გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ამირეჯიბი - ლაურა

   
   ალიანი მხურვალება თვალს მჭრის,  წითელი ცეცხლი ბრდღვიალებს უკუნით ღამეში, მის წინ ვდგავარ ფეხმორთხმული ობოლი პატარა გოგონასავით და ამ სამყაროში ყველაზე შემაშინებელი წვის ტკაცუნის  ხმებს, ხმაამღვრეული ქალების გოდებას და შებორკილი ნადირივით მოღრიალე კაცების ხავილს გარინდული ვუსმენ.  
  წითელჩაფხუტიანი მეხანძრეები, ერთ ადგილზე გაშეშებული პოლიციელები, გახურებული ასფალტი...  კვამლმა ცაში ვარსკვლავები შთანთქა, სულ მთლად გადაათეთრა და ყველაფერი ჩვენს ოცნებებთან ერთად ერთმანეთში აიზილა. 
  • ლაურა!!! ლაურა!!! დავიღუპეთ, დავიღუპეთ გესმის? 
  • ჰო!... 
  • რა ჰო? რა ჰო?ყველაფერი დაიწვა!  გამოფხიზლდი! - გაბმული ზარივით კივის ვიღაც, სახეს იკაწრავს, მოთქვამს... რამდენჯერმე მაჯანჯღარებს, შემდეგ უემოციო პოლიციელს ახტება ცრემლის ფრქვევით, შარვალზე ებღაუჭება და მის ფეხებთან გული მისდის. 
მინდა მისი აყენება, მაგრამ ძალა არ მყოფნის, ცეცხლის ალს თვალს ვერ ვწყვეტ. მსგავსი სიწითლე თითქოს სადღაც მინახავს, დიდი ხნის წინ გადავიწყებულ სიზმარში, მაგრამ ჩემს ტვინს გახსენება არ უნდა. 
ჟურნალისტები მოვიდნენ. ალბათ ექსკლუზიური მასალის აღება უნდათ. აგერ უკვე რამდენიმე საათში გათენდება და პოლიტიკოსებიც შემოგვიერთდებიან საოცრად დამწუხრებული სახეებით. ორი დღე შევეცოდებით, სევდიანად გადააქნევ-გადმოაქნევენ თავებს და წავლენ. მერე?  მერე აღარაფერი აღარ დაბრუნდება. აღარც სიმწრით გაყიდვისთვის შესყიდული საქონელი და აღარც ბანკის გასასტუმრებელი ვალები. 
გამთენიას ეს ცეცხლი უკვე დაიწევს, შავი ნანგრევები რუხი ფერფლით შეიმოსება, სიცოცხლე ჩაკვდება და გაიყინება. 10 ლარიც კი არ მაქვს შემდეგი კვირისთვის. არც შემდეგი თვისთვის და არც მომავალი ცხოვრებისთვის. რა იქნება ჩემი ხვედრი ისიც კი არ ვიცი. იქნებ მეც იმ მზესუმზირის გამყიდველი ქალის მსგავსად მათხოვრად ვიქცე, რომელიც წლების წინ  დიღმის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში 15 დღით მოათავსეს, ჯარიმაც დააკისრეს. იქედან გამოსვლის შემდეგ კი იძულებული გახდა ქუჩაში გამვლელებისთვის ხელი გაეწვდინა  ხურდა ფულის სათხოვნელად... სხვა რაღა უნდა ექნა, ჯარიმა იყო გასასტუმრებელი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფომ კი თავისი უნდა მიიღოს! 
ამ სამყაროში არასდროს იცი, რა გელოდება ხვალ. არ იცი სიცივისა და შიმშილის გამო გაიყინები თუ ბანკის ვალების გამო მოიკლავ თავს.  გამოუვალი სიტუაცია ვერაგულად არის ჩასაფრებული  და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ გაძლევს. გადარჩენისთვის ბრძოლამ ყველაფერი შეცვალა.  ისედაც უთანასწორო ბრძოლის წესებმა უფრო სასტიკი და დაუნდობელი სახე მიიღო - ჰაერი დამძიმდა, ურთიერთობები გაცივდა. 
,, ბავშვთა სამყარო’’ - ჰქვია ახლა უკვე ფერფლად ქცეულ ადგილს, სადაც დიდი ხნის წინ დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე დავიდე ბინა. სიცივეში, წვიმაში, თოვლში ეს იყო გადარჩენის ერთადერთი ადგილი  ჩემთვის და ჩემნაირი ლაურებისთვის. ჩვენ ერთნი ვიყავით ყველანი, ასაკისა და სქესის მიუხედავად. ერთნაირად გვციოდა, გვტკიოდა და ამ ტკივილმა ერთმანეთის გატანა გვასწავლა. ერთნაირად ვიყოფდით ბაზარში ათუხთუხებულ მეგრულ ხარჩოს,  დაბრაწულ მჭადს, ხოლო თუ  ვერაფერს გავყიდდით, წინა დღეებიდან  მორჩენილი იაფფასიანი ძეხვიც შვება იყო ჩვენთვის.  მთავარია, დაქირავებული დახლის ფული გადაგვეხადა. 
მაშინ, როცა ქალაქი ცივილიზაციას მოკლებულ უსიცოცხლო არემარეს გავდა, ჩვენ და თბილისელები ერთმანეთს ვეხიდებოდით გასაჭირში. ჰო, ერთ წელსაც ასე მოხდა!  საკუთარ ქვეყნაში დევნილებად ვიქეცით. უფრო სწორად ლტოლვილებს გვეძახიან.  ქალაქში, სადაც დღიური საკვების შოვნა უდიდეს ბედნიერებას წარმოადგენდა,, ჩვენ მათ ვეხმარებოდით საკვების პოვნაში, მათგან გადახდილი მიზერული თანხით კი ვარსებობდით და  ვალიდან ვალამდე ვცხოვრობდით.  ახლა ბევრი რამ შეიცვალა. მსხვილმა სავაჭრო ცენტრებმა ჩაგვანაცვლეს. მუდმივი კლიენტები დავკარგეთ.ხალხის გარკვეული ნაწილისთვის თითქოს არც ვარსებობდით, ხოლო სახელმწიფოსთვის თავსატეხად ვიქეცით.  მათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით, მთავრობაში მოსვლისთანავე კი ხელკეტებით დაგვდევენ. აქაურობა ერთ დიდ ნაგვის ყუთს გავს, სადაც ხან წონაში უნდა მოიტყუო, ხანაც გასაყიდი საქონელის ვადა გადააკეთო. თუ გინდა გადარჩე, ასე უნდა მოიქცე.  აქ ყველაფრით ვაჭრობა შეუძლია ადამიანს. შეგიძლია მტვირთავი იყო და მყიდველებს ნაყიდი საქონელი მიატანინო მანქანამდე, გაყიდო ყველაფერი ტანსაცმლით და საჭმლით დაწყებული, კალენდრით დამთავრებული. მკვახე იუმორსაც შეხვდებით -  მაგალითად: ყოველდღიურად  ერთსა და იმავე ადგილას დაინახავთ მამაკაცს, რომელიც დაღრეჯითა და მაცდური ხითხითით სულ რაღაც ერთ ლარად   შემოგთავაზებთ ისეთ ბასრ დანას, რომლითაც სიდედრის ენისგანაც კი განთავისუფლდებით. აქ ყველაფერს ნახავთ, ყველა საქმეს წაეპოტინებით. გააჩნია, ვინ რას აირჩევს. ვისაც სხეული და მორალი აძლევდა უფლებას, სადგურზე მორიგეობდა, მუდმივ და მოულოდნელ კლიენტებს ელოდნენ. ის კაცებიც მიდიოდნენ  წყლიანი სპირტით გამომთვრალები, მძიმე შრომისაგან გადამწვარები. მიდიოდნენ ბანცალით, ფეხარეულები საკუთარი  ფიზიოლოგიური საჭიროების დასაცხრომად სადგურის რჩეულ სადღეღამისო სექს მუშაკებთან. 
მე ვინ ვიყავი უკვე დამავიწყდა. არ ვიყავი ცუდი გოგო. მაგრამ აბა ახლა რაღა დარჩა ჩემგან? - აღარაფერი. თხელი, თეთრი ხელები ყავისფერმა ხალებმა გადაფარა, ფრჩხილები დასკდა, ხელისგულები კი გაყვითლდა და დაიკოჟრა. ფეხებიც თითქოს ტყვიისგან ან თუჯისგან მქონდა ჩამოსხმული, ისე დამიმძიმდა...   ადრე მკვირცხლად წამოვხტებოდი ხოლმე, ერთ დროს ლაჟვარდოვან ზღვაშიც ქალთევზასავით დავცურავდი, ესეც ბუნდოვნად მახსოვს. მგონი ასე იყო... ახლა კი როცა დამიძახებენ, ჯერ ზლაზვნით წამოვწევ ერთ ფეხს, ტკივილით დავიღრიჯები, შემდგომ ხელს შევაშველებ და ასე ვცდილობ რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხზე წამოდგომას. 
24 წელი გავიდა და თითქოს სულ ამ ცხოვრებით ვცხოვრობ. აღარ მთავრდება, როგორც ოდესღაც გამოვლილი გრძელი ტალახიანი გზა. 
***
ასე გარინდული, სევდიანი და ცხოვრებისგან წაქცეული იწვა გაუნძრევლად ლაურა გათენებამდე და ზუსტად ვიცი იმ თვალებში, რაც კამერებმა აღწერეს, ეს სევდიანი ფიქრები იკითხებოდა. მერე იქამდე იჯდა ფეხმორთხმული, სანამ ,, ბავშვთა სამყარო’’ მთლიანად არ დაიფერფლა. ვერავინ ააყენა. ამ ვიდეო კადრებმა მთელი სოციალური ქსელი მოიარა.  ერთ საათში  გულისამაჩუყებელი პოსტები გაჩნდა ვინმე ლაურაზე. შეიცოდეს, რამდენიმე წვეთი ცრემლიც გადმოაგდეს თვალებიდან და დიდხანს არკვიეს ცეცხლის გამომწვევი მიზეზები. ისევ ფიქრობდნენ, რომ გარემოვაჭრეების ბედი ვინმეს ბიზნეს ინტერესებს შეეწირა. 
2017 წლის 27 სექტემბერი: 
დღეს გამთენიისას,  თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. დამწვარია სავაჭრო ცენტრი ,, ბავშვთა სამყარო’’ და მის მიმდებარედ არსებული ბაზრობა. დიდუბის რაიონის გამგეობის განცხადებით, მიყენებული ზარალის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურება რთული იქნება. 
საინფორმაციო გამოშვება დილიდან ამ ამბავს გადმოსცემს. პირველი ამბიდან სოხუმის დაცემის დღის კადრებზე გადადის სიუჟეტი,  შემდეგ კი ისევ პირველ ამბავს უბრუნდება. სიმბოლურია არა?  მათ თვალის გუგებში უკვე მეორედ აირეკლა შემზარავი წითელი ალი. ადგილზე უკვე ქალაქის მერია მისული და ხალხს ცრემლიანი თვალებით ელაპარაკება. ესეც ჩვეულებრივია.  ისინი ხომ სულ ყალბები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან დაუგეგმავი ხარჯია გასაწევი, თანაც არჩევნები მოდის... 
ისინი გვყავს ჩვენი ფულით ასარჩევი და მოსაყვანი, ვინც შემდეგი რამდენიმე წელი ისევ ფეხებზე დაგვიკიდებს. მთავარია ნუგეში შეუძლიათ საოცარი! 
ლაურა ჩემი მეზობელია. უფრო სწორად 24 წლის წინ იყო ჩემი მეზობელი. იქამდე, სანამ სოხუმი დაეცემოდა და ცეცხლში გახვეულ მშობლიურ ქალაქს სამუდამოდ დავტოვებდით. ჩვენ ორივე აფხაზეთიდან დევნილი ქართველები ვართ.  ომმა და მსხვერპლმა ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობა დათესა. ორივეს ერთი საერთო ტკივილი გვაერთიანებდა. ლაურამ მშობლები და ძმა  დაკარგა იმ საზარელ დღეებში, მე კი  საყვარელი ქმარი.  
მანამდე ზღვასთან ახლოს, ერთმანეთის მეზობლად ფართო ტერასაზე გადაშლილი მრგვალაივნიანი თეთრი სახლები გვქონდა, გარშემორტყმული ყვავილგადახსნილი მანდარინის სურნელოვანი წალკოტით. იყო დრო, ეს პეიზაჟები მხატვრულ ჩანახატებსაც მაწერინებდა, რომელსაც სოხუმის ლიტერატურულ გაზეთში ვაქვეყნებდი.                             
სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ომი 13 დღე და 13 თვე გაგრძელდა, თუმცა არც ერთს არ გვიფიქრია ჩვენი საყვარელი ადგილის დატოვება. ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვჯეროდა სიტუაციის გამოსწორების. ვფიქრობდით, რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდებოდა.
მერე ყველაფერი  ცეცხლის ალში გაეხვა... აბსოლუტურად ყველაფერი დავტოვეთ, მხოლოდ ჩვენი დაუვიწყარი მოგონებები შევინახეთ მეხსიერების ჩიპში და  იმ ხალხის კოლონას შევუერთით, რომლებიც სოფელ ჭუბერამდე მისასვლელად  გრძელ და საშინელებათა ფილმის მსგავს გზას დაადგა. 
ლაურაც  ჩვენთან ერთად იყო. ორივეს გულუბრყვილოდ  გვწამდა, რომ ისინი, ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად გვიყვარდა, ნამდვილად ცოცხლები იყვნენ. მართალია, უკვე რამდენიმე თვე თვალით არ გვყავდნენ ნანახი, მაგრამ ჩვენმა ნაცნობმა ხომ ნახა  რკინიგზის სადგურზე პირუტყვისთვის განკუთვნილ სატვირთო მატარებელში  თავისი შვილი, რომელიც დაკარგული ეგონა. ზუსტად მაშინ ნახა, როცა საერთოდ აღარ ელოდა. სიკვდილი  ყველაზე სევდიანი იმედგაცრუებაა, რომლისთვისაც არასდროს გინდა თვალის გასწორება სასოწარკვეთილ ადამიანს. 
ჩვენი სახლები რუსული ,,მშვიდობისმყოფელთა’’ არტილერიის ცეცხლმა დაანგრია, გადაბუგა. მათგან ვცდილობდით გამოქცევას. რამდენიმე დღე მოვუყვებოდით ჭუჭყიან წყლად ქცეული თოვლისგან დამდგარ ტალახის მდინარეებს. სნეული მოხუცები და ბავშვები სატვირთოთი, შედარებით ძალაშერჩენილები კი აზელილ მიწასათან ერთად  ჩვენს თავს ვუწევდით წინააღმდეგობას და გზას ვაგრძელებდით.  თავიდან ფეხებამდე ლაფში ვიყავით ამოსვრილები. ჩვენს გარშემო გზაზე დაჭრილი ადამიანები სისხლისგან იცლებოდნენ და ასე იღუპებოდნენ,  ჩვენ კი არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, წუთიერი მდუმარების გარდა. იმ უკუნით ღამეში მათთან ერთად სიკვდილს ვნატრობდი, მეტი აღარ შემეძლო, სხეული სულთან ერთად გამეყინა, ერთ დღეში გავჭაღარავდი, დაუსრულებელი გზა კი არ მთავრდებოდა. ბოლო არ უჩანდა, მეგონა ეს სიცოცხლის დასასრულიიყო. თუ გადავრჩებოდით, თუ სასწაული მოხდებოდა და ნაწილი გადავრჩებოდით, როგორი იქნებოდა ჩვენთან ერთად ომ გამოვლილი ბავშვების ცხოვრება? დაივიწყებდნენ კი ოდესმე ამ სისხლიან კადრებს, რომელსც ფონად დამშეული მგლების გულისგამაწვრილებელი ყმუილი გასდევდა თან.  ნამდვილი ჯოჯოხეთი სოხუმიდან გამოქცევის შემდეგ დაიწყო. სიკვდილის პირას მისულებს მომხდურის მობჯენილი ტყვია გვქონდა სანატრელი, რადგანაც აქ განუწყვეტელ წამებას, შიმშილს, სიცივეს თანაბრად ვინაწილებდით. ბუნება კი ჩვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი. 
ხან ვეცემოდი, ხან ვდგებოდი... მაგრამ ჩემზე ადრე ლაურა დაუძლურდა.  
  • მეტი აღარ შემიძლია! - თქვა მან და ღონემიხდილი ტალახში ჩავარდა. ხალხს ჩამოვრჩით. ღამე ისეთი ჩუმი იყო, თითქოს სარი გადაეყლაპა და უზომოდ სავსე მთვარე მკვდარ შუქს ასხივებდა. 
  • ადექი ლაურა გთხოვ! 
  • წადი, დამტოვე! 
  • რას ამბობ, გაგიჟდი?  - მკლავზე წავეპოტინე და მისი აყენება ვცადე. 
  • დამტოვე და წადი მეთქი! 
  • არსადაც არ წავალ! დაიღალე? ჰოდა, ძალიანაც კარგი. აქ წამოვწვეთ და დავისვენოთ, ხვალ კი კვლავ გავაგრძელოთ გზა ორმა. 
  • ხროვას მოწყვეტილი მგელი თუ არ შეგვეჩეხა. თუ ასე მოხდა და ჩვენი ძვლებიც აღარ დახვდება ხვალ არავის. ან საერთოდაც გვიპოვის კი ვინმე?  მე სიარული აღარ შემიძლია. წადი, წადი გევედრები! 
  • არსადაც არ წავალ მეთქი. ვალი უნდა გამოვისყიდო. 
  • რა ვალი? - ღონემიხდილმა გაკვირვებით ამომხედა. 
  • აი ბავშვობაში, ზღვაში დახრჩობას რომ გადამარჩინე, ის ვალი. 
  • ოჰ, დარეჯან! - ჩაეღიმა მას. 
  • ცურვა არ ვიცოდი, არადა გახსოვს მე ტუტუცი აღელვებულ ზღვაში რომ შევვარდი და მოულოდნელად გავუჩინარდი, შენ მაშინვე ისკუპე წყალში, მხარზე მომიგდე და ასე გამომიყვანე სამშვიდობოს. ვალს კიდევ გასტუმრება უნდა ჩემო ბატონო. 
  • ეგ დღე  საბედისწერო გამოდგა შენთვის. მაშინ როცა წყლიდან ამოვედით და გაწუწული ხმამაღლა ახველებდი, გიამ წყლიდან ამოირბინა და გამშვიდებდა. 
  • ჰოოო, თან ბოდიშებს იხდიდა როგორ დამასწრეს შველაო. 
  • ორივეს გვიყვარდა, ორივეს შორიდან. - სევდიანად აღმოხდა მას. -  შენც ყურადღების მიქცევის გამო არ გაეკიდე ზღვაში, თავს მოვაწონებო. 
  • კი, კი... მაგრამ არასდროს მითქვამს მისთვის ეს. ნაძლევიც კი გვქონდა დადებული, ვინც უფრო მალე მიიქცევდა მის ყურადღებას, მისი ცოლიც ის გახდებოდა. 
  • რა სულელები და ლაღები ვიყავით! - გაეცინა ლაურას. 
  • ჰო, შენ ყოველთვის მორცხვი იყავი. ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდი ხოლმე. გრძელი, ულამაზესი ქერა, ტალღოვანი თმა გქონდა, ლურჯი თვალები. მოხდენილი ქალთევზასავით ცურავდი, მაგრამ ამით მისთვის თავის მოწონება არასდროს გიცდია. 
  • ოჰ, ჩემო დარეჯან! ქორწინება ზეცაში წყდება! იმ ჩვენი ბავშვობის მერე რამდენმა ქარმა ჩაგიქროლა, მაგრამ მაინც გია გახდა შენი მეუღლე. ღმერთმა განა ჩვენზე უკეთესად არ იცოდა? 
  • რატომ აღარ გათხოვდი? 
  • აბა რა ვიცი. ეჰ, კარგი რა! რაღა დროს ამის გახსენებაა. 
  • არა, მართლა მთელი ცხოვრება გია გიყვარდა? და ამიტომ უთხარი ყველას უარი? 
  • არა! უბრალოდ ახალგაზრდობითა და თავისუფლებით ტკბობა მინდოდა. განა მხოლოდ კაცებს ეზარებათ თითზე ბეჭდის წამოცმა. 
  • გამოუსწორებელი მატყუარა ხარ!  - გამეღიმა და ისევ თავიდან ჯიუტად შევეკითხე. - და მაინც გიყვარდა? 
  • მიყვარდა! - თქვა ჩუმად...  - თითქოს წლებთან ერთად ნაგროვები სევდა სხეულიდან ამოაყოლა სიტყვას და განთავისუფლდა. 
მე ვერაფრის თქმა ვეღარ შევძელი,  ვეღარც მან. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ჩაგვეძინა. 
***    
ის ჯოჯოხეთური ტანჯვა ჭუბერის სოფლამდე მისასვლელად 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ კი ერთი თვე  ერთ კეთილ მოსახლესთან შევაფარეთ თავი. დღემდე არ ვიცი, მე  გადავარჩინე უკუნით ღამეში ლაურა, თუ მან მე. მაგრამ მას შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა იქამდე, სანამ წლების შემდეგ ვაგზლის ტერიტორიაზე ,, ბავშვთა სამყაროში’’ გარე მოვაჭრეთა ზღვაში არ აღმოვაჩინე. 
თურმე ვერც მან იპოვა თავისიანები, ვერც მე. ყოველი წლის 27 სექტემბერს დაღუპულთა  ახლობლები გმირთა მოედანზე ვიკრიბებოდით და მათ სულებს პატივს მივაგებდით. 
24 წელია მარტო ვარ. ხმის გამცემი არავინ მყავს. თბილისსში მეგობრები შევიძინე, თუმცა აქ და ალბათ ყველგან ყველას თავისი პირადი პრობლემა აქვს, რთულია თავი შეაწყინო მათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სევდიანი სიმარტოვის გეშინია. უცნაურია ადამიანის დაბადების არსი, თუ ცხოვრების მიზანი ვერ გიპოვია. დაიბადე, გაიზარდე, იარსებე და მოკვდი.  ყველაზე სევდიანი ხელმოცარულობის განცდაა და მერე ის, როცა არსებობის საჭიროებას ვერ ხედავ საკუთარ თავში. სულაც რომ მოვკვდე ამ ღამით, კვირეები ისე გავა, ჩემს არსებობას არავინ მოიკითხავს. შეიძლება გაზის კაცი მოვიდეს, დახარჯული აირის შესამოწმებლად რომ ქვითარი გამომიწეროს. შეიძლება სულაც კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს გავახსენდე და ასარჩევი მაჟორიტარისთვის მოწყობილ შეკრებაზე მიმიწვიოს. ანდაც, კორპუსის დენის ან დასუფთავების ფულის გადახდა დამიგვიანდეს და იმავე ძვირფასმა მეზობელმა დასატუქსად ამომაკითხოს. 
ერთი თვეა სამსახურიდან წამოვედი. ბავშვთა აღმზრდელი ვიყავი ერთ კარგ ოჯახში. ქართულ-ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას და საბუნებისმეტყველო საგნებს ვასწავლიდი. ახლა უკვე გაიზარდნენ და მე საჭირო აღარ გავხდი. ვხვდებოდი რომ ჩემი გამოშვება მშობლებს ერიდებოდათ, ამიტომაც ავადმყოფობა მოვიმიზეზე და ამით გადაწყვეტილების მიღება გავუადვილე. 
საყოველთაო დღესასწაულის დღეებიც სევდიანია. ყველა თავის ოჯახში ხვდება, ვერავის მიაკითხავ ასეთ დროს, უხერხულია. რამდენჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამომიძახებია. განა ავადმყოფობის გამო?არა, ისე უბრალოდ. მინდოდაა ვიღაც მსტუმრებოდა ასეთ დღეებში. ყავით გავმასპინძლებოდი, მესაუბრა. გადამეცვა  მოდიდან გადასული, მაგრამ კარგად შენახული ლამაზი კაბა, წამესვა ძველი, წითელი პომადა და დავლოდებოდი გულისფანცქალით როგორ ამოივლიდნენ ხვნეშა-ხვნეშით კიბეებს, დარეკავდნენ ზარს და შემოცვიცდებოდნენ წინასწარი ანამნეზით ჩემს გადასარჩენად.
როცა წნევის გაზომვის მერე აღმოაჩენდნენ რომ საგანგაშო არაფერია, წამოვფრინდებოდი ხოლმე ტახტიდან. 
  • ყავის გარეშე არ გაგიშვებთ იცოდე. -  გავიგიჟებდი თავს. 
  • არა, არ შეწუხდეთ რა! გველოდებიან, უნდა დავბრუნდეთ
  • გეხვეწებით! სანამ გამოძახებაზე დაგიძახებენ, დარჩით! უგემრიელესი ფორთოხლის კექსი მაქვს. დღეს დილით გამოვაცხვე. ყავა დიდი არაფერი, მაგრამ ღამის გათენებაში დაგეხმარებათ. 
  • კარგით, მაშინ სულ 5 წუთი დავრჩებით. - გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და დაღლილ-დაქანცულები ჩაეშვებოდნენ ძველ სავარძელში.
ისეთი ბედნერი ვიყავი ხოლმე ასეთ დროს. საჭირო და ბედნიერი. 5 წუთი ხშირად ნახევარი საათიც გაგრძელებულა. ამასობაში ბევრი ლაპარაკი მოგვისწრია. ძირითადად ისინი იღებდნენ გულიდან ბრაზს -მაგ: ხელფასები ისევ ისეთი დაბალი გვაქვს, შეგვამცირეს, ჩვენი პრობლემები არავის ჭირდება, აი მოვა ახლა არჩევნები, მერე ხომ კარგად გავახსენდებით. გაიგეთ? რუსეთმა დღეს დილით სოფელ ჯარიაშენში საზღვარი 30 ჰექტარით გადმოწია. გაგიჟდება კაცი! გვეშველება რამე? 
ჰო, ეს ბოლო მარადიული კითხვაა ჩვენთან. შეხვედრის ბოლოს ახლობლები თუ უცნობები ხშირად ვუსვამთ ხოლმე ერთმანეთს ამ რიტორიკულ კითხვას. 
ჩვენი მიწის 20% უკვე აღარ გვეკუთვნის. ვცდილობთ ყველას ხმა მივაწვდინოთ რომ  ოკუპირებულია.  რუსეთი ისევ ჩვეულ სტიქიაშია და იქ სადაც ადგილი დიდი ხანია წაგვართვეს ახლა ჩვენს მაგივრად უკვე გადამთიელები ცხოვრობენ თავიანთი მრავალრიცხოვანი ოჯახებით. ჩვენი თაობა კი ისევ ერთმანეთს დაუსრულებლად ეკითხება. - გვეშველება რამე? 
სტატიკური ყოფა იმდენად საშიში გახდა, ახალი რეალობის შექმნას მოითხოვს. აფხაზეთის ომის შემდეგ თაობა გამოიცვალა... მენტალიტეტი და შურისძიება  ქრება კიდეც ბოლოსკენ, გადადის ინტერესში და ლამაზი ერთ დროს მოყოლილი ზღაპრის მონახულების და იქ ცხოვრების სურვილი ახალ თაობასაც უჩნდება. ომის ყველაზე საზარელ ამბავს შემდეგი წლები განსაზღვრავს. შედეგი... ის თუ როგორ ხდებიან ადამიანები ხელმოცარული, სასოწარკვეთილი არსებები. სადამდე მივყავართ დაპირისპირებას და  შურისძიების დაუცხრომელ წადილს. 
ჩვენი ხსნის გასაღები კი თურმე სულ უბრალო კომპიუტერულ თამაშებში ყოფილა. ჰო, უბრალო კომპიუტერულ თამაშებში, რომლებიდანაც დღედაღამ არ გამოდიან ჩვენი შვილები. იქ ისინი თავის თანატოლებს ხვდებიან ტოკიოდან და ალაბამიდან, მადრიდიდან და სოხუმიდან... ჰო, ჰო... სოხუმიდან, გაგრიდან, გუდაუთადან თავის აფხაზ თანატოლებთან აბამენ გამალებულ მიმოწერას ჩატში, ერთდროულად უყურებენ მონიტორს გაფართოებული თვალებით, სადაც მთელი თავისი ბრწყინვალებით არის გადაშლილი ჰელიოპოლესის მომნუსხველი ხედები, ეგვიპტე მთელი თავისი გრძნეულებითა და ბოროტებით. აფხაზი და მისი ქართველი მეგობარი კი ერთად გეგმავენ  მზის ქალაქის აღებას. მათ დღეს პირველად გაუჩნდათ 24 წლის დუმილის მერე საერთო სათქმელიც და უკვე მათი დაცილების მიზეზიც აღმოაჩინეს. ოქროსფრად მოლივლივე ქვიშის ცხელ ფერდობზე, გამოჩნდა ორთავიანი არწივი სფინქსების მასიურ სხეულს ამოფარებული...ხოლო ამ წამს ისინი ჰელიოპოლისს უტევენ აქლემებზე ამხედრებულები და უკვე საკმაოდ მკვეთრად გრძნობენ მოახლოებული გამარჯვების ამოუცნობ სურნელს...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge