გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თინათინ აბზიანიძე - ლექსები


***
შენამდე მანძილი ძალიან შორია,
ფიქრით კი დავძრწივავ მაგ თმების სურნელში,
სხეულში სასტიკი უაზრო ომია,
ტკივილებს მიმალავს წვიმები ღრუბლებში.
ვიცინე, ღიმილში ჩავმალე დარდები,
ქარებით გავტეხე წამწამზე ყინვები,
მომავალს ავხადე სიბნელის ფარდები,
ჩამებნა უბეში ცრემლების მძივები.
ვიგიჟე, სხივებად გავნათდი ლექსებში,
არ მქონდა დუელში დაშნა და აბჯარი,
წავაგე, მაგ გულმა გამთელა ფეხებში,
გაავდრდა აპრილი ზამთართან ნაჯვარი.
მივედი ტაძართან, ჩუმია ლოცვები,
ზანზარებს მიწა და რეკავენ ზარები,
შევძელი მეზიდა აქამდე ცოდვები,
ღიმილში მემალა ნატანჯი თვალები.
რა გითხრა.... აისი წააგავს დასასრულს,
და ხდება ისე, რომ გივიწყებ თითქოს და…
მერე კი ვიხსენებ სითბოებს გარდასულს,
ქარებს რომ შენს თმებში მამულად მიჰქონდა.
მინდა, რომ მოგიყვე აპრილის დილაზე,
თვალებში ჩაგხედო, შევიგრძნო სიცოცხლე,
მინდა, რომ გიამბო თუ როგორ გინატრე,
უშენოდ გავლილი წუთები იცოდე.
დავეცე მუხლებით სისხლიან ფოთლებში,
შენი ხმა მესმოდეს მიწიდან ზეცამდე,
აპრილი ვამხილო ზამთარის ცოდვებში,
ზამთარი, რომელშიც დარჩენას ვეწადე.
ცრემლები გაფრქვიო კალთაში მძივებად,
გითხრა, რომ შენა ხარ სიცოცხლის საწყისი,
თუ როგორ, მაგ თმების სურნელი მჭირდება,
თუ როგორ, სისხლიან ქარცეცხლში დავიწვი.
ვიტანჯე იმედის სუყველა ღამეში,
ხარხარებს წუთები სატანის ღიმილით,
მინდა რომ ჩაგხედო უძირო თვალებში,
დავტოვო წარსულში ყოველი ტკივილი.
გითხრა, რომ მიყვარხარ სულიდან ხორცამდე,
აჩრდილად გეწვიო საწოლის კიდესთან,
ბალიში გამიხდა ცრემლების მოწამე,
უშენოდ ნაგროვებ დარდებს რომ ითმენდა.
მანძილი მიწიდან უხვია ზეცამდე,
როგორღაც შევძელი, ნუგეში ვითხოვე,
არეულ ნისლებში ლექსებად ვეწამე,
შენს სულში ვეძებდი დაკარგულ სტრიქონებს.


***
სიჩუმე უშენოდ და მხოლოდ ტკივილი,
უშენოდ, ძვირფასო, აპრილში გათოვდა,
დილასთან უმზეო, უსხივო ჩივილი,
უსისხლოდ სხეულიც დაღლილა რატომღაც.
ცისფერი მთებიც ხომ ირევა ნისლებში,
ცრემლები ჩემი კი ასველებს ხეობებს,
დავდექი! დრო და დრო უშენოდ ვიქცევი,
შეისმენ თითქოს და რომ გაგიმეორებ.
პეპლები ეხვევა ხეებზე ყვავილებს,
თითქოს და სულიდან ამოაქვთ ნექტარი,
ნელ - ნელა ზაფხულიც მიითვლის ნაბიჯებს,
ზამთარში თუ მოხვალ ისევე ნეტავი.
წყეული ფიქრები სკდებიან ზეცაში,
ივსება სამყარო დადგმული სცენებით,
ვერ ვთოკავ ჩემს გრძნობებს უშენოდ ვერაფრით,
ვიწმინდავ ტალახებს გასვრილი ხელებით.
სინათლე აღარ ჩანს ბრმავდება თვალები,
სიჩუმეს მოუცავს ამაყი გარემო,
მზის შუქზე თავს იკლავს დაისის წამები,
არბევენ ამბოხით ფიქრების სამეფოს.
პალმებს კი მარაოს მიუგავს ღაწვები,
აბრუნებს წისქვილებს დამფრთხალი ნიავი,
გეყოფა, საკმაოდ მე ბევრი გავძელი,
მოდი, რომ სულ მალე არ იყოს გვიანი.
შიშებში გაბმულა სიცოცხლის თოკები,
უფერულ კაეშანს აცვია ნიღბები,
მორწმუნეს აწუხებს თავისი ცოდვები,
ურწმუნოს იუდას მზაკვრული ფიქრები.
ჩამოდნა ცრემლები ფანჯარის ყურესთან,
შეიქნა მდინარე შენს ლამაზ თვალებში,
უთქმელი სიტყვებით გელოდი წუხელ და
სიზმრიდან არ მსურდა დილით რომ გამეშვი.
ციმციმებს თვალებში საათის ისრები,
ვაჩერებ წამებს და შენს სახელს ვეძახი,
ვით წყალი წყურვილზე, მე ისე მჭირდები,
ყურს ვუგდებ მდინარის ნაპირზე შეძახილს.
დაუსკდა ვენები მიწაში ფესოებს,
გაყინა წყურვილი სიცივემ ხახაში,
წყალობას არა გთხოვ თუ რამე შეგცოდე,
მომეცი ფანქარი უბრალოდ გადავშლი.
მერე კი სისხლებად დავივლი ძარღვებში,
გავაქრობ სუყველა მოთეთრო ბურთულებს,
ისრების ფოსფორებს ჩავაკლავ წამებში,
გავივლი საათებს უშენოდ ურთულესს.
თუხთუხებს ნისლები დათოვლილ მწვერვალზე,
შეუკრავს წრეები ჩეროში აჩრდილებს.
იმდენი ვიფიქრე, ხელები შეგახე,
მერე კი სხეულზე ეძებდი სამხილებს.


***
გაყვითლებული ბარათები შემომრჩა ხელში,
თოვლის ფიფქები ეფინება გაყინულ ქუჩებს,
დღეს უშენობის სიმარტოვე ჭკუიდან შემშლის,
და მონატრება დაგიკოცნის მხურვალე ტუჩებს.
შემაზარხოშებს ნიავები სულში შთენილი,
ააკანკალებს უმწეობა ტანის სიცივეს
და ძველი დროის ჯირითიდან გადარჩენილი,
მოგონებების სისპეტაკეს გამოიტირებს.
მომაგონდები უცნაური მონატრებებით,
მეწამულ ვარდებს გააბრუებს ურჩი ქარები,
კვლავ გავათენე თეთრი ღამე ლოცვა ვედრებით,
მოთოვა ფიფქმა ხის ტოტებზე განაწამები.
მარტის ბოღმებით შენს ნატვრაში გადავიჩეხე,
გზა ამერია დანაღმულა ყველა ბილიკი,
მე ჩამსვლელი ვარ, - დედამიწას თუ გამიჩერებთ,
ან ამომიშვით და გადავრჩე იქნებ, ვინ იცის.
მკვდრეთით აღმდგარი იმედები მეტორტმანება,
სახრჩობელაზე გადმოვკიდე ყველა სურვილი,
მე შენი ხილვა გადამექცა უკვე ზმანებად
და მოგონებებს დავეწაფე ხარბი წყურვილით.
შიშველ ფეხებით დაცოცავენ გულზე ფიფქები,
დამშრალი ცრემლის ნაკვალევზე ჩნდება ღარები,
თოვლის ფანტელით სიცივისგან ჩუმად ვიწვები
და შენს სხეულში სითბოებად დავიარები.
დაჭორაობენ აჩრდილები ბუჩქების ძირას,
ძაძებს იგლიჯავს თავპირმტვრევით ღამე ეული,
გაკვირტულ ხეებს დასისხლული ძარღვები ტკივა,
უცხოობს მარტი თეთრ საბურველს გადაჩვეული.
კვლავ სიბნელეა უჩვეულო სულის წიაღში,
გუმბათმორღვეულ ეკლესიის სანთლად ვიქცევი,
რა ჯოჯოხეთი იმალება ადამიანში
და რა ბნელია შუაღამით ჩემი ფიქრები.


***
შიშველ ხელებით ვეამბორე ვარდებს ეკლიანს,
ეგ სილამაზე საუცხოო გამიხდა დრამა,
სიო შენს თმებში სამუდამოდ მორჩა ხეტიალს,
გადაგეჩვია ცრემლნარევი ორივე თვალმა.
მე შენს მწვერვალებს შევეჭიდე ჟინით დაღლილი,
არ მეკითხება აპრილები მარტის დათმობას,
თუ ჩვენ ორ შორის არ ყოფილა გრძნობა ნამდვილი,
არ გაგიკვირდეს ამ ღამითაც ჩემი დათრობა.
შენ იტირებ და ჩემი ყოფა დაგავიწყდება,
გასრისავ გრძნობებს მატლებივით, ლოდის სიმძიმით,
დავლევ ფიალებს ჭიქა ღვინო შემომიწყრება,
გამახსენდები სწორედ მაშინ დიდი ტკივილით.
შენს ნასუფრალზე გაივლიან მდარე ფიქრები,
დატოვებს ზეცა სცენის მიღმა ვარსკვლავთა კიაფს,
ჩემზე რომ იყოს არასოდეს დაგივიწყებდი,
თუ დაგივიწყე ამას უკვე სიკვდილი ჰქვია.
ჩემი ცრემლია ღამეებში ცვრად რომ იღვრება,
დუელში ვიწვევ იასამნის ცისფერ აჩრდილებს,
თუ ყველა დილა უშენობის ტანჯვით იწყება,
გჯეროდეს აწი არაფერი გამომაფხიზლებს.
თხემით ტერფამდე მე დამტოვე ცრემლების ტბაში,
აქ ჰორიზონტზე გაბნეული სხივები მოსჩანს,
არ გელოდები როცა ვიცი არ მოხვალ მაშინ,
კვლავ ვემგვანები უთვისტომო სამყაროს მოკვდავს.
მარტი ბეჩაობს ჩემს სარკმელთან სხივთა შიმშილით,
გაოცებულა ყვავილები შენი მშვენებით,
ამობერილა მთის მწვერვალზე შავი ნისლები,
გადაიღალა ვარსკვლავებმა მთვარის ფერებით.
მე უგუმბათო მწვერვალებზე მამარცხებს ქარი,
ცოდვაშეყრილი ტაძრის კარებს ვეღარ ვემთხვიე,
თუ უშენობის ცხარე ცრემლით მიტირის თვალი,
ასე მარტივად შენ როგორღა გადამეჩვიე.
ყელგამოჭრილი ვარდებივით მდიოდა სისხლი,
ფოთლებისაგან შემიკერა ქარმა პერანგი,
ამაოებით გადაღლილი თენება მიმძიმს,
ვერ განვქორწინდი შენს ფიქრებთან მაინც ვერასგზით.
კვლავ დაგეშილი ძაღლებივით ვნადირობ შენზე,
გაავდრებულა სული ჩემი მძიმე მარტივით,
ცივი ნიავი მოწიწებით მემთხვია ხელზე,
ორეულივით უპეებში შემომაწყვილდი.
შენზე ფიქრებით მარტოობამ გამილამაზდა,
ცეცხლმოკიდებულ ჰორიზონტებს ცრემლები აქრობს,
ჭიქა ღვინით და ლოთის სახით მივდევ შარაგზას,
ვერც მე გიცანი და ვერც ძაღლი ვეღარ ცნობს პატრონს.
მე ახლა ვჩივი უშენობით სავსე აპრილებს,
გახეთქილ მკერდზე დაიფარა ზეცამ ნიავი,
შენზე ლოდინი ჭიქა ღვინით გამომაბრიყვებს.
რამდენჯერ კვდება ცხოვრებაში ადამიანი.


***
ყველა ოცნება შევაბრძოლე წყვდიად ღამესთან,
ჭუჭყის ფერებად ჩაიფერფლა ჰორიზონტები,
ცაზე ვარსკვლავმა ღიმილებად დამინაწევრდა,
მთვარის სხივებად შენს გულ მკერდზე დავიკოკრები.
კეთროვანივით დაბეჩავდა ჩემი სხეული,
კვლავ ბოლო ზარებს ველოდები უცხო მიწაზე,
მაგ შენი ზეცის წიაღიდან გამოქცეული,
ბოლთას ვცემ ახლა ამ არეულ დედამიწაზე.
არა აქვს ფასი ათას ერთი ღამეს სითეთრის,
აღარც ცრემლები მიფასდება ცვრიან დილაზე,
მე ჩვენი გზების გასაყარზე ჩუმად ვიდექი,
გადადიოდა ოცნებები უხმოდ ყირაზე.
შენ შეეჩვიე უჩემობას, არ გიჭირს სუნთქვა,
ეს დასასრულის ტოლფასია ალბათ ძვირფასო,
კვლავ უჩვეულო სისასტიკით დამსაჯე სდუმხარ,
გსურს ჩემთან ყოფნის საათები გადამიფასო.
მერე რა თუ კი არაფერი არ გინდა მითხრა,
მიყვარს დუმილი სადაც შენი სიჩუმე ფასობს,
რომ არ გიყვარვარ რად მჭირდება მე ამის კითხვა,
ამ გულს რა ვუთხრა დღე და ღამ რომ შენს თვალებს ნატრობს.
სულიერ შიმშილს რით ვუშველო როგორ დავძლიო,
სად ავაშენო მომავალის უცხო კარავი,
როგორც მათხოვარს წყალიც რომ არ შემომაძლიო,
ვიქნები მაინც შენს ძებნაში დაუღალავი.
გადამეჩვიე ვიცი ჩემთვის არ გიცემს გული,
მე ამ ღამეში მაგ თვალების ვეძებ სითბოებს,
და ჰორიზონტზე აისებად გადაკარგული,
შენზე ფიქრები მოურჩენელ ტკივილს მიტოვებს.


***
სიკვდილის შემდეგ როცა მიწას ეცვლება ფერი,
და ტკივილიან სხეულს დახრავს მიწაში მატლი,
საფლავზე დაყრილ ყვითელ ფოთლებს არ ახლო ხელი,
თუ დღეს არ მდარდობ ნურც იმ ქვეყნად მიმაგებ პატივს.
როდესაც სული შენს ზეცაზე ფიფქებად მოვა,
სახის ღაწვებზე აგენთება ნატვრის ალმური,
იასამნების დაბურული ცისფერი თოვა,
დაგრჩება მკერდში ვარსკვლავებად შემოპარული.
შენ ხომ დამპირდი რომ არასდროს დამივიწყებდი,
ტაძარში შეხვალ დაიღვრები ჩემზე მლოცველად,
რომ მეარსება სამუდამოდ შემოგფიცებდი,
შენდამი ტრფობა იქნებოდა ჩემი ოცნება.
მაგრამ მომკალი განა ამას ეძახი ყოფას?
დაუკითხავად რომ მოძრაობს ჩემგან სხეული,
იმდენი ქენი რომ ეს გული მოკალი ცოცხლად,
სული დამარხე შენს მკლავებში გამოქცეული.
შენი ტრფობიდან გამოვძერწე სიცარიელე,
შიგ ჩავიხედე მხოლოდ ექოს ჩამესმის ხმები,
გადაგერჩინე შენ შეგეძლო, იკადნიერე,
და ახლა ასე უპატრონოდ ყოველ დღე ვკვდები.
ვუცქერ ამალას მიაცილებს მდუმარედ ცხედარს,
დედის ტირილი ღრუბლებს ფანტავს მაღლა ზეცაში,
რაღარც რიგებში მოშორებით თითქოს შენც გხედავ,
გინდა დარწმუნდე რომ აღარ ვარ აღარ გეძახი.
შენ მიმაცილებ უკანასკნელ გზაზე ცრემლებით,
განა მე მდარდობ? შეგაწუხა სინდისის ქეჯნამ,
საფლავთან დადგმულ სამოსახლოს დააჩერდები,
ვერაფერს მეტყვი გვიანია რაც უნდა გეთქვა.
მერე ჩახედავ შეგაწრწუნებს ორმოს სიმაღლე,
გვერდით უყრია შავი მიწა მე რომ დამფაროს,
მიწაზე დაყრილ მიხაკებში არ სჩანს სინაზე,
გამიცალმტვერდა ნაადრევად მთელი სამყარო.
შეჭედავს კუბოს მესაფლავე არ შეხრის წარბსაც,
და სამარეში ჩამასვენებს ნელ ნელა თოკით ,
ჭიქებს შესვავენ შეუთვლიან ცხონებას საწყალს,
შენ რომ დამტოვე მე მის შემდეგ რამდენჯერ მოვკვდი.
სიკვდილის შემდეგ როცა მიწას ეცვლება ფერი,
და ტკივილიან სხეულს დახრავს მიწაში მატლი,
საფლავზე დაყრილ ყვითელ ფოთლებს არ ახლო ხელი,
თუ დღეს არ მდარდობ ნურც იმ ქვეყნად მიმაგებ პატივს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge