გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ფერეიდანში გამოცემული ქართული ჟურნალი

 
 2004 წლის ნოემბერში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დამეგობრებულ ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის უნივერსიტეტში სტუმრად ყოფნის დროს, ქალაქ რეშთში, სადაც ეს უნივერსიტეტი მდებარეობს, იქ არსებული ქართული რადიოს რედაქციაშიც მიგვიწვიეს სტუმრად. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს რადიო 1998 წლიდან 2010–იან წლებამდე ყოველ­დღი­უ­რად გა­დიოდა ეთერ­ში ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მით. ამ გა­და­ცე­მა­თა მიმ­ღებ ძი­რი­თა­დ აუ­დი­ტო­რი­ად სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­აზ­რებოდა. ირა­ნის ქა­რუ­ლი რა­დი­ოს მი­ზა­ნი­ იყო, ქარ­თუ­ლე­ნო­ვანი მსმე­ნელისთვის მი­ეწოდებინა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციები რო­გორც ირან­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნების შე­სახებ. დი­დი ად­გი­ლი ჰქონდა დათ­მობილი რე­ლი­გი­ურ თე­მა­ტი­კა­საც.
წარუშლელი ემოციებით დამუხტულ ამ შეხვედრაზე რადიორედაქციაში მომუშავე ჩვენმა ირანელმა თანამემამულეებმა, რომელთა უმეტესობა ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი იყო, ბევრი რამ გვიამბეს მათ ყოფაზე.
სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ მიმდინარე ურბანიზაციის პროცესმა, რაც დიდ ქალაქებში მოსახლეობის მასობრივი მიგ­რა­ცი­ისა და ეროვ­ნუ­ლი ინდივიდუალობის შემცირების საფუძველს წარმოადგენს, ფე­რე­იდ­ნე­ლ ქარ­თველთა ცხოვ­რებაშიც შეცვალა ბევ­რი რამ. მიუხედავად ამისა, მათი დი­დი ნა­წი­ლი მა­ინც ცდი­ლობს, მშობლი­ურ ფეს­ვებს არ მოწყდეს და მყარად შეძლოს მისი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ისეთი უმთავრესი ფენომენის შენარჩუნება, როგორიცაა ერთმანეთს შორის ძირითად საკომუნიკაციო საშუალებად ქართული ენის გამოყენება.
ეს რომ ნამ­დვი­ლად ასე­ა, ამა­ზე ფე­რე­იდ­ნე­ლი ახალ­გაზ­რდების სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მი­ერ 2003 წლის 14 აპ­რილს (დიახ, 14 აპ­რილს, ქარ­თუ­ლი ენის დღეს) ქა­ლაქ ფე­რე­ი­დუნ­შაჰრში ქარ­თუ­ლი ენის დაც­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი პირ­ვე­ლი კონ­გრე­სის ჩა­ტა­რების ფაქ­ტიც ნათ­ლად მეტყელებს. კონ­გრე­სის მი­ზა­ნი იყო ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თველ­თა მი­ერ მარტყოფის ენად წო­დებული ქარ­თუ­ლი ენის შე­ნარ­ჩუ­ნებასთან დაკავშირებულ პრობლე­მა­ზე მსჯელობა.
ირა­ნის ქარ­თუ­ლი რა­დი­ოს თა­ნამ­შრომ­ლებმა არა მარ­ტო სიტყვი­ე­რად გვი­ამბეს ამ კონ­გრე­სის შე­სახებ, არა­მედ მი­სი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რიც გვი­სახსოვ­რეს. კონ­გრე­სის მი­ზან­და­სახულობაზე ჩვე­ნი მას­პინ­ძლების მო­ნათხრობს გან­სა­კუთ­რებული ემო­ცი­უ­რი მუხტი შეს­ძი­ნა დე­და­ე­ნი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნამ, რო­მელ­შიც ის­ტო­რი­უ­ლი ავბედობის გა­მო თით­ქმის ოთხი სა­უ­კუ­ნის წი­ნათ მშობლი­ურ ფეს­ვებს მოწყვე­ტი­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეები გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სიტყვებით ასხამ­დნენ ხოტბას მათ მიერ «მარტყოფის ენა­დ» წოდებულ ქართულს და სიმ­ღე­რად გარ­დაქ­მნი­ლი გო­დებით შემდეგნაირად გა­მოხატავ­დნენ თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ წუხილს:
რა ტყუილად გარბის დღები, ღამები, ცაში სეირნობს ჩქარა წამები,
მივდივარ წყნარად ბევრი დარდებით, ვფიქრობ ბაღჩაზე გამხმარ ვარდებით.
ეს არის ჩე­მი ბედის­წე­რა, ენის და­კარ­გა - ცი­ვი სიმ­ღე­რა.
ვინ უჭ­ვრეტს ჩემ­სა გა­ტეხილ გულ­სა, არ­ვინ არ ეძებს ჩემს და­კარ­გულ­სა.
გუ­ლის წი­აღ­ში მაქვს ბევ­რი დარ­დი, ისიც, რომ ხმები ჩვენ ლა­მაზ ვარ­დი.
ჩემს გამხმარ ვარ­დსა უმ­ღე­რებთ ჩვე­ნა, რომ არ და­ვკარ­გოთ თვის დე­და­ე­ნა.
ის ვარ­დი არის ჩე­მი მარტყოფი, ის­ტო­რი­ის ხელით ავანტყოფი.
მთების შუ­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, წყარო­ს­გან შორს და­ვარ­დნი­ლა.
არ­ვინ გა­ი­გებს მის გუ­ლის­ტკი­ვილს, მხოლოდ უჭ­ვრე­ტენ თვის ცივ­ი ღი­მით.
რა ტყუილად გარბის დღები, ღამები, ცაში სეირნობს ჩქარა წამები,
მივდივარ წყნარად ბევრი დარდებით, ვფიქრობ ბაღჩაზე გამხმარ ვარდებით.
მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ენობრი­ვა­დაც და პო­ე­ტუ­რი ოსტატობის მხრივაც სიმღერად ქცეულ ამ ტექსტში ბევ­რი რა­მაა სა­თა­ნა­დოდ დაუხვეწავ-გა­უ­მარ­თა­ვი, იგი მკითხველს მა­ინც ხდის იმ სა­თუ­თი ტკი­ვი­ლის თა­ნა­მო­ზი­ა­რედ, რის საფუძველზეც ეს პატრიოტული ელეგია დაიწერა. კერძოდ, დამოწმებული ლექსის მკითხველი ყოველგვარი სირთულის გარეშე შეიცნობს და გაიაზრებს ჩვენი ფერეიდნელი მოძმის მიერ მშობლიური ენისა და წინაპართა ისტორიული სამშობლოს პოეტურ ალეგორიებად ქცეული ისეთი სიტყვა-გამოთქმების მიღმა ნაგულისხმევ აზრობრივ ქვეტექსტებს, როგორებიცაა: გამხმარი ვარდებით სავსე ბაღჩა, გატეხილი გული, ცივი სიმღერა და ა. შ.
აქ­ვე მინ­და ზემოთ მოხსენიებულ კონ­გრეს­ზე გა­მო­სუ­ლი ერთ-ერ­თი ქარ­თვე­ლი ორა­ტო­რის – ალი­რე­ზა რაჰიმის ის უაღ­რე­სად ემო­ცი­უ­რი და მგრძნობია­რე სიტყვებიც გავიხსენო, რი­თაც მან თა­ვის უც­ნობ და შო­რე­ულ სამ­შობლოს მი­მარ­თა ირა­ნი­დან (ხსენებული სიტყვის ტექსტი იაკობ გოგებაშვილის იმ წერილის ოდნავ სახეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც დიდ პედაგოგს საქართველოსადმი მიძღვნილი დოკუმენტური მოთხრობების ციკლში აქვს შეტანილი სათაურით: „სამაგალითო სიყვარული სამშობლოსი იტალიელი ყმაწვილისა“ (გოგებაშვილი, 2012: 293):
„ჩე­მო ძვირ­ფა­სო, კე­თილ­შობილო სამ­შობლო, ჩე­მო აკ­ვა­ნო და ჩე­მო საფ­ლა­ვო! დი­დო და დი­დებული მო­მავ­ლის ქვეყანავ!
რამ­დე­ნი სი­კე­თე გიქ­ნია ქვეყნი­ე­რებისათ­ვის! რამ­დენ­მა მე­ო­მარ­მა და გმირ­მა დას­დვა თა­ვი შენს ძლი­ე­რობას და დი­დებას!
ჩემო დედავ, მე შენ ჯერ კარგად ვერ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენი შვილი ვარ!
მიყვარს შენი მშვენიერება, სიკეკლუცე, შენი ზღვა, შენი წყაროები და მდინარეები, ქალაქები და სოფლები.
ვფი­ცავ, შე­ვიყვა­რო შე­ნი ყოვე­ლი შვი­ლი, რო­გორც ჩე­მი ძმები! თაყვან­სა ვცემ შენს სა­სი­ქა­დუ­ლო შვი­ლებს, რო­გორც ცოცხლებს, ისე გან­სვე­ნებულებს. მე ვიქ­ნები შენ­თვის კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი მოღ­ვა­წე. ვფი­ცავ, გემ­სახურო მკლა­ვით, ჭკუ­ით, სუ­ლით და გუ­ლით. და თუ შე­ნ გან­საც­დე­ლის ჟამი დაგიდგეს, მზად ვიქ­ნები, სიცოცხლეც შევ­წი­რო შენს დრო­შას, შენს სახელს და შენს დი­დებას!“
2003 წლის 14 აპრილს ფერეიდანში გამართული ქართული ენისადმი მიძღვნილი  ზემოთ ნახსენები კონგრესი გამონაკლისი არ ყოფილა და ანალოგიური სახის მასობრივი შეკრება ქალაქ ფერეიდუნშაჰრში 2005 წლის 14 აპრილსაც გამართულა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის საიდ მულიანი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 2005 წლის 22 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში – „ფერეიდნელი ქართველი თავისი დედის ენას ზეიმობს.“ როგორც ხსენებული პუბლიკაციით ირკვევა, ამ საქმის თაოსანი „ირანელ ქართველთა საზოგადოება“ ყოფილა.
აი, როგორ განმარტავს პუბლიკაციის ავტორი ამ საზოგადოების შექმნის მიზანს (სტილი დაცულია): ჩვენი დიდი სურვილია ხელი შევუწყოთ „ქართული ენისა და კულტურის შენახვას, გამრავლებას და გაცნობას ქართველებისათვის და ირანელ სხვადასხვა ტომებისთვის. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფს გავკეთები ბევრი საქმეები. მათ შორის ქართული ენის თვითმასწავლებელის გამზადება და დაბეჭდვა, კასეტას გამზადება, ბროშურების გამზადება ქართველების შესახება, ჟურნალ-გაზეტებში სტატიების დაბეჭდვა ქართველების ისტორიასა და კულტურის შესახებ და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმეები. ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი და დიდი საქმე არი ქართული ენის დიდების ყრილობის ჩატარება 14 აპრილში.“
ყრილობას, რომელსაც ბატონი საიდი თავმჯდომარეობდა, ოთხასი კაცი დასწრებია. დამსწრეთა შორის ყოფილან საქართველოს ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლიტიკოსები, მწერლები, მეცნიერები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული სხვა  ცნობილი ადამიანები. წერილის ავტორის თქმით, ყრილობაზე დასასწრებად იმდენი ხალხი მოსულა, რომ დარბაზში ნემსის ჩასაგდები ადგილიც კი აღარ ყოფილა და ბევრი მათგანი ფეხზე დამდგარი ადევნებდა თვალს ყრილობის მიმდინარეობას.
ყრილობის მონაწილენი სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ მათ ეროვნულ პრობლემებზე, პოეტები კითხულობდნენ ქართულ ენაზე დაწერილ თავიანთ ლექსებს, ასრულებდნენ ქართულ სიმღერებს, დაარიგეს ქართული ანბანი და დედაენის წიგნები.
თანამემამულეთა ეროვნული სულისკვეთების ამგვარი ერთსულოვანი გამოვლინებით აღფრთოვანებული ბატონი საიდი თავის ემოციას ხსენებულ წერილში შემდეგნაირად გამოხატავს: „სიხარულისაგან კანში ვერ ვდგებოდი. მინდოდა მქონოდა 2 ფრთა და გაფრენილვიყავი. მინდოდა მენახვა ჩვენი 400 წინაპრები და მეთქვა, ნახეთ თქვენი შვილები ვართ, თქვენ გზაზე თქვენი მიზნების შესრულებისათვის ვცდილობთ. გიხაროდეთ, რომ არ დაიკარგა თქვენი სისხლი და ფესვები.“
ყრილობის დასრულების შემდეგ თურმე „ყველა მოდიოდა კოცნითა და მადლობას იხდიდა.“ მომხდარი ამბით აღფრთოვანებული საიდი წერილის ბოლოს იმედიანად დაასკვნის, რომ „ეს ჯერ განთიადია ჩვენი შრომების, მომავალში დიდი საქმეების ღვთის იმედით.“
ირანში მცხოვრებ იმ ქართველ მამულიშვილთაგან, რომლებიც თავიანთი აქტიური პრაქტიკული მოღვაწეობით უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იქაური ჩვენი მოძმეების ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საქმეში, პირველ ყოვლისა საიდ მულიანი (მულიაშვილი) მინდა გამოვყო, ცნობილი ისტორიკოსი და ბევრი დიდი ქართული საქმის წინამძღოლი ირანში. მისი ქართული ღვაწლის ამგვარ შეფასებაში გადაჭარბებული რომ არაფერია, ამას მის მიერ გამოცემული თუნდაც ისეთი წიგნების დასახელებაც იქნება საკმარისი, როგორებიცაა: „ქართული ენის თვითმასწავლებელი,“ „დედაენა სპარსულენოვანთათვის“ და „ქართველთა როლი ირანის ცივილიზაციასა, კულტურასა და ისტორიაში.“
საიდ მულიანის მამულიშვილური ღვაწლის წარმოჩენის დროს მკითხველს მეტად მნიშვნელოვანი ის ინფორმაციაც მინდა მივაწოდო, 2005 წელს მან და მაჰამედ იოსელიანმა სპარსეთის ისტორიაში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული პერიოდული ორგანო - „ირანელ ქართველთა ჟურნალიც“ რომ გამოსცეს 500 ეგზემპლარის ოდენობით.
ნ. კოჭლაშვილის ცნობით, ხსენებული გამოცემა „ექსპერიმენტული ხასიათის გამოცემას წარმოადგენდა“ და მისი „ძირითადი მიზანი იყო ფერეიდანში მოსახლე ერებისთვის გაეცნო, თუ ვინ არიან გურჯები, ქართველი ხალხის კულტურა, ადათ-წესები და ისტორია.“ იმის გამო, რომ ჟურნალის გამომცემელნი მის გავრცელებას პირველ ყოვლისა ირანში გეგმავდნენ, მასში წარმოდგენილი ყველა მასალა, გარდა რამდენიმე ქართულენოვანი ციტატისა, სპარსულ ენაზეა დასტამბული (ხსენებული ჟურნალის ქსეროასლი ირანიდან ჩამომიტანა ბატონმა საიდ მულიანმა. მასში დაბეჭდილი ტექსტები კი ქართულად მითარგმნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირანისტმა მაია შიშინაშვილმა, რისთვისაც მინდა მათ უღრმესი მადლობა მოვახსენო).
ჟურნალის მესვეურთა მიზანსწრაფვით,  ხსენებულ პერიოდულ ორგანოს არსებითად მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა სპარსეთში, უწინარეს ყოვლისა კი ფერეიდანში, მცხოვრებ ქართველთა ეროვნულ–ქართული ცნობიერების კიდევ უფრო მეტად განმტკიცების საქმეში და ნათლად დაენახვებინა მათთვის იქაურ ქართველთა დიდად ფასეული როლი ამ ქვეყნის ისტორიაში. 
როგორც ჟურნალის ბოლო გვერდზე გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებით ჩანს, ხსენებული გამოცემა მის მესვეურებს სტაბილურად გამომავალ ბეჭდურ პერიოდული ორგანოდ ჰქონდათ ჩაფიქრებული და მკითხველებს მოუწოდებდნენ, დროულად გაეფორმებინათ მისი გამოწერის დამადასტურებელი ქვითარი. 
სამწუხაროდ, მათ ამ დიდმნიშვნელოვანი მიზნის რეალურად განხორციელება ვერ შეძლეს და ხსენებულმა ჟურნალმა პირველივე ნომრის გამოცემის შემდეგ შეწყვიტა არსებობა.
იმისათვის, რომ მკითხველს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნეს ჟურნალის შინაარსობრივ მხარეზე, მოკლედ მიმოვიხილავ მასში გამოქვეყნებულ მასალებს.
ჟურნალის მიზანდასახულობიდან გამომდინარე, მასში დასტამბული უკლებლივ ყველა მასალა ინფორმაციული ხასიათისაა და საქართველოსთან და ირანში მცხოვრებ ქართველთა ისტორიასთან და ამჟამინდელ ყოფასთანაა დაკავშირებული. პირველ პუბლიკაციაში მართალია, მოკლედ, მაგრამ ისტორიული სიმართლითაა მოთხრობილი ირანში ქართველთა განსახლების განმაპირობებელ ტრაგიკულ მოვლენებზე. 
კერძოდ, წერილში ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ ირანელ აგრესორთა პერმანენტული ბრძოლები „სამოთხის ნაწილად“ სახელდებული ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად XVI საუკუნიდან, ამ ქვეყნის სათავეში სეფიანთა დინასტიის მოსვლის დროიდან, იწყება და XVIII საუკუნის ბოლომდე გრძელდება. ირანის შაჰებმა საქართველოს დასაპყრობად სწორედ იმხანად განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმების შედეგად აყარეს უამრავი ქართველი მამაპაპური კერიდან და სამუდამოდ გადაასახლეს ირანში.
პუბლიკაციის ავტორი  ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ მკითხველს არა მარტო ასეთ ზოგად ინფორმაციას აწვდის, არამედ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ისტორიულ ეპიზოდებსაც შეახსენებს. კერძოდ, ირანში ქართველთა მასობრივი გადასახლებისთვის სათავის დამდებ აგრესორად იგი შაჰ თაჰმასბს მიიჩნევს, რომელმაც XVI  საუკუნის შუა ხანებში საქართველოზე განხორციელებულ თავდასხმათა შედეგად 130 ათასი ქართველი მოწყვიტა მშობლიურ მიწა–წყალს სამუდამოდ. 
პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სეფიანთა პერიოდის ირანის მმართველთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად ისლამის გავრცელება და ურჯულოების წინააღმდეგ ბრძოლა იყო გამოცხადებული, სინამდვილეში  „ამ თავდასხმათა ნამდვილი მიზანი საქართველოს ქონების ძარცვა, ქართველების დამონება, ტყვედ წაყვანა და აყვავებული ქვეყნის ხელში ჩაგდება იყო. ამ თავდასხმათა შედეგად სეფიანთა ხაზინები ივსებოდა, საქართველო ირბეოდა და ქართველები უსახლკაროდ რჩებოდნენ.“
წერილის ავტორის მართებული ხაზგასმით, საქართველოს მიმართ სეფიანთა მმართველობის დროინდელი ირანის მესვეურთა მიერ პერმანენტულად განხორციელებულმა ამგვარმა აგრესიულმა პოლიტიკამ პიკს შაჰ-აბას პირველის პერიოდში მიაღწია. კერძოდ, გარდა იმისა, რომ შაჰ-აბასის წინააღმდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ბრძოლებს 200 ათასზე მეტი ქართველი შეეწირა, ამდენივე ჩვენი თანამემამულე მან მშობლიური კარ–მიდამოდან აყარა და გადაასახლა ირანში.
პუბლიკაციის ავტორი ირანში გადასახლებულ ქართველთა კომპაქტური დასახლების ადგილებსაც ასახელებს კონკრეტულად. კერძოდ, მისი ინფორმაციით, სეფიანთა დინასტიის პერიოდში საქართველოდან მასობრივად გადასახლებული ქართველები ძირითადად ირანის შემდეგ რეგიონებში დამკვიდრებულან: მაზანდარანში, ფარსში, ყაზვინში, ისპაჰანში, ნაჯაფაბადსა და ფერეიდანში. სამწუხაროდ, მათმა უდიდესმა ნაწილმა, გარდა ფერეიდნელი ქართველებისა, დროთა განმავლობაში „თავიანთი ენაც დაივიწყა და კულტურაც.“
საქართველოში ფართო საზოგადოებისთვისაც კარგად ცნობილ ამ ტრაგიკულ ისტორიულ მოვლენას, რომლის უმთავრეს შემოქმედსაც ირანელი დამპყრობლები წარმოადგენდნენ, განსაკუთრებული ყურადღება აქ იმიტომაც მივაქციე, რომ მის შესახებ ყოველგვარი კონიუნქტურისა და შელამაზების გარეშე სწორედ ამ ქვეყანაში ხსენებული ტრაგიკული მოვლენის შედეგად გადასახლებულ ქართველთა შთამომავალნი წერენ.
როგორც დოკუმენტური წყაროებით ცნობილია, ირანში გადასახლებულ ქართველებს საუკუნეების განმავლობაში იმდენად მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება და ისეთ მძლავრ შევიწროებას განიცდიდნენ, რომ მათი უდიდესი ნაწილი ეროვნულადაც და სარწმუნოებრივადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა და საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა მათ ცნობიერებას მხოლოდ ბუნდოვან მოგონებათა სახით შემორჩა.
ამისდა მიუხედავად, ირანელ ქართველთა ჟურნალში არაერთი მასალაა გამოქვეყნებული ისეთი, რომელთა ავტორებიც ეროვნული სიამაყის გრძნობით ცდილობენ წარმოაჩინონ და დაანახონ ფართო საზოგადოებას მეტად მნიშვნელოვანი ის როლი, რომელიც ეთნიკური წარმომავლობის ქართველებს აქვთ შესრულებული ამ ქვეყნის ისტორიაში ყველა მიმართულებით.
ამ თვალსაზრისით ისინი განსაკუთრებული სიამაყით იხსენებენ ალავერდი ხან უნდილაძეს და არა მარტო ზოგადად აღნიშნავენ მის უდიდეს დამსახურებას ირანის ისტორიაში, არამედ ამ დამსახურების უმთავრეს მომენტებსაც წარმოაჩენენ კონკრეტულად. კერძოდ, ალავერდი ხანისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში ეროვნული სიამაყის გრძნობით ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ მან, როგორც შაჰ–აბასის სახელოვანმა მთავარსარდალმა, ღირსეული სამსახური გაუწია ირანის კულტურასა და ცივილიზაციას. კერძოდ, იგი არა მარტო წარმატებულ პოლიტიკურ მოღვაწესა და მთავარსარდალს წარმოადგენდა, არამედ თავისი დროის სპარსული კულტურისა და ცივილიზაციის ისტორიაშიც აქვს შეტანილი საკმაოდ ფასეული წვლილი. 
ყოველივე ზემოთქმულისთვის მეტი სიცხადისა და დამაჯერებლობის მისაცემად, პუბლიკაციაში კონკრეტულადაცაა დამოწმებული მნიშვნელოვანი ეპიზოდები ალავერდი ხან უნდილაძის ბიოგრაფიიდან და შაჰ–აბასის კარზე მისი მრავალმხრივი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ჟურნალის გამოცემის უმთავრესი მიზანი სპარსეთში მცხოვრებ ქართველთა ეროვნულ–ქართული ცნობიერების განმტკიცება და წინაპართა ფესვებისაკენ მათი კიდევ უფრო მეტად მიბრუნება იყო, მასში წარმოდგენილ პუბლიკაციათა უმეტესობა უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და ქართულ ენას ეძღვნება. ირანში მცხოვრებ ქართველობას ინფორმაციული შინაარსის მქონე ამ პუბლიკაციათა წაკითხვის შემდეგ არა მარტო მათ ისტორიულ სამშობლოზე შეექმნებათ უფრო ნათელი წარმოდგენა, არამედ სათანადო სურვილის შემთხვევაში ისინი ქართული წერა–კითხვის შესასწავლადაც მიიღებენ კონკრეტულ რჩევებსა და დახმარებებს.
ხსენებული პერიოდული ორგანოს გამომცემელთა ეროვნული თვალთახედვის შესაცნობად აქ მის ერთ–ერთ გვერდზე წარმოდგენილ იმ ნახატსაც მინდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება, რომლის სიმბოლური შინაარსით მისი ავტორი შემდეგნაირად გამოხატავს თავის სიყვარულსა და ერთგულებას მშობლიური ქართული ენისადმი: ხეზე ასული კაცი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. ნახატს კი ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული: „ვინც თავისი დედის ენას ივიწყებს, ასე მოუვაო.“
როგორც ჟურნალში გამოქვეყნებული მასალებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, წინაპართა ენისა და საკუთარი ეროვნული ფესვებისადმი ასეთი მოღალატეობრივი დამოკიდებულება ფერეიდნელ ქართველთათვის პრინციპულად მიუღებელ მოვლენას  წარმოადგენს და მათი დიდი ნაწილი აქტიურადაა დაინტერესებული მშობლიური ენის შესწავლით. ეს რომ მართლაც ასეა, ამის დასტურად აქ ჟურნალში გამოქვეყნებული თუნდაც ამ ინფორმაციის დამოწმებაც იქნება საკმარისი: „სოფელ სიბაქში გაიმართა ქართული ენისა და ანბანის შემსწავლელი კურსები, რომლის მონაწილეთა რიცხვი ოცი იყო. მათ უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ.“
ჟურნალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა მიმოხილვის დროს აქ საიდ მულიანის იმ წერილსაც მინდა მივაქციო ყურადღება, რომელშიც ირანში, პირველ ყოვლისა კი ფერეიდანში, მცხოვრებ ქართველთა ადათ–ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებზეა საუბარი. გარდა იმისა, რომ ავტორი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათგან ბევრი რამ თანდათანობით ეძლევა დავიწყებას და თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, საერთოდ გაქრება და დაიკარგება სამუდამოდ, იგი ხსენებულ ტრადიციათაგან ერთ–ერთი მათგანის შესახებ კონკრეტულ განმარტებასაც გვაწვდის.
ესაა ფერეიდნელ ქართველობაში დამზრახების (დამძრახების) სახელით ცნობილი ის ჩვეულება, რომელსაც პუბლიკაციის ავტორი ამგვარად განმარტავს: „დამძრახება ქართველთა და სომეხთა, საერთოდ, კავკასიელთა ცხოვრებაში დამკვიდრებული ტრადიციაა. იგი უფროსებისადმი პატივისცემისა და დაფასების გამოვლინების ერთ–ერთი თავისებური ფორმაა. ამ ტრადიციის თანახმად, როცა პატარძალი ქმრის ოჯახში შედის, გარკვეული დროის განმავლობაში, მამამთილთან შეხვედრის დროს, იგი ვალდებულია, თავსაფრის ბოლო კუთხე კბილებით დაიჭიროს და მანამ არ დაილაპარაკოს, სანამ მამამთილი ამის ნებას არ დართავს.“
საიდ მულიანის განმარტებით, ამ ჩვეულების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პატარძალი პატივისცემის ნიშნად მამამთილზე ადრე ლაპარაკს არ დაიწყებდა და ამ ფორმითაც გამოხატავდა თავის მოკრძალებულ დამოკიდებულებას მისადმი. ამ ტრადიციას ზოგიერთი პატარძალი ერთი–ორი წლის განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი კი მთელი სიცოცხლის მანძილზეციცავდა.
ეს და მსგავსი საყოფაცხოვრებო ჩვეულება საქართველოშიც, განსაკუთრებით მის მთიან რეგიონებშიც, იყო ძველად, საუკუნეთა განმავლობაში,  საკმაოდ ფართოდ გავრცელებული. აი, რა ინფორმაციას გვაწვდის ამასთან დაკავშირებით ქართული ფოლკლორის ცნობილი მკვლევარი მიხეილ ჩიქოვანი: „პატარძალი სამთილოს (სამამამთილოს) პირველ ხანებში არ ელაპარაკებოდა, ხელით აგებინებდა სათქმელს ქმარს. იგი დედამთილსა და მამამთილს სახელით არ მიმართავდა. ფშავში პატარძალი მამამთილს პირდაპირ არც შემდეგში ეტყვის რამეს. „წავიდეს, ესა და ეს გააკეთოსო,“ სხვათა სიტყვით ეუბნება თავის სათქმელს. აქ ტაბუ ავსულთა მოტყუების საშუალებადაა გამოყენებული“ (ჩიქოვანი, 1956: 275).
როგორც ცნობილია, განსხვავებით ირანის სხვა რეგიონებში დამკვიდრებულ ქართველთაგან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდნენ და თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან არა მარტო ენობრივად გაწყვიტეს კავშირი, არამედ ეროვნული ცნობიერების სხვა მხარეთა გამოვლინებითაც, ფერეიდანში მცხოვრებმა ჩვენმა მოძმეებმა თავიანთი ეთნიკური იდენტობა ბევრი ნიშან–თვისების მიხედვით დაიცვეს და მათ ახალ სამშობლოდ ქცეული მხარის სოფლები და ადგილ–მდებარეობანი ქართული სახელწოდებებით გადანათლეს და იქაური რეგიონი პატარა საქართველოდ აქციეს. 
პირველ ყოვლისა სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის განსაკუთრებული სიყვარული, რითაც იქ მცხოვრები ჩვენი მოძმეები იქაურობასთან არიან შესისხლხორცებულნი. ირანელ ქართველთა ჟურნალი  საინტერესო იმ თვალსაზრისითაცაა, რომ მასში ამ სიყვარულის გამოვლინებაც იგრძნობა ღრმად ემოციური შთამბეჭდაობით. 
ნათქვამის დასტურად აქ რამაზან ისიანის იმ ლექსის შინაარსს გავიხსენებ, რომელიც ფერეიდანისადმი აღვლენილ პოეტურ ხოტბას წარმოადგენს. ავტორის ხატოვანი შეფასებით, ფერეიდანი ვარდების საუფლოდ ქცეული მარადიული სამოთხეა, სადაც ყოველი ვარდის ბუჩქიდან ბულბულის გალობა მოისმის. ფერეიდანის თვალწარმტაცი მშვენიერების ასეთი ხატოვანი შექების შემდეგ, ლექსის ბოლოს, ავტორი მკითხველს მოუწოდებს, თავადაც ესტუმროს ამ უმშვენიერეს მხარეს და პირადადაც დატკბეს მისი სილამაზით: „წადი, შენ თვითონ ნახე ფერეიდანი, და თუ ერთ დღეს მაინც გაატარებ ამ სამოთხეში, თვითონაც მიხვდები, რასაც მის შესახებ ვამბობდი, სრული სიმართლე რომაა. ამის შემდეგ უკვე თავად შენც ეტყვი სხვებს, ფერეიდანი მსოფლიოს ვარდნარი ბაღი რომაა.“
ჟურნალის გამომცემლებმა მკითხველს მოჰამედ სეფიანის იმ წიგნის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც 1980 წელს გამოვიდა ირანში სპარსულ ენაზე „ირანელი ქართველების“ სახელწოდებით. როგორც ხსენებული წიგნის ანოტაციითაც ნათლად ჩანს, ხსენებულ ნაშრომში არა მარტო  ირანში მცხოვრებ ქართველთა ტრაგიკული ისტორიაა მოთხრობილი, არამედ მათი თანამედროვე ყოფა–ცხოვრებაცა და ეროვნული თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაცაა ასახული.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ ირანში დღესდღეობით არსებულ საკანონმდებლო შეზრუდვათა გამო ქართული სკოლის დაარსება ფერეიდანში კვლავაც ვერ მოხერხდა, ქართულად წერა–კითხვის შესწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ეს სურვილი იქ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მეშვეობით შეისრულონ. 
საამისო სურვილის მქონეთა რაოდენობა კი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ ფერეიდანის ქართულ სოფლებსა და ისპაჰანში შექმნილ საკვირაო სკოლებში მრავალი იქაური ქართველი ეუფლება ქართულ წერა–კითხვას, ფერეიდნელებმა მათ მთავარ ქალაქ ფერეიდუნშაჰრში ქართულ ანბანს 2015 წელს ძეგლიც კი დაუდგეს. აი, რა ინფორმაციას გვაწვდის ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაზეთი „ალია“ 2015 წლის 19 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში:“
„ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში „ქართული ანბანის“ ძეგლი დადგეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, ქართული ანბანის ძეგლი ქართველებმა ფერიდუნ შაჰრის მთავარ მოედანზე დადგეს და მის დაცვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.
როგორც ტომარაძე წერს: „ირანელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველები ძეგლს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობდნენ, რადგან ჰგონიათ, რომ ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველაფერი გააკეთოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად!“
ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს, რომ მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან: „ქალაქი ფეხზე დგას და მზად არიან, საკუთარი ქართველობა დაიცვან.“ 

P. S. „მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ძეგლი აიღეს და ამასთანავე, 7 ადამიანიც დააკავეს. ძეგლის დადგმა შეთანხმებული არ ყოფილა ხელისუფლებასთან, რაც შეცდომა იყო. ფერეიდნელებმა მითხრეს, რომ შეეცდებიან, მოლაპარაკების გზით, ნებართვა აიღონ და ასე მშვიდობიანად მოაგვარონ ეს პრობლემა,“ – განაცხადა ტომარაძემ.“
ფერეიდუნშაჰრში ქართული ანბანისთვის ძეგლის დადგმასთან და აღებასთან დაკავშირებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 2015 წლის 21 მარტის ნომერში კიდევ უფრო ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა მანანა ნოზაძემ. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული მოვლენის დაფიქსირების შემდეგ იგი მკითხველს იმ კომენტარსაც სთავაზობს, რომელიც ქართული ანბანის ძეგლის აღების თაობაზე გააკეთა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.
მისი შეფასებით, ფერეიდნელ ქართველთა მიერ მათი რეგიონის დედაქალაქში აღმართული მონუმენტი ფაქტობრივად ეს იყო ალაჰის განსადიდებლად დადგმული ძეგლი „ქართული ასოებით. ძეგლი 15 მეტრი სიმაღლის ლითონის კონსტრუქცია იყო, სადაც დაფიქსირებული იყო მათი ღმერთის სახელი, რა თქმა უნდა ქართული ასოებით.“
ბატონი ტარიელის ინფორმაციით, სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფერეიდნელმა ქართველებმა ძეგლის დადგმა მაინც შეძლეს, თუმცა ორიოდე საათის შემდეგ ბახტიარების ჯგუფმა მისი დემონტაჟი მოახდინა. „შესაძლოა, ეს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით ან სტიმულირებით მოხდა. ამას ფერეიდანში დემონსტრაცია მოჰყვა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „ალაჰი ერთია,“ „დედაენას გაუმარჯოს,“ „სულიერო ლიდერო, დაგვეხმარე...“ ასე მიმართავდნენ ფერეიდნელი ქართველები ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს, ვინაიდან ძეგლზე სიტყვა ალაჰი ეწერა  და სწორედ ეს ალაჰის წარწერიანი ძეგლი დაჩეხეს და დაანგრიეს.“
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებული წერილების ავტორები სავსებით მართებულად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ფერეიდნელ ქართველთა ეს ქმედება, რაც პირველ ყოვლისა მათი პატრიოტული სულისკვეთების ნათელ გამოხატულებას წარმოადგენდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული და სათანადოდ სანქცირებული ხელისუფლებასთან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველი წრის წარმომადგენლები ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობით დამოკიდებულებას ავლენენ და ეროვნული ნიშნით ისინიდისკრიმინაციას არ განიცდიან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იქაური ჩვენი მოძმეები ხელისუფლების მხრიდან არც ამ შემთხვევაში წააწყდებოდნენ გადაულახავ წინააღმდეგობას.
ამის თქმის მყარ საფუძველს ამ შემთხვევაში ისიც გვაძლევს, რომ ფერეიდანის ქართულ სოფლებში, განსაკუთრებით კი ფერეიდუნშაჰრში, სპარსულენოვანი წარწერებთან ერთად ქართული წარწერებიც საკმაოდ მრავლად გვხვდება, მაგრამ ამას ხელისუფლების მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. 
მიუხედავად იმისა, რომ „ირანელ ქართველთა ჟურნალი“ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ დღემდე გამოცემულ ერთადერთ პერიოდულ ორგანოს წარმოადგენდა, იმედი ვიქონიოთ, რომ აღნიშნული გამოცემით საფუძველჩაყრილი ეს საქმე მომავალში უსათუოდ გაგრძელდება. ამგვარი მოლოდინი საფუძველს მოკლებულ ილუზიას რომ არ წარმოადგენს, ამის ნათელ დადასტურებად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, კერძოდ კი ფერეიდანში, მცხოვრებ ქართველთა ცნობიერებაში საკმაოდ მძლავრად მიმდინარე ის მოვლენები უნდა მივიჩნიოთ, რითაც მშობლიურ წიაღს საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი ჩვენი მოძმეები დღეს უკვე განახლებული შემართებით ცდილობენ საკუთარ ეროვნულ ფესვებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

გოგებაშვილი ი. თხზ. ორ წიგნად, წიგნი I, თბ. 1975 წ. თბ. 2012 წ.
„ირანელ ქართველთა ჟურნალი,“ ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქალაქი ფერეიდუნშაჰრი, 2005 წ.
„ირანში ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს.“ იხ: გაზეთი „ალია,“ თბ. 2015 წ. 19 მარტი.
კოჭლაშვილი ნ. „იმედი მაქვს, მოვკვდე საყვარელ საქართველოში.“ ერთი გამოუქვეყნებელი წერილის გამო. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა,“ თბ. 2005 წ. 22 ოქტომბერი.
მულიანი ს. ფერეიდნელი ქართველი თავისი დედის ენას ზეიმობს. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა,“ თბ. 2005 წ. 22 მაისი.
ნოზაძე მ.  „ქართული ანბანის“ ძეგლი დაჩეხეს და გადააგდეს“, იხ: გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა,“ თბ. 2015 წ. 21 მარტი.
ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ. 1956 წ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge