გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

უმბერტო ეკო - ,,ეს"

                          იტალიელი რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, სემიოტიკოსი, უმბერტო ეკო 1932 წლის 5 იანვარს იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა. მამას უნდოდა, რომ უმბერტოს ბედი იურისპრუდენციაში ეცადა, მაგრამ მას სხვა გეგმები ჰქონდა. ტურინის უნივერსიტეტში შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა გადაწყვიტა. უნივერსიტეტში სწავლისას მან გააცნობიერა, რომ ღმერთის არ სწამდა და კათოლიკური ეკლესია დატოვა. 
                         1950-იან წლებში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი - „წმინდა თომას ესთეტიკური პრობლემა“, რომელსაც 1959 წელს მოჰყვა მეორე წიგნიც - „შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება“. უმბერტო ეკომ შეძლო იტალიის სამეცნიერო წრეებში თავის დამკვირდება და შემდეგ დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ გადმოეცა სემიოტიკის იდეები საკუთარ ნაწარმოებებში. 1962 წელს გამოიცა მისი კიდევ ერთი წიგნი „ღია ნაწარმოები“.
წარმატებული სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, ეკომ 1980 წელს თავისი პირველი მხატვრული ნაწარმოები „ვარდის სახელი“ გამოსცა, რომელმაც მსოფლიოში გაუთქვა სახელი. რომანში ფრანცისკელი ბერი მონასტერში ჩადენილი მკვლელობების სერიას იძიებს. მეორე რომანი „ფუკოს ქანქარა“ ავტობიოგრაფიულია. ეკოს ნაწარმოებებში ადვილად შეიძლება დაკარგოთ რეალობის შეგრძნება, რაც მკითხველს ნაწარმოების სიღრმისეულად გაცნობას აიძულებს. ეკოს, ასევე, ეკუთვნის რომანები: „გუშინდელი დღის კუნძული, “ „ბაუდოლინო“, „დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი“. 
                       მწერალი 84 წლის ასაკში მილანში 2016 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა.



,,ეს“

 თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა  
(„რჩეული მოთხრობები“, შემდგენლები - გია მურღულია და ბეგო ბეჟუაშვილი, გამომცემლობა „დია“, ტ. 4, თბილისი, 2008)

– პროფესორო, წარმატების საქმე როგორ მიდის? – ამბობს გენერალი და პასუხს მოუთმენლად ელოდება. 
– რა წარმატებაზე მეკითხებით? – შეუტრიალებს კითხვას პროფესორი კა, თუმცა პასუხის გაცემას აშკარად არ ჩქარობს. 
– ხუთი წელია აგერ, გამოქვაბულში მუშაობთ და ერთხელაც არავის შეუწუხებიხართ, იმიტომ, რომ გენდობით, მაგრამ, რამდენ ხანს შეიძლება სიტყვაზე გენდობოდეთ, დროა გვაჩვენოთ სამუშაო!
გენერლის ხმაში მუქარა გაისმა, კამ ხელი უხალისოდ ჩაიქნია და გაიღიმა: 
– გენერალო,  ზუსტად მიზანში მოახვედრეთ, ვფიქრობდი ცოტა ხანს კიდევ დამეცადა, მაგრამ თქვენ მე შემაგულიანეთ... სამუშაო უკვე დავასრულე, – თქვა ახლა უკვე ჩურჩულით პროფესორმა, – მზეს გეფიცებით, მზად ვარ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენო. 
პროფესორი გენერალს გამოქვაბულში შეუძღვა და იმ შორეულ სიღრმეში შეიყვანა, სადაც კედელში ჩარჩენილი ვიწრო ღიობიდან სინათლის სუსტი სხივი აღწევდა – ,,ეს” კედლის შვერილ სწორ, გლუვ ზედაპირზე იდო. 
ფორმით ნუშს ჰგავდა, ჰქონდა უამრავი წახნაგი და ბრწყინავდა. 
– მაგრამ ეს ხომ... ეს ხომ ქვაა?! – დაიბნა გენერალი. 
პროფესორს ხშირი, დაფანჩული წარბების ქვეშ ცისფერი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა: 
– დიახ, ეს ქვაა, მაგრამ ყველა ქვისგან განსხვავებული. ვინაიდან ჩვენ მას ფეხით ვერ გავქელავთ, ჯობს, ხელში ავიღოთ.
– ხელში?
– დიახ, გენერალო. მასში ის უზარმაზარი ძალაა, რაზეც კაცობრიობა დღემდე ოცნებასაც ვერ ბედავდა, ძალა, რომელიც მილიონი ადამიანის ძალას უტოლდება. აბა, ახლა შეხედეთ!
პროფესორმა ქვას ხელი დაადო, თითებს შუა მოიქცია, მაგრად ჩაბღუჯა და აიღო. ქვის ბრტყელი ნაწილი ხელისგულზე იდო, წამახული წვერი ზევით იყო მოქცეული. პროფესორის ხელის მოძრაობის მიხედვით ქვის ეს ნაწილი ხან ქვევით მოექცეოდა, ხან ზევით, ხანაც გენერლისკენ. პროფესორმა ხელი აიქნია და ქვის წამახულმა ნაწილმა ჰაერში წრე მოხაზა. მერე ქვა ზევიდან ჩამოაგდო, წვერით ქვა კედლის შვერილს დაეცა და – აი, სასწაული! – შვერილის მყიფე ქანში შეიჭრა. პროფესორმა ქვა ისევ ხელში აიღო, კედლის შვერილს რამდენიმეჯერ დაარტყა, შვერილზე ჯერ ღრმული გაჩნდა, მერე ღრმა ძაბრისებური ორმო და კედლის ის ნაწილი ჯერ დაიშალა, მერე მტვრად იქცა. 
გენერალი სუნთქვაშეკრული, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა. 
– წარმოუდგენელია! – ჩაილაპარაკა ჩუმად თავისთვის და ნერწყვი გადაყლაპა.
– ეს რა არის! – წარმოთქვა ზარ-ზეიმით პროფესორმა, – ჯერ ეს არაფერია! თუმცა თითებით მსგავსს თქვენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გააკეთებთ... აბა ახლა კარგად შეხედეთ! – მეცნიერმა კუთხეში დადებული ქოქოსის უშველებელი, ქვასავით მაგარი, ეკლიანი კაკალი აიღო და გენერალს გაუწოდა. 
– ახლა ორივე ხელი მაგრად მოუჭირეთ და გაჭყლიტეთ.
– კმარა, შეწყვიტეთ, პროფესორო! – ხმა აუკანკალდა გენერალს, მშვენივრად იცით, ეს შეუძლებელია. ამის გაკეთება არც მე შემიძლია, არც თქვენ, ამას მხოლოდ დინოზავრი თუ შეძლებს, მხოლოდ ის თუ ჩაიგემრიელებს პირს მისი რბილობით, მისი წვენით პირს ჩაიკოკლოზინებს. 
– კი, ბატონო, – აღელდა პროფესორი, – ახლა კი კარგად მიყურეთ:
ამ სიტყვებით კაკალი აიღო, კედლის შვერილში ახლახანს ქვით ამოთხრილ ღრმულში ქვა წამახული მხრიდან ჩადო ისე, რომ ქვის ბრტყელი მხარე ზევით იყო მოქცეული, კაკალი მაგრად დასცხო და ნამტვრევებად ქცეული ნაყოფიდან რძე ჩქაფუნით გადმოიღვარა, რბილობის თეთრი, წვნით გაჟღენთილი ნაჭრები კი ნაჭუჭის ნამტვრევებში ჩარჩა. გენერალმა ერთ ნაჭერს ხელი დაავლო და პირში ხარბად იტაკა. ხან ქვას მისჩერებოდა გაოგნებული, ხან ნამტვრევებად ქცეულ კაკალს და ხან პროფესორს.
– მზეს გეფიცები, კა, ეს მართლაც ჩინებული რამ არის! ადამიანს ძალა შეემატა, ათასჯერ უფრო ღონიერი გახდა, აღარც დინოზავრის ეშინია, აღარც არაფრის, ახლა ის ტყეების, ჭიუხების პატრონია. ახლა მას კიდევ ერთი ხელი აქვს! არა, ერთი კი არა, ათასი!.. ეს ქვა სად იპოვეთ?
კამ კმაყოფილმა ჩაიცინა:
– კი არ ვიპოვე,  გავაკეთე!
– ამით რის თქმა გინდათ?
– რის და იმის, რომ ეს ადრე არ არსებობდა. 
– კა, ხომ არ გადაირიეთ? – თქვა გენერალმა და შეაკანკალა, – იქნებ ციდან ჩამოვარდა, იქნებ მზის შიკრიკმა, ჰაერის რომელიმე მცველთაგანმა მოიტანა... განა შეიძლება გააკეთო ის, რაც ადრე არასოდეს ყოფილა?!
– შეიძლება! – თქვა დაბეჯითებით კამ, – შეგიძლია აიღო ქვა და მანამდე ურტყა მეორე ქვას, ვიდრე სასურველ ფორმას არ მიიღებს, ისეთს, როგორის ხელში აღება და მუჭაში მოქცევა შეგეძლება. მერე კი ამ ქვის დახმარებით უამრავი უფრო დიდი, უფრო წვეტიანი ქვის გაკეთებას შეძლებ... დიახ, ,,ეს” მე გავაკეთე!
გენერალს შუბლი ოფლის მსხვილი წვეთებით დაეცვარა.
– კა, ჩვენ ,,ეს” ყველას... ყველას... მთელ ჩვენ ურდოს უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი კაცები უვნებელნი დარჩებიან, გესმით, უვნებელნი! ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა შეგვიძლია დათვებზეც გავიდეთ – დათვებს ბრჭყალები აქვთ, ჩვენ – ,,ეს” გვაქვს!.. ჩვენ შეგვიძლია მხეცს მანამდე მოვერიოთ, ვიდრე ის რაიმეს დაგვაკლებს, ჩვენ შეგვიძლია დავარეტიანოთ, მოვკლათ... კუს ბაკანი ჩავუმტვრიოთ, მოვკლათ, მოვკლათ უხსენებელი... ო, დიდო მზეო!.. მოვკლათ ადამიანი, ძე კაცისა!.. – მის თავში გაჩენილი ამ ახალი აზრით აღფრთოვანებული გენერალი წუთით შეჩერდა, ანთებულ თვალებში სიმკაცრე ჩაუდგა:
– კა, შეგვიძლია ახლა კოამას ურდოსაც დავესხათ, მართალია, ჩვენზე მაღლები, ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ მათ გავანადგურებთ, ცოცხალს არავის დავტოვებთ!.. კა, გესმით, კა! – თქვა გენერალმა, პროფესორს მხრებში ხელი ჩასჭიდა, შეანჯღრია, – ეს უკვე გამარჯვებაა!
საგონებელში ჩავარდნილი კა გაოგნებული მისჩერებოდა. 
– სწორედ ამიტომ არ მინდოდა ჩემი ეს გამოგონება მეჩვენებინა. ვიცი, ის, რაც გავაკეთე, საშინელებაა, ვიცი, ეს აღმოჩენა მთელ სამყაროს თავდაყირა დააყენებს. ვიცი და კარგად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას... ვიცი, იმ წყაროს დავუდე სათავე, რასაც უსაშინლესი დამთრგუნველი ძალა აქვს. მთელი დედამიწის ზურგზე ამის მსგავსიც დღემდე არავის არაფერი უნახავს და არც დღეს მაქვს არავითარი სურვილი. თუნდ ერთმა ადამიანმა მაინც ნახოს... წინააღმდეგ შემთხვევაში ომი ნამდვილ თვითმკვლელობად იქცევა. ვთქვათ, მსგავსი ქვის გაკეთება მალე კოამას ურდომაც ისწავლა, მაშინ? მაშინ ხომ აღარც დამარცხებული იქნება შემდგომ ომში, აღარც გამარჯვებული. ჩემთვის ახლა აშკარაა, რომ მას სიკვდილი მოაქვს! მე ამას მოვსპობ!..
გენერალი ჭკუაზე აღარ იყო:
– გონს მოდით, პროფესორო! თქვენ ამის უფლება არა გაქვთ. ეს მხოლოდ სწავლულის უაზრო პატიოსნებაა! ხუთი წელია ჩაკეტილში იჯექით, ამიტომაც ამქვეყნის ახლა აღარაფერი გაგეგებათ. ჩვენ პროგრესისკენ, ცივილიზაციისაკენ ვისწრაფვით, მაგრამ კოამა თუ გაიმარჯვებს, აღარც თავისუფლება იქნება, აღარც მშვიდობა და აღარც სიხარული. ჩვენი უწმინდესი ვალია, თქვენს გამოგონებას დავეუფლოთ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ახლავე ავამოქმედებთ. მთავარია იცოდნენ, რომ ,,ეს” უკვე ჩვენს ხელთაა. მთავარია, მოწინააღმდეგეს დავანახოთ, რა შეუძლია, რა ძალის პატრონია, მერე ისე ფართოდ აღარ გამოვიყენებთ... მთავარი ისაა, იმ დღიდან, რა დღიდანაც ,,ეს” ჩვენს ხელში აღმოჩნდება, ჩვენზე თავდასხმას ვეღარავინ გაბედავს. მანამდე კი შეგვიძლია საფლავები გავთხაროთ, ახალი გამოქვაბულები ავაშენოთ, მოვაშანდაკოთ ნიადაგი... მთავარია ,,ეს” ჩვენს ხელში დავიგულოთ, გამოყენება აუცილებელი არ არის. ეს იარაღი მომაკვდინებელი ძალაა, კოამელები დიდხანს ვეღარაფერს გაბედავენ. 
– არა, არა და არა! – ამბობდა შეშფოთებული კა, – როგორც კი დავეუფლებით, ვეღარაფერი შეგვაჩერებს!.. უნდა მოვსპო, უნდა გავანადგურო!..
– მართალია, ჩინებული საქმე გააკეთეთ, მაგრამ ნამდვილი იდიოტი ხართ, _N თქვა გენერალმა და სიბრაზისგან სახეზე მკვდრისფერი დაედო, – წყალს მტრის წისქვილზე ასხამთ, ისე, როგორც ყველა თქვენნაირი ინტელექტუალი, როგორც ის აედი, გუშინ საღამოს ხალხთა კავშირზე რომ ლაპარაკობდა, სულით ნამდვილი კოამელი ბრძანდებით. თქვენ მზე არ გწამთ!
კას შეაკანკალა, თავი დახარა, დაფანჩული წარბების ქვეშ თვალები დაუპატარავდა, სევდით აევსო. 
– ვიცოდი, ასე იქნებოდა. რა თქმა უნდა, მე კოამელი არა ვარ და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. მაგრამ ვეთანხმები მზის კანონთა კრებულის მეორე წესს და უარს ვამბობ იმ კითხვებზე, რასაცAშეუძლია სულები განარისხოს. ისე, იფიქრეთ და ის იფიქრეთ, რაც გენებოთ, მაგრამ ამ გამოქვაბულიდან გარეთ ,,ეს” არასოდეს გავა. 
– მე კი გეუბნებით, რომ გავა და თანაც ახლავე, ურდოს, ცივილიზაციის სადიდებლად, ხალხის საკეთილდღეოდ, მისი ბედნიერებისა და მშვიდობისათვის! – იყვირა გენერალმა, მარჯვენა ხელი ქვას ისე მოკიდა, როგორც ეს-ესაა პროფესორმა, რისხვითა და სიძულვილით ანთებულმა ქვა თავში ჩასცხო, კა იატაკზე დაეცა და ირგვლივ სისხლის გუბეები დააყენა. 
გენერალმა ხელში ჩაბღუჯულ იარაღს ჯერ შეძრწუნებულმა დახედა, მერე გამარჯვებულმა მკაცრად, დაუნდობლად გაიღიმა და ჩაილაპარაკა: 
– ესეც პირველი!..


მოთხრობის გზამკვლევი
ყველაზე საშინელი და შეუბრალებელი იარაღი კაცის ხისტი, გახევებული აზროვნებაა, რომელიც სხვისთვის, „განსხვავებულისთვის“, „მტრისთვის“ არც სივრცეს ტოვებს და არც დროს. ფიქრისა და მოქმედების ასეთი „წესი“ ადამიანს იმთავითვე საბედისწეროდ დაებედა და დღემდე მოსდგამს. კაცობრიულ პრობლემათა უმთავრესი პირველმიზეზი შესაძლოა სწორედ ეს იყოს. 
„დათრგუნე, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო და გაანადგურე, რომ გაიმარჯვო!“ - აი, პრინციპი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჰარმონიული თანაარსებობის იდეის ძალისხმევამ ვერაფრით აჯობა. იარაღი, თავისთავად, საშიში არ არის. საშიშია ადამიანი, რომელიც მზად არის ამ იარაღით სხვა გაანადგუროს.
ვინ ქმნის და ვინ იყენებს? - ეს ორნი ხშირად მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სამყაროს შემეცნების წყურვილი უდიდესია, მაგრამ ეს სწრაფვა „გამოყენების პასუხისმგებლობას“ უკავშირდება. სწორედ ამიტომ მეცნიერების პრობლემა ეთიკის, გონივრული და ზნეობრივი ქცევის პრობლემად გარდაიქმნება. პროფესორ კას შეაძრწუნებს გენერლის სახეზე აღბეჭდილი საშინელი სურვილისა და განზრახვის სიმახინჯე და მზად არის უცილობლად გაანადგუროს საკუთარი პირმშო, თუმცა ამ იარაღის პირველ მსხვერპლად თავად იქცევა.
მოთხრობაში უშორესი წარსული და უკიდურესი თანამედროვეობა ერთმანეთს შეზავებულა, რაც გვარწმუნებს, რომ ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და ვითარდება - ძალადობაზე დაფუძნებული გამარჯვების წყურვილის გარდა. ამ წყურვილს ყოველთვის საკუთარი პროგრესულობითა და „მოწინააღმდეგეთა“ (ასეთი კი ყველა სხვა შეიძლება იყოს) რეგრესულობით ხსნიან და ამართლებენ (როგორც ალუდა ქეთელაური ამბობს: „ჩვენ ვიტყვით: კაცნი ჩვენა ვართ, მარტოდ ჩვენ გვზდიან დედანი“). აქედან გამომდინარე, ნებისმიერი იარაღი „სიმართლის ინსტრუმენტად“ ცხადდება და ასეთი განწყობა მთლიან დროს ფარავს. პირველივე ქვით, რომელიც ადამიანმა მკვლელობისთვის „შექმნა“, განსახიერებულია მომავალი საუკუნეების მასობრივი განადგურების იარაღთა საშუალებით დატრიალებული დაუსრულებელი კოშმარი.
გენერლის აღტაცებით ნათქვამი სიტყვები: „...ჩვენ „ეს“ გვაქვს! ჩვენ შეგვიძლია მხეცს მანამდე მოვერიოთ, ვიდრე ის რაიმეს დაგვაკლებს, ჩვენ შეგვიძლია დავარეტიანოთ, მოვკლათ...კუს ბაკანი ჩავუმტვრიოთ, მოვკლათ, მოვკლათ უხსენებელი...ო, დიდო მზეო!.. მოვკლათ ადამიანი, ძე კაცისა!..“ - წინ უძღვის ყველა გადაწყვეტილებას, რომლებიც როდისმე მიუღიათ ადამიანთა გასანადგურებლად. ამ ფრაზის ბოლოს თვით უფლის მოკვლის საზარელი განზრახვაც მოჩანს - რა თქმა უნდა, ადამიანთა უკეთესი მომავლის მიღწევის სურვილით შენიღბული და „გამართლებული“. გენერალი არ იტყუება, გულწრფელად სწამს იმის, რასაც ამბობს და ეს მას უფრო საშიშს ხდის.
სიკვდილს ორი შემოქმედი ჰყავს - იარაღის შემქმნელი და მისი გამომყენებელი. ისტორია გვიჩვენებს, რომ მათი პასუხისმგებლობა ერთმანეთს არის გადაჯაჭვული, თუმცა ეს პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით ვერ იქცა სამყაროს ხსნის მეტ-ნაკლებად სარწმუნო გარანტად.
საბოლოოდ სიკვდილის ორივე შემოქმედი, ადრე თუ გვიან, მისივე მსხვერპლად იქცევა, მაგრამ ამ წარმოდგენის საზარელ ფასს ყოველთვის უბრალო ადამიანები იხდიან.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge