გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - 19 ივნისი

               
                 მზემ ამოანათა, სამყარომ გაიღვიძა. დათო კვლავ საწოლზე კოტრიალობდა, თითქოს მისთვის არ გათენებულაო. სამსახურში უნდა წასულიყო, 9 საათზე ეწყებოდა მუშაობა. ბანკში მუშაობდა კრედიტ-ოფიცერად. ივნისის თვე იყო, - 19. 
               დათო ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. 
               თეონა ადვოკატად მუშაობდა. საკუთარი საადვოკატო ბიურო გაეხსნა და საკმაოდ სტაბილური შემოსავალიც ჰქონდა. კარგი ადვოკატი ძვირად ფასობდა. 
               თეონას ქმარი და სამი შვილი ჰყავდა.
               დათოს მეუღლე - თამთა, საკმაოდ ნიჭიერი ექთანი იყო. სკოლის დამთავრებისთანავე პროფესიულში მოეწყო და კარგი განათლებაც მიიღო. მუშაობდა კვირაში სამი დღე. დილით მასაც ადრიანად უწევდა გაღვიძება, - 8 საათზე უნდა ყოფილიყო სამსახურში.
               თეონას მეუღლე - ოთარი, სტომატოლოგი იყო. ქალაქის მთავარ სტომატოლოგიურ ცენტრში მუშაობდა. ანაზღაურებაც საკმაოდ ნორმალური ჰქონდა.
                დათოსა და თამთას შვილები მეექვსე კლასელები იყვნენ. ორი შვილი ჰყავდათ, ტყუპი ბიჭები.
                თეონასა და ოთარის სამი შვილიდან - ორი ბიჭი იყო, მეოთხე და მეხუთე კლასელები. გოგო სულ პატარა ჰყავდათ, მეორე კლასელი.
                ცოტნე ყმაწვილობიდანვე პოლიციელობაზე ოცნებობდა. უყვარდა იარაღი და პოლიციის მანქანის დანახვა. მან აიხდინა ოცნება და პოლიციელი გახდა. ძირითადად, პატრულირება უწევდა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში.
                 გიორგი ბოსტნეულს ყიდდა ცენტრალურ ბაზარში. დილით ადრე დგებოდა, რათა გლეხების მიერ სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტი იაფად და ხარისხიანად შეეძინა.
                 ხათუნა ჟურნალისტად მუშაობდა. სკანდალური სიუჟეტის მოპოვებისათვის ბევრჯერ ჩაუგდია სიცოცხლე საფრთხეში.
                 ნოდარი მწერალი იყო. 5 წიგნი ჰქონდა გამოქვეყნებული და მეექვსეს დაბეჭდვას ელოდებოდა, - სტამბაში ჰქონდა გადაგზავნილი ხელნაწერი.
                 ფრიდონი რომ ფილოსოფოსი გახდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო სტალინი. შალვა ნუცუბიძის ასპირანტი გახლდათ. 19 ივნისს, 90-ს მიტანებული, კვლავ ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
                  ცისანა მღეროდა. რესტორნებში იძახებდნენ კვირაში 4-5 ჯერ. ლამაზი ხმა ჰქონდა, მოსწონდათ.
                  ირაკლი 20 თეთრიანებს აგროვებდა. მარშუტკიდან ჩამოსულ მგზავრებს უწყინარი ღიმილითა და მოსწრებული სიტყვებით დახვდებოდა: ,,ხურდა ხომ არა გაქვთ?“.
                   უჩა ფოსტაში მუშაობდა კურიერად. ყოველ მეორე დღეს უწევდა გასვლა ობიექტზე, - ასეთი გრაფიკი ჰქონდა.
                   მალვინა ქვრივი დიასახლისი იყო. ზედმეტად ეკლესიური, რომელიც ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ეკლესიაში მიდიოდა. სანთლის დანთების შემდეგ ქმრის სულის ნათელში ყოფნას ინატრებდა, შემდეგ მისი შვილების კარგად ყოფნას, ბოლოს კი ღმერთს მოტევებას სთხოვდა ცოდვებისათვის (ქმრის დაკრძალვაზე გაიცნო შვილის თანამშრომელი, რომელთანაც რომანი გააბა ორმოცის დღიდან. ეს ფაქტი თავადაც აწუხებდა, მაგრამ თავს ვერ თოკავდა).
                  ზურაბი ძველი ,,ნასტროგალი“, ემოციური ,,კაი ბიჭი“ იყო. 45 წლამდე იქნებოდა. როცა სტადიონზე მიდიოდა, მსაჯიდან დაწყებული, საკუთარი ქალაქის გუნდის ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველას აგინებდა. მხოლოდ გუნდის მწვრთნელზე ვერ ათქმევინებდი აუგს... როგორც ამბობდნენ, მისი დეიდაშვილი ყოფილა. 
                 დათომ როგორც იქნა თავი ასწია ბალიშიდან და გამალებით მომუშავე კედლის საათს გახედა. რვას აკლდა ათი წუთი. თამთას მშვიდი ძილი დაურღვია ქმრის ალერსიანმა კოცნამ, ღიმილმორეულმა თვალები გაახილა და იგრძნო, რომ ბედნიერი იყო. ქმარს ვნებიანად აკოცა. ოცი წუთის განმავლობაში ჟიმაობდნენ. მესამე ბავშვზე ფეხმძიმე თამთა, ჯერჯერობით, ფეხმძიმობის დისკომფორტს არ გრძნობდა (მესამე თვეში იყო). 
                 19 ივნისს თამთა არ მუშაობდა. 
               თეონა დილის 10 საათზე იწყებდა მუშაობას თავის საადვოკატო ბიუროში. 19 ივნისს, როცა გაიღვიძა, ოთარი სამსახურში წასული დახვდა. ცხრის ნახევარი იქნებოდა. ოთარი 8 საათზე გასულა სახლიდან. თეონამ ბავშვები კვლავ დააგვიანა სკოლაში. ცხრაზე ეწყებოდათ სწავლა. როცა მივიდნენ, ათის ოცი წუთი იყო. თეონა სკოლიდან სამსახურში წავიდა. კომფორტული მანქანა ჰყავდა.
               დათომ ჩაიცვა. მისი ჰალსტუხი და პერანგი თამთას წინა საღამოს გაეუთოვებინა. ვიდრე იცმევდა, თამთამ ყავა მოუდუღა. დათო ჩქარობდა და ყავის მხოლოდ ნახევარი დალია, ისიც უშაქრო... თამთას, როგორც ხშირ შემთხვევაში, ყავაში შაქრის ჩაყრა დაავიწყდა. დათომ თამთას აკოცა, ახლადგაღვიძებულ ბავშვებს კი ხელი დაუქნია და ჭკუით ყოფნისაკენ მოუწოდა (ბავშვებს წინა დღით სკოლაში უჩხუბიათ. დირექტორმა თამთას დაურეკა და რადგან თამთა ოპერაციის დროს დამხმარე იყო, ტელეფონს ვერ უპასუხა. დირექტორმა დათოს დაურეკა და რადგან დათოს პრობლემა არ ჰქონდა ერთი საათით გასვლისა, სკოლაში წავიდა და ბავშვების ,,ვაჟკაცობის“ ამბავი დირექტორისაგან მოისმინა).
                   თეონა სამსახურში მივიდა. რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა, რომლებიც, როგორც ყოველთვის, მასზე ადრე მიდიოდნენ სამსახურში. თეონა გოგონებს მიესალმა და თავის სამუშაო მაგიდასთან დაჯდა, სადაც კომპიუტერი და უამრავი ფურცელი იდო. სხვადასხვა საქმეთა მასალები უნდა ყოფილიყო. თანამშრომელს ყავის გაკეთება სთხოვა, საჩქაროდ ჩართო კომპიუტერი და მუშაობას შეუდგა. 
                   სალომე უნივერსიტეტში სწავლობდა რუსულ ფილოლოგიაზე. რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ენაც კარგად იცოდა. სურვილი ჰქონდა, კიდევ უფრო განემტკიცებინა ენის ცოდნა. ამავდროულად, ინგლისურსაც სწავლობდა, - მეორად პროფესიად ჰქონდა არჩეული. სალომე 19 ივნისს 19 წლის გახდა. ოქროს დაბადების დღის საჩუქარი შეყვარებულმა წინა საღამოს გაუკეთა, როცა ქალიშვილობა დააკარგინა. დიდ ქალაქში რეგიონიდან ჩასულ გოგონებს ერთად ექირავათ კომფორტული ბინა, თუმცა წინა საღამოს მეგობრებს უთხრა - გვიან დავბრუნდებიო. მისი შეყვარებული როკერი იყო, რომელსაც თავზეხელაღებული ცხოვრება ხიბლავდა. სასიამოვნო ღამის შემდეგ სალომემ აღმაფრენით მიაშურა უნივერსიტეტს. საღამოს ბარში უნდა წასულიყვნენ გასართობად ის და მისი ,,ბოიფრენდი“. მოტოციკლით წავიდოდნენ, როგორც წინათ.
                   სანდრო რეჟისორად მუშაობდა ერთ-ერთ თეატრში. ბავშვობიდანვე ხიბლავდა კინემატოგრაფია, თუმცა საკუთარ ნიჭს ფართო გასაქანი ვერ მისცა. ყოველთვის სურდა, რომ კინოში ემუშავა. თეატრში მისი მოღვაწეობა არ იყო შედეგსმოკლებული, საკმაოდ საინტერესო რეჟისორად ჩამოყალიბდა, სცენარების წერაც მშვენივრად გამოსდიოდა. ცოლს დაშორებულს 8 წლის ბავშვი ჰყავდა, რომელსაც დროგამოშვებით ნახულობდა. მარტო ცხოვრობდა. განქორწინებას სიდედრისა და სიმამრის უცნაურ ხასიათს აბრალებდა. ჰყავდა საყვარელი, რომელიც მისი დასის გამორჩეულად მომხიბვლელი და ელეგანტური მსახიობი იყო. ვიდრე ცოლს დაშორდებოდა, სხვა ქალისაკენ არც გაუხედავს. უყვარდა მისი ცოლი, თუმცა ბოლო ხანებში ოჯახისათვის ფაქტობრივად ვეღარ იცლიდა. ქალი ყოველ საღამოს ქვითინებდა... ქალმა მშობლებთან შეთანხმებით ამჯობინა დაშორებოდნენ. სანდრომ განიცადა. ვერაფერს შეცვლიდა. 19 ივნისი მისთვის განსაკუთრებული დღე იქნებოდა: მისი სცენარით და რეჟისურით დადგმული სპექტაკლის პრემიერა იმართებოდა. მოსაწვევები უკვე დარიგებულიყო.
                    თემური წიგნებს ჰყიდდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. პატარა, ძველ მაგიდებზე, 10 მეტრის მანძილზე განელაგებია სხვადასხვა დანიშნულების ლიტერატურა, რომელსაც საკმაოდ მისაღებ ფასებში ჰყიდდა. მის წიგნებში აღმოაჩენდით როგორც ქართული მწერლობის შედევრებს, ისე ევროპული კლასიკური ლიტერატურის, ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურისა და ფილოსოფიის, მედიცინისა და თეორიული ფიზიკის გამორჩეულ სახელმძღვანელოებს. ახალი დიზაინის ყდიან წიგნებს ეტანებოდა ხალხი, თემური კი ძველ წიგნებს იაფად ყიდულობდა და შემდეგ იაფადაც ჰყიდდა. დღის განმავლობაში, თუ კარგად გაიყიდებოდა, 50-60 ლარი რჩებოდა. საღამოს იქვე ინახავდა წიგნებს, უნივერსიტეტის სტამბის ერთ-ერთ ნახევრადცარიელ ოთახში. დიდი ხნის მანძილზე იცნობდნენ თემურს. 19 ივნისს თემური ჩვეულ სტილში მუშაობდა.
                    ნინა უნივერსიტეტში ასწავლიდა. ინგლისური ლიტერატურის ძლიერი სპეციალისტი იყო. 10 წლის წინ მიანიჭეს მეცნირებათა დოქტორის ხარისხი. დედა და ერთი შვილი ჰყავდა. ქმარს შვილის დაბადებამდე დაშორდა. მოტაცებულ ქალს ქმრის სიყვარული არასოდეს განუცდია. პირველ წლებში შვილი არ უჩნდებოდათ, რის გამოც დაიწყო უსიამოვნება. დედამთილი ადანაშაულებდა, ქმარმა რამდენჯერმე ხელითაც შეეხო. მკურნალობდა, შვილის გაჩენა ოცნებად ჰქონდა ქცეული. ბოლოს, როცა ქმარმა სცემა, იმდენად ცუდად გახდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა რამდენიმე დღე. ვიდრე გამოწერდნენ, ექოსკოპიაზე გამოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დაიფიცა, რომ ქმართან აღარასოდეს დაბრუნდებოდა და რომ ბავშვის ნახვის უფლებასაც არასოდეს მისცემდა. მშობლების სახლში დაბრუნდა. ბავშვი დაიბადა, სრულებით ჯანმრთელი. ნინას ბრმად სწამდა ღვთის ძალისა და ერთადერთობის. ხშირად დადიოდა ეკლესიაში. რაც ქმარს დაშორდა, მას შემდეგ 22 წელზე მეტი გასულიყო. მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც საკუთარი გვარი მისცა. მას შემდეგ აღარ გათხოვილა. ცხოვრობდა მშვიდად. თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა, თუმცა არავის მიმართ იჩენდა ინტერესს. მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყოველთვის ზრუნავდა გარეგნული მომხიბვლელობის შენარჩუნებაზე, თუმცა რომანი არავისთან გაუბამს. 19 ივნისს ნინა უნივერსიტეტში მიდიოდა, 5 ლექცია ჰქონდა ჩასატარებელი.
                      შოთა ვეტერინარი იყო. მას შემდეგ, რაც საკუთარი გაზრდილი ძაღლი ხელებში ჩააკვდა, გადაწყვიტა, რომ ვეტერინარი გამხდარიყო. ის კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, სახელმწიფო ვეტერინალურ ცენტრში მუშაობდა, მოგვიანებით კი, საკუთარი ცენტრი გახსნა. რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა. მკურნალობდა ცხოველებს და საკუთარი საქმე სიამოვნებასაც ანიჭებდა. 19 ივნისი შოთასთვის სრულებით ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისაგან.
                     ბექა ავტომექანიკოსად მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება არ გადაწყვიტა. არ ჰქონდა წიგნის მიმართ ინტერესი. მისი მსოფლმხედველობა უფრო პრაქტიკული, ცხოვრებისეული მოვლენების ყოფითი გამოვლინებებით იყო აღსავსე. დღეში 80 ლარს გამოიმუშავებდა და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში. 19 ივნისსაც, ბექა დილის რვა საათზე უნდა ყოფილიყო სამსახურში. სხვა დღეებივით, ალბათ საღამოს ექვსამდე მორჩებოდა საქმეს.
                      თამარი პროსტიტუციით ირჩენდა თავს და არჩენდა საკუთარ მცირეწლოვან შვილებს. კლიენტები მას ,,თამრიკოს“ ეძახდნენ. თამარს ,,რთული ცხოვრება“ ჰქონდა. როცა გათხოვილი იყო, ერთხელ ქმრის ბავშვობის მეგობარმა შეაცდინა; მეორედ - რესტორნის დირექტორმა, სადაც მულის დაბადების დღეზე იყვნენ შეკრებილნი; მესამედ - იმ სასტუმროს თანამშრომელმა, სადაც მან და მისმა მეუღლემ ოჯახისაგან განმარტოება გადაწყვიტეს (ქმარი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა); მეოთხედ იმ სუპერმარკეტის მენეჯერმა, სადაც ხშირად ყიდულობდა პროდუქტებს; მეხუთედ იმ ბარმენმა, სადაც დაქალთან ერთად შევიდა, როცა ზღვაზე იყვნენ... და კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა. ერთ დღესაც, ქმარმა მიუხვდა და სახლიდან გააგდო. უფროსი ბიჭის გარდა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ, 5 და 7 წლის, - გოგონა და ბიჭი. ქმარმა უფროსი ბიჭი დაიტოვა მხოლოდ. თამარი დარჩა ორ ბავშვთან ერთად მარტო, ბედს მინდობილი. მშობლების სახლში დაბრუნდა. მშობლები მოხუცები იყვნენ... მალე სამუშაოც გამოჩნდა. 
                     19 ივნისი თამარისათვის ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო: ის რესტორანში დაპატიჟეს. მის ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ ვიღაცას თავდავიწყებით შეუყვარდა. ქალი ბედნიერი ჩანდა. მას სძულდა მისი საქმიანობა, სძულდა სექსი უსიყვარულოდ. 
                  მამა ანდრია ერთ-ერთ ეკლესიას განაგებდა, სადაც დეკანოზად იწოდებოდა. მისი წირვა-ლოცვა გამოირჩეოდა დიდაქტიკური ტექსტების ,,რახარუხით“. ჰყავდა ცოლი და ოთხი შვილი. ანდრიას ფინანსური მდგომარეობა საპატრიარქოს ხაზინადარმა უზრუნველჰყო. ყოველი წირვის შემდეგ - კვირაობით, დიდი ნადიმი იმართებოდა ეკლესიის უკან მდგარ მყუდრო სამყოფელში, სადაც შავი ღვინით სავსე დოქები იცლებოდა. მამა-ანდრიას უყვარდა ,,მამა-პაპური პურისჭამა“. როცა კარგად მოილხენდნენ, სტიქაროსანი ვაჟა ჯიბეებს მოიჩხრიკავდა და ქაღალდს ამოიღებდა, სადაც რამდენიმე გრამი კოკაინი იყო შეფუთული. ანდრიას თვალები გაუბრწყინდებოდა და ვაჟას ბეჭზე ხელს დაჰკრავდა, კაცი ხარ კაცურიო, ეტყოდა და პაკეტს გამოართმევდა. 19 ივნისს მამა ანდრია ეკლესიაში უნდა ყოფილიყო, როგორც კვირის სხვა დღეებში. 
                 ლადო მოჭადრაკე იყო. პირველად რომ ტურნირზე გაიყვანეს, 7 წლისა თუ იქნებოდა. მას შემდეგ თხუთმეტ წელიწადზე მეტი გასულიყო. ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ოსტატის ნორმა უნდა შეესრულებინა. უნივერსიტეტში ჯერ კიდევ სწავლობდა თავისთვის გამოუყენებელ სპეციალობაზე. ჰყავდა შეყვარებული, რომელიც 19 ივნისს თეატრში ჰყავდა დაპატიჟებული. 
                დათო სამსახურში წავიდა. საკმაოდ სწრაფად იარა ახლადნაყიდი მანქანით. როცა სამსახურში მივიდა, ცხრას აკლდა ხუთი წუთი. შეუდგა ჩვეულ სამუშაოს. უამრავი ადამიანი შედიოდა იმ დღეს ბანკში, თითქოსდა 19 ივნისი ადამიანთათვის ბედნიერების დღეაო. დათო რამდენიმე კლიენტს მოემსახურა. დროგამოშვებით ისვენებდა და ყავასაც სვამდა. სამსახურის ყავა არ იყო უშაქრო, სახლის ყავისაგან განსხვავებით, რომელსაც თამთა ყოველ დილით უმზადებდა. ჩაფიქრდა ამ ნიუანსზე დათო და ღიმილმორეულმა გაიფიქრა, რომ თამთას მომზადებულ ყავას ვერ შეედრებოდა ეს ,,სიროფი“... გაახსენდა თამთას თვალები და ღიმილი. სიგიჟემდე უყვარდა ის. კლიენტის ხმამ გამოაფხიზლა ფეხზე მდგომ-თვალებგაშეშებული დათო. სესხის გაკეთება სურდა კლიენტს. დათო საჩქაროდ მიუჯდა სამუშაო მაგიდას და კომპიუტერით რამდენიმე მოქმედება განახორციელა. შემდეგ კითხვები დაუსვა კლიენტს, სესხის პირობები გააცნო. კლიენტიც დაბნეული პასუხობდა. დათო ცდილობდა დაწვრილებით აეხსნა კლიენტისათვის, თუ რას სთავაზობდა ბანკი მომხმარებელს. მიახლოებით გაიგო კლიენტმა, რომელსაც იმდენად სჭირდებოდა სესხის დამტკიცება, რომ არ დაეძებდა ამ ფორმალურ საუბარს, არც პირობებს (ყველაფერზე თანახმა იყო), ოღონდ სესხი დამტკიცებულიყო. მართლაც გააკეთა მოთხოვნა დათომ და სესხი დაუმტკიცდა კლიენტს. მადლობაც გადაუხადა და წავიდა. დათომ კვლავ აიღო ყავა და მოსვა... უკვე გაციებულიყო... კვლავ ფიქრებში წავიდა. თამთა და ბავშვები ენატრებოდა. თანამშრომლის ხმა შემოესმა, რომელიც მიმზიდველი თეა იყო, პერანგჩახსნილი რომ უახლოვდებოდა დათოს და ლამის ძუძუებში აყოფინებდა თავს. დათო მშვენივრად ხვდებოდა, რომ თეას მისი შეცდენა სურდა, თუმცა პროვოკაციას არასოდეს ჰყვებოდა. თეამ, სხვა დღეებთან შედარებით დისტანცია დაიჭირა და არა კეკლუცი გოგოს მიმართვით, არამედ დინჯი და გაწონასწორებული თანამშრომლის გამომეტყველებით მიესალმა დათოს და მოსაწვევები გადასცა. უთხრა, რომ კარგი სპექტაკლი იყო საღამოს 19 საათზე და ოჯახთან ერთად წასულიყო თუ სურვილი ექნებოდა. დათოს გაუკვირდა თეას მხრიდან ასეთი მოქმედება. გაუღიმა, მოსაწვევები გამოართვა და მადლობა გადაუხადა. თეამაც გაიღიმა, დაემშვიდობა და გავიდა. დათომ თამთას მისწერა და თეატრში დაპატიჟა... თამთასაც ძალიან გაუხარდა მეუღლის ასეთი რომანტიული ნაბიჯი.
                   თამთამ ბავშვები სკოლაში რომ წაიყვანა, შემდეგ დაქალთან ერთად საყიდლებზე წავიდა. მალევე მოვიდა დათოს წერილი, სადაც თეატრში წასვლას სთავაზობდა. თამთა აღფრთოვანდა. საყიდლებიდან როცა გამოვიდნენ, სალონში გაიარეს. თმა და მანიკური გაიკეთეს. თამთა ქალაქში დარჩა, ბავშვები უნდა გამოეყვანა სკოლიდან ნაშუადღევს და სახლში აღარ წავიდა. ღია ბარში დასხდნენ და ცივი სასმელები შეუკვეთეს. თამთას დაქალი -ნინო, კარგი მოსაუბრე იყო, წარმატებული ქალი და დედა, რომელსაც საკუთარი წიგნის მაღაზია და ხმის ჩამწერი სტუდია ჰქონდა. თამთას ნინოსათვის არ უთხოვია საღამოს ქმართან ერთად წამოსულიყო თეატრში, რადგან იცოდა, რომ რამდენიმე საათში ნინო და მისი ქმარი ავსტრიაში მიფრინავდნენ, ბავშვებთან ერთად.
                  თეონა უკვე დაიღალა. უამრავი მასალა ჰქონდა დაგროვებული და მათი ყურადღებით გაცნობა საშინლად ღლიდა. ურეკავდნენ სხვადასხვა კლიენტის ოჯახის წევრები და საქმეზე მასალების წვდომას ცდილობდნენ. რამდენიმე პოტენციური კლიენტი სამსახურშიც ეწვია. თეონა უფრო სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მუშაობდა, ვიდრე სისხლის სამართლისა, თუმცა სისხლის სამართალსაც პროფესიონალურ დონეზე ფლობდა. ზოგი რას ჩიოდა, ზოგი რას. მოდიოდნენ მიწის დავასთან დაკავშირებით, ოჯახური უთანხმოების მსხვერპლი ადამიანები, ნარკოპოლიტიკით, კერძო თუ სახელმწიფო დავებით შევიწროებული და დაუცველი ადამიანები. თეონამ რამდენიმე საქმეზე უარიც კი სთქვა ამ დღეს - 19 ივნისს. როგორც იქნა, თავისუფალი დრო გამონახა. ცივი სასმელი გამოიღო იქვე მდგომი მაცივრიდან და დალია. ამოისუნთქა. 
                ოთარი დილიდან მოყოლებული გართულიყო სამსახურის სპეციფიკაში. საკმაოდ ბევრი კლიენტი სტუმრობდა სტომატოლოგიურ ცენტრს 19 ივნისს. ოთარი დაღლას ვერ გრძნობდა. იმდენად უყვარდა თავისი საქმე, რომ სიამოვნებასაც კი ანიჭებდა კბილების ,,სამაშველო ოპერაციები”. უკვე შუადღე დადგა. კლიენტი რომ გავიდა, ოთარიც ჩამოჯდა და დასვენებას შეეცადა, მაგრამ არ აცდიდნენ... კვლავ შემოვიდა კლიენტი. ქართული სატელევიზიო ფილმიდან იცნო ოთარმა მსახიობი. მიესალმა. ახლადშემოსული კლიენტიც მიხვდა, რომ ექიმმა იცნო და გაუხარდა. კბილი ჰქონდა დასაპლომბი. 40 წუთიც არ დაგვიანებია, ოთარმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. კლიენტმა გულითადი მადლობა გადაუხადა ოთარს და თანხასთან ერთად თეატრის რამდენიმე მოსაწვევი გაუწოდა. დღეს კარგი სპექტაკლია და ოჯახთან ერთად მობრძანდით, თუ გადაწყვეტთო. ოთარმა დიდი მადლობა გადაუხადა კლიენტს და ღიმილიანმა დაემშვიდობა. მან მაშინვე დაურეკა თეონას და თეატრში წასვლა შესთავაზა. თეონამ თავიდან იუარა, თუმცა ოთარის დაჟინებულ თხოვნას დათანხმდა. სპექტაკლი 19 საათზე იწყებოდა. ორივე დაღლილი იყო რთული დღისრეჟიმის გამო. ბავშვებიც უკვე გამოსაყვანი ჰყავდათ სკოლიდან, 2 საათს გადაცდენილიყო. მეორეკლასელ ბავშვს უკვე გაკვეთილები დამთავრებული ჰქონდა, თუმცა ჭადრაკის წრეზე ჰყავდათ ჩაწერილი, რომელიც 3 საათზე მთავრდებოდა. უფროსი ბავშვები პატარას ელოდებოდნენ ხოლმე სკოლაში. ზოგჯერ თეონა, ზოგჯერ კი ოთარი აკითხავდა ბავშვებს სკოლაში და მოჰყავდა. თეონა 4 საათზე ამთავრებდა მუშაობას და ხშირად ცოტათი ადრე მოდიოდა; როცა ვერ ახერხებდა გამოსვლას, ოთარი მიდიოდა ბავშვების წამოსაყვანად. ამ დღეს შეთანხმდნენ, რომ ოთარს გაუვლიდა თეონა და ერთად წავიდოდნენ ბავშვების წამოსაყვანად, შემდეგ კი სადმე მყუდრო ადგილზე ივახშმებდნენ; თუ დრო დარჩებოდათ თეატრში წასვლამდე - გაისეირნებდნენ კიდეც. 
                     ცოტნე დილით ადრე გავიდა ქალაქში. ამჯერად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, რადგან 19 ივნისს არ მუშაობდა. ეს დღე მისთვის განტვირთვის კარგი შანსი უნდა ყოფილიყო. წინა დღის პატრულირების შემდეგ საკმაოდ დაღლილი ჩანდა. ქუჩაში მიაბიჯებდა, როცა ხმა შემოესმა... მოიხედა და მისი ყოფილი კლასელი ამოიცნო, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე არ ენახა. მოიკითხეს ერთმანეთი დიდის ამბით. ცოტნემ ლუდზე დაპატიჟა დიდი ხნის უნახავი მეგობარი. დასხდნენ, ისაუბრეს უამრავ საკითხზე, მოიგონეს ძველი დრო. მისი ყოფილი კლასელი თურმე მხატვარი გამხდარა. აკადემიის დამთავრების შემდეგ საკმაოდ ნაყოფიერად უმუშავია, რასაც  მისი ნახატების რამდენიმე სურათი ცხადყოფდა ცოტნესათვის, რომელიც მეგობარმა ტელეფონში აჩვენა. ცოტნემ კი თავის საქმიანობის შესახებ მოუყვა. დამშვიდობების ხანს, მეგობარმა, რომელსაც ჯემალი ერქვა, ცოტნეს ერთი მოსაწვევი გადასცა საღამოს სპექტაკლზე. სპექტაკლი თეატრში 19 საათზე იწყებოდა. 
                  გიორგი, 19 ივნისს, ისევე, როგორც ყოველ დღე (ერთეულ შემთხვევათა გარდა), დილით ადრე გავიდა ქალაქში. პროდუქტი მომწოდებელმა თავის დროზე მოიტანა. გიორგიმ შესაბამისი თანხა გადაიხადა და საქმეს შეუდგა. მრავალი დასახელების ბოსტნეული ჰქონდა: საუკეთესო ხარისხის ჭყინტი ლობიო, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კიტრი, მინდვრის სალათი სხვადასხვა ფერის, წითელი და ჩვეულებრივი ფხალი, კომბოსტო, სტაფილო და სხვადასხვა მწვანილი. მუშაობა საკმაოდ კარგად დაიწყო. წინა დღეებთან შედარებით, 19 ივნისი მისთვის წარმატებული გამოდგა. უკვე შუადღისათვის ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი პროდუქტი, რაც სიხარულს ჰგვრიდა. თითქმის ასრულებდა მუშაობას, როცა მასთან ერთი ახალგაზრდა ქალი მივიდა. გიორგიმ თავიდან ვერ იცნო მომხიბვლელი ქალი და უბრალოდ ინტერესით დააკვირდა თვალებგაბრწყინებული. ქალმა მაშინვე იცნო და გადაეხვია. ვერ მიცანიო, გაკვირვებულმა უსაყვედურა.., შენი კურსელი ვარ, ნატალია, როგორ ვერ მიცანიო. გიორგის თვალი აეხილა და სიხარულისაგან აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. 30 წლის უნახავი კურსელი ნახა. ნატალია და გიორგი ხომ ერთად სწავლობდნენ ისტორიულზე. გიორგის ძალიან გაუხარდა, ნატალია მოიკითხა და ნახევარი საათის განმავლობაში გაუჩერებლად საუბრობდნენ, წარსულს იხსენებდნენ და ამ კურიოზულ შემთხვევაზე იცინოდნენ, როცა გიორგიმ ვერ იცნო ყოფილი მეუღლე, რომელთან თანაცხოვრებაც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა და რომელთან სიახლოვეც სიცოცხლეს ერჩივნა. შვილები არ ჰყავდათ. ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ, თუმცა რუსეთში მცხოვრები მამა ვერ შეეგუა ნატალიას ამ გადაწყვეტილებას. ერთ დღეს ჩამოვიდა, ნატალიას უნივერსიტეტში მიაკითხა, ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. ბავშვურ, სულელურ ნაბიჯად ჩაუთვალეს ადრეულ ასაკში ,,გაპარვა“. გიორგი ნატალიას მამის მეგობრებმა სასტიკად სცემეს და ამ ურთიერთობის დავიწყება ურჩიეს. ნატალია ბედნიერი იყო გიორგის ნახვით, გიორგი კი, - ნატალიას ნახვით. არც ერთი მათგანი არ დაქორწინებულა ამ ხნის მანძილზე. ნატალია წლების წინ დაბრუნებულა საქართველოში. პროფესია შეუცვლია, დიზაინერი გამხდარა და საკმაოდ სახელგანთქმულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, როგორც გიორგის მოუყვა. საუბრის დასასრულს ჩანთა გახსნა და გიორგის სპექტაკლის მოსაწვევი აჩუქა, რომელიც 19 საათზე უნდა დაწყებულიყო. შენს გვერდით მე მექნება ადგილიო, უთხრა წასვლის დროს და თალი ჩაუკრა. გიორგიმ არ იცოდა რა ეთქვა, უბრალოდ ბედნიერი იყო... შევეცდები მოვიდეო, გასძახა მოშორებით მიმავალ ნატალიას, ქალმა კი მოუხედა და გაუღიმა.
                   ხათუნასთვის 19 ივნისი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. გამოცდილი ჟურნალისტისათვის დღის დაძაბული რეჟიმი არ ჰქმნიდა დისკომფორტს, პირიქით, ხათუნა ცდილობდა ყოველთვის სიახლეთა ეპიცენტრში ყოფილიყო, რათა მისი ტელევიზია წარმოჩენილიყო ექსკლუზივებით და რეიტინგული ტელევიზიის სახელი მოეპოვებინათ, რაც მის ფინანსურ უზრუნველყოფას გამოიწვევდა. სამსახურში როცა მივიდა ამცნეს, რომ საღამოს 19 საათზე თეატრში უნდა წასულიყო, სადაც სპექტაკლის პრემიერა იმართებოდა. სიუჟეტი უნდა გაეკეთებინა. ხათუნას გაუხარდა, დიდი ხანი იქნებოდა, რაც თეატრში ფეხი არ დაედგა.
                  ნოდარი კარგი მწერალი ჩანდა. 19 ივნისს პასუხს ელოდებოდა სტამბიდან, სადაც წინა საღამოს გადააგზავნა ხელნაწერი. მისი მეხუთე წიგნი სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოები უნდა ყოფილიყო, როგორც მეგობრებს ეუბნებოდა. მისი სამეგობრო დიდი ინტერესით ელოდებოდა ნოდარის მეხუთე წიგნს. 
                   სტამბის ხელმძღვანელის ზარის ხმა გაისმა ნოდარის სახლში, შუადღე იქნებოდა. სტამბის ხელმძღვანელმა, რომელსაც ნოდართან ძველი მეგობრობა აკავშირებდა, უთხრა, რომ ხელნაწერი ნახა და რომ მზად არის ამ წიგნის გამოსაქვეყნებლად. ასევე უთხრა თარიღი, როცა ყველაფერი მზად იქნებოდა. რაც შეეხება ხარჯებს, მაქსიმალურად შეღავათიან ფასებში მოგვარებას დაჰპირდა ამ საქმისა. ვიდრე საუბარს დაასრულებდნენ, სტამბის ხელმძღვანელმა ნოდარს ამცნო, რომ 19 საათზე თეატრში სპექტაკლის პრემიერა იმართებოდა და საერთო ნაცნობმა რეჟისორმა ნოდარი დაპატიჟა. მოსაწვევი გამოუგზავნია, 2 დღის წინ უნახავს სტამბის ხელმძღვანელი და მისთვის გადაუცია. ნოდარს მოეწონა ეს შეთავაზება და მადლობა გადაუხადა სტამბის ხელმძღვანელს.
                   ფრიდონი მის ყოფილ უნივერსიტეტს ჩაუვლიდა ხოლმე, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, სადაც ისწავლა ფილოსოფიური ანი-ბანი, სადაც მიიღო პირველი ხარისხი, აღიარება, სადაც იამაყა პირველი შეგირდით.., ჩაუვლიდა და თვალცრემლიანი შეაღებდა უნივერსიტეტის კარს. იქ ძველი მოსწავლეები ხვდებოდნენ. ეცნობოდა თანამედროვე ტენდენციებს, თვალ-ყურს ადევნებდა ინტერნეტში და სატელევიზიო სივრცეში მოძრავ ინფორმაციას. საკმაოდ თანამედროვედ მოაზროვნე კაცი იყო ფრიდონი. მართალია, უნივერსიტეტში უკვე მესამე წელი იქნებოდა, რაც აღარ მუშაობდა, მაგრამ სულით ისევ ამ უნივერსიტეტის პროფესორად დარჩა. 
                    19 ივნისიც ჩეულებრივად დაიწყო ფრიდონისთვის. თორმეტი საათი იქნებოდა, როცა უნივერსიტეტთან ჩაიარა და ცენტრალური შესასვლელიდან შევიდა. ფილოსოფიის დეპარტამენტში კოლეგები მოინახულა. ფუნდამენტურ საკითხებზე დაიწყეს მსჯელობა. რამდენიმე წუთში ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, რომელსაც ამ რამდენიმე თვის წინ დაეცვა ხარისხი და უკვე მეცნიერებათა დოქტორად იწოდებოდა. ძალიან გაუხარდა ფრიდონის დანახვა. ფრიდონმა მოიკითხა და სამომავლო გზა დაულოცა. თუ რაიმე დაგჭირდეს მომმართეო, უთხრა. გოგონა ფრიდონს გადაეხვია და კვლავ დაუდასტურა მისდამი პატივისცემა. საქაღალდიდან, რომელიც ხელში ეჭირა, გოგონამ ამოიღო მოსაწვევი და ფრიდონს აჩუქა. 19 საათზე სპექტაკლის პრემიერაა და მობრძანდით, თუ შეძლებთო. ფრიდონს უყვარდა თეატრი და გაუხარდა. შევეცდებიო, უთხრა.
                   ცისანა 19 ივნისს ისვენებდა. პარასკევ დღეს იშვიათად უწევდა მუშაობა. ძირითადად, ქორწილებსა და დაბადების დღეებზე ეძახდნენ. მომხიბვლელი ქალი იყო ცისანა, ხმა კი საოცრად მშვიდი ჰქონდა. ძირითადად, ქართული ესტრადის სიმღერებს მღეროდა, თუმცა უცხოურსაც გამოურევდა ხოლმე, ეს კლიენტის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ქმარს გაცილებული ცისანა შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა სახლში. მეათე კლასელი ბიჭი ჰყავდა. ბევრი თაყვანისმცემელი ეხვია მშვენიერ ქალს, თუმცა იმ ანსამბლის ხელმძღვანელთან ჰქონდა რომანი, რომელშიც რესტორნებში მღეროდა. ხშირად იყვნენ ერთად, მოსწონდათ ერთად ყოფნა. თუ შედეგიანი დღე იქნებოდა და ანსამბლი კარგ თანხას გამოიმუშავებდა, ხელმძღვანელი ცისანას 100 ლარს ჩაუკეცავდა მოღიაღებულ დეკოლტეში და ლოყაზე აკოცებდა სიყვარულის ნიშნად. ცისანაც ბედნიერად გრძნობდა თავს; იცოდა, რომ ეს კაცი მასზე გიჟდებოდა. 19 ივნისს ცისანას დილით დაურეკა ლევანმა (ასე ერქვა მისი ანსამბლის ხელმძღვანელს) და საღამოს თეატრში წასვლა შესთავაზა, სადაც სპექტაკლის პრემიერა უნდა გამართულიყო. ლევანმა ცისანას უთხრა, რომ სპექტაკლი 19 საათზე იწყებოდა. ცისანას უყვარდა თეატრი. ძალიან გაუხარდა და უყოყმანოდ დათანხმდა.
                ირაკლი უბოროტო ადამიანი ჩანდა. ახალგაზრდობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია ვერ მოახდინა მისმა ფსიქიკამ. ირაკლი მათემატიკას სწავლობდა უნივერსიტეტში და საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. ურთულეს მაგალითებს ხსნიდა, რაც მას გარკვეულწილად სწყვეტდა მეგობართა შეკრებისა და გართობისაგან, რადგან სხვა რაიმეზე უკვე ვეღარ ფიქრობდა, გარდა მაგალითების ამოხსნისა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ცუდად დასრულდა. როცა ირაკლი რამდენიმე დღე ფიქრობდა ერთ მაგალითზე და ვერ ამოხსნა, ამან მასზე დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მოახდინა. მას შემდეგ ის ოც თეთრიანების შეგროვებით იყო დაკავებული, რაც მოსწონდა და სიამოვნებას ანიჭებდა. 19 ივნისს ირაკლი დილით გავიდა სახლიდან, როგორც წინა დღეებში. ფეხით დადიოდა მთელ ქალაქში, უხაროდა, როცა ადამიანებს ხედავდა. მოშივდა. სწრაფი კვების ობიექტთან ჩაიარა, ჰამბურგერი იყიდა. იქვე ძირს დაგდებული, კარგად გაფორმებული ქაღალდი შენიშნა. აიღო. როცა დააკვირდა, წაიკითხა ქაღალდზე წაწერილი წარწერა და მოეწონა. დაფიქრდა, იმ დღეს ხომ 19 ივნისი იყო... გადაიხარხარა, ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო და ჰამბურგერის ჭამა განაგრძო.
                    უჩა 19 ივნისს ისვენებდა. საკმაოდ მოსწონდა თავისი სამუშაო. მოტოციკლს ბავშობიდან ატარებდა და შესაბამისი სამუშაო რომ მოძებნა, რაც მოტოციკლით სხვადასხვა ქალაქში მოძრაობასთან იყო დაკავშირებუული, ძალიან ახარებდა ეს ფაქტი. 2 თვე იქნებოდა, რაც კურიერად მუშაობდა. 19 ივნისს უჩა ტელეფონის ზარმა გააღვიძა 11 საათზე. მისი მეგობარი გოგონა ურეკავდა, რომელიც თეატრალურზე სწავლობდა. გოგომ საყვედურებით აავსო, შუადღეა უკვე და შენ კიდევ გძინავსო... შემდეგ კი თეატრში წასვლა შესთავაზა სპექტაკლის პრემიერაზე, რომელიც 19 საათზე უნდა დაწყებულიყო. უჩას მაინცდამაინც არ ხიბლავდა თეატრი, თუმცა მაიკო ხიბლავდა იმდენად, რომ მის გამო მზად იყო ჯოჯოხეთშიც წასულიყო. დათანხმდა და საღამომდე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. 
                    მალვინა 19 ივნისს ეკლესიაში უნდა წასულიყო და საკმაოდ ადრე გაიღვიძა. ერთი შვილი რამდენიმე თვის გათხოვილი ჰყავდა. ბიჭი მასთან ცხოვრობდა და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა, ეკონომისტი იყო, საცოლეც ჰყავდა, რომელიც მალვინას მოსწონდა. ყოველთვის მშვიდი ქალის იერი ჰქონდა მალვინას. ქმარს, რომელიც სამი თვის წინ დაკრძალა, სიმსივნე აღმოაჩნდა. ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა. ბოლო წლებში სიახლოვეც აღარ ჰქონდათ. მალვინა 43 წლის, სიცოცხლით სავსე, უზომოდ მომხიბვლელი, მკერდ დაბერილი, ზომიერად სუსტი და საშუალო სიმაღლის ქალი, თავს მარტოსულად გრძნობდა. 16 წლისა იყო, როცა მისმა განსვენებულმა მეუღლემ მოიტაცა, თუმცა უკვე 20 წლის თავზე ქმარი ფაქტობრივად აღარ ეკარებოდა. როგორც გაარკვია, საყვარელი ჰყოლია. მალვინამაც გაიჩინა საყვარელი რამდენიმე თვეში. შემდეგ მის ქმარს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს (ახალგაზრდობიდან მოყოლებული ბევრს სვამდა). მალვინა ბოლო წუთებამდე მის გვერდით რჩებოდა. ქმრის ორმოცის დღიდან დაიწყო მალვინას რომანი მისი შვილის შუახნის თანამშრომელ ზაურთან, რომელმაც იცოდა მალვინას მსგავსი ქალის ფასი. როცა დარბაზში ხალხი აიშალა, მალვინას ქალიშვილი და სიძე მალევე წავიდნენ, მალვინას ვაჟიშვილი კი სამსახურში დაბრუნდა, უცხოეთიდან ჩამოსული პარტნიორები უნდა მიეღო. ზაურმაც დრო იხელთა და გასვენების დღეს დაწყებული არშიყი გააგრძელა მალვინასთან. სახლში მიცილება შესთავაზა. მალვინაც დათანხმდა, მოსწონდა ზაური.გზაში საუბრის შემდეგ გეზი შეცვალეს და ზაურის აგარაკზე ავიდნენ, რომელიც სულ რაღაც ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა ქალაქიდან. მას შემდეგ ზაური და მალვინა სტაბილურად ურთიერთობდნენ. 
                     19 ივნისსაც უნდა ენახათ ერთმანეთი. როცა მალვინა ეკლესიიდან გამოვიდა, ზაურს დაურეკა. შეხვდნენ. კაფეში დასხდნენ. ისაუბრეს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ზაურს გაახსენდა, რომ გულის ჯიბეში სპექტაკლის მოსაწვევი ჰქონდა. მალვინას გადასცა და მასთან ერთად წასვლა სთხოვა. ქალი აღფრთოვანდა, ასეთი რამ არც მის ქმარს და არც ერთ კაცს, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონია, არ გაუკეთებია, არ დაუპატიჟებია თეატრში (თითქოს რა უბრალო მოქმედებაა ქალის თეატრში დაპატიჟება). მალვინას თვალები გაუბრწყინდა და მოსაწვევი გამოართვა. როცა მოსაწვევს დააკვირდა, ზედ დატანილმა წარწერამ კიდევ უფრო აღაფრთოვანა. წასვლას დაჰპირდა. მით უფრო არ გაუჭირდებოდა წასვლა, რადგან მისი ვაჟი საქართველოში არ იმყოფებოდა და მალვინაც მარტო იყო სახლში.
                     ზურაბი სახლში იყო 19 ივნისს. ცოლმა ადრიანად გააღვიაძა, როგორც ყოველთვის. ბავშვი უნდა წაეყვანა სკოლაში. 9 წლის დაქორწინებულ ზურაბს 7 წლის ბიჭი ჰყავდა, რომელსაც ფეხბურთშიც ატარებდა და სტადიონზეც დაჰყავდა თამაშებზე. ცოლი მუშაობდა და ბავშვი ყოველთვის ზურაბს მიჰყავდა სკოლაში. ბავშვს სწავლისაკენ მოუწოდებდა, უნდოდა, რაც მან ვერ მიიღო ცხოვრებისაგან, მის შვილს მიეღო. არ სურდა, რომ მის გზა-კვალს დადგომოდა ბიჭი. მეგობრები ზურაბს ,,არიოლს“ ეძახდნენ... ასე შეარქვეს მას რუსეთის ციხეში, სადაც 15 წლის ასაკში მოხვდა. 19 ივნისს ზურაბმა ბავშვი წაიყვანა სკოლაში, შემდეგ კი ქალაქში გაიარ-გამოიარა, სადაც ძველი მეგობრები მოინახულა. ერთ-ერთი მეგობრის შვილი თეატრის გამნათებელი ყოფილა, რომლისთვისაც რამდენიმე მოსაწვევი უჩუქებიათ. ზურაბის მეგობრისათვის მიუცია შვილს ორი მოსაწვევი და უთქვამს, იქნებ შენი მეგობრები დაინტერესდნენო. ძველმა მეგობარმა ზურაბს გადასცა ეს ორი მოსაწვევი და უთხრა: მეუღლესთან და ბავშვთან ერთად წადი, გაუხარდებათო. ზურაბსაც მოეწონა ეს იდეა და მადლობა გადაუხადა მეგობარს. მაშინვე დაურეკა მეუღლეს და ეს ამბავი ამცნო. ზურაბის ცოლს გაუკირდა მისგან ასეთი შეთავაზება და ამავდროულად ძალიან გაუხარდა. სამსახურს 5 საათზე ამთავრებდა. ზურაბი ამ დროს ქალაქში დახვდებოდა ბავშვთან ერთად, ივახშმებდნენ და თეატრში წავიდოდნენ, ასე შეთანხმდნენ.
                სალომეს რამდენიმე ლექცია ჰქონდა 19 ივნისს. წინა ღამისაგან გამოყოლილი სიამოვნება შინაგანად აფორიაქებდა. ლექციებს არც უსმენდა, რამდენჯერმე უსაყვედურა კიდეც ლექტორმა. კურსელი ბიჭები მის მკერდს მიშტერებოდნენ, რომელიც გამომწვევად უჩანდა. იმდენად გამჭვირვალე პერანგი ეცვა, რომ ლიფში ამომძვრალი ძუძუს თავები მოსვენებას უკარგავდა მის ახლოს მჯდომ ბიჭებს. სალომეს კი სიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და გულში იცინოდა. შუადღის პერიოდში, როცა ბოლო ლექცია ჰქონდა დარჩენილი, მისმა ბოიფრენდმა დაურეკა. უნივერსიტეტის ჭიშკართან გელოდები, უკვე მოვედიო. სალომემაც გააცდინა ბოლო ლექცია და წავიდა. სალომე ჯონის ძლიერად მოეხვია და უთხრა, რომ ძალიან მოენატრა. ჯონიმ სალომეს მოსაწვევები აჩვენა, რომელიც მის როკერ მეგობარს უჩუქებია. საღამოს თეატრში სპექტაკლის პრემიერაა და წავიდეთო. სალომესაც გაუხარდა. მანამდე ქალაქში სეირნობა და ლუდის დალევა გადაწყვიტეს. მოტოციკლზე შემოისვა ჯონიმ სალომე და წავიდნენ.
                    სანდრო დილიდანვე აფორიაქებულიყო. 19 ივნისი მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ დღედ უნდა ქცეულიყო. 10 საათი იქნებოდა, როცა თეატრში წავიდა. მალევე მოვიდნენ დასის მსახიობები. მის რჩეულ მსახიობსაც არ დაუგვიანია, რომელსაც ლინდა ერქვა. რეპეტიცია დაიწყო.
                     19 ივნისს, თემურმა წიგნები გამოალაგა უნივერსიტეტის სტამბის ნახევრადცარიელი ოთახიდან, განალაგა ჩვეულებისამებრ და მუშაობას შეუდგა. დღე მისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო: მას გერმანიიდან დაურეკა ვაჟიშვილმა (რომელიც მეუღლესთან ერთად 7 წლის წინ წავიდა საქართველოდან), რომელმაც დედ-მამას ამცნო პირველი შვილიშვილის დაბადება. თემურის მეუღლემ, რომელიც 50 წლამდე თუ იქნებოდა, სიხარულისაგან ტირილი დაიწყო. თემურმაც ძალიან ემოციურად მიიღო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში როგორ ელოდებოდნენ შვილიშვილის შეძენას... აგვისტოს ბოლოს ჩამოვალთო, უთხრა ერთადერთმა შვილმა მშობლებს. თემური გახარებული იყო. დილიდანვე კლიენტები ეხვეოდნენ, ყიდდა სხვადასხვა ლიტერატურას. თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა გამოიარა. იცნო თემური. მიესალმა, მოიკითხა. თემურმაც იცნო პროფესორი.., მანაც დიდის ამბით მოიკითხა. პროფესორმა ორი მოსაწვევი გადასცა თემურს. საღამოს სპექტაკლის პრემიერა გაიმართება და მეუღლესთან ერთად მობრძანდითო. ესიამოვნა თემურს. მადლობა გადაუხადა. ვეცდებიო, დაუმატა.
                    ნინა 19 ივნისს უნივერსიტეტში წავიდა. დაძაბული დღე ექნებოდა, თავიდანვე იცოდა, პარასკევი დღე ხომ ყოველთვის ასეთი იყო მისთვის. უილიამ ფოლკნერის შესახებ უნდა წაეკითხა რამდენიმე ლექცია. უყვარდა ფოლკნერის შემოქმედება და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მასზე საუბარი. დაღლასაც ვერ გრძნობდა ასეთ დროს. მართლაც, ლექციები მშვენივრად მიმდინარეობდა. ბოლოს წინა ლექციას კითხულობდა, აუდიტორია სავსე იყო სტუდენტებით. კარზე დააკაკუნეს. მობრძანდითო, თქვა საშუალო ტონით. კარი გაიღო და მისთვის უცნობი სტუდენტი ბოდიშის მოხდით შევიდა. ,,ეს თქვენ გამოგიგზავნეს, ქალბატონო ნინა“ - უთხრა სტუდენტმა და მოსაწვევი გადასცა. ნინამ გაიღიმა და მადლობა გადაუხადა ,,კურიერს“. მიხვდა, თუ ვისი გამოგზავნილიც იქნებოდა მოსაწვევი. გადახედა. საინტერესო სპექტაკლი ჩანდა, თანაც პრემიერააო, ეწერა. გაეღიმა. ღიმილი უხდებოდა. ზემოთ კუთხეში ხელნაწერიც ეცნო. ჩანთაში შეინახა მოსაწვევი და ლექცია განაგრძო.
                  შოთა დილით გავიდა სამსახურში. 19 ივნისი მზიანი დღე იყო, მცირე ნიავიც ჰქროდა. ცაზე ერთი ნამცეცი ღრუბელიც კი არ სჩანდა. შოთას თანამშრომლებმა დაიგვიანეს, როგორც ყოველთვის. მუშაობა დაიწყო. საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავდა მის ვეტერინალურ ცენტრს 19 ივნისს. შუადღეზე შეისვენეს, ცივი სასმელი ამოატანინა თანამშრომელს. საცოლემ დაურეკა, შენთან მოვდივარ, მინდა შევხვდეთო. შოთასაც გაუხარდა. ლელა მოვიდა 15-20 წუთში. ერთმანეთს გადაეხვივნენ და საჩქაროდ აკოცეს (ყველა მათ უყურებდა). ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ლელამ მოსაწვევები აჩვენა შოთას. 19 საათზე სპექტაკლის პრემიერაა და წავიდეთო. შოთაც დათანხმდა, მიუხედავათ იმისა, რომ სპექტაკლზე 1-2-ჯერ თუ იქნებოდა ნამყოფი და სრულიად არ აინტერესებდა.
                  ბექა დილის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობდა და საკმაოდ დაიღალა. უამრავი მოდელის მანქანა შეაკეთა 19 ივნისის შუადღემდე. საღამომდე კიდევ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. როგორც იქნა, დასაჯდომად მოიცალა და ცივი წყლის დალევის დროც გამონახა. რამდენიმე წუთში შესამჩნევი მანქანა გაჩერდა, რომლიდანაც კიდევ უფრო შესამჩნევი ქალი გადმოვიდა. მის მანქანას პრობლემა ჰქონდა და ბექამაც ყურადღება მიაქცია. საჩქაროდ დადო წყალი და საქმეს შეუდგა. მანქანის დათვალიერების შემდეგ დიაგნოზიც გააკეთა, -მნიშვნელოვანი ზიანი არ აქვს, 1 საათში გავაკეთებო... ქალიც აღარსად წასულა და დაელოდა. მართლაც, ბექამ 50 წუთში დაასრულა თავისი საქმე. ქალმა თანხა გაუწოდა ბექას და აღფრთოვანებული ბევრ კომპლიმენტს ეუბნებოდა. ვიდრე წავიდოდა, ჩანთიდან მოსაწვევი ამოიღო და გადასცა. დღეს ჩემი მეგობრის რეჟისურით სპექტაკლის პრემიერა გაიმართება და თუ მოიცლი, მოდიო. ბექას გაუხარდა... თეატრში აქამდე არავის დაუპატიჟებია. 
                   თამარის საქმიანობის შესახებ იცოდა მალხაზმა, თუმცა იმდენად შეუყვარდა, რომ მზად იყო დაევიწყებინა თამარის ეს წარსული. თამარმაც, პირველად მის სიცოცხლეში იგრძნო, რომ კაცი შეუყვარდა. სექსუალურად მოემსახურა თამარი რამდენიმე თვის წინათ მალხაზს, სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. მალხაზი ცოლს გაშორებული, უდარდელად მცხოვრები ბიზნესმენი იყო. მას შვილები საზღვარგარეთ ჰყავდა სასწავლებლად გაგზავნილი. საქართველოში და რუსეთში რამდენიმე რესტორანი და მაღაზიათა ქსელი ჰქონდა, მფარველებიც ჰყავდა და თავსაც კომფორტულად გრძნობდა. თამარი უკვე 2 კვირა იყო, რაც აღარ მუშაობდა, 19 ივნისს გავიდა 2 კვირა. მალხაზს რესტორანში ჰყავდა დაპატიჟებული თამარი 19 საათზე, თუმცა დილით, როცა მალხაზმა დაურეკა, გეგმები შეიცვალა: მან თამარს უთხრა, რომ თეატრში მიიწვიეს, როგორც ქველმოქმედი ბიზნესმენი, კინოსა და თეატრის მოყვარული. კაცმა აღნიშნა, რომ სურდა მასთან ერთად წასულიყო თამარი, რესტორანში კი ოდნავ მოგვიანებით წავიდოდნენ. თამარს ეს ამბავი კიდევ უფრო გაუხარდა და არ იცოდა რა ეთქვა... მადლიერებას ვერ მალავდა. რამდენჯერმე უთხრა მალხაზს, რომ ძალიან უყვარდა. საღამომდე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
                 მამა ანდრიასათვის პარასკევი დღე განსაკუთრებულად რთული გადასატანი იყო, რადგან ამ დღეს მეტისმეტად უმძაფრდებოდა ვაჟას მორთმეული კოკაინის სურვილი, რომლის მიღებამდეც სულ რაღაც სამი დღე რჩებოდა (პარასკევის ჩათვლით). 19 ივნისი დილის ,,ლოცვა-კურთხევით“ დაიწყო ანდრიასათვის, რაც ოჯახში ცოლ-შვილის გინებით გამოიხატა. ცოლი უხვდებოდა მზაკვრულ მოქმედებებს და ხშირი კამათიც ჰქონდათ. შემდეგ ეკლესიაში წავიდა და თავისი მოვალეობის შესრულებას მეტ-ნაკლებად შეუდგა. როცა მორჩა დილის ლოცვას, მრევლიც წავიდა და ანდრიამაც ამოისუნთქა ამდენი ,,მაწანწალისაგან“ (როგორც თვითონ უწოდებდა). ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. უკვე ეზოში გამოსულიყო მამა ანდრია. უპასუხა ზარს და ვისი ხმა ესმის: იმ თეატრის დირექტორი ურეკავს, რომელიც თვითონ აკურთხა ათწლეულების წინ. მოიკითხეს ერთმანეთი დიდის მონატრებით. თეატრის დირექტორმა ანდრია დაპატიჟა საღამოს 19 საათზე თეატრში, სადაც სპექტაკლის პრემიერა უნდა გამართულიყო. ანდრია შეყოყმანდა (რა ეთეატრებოდა), მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა ძველი მეგობრის გულითად თხოვნას.
                    ლადოს შეყვარებულს მოეწონა გადაწყვეტილება თეატრში წასვლასთან დაკავშირებით. დილით უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს და დააზუსტეს თეატრში წასვლის გარემოებები. ანამ ლადოს უთხრა, რომ მოსწავლეები უნდა ემეცადინებია ინგლისურში (ის ხომ ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობდა) და სახლში უნდა გასულიყო. 6 საათზე გამოვალ სახლიდან და თეატრთან დამელოდეო, უთხრა ანამ ლადოს. მოჭადრაკეც დათანხმდა. საღამომდე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
                   თეატრში ერთი თავისუფალი ადგილიც არ მოიძებნებოდა. შესამჩნევი კონსტრუქციის შენობა 1000 ადამიანს იტევდა. პარტერში სკამები 9 რიგად ჩამწკრივებულიყო სიგანეში, სიგრძეში კი 25 ადგილი იყო თითოეულ რიგში. 11 ლოჟა პარტერს გადაჰყურებდა, სამსართულიანი თეატრის მეორე და მესამე სართულზე დამონტაჟებული სკამებიც კი ვერ იტევდა შეკრებილ ხალხს, ,,ბელეტაჟებზე“ თავისუფალი ადგილი არ ჩანდა. პარტერს დაჰყურებდა ძველებური ჭაღი, რომლის გრანდიოზულობითაც ყოველთვის იხიბლებოდა თეატრის სტუმრები. სცენა საკმაოდ ფართო და კომფორტული ჩანდა, მსახიობებს ყველანაირ გარემოს რომ უქმნის საკუთრი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
                  მოსაწვევებზე ადგილები დანომრილი არ იყო; ასე გადაწყვიტა სანდრომ, რომლის სცენარითა და რეჟისურით უნდა გამართულიყო სპექტაკლი. როცა პრემიერა იმართება, განსაკუთრებულად ნერვიულობს მსახიობებიცა და რეჟისორიც... არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. სანდროს დასი ნერვიულობდა, განსაკუთრებულად ნერვიულობდა თავად სანდრო.
                  სტუმართა სიაში აღმოაჩენდით როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ისე ხელოვანებს: მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, მსახიობებს; ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, თუ უბრალო ადამიანებს, რომელთაც არანაირი პროფესია არ გააჩნდათ. 
                  სტუმართა რიგებში ამოიცნობდით: დათოსა და თამთას, თავისი ტყუპი ბიჭებით; თეონასა და ოთარს, თავისი შვილებით; პოლიციელ ცოტნეს; ბოსტნეულის გამყიდველ გიორგის, რომელიც ნატალიას გვერდით იჯდა; ჟურნალისტ ხათუნას, რომელიც სიუჟეტის მოსამზადებლად იყო გამოგზავნილი; მწერალ ნოდარს; ფილოსოფოს ფრიდონს; მომღერალ ცისანას, ლევანთან ერთად; ირაკლის, რომელსაც ამდენი ხალხი თვალით არასოდეს ენახა; ფოსტალიონ უჩას, მაიკოსთან ერთად; დიასახლის მალვინას, ზაურთან ერთად; ,,ნასტროგალ კაი ბიჭს“ ზურაბს, თავის ცოლთან და პატარა ბავშვთან ერთად; ქალიშვილობადაკარგულ სალომეს, ჯონისთან ერთად; მწიგნობარ თემურს, მეუღლესთან ერთად; ინგლისურის ლექტორ ნინას, შორი-ახლოს მჯდომ იმ ადამიანთან, რომელსაც უიმედოდ უყვარდა; ვეტერინარ შოთას, საცოლესთან ერთად; ავტომექანიკოს ბექას, რომელიც დაბნეული გამოიყურებოდა ასეთ გარემოში; ყოფილ სხეულითმოვაჭრე თამარს, მალხაზთან ერთად; დეკანოზ მამა ანდრიას, რომელიც ლოჟაში წამომჯდარიყო სამთავრობო ხალხთან ერთად და თვალებს უცნაურად აცეცებდა; მოჭადრაკე ლადოს, ანასთან ერთად.
                   სპექტაკლი წუთიწუთზე დაიწყებოდა. სანდროს სცენის გვერდით მყოფ ლოჟაში უყვარდა დაჯდომა. საათს დასცქეროდა, რამდენიმე წუთში სპექტაკლი უნდა დაწყებულიყო. მოულოდნელად წამოდგა, კარებისაკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით... ამ დროს დარბაზში შუქი იკლებდა, წარმოდგენა იწყებოდა. თეატრის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. სიგარეტს მოუკიდა. ორი წუთის განმავლობაში ეწეოდა. ზუსტად იმ დროს ,,მოქაჩა“ ბოლო ნაპაზი, როცა თეატრის მაყურებელთა ოვაციები შემოესმა... დაინტერესებული მაყურებელი სიხარულით შეეგება სპექტაკლის დაწყებას. 
                     სანდრომ ფილტრამდე დასული სიგარეტი იქვე მდგომ ნაგვის ურნაში მოისროლა. ურნაში მრავლად ეყარა სიგარეტის ნამწვავები, მისი სიგარეტის ნამწვავიც მათ შეუერთდა. შემდეგ მოტრიალდა და ფილოსოფოსივით ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გზას გაუდგა ქალაქისაკენ.
                  თეატრში წარმოდგენა დაიწყო. მოსაწვევს ეწერა: ,,19 ივნისს, 19 საათზე ,,19 ივნისის“ პრემიერა“.
                   20 ივნისიც გათენდა…
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი ზიჩი - აფთიაქის ბიჭები (ფიქრები მინიატურულად) გიორგი ზიჩი - აფთიაქის ბიჭები (ფიქრები მინიატურულად) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / მომხმარებლები ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ახალგაზრდა პოეტები - ლექსები ახალგაზრდა პოეტები - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge