გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეო ძაკონე - ლექსები


ქალაქელებს სოფლელისგან!

სულში სიმარტოვე თუ დამძიმდა,
ბილიკს გავუყვები ქვა-ღორღიანს...
ნამით დაცვარულ და ატირებულ
მინდვრებს გადავხედავ მთა-გორიანს...
ყლორტებს ხელს შევავლებ გამოკვირტულს,
თრთოლვით ნუგეშს ვეტყვი ამბორიანს...
გთხოვთ, რომ ქალაქლობას ნუ დამწამებთ,
მაინც არ მოვიშლი აქ ბორიალს!..




***
ეს სიყალბის ყვავილობა,
სულს აწვალებს, როგორც ბნედა...
მორგებული ნიღბის შიგნით,
სათნო სახე გადაბნელდა...
სად არის,  ის ნამდვილობა,
ვისაც ვცნობდი, ვინაც მწერდა...
სად დაკარგე ის სიმართლე,
სანამ ვინმე გადაგწერდა!...
                                



***
ღამეებს მოსდევს ბნელი დღეები,
პირქუში ნისლის არე-მარეა...
ვეღარ გაარჩევ ამ სამყაროში,
როდის დღეა და როდის ღამეა...
სინათლეს ვკარგავ თვალსაწიერის,
სიტყვა ხროტინით ყელში მაშრება...
ვფიქრობ, ღირდა კი? შეცვლა იერის,
ვფიქრობ, ღირდა კი? ამის დაშვება...
გონება ფიქრებს ვეღარ ერევა,
ჩავიძირებით ალბათ წყვდიადში...
ერთადერთი ხსნა,  რაც გულში ფეთქავს,
არის ახალი დღის განთიადში!..




***
ქუთუთოები დაამძიმა უძილო ღამემ,
ელვის ნათება ხმაურიან გრუხუნში კრთება.
თელავდა თითქოს ფანჯრის შუშას წვეთების ჯარი,
ერთი სხეული მეორეში გრძნობებით თვრება...
ვნების მორევში ჩაშვებული გულების ფეთქვა,
აჯანყებული ორი სულის ტრიუმფი ცაში.
ნაზი ჩურჩულის გაელვება ღამეში, როგორც,
სიმარტოვესთან გამარჯვების მქუხარე ტაში!..
                               


***
არ მინდა სიკვდილი... ხმაურში, ყიჟინში,
ხალხი, რომ მიაგავს მყიდველთა ბაზრის ბრბოს.
არც პირქუშ ღამეში არ მინდა სიკვდილი,
უიმედობაში, სიჩუმის, ძილის დროს.
სულ სხვაა, როდესაც ალიონს უცქერ და
გრძნობ, სისხლი როგორ სჩქეფს, ძარღვებში ბობოქრობს.
როდესაც, სიკვდილსაც იმედით ხვდები და
ახალ დღეს უყვები შენს ბოლო მონოლოგს!...  
                                



***
ნეტავ რად მინდა კალამს რომ მაწვდი,
თვალახვეულმა რა უნდა ვწერო...
შენ მოგისმინო? შენ მოგიწონო?
ჩემო დიადო,  ყოფილო ერო?
არ ვიცი რა ვთქვა, ან რა ვუწოდო,
ასეთ პარადებს... თუნდაც აქციებს...
გულანთებულნი... თავისუფალნი...
გარყვნილ მონებად გადაგვაქციეს.
ვხედავ სამშობლოს მუხლზე დაცემულს,
ჟრუანტელს ვგრძნობ და ტანში მაციებს...
სისხლით გაჟღენთილ ჭრილობებს ვუხვევ,
თქვენ რომ უწოდებთ მაცერაციებს...
კალამს ნუ მაწვდი, ნეტავ რად მინდა,
თვალახვეულმა რა უნდა ვწერო?
დაჭრილ სამშობლოს თვალწინ გიკლავენ,
შენ კი მხარს უბამ... ყოფილო ერო!..
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge