გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თორნიკე ბედიანაშვილი - ლექსები


დედა ენა

ენავ ქართულო, მოსულო ციდან;
არც ერთი არ არს შენი სადარი
და ამ ენაზე პირველი დღიდან
ლაპარაკობდა ღმერთთან ადამი
და ამ ენაზე განიკითხება
მსოფლიოს ყველა ერი და ენა,
ენა მგოსანთა და ცის ხატება,
ყოველი ენის არს დედაენა.
ენა რუსთველის მიჯნურათა სახე,
გალაკტიონის დიდი გოდების.
ენა, რომელიც მე ვერსად ვნახე,
ვერცერთ მიწაზე სხვათა მოდგმების.
ენა რომელიც ცამდე აწიეს,
დიდმა ილიამ და იაკობმა
კავკასიონის დაჭრილ არწივებს;
ასწავლა ვაჟამ ქართულად მოთქმა
ენა, რომელზეც ქრისტე ადიდეს;
წმინდა ნინომ და გრიგოლ ხანთძელმა
ენა, რომლითაც ფეხი აიდგეს;
წმინდა ექვთიმემ და წერეთელმა
ენა, რომელსაც ქვია ლაზარე,
ენა სიმღერის და სიყვარულის
ენა, რომლითაც ღმერთს შევღაღადე,
ენა წალკოტის, მიწის აღთქმულის
და შენ წამხდარო ვინც მას უარყოფ,
ვისაც სხვა ენა გსურს გაავრცელო
შენ ხომ საკუთარ დედას უარობ,
რისი ღირსი ხარ მითხარ "ქართველო"?!



წმინდა ნინო                                    

ამ ულამაზეს დიდ შენაყართან მტკვრის და არაგვის,
მაშინ ყოფილა; დიდი ღრეობა, სისხლი და ღვინო
მაშინ ღვთის სიტყვა ხომ არ ესმოდა იქ არც არავის,
ამ სიბნელეში შემოდიოდა თვით წმინდა ნინო
მოდის ქალწული, უმანკო გულით, მგლების ხროვაში
და მას ბულბულნი ეგებებიან გზაზე გალობით
ღვთის სულით სავსე გოგონა მოდის, ქართველთ მოდგმაში,
მოდის და მოაქვს ჯვარი ვაზისა, ქრისტეს წყალობით
ის ხედავს ქალაქს, როგორც ბაბილონს, ქალაქს კერპების
მის უმანკო გულს ფარული სევდა დიდად აწვება
როგორც სიმღერა უკანასკნელი თეთრი გედების,
მას მოესმება ბავშვის ტირილი და მას გაყვება
ის ბავშვი ნახა, როგორ ეჭირა კერპის მსახურ კაცს
და ის შესთხოვდა უსულო საგანს ურიცხვ მოსავალს
ბავშვს უყურება, როგორც შესაწირ, განტევების ვაცს
და მისი სისხლით ელოდა მხეცი ნათელ მომავალს
ამ დროს დაეცა მის ნაზ მუხლებზე, ქრისტეს ქალწული
და ის ხედავდა იქ თვით ჯოჯოხეთს მიწად გადმოსულს
ის იყო მაშინ ისე ნატანჯი, ვით ჯვარს გაკრული
და იქ ხედავდნენ ცრემლთა მდინარეს მისგან წამოსულს
იწყებს ქალწული გოდებით ლოცვას, ამბობს სათხოვარს:
უფალო იხსენ ჯოჯოხეთისგან იბერთა მოდგმა,
არა უწყიან რასა იქმნიან! - უთხრა მაცხოვარს
და ვერ შეწყვიტა დაღამებამდე ტირილით მოთქმა
დაღამდა მცხეთას, ქალწულის თხოვნა ღმერთმა ისმინა
მიწამ ძვრა იწყო, ზეცამ ქუხილი, კერპნი დაინგრნენ
და მაშინ ნინოს მწუხარე გულმა ისევ ილხინა,
სამოთხის კარნი ქართველებისთვის ისევ გაიხსნენ!



დავით აღმაშენებელი
  
მეფეო დავით შენ უძლეველო;
დაუღალავო ქრისტეს მხედარო
ეშმაკის ჯართა მუდამ მძლეველო;
მეფევ წმინდანო მარად ნეტარო
და შენ მოხვედი როს ქვეყანაში,
პირუტყვი კაცზე მეტად მრალვობდა
როცა ქართველთა არც ერთ ყანაში,
ერთი ნაყოფიც აღარ ხარობდა
როცა ქართველთა ჟლეტდა და წყვეტდა,
ურჯულოების დიდი თურქობა
როდესაც მტერი ვენახებს ჩეხდდა,
პირუტყვთ საძოვრად მიწა უნდოდა
და შენ აიღე მარჯვენით ხმალი,
მარცხენა ხელში შენ წიგნი გეპყრა
გულზე გეკიდა ხატი და ჯვარი
და შენ დაიწყე სამშობლოს შეკვრა
ქართული მიწა კვლავ დაასახლე,
ქართული ვაზი კვლავ ააყვავე
მაშინ ტყე იყო შენი სასახლე
და მტერი ჩვენი მიწად აღგავე
და დაუბრუნე შენს ერს ღირსება,
ჯარი შეკრიბე შენ უძლეველი
ტაძარს აღკვეთე შენ უღირსება
და არვინ ჩანდა შენი მძლეველი
და ამიტომაც მოვიდა ქვეყნად,
ჯარი ეშმაკის დაუთვალავი
ქრისტეს ერის და შენს დასასჯელად,
ურჯულოთა ბრბო ჯერ უნახავი
და ადგა დავით მეფე ქართველთა,
აღმოსავლეთის და დასავლეთის:
ჩახერგეთ გზები უკან დამხევთა!
ჩვენი გზა მხოლოდ არს გამარჯვების!
და იქმნა ბროძლა, იქუხა მეხმა,
ჯერ არ ნახული იქნა დიდგორი
თავის რაინდებს კი ქრისტე ღმერთმა,
გამოუგზავნა წმინდა გიორგი
მტერი დამარცხდა ომი დასრულდა,
იყო ძლევაი ეს საკვირველი
დავითის რწმენა კვლავაც აღსრულდა,
და ჩაიყარა იქ საძირკველი!



ვირთხების დროება

ახლა ვირთხების დადგა დროება,
ახლა ყვავ-ყორნებს აქვთ ჟრიამული
და აქ ჩანს ქვეყნის ამაოება,
ლომს აუკრძალეს აქ სიარული
დღეს ბოროტება ქვეყნად აღზევდა,
და მან მოირგო სიკეთის სახე
აქ თვით პლატონიც ვეღარ აღწერდა,
რამხელა არის სიშლეგის მახე
აქ უვიცობას ნათლავენ ცოდნად;
უცოდინარი მეცნიერია
უზრდელობას კი აქ ნახავთ ოხრად;
გინება თურმე მშვენიერია
სიყვარული კი ვნებად მონათლეს,
ვეფხისტყაოსანს არად აგდებენ
ცნობიერება მათ ხომ მოწამლეს,
ისინი მხოლოდ უვიცს აქებენ
სიმამაცე კი გადასცეს წარსულს,
წარსული კიდევ სულ მთლად უარყვეს
სანახაობით უაზროდ გართულს,
არვინ იხსენებს შოთა რუსთაველს
მაგრამ იცოდეთ მალე დადგება
დრო როცა ლომი დაიღრიალებს,
და მაშინ ვირთხაც უცებ გაქრება
რაინდთა ცეცხლი კვლავ იბრდღვიალებს!



დინების საწინააღმდეგოდ

მოდის ტალღებით, დიდი მდინარე ამა სოფლისა,
მოდის სისწრაფით და მას თან მოაქვს სიმრავლე ქვათა.
დინების გამყოლთ არა სჭირდებათ დაღვრა ოფლისა
და მიყვებიან, ვით უსულონი, დევნილნი ცათა,
მე კი გავცურავ მის წინააღმდეგ მარტოდ ეული,
გარშემო მესმის გვამებისაგან, მხოლოდ სიცილი
მე კი მივცურავ ვით განწირული, თითქმის სნეული
და ეს განდგომა სულაც არ არის ჩემთვის სირცხვილი
და არ შევჩერდე, თუ გინდა ვიყო დახრჩობის პირას,
არ დაგემონო, ვით ცირკის ლომი შენ და შენს თავადს
თუნდაც მაწამო არ გადაგიხდი ცხოვრების ქირას
უკან მოვითხოვ მე ჩემს სიმდიდრეს ტყუილში ნახადს
გინდაც მომარტყა შენ ბევრი ლოდი არ გავჩერდები,
დინების გამყოლს ნაკლები ხვდება, ან სულაც არა
და ნაადრევად შენგან ტანჯული თუ დავბერდები,
როგორც სპარტაკი მაინც ვიყვირებ: ტყვეობა კმარა!
არ გავჩერდები თუ გინდ ცოტა ხნით, მაინც დამძლიოს
და წამაყოლოს ოხერ დინებას ლამაზი ნავით
მსუბუქი ტვირთის საცდუნებელმა არა წამძლიოს,
შემოვბრუნდები, არ დაგნებდები ცოცხალი თავით
მე სათავესთან მსურს მივაღწიო! ვნახო ბორანი,
რადგან იქ არის თავისუფლება, ასე ნანატრი
გინდაც მდევნიდეს მთელი ცხოვრება შავი ყორანი,
მე არ გავჩერდე, გინდაც სიკვდილი გახდეს სანატრი
გინდ დამიძახოს თეთრმა მერანმა მე ნაპირიდან,
რომ გამაქციოს და განმაშოროს, ადგილს თხემისას
მაინც ვიბრძოლო და არ გავიქცე დანაპირიდან,
ან გავიმარჯვო, ან ჩავიქოლო ქვათა გვემისას!



ემიგრანტის გოდება                             

რარიგ უაზრო არის ცხოვრება აქ უცხოეთში;
სადაც არ არის ჩემი სამშობლოს ზღვა, მთა და მდელო
აქ ჰაერიც კი მწამლავს და მგუდავს, ვით ჯოჯოხეთში,
აქ მზეც ბნელია, რადგან არ არის სხვა საქართველო
ანდაც სად ვნახო სად გავიხარო მე სხვა კახეთით,
სად დამიწურავთ აქ სხვა რქაწითელს ანდაც საფერავს
სად დავტკბე ცქერით მთის სილამაზით და სხვა სვანეთით,
და მე სად ვნახო მრავალჟამიერს სხვა რომ შაბერავს
და ვინ მანახებს სად არის აქ სხვა კავკასიონი,
სადაც არწივებს ვაჟა-ფშაველამ ლექსი ასწავლა
და ვინ მანახებს სად წერდა ლექსებს გალაკტიონი,
მთაწმინდის ღამე ასე კარგად სხვამ ვინ განსჭვალა
სად ვნახავ მე აქ სხვა სვეტიცხოველს ანდაც სხვა გელათს,
სად გადმოყურებს ჯვარი სხვა შერწყმას მტკვრის და არაგვის
და აქ სად ვნახავ თვალთმიუწვდომელს გერგეთს სამებას
და ხომ ქართულად სიტყვაც არ ესმის აქ არც არავის
ჩემი სამშობლო კი იღუპება ამასობაში,
მე კი უცხოეთს გადაკარგული სევდაში ვრჩები
მაშ დავბრუნდები რომ მე ვიბრძოლო მგლების ხროვაში,
თუ ღმერთს ვიწამებთ და გავიბრძოლებთ ჩვენ გადავრჩებით!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge