გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემურ ჟღენტი - ლექსები



***
მე წვიმა მზრდიდა, როგორც კიპარისს,
ზღვის ნაზი სიო, ოცნება ღამის.
ჩემი ბავშვობა, ვხედავ, იქ არის,
მეფერება და კოცნას მიგზავნის.
ლამის არწივის ფრთები შევისხა,
ლამის დავლეწო ცივი ქარები.
მომეცით ჩემი ძიძა შავი ზღვა,
ამას, კი არ გთხოვთ, გემუდარებით!..
ჩემი ბავშვობა მიხმობს, მეძახის,
ის მიცისკრონებს აქაც უკუნითს.
იქ არის ჩემი ფუძეც და სახლიც
და თვით რაობაც ამ საუკუნის.
ვხედავ, ო, ვხედავ, გთხოვთ, დამიჯეროთ,
მდელოს, ქარივით სადაც დავქროდი.
სულს მიწიოკებს ნარინჯის ჩერო
და...თოლიების ალიაქოთი.
რა ვქნა, აქ ლხინიც იმ ცას მაგონებს,
სადაც ხიბლი აქვს მზესაც ლაზური.
მაგნოლიები ჰგვანან მადონებს,
ედემს,––ათონი და კელასური.
დრო მიდის, ვკარგავ ლამაზ იმედებს,
გულო, იწვი და მაინც ვერ თბები.
ღმერთო, შენ მაინც ნუ გამიმეტებ,
გთხოვ, დამიბრუნე, ჩემი ბეთლემი.
მე წვიმა მზრდიდა, როგორც კიპარისს,
ზღვის ნაზი სიო, ოცნება ღამის.
ჩემი ბავშვობა, ვხედავ, იქ არის,
მეფერება და...კოცნას მიგზავნის.


***
რილოჭრილოზე ბალახი ღელავს,
რილოჭრილოზე ყვავილი მღერის.
მაისის ცეცხლი ეძგერა ლელას,
ლელა ხოხობს ჰგავს, კისერმოღერილს.
ფური დააფრთხეს ნისლის ფარდებმა,
აქოჩრილებმა სერზე დილიდან.
გულო, უთხარი, რა გემართება,
გულო, უთხარი, რა მოგივიდა?
ავსებულია ფიალა თმენის,
ტყე გაუნაბავს ჩხიკვების კარკალს.
ლელა მზეჭაბუკს მზესავით ელის,
ქვეყნად რომელიც არავის არ ჰგავს.
და ჰა, მოიჭრა ტყიდან გრიგალი,
ხმაურმა ცეცხლი შეუნთო ძეძვებს.
დედოფალივით ამაყი ქალი,
როგორც ღიღილო, თვალებს აცეცებს.
გადააბრუნეს დევებმა ოლე,
იცის ცვედანმაც რად ირჯებიან.
ღრიალებს ხარი, ტყე იმეორებს:
ჩამომეცალე, ქალი...ჩემია!..
რქებს დაუხვედრა ქორბუდამ რქანი,
ლამის ღრუბელიც დაანაფლეთოს.
ლელაც ქალია და, არადანი,
ფიქრით ელოდოს უნდა საბედოს.
ერთად გაზრდილი წუხელ ნუკრები,
ვეღარ თოკავენ აბურდულ ვნებებს.
ისმის პასუხად: ნუ მემუქრები.
ცოცხალი თავით არ დაგანებებ!..
ამ ლექსშიც ალბათ ღმერთის ხელია,
ეს გოგოც იმან შეჰყარა ხარებს.
ეტყოდეს მაინც, ის...რომელია,
სიცოცხლესავით რომ შეიყვარებს.
დუღს ორივეში ნება მეფური,
უნდა მეტოქეს ცრემლი ადინონ.
უბედურება ყოფილა ფური,
სულზე ტკბილი და თვალით საჩინო.
ჰოდა, ხოცავენ ერთმანეთს დიდ ხანს,
ედავებიან სამყაროს თითქოს.
ქალს: ვინ გინდაო?––არავინ ჰკითხავს,
ლელა ორიდან...ერთის თავს ითხოვს.
აჯამს რომ უნდა, ეგრე სად არი,
უნდა მოიგო ალერსი მხევლის.
ესმით ჭიუხებს რქების თქაფანი,
ორი სიცოცხლე სიცოცხლეს წყევლის.
უფრო ამაყი და გულმაგარი,
მეორეს მკერდში მახვილს აძგერებს.
ხმა გრიგალის თუ მეხის მაგვარი,
წითლად შეღებავს ცისფერ ჩანჩქერებს.
ვერც დაწოგავდნენ თავს ვაჟკაცები,
რქები მინდორზე ფიჩხივით ყრია.
თვალს ვერ უსწორებს ლელას ნაცემი,
გამარჯვებული ცას უწყებს ღრიალს.
გადაუქროლეს ხმებმა დაბლობებს,
ქედს აქეთა და ქედის იქითებს.
სიძვის კი არა, დროა თაფლობის,
ჟინს ციმორივით რომ აქვირითებს.
ომი დამთავრდა გასაკვირველი,
ერგო ღირსეულს მთების თამარი.
საოცარია კოცნა პირველი,
მოგებულ ომზე...დიდი რამ არი.
ტყეში ზღაპრული ლხინი აქვთ ირმებს,
მხევალს ქორივით უყურებს ქმარი.
მერე...ჯეჯილზე წაინადიმებს,
ქორფა ქათიბის ოფლით გამძღარი.
მოხდა ის, რაც რომ სწყურია ყველას,
რასაც სისხლიც კი ნატრობს და ელის.
რილოჭრილოზე ბალახი ღელავს,
რილოჭრილოზე ყვავილი მღერის.


***
ფიქრო, ნუ დახეტიალობ,
სადღაც ღრუბლების გადაღმა.
კარგი თქვი, რამე, ტიალო,
ავი ნისლების ქადაგმა.
ჭირი გვჭირს, ოღონდ არც ისე,
ან ის კი ვის არ იმეტებს.
მეტნი ვართ ჩვენ არავიზე
და არც ნაკლებნი ვინმეზე.
ნეტა, კარგ დღეში ვინ არი,
აშინებს მთელ ამ სამყაროს.
არ დამენახო მტირალი,
ან რომ...ფარ–ხმალი დაყარო.
წამოდი, ცაზე ავიდეთ,
ქალაქს ჩავხედოთ იქიდან.
გაზაფხულს თვალს რომ არიდებ,
ისეთი... რა მოგივიდა?!.
შეხედავ, არ ვართ მარტონი,
სხვებიც საჭრეთელს ლესავენ.
არ გვტოვებს დიდი ბატონი,
ვინმეც ხმას გვეტყვის მესამეს.
არ გამაგონო, ქადაგო,
ამაღამ შენი კვნესა მე.
წამო, რა უნდა განახო,
მიაქვთ ველები კესანებს.
ნახე, იორსაც ამ დილით,
სიო ესტუმრა ფეთიანს.
უკვე მთაწმინდის ქათიბიც
ლამის ქათიბზეც მეტია.
რა მოერევა ამ გორებს,
გრდემლით გახედნილ ტალიკებს.
ამ სენსაც გადავაგორებთ,
სხვასაც ბევრს მოვინარიკლებთ.
ჭირს ჩაკრულოთი ჩავუხტეთ,
სიმღერაც ხომ ღირს ერთ რამედ.
გაგვიძლია და...გავუძლებთ,
ჩვენთან არს!..––ვუთხრათ ერთმანეთს.
ფიქრო, ნუ დახეტიალობ,
სადღაც ღრუბლების გადაღმა.
კარგი თქვი, რამე, ტიალო,
ავი ნისლების ქადაგმა.
ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო,
მინდა, შენ გვითხრა მესამე.
გინახავს ჟამი უღრუბლო?
გამაგრდი, შენი კვნესა მე!..


***
ფიქრო, ნუ დახეტიალობ,
სადღაც ღრუბლების გადაღმა.
კარგი თქვი, რამე, ტიალო,
ავი ნისლების ქადაგმა.
ჭირი გვჭირს, ოღონდ არც ისე,
ან ის კი ვის არ იმეტებს.
მეტნი ვართ ჩვენ არავიზე
და არც ნაკლებნი ვინმეზე.
ნეტა, კარგ დღეში ვინ არი,
აშინებს მთელ ამ სამყაროს.
არ დამენახო მტირალი,
ან რომ...ფარ–ხმალი დაყარო.
წამოდი, ცაზე ავიდეთ,
ქალაქს ჩავხედოთ იქიდან.
გაზაფხულს თვალს რომ არიდებ,
ისეთი... რა მოგივიდა?!.
შეხედავ, არ ვართ მარტონი,
სხვებიც საჭრეთელს ლესავენ.
არ გვტოვებს დიდი ბატონი,
ვინმეც ხმას გვეტყვის მესამეს.
არ გამაგონო, ქადაგო,
ამაღამ შენი კვნესა მე.
წამო, რა უნდა განახო,
მიაქვთ ველები კესანებს.
ნახე, იორსაც ამ დილით,
სიო ესტუმრა ფეთიანს.
უკვე მთაწმინდის ქათიბიც
ლამის ქათიბზეც მეტია.
რა მოერევა ამ გორებს,
გრდემლით გახედნილ ტალიკებს.
ამ სენსაც გადავაგორებთ,
სხვასაც ბევრს მოვინარიკლებთ.
ჭირს ჩაკრულოთი ჩავუხტეთ,
სიმღერაც ხომ ღირს ერთ რამედ.
გაგვიძლია და...გავუძლებთ,
ჩვენთან არს!..––ვუთხრათ ერთმანეთს.
ფიქრო, ნუ დახეტიალობ,
სადღაც ღრუბლების გადაღმა.
კარგი თქვი, რამე, ტიალო,
ავი ნისლების ქადაგმა.
ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო,
მინდა, შენ გვითხრა მესამე.
გინახავს ჟამი უღრუბლო?
გამაგრდი, შენი კვნესა მე!..


***
თითებს კი არა, გულს ვახებ,
ვარდის და ცისფერ კლავიშებს,
გამოიცემა ბგერები
კაცი ვერ იანგარიშებს.
ყურს ვუგდებ, ცქერით ვიღლები,
ცაც უკვე მთლად ედემია.
გამჩენის გულმოდგინებით
ეს გაზაფხულიც ჩემია.
იორმაც უკვე იორა,
ჭერემსაც მოულხენია.
ჩიტს ეტყვის, ჩიტი–ჩიორა:
ეს გაზაფხული ჩვენია.
ვისი სჯობს იმათ სიმღერებს,
იმედის ყავარჯენია.
ძვირფასო, თუ დამიჯერებ,
ეს გაზაფხული შენია.
ამწვანდა ხევი უღრანი,
წილკანშიც წვიმას ელიან.
გუგუნებს ველი მუხრანის:
ეს გაზაფხული...ჩემია!..
ნუთუ არ გაგიგია რა,
მთაში ირმებიც მღერიან.
რა სენი, ან რა იარა,
ეს გაზაფხულიც ჩვენია.
ლექსი სხვა რამე კი არა,
ბუნების განაჩენია.
ყისმათი შემეხმიანა,
ეს გაზაფხულიც ჩემია.
დიღმისას, დიდგორის ქარი,
იხმობს საწაწლოდ ლელიანს.
ჩასძახის ციცას ციცარი:
ეს გაზაფხული ჩვენია.
ნუთუ არ გაგიგია რა,
ჩიტს ბარტყი აუფრენია.
მარტო იმედი კი არა,
ეს გაზაფხულიც...შენია!..


***
ფიქრიც ნისლივით მოდის ზემოდან,
იხმობს ოცნება ცისკენ წეროებს.
ფიქრი რომ არა, რა იქნებოდა,
ვინ დაიპყრობდა ცის კენწეროებს?
მოდიან დილის რიბირაბომდე,
ცაზე მთიების აფეთქებამდე.
რაზეც ყვებიან და გვიამბობენ,
თითქოს ყველაფერს ცხადში ხედავდე.
ჯადოქარია ზოგჯერ ისეთი,
წყვდიადს გინათებს, როგორც სანთელი.
მოაქვთ ხალისი, მოაქვთ იმედი
და...სიხარული, ღმერთო, რამდენი!
ხან აფთარია, ზოგჯერ მისანი,
სივრცე სწყურია, ციდან მოვლენილს.
თუ სასტიკია, ლამაზიც არის,
როგორც ხილვები,..ყრუ ბეთჰოვენის!..


***
მდია და წამომეწია,
ზამთარი გამომაყარა.
სიბერე ვისთვის პეწია,
ვისთვის––ყივჩაღის ნაღარა.
ბიჭი ხარ, ნუ დაიჯერებ,
სიკვდილს რომ ეთამაშები,
რაღა ტკბილ–მწარეს სიბერე,
რაღა... ურჩხულის ლაშები.
გულზე ღაჯიას ძეძვია,
სულში მურმანის ეკალი.
არადა, მტერს არ ეწვია,
მინდის პურიც ხომ ეგ არი.
მხრავს თავთუხივით ღერომდე,
უძღები, როგორც ჭილყვავი,
ვინძლო... სხვას ეუბნებოდნენ:
იკმარე, რაც რომ იყავი!..
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge