გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სალომე ბზარაშვილი - ლექსები



***
მე არ ვარ ღმერთი, არც ეშმაკი და არც ქურუმი,
მე დაცემული ღრუბლების ტყვე ვარ,
ჩრდილო ციალის მოტრფიალე, ზაფხულის ნამი,
გარდასულ მზეთა, მომაკვდავთა სხივების სევდა.
ნისლშემოსილი სარკმელების საყრდენს დავეძებ,
და უფრო მეტად მიმძაფრდება გაცემის განცდა,
სიო თვით უტყვი მელანქოლიკს თავს არ მანებებს,
როს თვით ლაჟვარდში აგონიის ბურუსი ჩადგა.
სული სად არის?! ცისკრის მიჯნურთ დაცლილი ეძებს,
რომ უპატრონონ მდუმარების სალბუნი მოსავთ,
უთხარით ვინმემ, პოეზიით ღმერთის კვალს ვეძებ,
და ვერ ვძლებ გესმით? სიმყარის ლანდს ჩადრად ვიმოსავ.
ანარეკლები გუბურებში, ჩამხრჩვალი სივრცე,
მევიოლინის გულს ბგერებით ოცნება ლესავს,
და ვინ ვარ მითხარ? ან რად გინდათ, რომ ოდეს ვიქცე,
საკუთარ თავთან გადარჩენის სარკაზმი მგესლავს.
ბრმა ჰორიზონტზე დაგეშილი ტალღები ყეფენ,
მიქცევ-მოქცევამ ბავშვობიდან სიბერედ გამცრა,
ეს მდუმარება, ვერ ნათქვამი ფიქრები შეწყდნენ,
შემომაცვდება იმედი და თითები ნამქრავს.
დღეს ალმოდებულ მწუხრის ჩადრზე სიშიშვლე მეფობს,
და გაქცეული შთაგონება ყორნის სულს ირგებს,
არ მინდა ტახტი და არც სკიპტრა ძღვენად რომ მერგოს,
ისედაც ვიცი სიკვდილი, რომ ამ ხელს მომიგებს.


***

დღეს ქართლის დედის მანდილიც კი აქციეს ძაძად,
შენ, საქართველოვ, ფენიქსივით რატომ ვერ დგები,
ხევის ყმუილი აეკიდა მეკურტნის კალთას
და მთათა ღაღადს უჯიათად ხერგავს ნისლები.
ო, ეს სიწყნარე, ლაჩრებივით ავიკვიატეთ,
გონში ყიჟინი განვიძარცვეთ, თითქოს და ვკვდებით,
ჩვენ ყორნის ზნეც და ლეშის ბედიც გავიზიარეთ,
ჩვენ უარვყავით ღვთიშობლის ცა, ანარეკლს ვდევნით.
მე მენატრება მყინვარები განდეგილთ ფარჩა,
ვგრძნობ ჰორიზონტზეც დაუკრიფავთ კესანეები,
სულში ღმერთამდე სავალი გზა მზესაც არ დარჩა,
ჩრდილთა მანტია მოვახურეთ გულს და ვერც ვთბებით.
ხრიოკ სინდისის აყვავება დავიგვიანეთ,
და ჭიუხებში ბუნაგიც კი დასთმეს ჯიხვებმა,
შენ საქართველო გეძებდით და ტაძრად ვერ გპოვეთ,
ჩვენ უსახლკაროდ განწირულმა კალმის ხიზნებმა.


***
სად მოგველიან ია-ვარდებით,
მორევთ თარეში როს ვისალბუნო,
ერთია გზაა და იქაც ვვარდებით ,
არავინ დარჩა რომ გვივექილოს.
ვგდივარ ღმერთსა და დემონებს შორის,
თვალებს ვიბრმავებ ყორანთა ნადავლს,
ლანდები მათრობს უნახავ დროის,
მზე ნისლებს არღვევს ვით ქალი ძაძას.
მთვარე მამხელს და სიშიშვლეს ვდევნი,
სარკის ანარეკლს ამხეცებს დაღლა,
აქ გიჟად გთვლიან იქ რას მოელი,
სულით დაცემა მოგელის მაღლაც.
შორს მყინვარები იხვევენ თავშალს,
მალავენ სხივთა მთვლემარე კოკრებს,
სუნთქვას ვწყვეტ, გარეთ უღმერთოდ ნამქრავს,
ქარი ქრის, მე ბრმა კი ნათელს ვეძებ.


***
სულზე გუთანი გადამატარეს,
და სარეველა ფიქრიც გამარგლეს,
ხვნეს, თესეს, მზის გულს წვიმითაც არგეს,
ახლა მელიან უმალ ავყვავდე.
მოგონებას  ვით დაუშლელ ბელტებს,
ღრმა სიმძიმილი სუნთქვას ჩაუხშობს,
კვლავ თუნდაც ღმერთი მოვიდეს ბეთლემს,
გოლგოთა წამით თვალებს ჩაუქრობს.
მე არ ვარ ღმერთი, მაგრამ ვგრძნობ ტკივილს,
ზეცას ღრუბლები ობივით ახრჩობს,
გაზაფხულიც კი ვერ წაშლის ყივილს,
ზამთრისგან მტვრევა ხეებს კვლავ ახსოვთ.
მოგონებები მეფობენ მხოლოდ,
მათგან გაქცევას  ნუ შეეცდები,
ვერ შევასრულებ თუკი ჩემ სოლოს,
გთხოვთ, ხვნას და თესვას ნუ შეეშვებით.


***
როცა გიხილე მე სიკვდილთან ფიცი გავტეხე,
ფიქრმა შემიპყრო, რომ წასვლამდე კიდევ შორია,
ედემის ბაღი ჩემ სულში რომ სეტყვით გავჩეხე,
წამში აყვავდა, მესმის გალობს წმინდად შოშია.
მე აღმაფრენა ჩავაყოლე რითმიან ლუკმებს,
მარადისობა დაექარგათ შენი მშვენებით,
შენზე ფიქრისა მივამსგავსებ თავს სანთლის ქურდებს,
ჩამქრალ ტაძარში, რომ ანთებენ ხელის ცეცებით.
შენ იყვავილე... დაე, ვიქცე მე ზამთრის შეშად,
დაე, ყინვებმა ჩემი სული მსხვერპლად იკმარონ,
ჩემში ღმერთის და პოეზიის იქეცი ფეთქვად,
აღარ მოვკვდები... თუნდაც ბედმა არ შემიბრალოს.


***
მინდა ვყვიროდე, რომ მყარი კლდე ვარ,
და ამ სიტყვების თავად მჯეროდეს,
ჭაობში ჩამდგარ ალვის ხეს ვგავარ,
ვწვდები მზეს, მზეც მსურს ფესვებს მწვდებოდეს.
ჩაუხშობელი ქარის ვარ ვნება,
ტოტიც ვარ ჩემი რისხვით გავოცდი,
მუდამ განვიცდი სულზე ცის მტვრევას,
და ხმიადივით  ობით შევხორცდი.
გინდა ყვიროდე რომ მყარი კლდე ხარ,
და ყვირი რწმენანაკლულსიტყვებით,
ადამიანო ჭაც ხარ და ხეც ხარ,
გესმის, მკვლელიც ხარ და თან თვითმკვლელიც.
ძალა გაქვს ატმის კვირტები ზარდო
და მაინც, მხოლოდ ნაყოფით ტკბები...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge