გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ პაპაშვილი - სინკაპუ

     ამას წინათ  დავგუგლე და შევეცადე  ერთი უჩვეულო სიტყვის განმარტება მომეძებნა, თუმცა ვერაფერს მივაგენი. არადა, „სინკაპუ“, კარგად მახსოვს (90-ანი წლების დასაწყისში ერთ ,,ბომონდურ“ ჟურნალში ამოვიკითხე) იაპონური სიტყვაა და თვალის განსაკუთრებულ ფორმას (ფერადი გარსის ქვემოთ თეთრი გარსის ფართო შრით) გულისხმობს. აი, ისეთს, ჩვენში ხარის თვალებს რომ ეძახიან. მეტად მიმზიდველად  „ამომავალი მზის თვალები“ იყო აღწერილი, ასეთი თვალების მქონე პიროვნება ბევრი გამორჩეული თვისებებით იყო შემკული, პიროვნული სიძლიერითა და სანდოობით გამორჩეული. მისგან განსხვავებით, „სინკაპუ“ თვალების მქონესთვის  არამყარი, იმპულსური და არასანდო ფსიქიკა იყო დამახასიათებელი. 
     მაშინვე თვალი გადავავლე ჩემი ოჯახის წევრების თვალების ანატომიას და არცთუ სახარბიელო კვლევის შედეგები მივიღე.  უკლებლივ ყველას „სინკაპუ“ თვალები გვქონდა. მართალია, მკვეთრად გამოხატული არა, მაგრამ მაინც „სინკაპუ“! მხოლოდ ბებიაჩემს ამშვენებდა „ამომავალი მზის“ თვალები და ეს აღმოჩენა სულაც არ იყო მოულოდნელი. რაღა ბებიაჩემი და რაღა იაპონიის „იმპერატრიცა“!  ის ოჯახში ყველას სამა-რეტიანებს გვეძახდა. ყველაზე მთავარი სამა კი პაპაჩემი იყო, ჩემი ლამაზი, ძლიერი, ყოჩაღი, გადამეტებულად კეთილი და წიგნების მოყვარული მწვანეთვალება პაპა! ხვდებით ალბათ, ამ მესხური დიალექტის განმარტება და სინონიმი ალტრუიზმი რომაა! ჩვენი ალტრუიზმი გმირობის ხარისხში არასოდეს ასულა, აი, პაპაჩემის შემთხვევაში კი გმირობის თუ არა, უჩვეულო სენტიმენტალიზმის გამოვლინებად - ბევრჯერ. 
     მე და ჩემს ძმებს განსაკუთრებულად გვიყვარდა პაპის მოყოლილი ამბები, რას აღარ გვიყვებოდა, ,,ვეფხისტაყაოსანს“ ყოველთვის თამარისა და შოთას ლეგენდით იწყებდა. ომზე საუბარი არასოდეს უყვარდა. ბავშვები აღტკინებით ვეკითხებოდით, თუ რამდენი გერმანელი ჰყავდა მოკლული. პაპა ამ კითხვას ყოველთვის უგულოდ პასუხობდა, რა ვიცი, ომია და ისვრი… ერთ ამბავს გვიყვებოდა ხოლმე თვალებაციმციმებული: ქერჩის ბრძოლებისას საბჭოთა ჯარების  უკან დახევის შემდეგ მტრის ზურგში ორი გაწრთვნილი ნაგაზი დარჩენოდა მათ ნაწილს, პაპას, - 20 წლის ბიჭს, ძაღლების წამოსაყვანად წასვლა დაუპირებია, მეთაურს არ გაუშვია და ადგილზე დახვრეტით დამუქრებია. „ისეთი კარგი ძაღლები იყვნენ…“ სინანულით დაამთავრებდა ხოლმე პაპაჩემი თავისი ალტრუიზმის მცდელობის ამბავს. იმდენს კი ვერ ხვდებოდა მაშინ პაპაჩემი, მეთაურს გერმანელების ხელში ჩავარდნილი საბჭოთა ტყვე რომ არ აწყობდა. იქნებ, ხვდებოდა კიდეც, მაგრამ ამ უადგილო სენტიმენტალიზმს ვერ ერეოდა. პაპაჩემის ნაწილი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა და დონეცკის ქვანახშირის საბადოებში ამუშავეს. 43-ში გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა, პაპა შვებულებით სახლში გამოუშვეს. ამაყად უთქვამს, მეთაურისთვის, აქ აღარ დავბრუნდებიო. ან ვინღა დააბრუნებდა ტყვედ ნამყოფს, არც აღარავის მოუკითხავს. სახლში ობოლი პატარა და-ძმა და ინვალიდი მამიდა დახვდა. 47-ში კახეთში გადაასახლეს, რადგან ტყვედ ნამყოფი იყო და ბორჯომის იქით შეეძლო ეცხოვრა. წაიყვანა და-ძმა, მამიდა და ბებიაჩემი კახეთში და საკუთარი ხელით მოწნულ სახლში დასახლდა. 
     პაპას სტალინი უყვარდა, მის შესახებ უამრავი წიგნი ჰქონდა წაკითხული, თუმცა მისი ფოტო სახლში არასოდეს გაუკრავს. საყარაულო ქოხში ჰქონდა მისი კედელი საგანგებოდ გამოყოფილი. მე, მისგან განსხვავებით, ჩემი პრეზიდენტის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის პლაკატი საწოლის თავთან გამოვფინე. 2 წლის მერე ჩამოვხსენი, ჯერ ისევ პრეზიდენტი იყო. აღმოვაჩინე, რომ „სინკაპუ“ თვალები ჰქონდა და სანდო არ იყო. 
     91 წლის 31 დეკემბერს, დიდი თოვლი მოვიდა, სკოლის ნაძვები თოვლის სიმძიმისგან დაზნექილიყვნენ, საღამოს სოფელი თეთრად შეიბურა, შუქი ჩაქრა, გარეშემო წყვდიადი და უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა. საცივიც გვქონდა, ტოლმაც და გოზინაყიც, აღარც სინათლე იყო, აღარც პაპაჩემი და აღარც ახალი წლის გამჭვირვალე ჰაერი…
ყველამ ადრეულად დაიძინა. მე რა დამაძინებდა, გადმოვიღე „ჯეინ ეარი“ და ლამფის შუქზე ხელახლა წავიკითხე. პირველი ემოცია ვეღარ ვიგრძენი. მას შემდეგ სამიჯნურო თემები წიგნებში აღარ მიძებნია…
     ჩვენი პრეზიდენტი მალე გააძევეს, ხალხმაც შვებით ამოისუნთქა. პატრიოტი და განათლებული კია, მაგრამ პოლიტიკოსი ვერ არისო. სხვა მეტად წინდახედული ქართველის იმედად დავრჩით და მოუთმენლად ველოდით მის დაბრუნებას, თუ გვიშველის, ის გვიშველისო. ერთმა კარგმა მეზღაპრემ, „პატარა ქალაქის ზღაპრები“ რომ დაწერა და ბავშვობის მერეც, დიდობაშიც რომ ვკითხულობ მის ზღაპრებს, წასვლისას დაგვიბარა, „მოგელანდებითო“… ცოტა კი შემიტოკდა შუბლის ძარღვი მაშინ და მთელ ქართველ ერს, ჩვენი პირველი პრეზიდენტი 93-ში რომ გარდაიცვალა სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის სახლში, გაურკვეველ ვითარებაში… ცოტა ხნით შეტოკდა ეს ძარღვი და ისევ დაუბრუნდა თავის ჩვეულ ადგილს, აბა, სულ ხომ არ ამოხტებოდა, ან ვიღას ეცალა ამ ამბებისთვის. სოფლის ყველა დროის ულამაზესი ქალი, შორენა მასწავლებელი და ლია დამლაგებელი ახმეტელის მეტროსთან არაყს ყიდდნენ. სპირტს სოფელში აზავებდნენ წყლით და რამოდენიმე „კალისტრით“ მიჰქონდათ გადაჭედილი „ლაზით“, აბა, სპირტზე გლდანის ონკანის წყალს ხომ არ დაასხამდნენ… 
     იმ წლის თებერვალშიც ხვავრიელად მოთოვა, ფანტელები პეპლებივით ფარფატებდნენ. შუადღისას ყველაფერი გადათეთრდა. სკოლიდან მოსულს, ნამცეცი პური არ დამხვდა, დავჯექი ფანჯარასთან და თოვას გავყურებდი. მამაჩემი მოდიოდა თოვლში, სახეგაბრწყინებული, შავი პური ჩაეხუტებინა გულში და მოიჩქაროდა. ალბერტას ჩამოეტანა ყვარლიდან და მამაჩემისთვის ერთი ცალი ეჩუქებინა. ალბერტასი ბავშვობაში ძალიან მეშინოდა, როხროხა კაცი იყო, სიმთვრალეში თვალებს ხარივით აბრიალებდა. ყოველთვის მთვრალი შემოეხეტებოდა ხოლმე ჩვენთან, მამას ერთი ჭიქის დალევას სთხოვდა. მამა ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა და ისიც მალე მიდიოდა. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა ხოლმე. ალბერტასაც „სინკაპუ“ ჰქონდა… იმ შავი და თბილი პურის სურნელი ახლაც მახსოვს…
                  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge