ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლეილა ინაშვილი - ლექსები

ღირდა
სული სხეულში გამომწყვდეულა,
სხეული, სულის გამხდარა მტერი;
ნეტავ შემეძლოს ნაწილაკებად
მიმოვიფანტო, ვით ქარში მტვერი,
რომ ერთდროულად შევაღო კარი,
სამყაროს ყველა მიმალულ სხვენში;
ჩემი ნაწილი ვიპოვო ყველგან:
წყალში, ჰაერში, ვარსკვლავში, შენში.
ნაწილაკებად დავნაწევრდები,
დასაბამს ხელით შევეხო მინდა.
„მე სამყაროში - სამყარო ჩემში“ -
ამის შეცნობა სიცოცხლედ ღირდა
გ უ ლ ი
სულ... მუჭის ხელა გვქონია გული,
წარმოიდგინე, რომ ხელზე გიდევს -
დააკვირდი და გაოცებული
მიხვდები, რომ ის სამყაროს იტევს.
ვისაც კი რამე გაუზიარე -
და ეზიარე, ის შენში სახლობს,
ვინც შენი გულის შეეხო სიმებს,
ვინც გაიარა შენს სულთან ახლოს.
ვინც კი მომენტი გაგიზიარა,
საათი, წლები, იქნებ სამყაროც,
განა იოლად გაგემეტება
შენი სულიდან უღმრთოდ გაყარო.
რას ღარ იტევს "პატარა" გული:
ძიების სურვილს, პოვნის სიხარულს,
პულსებად მფეთქავ უამრავ გრძნობას,
ზოგს გამჟღავნებულს და ზოგს კი ფარულს.
და ასე ფეთქავს "პატარა" გული:
რიტმს უნარჩუნებს მხოლოდ შეხება...
და სიცოცხლესაც მანამდის იგრძნობ
- სანამ შენს სიმებს - ვინმე ეხება...
სულის „ინსტრუქცია“
ღმერთმა ერთი დედამიწა მოგვცა,
ამ “მრვალ ბურთზე” დაგვასახლა ყველა.
ზოგს ღამითაც მთვარის შუქი ათბობს
ზოგისთვის კი მზიანი დღით ბნელა.
ზოგს ჩიტის ხმა მელოდიად ესმის,
ზოგი ამბობს: „ რა საზიზღრად ჩხავის“
ზოგს მტირალი სანუგეშოდ უხმობს,
მავანი კი გაექცევა „ბღავილს“.
თვალი, თურმე, სულ სხვადასხავს ხედავს,
ალბათ, ყურსაც სულ სხვადასხვა ესმის.
ქვებით, ერთი აგიშენებს კიბეს,
მეორე კი, იმ ქვებს სულში გესვრის.
როგორც ერთი, - ყველა შვილი უყვარს;
ყველას მოგვცა ღმერთმა თითო ენა;
ტკბილ მოსიტყვეს, თუმცა ხშირად სჭარბობს -
ვისაც ენით უსწავლია კბენა.
მომიტევეთ: ვეთანხმები ამ აზრს
და ხმამაღლა წარმოთქმასაც ვბედავ,
გამიგია: „რაც რომ სულში გიძევს,
შენს გარშემოც მხოლოდ იმას ხედავ!“
სულსაც, გულსაც, აზროვნებას ჩვენსას,
ინსტრუქციას ყველა თვითონ ვუწერთ,
ჩვენ განვსაზღვრავთ მიღებული ძღვენით
რა სამსახურს, ვის და როგორ ვუწევთ...
ამით ჩვენს თავს რა ბედ-იღბალს ვუწერთ....
„პატარას თაფლიშემოელია“
ისეთს რას გეტყვი, რაც ჯერ არ თქმულა,
ვიცი ვერაფრით ვერ გაგაკვირვებ,
ახალს კი, მაშინ უფრო შეიტყობ,
საკუთარ თავზე თუ დაგაკვირვებ.
სიმართლე გითხრა, ისიც არ ვიცი,
რითი დავიწყო, ან რა გირჩიო,
განა ვერ ხვდები უმჯობესია
შენი გზა თვითონ ამოირჩიო.
თუ მაინც გინდა ვინმეს მოსმენა,
გამოიკეტე ცოტა ხნით კარი,
სიჩუმე ფრთხილად აგიწევს ფარდას,
აწკრიალდება შენს სულში ზარი.
საკუთარ თავთან დარჩი პირისპირ,
მერწმუნე, ბევრი სურპრიზი გელის,
დუმილის მიღმა შენი ხმა ისმის,
აღარ ჩურჩულებს, ის უკვე მღერის,
რომ მოიცალე შენი თავისთვის,
დრო ნახე, შენს პულსს მიადო ყური,
როგორც ბავშვს, ისე მოუალერსე
და „თაფლიანი მიეცი პური“.
ყველაფერს ისევ სიჩუმე გეტყვის,
სიჩუმე მართლაც ბევრის მთქმელია.
მიუკაკუნე, როცა მიხვდები:
„პატარას თაფლი შემოელია“.
ბრუნავს, მრგვალია
ყველაფერს ორი თვალით შეხედე,
შენი ცხოვრება შენ გაბარია.
ბრტყელი, უძრავი - ხვალ აღმოჩნდება -
დრუნავს და თანაც - თურმე მრგვალია.
ცვალებადობა - გზის თვისებაა,
ხან წვიმიანი, ხან კი მშრალია.
დროს ნუ დაკარგავ იმის ძებნაში,
ვინ მტყუანი და ვინ მართალია.
გუშინ თვლიდი, რომ საყრდენს გაცლიან,
დღეს ნაბიჯები შენი - მყარია.
ცვალებადია ყველა მოვლენა,
ამოივსება, სადაც ბზარია.
თვით დღე და ღამეც, დამემოწმები,
ერთი მთლიანის ორი მხარეა.
რასაც სამყაროს ბოლოდ მიიჩნევ -
ახალი შანსის საწინდარია!!!
მკაცრად ნუ განსჯი საკუთარ თავსაც,
ნუ განიკითხავ - ვისი ბრალია!
ასი ხიდიც რომ გადაიარო,
იქ მიხვალ, სადაც მიგიხარია!!!
ნ ი ღ ბ ე ბ ი
ნიღბები, ნიღბები და ისევ ნიღბები,
კანივით აჰკვრია მიმალულ სახეებს,
სულზე ჩამოცმული რკინის მუზარადით,
ნეტა ვის უგებენ ამ მზაკვრულ მახეებს?!
აბა, დღეს რომელი აიღე თაროდან?!...
მიგიხვდი... მოდიხარ თავდაჯერებული,
თუმცა ნიღბის უკან ალბათ მოამწყვდიე
სული - შემკრთალი და ეჭვგაჯერებული.
სარკის წინ მორგებულ ნიღაბს ნუ ენდობი,
ტკივილს დაგიმალავს და არ დაგიამებს.
არც მარტო არა ხარ, მრავლად შემოხვდები
ასევე ნიღბიან სხვა ადამიანებს.
სულისთვის აბჯარი ნიღაბმა შეცვალა,
ვერ ჩაგაფურთხებენ და ხომ ვერც დაგჭრიან...
თავს ნუ მოიტყუებ მაგ ფუჭი იმედით;
სულმა ყველაფერი თვალებს დაამჩნია.
სხვას როგორ ენდობი, სხვას როგორ შეიცნობ,
თუ ნიღბად ქცეული - შენივე სახეა...
თავის დასაცავად აკრული ნიღაბი,
შენს თავს რომ დაუგე, სწორედ ის მახეა.
ოდესღაც, თეატრად შერაცხეს ცხოვრება,
თუმცა ის სპექტაკლზე სრული და გრძელია,
სიცოცხლის დასასრულს, ფარდის დაშვებამდის
მუდმივი თამაში საკმაოდ ძნელია.
ასე შენიღბული მიყვები დინებას,
ასე შემოილევ დროებას წარმავალს,
მაშ, სულის ძახილით როდისღა იცხოვრებ,
სახეს თუ შესწირავ ნიღბების კარნავალს?!
ყველაზე მთავარი და გამართლებული,
ნიღაბს რომ არ ითხოვს სწორედ ის როლია!
მხოლოდ ის ისარი მოხვდება მიზანში,
უნიღბოდ, პირმართალს რომ გაგისროლია!
უ ც ვ ლ ე ლ ი
უცვლელია მხოლოდ ის რომ, ყველაფერი იცვლება,
ცარიელი აივსება, სავსე კი დაიცლება.
დღეს თუ ხელში რაც გიჭირავს თითქმის არაფერია,
ხვალ შენიშნავ, შენს გარშემო ცისარტყელის ფერია.
და თუ სულის მოსადგმელად გროშიც არ გაბადია,
ხვალ უთუოდ დარწმუნდები ესაც ცვალებადია.
ოღონდ სახეს ნუ შეიცვლი, დარჩი ადამიანი,
იოლია შენი გზა თუ რთული და ეკლიანი!
უფლის ნებამ სამყაროში კაცად წარმოგაჩინა,
სახე რომ არ დაგიკარგავს - ამან გადაგარჩინა.
უცვლელია მხოლოდ ის, რომ ყელაფერი იცვლება,
თუ შენს გულში გამარჯვების რწმენა არ დაიცლება.
ჯადოსნური წრე
მიმოავლე თვალი ადგილსამყოფელს;
დღეს სად დგახარ, ან აქ როგორ მოხვედი?!
სადღეისოდ რა გზა ამოირჩიე,
კალენდრიდან სანამ ფურცელს მოხევდი?!
რაზე ფიქრობ, გეზი საით აიღე?!
გზად მიმავალს, ქუდად რა გახურია?
გააგრძელე სვლა, თუ განვლილ ბილიკზე
შერჩენილი - შენი ნაფეხურია....
იქნებ ისევ გზახვეულთან შეჩერდი,
აგერია მარჯვენა და მარცხენა,
ვერ გაიგე ტანი რით შეიმოსო
და არ იცი რად გცივა, ან რად გცხელა.
ან საგზაო ნიშნებს რატომ დაეძებ,
შენს არჩევანს განა სხვისი ჯობია,
იმ მოგზაურს იქნებ არც გაუვლია,
ვისი კვალიც მიწას არ დასტყობია?!
ის რა გზაა დასაბამს თუ არ ერთვის?!
ნაბიჯები ჯაჭვად გადაბმულია;
როგორც ვიცი, ყველა წრეზე დავდივართ...
თავიც, ბოლოც ისევ სიყვარულია!!!
ნატვრის ხე
დგას მდუმარე მორჩილებით,
ჭრელა-ჭრულა ბაფთებით,
გამვლელი და გამომვლელი,
ნეტა რას ვემართლებით?!
ფოთოლი არ დაიტოვა,
ბაფთებს ადგილს უნახავს;
ამდენი იმედის თვალი
ნეტა სხვას ვის უნახავს?!
ჩვენს ოცნებებს უფრთხილდება,
გვიშვებს იმედიანად,
რომ იმ ბაფთას სულს ჩაჰბერავს,
ჩიტად გვიქცევს, ფრთიანად.
ოცნებების ასრულებას,
მხოლოდ ბაფთა რას შველის?!
ხელი სულის სიმს შეახე,
ნუ დატოვებ გაშვერილს!
ოცნებები და გეგმები
მაძღრად რომ დავაპუროთ,
სანამ ბაფთას შევაბამდეთ
იმ ხეს წყალი ვაპკუროთ!
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა