ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ბელა ალანია - ლექსები
იმედის ლექსი
ეს მერამდენედ გადმოცოცდნენ ჩემი სულის წნულის ღობეზე,
კვლავ გამიქურდეს, მოსავალი თუმც იყო მწირი.
წაიღეს თუ რამ ატლასი და ხავერდი მქონდა,
თან გაიყოლეს აბრეშუმი, მაქმანები, მარმაში თეთრი,
ყველა მარაო, სუნამო და სამკაულიც თან გაიყოლეს.
ხეებს ტოტები შეატეხეს, უმოწყალოდ ყრია ფოთოლი,
ყველა მზე ერთად დამიბნელეს ფორთოხლისფერი.
ვერ შეავსებ და გაამთელებ, რაც გაიბნა, დაიშალა,
ნამტვრევად და ნარჩენად იქცა...
განხიბვლა ჰქვია ახლა ჩემი სულის სატკივარს.
უიმედობა დადგა დიდი, გაუსაძლისი.
დავდივარ უხმო, ცრემლგამშრალი,
თავიდან ვაწყობ, რაც დაინგრა და ვალაგებ სიცარიელეს.
იქნებ ვიპოვო რამე ადრე დაკარგულთაგან, ან სულაც ვინმე... და გამიხარდეს...
დაფრთხნენ ჩიტები, ტოტებზე რომ ვეღარ სხდებიან
და აღარ უნდათ შორს გაფრენაც, იციან რომ მოვენატრები.
ღობის წნულზე კი მოძვრებიან შეუმჩნევლად
თუ უტიფარ-შესამჩნევად მტაცებელი მოძალადენი
და მიაქვთ, მიაქვთ ხილულ-აშკარად
წარსულიდან, დღეისდღიდან, მომავლიდანაც...
კვლავ მინგრევენ და მიძარცვავენ ძლივს გადარჩენილს.
მერე გამოჩნდა ვიღაც ერთი, უცხოდ ტანადი, სათვალიო, თან მხიარულიც...
ყველაფრისათვის, ყველას ნაცვლად მომიბოდიშა -
თუ რამ მატკინეს, მაწყინეს და დამაწიოკეს.
ნეტავ, სად მიცნო, სად დავაკლდი, რამდენ ათასს გამომარჩია?!
ან სხვათა ძარცვა-ნგრევა რატომ იუხერხულა,
თან იმდენად რომ თავის ვალად ჩათვალა შველა?!
ერთად ვაწყვეთ და ვახარისხეთ მერე ფოთლები
- ყვითლად და მწვანედ,
დამტვრეულ ტოტებს ბლომად ვასვით წყალი კამკამა
გადასარჩენად, გასახარებლად, ყლორტისა და მერე ფესვის გამოსატანად,
დიდი სავარცხლით გადავვარცხნეთ ეზოს მდელო და ბაღ-ბოსტანი,
ჭადრის ფოთლები შეაწება მარაოებად,
მარცვალ-ნაყოფის ჭრელი მძივი ხეებს მიჰკიდა
და ყვავილების ნაზი ფარჩა მოაფინა ირგვლივ გარემოს,
რომ აყვავდეს გაის გაზაფხულს!
საქმეს რომ მოვრჩით, შებრუნდა და უხმოდ წავიდა.
- იქნებ სახელი მითხრა მეთქი, - კართან ამოვთქვი.
მარტო ღიმილი გაიმეტა.
მიღიმოდა მთელი სახით, გულით, თვალებით,
იმ მადლიანი ხელებითაც კი მიღიმოდა...
ისე გავმხნევდი, გავთამამდი, გავბედე და მივაძახე:
- კვლავ მოსვლამდე, ნახვამდე მეთქი.
ნუ დამტოვებო, ეს წამომცდა ღელვით გათანგულს...
შორს არ მინდოდა წასულიყო,
მინდოდა გვერდით მგულებოდა იმედდაწურვილს,
სამარადსო მომლოდინეს და გულგატეხილს...
ვხედავდი,როგორ მიდიოდა მძიმე ტვირთით ქედდადრეკილი,
სავსე ზურგჩანთით თან მიჰქონდა ნგრევისა და ძარცვის ნაშთები,
წყენა, ღალატი, მარცვალ-მარცვალ ნაგროვები წყევლის სიტყვები,
რომ შორს წაეღო, აღარასდროს არსად მენახა,
ჩემი თვალისთვის უხილავად სადმე დაეფლა.
ანდა დაეწვა. მერე ნამწვიც წყლისთვის მიეცა, ვით კვირაძლის ავი სიზმარი.
ერთხელ იქნება, უმთვარო და ავდრიან ღამით
მონატრებისგან ძილგამკრთალს და სიზმარ-ცხადის ზღვარზე გახერილს,
გამეჩვენება ბინდისმკვეთი, თბილი ნათება მომღიმარი მისი თვალების
და გული მეტყვის იდუმალი ხშირი ბრაგუნით:
მე აქ ვარ, აქ ვარ. არც წავსულვარ შენგან არასდროს,
არც არასოდეს მიგატოვებ,
მე - იმედი...
დღეს
კვლავინდებურად გადმოთოვლავ სახლის სახურავს,
რომ გატეხილი კრამიტიდან არ ჩამოჟონოს იმ ოთახში, სადაც ჩვენ გვძინავს.
მე ჩვეულებრივ, ისევ დაბლა დაგელოდები,
შიშისგან ხელსაც ავიფარებ ორთავე თვალზე,
თითქოს ასე თვალბნელ ხიფათს უსათუოდ გადამირჩები.
...
გათოშილ ხელებს იორთქლავ და მძულს მე ეს თოვლი,
ნოემბრის მერე რომ ველოდით დიდხანს ნანატრ მეგობარივით.
შეგევდრები, მაგრამ, აბა, ჯერ რას ჩამოხვალ?
- შენ წადიო, ნაყარმა ან ლოლომ ქვეშ არ დაგიტანოსო...
ან მე სად წავალ? აქ უჩემოდ ვინ დაგიფარავს?
...
ჩემი უტეხი სიჯიუტე ისევ გაჯობებს,
მივეყინები იქვე პანტას, ვიდრე ეზოში ჩამოზვინავ ორი ღამის თოვლს,
მერე, ბიჭივით იმ ზვინებზე გადმომხტარი, ერთს გამომხედავ,
ხელს დამიქნევ და აუყვები ღობეს ტყისაკენ
მიმატოვებ სხვა თოვლების, სხვა ნატვრების მოგონებებთან.
...
გამახსენდება წლები, როცა ისე გვიჭირდა,
ლუკმას ერთმანეთს ვუნახავდით და უფრო კი მე, მეძუძურს და დაბალწნევიანს,
ახლა ვხვდები, რომ მიზოგავდი ხშირად ღამესაც -
ფარდას გადასწევდი, ბიჭს გაიყვანდი, რომ ცოტა კიდევ მძინებოდა ღამის იმედად
და მცივანას მატყლის საბანსაც წამაფარებდი.
...
წახემსებული ხმელაპურითწახვიდოდი დღიურ მთიბავად,
ან საქონელს გაირეკავდი მდინარის გაღმა, ხალხისგან შორს, უკაცრიელში,
თვალსმოფარებით ალბათ კიდეც ჩამოჯდებოდი,
წიგნს გადაშლიდი, ნახირს სულაც დაივიწყებდი
და იკითხავდი, იკითხავდი დაბინდებამდე.
დაგახვედრებდი მოტკბო-მჟავე შინდის შეჭამანდს,
ღარიბულ ვახშამს შემიქებდი. შეჭამდი მშვიდად.
(კვლავაც ვერ იტან ამ დროს საუბარს)
განმარტოებით თავისთავთან დღეს იხსენებდი, აფასებდი,
იმახსოვრებდი. თუ რამ ღირდა, სახელს არქმევდი,
ივიწყებდი ან ინახავდი სამარადისოდ.
...
მე სახვალიოს გიმზადებდი საჭმელს და სამოსს,
სახელდახელოდ გამოგონილს უყვებოდი ბავშვებს ამბებს ძილისპირულებს
და მერე სადღაც პოულობდი უზუსტეს სიტყვებს,
პურზე, წყალზე, ყველანაირ ქონებაზე ძვირად ღირებულს -
სულ სახვალიო ერთი პეშვი იმედით სავსეს.
...
გავიზარდეთ და დავჭკვიანდით. ცოტა დავმშვიდდით.
წლების, ქარების, ავდრებისა და ბევრზე-ბევრი ნაირგვარი ამბების მერე
გატანისა და ერთგულების ვისწავლეთ ენა,
ობლის კვერიც რომ გვიან მაგრამ კარგად გამოცხვა,
მაინც ძველისკენ, იმ წლებისკენ გაგვირბის ნატვრა.
...
დღეს ჩვეულად რომ გადმოთოვლავ სახლის სახურავს,
თვალბნელ ხიფათს რომ აგაცდენ და ვიცი, ყველგან უსათუოდ გადამირჩები,
უბისჯიბეში აღმოგიჩენ მთელი დღის ნაძებნ,
თოვლისქვეშ ნაპოვნ სათებერვლო პირველ ენძელას
ძველის კი არა, ხვალინდელ დღის ერთი პეშვი იმედის ნამცეცს.
***
ერთი დღე სიცოცხლეს ამართლებს,
ერთი დღე სამყაროს ცვლის,
უეცარ ქარტეხილს დაგაწევს,
ვერ ხვდები, თუ რატომ გსჯის.
ხანდახან მიწასთან გასწორებს,
განგრევს და ჭკუიდან გშლის
და მერე იმედი გაცოცხლებს,
იმედი - იმ ერთი დღის.
(მე და შენ ვერაფერს დაგვაკლებს,
ჩვენ ხომ ერთმანეთი გვჭირს)
ერთი დღე ცხოვრებას აგირევს,
ერთი დღე ბედნიერს გხდის...
და მაინც იმ ერთი დღისთვისაც,
მერწმუნე, სიცოცხლე ღირს!
***
დავდივარ და გულში ვიკრავ ყვითელ ფოთოლს,
ხელისგულზე უმწეოდ რომ თრთის,
გაფიქრებას ვეღარც ვასწრებთ ისე ქრება,
რაც გვიყვარდა და გვჯეროდა ის.
დღეს ხატებთან შემონთებულ თაფლის სანთლებს,
ღვენთი თითქოს სევდის ცრემლად სდით,
მეშინია იმედი რომ აგვიანებს,
ნეტავი, რა გველოდება წინ?
დავდივარ და ქარებს ვატან ყვითელ ფოთოლს,
წარსულზე არ დამაჩვიოს ფიქრს.
***
სისხლისაგან დაცლილს ჰგავდა ზამთრის ცივი დღეები,
თრთოდნენ, ფიფქებს თავს უხრიდნენ მოჩურჩულე ვერხვები.
ქარს მიჰქონდა ზღვა ფოთლების,
ყინვით თვალშენავლები,
ჭალა- ჭალა, მინდორ- მინდორ მოფარფატე მგზავრები.
სველი მქონდა გულისპირი, თმებზე ფიფქი მეფინა,
მაგრამ მაინც შენთან ყოფნას არაფერი მერჩივნა.
წამს არ გამოვკიდებივარ, თუმც მიხმობდა მეზარე,
თითქოს ზღვაში ჩავდიოდით, ასე უხმოდ - მზე და მე.
ბევრი რამე უკან დარჩა, მომიშუშდა იარა,
წყენამაც და სიხარულმაც ერთად გადაიარა.
დრომ ყვავილი ფურცელ- ფურცელ დამაცალა კი არა,
უფლის რწმენა იმედად და სანთლად ამიბრიალა.
არც ზღვა იყო ისე ლურჯი, მზეც მთებში არ ღვიოდა,
მე კი შენით საგულედან გული ამომდიოდა.
შენ ასეთო ცისიერო, შენ ასეთო ცისთვალა,
მზენატრულმა ჩემმა გულმა ასე შემოგითვალა:
ჩაიგორებს მზეს მკლავებში, ცა თავისი ნისლებით,
ძალიანაც რომ ვეცადო, აღარ დამავიწყდები.
დავსხდეთ ცაზე მოციაგე ვარსკვლავები ვითვალოთ,
ჩემო ნატვრის ახდენავ და უმთვარეო ცისკარო...
ჩაგვეღვრება ციალები ცვარდაყრილი ცისვაზის,
ღამე ციცინათელების ციმციმს გამოგვიგზავნის.
ავიხდინოთ ცვილისფერი შემოდგომის სიზმარი,
ცას მაწვიე სიხარულით, მიყვარხარო, მითხარი.
***
გარეთ ცივა ისე როგორც შარშან,
თოვლქვეშ სდუმან თეთრი ენძელები.
თმაზე შენი სურნელი მაქვს კვლავ და
ძველებურად შორით გეფერები.
გამაგიჟებს დღესაც შენზე დარდი,
ჩემს თავს ისევ ისე ვეურჩები,
გავრბივარ და ქარში დაკარგული
ერთსულ, ერთხორც მაინც შენთან ვრჩები.
შესევიან ლურჯ ზღვას თოლიები,
კანკალებენ ტოტზე ბეღურები,
მე კი, მართლა, არაფერიმინდა,
შენ, გულში თუ აღარ გეგულები.
***
ხდება ასეც, როცა ყველას და ყველაფერს ემშვიდობები.
სადაც სიყვარულია, მარტო მაინც არსად ხარ
...
მიმეკვრებოდა ობოლ ბალღივით ყოველი სიტყვა
შენგან მოსული გზავნილის თუ დანატოვარის.
შენს მოლოდინში მოსვენებას რომ მიკარგავდა.
სანამ თავიდან ვირწმუნებდი, რომ მალე მოხვალ.
დაგიგულებდი სადმე გზაში და ოცნებით დაგეწეოდი
მრავალჯერ უკვე ნაპატიებს ჩაგიკონებდი.
დამისველებდა გამშრალ ბაგეს ჩემივ ცრემლები,
დამავიწყებდა შეხვედრებიდარსა და ავდარს,
დღეს და ღამეს, ცასა და ხმელეთს.
აღარ ვიმჩნევდი არც წყენას, არც გაბრაზებას აღარც ტკივილებს
ჯარისკაცებად მწკრივში ჩამდგარ მიზეზ-შედეგებს ჩვენი ჩხუბის და შერიგების!
მაინც რამდენი გვქონდა საერთო?
უერთმანეთო რამდენი წამის გაელვება,
რამდენი წყენის, ტკივილის თუ სიხარულის გამოტოვება მოსაყოლი?!
შემოგვაღამდა. დაგვეკარგა თვალსაწიერსაც...
ვერ დავარღვიე და დაგვირჩა განასკვული ყულფში დუმილი.
შემომელია ყველა სიტყვა, ვიდრე მივხვდი,
რომ სიყვარული, გინდაც ციდა, ერთიმტკაველი, უდრის სამყაროს,
დავიწყებულიც, დაკარგულიც არა ხარ მარტო.
რომ ზედმეტი და უაზროა ხშირად სიტყვებიც
და არ არსებობს მარტოობა მარტოდ ყოფნაშიც...
2.
და მერე, როცა მე წავალ და დაგეკარგები,
როცა ჩადგება ჩვენ ორს შორის წლები და სივრცე,
როცა თითქოსდა არსად უკვე აღარ ვიქნები,
მიხვდები ალბათ, მხოლოდ ვნებით რომ არ გკვებავდი,
რომ შენი სულის დიდი წილიც თან გავიყოლე.
დაცარიელდი ჩემი წილი მზით თუ წვიმებით
და გავხდით ორი დიდი სოფლის მარტოსულები...
ერთ დღეს კი როცა შენს ერთ ლექსში ან ერთ ნახატში,
ან უნებლიედ ბაგეს ამცდარ ერთ სიტყვაში დავიბადები,
ჩემ წილ გულსაც რომ შენში იპოვი, (დაფეთებულ ფეთქვას გაიგებ),
თითქოს ვიღაცამ მოასწრო და გადაგინერგა,
იგრძნობ, მიხვდები უტყუარად, დაუეჭვებლად,
იმ სიცოცხლეშიც შენგან მაინც ვერსად წავედი...
ღმერთი მარტივად ანაწილებს, მიუჩენს ადგილს
ზუსტად დროულად დასვამს წერტილს
სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა და საზღვრებს შეცვლის.
,,ის ხომ სიცოცხლე აღარაა, თუ ყველგან გეძებ”, მეტყვი სიზმარში.
,,ის სიკვდილიც კი არ სიკვდილობს, სადაც შენ არ ხარ”,
გიპასუხებ და გავიხარებთ, რომ ისევაც, მარტონიც კი მარტო არა ვართ.
აქ და იქაც, რომ არსებობს, ერთი დიდი სიხარული - სულთა ხარება
და სადაც ჩვენ ვართ, ზემო-ქვემო სოფლის მკვიდრები,
მარტოსულები არ ვიქნებით, არ არსებობს მარტოობა მარტოდ ყოფნაშიც!
ახალი სტატიები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ქეთევან ნათელაძე - ლექსები