გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეილა ალიევა - ლექსები

                       თარგმანი მაყვალა გონაშვილისა
                  
                  ლეილა ილხამის ასული ალიევა, ჰეიდარ ალიევის ფონდის  პრეზიდენტი. მინიჭებული აქვს აშშ-ს საქველმოქმედო ფონდის ჯილდო     „სიცოცხლის გასაღები“ და პუშკინის ოქროს მედალი. 


გავრბივართ, მივფრინავთ, ვჩქარობთ


გავრბივართ, ვფრინავთ, სულ მუდამ ვჩქარობთ,
რატომ გვაშინებს ბედნიერება?!
ოკეანეში ვუშვებთ ხომალდებს,
რომ გაგვიტაცონ თეთრმა გემებმა.
გავრბივართ, სადღაც ვიჩქარით მუდამ,
მიჰქრის მანქანაც, მიჰქრის, ჭრიალებს,
ვცდილობთ, განვდევნოთ გულიდან დარდი,
ვგავდეთ უგულო ადამიანებს.
ჩიტივით ფრინავს რკინის ხომალდი,
როდი ჩქარობენ თუმცა ფრთოსნები
და ვეღარ ხედავს უტკბილეს სიზმარს
სული, ოცნებით დანაოსები.
მეც აჩქარებით ვწერ ამ სტრიქონებს,
არად დაგიდევთ მძიმეს და წერტილს,
რითმების ჯვარზე გაკრულ ტკივილებს,
ვიცი, რომ ფასი არა აქვს თქვენთვის.
ხტიან სიტყვები, ჩქარობენ, თრთიან,
უნდათ, თეთრ ფურცელს მიესალამონ,
ლექსს ბედის შეცვლა თუმცა არ ძალუძს,
დაჭრილი სულის არის მალამო.
და თუმც არ მიყვარს მე განშორება,
მაინც სულ წასვლა რად მერგო ბედად,
მოვა დრო, ხსოვნის გადავშლი დღიურს,
ახლა კი ვამბობ, მშვიდობა შენდა.
მოგონებები გაჰყვა თეთრ ქარებს,
გამშორდნენ წლები, დამტოვეს მარტო,
ათასი კითხვა მეხლება გულზე
და ვიმეორებ: - სად, როდის, რატომ?
მოლიპულია ბედის გზაწვრილი,
ვაი, თუ სადმე ფეხი დამიცდეს,
ამიტომ შიშით ვხუჭავ თვალებს და
გთხოვ, მაპატიო, უნდა გავიქცე.


დრო

დროვ, გევედრები, შეჩერდი წამით,
თავდავიწყებით თქვი, საით მიქრი,
თან გამიყოლე იმ უცნობ გზაზე,
გამიზიარე მეც შენი ფიქრი.
შენ ხომ არაფრის არ გეშინია,
მეც მსურს, ვიარო ირიბი გზებით,
გადავუარო ქარიშხალივით
მთას და ხეობას, ზღუდეს და ჯებირს.
მითხარ, რა არის იქ შეუცნობი,
ბედის სამზღვარი მითხარ, სად არის?
ან დედამიწა რად შფოთავს ასე,
რატომ უნთია გულში ღადარი?
მე იქნებ კარგად ვიცნობ ამ ყოფას,
ანდა არც არა გამიგონია,
თუმც ყველაფერი მაქვს, მაინც რატომ
მკლავს სიმარტოვის მელანქოლია.
თვალებს ვახელ და ვეძებ სიხარულს,
მსურდა ნუგეში სულ ერთი მუჭა
და მებრალება ჩემივე თავი
და დაღლილ თვალებს კვლავ სიმწრით ვხუჭავ.
მესათნოება ირგვლივ ყოველი,
ქარის შეხება, ცრემლების წვიმა,
სახეს ვიფარავ ცხოვრების ნიღბით
და ბედნიერის მოვირგებ ღიმილს.
დროვ, გევედრები, არ დამივიწყო,
გჩუქნი წამს, ზღვას და ქაღალდის ნავებს,
დროვ, არ დამტოვო ჩემ თავთან მარტო,
გთხოვ, სამუდამოდ თან წამიყვანე.


მაღაზიები, რესტორნები

მაღაზიები, რესტორნები,
დავკარგე მადა,
გამოვრთე შუქი,
სიბნელეში ვიქნები კარგად,
ვმალავ ჭრილობებს,
ამოვუდე ტკივილს სადავე,
ის, რაც არა ჩანს,
არ არსებობს მაშასადამე,
გაჩერება და მოსაცდელი
აქ სულ ელიან
წითელ ავტობუსს,
აღარ მახსოვს, რა ნომერია. 
ქუჩებს ედება
აკაციის ნაზი სურნელი,
ის, ვინც სულ ელის
იქნებ, მართლაც არის სულელი.
ხმაურობს ზღვა და
მე კი მშვიდად, ჩუმად ვსაუბრობ,
ვიხსენებ იმას,
ვინც გვიბოძა
ესე საუფლო.
ჩვენი ლხენა თუ ჩვენი ტანჯვა,
სურდა რა უფრო?
ჩამწკრივებულან ტაქსები,
მე ავტობუსს ველი,
იქნებ არ მომწონს 
ამ ტაქსების
ეს შავი ფერი?
მოვხუჭავ თვალებს,
ღმერთმა იცის,
მიზეზს რა დალევს.
კიაფობს შუქი,
ათასფერად კიაფობს შუქი,
შობის დღეობას ვეგებებით,
როგორც წესია,
გახსნილი გულით უნდა დავხვდეთ
მხსნელს და მესიას.
მაღაზიები, რესტორნები,
ყველგან სინათლე
და მაინც,
უნდა გითხრათ სიმართლე,
სიცარიელით რომ არ მოკვდეს
ჩვენი გულები,
იქნება მკერდზეც დავიკიდოთ
ელნათურები.


ცრემლები

მსურდა ტირილი, მაგრამ ცრემლი არ დაცდა თვალებს,
ამისთვის მართლაც დამნაშავე ვინ არის, ვინა?
პოეტისათვის ლექსი არის შვება, ნუგეში,
ობოლი ცრემლი ფიფქად იქცა, თვალს შეეყინა.
მსურდა ტირილი, მაგრამ მაინც ცრემლს ვიკავებდი,
შემკრთალ სახეზე ავიფარე ყალბი ღიმილი,
მომწამვლელია ყველა ცრემლი, სულში ჩაღვრილი
და სალბუნია თურმე ტირილი.
რა არის მითხარ, ეს ცხოვრება, ეს მასკარადი,
ან რას მიმზადებს ყალბი დროება,
მე არაფერზე დავღონდები, არც რას ვიდარდებ,
თუგინდ მელოდეს ამაოება.
მე ჩამითრია მაგ თვალების სიცარიელემ,
უდაბნოსავით მწველია და მხუთავი განცდა,
იქნებ ფუჭია ყველა სიტყვა, რაც დღემდე გითხარ,
რასაც აქამდე არ ვამხელდი, რაც ბაგეს დასცდა.
მეფობს სიჩუმე, მდუმარებით ამევსო სული,
ის ყველგან სუფევს, რა თქმა უნდა, იგი ჩემშია
და რადგან ახლა ნუგეშივით გულს დაეფინა,
მე აღარაფრის არ მეშინია.
მეუბნებიან, სულ რად ჩქარობ, რად დავობ ბედთან,
სანამდე რამეს გადაწყვეტდე, კარგად იფიქრე,
ჯიუტობს გული და არ უსმენს გონების კარნახს,
„კარგად იფიქრე“, ჩემთვის ნიშნავს „გადაიფიქრე“.
როგორც ქანქარა ჰოს და არას შუა ვირწევი,
რა ვქნა, არ მინდა არც ფიქრი, არც გადაფიქრება,
ნურაფერს მეტყვით, ან რას შეცვლის თქვენი სიტყვები,
სიზმარი მამცნობს, მომავალში თუ რა იქნება.
როგორ უეცრად გაპარულა ეს ერთი წელი,
ვერც კი შევნიშნე, იანვარი მოადგა კარებს,
ბალახი ყინვამ გადააჭკნო, წავიდა წვიმაც,
მახსოვს, მან მითხრა, დავბრუნდები ძალიან მალე.
აი, დაბრუნდა მხიარული და ბედნიერი,
მომენატრეო, ზის და წარსულ ამბებს იგონებს,
თითქოს და გუშინ გაიხურა მან სახლის კარი,
იანვარს თითქოს სულ ახლახანს დავემშვიდობე.
მე კი მარტო ვარ, მარტო ვარ და რა მოხდა მერე,
ეულად ყოფნას ნეტავი რა სჯობს,
თუ სიმარტოვე ცოდვაა და დანაშაული,
დაე, ცოდვისთვის მე დავისაჯო.
ან რა აზრი აქვს ახლა ათას კითხვას და განსჯას,
ვინ არის ჩვენში გმირი, ანდა ვინ დამნაშავე,
ანგელოზები ვერასოდეს გავხდებით, თუმცა
ჩემში ანგელოზს გული ბევრჯერ გადავუშალე.
მშვიდობით, ჩემო მეგობრებო, უნდა წავიდე,
ძალიან მალე დავბრუნდები, მერწმუნეთ, მალე,
ჩარაზეთ ყველა კარიბჭე და ყველა ფანჯარა,
ოღონდაც მე ნუ დამიკეტავთ მაგ გულის კარებს.
როგორ არ მიყვარს ეს სიტყვები: კარგად, ნახვამდის,
განშორებებით მოვიწამლე, ძლიერ ავად ვარ,
როცა კარის ზღურბლს გასცილდებით, დავიჩურჩულებ:
„დაგელოდებით, მოლოდინი იცით, თავად ვარ“.


სიყვარულის მონა

ის სიყვარულის მონა იყო და უდაბნოში
გზაარეული წყალს ეძებდა ამომშრალ ჭაში
და როგორც მწერი, გაბლანდული ობობას ქსელში,
უმწეობისგან ანგელოზებს წყევლიდა ცაში.
ხოლო ოსტატი, სიყვარულის უარმყოფელი,
ვისთვისაც მართლაც წუთი იყო წუთისოფელი,
მთიდან სამყაროს დაჰყურებდა, ვით გაშლილ სცენას,
ისიც კიცხავდა ანგელოზებს და ბედის მწერალს.
როდესაც მრუმე ფერს იკრავდა ზეცის ზეფირი,
მარტოსულ მთვარეს შებღაოდა სულით ეული,
ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს მწირი ნატვრას ატანდა,
რომ თუნდაც სიზმრად დაენახა თავის რჩეული.
ხოლო ოსტატი, მინავლული იმედით სულში,
მზეს შესცქეროდა, მისი გულიც ტრფობით იწვოდა,
უკვე მეასედ კითხულობდა წაკითხულ წიგნებს,
თუმც ყველა წიგნის დასასრული კარგად იცოდა.
მოღალა მონა მოლოდინმა, ფუჭმა ოცნებამ,
წყევლიდა იღბალს, ბედისწერას და დაბადებას,
ბოლოს დაბრმავდა, მაგრამ მაინც, უკუნ წყვდიადში,
ხედავდა სატრფოს ლალის ბაგეს, თვალთა ნათებას.
ხოლო ოსტატი სვამდა ღვინოს, არა თვრებოდა,
ბრძენი და ქველი, თავს ამაოდ ეომებოდა,
ვერ დაავიწყა ოსტატს ქალის სახე დრო-ჟამმა,
ვერ დაივიწყა, ვინც მგზნებარედ ელოდებოდა.
და მონის სულში ცა ჩაიქცა, ცა ჩაიღვენთა,
ჭექა-ქუხილმა ტანჯულ გულში დაიგუგუნა
და მოკვდა ცხადად, ვინც სიზმრებში გალია ჟამი,
ეჩვენებოდა ოკეანედ ვისაც გუბურა.
ვეღარ ხედავდა ნათელ სიზმრებს ბრძენი ოსტატიც,
ეძალებოდა ღვინოსავით დარდი ფარული,
კარგა ხანია, სასწაულებს აღარ ელოდა,
გულის ქვესკნელში გადამალა მან სიყვარული.
ვინ იყო მათში უბედური, მონა, ოსტატი?
ვინ იყო მათში ბედნიერი, გიჟი თუ ბრძენი?
სიგიჟის სიბრძნეს შეიმეცნებ, ტკივილის სიტკბოს,
ამ თავსატეხის გამოცნობა თუკი შესძელი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge