ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლევან ბრეგაძე - ,,რაღაც ნაცნობი, რაღაც თავისი“
ვისაც,
თუნდ ერთხელ,
მთაწმინდიდან სიამით მზირალს –
დაბლა თავისი უძებნია თვალებით სახლი,
ვისაც,
მჯდარს კენტად,
ღელის პირას,
ანდა ხის ძირას –
აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, –
არა მგონია, არ იპოვნოს ამ ლექსში იმან –
რაღაც ნაცნობი,
რაღაც ტკბილი,
რაღაც თავისი, –
ვითარცა
ნაცნობს წარმოადგენს
ზღვათათვის წვიმა,
ვითარცა
სუნთქვა წარმოადგენს
ნაცნობს ქარისთვის.
ამ ლექსს, რომელიც მუხრან მაჭავარიანს 1955 წელს დაუწერია, დიდად გამორჩეული ადგილი არ უჭირავს მის შემოქმედებაში – იგი არ გახმაურებულა ისე, როგორც, ვთქვათ, “საბა”, “ვახტანგ მეფის ნანადირევი”, “იმერული ქელეხი”, “პუშკინი ტფილისში” ან ციკლი “1832”. აქ არც ისეთი ვნებათაღელვა ბობოქრობს, როგორიც მრისხანე ლექსში “სხდომა”, არც იმგვარი ფილოსოფიური დილემაა წამოჭრილი, როგორიც პატარა შედევრში “თქვი”.
სალექსო ფორმის თვალსაზრისითაც ამ ლექსში განსაკუთრებული არაფერი მოგხვდებათ თვალში: ის ქართულ პოეზიაში ესოდენ გავრცელებული თოთხმეტმარცვლიანი საზომით (5 / 4 / 5) და ტრადიციული ჯვარედინი რითმებით არის შესრულებული; თანაც ეს რითმები (მზირალს-ძირას; სახლი-ხალხის; იმან-წვიმა; თავისი-ქარისთვის), აბა, სად მოვა მუხრან მაჭავარიანისავე ისეთ რითმა-შედევრებთან, როგორიცაა – ელჩო, ყიალი-ხელჯოხიანი; ტურფა ტანძია-თუ ფანტზია; შემოიარა რა-”ჩემო იარალად” და სხვა მრავალი.
რაც შეეხება ხატოვან მეტყველებას – აქ ორი შედარებაა: როგორც წვიმა წარმოადგენს ნაცნობს ზღვებისთვის და როგორც სუნთქვაა ნაცნობი ქარისთვის, იმედი მაქვს, ასევე ნაცნობი აღმოჩნდება მკითხველთათვის ამ ლექსში ასახული განწყობილებაო, – აცხადებს პოეტი.
ეს შედარებები ზუსტია, მკაფიო და ნათელი, თუმცა არა ისე მოულოდნელი და ორიგინალური, როგორც მუხრან მაჭავარიანს საზოგადოდ სჩვევია (გავიხსენოთ, თუნდაც – “მაგონდება წრიპა მთვარე – აზნაურის ულვაშივით”; ანდა ასეთი გასაოცარი შედარება: “ღამეა შავი – ასლის შავი ქაღალდის მსგავსი, და დღე მეორე – არის ზუსტად წინა დღის ასლი”, – ამას მოსაწყენი ერთფეროვნებით დაღდასმულ დღეთაგან გაბეზრებული პოეტი ამბობს).
მუხრან მაჭავარიანი ის ოსტატია, რომლის შემოქმედებაშიც ლექსის ყოველ კომპონენტს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აკისრია ნაწარმოების მხატვრულ იდეასთან მიმართებით: რითმაც, ურითმობაც, სახეობრიობაც, სადა მეტყველებაც, ფორმის სიახლეც, ფორმის ტრადიციულობაც მის ლექსში არასოდეს არ არის თვითმიზნური. პოეტის მიზანი ყოველთვის ერთია: ზუსტად, უდანაკარგოდ მიიტანოს მკითხველამდე თავისი სათქმელი, აღძრას მკითხველის გულში სასურველი ემოცია თუ განწყობილება. პოეტური ალღო მას, როგორც წესი, შეუცდომლად კარნახობს, ამ მიზნის მისაღწევად სად თვალისმომჭრელ პოეტურ ფოიერვერკს უნდა მიმართოს და სად ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული პოეტური ფორმებით უნდა დაკმაყოფილდეს.
ამ ლექსშიც მხატვრული იდეა და მისი გამოხატვის ფორმა ზუსტად შეესატყვისება ერთმანეთს.
საით მიგვყავს მსჯელობა? ისე ხომ არ გამოდის, რომ არაფრით გამორჩეული ფორმით აქ უინტერესო, ბანალური სათქმელია გადმოცემული? ცხადია, არა, შეუძლებელია ასე იყოს, რადგან ლექსის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად ჩნდება “რაღაც ნაცნობი, რაღაც ტკბილი, რაღაც თავისი” განცდა. ოღონდ ისიც აშკარაა, რომ მხატვრული გამოსახვის ოსტატობით გამოწვეული აღტაცება კი არ გვეუფლება, არამედ გრძნობა მადლიერებისა ხელოვანის მიმართ, რომელმაც ჩვენს გულში ეს განცდა აღძრა. ლექსის ჩაკითხვის შემდეგ ტექსტი თითქოს ქრება ჩვენი თვალსაწიერიდან და ვრჩებით ჩვენს თავთან მარტო, “რაღაც ნაცნობი, რაღაც ტკბილი” განცდით გულავსებულნი.
მაგრამ მთელი ეს მსჯელობა ლიტონ ლაპარაკად დარჩება და ვერაფერს ღირებულს ნაწარმოებზე ვერ ვიტყვით მანამ, სანამ ლექსის მხატვრულ იდეას არ მოვიხელთებთ. მოდით, ვცადოთ ეს.
რატომ ჰგონია პოეტს, რომ უთვალავ საცხოვრისს შორის ჩაკარგული საკუთარი სახლის მაღლიდან თვალით ძებნის ინსტინქტურ ჩვეულებას თუკი შეგვახსენებს და ღელის პირას ჯდომისას, ნაცნობი ადამიანების სახეთა მეხსიერებით გაცოცხლების უნარზე თუკი გაგვამახვილებინებს ყურადღებას, ეს ჩვენში, მის მკითხველებში “რაღაც ნაცნობ, რაღაც ტკბილ და რაღაც თავის” განცდას გამოიწვევს?
ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ ეს ინსტინქტიც და ეს უნარიც ზოგადადამიანური თვისებებია; ეს ის თვისებებია, რაც ადამიანებს ერთმანეთთან საერთო აქვთ, რაც ადამიანებს ერთმანეთს ამსგავსებს, რაც მათ აახლოებს. ეს ის თვისებებია, რომელთა გამოც ადამიანები სოლიდარულნი არიან ერთმანეთის მიმართ.
მაგრამ მარტო ზოგადადამიანურზე მინიშნებით, მარტო საერთოადამიანურის შეხსენებით მკითხველის გულის მოგება გაჭირდება. ადამიანისთვის ძვირფასია არა იმდენად ის, რაც მას სხვებთან საერთო აქვს, არამედ უფრო ის, რაც სხვათაგან გამოარჩევს, ანუ ის, რასაც ამ ლექსში “რაღაც თავისი” ეწოდება. ამიტომ არის, რომ ყველა ეძებს მაღლიდან სიამით მზირალი თავის სახლს, მაგრამ ყველა თავის სახლს ეძებს; ღელის პირას ანდა ხის ძირას კენტად ჯდომისას (ანუ ბუნების წიაღში განმარტოებისას) ყველას შეიძლება აღეძრას ტკბილი მოგონებები და ამით ყველანი ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ ყველას მხოლოდ თავისი საკუთარი ტკბილი მოგონებები აღეძვრის და ამით ყველანი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
ზოგადადამიანურისა და ინდივიდუალურის ჰარმონიაზე მინიშნება ბადებს ამ ლექსის მკითხველის გულში “რაღაც ნაცნობ, რაღაც ტკბილ და რაღაც თავის” განცდას. ზოგადადამიანური და ინდივიდუალური ისევე ბუნებრივად და სასიამოვნოდ ერწყმის აქ ერთმანეთს, როგორც ზღვას ერწყმის წვიმა და სუნთქვა ერწყმის ქარს. ამ შედარებებს პირდაპირი დანიშნულების გარდა კიდევ ის ფუნქცია აქვთ, რომ მათი შემადგენელი კომპონენტები – ზღვა და ქარი – ზოგადადამიანურის, ხოლო წვიმა და სუნთქვა – ინდივიდუალურის ასოციაციას აღძრავს იდუმალ.
მოკლედ, “რაღაც ტკბილ” განცდას ამ ლექსის კითხვისას იმის შეგრძნება წარმოშობს, რომ ისეთიც ხარ, როგორნიც ყველანი არიან და ამავე დროს ყველასგან განსხვავდები. განსხვავდები თუნდაც შენი სახლით, შენი მოგონებებით; არც ადამიანური ერთობის გარეთ ხარ გარიყული და, ამავდროულად, არც გათქვეფილი ხარ ამ ერთობის წევრებში.
პოეტი ისეთ ზოგადადამიანურ თვისებებს შეგვახსენებს, რომლებიც ამავე დროს აუცილებლად ინდივიდუალურნიც არიან. ამ თვისებების ზოგადადამიანურობის გამო პოეტს იმედი აქვს, რომ ლექსში გამოხატული განცდა პრაქტიკულად ყველასათვის ნაცნობი აღმოჩნდება. ამავე თვისებების მკაფიოდ ინდივიდუალური შეფერილობის გამო კი პოეტი იმედოვნებს, რომ ეს განცდა ყველასათვის თავისი (თავისებური) განცდა იქნება.
მკითხველის გულში სასურველი ემოციის აღსაძვრელად აქ ზუსტად არის შერჩეული საშუალებანი, თორემ ნებისმიერი ზოგადადამიანური თვისება როდია ამავე დროს მკაფიოდ ინდივიდუალურიც. მაგალითად, ზოგადადამიანური თვისებაა ისიც, რომ, როცა კაცს მოსწყურდება, სიამოვნებით მიირთმევს წყალს. წყურვილის მოკვლით აღძრული სიამოვნებაც ზოგადადამიანური განცდაა, მაგრამ ინდივიდუალურობის გამოვლენის შესაძლებლობა აქ არ არის – წყალს ყველა მწყურვალი ერთნაირად ეწაფება, “თავისის” (თავისებურის) მოძიება აქ ვერ ხერხდება.
დასაწყისში ჩვენ აღვნიშნეთ ამ ლექსის გარეგნული სისადავე. ამასაც თავისი ფუნქცია აქვს: უაღრესად ყოფით და ჩვეულებრივ მოვლენებზეა მასში ლაპარაკი და მათი ელვარე ფორმით მიწოდება მკითხველისთვის არ იქნებოდა მართებული, ეს დაგვაცილებდა კიდეც მხატვრულ იდეას. მაგრამ უფრო ღრმად რომ ჩავხედეთ, ლექსში გამოხატული განცდა სულაც არ აღმოჩნდა ისე სადა და მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა: იგი ზოგადის და ინდივიდუალურის რთული ნაზავი გამოდგა.
ასევე, ამ ლექსის ფორმის სისადავეც მაცდური სისადავეა. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, რომ მთელი ეს ორსტროფიანი ლექსი ერთი წინადადებაა, ერთი რთული ქვეწყობილი წინადადება. ლექსის ბოლოს რომ წერტილია დასმული, ეს აქ ერთადერთი წერტილია. მთელი ლექსი სინტაქსურად მონოლითია, რაც იშვიათი რამ გახლავთ. ლექსის სინტაქსური მონოლითურობა მასში გამოხატული განცდის მონოლითურობის შედეგიცაა და საფუძველიც – ისინი ერთმანეთს განაპირობებენ.
ლექსი იწყება ორი ერთგვაროვანი დამოკიდებული წინადადებით, რომელთა თავში დგას ანაფორულად გამეორებული მაკავშირებელი სიტყვა “ვისაც”. ამას მოსდევს მთავარი წინადადება და ბოლოს ისევ ორი ერთგვაროვანი დამოკიდებული წინადადება, რომელთა თავში დგას ანაფორულად გამეორებული მაკავშირებელი სიტყვა “ვითარცა”. ეს სინტაქსური სიმეტრია გაწონასწორებულობის, სტაბილურობის, სიმშვიდის შთაბეჭდილებას ქმნის, რაც ხელს უწყობს ლექსში გამოხატული განწყობილების მკითხველამდე მაქსიმალური ეფექტით მიტანას.
ასე რომ, ამ ლექსის ფორმაც, მისი შინაარსის მსგავსად, რთული სისადავე აღმოჩნდა.
თუმცა... განა ხელოვნებაში არსებობს მარტივი სისადავე?
1991 წ.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი