გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ ხასაია - ლექსები


ქალი და ზღვა
1
ეს შავი ზღვაა, მშვენიერო!
ამ გარიჟრაჟის
ცივ, მზეთუნახავ სარკეებში ზღვა მონარნარებს,
ზღვა დაგიბრუნებს
სიყმაწვილის უწმინდეს დღეებს,
გაჩუქებს ღამეს, 
ქრიზოლითებს,
სევდის მარმარებს.
გინანავებენ ალვისხენი საედემონი,
წყლულს გაგილოკავს
მწუხარების ლურჯი დემონი...
ჩემს ობოლ სიზმარს მიეტკბურე,
მიეკამკამე!
ვისია ნეტა ვარსკვლავებით მორწყული ღამე?
2
შენ დილის ზღვაში
ლანდს გადაისვრი,
სწუხს საყურეთა ნაზი დაისი.
როგორ დაგნისლეს ზღვის მარმაშებმა!
ზღვა ფრინველივით გეთამაშება.
ხომალდთა ჩემთა
ცისფერო პორტო,
ზღვის შამპანურით გრილიანდებით,
მომირთმევია ევქსინის პონტო --
ზღვა აურაცხელ ბრილიანტებით!
3
ზღვა -- მეამბოხე სული ჩემი,
სული მბორგალი!
შემოგეხვია ფანტასტიურ წვიმის გორგალი.
გამახსენდები და ჩონგური ამიტირდება,
განა ზღვა არი,
ბეთჰოვენი იქცა ზვირთებად!
ევქსინის პონტო
არ ეძახის სევდიან ლაზებს?
არგოს აფრებთან
არ შრიალებს კოლხური ჭალა?
ან ბახმაროდან ამომავალ მზის სილამაზემ
ჩემი ბავშვობის ფრინველები არ წამოშალა?
4
აჰა, ტკივილი,
ათასწლობით გულში რომ მედო,
აჰა, ვარდები, მაისები და ირისები,
ალაზნის ველით აფრენილო სიზმარა გედო,
მოახლოებულ სიკვდილისგან რომ ინისლები.
შენ დამიწყნარე ეს სტიქია --
ტანჯვის აუზი!
ბროლის თითები ამბოხებულ წყალს გადაუსვი...
მე სიყვარული მენატრება 
ლაჟვარდებს ზევით,
იასამანის ქალბატონო ღვინიან მზერით!
5
ბულბულის ცრემლით 
დამტკბარო ვარდო,
დაიწყო შენი გალაჟვარდება,
მზე -- ზღვისპირეთის ხუჭუჭა ზანგი
შენს ღამეებში გადავარდება.
მზემ ამოგიშროს იქნება ვნებით
მელანქოლიის მტანჯველი ზღვები...
მზე შენი ზანგი საყვარელია --
გავარვარებულ რკინასთან წვები.
6
როცა თოლია 
ლაჟვარდისკენ ზღვას აიტაცებს,
შენ აუტანელ სილამაზის ქროლვას ნებდები,
დახუჭავ თვალებს
ნაპირების ხუჭუჭა რძეში,
დაგისველდება მშვენიერი მოგონებები.
ათასწლეულის დასასრული.
ჟამთა სიბერე
ნელ-ნელა მარხავს სიყმაწვილეს --
ცისფერ ტრიანონს...
თითქოს ერთად ვართ,
კვლავ მიყვარხარ ათასწლის მერე
და ზღვათა ფსკერზე
დიდი ცეცხლი დახეტიალობს.


ვერავინ მომაშლევინებს

მე ვერვინ მომაშლევინებს
ვაზის სხვლასა და ბარვასა,
დაღლილ-ნაჯაფი სადილად
ვსვამდე მზესა და ქარვასა,
მიყვარდეს ქალი ლამაზი,
ტანი უგავდეს ალვასა.
ვერავინ მომაშლევინებს
სხვისთვის წვასა და ალვასა,
მოგონილ უდარდელობას,
გულში ტკივილის მალვასა;
თვით ღმერთის ხელით ჩაყრილი
ვაზის სხვლასა და ბარვასა
და ვარსკვლავიან ღამეში
ციდან ლექსების პარვასა.


ბათუმის წვიმა

სარკეებისგან ნაზდება ბინა,
რაღაც სიმშვიდე გულს მოეფინა.
წლებია, ვცხოვრობ საკან და საკან,
ძვლებიც ამტკივდა ღალატისაგან.
გარეთ კი სხვაა:
როგორც წესია,
ბათუმს ღრუბელი შემოესია,
ზღვა შეიშალა,
ზღვა გადმოვიდა,
ქუჩებში გრგვინავს ზღვის პოეზია.
გაბერილია აფრები ქარით
და ფართხალებენ წყალში ღმერთები...
ქარიშხალი და წვიმა მყავს გარეთ,
წავალ, მათ ლოშნას შევუერთდები.


მზე მიიწურა

რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, 
არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს! 
(ლუკა 8, 17)


მზე მიიწურა,
ახლოს არი ლანდების მხარე,
ტყე განიძარცვა,
დაიშრიტა წყარო მჩქეფარე...
როლს როლი ცვლიდა,
ჭიქას -- ჭიქა,
ნიღაბს -- ნიღაბი,
მაინც შემნიშნეს, თუმცა რას არ ამოვეფარე.
მაშ, ნუ გვაბოლებ,
ნუ გვატყუებ, ძვირფასო დაჩი,
ნუ ამბობ, თითქოს ყველასათვის უცნობი დარჩი.
სულ ამაოა ჯამბაზობა იქსით, უცნობით...
ყველამ მოგვაგნო, 
დაგვინახა,
თუმცა ვურჩობდით.


შორეული ქალი

ეცემა სხივი შორეულ ქალის
ამ თოვლის ბაღებს;
ცოტაღა დარჩა და თებერვალიც
კარს შემოაღებს.
როდის ყოფილა ბრძენი განგება
ბოლომდე მწყრალი?
კიდევ ცოტაც და ხეში ჩადგება
თებერვლის წყალი.
ყინვის ვარდებში გადატეხილა
ბედი უცვლელი.
მორთმეულია კრიალა დილა --
სუფთა ფურცელი.
ჯერ კი იანვრის ცივ სარკეებში
სძინავთ ალუჩებს,
შორეულ ქალის ციური სუნთქვა
ქედებს ალურჯებს.


გაზაფხული...

ცხადია? არა!
იოსების სიზმარი? არა!
ზღვაც ადგილზეა,
ეს წყეული ენგურის ხიდეც.
როგორ გამომრჩა,
ასე როგორ გამომეპარა --
წელს გაზაფხული ... მოსულა და წასულა კიდეც!


არწივი

იმაზე კარგი რა არის განა,
გწამდეს არწივი --
მთის ანგელოსი;
მუდამ გახსოვდეს დავითის ხანა --
ამაყი ქროლვა საქართველოსი!
მთის მწვერვალების ფიცი და ვერცხლი,
მცხეთას დარგული უფლის ხეხილი,
არწივის მზერა -- მამალი ცეცხლი,
ქვით და ყინულით გადატეხილი.
არწივს სიკვდილიც სხვაგვარი უყვარს --
ცის სარკეებთან,
ნათელ ღრუბლებთან!
დატოვებს მიწას, ამ ბალახ-ბულახს,
ცის უფსკრულებში დაიღუპება!


გემი ,,რიალტო“

კვლავ გემი ,,რიალტო" --
ოცნების მწვერვალი!
შავ ზღვაზე დაფრინავს 
სველი თებერვალი.
როგორც სისპეტაკის უცხო მაგალითი,
ბრწყინავს მგზავრებს შორის ქალი -- მარგალიტი.
ხანა აგონდება თრობამორეული,
წლები დაკარგული,
წლები შორეული.
როგორ აირია გზა და სათვალავი...
ელვარებს შუშაში ლურჯი საწამლავი!
ვეღარ იგერიებს ფიქრებს ნისლიანებს...
სად გაქრა, ძვირფასო, შენი უფლისწული?
ანდა ეს ცხოვრება საით მისრიალებს?
მოგდევს თებერვლის მზე,
წვიმით გაწუწული...
გწამს რაღაც უბრალო,
რაღაც წარმავალი,
გიყვარს სიცოცხლე და... ტკბილი საწამლავი...
მხრები ნატიფია,
მკერდი მგლოვარია,
შენი ბედისწერა
მადამ ბოვარია!


დაცხრი, დამშვიდდი

დაცხრი, დამშვიდდი, ბეჩავო,
ნუ დრტვინავ დღით და ღამითა!
მე რომ სიზმარი აგიხსნა,
შენ რა ხეირი ამითა?
იქვე გაქრება ამ სოფლის
შარავანდი და დიდება,
ია უკუღმა იფეთქებს,
ქვას ცეცხლი წაეკიდება.
შეხედე, დატკბი:
დიაცი
სიყვარულისგან სტირისა,
რა მორცხვად იშმუშნებიან
ვარდები გულისპირისა!


ს 

მაღალი ქალი
და კანკალი ცივ საყურეთა...
ლაჟვარდებიდან 
ამ სიმშვიდეს ვინ დაჰყურებდა?
აქ ქალის სუნთქვა --
სამეგრელოს ლბილი ბუნება
ილიას რკინას 
უცნაურად ესალბუნება...
მზიდან მოფრინდნენ ყვავილები, 
მხოლოდ საშენო,
და თავს იყრიან სუნნელოვან სუნთქვის გარშემო.
შენი თვალების ცისფერ ტბებში
მზე კვერცხებს დებდა...
რა იჩურჩულე
შენს ოქროსფერ, სევდიან დებთან?


საიდან მახსოვს?

ცხოვრება მშვიდი, აუმღვრეველი
და სიხარული, ბროლივით წმინდა!..
არაფერს ვნანობ, 
არავის ველი
და, კაცმა რომ თქვას, არც რამე მინდა.
მე ჩემი წილი ბოლომდე შევსვი,
თუკი ამასაც დალევა ერქვა,
მიახლოვდება ნანატრი ლექსი --
მსუბუქი, როგორც ლანდების ცეკვა.
ქარი ჰქრის,
კვნესის ჩვენი ტყე-ველი,
მეც უკანასკნელ შრეში შეველი,
რაც არ მქონია, საიდან მახსოვს? --
ცხოვრება მშვიდი, 
აუმღვრეველი!


აბა, რა გითხრა?

აბა, რა გითხრა, გამქრალო ძმაო?
სად -- ჩვენი ძმობა, 
სად -- სასაფლაო!
აღარც კი მახსოვს წლები მჩქეფარე,
ხავსს და სიჩუმეს ამოეფარე.
აქ ლანდებია ყველაფრის მეფე,
სოფლის ძაღლებიც ლანდებს უყეფენ...
აბა, რა გითხრა, მეფობს ჭრილობა,
სხვა ჟამი დადგა, 
სხვა დაღლილობა,
როს ყველაფერი უშენობას სწუხს,
შენ კი აღარ ხარ, არ გვაძლევ პასუხს.
აჰა, გამოჩნდა მერცხლის გუნდები...
ამ გაზაფხულზეც არ დაბრუნდები?


ჭრელი სოფელი

ქალი სიტურფეს მიეტრფის
და ყვავილებით თრობასა,
ვაჟკაცი -- მტერზე ზეობას,
მაღალ მწვერვალთა ფლობასა.
ბრიყვი -- ყველაფრის მოხვეჭას,
საცერით წყალთა პყრობასა,
ბრძენი კი -- განზე გადგომას
და ჭრელი სოფლის თმობასა.


გამაქროლებენ

მთვრალია ღამე
ვარსკვლავების ცისფერი ღვინით,
გამაქროლებენ მე იმ გზებზე თეთრ ბალდახინით.
კვლავ ერთადაა
რაღაც შიში და სილამაზე,
მარადიული ტკივილები ბრწყინავენ ცაზე.
თავისუფლება ცხენი, თოფი და ნაბადია!
უმდიდრესი ვარ --
არაფერი არ მაბადია!
ჰყვება ჩონგური
სიყვარულის სევდიან ამბავს,
ციცინათელა სოფლის ყოფნა-არყოფნას ლამბავს.
ზღვა მაღალია
გაზაფხულის სველ ბალახივით...
გამაქროლებენ მე იმ გზებზე თეთრ ბალდახინით.


რიჟრაჟის ქალო

დღე ისე ჩაქრა, 
ვერც გამოერკვა,
აღარც კი ახსოვს, იყო თუ არა...
ისევ გრძელდება ლანდების ცეკვა,
ქალაქსაც ლანდმა გადაუარა.
მოქარგული ვარ მწუხარე სხივით,
სპირტიდან ალი ჰქრის სიზმარივით;
ასე ირხევა ლექსი -- ხეხილი,
სწუხს სალამური გადატეხილი.
როდის გაცოცხლდეს გამსკდარი გული?
აღარც სულია, აღარც სხეული,
ზეცა ლოდია მარადიული,
განცვიფრებისგან სფინქსად ქცეული.
უმსუბუქესი, ბრძენი აკაკი!
გაქვავებულა ისიც სფინქსივით;
ქათქათა წვერი, თოვლით ნაქარგი,
დათესილია მხოლოდ მზის სხივით.
ის წამი მუდამ მემახსოვრება:
მეც დავითესე ლურჯი ვარსკვლავით...
აიფოფრება უცებ ცხოვრება
და უკან მომდევს შეშლილ ზღვასავით.
ლურჯდება სუნთქვა შორეულ ქალის,
როგორც სარკეში -- ფიფქის ხარება;
წარსულისაკენ წაგრძელდა გედი,
ყელი ლაჟვარდში გაეპარება.
ო, შორეულო, რიჟრაჟის ქალო,
ამაოდ გეტრფი,
ამაოდ ვგალობ,
ვეღარ ვიცილებ ზეციურ ჯადოს,
მოფრინავს ლექსი, რომ დაიბადოს.
სულ ამაოა, რაც მილაშქრია,
მახრჩობს წყურვილი ქებათა ქების...
განა ყოფნაა, ეს რიჟრაჟია
აალებული, სპეტაკი ქვების.



ინდური სიბრძნე

წაიღო წყალმა
ოქროს ჩალმა,
მოვის პერანგი...
დაღონებული მისდევს კაცი ზვირთების ლივლივს;
ნუ დრტვინავ, ძმაო,
მოწყალეა დიადი განგი --
ეს ყველაფერი ისევ ისე 
აქ ჩამოივლის!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge