლის წინა დღეს ურჩი ძმები ღალატით დახოცა.გაბუდაყება, - თემისგან გამორჩევა, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება - ისეთი რამაა, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. როგორია თემის პასუხი? ის არღვევს ზნეობრივ კანონს და ამას აკეთებს ერთსულოვნად. პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველაზე ერთად და არავისზე ცალ-ცალკე. მკვლელობა ღვთის ნებითაა გამართლებული. ამგვარი სამართალი უნივერსალურია.
„როგორც სულა და კურდღელა ჩარგალში, ისე არხალში არხალი ყოფილა, არტანში - თაღლაურა... იმ ახალ წელს სამივენი სამგანვე ამოუწყვეტიათ ფშაველებსა...“ - ვკითხულობთ ანდრეზის ტექსტში.
კოლექტიურ მკვლელობას როგორც დანაშაულზე პასუხისმგებლობის გაზიარების გზას მრავლად ვხვდებით მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორსა თუ ლიტერატურაში. წინამდებარე რეფერატში შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ცალეკული მაგალითები, დავადგინოთ მათ შორის მსგავსებები და პრინციპული განსხვავებები.

მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი
მოსეს ხუთთავის რიგით მეოთხე, რიცხვთა წიგნის მეთხუთმეტე თავში ვკითხულობთ:
32. და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.
33. მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.
34. და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.
35. ეტყოდა უფალი მოსეს: სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.
36. და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.
ფშავურ ანდრეზში გადმოცემული სიუჟეტი ნათესაობას ამჟღავნებს ძველი აღთქმის ერთ-ერთ სჯულმდებელ წიგნში აღწერილ ამბავთან. აქაც ირღვევა ტრადიციულ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესი და ხალხი აქაც კოლექტიურად უსწორდება წესის დამრღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი სულ რამდენიმე წინადადებითაა გადმოცემული, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი.
მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხსენებულ მონაკვეთში აღწერილი დანაშაული, კერძოდ, უფლის ათი მცნებიდან მეოთხის დარღვევა და საუფლო შაბათ დღეს ყოველდღიური საქმიანობით დაკავება. რა თქმა უნდა, ბრალდებულის ქმედებას არ გამოუწვევია არავითარი ზარალი და ადამიანთა შორის გავრცელებული არავითარი კანონი არ დაურღვევია, თუმცა უფლის მცნების დარღვევას, - უფლისა, რომლის იმედადაც ისრაელის ხალხმა ეგვიპტე დატოვა და აღთქმული მიწისკენ გრძელ და მძიმე გზას დაადგა, - ტრადიციული საზოგადოება უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. როგორც ჩანს, მოსესთვისაც რთული აღმოჩნდა ამ საკითხის ხელაღებით გადაწყვეტა და ღვთიური ნიშნის მოლოდინში ბრალდებულის საპყრობილეში გადაყვანა ბრძანა. საბოლოოდ ცაბაოთ უფლის განაჩენი სასტიკი აღმოჩნდა: შაბათი დღის გამტეხი ხალხმა ჩაქოლა.
ბიბლიის ამ მონაკვეთში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უფლის კანონის და ნების აღსრულების აუცილებლობით არის ახსნილი და უფლისავე წინასწარმეტყველის პირით არის გამართლებული. სასწაულმოქმედი წინამძღოლისა და წინასწარმეტყველის სიტყვები ისეთივე დამარწმუნებელია ისრაელის ხალხისთვის, როგორც ფშაველთათვის ჯვრის მიერ სულასა და კურდღელას ნასახლარის დაკავება.

* * *
Quién mató al Comendador?
- Fuenteovejuna, Señor.
მომდევნო მაგალითს დიდი ესპანელი დრამატურგის ლოპე დე ვეგას პიესა „ცხვრის წყაროში“ გადავყავართ, რომლის მოქმედებაც XV საუკუნის ანდალუზიურ დასახლებაში ფუენტე ოვეხუნაში, იმავე ცხვრის წყაროში მიმდინარეობს. კალატრავას ორდენის კავალერსა და მეფე ფერდინანდ II-ის კომანდორს ფერნან გომეს დე გუსმანს სოფლელი გოგონას ლაურენსიას მიმართ მწველი სიყვარული აღეძვრება, მაგრამ ლაურენსიასგან უარს მიიღებს. ამის შემდეგ კომანდორი გოგონას საქმროსგან, ფრონდოზოსგან, მოითხოვს პირველი ღამის უფლებას, რაზეც ასევე მტკიცე უარით უპასუხებენ. შეურაცხყოფილი კომანდორი შურისძიებას გადაწყვეტს და ფრონდოზოს ჩამოხრჩობას მიუსჯის. შეურაცხყოფილი სოფლელები ფერნანს და მის ერთ მსახურს სასტიკად უსწორდებიან. გადარჩენილი მსახური მკვლელობის შესახებ მეფეს და დედოფალს შეატყობინებენ, რომლებიც მაგისტრს უბრძანებენ საქმის გამოძიებას. სოფლელები შუბზე წამოგებული კომანდორის თავით ზეიმობენ ღირსების აღდგენას, როდესაც მაგისტრის ჩამოსვლის ამბავს შეიტყობენ. ისინი უსიტყვოდ თანხმდებიან სამოქმედო გეგმაზე. ადგილზე ჩასული ინკვიზიტორი საშინლად აწამებს სოფლის მცხოვრებ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, თუმცა ყოველ ჯერზე შეკითხვაზე „ვინ მოკლა კომანდორი“, პასუხად იღებს: „ფუენტე ოვეხუნამ, ბატონო“. მაგისტრი მეფეს მოახსენებს უშედეგო გამოძიების შესახებ და მისგან პატიებას მიიღებს. მეფე ფუენტე ოვეხუნას მაცხოვრებლებსაც შეუნდობს დანაშაულს მას შემდეგ, რაც მათგან სიმართლეს გაიგებს.
ზემოთ აღწერილი ამბავი ძალიან ჰგავს თქმულებას ბეჩოს მთავრის ფუთა დადეშქელიანის შესახებ. 
„ფუთა დადეშქელიანს, ბეჩოს დიდ მთავარს, თითქმის მთელი სვანეთი ემორჩილებოდა, რამდენიმე სოფლის გამოკლებით. მაგრამ მეტი და მეტი უნდოდა და მანამდე არ მოისვენა, სანამ უშგულიც ხელთ არ იგდო... ბეჩოს მთავარი თითქმის მთელი წელი ებრძოდა უშგულელებს. მისი მარბიელი რაზმები არაერთხელ დასხმიან სოფელს თავს, გზადაგზა კი ლატალს, მესტიას, მულახს, იფარს არბევდნენ და ცეცხლითა და მახვილით იჭრებოდნენ თავისუფლებისმოყვარე სოფლებში. არავის და არაფერს ინდობდნენ დადეშქელიანები, წვავდნენ სახლებსა და სარჩო-საბადებელს, იტაცებდნენ ჯოგებსა და ფარებს... სისხლით გაიჟღინთა თავისუფალი სვანეთის მიწა. ვერ ურიგდებოდნენ უშგულელები დადეშქელიანთა ბატონობას, მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა და იძულებული გახდნენ, ბრძოლა შეეწყვიტათ.
და ერთხელ თავად ფუთამ მოისურვა, შესარიგებლად სტუმრად სწვეოდა ახლად შემოერთებულ უშგულს. სოფელმა გადაწყვიტა, ესარგებლა ამ შემთხვევით და ანგარიში გაესწორებინა მოძალადისთვის. მაგრამ ორი რამ აკავებდა სვანებს: პირველი — ფუთას მძევლად ჰყავდა უშგულის თემის მახვშის ვაჟი, და მეორე — დადეშქელიანები მწარედ იძიებდნენ შურს, ძირიანად ამოწყვეტდნენ მკვლელის გვარს. მაგრამ სოფლის მახვშმა უშგულელებს უთხრა, ჩემი ვაჟისა ნუ გეფიქრებათ, მზად არის, თავი გაწიროს თქვენთვისო. მაშინ გვარების უხუცესებმა, სოფლის თავკაცისადმი სოლიდარობის ნიშნად, თავიანთი უფროსი ვაჟები აახლეს ფუთას. 
ოცი პირტიტველა ვაჟკაცის ხილვამ დაამშვიდა ფუთა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ უშგულელებს გულში ცუდი არაფერი ედოთ. რაც შეეხება მეორე პრობლემას, უშგულმა აქაც იპოვა გამოსავალი: ფუთა სოფელს უნდა მოეკლა, რომ დადეშქელიანთა რისხვა ერთ რომელიმე გვარს არ დასტყდომოდა თავს. უშგულის თემის ყველა ოჯახმა გაიღო მარცვალი ბრპენისა, რომლისგანაც ერთი ტყვია ჩამოასხეს.
ფუთა დადეშქელიანი შეიარაღებული ამალით ეწვია უშგულს. სტუმრებს დიდი სუფრა გაუშალეს, რომლის თავშიც საუფროსო საკარცხული დაუდგეს მთავარს, ხოლო ლამარიას მონასტრის გალავნიდან თოფის ლულა დაუმიზნეს, ჩახმახზე გამოდებული გრძელი თოკის ბოლო კი სოფლის ყველა გვარის თითო წევრს ეჭირა ხელში. ფუთამ ყანწი დაცალა და მწდეს გადააწოდა. მეტად ნაამები გახლდათ, რომ დაუმორჩილებელი უშგული საბოლოოდ გატეხა. მის გვერდით თემის მახვში იდგა, ნასყიდა. ბრძანა, წითელი ღვინო მოართვითო მთავარს და... თოფმაც იქუხა. მკერდშენგრეული დადეშქელიანი საკარცხულიდან გადავარდა. უშგულელებმა ფუთა დადეშქელიანის ყველა მხლებელი ამოწყვიტეს, ამბის წამღებიც არ დატოვეს ცოცხალი. 
ფუთას ქვრივმა სთხოვა უშგულელებს, ქმრის გვამი მაინც დამიბრუნეთო, მაგრამ სანამ მძევლები არ გაათავისუფლეს, ცხედრები მანამდე არ გაატანეს ჭირისუფალთ. ხოლო ფუთას სამოსი, საკარცხული, რომელზეც სიკვდილის წინ იჯდა მთავარი და იმ ბაწრის ნაჭერი, რომელიც სოფლის თოფს ება, კარგა ხანს ინახებოდა ლამარიას მონასტერში“.
სამართლის აღსრულების მსგავს ლიტერატურულ მაგალითს ვხვდებით ლევან გოთუას ისტორიული რომანის „გმირთა ვარამში“. პირველი ტომის მეთვრამეტე თავში, „ფუძის ანგელოზში“, ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც თავისი აზნაურის კოზმას მკვლელობის ამბავს გაიგებს, ვარდისუბნელი გლეხის ბახუტა ჭინჭარაულის რჩევით, კახეთის მეფე ალექსანდრე II ქედელ უხუცესს ოქროპაპას ეწვევა მკვლელობის გარემოებების დასადგენად. საუბრიდან მეფე შეიტყობს, რომ სოფელი კოზმას ბრალად სდებდა მეფის მიერ დაწესებული გადასახადის ხელოვნურად გაზრდას, ეკლესიის ასაშენებლად შეგროვილი მასალის მითვისებას, ობოლი გოგოს გაუპატიურებას და მეფის სახელზე მის წინააღმდეგ შედგენილი საჩივრის დახევას. ეს ყველაფერი ეტრატზეა ჩამოთვლილი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის უკლებლივ ყველა მცხოვრები, მათ შორის ისინიც, ვისაც წერა-კითხვის არცოდნის გამო სიგელზე მხოლოდ ჯვრის დასმა შეუძლია. სოფელში გამართულ ფუძის ანგელოზის კურთხევაზე მყოფი მეფე სოფლელ ქოხსალამურას მაჩუჩას კოზმას მკვლელობის სცენის აღდგენას სთხოვს. თხრობა ხურდება. მეფის თვალწინ ხელახლა თამაშდება ტრაგედია და ის თითქოს თვითონვე ხდება კოზმას სოფლის მოედანზე მოხმობის, მისთვის ბრალის წაყენების, ქალების მიერ სათოფე ბაწრის დაგრეხის და სოფლის თოფიდან გასროლილი ტყვიით კოზმას სასიკვდილოდ განგმირვსი მოწმე. სახალხო მისტერიის მონაწილე მეფე რწმუნდება სოფლის სამართლის სისწორეში და ოქროპაპას მიერ ნაჩვენებ ეტრატზე სამეფო ბეჭედსაც სვამს.

* * *
ჩვენ მიერ განხილულ სამივე ლიტერატურულ-ისტორიულ მაგალითს რამდენიმე საერთო აქვს. სამივე შემთხვევაში დანაშაული მიემართება მთელ თემს, განურჩევლად იმისა, ჰყავს თუ არა მას კონკრეტული დაზარალებული. სამივე შემთხვევაში ხალხი საკუთარ თავზე იღებს სამართლის აღსრულებას, სამივე შემთხვევაში სამართლის აღსრულებაში მთელი თემი მონაწილეობს და სამივე შემთხვევაში მოქმედებს ცნობილი დევიზი: „ხმა ღვთისა - ხმა ერისა“, რაც დანაშაულის წინასწარ გამართლებულ მონაწილეთა დაუსჯელობით გამოიხატება. მეფე ფერდინანდი და დედოფალი იზაბელა ათავისუფლებენ ფუენტე ოვეხუნას მცხოვრებლებს კომანდორის მკვლელობის პასუხისმგებლობისგან. თავისუფლების სახელით ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლებითვე ჯილდოვდებიან უშგულელები. საქმის წვრილმანებში ჩახედვის შემდეგ მეფე ალექსანდრე მეორეც რწმუნდება ქედელთა მიერ ჩადენილი მკვლელობის სამართლიანობაში და ამას თავისი ბეჭდითაც ადასტურებს. აღმატებული ძალის - იქნება ეს ღმერთი თუ მის მიერ წარმოგზავნილი მეფე - სახელით და გაერთიანებული ძალებით ჩადენილ დანაშაულს ტრადიციულ საზოგადოებაში სასჯელი არ მოჰყვება. 

* * *
- member little Daisy Armtsrong
საერთო მიზნის სახელით კოლექტიურ მკვლელობას ტრადიციული საზოგადოებისგან სრულიად განსხვავებულ გარემოშიც შეიძლება შევხვდეთ. ამის  მაგალითს ვხვდებით აგათა კრისტის გახმაურებული დეტექტიურ რომანში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. 
სტამბულიდან ლონდონისკენ მიმავალი ერკიულ პუარო აღმოსავლეთის ექსპრესში ხანში შესულ ამერიკელს, გვარად რეტჩეტს გაიცნობს. ეს უკანასკნელი რაღაცით არის დამფრთხალი და მცველად პუაროს დაქირავებას გადაწყვეტს, თუმცა ამერიკელი კერძო მაძებარში ანტიპათიას აღძრავს, ამიტომ მის წინადადებაზე უარს ამბობს. ქალაქ ვინკოვცის სიახლოვეს პუაროს რეტჩეტის ვაგონიდან გამომავალი ყვირილი გააღვიძებს და დილით შეიტყობს კიდეც ამერიკელის მკვლელობის შესახებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ის აღმოაჩენს ქაღალდის ნაგლეჯს, რომელზეც სიტყვები: „--member Daisy Armstrong“ წერია. პუაროს აგონდება რამდენიმე წლით ადრე მომხდარი დანაშაული: ვინმე კასეტიმ გაიტაცა სამი წლის დეიზი არმსტრონგი, მიიღო გამოსასყიდი, თუმცა ბავშვი მაინც მოკლა და როგორღაც თავი დააღწია მართლმსაჯულებას. პუარო დაასკვნის, რომ კასეტი და რეტჩეტი ერთი და იგივე პიროვნებაა. მსჯელობისას ის წამოაყენებს მკვლელობის ორ ვერსიას: პირველის მიხედვით, მატარებელში ვიღაც უცნობი ამოვიდა, მოკლა რეტჩეტი და უკვალოდ გაქრა, მეორე ვერსიის თანახმად კი ამ ვაგონის ყველა მგზავრმა, რომლებსაც, როგორც გამოძიების მსვლელობისას ირკვევა, ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ პატარა დეიზისთან ან მის ოჯახთან, მიიღო მონაწილეობა მართლმსაჯულების აღსრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელში მყოფი ცნობილი მსახიობი და დეიზის ბებია, ქალბატონი ლინდა არდენი, მეორე ვერსიის სისწორეს აღიარებს, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ვაგონის მგზავრები იუგოსლავიის პოლიციას პირველ ვერსიას მიაწვდიან.
ეს მაგალითიც ატარებს კოლექტიური მკვლელობის ფენომენისთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს. უმანკო სიცოცხლის მოსპობითა და ოფიციალური მართლმსაჯულების არაეფექტურობით იმედგაცრუებული ჭირისუფლები გეგმავენ შურისძიებას და აღასრულებენ მას. ამ შემთხვევაში შურისძიების აქტის მონაწილეებს არ აერთიანებთ საცხოვრებელი არეალი და იქ გავრცელებული ადათ-წესები - ჯგუფის კონსოლიდირება დანაშაულმა და მის მსხვერპლთან კავშირმა მოახდინა, მაგრამ ყველა სხვა კრიტერიუმით აგათა კრისტის რომანში აღწერილი კოლექტიური მკვლელობა იმეორებს ჯგუფური პასუხისმგებლობის მითოლოგიურ პარადიგმას: ის მოტოვირებულია ჩადენილი დანაშაულის ერთიანი აღქმით; მასში მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი; არატრადიციული გარემოსა და თანამედროვე მართლმსაჯულების მიუხედავად, რჩება დაუსჯელი. 

* * *
ზემოთ განხილული მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია გამოვკვეთოთ კოლექტიური მკვლელობის როგორც ხალხის მართლმსაჯულების აღსრულების პროცესისათვის დამახასიათებელი რამდენიმე უნივერსალია: 
1. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, ჰყავდა თუ არა დანაშაულს კონკრეტული მსხვერპლი, თემი განიხილავს ამას მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად.
2. თემის წევრები უარს ამბობენ არა მხოლოდ პიროვნულ ინიციატივაზე, არამედ უარყოფენ პირადი პასუხისმგებლობის დადგომის ყოველგვარ შესაძლებლობას. მართლმსაჯულება აღასრულა ჩარგალმა, არხანმა, ისრაელის ხალხმა, სოფლის თოფმა, ფუენტე ოვეხუნამ და ა.შ. თუ დასასჯელია ვინმე, დაე, ყველა ერთად დაისაჯოს. 
3. ქმედება ყოველთვის გამართლებულია უზენაესი მიზნით, იქნება ეს უფლის კანონის, თავისუფლების იდეის თუ სოფლის ღირსების დაცვა.
4. კოლექტიური დანაშაული რჩება დაუსჯელი.


გამოყენებული ლიტერატურა:
ზურაბ კიკნაძე. ქართული მითოლოგია. ქუთაისი. 1996.
http://orthodox.ge/biblia
https://www.scribd.com/doc/42768464/Fuente-Ovejuna-Full-English
გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, თბ., 1925;
დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1979;
https://www.playbuzz.com/sputnikgeorgia10/3-5-2018-5-43-40-pm
ლევან გოთუა. შვიდტომეული. მეორე ტომი. თბილისი. 2013.
http://detective.gumer.info/anto/christie_8_2.pdf

რეფერატი მომზადდა საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით: https://www.ug.edu.ge/скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge