გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

აკსელ ბაკუნცი - თეთრი ცხენი (Ակսել բակունց - Սպիտակ Ձին)

 
                            სომხური ენიდან თარგმნა - გელა გელაშვილმა

1.
საღამოობით, როდესაც მნათე ეკლესიის ზარებს მოზიდავდა, მამიდა შარმაღი ჩაბნელებული ქოხის მძიმე კარს ოხვრით აღებდა. ძველი კარები, როგორც აღმოსავლური სევდიანი სიმღერა, ხანგრძლივად და ხრინწიანად ჭრიალებდა, როცა აკანკალებული ხელები გაცვეთილ სახელურს ექაჩებოდნენ. კარის სიმღერას სპილენძის ზარების წკრიალი და მამიდა შარმაღის სუფთა ხმა ერთვოდა:
- დიდება შენდა უფალო! დღესაც ჩამოჰკრეს ზარებს, - დუდუნებდა სახენათელი ქალი, რომელსაც მწუხრის ზარები სულიერ სიმშვიდეს აუწყებდნენ.
ის კარის ზღურბლთან დგებოდა, მზერას ქვევით, სიღრმეში, ბორცვებისკენ მიაპყრობდა, ისინი უსაზღვროდ შორს, დაისის მუქ ლურჯ ცას ედნობოდნენ და რაღაც არარსებულ, გაუცხადებელი სამყაროს კიდეს ჰქმნიდნენ, რომლისაც ამ გულუბრყვილო ქალს სამოცდაათი წელი უღალატოდ სჯეროდა.
დგებოდა კარის ზღურბლთან და თითქოს ხედავდა კიდეც სპილენძის ზარების ნაღვლიან ჰანგებს, როგორც მწუხრის ცაზე ნაზად მონავარდე მტრედებს. მას სწამდა, რომ საღამოს ზარების ხმასთან ერთად ზეციური კურთხევა თრთოლვით შემოდიოდა მის სახლში და ძველ გაშავებულ ქვებს, ალში გახვეულ ღუმელს ეფინებოდა, როგორც მიწის პირიდან შიგნით მცოცავი ნისლი.
და ამ ძველი რწმენითვე მთავრდებოდა მამიდა შარმაღის რელიგიური გრძნობები. ეკლესიაში არ დადიოდა, არც ლოცვა იცოდა და არც საეკლესიო წესები. მაგრამ როდესაც საღამოს ზარები მღეროდნენ, ოქროსფრთიანი მტრედები ნავარდობდნენ და ძველი კარიც გაბმულად ხმიანობდა, ის რაღაც იდუმალ მოწიწებას განიცდიდა, ამ ყველაფერს, თავისი გლეხური რწმენით ისე იღებდა, როგორც ამოუცნობ რიტუალს, რომელიც სოფლელი გოგოს მეხსიერებაში მძიმე და გაუხარელი ბავშვობიდან შემორჩენილიყო.
იმ საღამოს, როდესაც მამიდა შარმაღმა კარი გამოაღო და ზღურბლზე ფეხი დადგა, უცაბედად რაღაც შიშის მომგვრელმა ხმამ უკან უბიძგა, რომელმაც მოულოდნელად სწორედ მათი ერდოს თავზე იქუხა და ხმაჩახლეჩილი ხმაურით ზარების ნაცნობი წკრიალიც კი დააყრუა.
ოჯახის წევრები, რომლებიც სუფრას ოთხივე მხარეს შემოსხდომოდნენ და ვახშმობდნენ, გაშეშებული და გაკვირვებული შესცქეროდნენ ერთმანეთს. შიში ჩამდგარიყო მათ თვალებში. თვით პატარა ერემსაც კი ინსტიქტურად ეგრძნო, რომ ჩახლეჩილი ხმა რაღაც სავალალოს მოასწავებდა.
- ე ჰე ჰეი!, - ხმა ტალღა-ტალღა დაზვინდა, - ხალხნო... მეფის ბრძანებით, დილაადრიან, ცხენის მეპატრონეები ცხენებითურთ ქალაქში! ... ვინც არ წაიყვანს, მეფის ბრძანებით მათი სახლ-კარს... ე ჰე ჰეი! ...
და ხმამ თანდათან იკლო, დაშორდა, ვინაიდან გზირი ახლა სხვა სახლის ერდოზე ავიდა და პირი სხვა უბნისკენ იბრუნა.
მამიდა შარმაღს არ გაუგია ზარები როგორ დადუმდნენ და მათი ბოლო, დაბალი გამები სად გაიფანტნენ. კარი უკმაყოფილოდ მიხურა. გრძელი და ხრინწიანი სიმღერის ნაცვლად, კარმა ნაწყენი ძაღლივით დაიწკავწკავა.
- ჭირმაც წაიღოს, ბაიყუში, მაინცდამაინც ასეთ დროს უნდა...
როდესაც მამიდა შარმაღი ადგილზე დაჯდა, ბავშვებს ბებიის იქ ყოფნით გული მიეცათ.
სიმონმა ამოოხვრით, თითქოს თავისთვის, ჩაილაპარაკა.
- დღეს მინასის ბიჭიც ჰყვებოდა... ვეუბნებოდი ტყუილი იქნება მეთქი და ესეც შენ...
- მამი, ვითომ რისთვის აგროვებს მეფე ამდენ ცხენს? - მიუბრუნდა მამას პირველშობილი გოგო, რვა წლის შოღერი.
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა მამამ, - ომია, შვილო... ადამიანებს ჰკლავენ, ცხენებს ხოცავენ. მომეცი ხალხო!... მეფის ბრძანებაა.
- ფუ, ფუ...
გაუგებარი იყო, პატარა ერემი ამ წამოძახილით თავის გაკვირვებას გამოხატავდა, თუ ცხელ წვნიანს აციებდა. დედა ბავშვის გამოკვებას შეუდგა და გულში შიშჩამდგარმა მეუღლეს ჰკითხა:
- ჩვენი ცოლაკი ზომებში ჩაჯდება? - მაგრამ სიმონს, რომელიც უეცარ ფიქრებში წასულიყო, მისი შეკითხვა არ გაუგია.
ცოლაკი მათი ცხენი იყო, მოლურჯო ფერის, ვარსკვლავებად მიმოფანტული თეთრი წინწკლებით, გრძელი, ტალღოვანი კუდით. ამბობდნენ, რომ ძველი და კეთილშობილ ჯიშის იყო. სიმონმა ორი წლის წინ იყიდა, სანაცვლოდ კი თავისი ვირი, ერთი ობოლი ხბო, ერთი ფარდაგი და ორი საპალნე ხორბალი მისცა.
- ოჯახი მყავს, ბავშვების პატრონი ვარ, ცხენის გარეშე არაფერი გამოვა, - უთქვავს მას და მხიარული ღიმილით პირველად ცხენი წყაროზე წაუყვანია. სწორედ იმ დღეს დაურქმევიათ - ცოლაკი, იმ ცხენის სახელი, რომელიც სომონის ბავშვობაში სახლში ჰყოლიათ.
- გეგონება ჯიბრზე, ეს პრუტყვიც რომ ჯანზეა, - თქვა სიმონმა, ღრმა ფიქრებიდან გამოფხიზლებულმა და ნელი მოძრაობით პურის ნამცეცები კალთიდან სუფრაზე დაიფერთხა, - წელიწადის ამ დროს ცხენის ასეთ ჯანზე ყოფნა გაგონილა? ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო...
თქვა და ფეხზე წამოდგა, ფაფახის ბეწვიდან აქა-იქ ნამჯის ღეროები გამოაცალა, გარეთ გავიდა, სოფლის შუაგულისკენ გასწია, იმ იმედით, რომ იქნებ მეზობლებიდან უფრო უტყუარი ინფორმაცია გაეგო.
ჭიშკართან სიმონი ერთი წუთით შჩერდა, ცხენს გახედა, რომელიც საძოვრიდან დაბრუნებული მთის ნედლი ბალახის კონას მადიანად შეექცეოდა, ზოგჯერ ცხვირით ჩეჩავდა და მაიორანის ფოთოლს ეძებდა. სიმონმა ნაღვლიანად შეხედა ცხენს. ცოლაკის მკვრივი, გადატკეცილი სხეული და თეთრად მიმოფანტული ლაქები ვარსკვლავიან ღამეში ნაზად ბრწყინავდნენ.
მან კიდევ ერთხელ შენიშნა, რომ ცხენი გვარიანად მოსუქებულიყო და გახელებულმა აღშფოთებით შეუტია...
- შე მკვდარო, ცოტა ჭამე რაღა, ხომ არ უნდა გასკდე?... შეუყვირა და ბალახის კონა აართვა, გომურის სახურავზე შემოდო. ცხენმა მშვიდად დაიჭიხვინა და კისერი ბალახისკენ წაიგრძელა.
- დაბალი არ არის, დედი... ზომებში ჩაჯდება? - მიუბრუნდა ის დედას, რომელსაც საქათმის კარი ჩაეკეტა და სიმონს გვერდით ამოსდგომოდა.
- რა ვიცი, შვილო...
- რუსის კაზაკი მასზე დაჯდომას შესძლებს რო?... არა, არ წაიყვანენ, - დაიიმედა თავი სიმონმა და ქუჩაში გავიდა.
მამიდა შარმაღი რწევით მიმავალ ვაჟიშვილს იქამდე უყურებდა, ვიდრე მისი სილუეტი სიბნელეს შეერეოდა. შემდეგ მან ცხოველმყოფელი ლმობიერებით თავისთვის რაღაც ჩაიდუდუნა, ვერ გაიგებდი ლოცვა იყო, დალოცვა თუ მქრალი იმედის მოლოდინი.
-2-
ბნელოდა, როდესაც სიმონი სახლში დაბრუნდა. გომურში დაბმულმა ცხენმა პატრონის ფეხის ხმის გაგონებაზე ისევ დაიჭიხვინა, სიმონს გული მოულბა, ჭრაქი აანთო, ბალახის კონა აიღო და გომურში შევიდა. ცოლაკმა სიხარულით წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თასმის გაწყვეტას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. სიმონმა ბალახის კონა ბაგაში ჩაუდო და როდესაც ცხენმა ცხვირი ჩარგო, ფაფუკ ზურგზე ხელით მოეფერა.
გაშლილი გომურის კუთხეში ბებერი ძროხა იწვა. ორმა თხამ, რომლებიც ახორის თავზე ასულიყვნენ, სიმონის დანახვაზე დაბლა ისკუპეს და წვერების რხევით მისკენ გაიქცნენ. მაგრამ სიმონმა არც ძროხას და არც თხებს ყურადღება არ მიაქცია. ის ერთი წამით დაყოვნდა, ცხენის ფეხებთან დაყრილი ბალახი შეაქუჩა და კარი გაიკეტა.
ბავშვებს უკვე ეძინათ. მამიდა შარმაღი, თვალების მოჭუტვით, ძაფს გაჭირვებით მსხვილი ნემსში უყრიდა, რომ შვილის წინდები დაეკემსა. მათ სახლში ოდითგანვე წესად ჰქონდათ, როდესაც სიმონი ქალაქში წასვლას აპირებდა, მის სამზადისზე ყოველთვის დედა ზრუნავდა.
ქოხის ძველმა კარმა დაიჭრიალა, დედაბერმა ნემს ხელი გაუშვა და მოუთმენლად ჰკითხა:
- ნადვილია?
- აბა ტყუილი ხომ არ იქნება?
- რას ამბობენ?
- ამბობენ, რომ სიმაღლე არ ითვლება, თუ ცხენი ჯანმრთელია, წაიყვანენ... - და დედას მიუბრუნდა: - დედი, ცოლაკის ის დიდი ტომარა სად არის? თან ბზეს წავიღებ.
მამიდა შარმაღი ადგა, რომ დიდი ტომრიდან მატყლი გაეცალა.
დაძინებამდე სიმონი კიდევ ერთხელ შევიდა გომურში. ბებერი ძროხა, ამ უჩვეულო და უდროო ვიზიტით გაკვირვებული, ფეხზე წამოდგა და ცოხნით გომურის კართან მივიდა. სიმონმა ცხენის უნაგირი და ტყავის თასმები მოამზადა, ბაგასთან დადო და გარეთ გავიდა.
ვარსკვლავებიანი, ნათელი ღამე იყო.
სოფელში ერთმანეთის მიყოლებით ჭრაქებს აქრობდნენ და მათთან ერთად ხმებიც ჩუმდებოდა. ქვემოთ, მდინარის პირას ჭალებში ღამის ფრინველი ხმიანობდა. ყანებიდან, მინდვრებიდან და შორეული ტყიდან ნიავის სიგრილეს ათასობით ბალახის სურნელი მოჰქონდა, რომელთაგან უფრო მკვეთრად მაიორანისა და უკვე შემხმარი პიტნის მძაფრი სუნი იგრძნობოდა.
სიმონი ჭიშკრის ქვაზე ჩამომჯდარიყო და საზრუნავს მისი გულიც ქვასავით დაემძიმებინა. ისედაც ძლივს გაჰქონდათ თავი, სამყოფ სარჩოს ძლივს შოულობდა, როცა ის და ცოლაკი თანასწორად მუშაობდნენ. მაგრამ ახლა?... და სიმონს ეჩვენებოდა, რომ მისი სახლიდან არა თუ ცხენი, არამედ ღვიძლი ძმა ან ძე მიჰყავდათ, ისე, როგორც, გასულ ზაფხულს, ბევრის სახლიდან მათი შვილები და ძმები წაიყვანეს.
მაგრამ დაღლილობამ აჯობა და სახლში შევიდა.
- თითქოს ჯიბრზე, ამ დალოცვილის ზურგი ინით იყოს შეღებილი, - ისევ გაახსენდა სიმონს ცხენი.

3.
ჯერ არ გათენებულიყო, როდესაც სიმონი ჭრაქით ხელში გომურში შევიდა, ცოლაკს უნაგირი დაადგა, შეკაზმა და გარეთ გამოიყვანა. მეზობელ ეზოებშიც ჭრაქს ანთებდნენ, კარები ჭრიალებდა და ხმები ისმოდა.
სიმონმა თავისი მეზობლის, საქოს ბიჭის ხმა გაიგო. გაბრაზებული რძალს უყვიროდა, რომ დღის შუქზე რატომ არ მონახა ცხენის თასმები.
კარებთან დამდგარიყვნენ მამიდა შარმაღი, სიმონის ცოლი და დედის კალთას ჩაჭიდებული ნამძინარევი შოღერი, რომელსაც დედისთვის არ მოესმინა, ტანსაცმელი ტირილით ჩაეცვა, უნდოდა ენახა გზას როგორ გაუყენებდნენ ცოლაკს.
ნაღვლიანი სანახაობა იყო, როდესაც სიმონმა ცხენი გარეთ გამოიყვანა. თითქოს შიგნით მას კუბო მოერთოს, ხოლო გარეთ კი ამ მძიმე წუთებში მას ელოდნენ, რომ მწარეთ დაეტირათ.
როდესაც ცოლაკი გომურიდან გარეთ გამოვიდა, დაიჭიხვინა და ყურები დაცქვიტა. მამიდა შარმაღმა მკერდზე ხელი დაირტყადა აცრემლებულმა მწარედ ამოთქვა:
- შენი ჭირიმე! - და ცრემლი მოიწმინდა.
შოღერმა ცხენთან მიირბინა, გუშინდელი ბალახის ნარჩენებიდან ერთი მუჭა გაუწოდა. ცოლაკის ცხელი ნესტოებიდან ამოსულმა თბილმა სუნთქვამ გოგონას გაყინულ ხელებს მიუალერსა.
სიმონი ცხენს საგზალს ჰკიდებდა, ბზით სავსე ტომარას პირს უკრავდა და იმავდროულად ოჯახის წევრებს დავალებებს აძლევდა, რომ დღე თხები შორს არ გაერეკათ, რომ თუ მზე დააჭერდა მოთიბული ბალახის გროვები გადაებრუნებინათ და თუ გაწვიმდებოდა სახლში წაეღოთ, ლობიოს კვლები აუცილებლად მოერწყათ. სწორედ ამ საუბრის დროს საქოს ბიჭმა დაუძახა.
- სიმონ, არ მორჩი ?
- მოვედი, მოვედი...
და სიმონმა აღვირი მოქაჩა. ოჯახის წევრები მას მეზობლის კარამდე ნელი ნაბიჯით გაჰყვნენ, თითქოს სამგლოვიარო პროცესის მონაწილენი ყოფილიყვნენ და მათთვის ძვირფას კუბოს სიკვდილის სამუდამო გზაზე აცილებდნენ.
მამიდა შარმაღი გაუჩერებლად ტიროდა, ასევე ტიროდა შოღერი, დედასთან ერთად. ქუჩამდე არმისული, დედამ ერემის ხმა გაიგო:
- მამიკო, მამიკო!
კარის ზღურბლთან შიშველი ბავშვი დამდგარიყო და ხმამაღალი სლუკუნით ტიროდ, მამას ეძახდა. სიმონი მეზობელ საქოს ბიჭთან ერთად უკვე ხევში ჩადიოდა, რომ დანარჩენ ცხენოსნებს შეერთებოდა.
დედა მიბრუნდა, ბავშვი გულში ჩაიკრა და სახლში შეიყვანა. მამიდა შარმაღი და პატარა შოღერი იქამდე იდგნენ, ვიდრე ცხენოსნებმა აღმართი არ აათავეს და გორას არ მიეფარენ.
მზე ახალ-ახალი სხივებით მაღალი მთის წვერზე ოქროს აფრქვევდა, როდესაც აღმართის ბოლოს უკანასკნელი ცხენოსანი გამოჩნდა და გაუჩინარდა, როგორც შავი მოჩვენება.

4.
ცხენოსნები, თავიდან, ჩუმად მიუყვებოდნენ გზას, ზოგიერთი დილის სიგრილისგან გახევებულიყო და დადუმებულიყო. ყველა თავის მტანჯველ ფიქრებთან იყო, ერთი მეორის ცხენებს ადარებდნენ, ყურადღებით აკვირდებოდნენ, თვალით ზომავდნენ, უნდოდათ გაეგოთ, ამ გზით რომელი მათგანი დაბრუნდებოდა უკან და რომლის უნაგირსა და აკაზმულობას სხვა ცხენზე აკიდებულს წამოიღებდნენ, როგორც გარდაცვლილი ადამიანის სამოსელს, რაზეც მწარე გოდებით მღერიან ხოლმე სოფლის ქალები.
მიდიოდნენ თითო-თითოდ, ჯგუფებად. ერთს ჯიბიდან პური ამოეღო, მეორე ჩიბუხს ხარბად ექაჩებოდა, მესამეს ფეხები ჩამოსთრევდა, დაბინდული მზერა ცხენის ყურებისთვის გაეშტერებინა და განთიადის თვლემით ცხენთან ერთად ირწეოდა.
მაგრამ, როდესაც მთის წვერიდან მზემ ამოანათა, ცხენოსნების ნაღვლიანი და მდუმარე გულები თითქოს დათბა. ყველაზე პირველმა ხმა მჭედელი ავაგის ბიჭმა, ელამმა ივანმა ამოიღო, რომელიც მთაზე ასვლისას ცხენის გავაზე ჩამოცურებულიყო.
მან თავისი ნაღვლიანი სიმღერა შეწყვიტა და გულუბრყვილო სიცხადით წამოიძახა:
- ამ ღმერთის ბრმა სამართალი რა ვთქვი მე... ჩემს თვალს რომ ასე დამართა. ჩემი ცხენი რომ ბრმა ყოფილიყო, მე ახლა ამ მთის წვერზე რა მინდოდა?
რამდენიმეს გაეცინა. საქოს ბიჭი გონებაში გაბრაზდა მასზე:
- უდარდელი პირუტყვი...
- აბა ერთი ჰიბანის ცხენს შეხედეთ, - მხიარულად გააგრძელა ივანმა, კმაყოფილმა იმით, რომ მძიმე სიჩუმე დაარღვია, - გეგონება კაზაკის ცხენი იყოს. ჰიბან, პრისტავმა რომ მაგ ცხენით რომ გნახოს, შენც თან წაგიყვანს...
- რა, ნაკლები კავალერია? - გამოეხმაურა ვიღაც, - იმ დღეს ქვიანი ღელეთი ისე გაქუსლა, რომ გაკვირვებული დაგვტოვა.
- ეგ კი არადა, ასეთი რამ არ გენახოთ!... ტერტერამ თავის ცხენი მნათეს მისცა. აი, ამას ჰქვია ალალი ძმობა, - საუბრის თემა შეცვალა მჭედლის ბიჭმა.
- ნაკლები სისულელე ილაპარაკე, ეეე...! გასძახა შუღაანთ აქელმა, რომელიც სოფელში „მელიის მახრჩობელას“ მეტსახელით იყო ცნობილი, ახალგაზრდობაში მელია ხელით დაეხრჩო, - ტერტერას, ავადმყოფობის გამო ცხენზე ჯდომა შეუძლია რო?
- ბარემ თქვი, რომ მხოლოდ ისღა დარჩენია ჩვენთვის ილოცოს, რაღა! - მწარე ირონიით იხუმრა ვიღაცამ.
საერთო საუბარის გარდა, ცალკეული საუბრებიც ისმოდა. ზოგმა, გზა რომ შეუმჩნევლად გაევლო, რაღაც ისტორიის მოყოლა დაიწყო, ზოგიც ომზე და მის უბედურებებზე საუბრობდა.
- ჩვენმა ანდრიმ, გასულ შაბათს წერილი მოიწერა, ვარშავის შემოგარენიდან... გარკვევით არ წერს, ამბობს, რომ ეს ერთი თვე გაუვალ და ნესტიან ტყეში იმყოფება, დღე და ღამე ქვემეხები სკდებიან. ტრიალ მინდორზე გასვლაც კი საშიშია...
- ჩემმა ბიძამ, სიმონმაც მოგვწერა. ლაზარეთიდან იწერება, მაგრამ ადგილი უცნობია. რაღაცნაირ სახელს იძახის... იმ დღეს ტერტერამ რამდენი ეძება წიგნებში, მაგრამ ვერ ნახა. ამბობს, ასეთი ქალაქი რუსეთის მიწაზე არ არისო.
- რა ჭირს, რო ?...
- ფეხში მოხვდა. წერს, რომ მძიმედ არ არის, ერთი თვის მერე გაწერენ.
- ბიძია აქელ, ქვეყანაზე მრავლის მნახველი კაცი ხარ, ეს ომი რით დამთავრდება? - მჭედლის ბიჭი ახლა მას მიუბრუნდა. ბევრმა გაიცინა, რადგან შუღუაანთ აქელი მთელი თავის ცხოვრება თავიანთი სოფლიდან სამაზრო დაბის იქეთ არსად ყოფილა.
აქელმა კი უკმაყოფილოდ, რისხვით შეუტია:
- უგემურო, უგემურის შვილო...
ცოტა ხნის მერე, საუბარი ცხენების ოფიციალურ ფასებზე ჩამოვარდა.
- ფული კი ჰქვია, მაგრამ მაგით რას იყიდი?
- ორ გროვა ქერს...
- მაგასაც ვერ იყიდი.
- ნორმალური ფასი მაინც მოეცათ.
- რომც მოეცათ, ცხენს სად იყიდი? ჩვენი სოფლიდან რომ ამდენი ცხენი მოითხოვეს, შენ ნახე, მთელი მარზიდან რამდენს მოიყვანენ...
- ბიჭოს, ეს რა რიგიანი ჯარი ვართ, - ხმამაღლა შემოსძახა მჭედლის ბიჭმა:
- მისმინე !... ოფიცერო აქელ შუღაანთოვ...
- გეყოფა რა, ბიძია აქელის მასხარად აგდება...
- ბიძია აქელის წყენა არ იქნება... აბა, რიგში იარეთ, ვნახავ ერთი უკან ვინ ჩამოგვრჩა. - თქვა ივანმა და ცხენი გზიდან გადაწია.
- სათვალვში... აბრაჰამის ცხენი არ არის - გასაყიდად წაუყვანიათ, ისახანიანთ ცხენს კი მგელმა ფეხი გამოაგლიჯა, კიდევ ერთიც - კოსტანდ ბატონის თეთრი ცხენი აკლია...
- კოსტანდს ეხლა სძინავს, ცხენი კი ოქროს ქერის გროვასთან ჰყავს მიბმული... ადგება, ერბოსა და თაფლს გეახლება, ცხენს უნაგირს დაადგამს და კათნაღბიურის წყაროსთან დაგვეწევა. ის ხომ შენი თანასწორი არ არის? - შეეპასუხა გილაანთ მუქი.
- სულ ერთი არ არის?... იმთავითვე სწორედ მის ცხენს წაიყვანენ, - თქვა სიმონმა და მწუხარე სახით ცოლაკს შეხედა, რომელიც სხვა ცხენების გვერდით, ყურების თამაშით მიდიოდა.
- როგორ არა, - არ დაეთანხმა ივანი, - შენი ცოლაკი პირველ ნომერს დაიკავებს, იმისი კი არა... დაე მამიდა შარმაღმა რამდენც უნდა იმდენი იტიროს, - ხმა მწუხარედ შეარბილა ივანმა.
სიმონი აღშფოთდა.
- მაშ კოსტანდის თეთრი ცხენი და ცოლაკი თანასწორნი არიან?... მან თავის თეთრ ცხენში ერთი მუჭა ოქრო გადაიხადა და მე ჩემსაში რა მივეცი, რო?...
- ეგრეა, შავი და თეთრი იქ გაირჩევა, - თქვა მჭედლის ბიჭმა და საუბარი რომ შეეწყვიტა რაღაცის მოყოლა დაიწყო, ვითომ გერმანელებმა როგორ ააფეთქეს ერთი უზარმაზარი ზღუდე და ზღვა ათასობით რუსის ჯარს როგორ მიუშვეს...

5.
მზე საკმარისად ამოწვერილიყო როდესაც ცხენოსნებმა კათნაღბიურის წყაროს მიაღწიეს და გილაანთ მუქის შეთავაზებით შესასვენებლად ჩამოქვეითდნენ. ცხენები წყაროს ქვევით, საძოვრებში გაუშვეს, თავად კი საგზლები დახსნეს.
წყარომ იმოქმედა, ჭამის მოთხოვნილებამ თუ იმან, რომ გზაში დაღლამდე ისაუბრეს ომზე, ცხენების შეკრებაზე და ყოფით უბედურებებზე, წყაროსთან მათი საუბარი მშვიდი და ჩვეული გახდა.
გეგონებოდა თიბვის სეზონი დამდგარიყო, მთის კალთებზე ზვირთებად ღელავდა მაღალი ბალახი. და აი ისინიც, როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც ცხენებით მოსულიყვნენ მთაში. ეხლა დაიწკარუნებენ ცელები, ბალახებიდან მწყერი აფრინდება და მთის კაკაბი მწვანე ფსალმუნს წაიკითხავს.
მჭედლის ბიჭმა უეცრად შენიშნა, რომ შუღაანთ აქელს სიჩქარისგან სიბნელეში ქალამნები უკუღმა ჩაეცვა, რამაც თანასოფლელებში დიდი მხიარულება გამოიწვია.
სიცილი და შეძახილები მაშინვე მიყუჩდა, როდესაც გილაანთ მუქიმ, რომელიც უკვე თმაჭაღარა მოხუცი იყო, არყით სავსე პირველი ფიალა ასწია.
- მშვიდობიანი დილა გაგვთენებოდეს მრავალტანჯულ მშრომელ ხალხს... სიკეთით გვენახოს ჩვენი შვილების თავისუფლება. ჯანის სიმრთელე და სამართლიანობა ყოფილიყოს. შენც საჩვენოდ გეკეთებინოს, - და მან ჭაღარა თავი მოწმენდილი ცისკენ აწია, გეგონებოდა უძირო სიღრმიდან განგების თვალი ტკბილად დაჰყურებდა ამ საწყალ ხალხს.
სიმონი ჩუმად იყო. ის ქვას ჩამოყრდნობოდა, პურს ცივ წყალში ალბობდა და აუჩქარებლად ღრღნიდა. ზოგჯერ საძოვარზე მიშვებულ ცხენებს უყურებდა, რომლებიც ნამით მოფენილი ბალახიდან თავებს არ სწევდნენ. ცოლაკიც სოფლის ცხენებთან ერთად სძოვდა.
სიმონი, ცალი თვალით, თავისი ცხენის სიმაღლეს ზომავდა, სხვა ხცენებს უდარებდა და ხედავდა, რომ ცოლაკი გილაანთ მუქის ცხენზეც კი დაბალი იყო. შემდეგ მზერა მთის ფერდობისკენ გადაჰქონდა. და ამ ძნელბედობის ჟამს მის გონებაში ათასი ფიქრი ირეოდა. გამოსავალს ვერ ხედავდა. და აი, მის კარებთან ისევ მწარე სიღარიბე დაიჩოქებს, ისევ მოუწევს ხვეწნით ყელის გაშვერა, რომ ძნები სახლში მოუზიდონ, მთიდან ბალახი ჩამოუტანონ. ცოლაკს წაიყვანენ და მოთიბულ ყანაში ძნები წვიმისგან გაუშავდება...
- გილაანთ მუქის ცხენი თუ გაუტოლდება ცოლაკს... თორემ, მასზე დაბალი სხვა არ არის...
- სომონ, შეხედე! - მოულოდნელად გასძახა მჭედლის ბიჭმა, სიმონი შეცბა. თავი მიაბრუნა.
შორიდან თამაშითა და ნავარდით თეთრი ცხენი მოჰქროდა, ქარი ფაფარს უფრიალებდა, განიერი მკერდით მთის ცივი ჰაერის ტალღებს მოაპობდა. მიწიდან მტვერი არ ადიოდა და გეგონებოდა, რომ ცხენი სწრაფმავალი ფეხებით მიწას არც კი ეხებოდა, ნალები ჰაერში წკრიალებდნენ.
ცხენის მარმარილოს შუბლს, ვერცხლისგან ჩამოსხმულ უზანგებსა და ფოლადის ლაგამს მზე წინიდან ეცემოდა და ოქროში ახვევდა. თითქოს ცხენი და მხედარი ერთად ჩამოესხათ და დასავლეთის რუხი ღრუბლების კვარცხლბეკიდან მოწყვეტილი მარმარილოს მხედარი არამქვეყნიური მოჩვენებასავით ლაშქრობდა.
გლეხების საუბარი შეწყდა. ყველა ერთ მხარეს მისშტერებოდა. ცხენებიდან რამდენიმესაც კი თავი აეწია და შეპყრობილი პირუტყვის შიშით თეთრ ცხენს შეჰყურებდა.
შუღაანთ აქელს პირში პურის ნაჭერი გაიყინვოდა.
- აი ცხენიც ეს არის... ათასი მანეთი ეღირება.
- პატრონსაც ნაკლები ფული არ ააქვს.
- ეგ ცხენი მე მომცენ, ადამიანის შვილი არ ვიყო, თუ ომში არ წავიდე - თქვა მწედლის ბიჭმა.
- მასზე, როგორც მინიმუმ გენერალი დაჯდება...
- მასზე მჯდომიც გენერალია.
როდესაც ცხენოსნებს მიაღწია, კოსტანდ ბატონმა აღვირი მოქაჩა და ცხენის თავის დამორჩილება ძვლივს შეძლო. ცხენის თეთრ კანს ლურჯი ოფლის ქაფი დასდებოდა. წითელი ნესტოები ქშინავდნენ და ადგილზე ფეხები მოუსვენრად ბაკუნობდნენ.
- საათი იქნება, რაც გზაზე გამოხვედი, კოსტანდ ბატონო? - პირმოთნე სიყალბით ჰკითხა შუღაანთ აქელმა, რომელიც ამ სანახაობას გაეშტერებინა.
- საათისთვის არ შემიხედავს... ვიდრე თქვენ ცხენებზე შესხდებით, მე უკვე ბაზარში ჩავალ. ვერ ვიმორჩილებ, ხელები დამამტვრია...
- მომეცი, მე დავიჭერ, - ფრთხილად მიმართა მჭედლის ბიჭმა.
კოსტანდს რაღაცის თქმა უნდოდა, აღვირი ცოტათი მოუშვა, თეთრმა ცხენმა იმ წამსვე იგრძნო ეს და პატრონის სიტყვა ჰაერში გაწყდა.
გლეხებმა თეთრი ცხენის შმაგი ნახტომი იხილეს. თვალის დახამხამებაში ცხენი მთას მიეფარა.
- ამაზე იტყვიან ცეცხლოვანი ცხენიაო!
ცოტა ხნის მერე გლეხები თავიანთ ცხენებზე შესხდნენ და გზა განაგრძეს.

6.
ორ მთაგრეხილს შორის, ვიწრო ხეობაში, რომლის შუაგულშიც მთის ლურჯი მდინარე მოედინებოდა, პატარა ქალაქი მოქცეულიყო, რომლისკენაც, ამ დღეებში, მთის საცალფეხო ბილიკებითა და გადასასვლელებით ადამიანებისა და ცხენების უწყვეტი რიგი მოემართებოდა.
ისინი მაღალი მთებიდან ეშვებოდნენ, რომელთა უბეებშიც, არწივის ბუდეებივით, ქვაში ნაგები სოფლები იყო. მოდიოდნენ ჩაბნელებული ხეობებიდან, სადაც უკუნი სიღატაკე გამეფებულიყო. მოდიოდნენ ზეგანის პლატოდან, რომლის შუაგულშიც ბრილიანტივით წმინდა ტბა იყო, ლერწმიანი ზოლით, ტბის ქვიან ნაპირზე კი - ძველი სოფელი, რომლის ნახევრად დანგრეული მონასტერი ქარაფიდან წყალში ირეკლებოდა, თითქოს რომელიღაც მკვდარი მონასტერი ჩაძირულიყო და თეთრი ბაღები კი მას მოქუფრულ საკურთხეველთან უთენებდნენ.
და ვინც მშობლიური გზით იმ ნაცნობ ადგილამდე აღწევდა, საიდანაც უეცრად ხეობა იშლებოდა და ქალაქის სახლების შემინული აივნები, თუნუქის ფირფიტები ბრწყინავდნენ, - ვინც ამ ადგილამდე აღწევდა, ქვევით შიშით იყურებოდა, როგორც მოზვერი, რომელიც სასაკლაოზე მიჰყავთ და სველი ნესტოებით ახალი სისხლის სუნს გრძნობს.
ჭიხვინებდნენ ცხენები მეტალის ხმაზე, გულის გამაწვრილებლად, როგორც მწუხარე სიმღერა. უკანასკნელ მოკითხვას უთვლიდნენ მთის ლურჯ ტბებს, რომელთა წყალიც უსვამთ. ემშვიდობებოდნენ ტრამალებსა და დაცარიელებულ გომურებს, სადაც თავიანთი ბავშვობა გაუტარებიათ. ზოგი დაბალ ხმაზე, ზოგიც ვერცხლოვანი ბგერებით ჭიხვინებდა, ყალყზე სდგებოდა, გაშმაგებული ბუღასავით აღვირს ქაჩავდა და უკან იხევდა, არ უნდოდა უკან დაუბრუნებელი გზით ხეობაში ჩასვლა.
როდესაც ცხენოცნებმა ქალაქს ჩააღწიეს, მოედანზე ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ დარჩენილიყო. ქუჩები და ეზოები ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ცხენებით გადაშავებულიყო.
ათასი ფერისა და ბუნების ცხენი იყო: მამრი, მდედრი, მაკე, ბებერი, კვიციანები და უშობელნი, უნაგირიანები და უნაგირდაუდგმელები. ზოგი ქვაზე, ზოგი ხეზე და ზოგიც მიწაში ჩარჭობილ სოლზე გამოებათ. იყვნენ, ასევე, ერთმანედზე თოკით გადაბმული ჯგუფებიც. ერთის წინ ბალახი დაეყარათ, მეორეს წინ - ბზე, მესამე შიმშილისგან, სიცხისგან და უჩვეულო გარემოსგან შეწუხებულიყო. მოშიებული ცხენები ქუჩის გამხმარ და ათასი ფლოქვით გათელილ ბალახს წიწკნიდნენ.
ცხენები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ყველა კუთხიდან ჭიხვინის ხმა ისმოდა. ერთ ადგილას, ცხენების სიმრავლეში, კვიცს დედა დაეკარგა და წვრილი ხმაზე ჭიხვინით ეძახდა, დარბოდა, ცხვირით სხვა დედებისკენ იწევდა. სიცხისგან გაცოფებული ულაყები თასმებს გლეჯდნენ და შმაგი გზნებარებით ფაშატებს ედევნებოდნენ, ერთმანეთს კბენდნენ, ფაფარსა და თეძოებს უსისხლიანებდნენ.
ამ ალიაქოთში ერთმანეთში ირეოდა ცხენოსანთა შეძახილები, ყვირილი და ხმაურიანი გარჩევები. სომეხი და თურქი აღარ გაირჩეოდა. სახელმწიფო ბრძანებას, ოფიციალური განკარგულების პირქუში მონდომებით, ყველა სოფლიდან ადამიანთა და ცხენების დიდძალი სიმრავლე ქალაქში ჩამოეყვანა.
მოედნის ერთ მხარეს, ფიცრებისგან აგებულ პატარა შემაღლებაზე, კუბოსავით ვიწრო მაგიდასთან ხელისუფალნი დამსხდარიყვნენ. მათ სიახლოვეს, ოფიციალური სამოსელით, ორდენებითა და სპილენძის მძიმე მედლებით ფეხზე იდგნენ ურიადნიკები, მამასახლისები და სოფლის პისართა ჯგუფი. უფრო მოშორებით კი - ქვეშევრდომთა სიმრავლე გაჩერებულიყო, რომელიც ზღვასავით ღელავდა. და ყველას მზერა მაგიდასთან მსხდარი ჩინოვნიკებისკენ იყო მიმართული, ვინაიდან ისინი წყვეტდნენ ცხენებისა და მათი პატრონების ბედს.
სოფლის მამასახლისი ცხენის პატრონის გვარს ამოიკითხავდა, ხალხის სიმრავლიდან ცხენის აღვირს ჩაჭიდებული პატრონი ცხენითურთ წინ გამოვიდოდა, როგორც ცირკის მოჭიდავე. შემდეგ მის ცხენთან რამდენიმე ადამიანი მიდიოდა, დაკვირვებით ათვალიერებდა, კბილებს უსინჯავდა და ფურცელზე რაღაც მონიშვნას აკეთებდა. რამდენიმე წამიანი მოთათბირების შემდეგ, მაგიდასთან მჯდომი პრისტავი ხელით ნიშანს აძლევდა.
სწორედ ეს ნიშანი იყო ის, რაც ყველაფერს ცხადს ხდიდა.
თუ ნიშანი შეკრებილი ხალხის სიმრავლისკენ იყო მიმართული, ნიშნავდა, რომ ცხენი გამოუსადეგარია. ცხენის პატრონი თავიდან შიშით, შემდეგ კი სიხარულისგან აკანკალებული ფეხებით ცხენს თავისკენ ექაჩებოდა და სწრაფად ეცლებოდა იქაურობას. ხოლო, თუ ნიშანი ფიცარნაგთან მდგარი რუსი ჯარისკაცებისკენ იყო მიმართული, მაშინ ისინი მყისვე მიდიოდნენ ცხენთან, თავზე ახალ აღვირს უკეთებდნენ, ძველს პატრონის მხარეს მოისროდნენ, ცხენი მიჰყავდათ, სხვა ჯარისკაცებს აბარებდნენ, რომლებიც ხალხისა და პატრონის თვალწინ ცხენს კუდს თანაბრად კრეჭდნენ, ფაფარს პარსავდნენ და ცხენისავე თმით კისერზე ფიცრის პატარა დაფას ჰკიდებდნენ. ცხენის პატრონი ცდილობდა თავის ცხენს გაჰყოლოდა, მაგრამ უღრიალებდნენ და დამარცხებული მძლეოსანივით თავჩაღუნული ადგილზე რჩებოდა. ხალხის სიმრავლე მდუმარედ უყურებდა ამ სანახაობას. მამასახლისი გაოგნებულ კაცს უხმობდა, იგი ფხიზლდებოდა, თავს უყრიდა იმას, რაც მისი ცხენისგან დარჩენილიყო - აღვირი, თასმები, უნაგირი. შემდეგ ზურგზე ნივთებაკიდებული, მოედანს გადაივლიდა და ხალხის სიმრავლეს ერეოდა, ხელში კი ფურცელი ეჭირა, სადაც ცხენის ფასი და მეპატრონის გვარი იყო აღნიშნული.
ცხენოსნებმა, როდსაც ქალაქში ჩავიდნენ, ცხენები მოედნიდან მოშორებით დააბეს. გილაანთ მუქი და აქელი დაწინაურდნენ, რათა ხალხის მასაში მეზობელი სოფლების გლეხები მოეძებნათ. პირველივე შემხვედრ ნაცნობს, რომელიც მათზე უწინ მოსულიყო, მაშინვე ჰკითხეს:
- ჰა, ბევრი მიჰყავთ?...
- ნუ იტყვით, საშინელებაა...
სიმონმა თავისი დიდი ხნის ნაცნობი თურქი დაინახა, გვერდზე გაიხმო და ცალკე ჰკითხა, თუ როგორ ცხენებს ათავისუფლებდნენ, დაბალი ცხენებიც ნამდვილად მიჰყავდათ თუ არა?
- შენს ცხენს ფეხი მოტეხილი უნდა ჰქონდეს ან რაიმე ღრმა ჭრილობა, რომ გაათავისუფლონ... თუ არა, სიმაღლეს ყურადღებას არ აქცევენ...
სიმონმა მუხლებში სისუსტე იგრძნო.
ამ საუბრამდე, მას რაღაც მქრქალი იმედი, ჯერ კიდევ ჰქონდა, რომელიც ასეა თუ ისე, იმედი მაინც იყო. ეხლა ესეც გაებნა. ის იმედდაკარგული, სასოწარკვეთილი ცხენს მიუახლოვდა.
- ცოლაკ, - და ნაცნობ დაძახებაზე ცხენმა დაიჭიხვინა. ეგონა, რომ ბალახი უნდა დაეყარათ მისთვის. სიმონმა ცხენს ბზიანი ტომარა თავზე წამოაცვა.
- ცოლაკ... მიდიხარ რა...
ცოტა ხნის შემდეგ გილაანთ მუქი დაღლილი დაბრუნდა. გაფითრებულ სახეზე მწარე უიმედობა გამოსჭვიოდა. აღელვებულმა, თანასოფლელებს ქოშინით უთხრა:
- ეხლა ქარაგლუხელებს ეძახიან, მერე ზილბირელები გავლენ, მათ შემდეგ კი - ჩვენ...
სიმონი ერთი წამით ჩაფიქრდა, ცხენს თავიდან ტომარა მოხანა, მოახტა და გაქუსლა.
- ეს საით გაგიწევია, სიმონ? - მიაძახა საქოს ბიჭმა.
- მდინარეზე წავიყვან... კათნაღბიურზე წყალი არ დაულევია.
შიშისგან ასე გარბიან. ასე გარბის ფარა, როდესაც ელვა საშინელი გრუხუნით მახლობელ კლდეს ატყდება. ასე კანკალით შეპყრობილი გარბის მხეცი, როდესაც ტყე იწვის.
თავზარდაცემული გარბოდა სიმონიც. ქალაქის ქუჩებში გზააბნეული, ცხენს დაუსრულებლად მათრახს ურტყამდა. თითქოს მას გასდევნებოდა მოედანზე მყოფი ყველა ჯარისკაცი და ისინიც, რომლებიც კუბოს მსგავს ვიწრო მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. აი, მდინარისპირა ყრუ ქუჩას მიაღწია. იქაც ცხენები იყვნენ. მასავით სოფლელ ადამიანები, თითოეულს თავისი ცხენის აღვირისთვის ხელი ჩაევლო და მონური მორჩილებით თავის რიგს ელოდებოდა.
მათ გაქცეული ცხენოსანი დაინახეს და ზოგიერთმა გაიფიქრა კიდეც, რომ შიშისგან შეძრწუნებული ცხენოსანი შორეული მთებისკენ გარბოდა, როგორც წაგებული - ხსნის ციხესიმაგრისკენ.
დაღლილი ცხენი მათრახის დარტყმით ნაბიჯებს ცოტათი უჩქარებდა, შემდეგ კი კვლავ ტვირთზე გაზრდილი სოფლის ცხენის მძიმე ნაბიჯებზე გადადიოდა.
და აი, ბოლო სახლიც უკან დარჩა და წინ კარტოფილის მინდორი გადაიშალა. სიმონმა ცხენის სვლას უკლო. სული მოითქვა. ქალაქის საზღვრებს გაცილებულმა, თავი უფრო მსუბუქად იგრძნო. შორეული მთებიდან, რომელთა ფერდობზეც მათი სოფელიც იყო, წამოქროლილმა შეურყვნელმა სიგრილემ გაოფლილ სახეზე დაჰკრა.
სიმონი მარჯვნივ გადაიხარა, მდინარისკენ მიმავალი ვიწრო გზას აუყვა. ცხენმა მდინარის სიგრილე იგრძნო და და მათრახის დაურტყმელად ნაბიჯებს უმატა.
მდინარის კალპოტში ჩასვლამდე სიმონმა შიშით მიმოიხედა და დარწმუნდა, რომ ირგვლივ უკაცრიელი იყო. მხოლოდ დაბლა, ტირიფების ჩრდილში, ძროხები თვლემდნენ.
და როდესაც მწყურვალე ცხენმა თავი წყლისკენ დახარა, სიმონი ცხენიდან ჩამოხტა, აღვირი ჩამოქაჩა და ცხენის წინა ფეხს მჭიდროდ გამოაბა. შემდეგ უკანა ფეხების გათოკვა დაიწყო.
ცოლაკმა წყურვილი მოიკლა, თავის მაღლა აწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ცხვირი ჩუმად და მორჩილად კვლავ მდინარის ლურჯი წყლისკენ დაუშვა.
სიმონმა უჩვეულო სისწრაფით ცხენს უნაგირი მოხსნა. ცხენის მკვრივი, გადატკეცილი და შევსებული ზურგი მზეზე აბრჭყვიალდა. შემდეგ იმავე სისწრაფით დაიხარა და მდინარიდან რომელიღაც სიპი ქვა აიღო. როდესაც პირველად მან ქვა ცოლაკს ზურგზე გაუსვა, ცხენმა სიგრილე იგრძნო, ნერვები აუთამაშდა და სასიამოვნო გზნებისგან ზურგის კანმა კანკალი დაიწყო.
უეცრად ცხენმა ზურგზე ჩხვლეტა იგრძნო. გაცლას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან ფეხები ერთმანეთზე მჭიდროდ ჰქონდა გათოკილი.
ისევ შეეცადა თავის მაღლა აწევას, კვლავ ვერ შეძლო. ტკივილი კი თანდათან აუტანელი ხდებოდა, რადგან სიმონი სასოწარკვეთილი გაცოფებით სიპ ქვას ზურგზე გამეტებით უსვამდა.
რამდენიმე წუთში კანი გადასკდა და ქვა გასისხლიანდა. ცოლაკი ხვნეშოდა, კუდს აქეთ-იქეთ ძლიერად ურტყამდა, გავას მარჯვნინ და მარცხნივ აბრუნებდა, მაგრამ არაფერი შველოდა. სიმონი მთელი სიმძიმით ჩაფრენოდა ცხენის ზურგს და ქვას განუწყვეტლივ უსვამდა. უკვე ახალი გახსნილი ჭრილობიდან სისხლის წვეთები გარეთ მოჩქეფდა და აქოშინებულ ფერდებზე ჩამოედინებოდა. ხოლო სიმონი კი უფრო ძლერ აჭერდა, თითქოს უნდოდა ცოლაკის მსუქან და გლუვ ზურგში ქვა ჩაემარხა.
ცხენმა ვეღარ გაუძლო, გვერდზე გადწვა და ნახევარი ზურგით მდინარეში ჩაწვა. ტკივილისგან და უჩვეულო მდგომარეობისგან ფეხებს იქნევდა, ნესტოებით ფრუტუნებდა, თავსა და კისერს მდინარის ნაპირს უხახუნებდა, ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. სიმონმა, როგორც კაცისმკვლელმა ხანჯალი, გასისხლიანებული ქვა გვერდზე მოისროლა. ძრწოლვით შენიშნა, რომ მდინარის წყალი დაუსრულებლად წითლდებოდა, როდესაც ტალღა ცხენის ზურგს ეხლებოდა.
- იქნებ არტერია გადაეჭრა ?...
ცოლაკს თვალთ დაუბნელდა. ქვები და მდინარის პირი თავდაყირა მოექცნენ. ეჩვენებოდა, რომ მდინარის ფაფუკი ხავსი ცაზე გაკიდულიყო. წყალი სიამოვნებდა და ინსტიქტურად ცხოველი უფრო ღრმად ეფლობოდა სრიალა ლამში, წყალმცენარეთა სარეცელში წვებოდა. ლურჯი ქვების ბალიშიდან თავს აღარ იღებდა. სიმონმა ცხენს ნასკვები სწრაფად შეუხსნა, ფეხებში გახლართული აღვირი მოუშვა, თავად წელამდე წყალში შევიდა, ღრიალითა და მუდარით, ბიძგებითა და მოქაჩვით როგორღაც ცხენი წყლიდან ამოიყვანა. ცოლაკი კანკალებდა.
მის ზურგზე, მარჯვენა მხარეს, თეფშისოდენა ჭრილობა გადახსნილიყო და წითელი, ადგილ-ადგილ ჩაღრმავებული, დახეთქილი ხორცი მოსჩანდა. სისხლი წვეთას აგრძელებდა, მაგრამ რამდენიმე ადგილას უკვე შედედებულიყო.
სიმონმა დამნაშავის სიჩქარით ცხენს გვერდებიდან სისხლის კვალი ჩამობანა, ჭრილობა ლამის თხელი ფენითა და წყლის ბალახებით დაუფარა, შეკაზმა და გზას დაადგა.
ცხენი ნაბიჯებს ძვლივს დგამდა.
რამდენს არ დასძახოდა სიმონი, ფეხებს მუცელზეც ურტყავდა, მოსაფერებელ სიტყვებსაც ეუბნებოდა, მაგრამ ცხენი ნაბიჯს არ უჩქარებდა. ბოლოს, იგივე ქუჩებით მოედანზე დაბრუნდნენ. ორივეს თავები ჩაეკიდათ. კაცი თავის ულმობელ ფიქრებში იყო წასული.
- ეხლაც წაიყვანენ?
ცხენი გაჭირვებით ხვნეშოდა, მის ამღვრეულ თვალებში რაღაც არაამქვეყნიური საძოვარი თავდაყირა მოქცეულიყო...

7.
ამ დროს კი მოედანი რაღაც უჩვეულო შემთხვევის გამო ღელავდა. ქუჩებში თავმოყრილი ხალხის სიმრავლიდან ზოგიერთები კედლებზე და ფანჯრებზე ასულიყვნენ, ზოგიერთებიც ცხენებზე შემსხდარიყვნენ, რომ უკეთ ენახათ რა ხდებოდა მოედნის შუაგულში. ფეხზე ამდგარიყვნენ მოედნის ცენტრში მაგიდასთან შეკრებილი ხელისუფალნიც.
ერთი მოლურჯო ცხენი, გრძელი, ხშირი ფაფარით, სრულიად შიშველი, შეუკაზმავი, მოედანზე გაშმაგებული დარბოდა. გაუხედნავს, მთაში გამოკვებილს, ზურგზე მხედარი არასდროს შეუსვამს, მის ცხვირს აღვირი არ გაჰკარებია, ჩლიქებს კი ნალი არ უნახავთ. ჯარისკაცები მისი დაჭერას ცდილობდნენ. მკლავებზე რკალად დახვეული გრძელ თოკებით, მათთან მიახლოვებულ ცხენს ტყვეობის მარყუჟს სტყორცნიდნენ. მაგრამ ცხენი უზარმაზარ ნახტომს აკეთებდა, რკალს გველივით ზემოდან ექცეოდა და გასაქცევ გზას ეძებდა. ჯარისკაცების მეორე ჯგუფი კი მხეცური ღმუილით ცხენს გზას უჭრიდა და მარყუჟებმომარჯვებული პირველი ჯგუფისკენ უკუაგდებდა.
მოლურჯო ბედაურის გააფთრებულ რბოლას გლეხები სუნთქვაშეკრულნი, უსაზღვრო ინტერესით აკვირდებოდნენ. თავიანთ სიხარულს არ მალავდნენ, როდესაც ცხენი მარყუჟს უსხლტებოდა და ზემოდან ექცეოდა. თითოეული მათგანის ფარულული სურვილი იყო, რომ ცხენს ჯარისკაცების ჯაჭვი გაერღვია, ცეცხლოვანი სასწაულის მსგავსად გაუჩინარებულიყო, გაფრენილიყო მშობლიური მთებისკენ და იქიდან სპილენძის ხმაზე დაეჭიხვინა შურისძიებისა და უსაზღვრო თავისუფების სიმღერა.
ადამიანებს, რაღაც მომენტში, თავიანთი ცხენებიც კი დავიწყებოდათ, რომლებიც ჯარისკაცებს მავთულხლართიანი გალავნის იქეთ დაებათ, - დავიწყებოდათ, რომ ცხენის აღვირითა და თასმებით ზურგზე მოკიდებულებს ფეხით უნდა ეარათ თავიანთ შორეულ და მდუმარე სოფლებამდე, რომელთა მინდვრებშიც მეტად აღარ იჭიხვინებდნენ მავთულხლართებში გამომწყვდეული მათი ცხენები.
უეცრად ხალხმა ამოიოხრა, ყრუ გუგუნი გაისმა, როგორც ქარიშხლის გრიალი ტყეში. ჯარისკაცები მავთულხლართისკენ გაიქცნენ. ხალხის სიმრავლე, ზღვის შავი ტალღებივით გაიპო, თითქოს ერთი წამით ბნელი უფსკრული გამოჩნდა და შემდეგ ყველაფერი ისევ ჩაიყლაპა.
მოლურჯო ბედაურმა ბოლო სასოწარკვეთილი ნახტომი გააკეთა, მავთულხლართზე გადახტომას შეეცადა და რკინის ბასრ ეკლებზე ჩამოეგო... მკერდი და მუცელი გადაიხსნა, მავთულებზე და სიკვდილის მოედანზე სისხლი თქრიალით დიოდა, მომაკვდავი ბედაურის წმინდა თვალებში შორეული ლურჯი მთიანეთი სამუდამოდ იყინებოდა...
ჯარისკაცებმა ცხენის გაყინული სხეული მავთულხლართიდან ჩამოიღეს. ექიმმა ოქმი შეადგინა და მაგიდას დაუბრუნდა, რათა იგივე რუხი დაღვრემილობით საქმე გაეგრძელებინათ.
როდესაც სიმონი დაბრუნდა, თავისიანები იმავე ადგილზე ვეღარ ნახა. უთხრეს, რომ მის თანასოფლელებს მოედანზე უკვე უხმობდნენ. მან ხალხის მასა ხელის კვრითა და ბიძგებით გაიარა, ცხენი უკან გაიყოლია და მოედანს მიაღწია, რომლის ერთ მხარეს მჭედლის ბიჭი, გილაანთ მუქი, აქელი და სხვები ჩამწკრივებულიყვნენ. პისარი გვარებს ჰკითხულობდა.
- სად დაიკარგე? ცოტაც დარჩა და დაგაჯარიმებდნენ. ვუთხარით, რომ ეხლავე მოვა.
ყველაზე პირველი შუღაანთ აქელი გამოიძახეს. კანკალით წინ გავიდა, ერთხელაც უკან გამოხედა თანასოფლელებს, თითქოს მათი იქ ყოფნა აიმედებდა.
მიუახლოვდნენ და ცხენი დაათვალიერეს. ერთიც და, ჯარისკაცებს გადასცეს, ცხენს უნაგირი ჩახსნეს და აქელის მხარეს მოისროლეს. ხელმა, ზემოდან, გადაწყვეტილება ამცნო. ჯარისკაცებმა ცხენი წაიყვანეს. აქელი ერთი წუთით მოედანზე დარჩა, ცხენს შორიდან უყურა და მდუმარედ უკან დაბრუნდა, ზურგზე ცხენის უნაგირით.
მჭედლის ბიჭი ენამახვილობას ეცადა:
- ოფიცერო აქელ შუღაანთოვ, - მაგრამ არავის გაუიცინია. მჭედლის ბიჭს ღიმილი, როგორც სიმწრის ბეჭედი, სახეზე უშნოდ გაეყინა.
შემდეგ რუსტამიანთ ცხენი წაიყვანეს, რომელსაც შუბლზე ნიშანი ჰქონდა. ტერტერას ცხენიც წავიდა. მნათე თავდახრილი დაბრუნდა.
- ეხლა მამაოს რა პასუხს გავცემ?...
სიაში რიგით მეოთხე კოსტანდი იყო. თანასოფლელები გაოცდნენ, როდესაც მისი გვარი გაიგეს, იმიტომ რომ კოსტანდი მათ შორის არ იყო. დარბინის ბიჭმა შენიშნა, რომ მაგიდასთან მსხდომთ შორის რაღაც ფუსფუსი ჩამოვარდა. მოედნის მეორე მხრიდან კოსტანდი გამოჩნდა: საწყალობლად გაძვალტყავებული, ფერდებჩაცვენილი, მხრებში მოხრილი, მის უკან კი გაურკვეველი ნაცრისფერი ცხენი. ისე, არც კი გაუხედავთ მისკენ, ზევიდან ხელმა ნიშანი მისცა მოედანს გასცლოდნენ. ეს იმდენად ჩქარა მოხდა, რომ თანასოფლელებიდან ბევრმა თვალებს არ დაუჯერა, რომ ის ვიღაც ,,საწყალი“ სოფლელი, კოსტანდ ბატონი იყო. ისინი გაოგნებულნი დარჩნენ. ხოლო კოსტანდმა კი ყალბი მხიარულებით ცხენი უკან წაიყვანა და უმალ გაუჩინარდა.
მჭედლის ბიჭმა სიმონს ყურში წასჩურჩულა:
- ნახე? ხომ გეუბნებოდი...
როდესაც სიმონის ჯერი დადგა, ცხენს უნაგირი მოხსნეს და მას გადასცეს, ვიღაც სათვალიანი რუსი, რომელიც ვეტერინარი იყო, ცხვირაწეული ჭრილობასთან დაიხარა.
- არ წაიყვანეს, - გაიფიქრა სიმონმა. მაგრამ კაცი განრისხდა და სიმონს თითი დაუქნია. ის ილანძღებოდა.
სიმონი შიშისგან აკანკალდა, გაფითრდა და ღონემიხდილი უნაგირზე ჩამოჯდა. ჯარისკაცებმა ცოლაკი წაიყვანეს. სიმონმა დაინახა, თუ როგორ შესჭრეს მის ცხენს მჭრელი მაკრატლით გრძელი კუდი. და უცბად, თალში ისე მოეჩვენა, რომ თითქოს ცოლაკი გამაღლდა და კაზაკის ცხენი გახდა.
სოფლის პისარმა უღრიალა. სიმონი გამოფხიზლდა და ზურგზე ტვირთაკიდებული თავისიანებთან დაბრუნდა.

8.
მზე უკვე გადახრილიყო, როდესაც გლეხები სოფლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. მხოლოდ რვა ცხენიღა შერჩენოდათ, რომლებზეც დანარჩენი ცხენების უნაგირები დაეტვირთათ. ზოგიერთს თავად მოეგდო ზურგზე ცხენის აღვირი და თასმები.
გათავისუფლებული ცხენებიდან სამი ფეხმრუდი, ერთი ზურგჩავარდნილი და ორი ქეციანი იყო, ჰაბეგაანთ ცხენს კი ორი ნეკნი აკლდა. ტვირთაკიდებული ცხენები ნაბიჯებს ძვლის დგავდნენ.
სიმონიც, სხვებთან ერთად, დარდიანი და თავჩაქინდრული მიდიოდა. მჭედლის ბიჭიც სდუმდა, მისი მოსმენის გული არავის ჰქონდა. დაუსრულებლად ადიოდნენ მთაზე, თითქოს ბნელ ცამდე ბოლომდე უნდა მისულიყვნენ. მარჯვნიდან დაისის მზეს ისინი ოქროს ფერებში გაეხვია. ერთმანეთის მიყოლებით, როგორც წეროების გუნდი, ვიწრო ბილიკს მიუყვებოდნენ და გეგონებოდა, ტვირთისგან წელში მოხრილი შავი ჩრდილები სამუდამოდ ადიოდნენ დაბინდულ მთაზე, ვიდრე მათ, უცაბედად რომელიმე უკუნი უფსკრული არ შთანთქავდა.
სიმონი ცხენის თასმებიდან და აღვირიდან ცოლაკის მკვრივი სხეული ნაცნობ სუნს გრძნობდა. ერთი ფიქრი, მძიმე ტვირთზე უფრო მეტი სიმძიმით თავში აწვებოდა. დახურული თვალებითაც კი გასისხლიანებულ სიპ ქვას ხედავდა.
- მხოლოდ ჩემი სიავე დაგრჩა, ცოლაკ!... ეხლა ათას ცხენებს შორის უპატრონოდ ჭიხვინებ ალბათ... ნეტავი სისხლი თუ მაინც შეგახმა?
და მან მუჭა ფართოდ გაშალა, ის მუჭა, რომლითაც ცოტა ხნით ადრე სიპ ქვას ჩასჭიდებოდა.
მუჭაში ქვითრი ჰქონდა, მასზე ცოლაკის ფასი და მისი გვარი ეწერა.
ჩამავალი მზის სხივებს ღრუბლები ცეცხლში გაეხვია, სისხლისფერი ფერებით შეეღება. მთების შავი ჩრდილები უფრო მკვეთრი ელვარებით ირეკლავდნენ ღრუბლების სიწითლეს. კათნაღბურის საძოვრებზე და მთის ფერდობზე კაკაბი და მწყერი აღარ ხმიანობდა. ქვებს, ბალახებს და უსაქმო ფრინველებს უკვე ეძინათ. მთებზე ბრძენი საღამო დაშვებულიყო.
კათნაღბურის წყაროსთან შეისვენეს, წყალი დალიეს და პურის ნატეხები ცივ წყალში ჩაალბეს. სიბნელე წვებოდა და წინ ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი.
სიმონმა ქვევით გაიხედა... აი, იქ სძოვდა ცოლაკი! მის კბილებს შორის ალბათ ჯერ ისევ რჩება ამ მინდვრების ბალახი. თავად კი ამ ქვასთან იყო წამოწოლილი და რომელიღაც სინათლის სხივი იღბლიან დაბრუნებას ჰპირდებოდა.
და სიმონმა უკან გაიხედა. იქ, ქვევით, წყვდიადი იყო, წყვდიაში - ქალაქი და ქალაქის მავთულხლართიან გალიაში კი საბრალოდ ჭიხვინებდა მისი იმედი, მისი ცოლაკი.
უცბად წყაროს ქვევით, ქვებზე, ნალებმა მძიმედ დაიწკარუნეს. გლეხები გზაზე გავიდნენ და დატვირთული ცხენები გვერდზე გასწიეს.
მხედარი კოსტანდ ბატონი იყო, თავისი თეთრი ცხენით... მხოლოდ შუღაანთ აქელმა მიიღო ნახევარყბად მისი სალამი. დანარჩენები ქვასავით სდუმდნენ.
მჭედლის ბიჭმა განრისხებულმა კბილებში გამოსცრა:
- ნახე, სიმონ, თეთრი და შავი?...
თეთრმა ცხენმა დაბინდულ მზის სხივებში ერთი წამით გაიელვა და ფორთოხლისფერი ღრუბლებისკენ გაუჩინარდა. გეგონებოდა რომელიღაც მარმარილოს ქანდაკებას გაელაშქრებინოს კვარცხლბეკისკენ, რომელიც თავის მიუწვდომელი სიმაღლიდან მდაბიო სოფლელებს შიშსა და თავზარს სცემდა.

9.
შუაღამე იყო, როდესაც გლეხები შინ დაბრუნდნენ.
მამიდა შარმაღი, ჭრაქით ხელში, კარებთან დამდგარიყო. სიმონი შიგნით შევიდა, ტომარა და აღვირი კუთხეში მიაგდო. ლოგინიდან შოღერი წამოხტა.
- მამი, ცოლაკი სადღაა?
გოგონას გულუბრყვილო კითხვაზე, პასუხად, გარედან, მთის სოფლის ცივ წყვდიადში, უდედოდ დარჩენილმა კვიცმა დაიჭიხვინა. თითქოს უამრავმა პატარა ზანზალაკმა უსაზღვრო მწუხარება იმღერა.
მამიდა შარმაღმა კარი თრთოლვით მიკეტა და ძველმა კარმა, ამ ერთხელაც რომელიღაც აღმოსავლურ სევდიან ჰანგზე გრძლად და ხრინწიანად დაიჭრიალა.
დედაბერი ტიროდა...
მას შემდეგ რამდენი საღამო ჩამოწვა და რამდენჯერ ჩამოჰკრეს მწუხრის ზარებმა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე, საღამო ჟამს, მას კარი აღარ გაუღია და ზარების წკრიალი, როგორც ზეციური კურთხევა, აღარ შესულა მათ ჩაშავებულ ქოხში...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge