გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო მზესელი - ორი მოთხრობა

                      
           ***
   აცივდა. გაუსაძლისად აცივდა... არა, აქამდეც რა, განა არ აციებულა, მაგრამ... ეტყობა სინორჩ_ სიქორფის ძალით იყო ის სულისგამყინავი ქარიც, რომ მეთბილებოდა, თორემ აბა, სხვას, რას დავაბრალო ჩემი ასე მცივანად გადაქცევა?! არადა, ჯერ კიდევ გუშინდელ დღესავით მახსოვს პირდაპირ მზესავით ვანათებდი, ოღონდ მზისგან განსხვავებით ჩემგან ზურმუხტისფერი ბზინვარება გამოსჭვიოდა. ასე ვბზინვარ_ ვბრწყინვალებდი და ქვეყნად არც არაფერი მენაღვლებოდა.
   ანდა,რა მქონდა სადარდო, როცა სიო მეკეკლუცებოდა, ხე ჩემით ხარობდა, ჩიტები კიდევ ბაიათებს მიჭიკჭიკებდნენ... თანაც, ვგრძნობდი, რა მყარად ვიყავი ბებერი ხის ტოტზე ყუნწჩაკიდებული და სწორედ, ეს სიმყარის გრძნობა ყოფილა თურმე, ჩემში  უდარდელობის საოცარ  ფიონს, რომ იწვევდა.
   ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მეც უნდა ვაღიარო, მაშინ, იმ სინორჩ_ სიქორფის ხანაში, სულაც არ მენაღვლებოდა ჩემს ირგვლივ ფოთლებს,რაც ემართებოდათ. არა, კი ვხედავდი ფერში ნელ_ ნელა ყვითელი როგორ ეპარებოდათ, იმასაც ვხედავდი ეს ტურასავით მიპარული სიყვითლე, მერედამერე ძალებს როგორ იკრებდა და მთლად გაყვითლებულ ფოთლებს ხის ტოტზე აღარ დაედგომებოდათ მიწა თავისკენ ისეთი ძალით ექაჩებოდათ, მაგრამ… მე, მე მეგონა,რომ ჩემს სიმწვანეს ეს საშინელი ფერადოვნება არასდროს შეერეოდა.
   თუმცა მეგონა, მეგონად დარჩა. გავიდა დრო და... ჩემს ნაზ ფერდებს ალაგ_ ალაგ ყვითელი ლაქები დააჩნდა. გულს ცოტა ის მიკეთებს, ჯერ ისევ სიმწვანე,რომ ჭარბობს ჩემში, მაგრამ... ნათლად შევიგრძენი წიკწიკი, წიკწიკი იმ ჩემი წამზომისა,რომელიც უკვე ჩართულია და რა წამს გაჩერდება ,აი იმ წამიდან, აქამდე ქვეყნისთვის სულ  ზედა ტოტიდან მოცქირალი თქვენი მონა_ მორჩილი, მაშინ უკვე ხის ძირში გაერთხმება. ისღა დამრჩენია ვილოცო იმ ხის ფესვზე მაინც წამოვფრიალდე, რომელიც ამაყად მაშრიალებდა. მშობელ სულთან ყოფნას მაშინაც არაფერი სჯობია, მაგრამ... ვაი... არა, ვაითუ უგულო ქარმა გამიტაცოს, ჯერ კიდევ არ გამოგლოვილი სულ ზუზუნ _ ზუზუნით ამიტაცოს დაჩემი ხიდან სადმე სხვაგან გამიტაცოს?
   მშობლიურობის განცდა,რომ დამეკარგოს? ამაზე ფიქრი არც მინდა, მაგრამ მეფიქრება და რაც მეტს ვფიქრობ ვხვდები კიდეც,რომ ყველაზე მეტად სწორედ ამისა მეშინია, თორემ გაყვითლებით რა,განა ჯერ ფოთოლი არ გაყვითლებულა? და იმ ძველი ფოთლების ნაცვლად ხეზე  უფრო ხასხასები და უფრო კოხტები არ გამოსულან?! და მერე როგორ გამოსულან!_ მშობელ ხეს ხალიჩად თუ დავეფარე, ფესვები დავუთბუნე, ეს, რა განა ცოტა ამბავია?!
   არა, ნამდვილად არაა ცოტა...
   ბაიათების  მოჭიკჭიკე ჩიტების მაგიერ ანდა შოშიები,რომ წაიმღერებენ ჩემს თავზე გალობას, იმ ტკბილი ხმების გაგონების შემდეგ, ცხოვრების არსით გულდაწყვეტილი აბა, როგორღა შევძლებ სიმოკლის გამო სიცოცხლის დაგმობას?!
   სანამ ჯერ კიდევ შევიგრძნობ სითბოს,მანამ მოვასწრებ ბალახს შერჩენილი საამო სურნელით და დილის ცვრით დათრობას, სულაც არ ვაპირებ ჩემი საყვარელი ტოტის მეგობრების დათმობას. ჩავეხუტებით ერთმანეთს მაგრად, მაგრად, მიწისთვის ხალიჩად ვიქნები და იასთვის ფარდად.
   ჰო, ჩემი ია, ჩემი მორცხვი ია! რამდენჯერ თავი მაღლა მარტო იმისთვის აუღია, რომ მე დავენახე. ჩუმად აპარებდა თავის ღრმად სევდიან ლურჯ თვალებს ჩემსკენ და... მყისიერად დაიმორცხვებდა თუ შეატყობდა, რომ მისი ეს მზერა მეც შევნიშნე რიდისგან  შეიშმუშნებოდა, თავს დახრიდა და გაირინდებოდა.
   ეხ, იავ გახსოვს, რამდენჯერ დამემალე? თვალებით მაინც მოვფერებოდით ერთმანეთს, რატომ მარიდებდი მაგ ზღვის სადარებს, რა დაგიშავე?  ახლა კი ვიცი, სულ ცხარე ცრემლით მეტირება, მაგრამ ვიდრე გვეგონა იმაზე ბევრად ხანმოკლე ყოფილა ეს სოფელი. ვინ თქვა წუთიაო?! წუთი არა! სულ რაღაც მილიწამია, მეტი კი არა!
   ოხ, რას აცივდა, მართლა გაუსაძლისად აცივდა... ასე ძლიერად მე... მე პირველად მცივა... თან მეშინია... დიახაც, დიახაც მეშინია, ვგრძნობ ყუნწი ნელ_ ნელა,როგორ მისუსტდება, როგორ ირყევა. ერთი პატარა წიწკიპურიღა მიჭერს და ვატყობ დიდხანს ვეღარც ის შემეხიდება. აი, კიდევ ერთს (ჰა,ჰა, ორს), დაუბერავს ქარი (თუმცა მე ქარი აღარც მინდა, სიოც მეყოფა!) და სულ ცეკვა_ ცეკვით ჩამომაფარფატებს მიწის საკოცნელად.
   არაუშავს რა, ერთხელ ავიტან სიკვდილის ტანგოს, სამაგიეროდ, აღარასოდეს შემეშინდება. ოღონდაც ცეკვა მალე დამთავრდეს, ამასღა ვნატრობ!
                                      



     
        ***
   საღამოს პირი იყო, ბურთივით მრგვალი მთვარე წყნარად მოლივლივე ზღვაში ირეკლებოდა, რითაც ზაფხულის თბილ საღამოს განსაკუთრებულ ეშხს აძლევდა და ამ უნაკლო პეიზაჟით ტკბობის მსურველებს ანდამატივით ზღვისკენ იზიდავდა. თუმცა ძირითადად რესტორნების,კაფე_ ბარების ვერანდებისა და აივნებისკენ ექაჩებოდა ადამის მოდგმას,თორემ თავად სანაპიროზე სიხალვათე იყო. აქა-იქ შეყუჟული წყვილები ციდან ღამის ფარდის საბოლოო დაშვების მოლოდინში მუსაიფობდნენ, მერე თავიანთი საქმისთვის, რომ უფრო    გულდამშვიდებულებს  მიეხედათ.
   სმის მოყვარულები ზღვის სუნს არყისას ურევდნენ და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე,რამდენადაც ეს სასმელმოკიდებულთათვის შესაძლებელი იყო აი,იმ დონეზე სერიოზული სახეებით ლუღლუღებდნენ, ლუღლუღებდნენ და კიდევ ერთხელ გაუთავებლად   ლუღლუღებდნენ ძმობის, კაი კაცობის, ჭიქების ჭახუნისა და  დროდადრო ამ სახელდახელო სუფრასთან გამეფებული ხვევნა_ კოცნის ფონზე.
   მოკლედ, მთლად უხალისობას არ უჩიოდა სანაპირო,მაგრამ ამ ხალხით ეს სანაპირო არ ლამაზდებოდა.პირიქით,რაღაცნაირად მძიმდებოდა ,მწუხრდებოდა და ასე დამწუხრებული ღამის მარწუხებში ეხვეოდა.
  ...და სწორედ ამ დროს კენჭები,რაღაც უჩვეულო ხალისით ახმაურდნენ.სანაპიროზე "შლო პანცებში" თავისი ჩხირივით ფეხებწაყოფილი 7 წლის სანდრო მოაბიჯებდა.გვარიანად გახუნებულ წითელ მაისურზე ზღვის წყალში დასველებული  ცხვირსახოცი ჩამოედო და ფეხდაფეხ ადევნებულ ერთგულ მეგობარს,საყვარელი ზღვის ქაფივით თეთრ ძაღლს ეტიტინებოდა. ძაღლი მუდამ გადაყვლეფილი მუხლების სიმაღლეს,სულ ცოტათი სცდებოდა და ისეთი ჭკვიანი იყო,სახელის ყოველ დაძახებაზე, ბიჭს ყეფით ეპასუხებოდა.მოდიოდა ეს ორი და მოჰქონდათ სიცოცხლე.
  _ ეეი... გახსოვს ბოქულ  აი,ზუსტად იმ კაფის წინ გიპოვე ლეკვობაში.
   _ ჰამ,ჰამ... წინადადებაში იყო ბოქული და  იყო პასუხად ყეფაც.
   _ გახსოვს? კაი ხარ!_ ბიჭმა ძაღლს ღიმილი შეაგება,მერე ერთი დანანებით გახედა სინათლით გაბრდღვიალებულ და სტუმრებით აჟრიამებულ კაფეს და იმის ნიშნად,რომ შიოდა ხელი გაუცნობიერებლად აყურყუტებულ კუჭს წაატანა. ძაღლმა, ხორცეულის სუნით აქსუტუნებული            ცხვირი  ჯერ კაფისკენ გაატრიალა,მერე ნაღვლიანი თვალებით გახედა ბიჭს და თავისი მოელვარე თეთრი კბილები მაისურის კიდეზე ფრთხილად ჩასჭიდა.
   _ოოო... არა ბოქულ,ჩვენ იქ, არ გველოდებიან! განა არ გახსოვს,როგორ იციან ამ კუჭმაძღრებმა? უბოდიშოდ გამოგვაბრძანებენ,ფეხს თუ არ ავუჩქარებთ,ზურგს უკან ცოცხს მოგვაწევენ და კაი ჯიშიან ქოქოლასაც მოგვაყრიან.  გვინდა ახლა ბოქულ  ამ ოქროსავით ხასიათის გაფუჭება? რაც უფასოა ის მაინც შევირგოთ არ ჯობია?!_ სანდრომ ხელებიუმწეოდ გაშალა,ძაღლმა მოიწყინა ,პირს მომდგარი ნერწყვი ხარბად ჩაყლაპა და ხმადაბლა დაიკრუსუნა.
   _ ჰა,ბოქულ,შენ რა, ლეკვივით წკნავი? არ შემარცხვინო ახლა!_ შეწუხდა ბიჭი,ბოქული ჭკვიანი ,რომ იყო ახლაც შეეტყო,მიხვდა რა საოცრად გემრიელი სურნელის კერძის ჭამის იმედი არც კი უნდა ჰქონოდათ,თავისზე მეტად კუჭამწვარი ობოლი სანდრო შეეცოდა.გასამხნევებლად ვითომც სულაც არ მინდოდაო,კუდი მხიარულად გააქიცინა და ბიჭს ომახიანად შეჰყეფა.
   _ ასე არ ჯობია?!_ შვებით ამოისუნთქა სანდრომ და ძაღლთან მასლაათი (თითქოს სულაც ჰაერით ძღებოდა) ისევ წეღანდელი ხალისით განაგრძო.
   _შენ იმისთანა ჭკვიანი მყავხარ,უეჭველი ისიც გემახსოვრება ზღვაში შესვლა,როგორ გეშინოდა.ეს მერე შეუთამამდი ტალღებს,როცა დაინახე,რომ თევზივით ვცურავდი,თან ისე გაუდიდგულდი ახლა,რომ გაგეჯიბრო,ვშიშობ შენ გამასწრებ._ ბიჭმა , არა მოდის,არამედ სიძველის გამო გაბრდღვნილ_ გახეული შარვლის ჯიბიდან  პატარა ჯოხი ამოაცურა,ძაღლს დააყნოსინა და ზღვისკენ ისროლა.ბოქულმა ერთი შეჰყეფა და ზუსტად ხუთი წამით ზღვას შეერია.იქიდან ქების მოლოდინში უკვე სახე განათებული და ამაყი გამოვიდა.
   _ ყოჩაღ ჩემპიონო!_ სანდრო მუხლებზე დადგა და ძაღლს სველ კისერზე ჩამოეკიდა. ბოქულმა დიდხანს ვერ მოითმინა წყლით დამძიმებული ბეწვი,კისერი, ერთმანეთში  გადაჭდობილი ბიჭის თითებისგან მკვეთრი  მოძრაობით გაინთავისუფლა და როგორც  ძაღლებს სჩვევიათ ხოლმე,ბეწვი მანაც ისეთივე მონდომებით გაიფერთხა.
   ნაზმა სიომ ,რომელიც სამხრეთ_ აღმოსავლეთის მიმართულებით დაქროდა, ზღვის წვეთის რამდენიმე პაწაწინა ნაწილაკს ხელი ჩასჭიდა და თავისი მიმართულებით გააქროლა. შხეფი სანაპიროზე მოქეიფე  ორი  ლოთიდან ერთ_ ერთს ლოყაზე მოხვდა. გეგონებოდა ტყვია ესროლესო,ჭკუადასპირტებულს იმისთანა ბრაზი მოერია,გაშმაგებული ზეზე წამოიჭრა, ხელების ქნევა_ ქნევით და ლანძღვა გინებით თვალებ ამღვრეულმა მყისვე ბიჭისკენ გაიწია.
   _ ძაღლისთვის ვერ მიგიხედია,შე ნაბიჭვარო. . .
   _ ჰე,ბიძაჩემო დაწყნარდი,_ სანდროს შიშისგან ხმა აუთრთოლდა.
   _ შეეშვი ძმაკუშ!_ ერთი ამოასლოკინა  გაშლილ ბოხჩასთან დარჩენილმა ლოთმა, ბოლო ლუკმად მორჩენილი შავი პური და ყველის ნატეხი ურიგოდ გადახუხულ არაყს
" ზაკუსკად" მიაწია და. . . ფერად კენჭებზე გადაშოტილმა ფშვინვანარევი ხვრინვა ამოუშვა.
   _ჰე,ჰე_ მეთქი ძია,საჩხუბრად რატომ მოიწევ?_ თვალამღვრეულის შეჩერება  სცადა ბიჭმა.
   _ რა თაობა ხართ წამოსული,ახლავე გასწავლი უფროსის პატივისცემას,შე ლაწირაკო! _ ბიჭის დაზაფრულმა სახემ მხეცზე დაგეშილი ქოფაკივით იმოქმედა მთვრალზე,თხელი მაისურის ბოლოები  სახელდახელოდ აიკეცა და შვილის ტოლა  ბიჭს მუშტი სახეში უთავაზა.სანდრო ზღვისკენ წაბარბაცდა,ერთ წამს გონებაც კი დაკარგა,მაგრამ  მერე მოეჩვენა თითქოს თავისმა საყვარელმა ზღვამ ტალღები  მზრუნველად მოულამუნა და თვალიდან გამოიხედა,თუმცა ზღვაში შეყოლილი კაცის დანახვაზე,მორიგი დარტყმის მოლოდინში შიშისგან ისევ მაგრად დახუჭა თავისი წამწამიანი  პატარა " ზღვები".
   _ _ აწი ხომ იცი უფროს_ უმცროსი?_ დამცინავად ჩაიქირქილა მთვრალმა,გაშლილი ხელისგული ბიჭს თავზე მიაბჯინა და მთელი ძალით დააწვა,რომ ჩაეყურყუმალავებინა.
   ერთხელ,ორჯერ,სამჯერ . . . სანდროს ყოველ ჯერზე  უფრო და უფრო მეტად უჭირდა სუნთქვა,ამ ურჩხულისგან თავი როგორ გამოეხსნა ცდილობდა ამაზე ეფიქრა,მაგრამ გონება აღარ უჭრიდა. ზღვა წეღანდელივით მშვიდი აღარ იყო.თითქოს ბიჭის ცოდვით იწვებაო,თანდათან უფრო მღელვარე და ბობოქარი ხდებოდა. კარგა გვარიანად აზვირთებული ტალღების თქარათქურში ბიჭის ხმა იკარგებოდა,თუმცა მის ყურს ბოქულის ყმუილნარევი ყეფა სწვდებოდა.სწვდებოდა და  რაღაცნაირად უხაროდა იმ თავისი ალალი პაწაწინა გულით. უხაროდა,რომ მთლად მარტო არ იყო,გულშემატკივრად და დამტირებლად მისნაირ ობოლს და ბედისგან სუყველა გამოღლეტილს ბოქულიც ეყოფოდა.
   ძაღლმა ერთხანს იცქმუტა და იტრიალა ნაპირის გასწვრივ,თავისი ყეფით თითქოს დამხმარეს უხმობდა,მაგრამ,როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე,ზოგი ქეიფობდა,ზოგი. . .,
მოკლედ,იმ ლოთისთვის ხელიდან ბიჭის გამომგლეჯველი კაციშვილი არ ჩნდებოდა. ბოქულიც როდემდე აიტანდა თავისი პატრონის ცემა_ ტყეპას.ერთხელ კიდევ შეჰყეფა,იმის სანახავად ვინმე ხომ არ მოდის მაშველადო,თავი აქეთ_ იქეთ მიაბრუნა და . . . ზღვას შეერია.
   მართლაც  "სანდროს სკოლა" ჰქონდა ბოქულს გამოვლილი.სულ წყალქვეშ იცურა,მანამ სანამ თითქმის შუა ზღვაში გასულ ბიჭსა და მთვრალს შორის არ ამოყო თავი. ასე უცებ და ერთბაშად ამოიზვირთა კბილებგაკრეჭილი,მრისხანე თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა და აღრენილ დრუნჩს საეჭვოდ აკრაჭუნებდა.
   _ შენ აქ ,საიდან ქოფაკო?_ ერთი შეყვირა მთვრალმა,ბიჭს მყისვე ხელი გაუშვა,სწრაფი მოძრაობით მარად ქამარში გარჭობილი არყის ბოთლი მოიხელთა და ბოქულს თავზე გადაამტვრია.ძაღლმა სიმწრისგან მხოლოდ ერთხელ ამოიგმინა, მერე გაახსენდა ,რომ თითქმის გონმიხდილი სანდრო ჰყავდა მისახედი,კბილები ფრთხილად მოსჭიდა მაისურის ყელზე და ნელი ცურვა_ ცურვით ბიჭი ნაპირზე გამოიყვანა.კენჭებზე მთლად.მოხერხებულად ვერ დააწვინა, უკმაყოფილოდ წაიკრუსუნა და დრუნჩით სცადა ბიჭის სხეული გაესწორებინა,მერე ხელები და სახე მანამ ულოკა,სანამ სანდრომ თვალები არ გაახილა.
   _ ბოქულ,შენ მიშველე?_ გალახულისახით ძლივს გაიღიმა ბიჭმა,მაგრამ ძაღლის სისხლიანი თავი შენიშნა და მყისვე ზეზე წამოიჭრა.
   _ როგორ ხარ ბოქულ?_ რახან მიხვდა ბიჭს აღარაფერი უჭირდა,ძაღლმა თავს უკვე ნება მისცა და საბრალო ხმაზე აკრუსუნდა.
   _ წამოდი,ახლავე გიწამლებ,შენ არ შეშინდე_ ბიჭმა ბოღმა გაჩხერილ ყელში,ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.თანხმობისა და მორჩილების ნიშნად ბოქულმა კუდი გააქიცინა.ცოტაც და წავიდოდნენ კიდეც,მაგრამ. . . ზღვიდან იმ აშარი მთვრალის ძახილი შემოისმა,შველას ითხოვდა_ გული,გული მტკივა,ვკვდები!_ ყვიროდა.
   _ არც იფიქრო ბოქულ! კვდება და მოკვდეს! რასმერჩოდა ამ წყალივით კამკამა ბიჭს?თან შენ რა დაგავიწყდა თავი ვინ გაგიტეხა? დამიჯერე ბოქულ,დამიჯერე და მე  გამომყევი,ეგ შენ წვალებად  არც ღირს! ის კი არა თევზებმა,რომ შეჭამონ მაგაზე ახია,იმიტომ,რომ ძალიან ცუდი კაცია!_ სანდრომ ერთი ზიზღით გახედა ზღვაში უმწეოდ აფართხალებულს,ნაპირზე გადააფურთხა და სახლისკენ წავიდა,მაგრამ რამდენიმე ნაბიჯშივე იგრძნო ძაღლი უკან არ მიყვებოდა.
   _ ბოქულ დაბრუნდი! ბოქულ მაგ თავით სად მიდიხარ! ბოქულ არა_ მეთქი!_ აღრიალებული სანდრო ზღვისკენ გაიქცა,მაგრამ დააგვიანდა.ძაღლი ზღვას ჩვეული ოსტატობით შეერია.
   თუმცა გამოსვლა დააგვიანდა,ის კაცი ბიჭის წონისა არ იყო,თანაც ბლომად სისხლ დაკარგულს თავში ძალების გამოძებნა ძალიან გაუჭირდა,როგორც იტყვიან სულ,სულ ბოლო ძალები მოიკრიბა და ნაპირზე ძლივასღა გამოფორთხდა.
   _ ახლა მაინც შეეშვი მაგ უჯიშოს,რახან წამოდგა აღარაფერი უჭირს,ეგ შარიანი თავისი ფეხით წაეთრევა თავის შარაზე. სანდრო ძაღლს მივარდა,რომელიც ძლივს სუნთქავდა და ნელ_ ნელა თვალებს ლულავდა. სანამ ბოქული ნაპირზე გაწვებოდა,ბიჭმა მასთან ჩახუტება და კისერში კოცნა მაინც მოასწრო.
   _ ჩემი ჩემპიონი,ჩემი გმირი. . . რისთვის მოიკალი თავი ,განა ეს აქოთებული შენი ბეწვის ღერად ან მოჭრილ კლანჭად ღირდა?_ სანდრო არასდროს ტიროდა,ხელი რომც გაეჭრა,ფეხი მოეტეხა. . . გოგო ხომ არ ვარ ცრემლები ვღვაროო,_ ობოლი ბიჭი თავს  ყოველთვის ასე იმხნევებდა,მაგრამ ახლა, ახლა სულ არ ადადრდებდა ქვეყნად არაფერი.ერთადერთი მეგობარი თვალწინ უკვდებოდა,თანაც სულ არაფრის გამო. კლანჭების გახსენებაზე სანდრომ ძაღლის წინა,მარჯვენა თათი ხელში მოიქცია,_ჩემი მარგალიტები... ასლუკუნებულმა ჩაილუღლუღა.მერე იფიქრა ეგება,რომ გავამხნევო უფრო ძალაზე მოვიდესო და... დიდი გაჭირვების ხარჯზე უწინდებურად ატიტინდა.
   _ ეეე. . . ბოქულ,გახსოვს პირველად კლანჭებს,რომ არ მაჭრევინებდი? გეშინოდა ხოო? მაკრატელმა შეგაშინა ბიჭო? არა,სავარცხელსაც,რო არ იკარებდი? გაფიცებ,იმისი რატომღა გეშინოდა? ვითომ გიკბენდა?!
   ბოქულს ეტყობა მართლა გაახსენდა ლეკვობის ტკბილი ხანა,დრუნჩის კიდეები  ოდნავ შესამჩნევად გასწია,თითქოს გაიღიმა.
   _ აი,ხომ ხედავ გახსოვს,კაი ხარ!_ იმედმოცემულმა ბიჭმა ცხვირი მაისურის სახელოზე შეიხოცა და ბოქულს სახეზე ნაზად მიუალერსა.
   _ აბა,ის თუ გახსოვს დამშეულებმა ყასაბს  ბარკალი,რომ ავწაპნეთ? ხორცი მე და ძვალი შენ,მოდი თათი დაკარ ,ხომ კარგი გარიგება გვქონდა,არა?_ ძაღლმა ძალიან ზანტად,
მაგრამ მაინც შეასრულა სანდროს თხოვნა,რითაც ბიჭს იმედი გაუორმაგდა,ხმაში სიხალისე შეემატა,მეტი შემართებით ატიტინდა.
   _ ბოქულ_ ბოქულ,_ კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა ,მაგრამ ძაღლმა აღარ დააცადა,თითქოს ამ არ დასმული კითხვი_ს პასუხად წინდაწინ ერთი სუსტად დაიყეფა და  მყისვე გაირინდა.
   _ ოოო,არა ბოქულ!_ აღრიალებული ბიჭი თავის ბავშვობის მეგობარს გადაემხო.ტიროდა,მოსთქვამდა,ღრიალებდა,თავის პატარა თითებს კენჭებზე უმოწყალოდ ურტყამდა,აშკარად მოსწონდა კიდეც ფიზიკური ტკივილი,რადგან სულ ცოტათი სულიერ ტანჯვას უამებდა.
   _ მოკვდა ბიჭო? მანახე ერთი!_ წეღანდელი მთვრალის აწ უკვე ფხიზელი კაცის სიტყვებმა ლახვარივით დასცეს ბიჭს გულში.სანდრომ  ხელი ყველაზე დიდ ქვას წაატანა.
   _ არც გაბედო მიკარება  მაგ ტურტლიანი ხელებით, მკვლელო!_ ამოიგმინა სანდრომ,რომელიც ამ წუთებში სულ აღარ ჰგავდა შვიდი წლის ბიჭს.ახლა ცხოვრებისგან გათელილ შვილმკვდარს უფრო მოგაგონებდა. კაცი შეშინდა და უხმოდ გაეცალა.
   _როგორც ყოველთვის,ახლაც  ყველაზე უშნო დროს გაგვიწვიმდა ბოქულ!_ მაგრამ შენ შიში არ გქონდეს,აქ, ამ ნაპირზე ასე უპატრონოდკი არ მიგატოვებ! სულს დავლევ,მაგრამ ბოლო პატივს მაინც საკადრისად მოგაგებ. აწი, ყოველთვის ჩემთან იქნები ეზოში მყუდროდ,თუ გაწყობს რამენაირად  მანიშნე,გთხოვ.
    იქუხა,საშინელ ხმაზე დაიგრუხუნა. უსასოდ დარჩენილებს სჩვევიათ ხოლმე ყველაფერში იმ ნიშნის დანახვა,რასაც ეძებენ და სანდრომაც ბოქულის თანხმობად  ჩათვალა ეს ქუხილი.რის ვაი_ ვაგლახით აიტატა ხელში მისი უსულო სხეული და სახლისკენ წაასვენა.
   …მას შემდეგ სანდრო ზღვაში აღარ შესულა. უბრალოდ იჯდა ნაპირზე,ზღვაში კენჭებს ყრიდა და ხანდახან ეჩვენებოდა კიდეც,რომ ამ ფერად_ ფერადებს ბოქული სულ ყეფა_ ყეფით ითვლიდა.
                  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge