გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი არონია - სევილიაში ფორთოხალი აყვავებულა


დროში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ვიმოგზაურე. ეს ამბავი მარტის ბოლოს გადამხდა თავს. დროს გვიანი არ ეთქმოდა, თუმცა, აღარც ადრე იყო. დღის ის მონაკვეთი იდგა, ესპანელები რომ პირველად იკრიბებიან სავახშმოდ. სევილიაში რამდენიმე საათით ადრე ჩავედით, თუმცა რესტორანს, რომელიც ებრაელების ძველთა-ძველ უბანში მდებარეობდა, მხოლოდ ქალაქში ხეტიალის შემდეგ მივადექით, ისიც მოშიებულები. 
თბილი საღამო იდგა, ჟანგბადი კი აყვავილებული ფორთოხლის ხეების ტკბილი სურნელით გაჯერებულიყო. ფორთოხლის ხეები! თურმე, მხოლოდ ქალაქის ცენტრში ორმოცდაორი ათასი ფორთოხლის ხეა! ეს ხეები ერთად რომ შეკრიბო, უზარმაზარი ფორთოხლის ტყე გამოვა-მეთქი, გავიფიქრე. 
ექსკურსია-მძღოლმა კატალინა დე რიბერას პარკში საუკუნოვანი ხეები დაგვათვალიერებინა და ფიკუსის გამრავლების ამბავსაც კი მოგვიყვა. თურმე, მიწაში ჩარგვა ფიკუსისთვის არაფერია. მას მხოლოდ სხვა ხის შთანთქმით შეუძლია არსებობა. ცოტახანში ფიკუსის ამ ისტორიის განსხვავებული ვარიანტი მოვისმინე ერთი ახალგაზრდა ესპანელისგან, რომელიც გოგოებთან საკუთარი იუმორით თავს იწონებდა:
– ამ ხეს შეუძლია ნებისმიერი ხე იყოს, – ამბობდა ის, – გოგოები კი სიცილს ვერ იკავებდნენ, – თუ კი გადაწყვეტს ვაშლის ხე იყოს, ვაშლის ხე იქნება, – დაამატა საკუთარი მაღალი, თითქოს ბავშვური ხმით.
რესტორანს ვუახლოვდებოდით, როცა ერთი ჩინელი ბიჭი გავიცანი. მთელი ჯგუფი სურათის გადასაღებად გაჩერებულიყო და ჩვენც, გვერდიგვერდ მდგომნი, უხერხულობისგან თავის დასაღწევად სათქმელი თავაზიანად გავცვალეთ.
– რა საოცარი სურნელია, არა? – ვკითხე. 
– თავი ზღაპარში მგონია, – დამეთანხმა ჩინელი. 
– ხომ არ იცი აყვავებულ ხეს რა ჰქვია? – გულწრფელად დავინტერესდი, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. 
ცოტახანში კვლავ ერთად რომ მოგვიხდა დგომა, ჩინელმა საიდუმლო გამიმხილა:
– იცი, ის ყვავილი ნაჭამი მაქვს! – ისე მითხრა თითქოს რამე დაეშავებინოს. 
– გემოც სურნელივით კარგი აქვს? – გამეცინა, ჩინელმა კი ყვავილიანი პურის გამოცხობის რეცეპტი მიამბო. 
ჩემს კომპანიონს აშკარად მოშიებია. არც მე ვიტყოდი უარს სამხრეთ ესპანური სამზარეულოს დაგემოვნებაზე. რესტორნის გზაზე რამდენიმე ქუჩას შევეჩეხეთ, რომელზეც ორ-ორი საშუალო ზომის ადამიანის მეტი ვერ გაივლიდა. აქაურ მაცხოვრებლებს საკუთარი აივნებიდან შეეძლოთ ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. ქვაფენილამდე კი, მზე იშვიათად აღწევდა. 
ქუჩების სივიწროვე და მიხვეულ-მოხვეულობა, არაბული ბატონობისა და მათი კანონენების შედეგიაო, – გიდმა გვითხრა. ერთ-ერთ ასეთ ქუჩაზე, თიხის ჭურჭლის საოცრად ფერად მაღაზიას ავუარეთ გვერდით. სტუდენტებს შიმშილი ჩქარ ნაბიჯში დაეტყოთ. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და მაღაზიას ნაჩქარევად ფოტო გადავუღე. სურათს რომ დავხედე, ვერაფერი გავარჩიე. ჯგუფს ჩამოვრჩი და მაღაზიაში შევედი. 
საკმაოდ დიდი ფართობი მყუდროდ მოეპირკეთათ. ჭურჭელი იმდენი ფერის, ფორმისა და ორნამენტის იყო, რომ თვალი ნამდვილად გაგექცეოდა. მეც ასე დამემართა.
– ჯგუფს არ ჩამორჩე, – ესპანურად მომმართა მაღაზიის ახალგაზრდა გამყიდველმა, თითქოს იცოდა რომ ტურისტი ვიყავი და ისიც, რომ მისსავე ენაზე გავცემდი პასუხს. 
– აუცილებლად დავეწევი, – ვუპასუხე და პირველივე ნაკეთობა გავუწოდე რომელიც ხელში მომხვდა. 
გოგონამ ჭიქა გამომართვა, ქაღალდში გაახვია და ქაღალდისავე პარკში ჩადო. ამ ყველაფერს ისე მსუბუქად და კოხტად აკეთებდა, ამ საქმეში აშკარად გაწაფულიყო. ხელები მოვლილი ჰქონდა და არც ტანსაცმელი ეცვა ურიგო. გრძელი ყავისფერი თმა მხრებს ისე უფარავდა, როგორც ჩანჩქერის წყლის ნაკადი კლდეს ფარავს. სიმეტრიული სახის ნაკვთები ჰქონდა, ღიმილისას კი ღრმულები ემჩნეოდა. მისი დიდი და ლამაზი თვალები, ფერადოვნებით ჭურჭელს არ ჩამოუვარდებოდა. დიდხანს ხომ არ მივაშტერდი-მეთქი, გავიფიქრე და დახლებისკენ გავტრიალდი. 
– თავბრუდამხვევი სიჭრელეა, არა? – მკითხა გოგონამ და ქაღალდის პარკი დახლზე გამოაცურა. საუბრისას ინტონაციას ანდალუსიურად ეთამაშებოდა: ხან მაღლა ავიდოდა, ხან დაბლა ჩამოვიდოდა. 
– საოცარი ფერებია, – დავეთანხმე, – ხელნაკეთია? 
– ჰო, ოჯახური საქმეა, – გაიღიმა და დახლსუკნიდან გამოვიდა, – რამდენიმე თაობაა სამეთუნეო საქმეს ვეწევით.
– შენც ამზადებ ჭურჭელს? – გოგონას ვკითხე, მან კი კარადიდან გადმოღებული თეფში გამომიწოდა, – მომიყვები ამ თეფშის ამბავს? – გავუღიმე. 
თეფში, სავარაუდოდ სავახშმო უნდა ყოფილიყო. კრემისფერ თეფშს გარშემო, მუქლურჯი რკალი გასდევდა. ყვითელ-ცისფერი რვაკუთხედის შიგნით, მუქი ლურჯი რვაკუთხედი იყო, შუაში ყვითელი ფოთლებით. თეფშის ცენტრში კი, რვაქიმიანი ვარსკლავი მოეთავსებინა სალათისფერი და სტაფილოსფერი ქიმებით.  
– აშკარად არ გადარდებს შენი ჯგუფი, – გამიღიმა და განაგრძო, მე კი მართლა დავეჭვდი ჩემსა და ჯგუფს შორის არსებულ კავშირზე, – სამეთუნეო საქმეც ხომ ხელოვნებაა, უთქმელისა და აბსტრაქტულის გამოხატვა ფიზიკურ სამყაროში. თან, თიხის ჭურჭელი პრაქტიკულიც არის და ამასთანავე გამძლე. თუმცა, როგორც ხელოვნების სხვა ნიმუშები, არც ესაა იდეალური, – თეფში გამომართვა და შუქისკენ ისეთი კუთხით შეატრიალა, რომ თეფშის ნაკლოვანებები გამოეჩინა. თეფშის გარშემო რკალი აშკარად არ იყო ისეთი მრგვალი, როგორიც თავიდან მომეჩვენა. 
– მეთუნეს შეხება ჭურჭელში სამუდამოდაა აღბეჭდილი, – გოგონას თვალები ინტერესის ცეცხლით იწვოდა, თუმცა, რატომღაც საუბარი შეწყვიტა და დახლს დაუბრუნდა. 
– სევილია ხელოვანების ქალაქია, შეუძლებელია აქ ადამიანი ჩამოვიდეს და რამე არ იგრძნოს, – თითქოს მომაკვდავი საუბრის გადარჩენა სულის უკანასკნელი შებერვით ვცადე.  
– ფლამენკო თუ გინახავს? – ისე გამიგო გოგონამ, როგორც ხელოვანმა ხელოვანს, – ნამდვილი ფლამენკო… აქაური? ნამდვილი ხელოვნებაა! კორიანტელივით შეგისრუტავს და დაგაჯერებს, რომ სევილია მაგიური ქალაქია, რომელშიც ყველაფერია შესაძლებელი!
– ფლამენკო მინახავს, მაგრამ აქაური – არა. თუმცა, ეგ ისეთი რამეა, კახელებს რომ აჭარული ხაჭაპური გამოაცხობინო. შეიძლება კარგი გამოვიდეს, მაგრამ ნამდვილი აჭარული ხაჭაპური მაინც ვერასდროს იქნება. ზუსტადაც რომ აჭარული შეხება დააკლდება. 
გოგონამ ერთ-ერთი ტავერნის მისამართი ჩამაწერინა, სადაც მისი აზრით, ფლამენკოს საუკეთესო წარმოდგენებს მართავენ. მას მადლობა გადავუხადე და მაღაზიიდან რაღაცნაირად ამაღლებული გამოვედი. 
სტუდენტების ჯგუფს კათედრალთან დავეწიე. ჩემი ჩამორჩენა არავის შეუმჩნევია. მათ იმ დროს შევერიე, როცა გიდი კათედრალის ისტორიას ჰყვებოდა. სიდიდით მსოფლიოში მესამე კათედრალი ყოფილა, ხოლო გოთიკური სტილის ნაგებობების სიდიდის სიაში, სულაც პირველი. 
გიდმა ტავერნების ქუჩამდე მიგვაცილა, თვითონ კი მიიმალა. დაჯავშნილი რესტორნის შესასვლელთან მემორიალური დაფის მსგავს რამეს მოვკარი თვალი, რომელიც იუწყებოდა, რომ ამ ქუჩაზე, ერთ-ერთ ტავერნაში კარმენმა დონ ხოსე და ესკამილიო გაიცნო.[1] ნეტავ ერთი წამით მაინც ჩამაგდო იქ, სადაც სიყვარულის, ტყუილის, თავისუფლებისა და შურისძიების ეს განსაკუთრებული ამბავი ტრიალებდა-მეთქი, გავიფიქრე. 
რესტორანი ძველ პატიოში მოეთავსებინათ. პატიოს კედლები ვარდისფრად შეეღებათ, ხოლო ჩვენთვის სათანადოდ გაშლილ მაგიდებზე მცირე ლამპები იდგა. სევილიელები ბუნებით რომანტიკოსები არიან, რას იტყვი. პატიოს ცენტრში უზარმაზარი ფორთოხლის ხე აღმართულიყო, ტოტებზე უამრავი ხილით. საღამოვდებოდა. მზის უკანასკნელი სხივები უზარმაზარი ფორთოხლის ხის წვეროს ათბობდა, ჩვენ კი, მის ჩრდილში ვისხედით. ჟანგბადი კვლავ ნაირნაირი ყვავილების სურნელით იყო გაჯერებული. მიდი და სცადე ასეთ სურნელში რომანტიკოსი არ გამოხვიდე! 
მაგიდასთან ოთხნი აღმოვჩნდით. ჩემ გვერდით ყვავილების მჭამელი ჩინელი დაჯდა, ხოლო მაგიდის მეორე მხარეს მხიარული ესპანელი და ფრანგი მოთავსდნენ. უკანასკნელს, თურმე, პორტუგალიური ფესვები ჰქონია. 
უმალვე მიმტანების არმია ისე დაგვესია მაგიდებთან შემომჯდარ სტუდენტებს, როგორც ჭიანჭველების ჯგუფი შემოესევა ხოლმე გზად ნაპოვნ ფოთოლს. რამდენიმე წამში, ჩვენს წინ ორ-ორი ჭიქა აღიმართა, ერთი წყლით, მეორე კი, რასაკვირველია, ღვინით. ცოტა დავლიეთ, ცოტაც ვილაპარაკეთ. 
რამდენიმე წუთში, ჯერ ანდალუსიური გასპაჩო მოგვიტანეს, ხოლო შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი, კიტრი და ბულგარული წიწაკა შემოგვთავაზეს. ხახვი და კიტრი ვთხოვე, ხოლო ბულგარულ წიწაკას გასპაჩოს ვერ მივწირავდი. 
– უცხოეთში ცხოვრებისას, – წვერ-ულვაშიანმა ესპანელმა დაიწყო, – ყველაზე მეტად გასპაჩო მენატრებოდა, – ჩინელს ვერ გაეგო გასპაჩოს რაობა და ისიც კი თქვა, რომ არასდროს გაუსინჯავს.
– ერთხელ, მანჩესტერში ცხოვრებისას, ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში ‘ესპანური დღეები’ მოაწყვეს, – პატრიოტულად, თუმცა მაინც თავშეკავებულად გაიღიმა, – მანდ ერთი თვის ფული დავხარჯე. თუმცა სამაგიეროდ, მაცივარი და კარადები გამოტენილი მქონდა გასპაჩოთი, ხამონითა და ტორტილიებით. 
ისე, როგორც ხშირად ხდება სტუდენტების გარემოში, საუბარი პოლიტიკაზე ჩამოვარდა. მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, კოლონიები და მარქსიზმი მიმოვიხილეთ. სხვათაშორის, არც ჩინელი იყო მაოსეუილი მარქსიზმის მოყვარული, ყოველ შემთხვევაში ასე თქვა.
გასპაჩოს შემდეგ, პაელია მოგვიტანეს ზღვისპროდუქტებით, ხოლო დესერტად ხილი. ამ დროისთვის, ღვინის მესამე ჭიქა უკვე დაგვეცალა. გრძელ გზაზე წამოსულს,  ღვინის რბილი სიმთვრალე ადვილად მომერია. 
სახიდან დაღლილობის ჩამოსაბანად საპირფარეშოს მივაშურე. სუსტი განათების ფონზე სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. ხელები დავიბანე, სახე ჩამოვიბანე და საპირფარეშოდან გავედი. რესტორნის შიგნით რამდენიმე მაგიდა დაუდგამთ, სადაც კოსტუმში გამოწყობილი კაცები საჭმელს მიირთმევდნენ. ნეტავ რამდენი ხანი ვიყავი საპირფარეშოში-მეთქი, გავიფიქრე. 
გარეთ გამოსულს, არც ჩემი ინტერნაციონალი მეგობრები დამხვდნენ და არც სხვა რომელიმე სტუდენტი. მაგიდებიც სხვანარად განელაგათ და პატიოსთვის ჯაზ-კლუბის მსგავსი იერი მიეცათ. მაგიდებთან მსხდომნი, კოსტუმში გამოწყობილი კაცები და ღამის კაბებში გამოწყობილი ქალები, აყვავებული ფორთოხლის ხისკენ იყურებოდნენ და მის ქვეშ მჯდომ ახალგაზრდა გიტარისტს უსმენდნენ. მას გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა, ხოლო სახეზე ჯმუხი გამომეტყველება გამოეხატა.
მუსიკა ნაცნობი იყო და აშკარად შემსრულებელიც, თუმცა, გაკვირვებას მაინც ვერაფერი მოვუხერხე. ნამდვილად დიდი ხანი უნდა ვყოფილიყავი საპირფარეშოში გასული, რათა მიმტანებს ამდენი რამე მოესწროთ.
– ბოდიში სინიორ, – ოფიციანტს მივმართე, – ჩემი მეგობრები დიდი ხნის წინ წავიდნენ? 
– თქვენი მეგობრები? – გაკვირვებულმა მკითხა და აშკარად შემათვალიერა, რადგან გაუკვირდა რომ ჯინსით ვიყავი. სხვების ფონზე, ამ უკანასკნელმა ფაქტმა მეც გამაოცა.
მიმტანებს ვერაფერი გავაგებინე და კვლავ პატიოში გავედი, კარის რაფას მივეყუდე და მუსიკაში ჩავყვინთე. მისი სწრაფი ტემპი აგაცეკვებდა, ხოლო ნოტების სიღრმე დაგაფიქრდებდა და შენში ყველაზე ბნელ ადგილას მიმალულ  ჩახშულ გრძნობებს უეჭველად გააღვიძებდა. მუსიკოსს გრძელი თმა ერთ მხარეს გადაეწია, თვითონ კი ზოლიან კოსტუმში გამოწყობილი სკამზე დინჯად იჯდა და გიტარაზე თვალდახუჭული უკრავდა. შუბლზე ოფლის წვეთები გასჩენოდა. მუსიკის რიტმი არც მისთვის იყო მოსაწყენი – ის თითოეულ ნოტს გულს აყოლებდა. 
კოდას პუბლიკა ოვაციებით შეხვდა. მაგიდებს შორის საუბარი აღდგა და დამსწრე საზოგადოება ახალგაზრდა ესპანელი გიტარისტის დაკრულის განსჯას შეუდგა.
– სინიორა, გიტარისტის სახელს ხომ ვერ მეტყოდით? – ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომ ასაკოვან ქალბატონს მივმართე. 
– პაკო დე ლუსია ჰქვია, – მიპასუხა, – ხომ გენიოსია? – გახარებულ ქალბატონს, გვერდით მჯდომმა მეუღლე თავი დაუკრა და სიგარა გააბოლა. 
რა საინტერესოა, ამდენი სახელი შეიძლება დაირქვას კაცმა, და მაინც სხვის სახელს რომ აირჩევს, რას უნდა ნიშნავდეს? ნამდვილი პაკო დე ლუსია რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო,[2] ეს ახალგაზრდა კი, ალბათ, მისი კარიერის გაგრძელებას აპირებდა. განსაკუთრებულად კარგად კი უკრავდა, ამას ვერ დავუკარგავ. გარეგნობითაც საუცხოოდ ჰგავდა ნამდვილ პაკოს. რთული საქმე აურჩევია-მეთქი გავიფიქრე და რესტორნიდან გავედი. სტუდენტები სადღაც მიიმალნენ და გული კი მატკინეს, მაგრამ სევილიაში ვიყავი ბოლოს და ბოლოს და მოწყენის დრო ნამდვილად არ იყო.
ტავერნების ქუჩას გავუყევი. აკვანში მძინარე ჯანმრთელი ბავშვივით მშვიდი საღამო იდგა. ცა იასამნისფრად განათებულიყო, ხოლო ჰაერი კვლავაც გაჯერებული იყო სურნელების საოცარი ბუკეტით. ხმაურიანი ესპანელები თბილ საღამოს ბარებისა და ტავერნების გარეთა მოსაჯდომებზე ხვდებოდნენ. 
ისიც იქ იყო – თეთრ ფუშფუშა კაბაში შემოსილი ბოშა კარმენი. ის მსუბუქად დასტრიალებდა ტავერნის პატიოში შეკრებილ მამაკაცებს. თმის გრძელ და მუქ კულულებში ჟასმინის ყვავილები ისე ჩაექსოვა, თითქოს ეს დედა-ბუნების ნამოქმედარი ყოფილიყო. უზარმაზარი თვალები სწრაფად მიმოუდიოდა, ხოლო მზერა ნელა სჭვალავდა. მისი მოძრაობა აღვსილი იყო ლტოლვითა და ვნებით, მისი საუბარი თაფლივით ტკბილი იყო, ხოლო სხეული თვით თავისუფლებას აფრქვევდა. ის რამდენიმე მამაკაცს ერთად დასტრიალებდა, უღიმოდა და თვით ქალღმერთი ფორტუნას მსგავსად ეთამაშებოდა. მამაკაცები კი ერთის მიყოლებით გიჟდებოდნენ, გიჟდებოდნენ და გიჟდებოდნენ. 
კიდევ ცოტა რომ გავიარე, თითქოს გადაკარგულმა, ერთ-ერთ ბარს მივადექი, რომელსაც სახელი წითელი ასოებით დაეწერათ მწვანე აბრაზე. დაარსების წელიც იქვე იყო – 1670. საინტერესოა ასეთ ძველ, მაგრამ ცოცხალ ადგილებში სიარული. ბევრი ძველთა-ძველი ნაგებობა მინახავს, თუმცა გული, დღემდე, მხოლოდ რამდენიმეს უცემს. 
ბარი ნამდვილ ანდალუსიურ გართობას მოეცვა. ხმაური, ცეკვა, სიმღერა, სიგარის ბოლი და უამრავი, უამრავი ალკოჰოლი. აქეთ-იქით მიფრინავდა ბინძური ხელსახოცები, ზეთისხილის კურკები, და ხამონის ნარჩენი ქონი. ანდალუსიელები უდარდელად იცინოდნენ, ბარის გული კი აჩქარებულად სცემდა. 
ბარის გრძელი მაგიდა რამდენიმე ოთახში გრძელდებოდა, რომლის მიღმა დაოსტატებული ბარმენები მატარებლებივით უშეცდომოთ და დროულად მიდი-მოდიოდნენ. ბარის მაგიდის თავზე, ათეულობით ღორის ფეხი ეკიდა – ნანატრი ხამონი – ქონისა და ხორცის ეს განსაკუთრებულად ფაქიზი მასა, რომელიც ენაზე შაქარივით გადნება. ბარის თითოეული კედელი კარადებს დაეფარა, რომლებზეც დედამიწაზე არსებულ ყველა ტიპის ალკოჰოლურ სასმელს იპოვიდით. იქ ჰქონდათ ბურბონი, ღვინო, ჯინი, არაყი, ბრენდი, ტეკილა, ლიქიორი, სიდრი, კონიაკი, აბსენტი, საუკუნის წინ დაარსებული ლუდი ‘კრუსკამპო’ და არამარტო ის, და რა თქმა უნდა – რომი. თეთრი რომი, ოქროსფერი რომი, მუქი რომი, ვინტაჟური რომი, აგუარდიენტე, და რასაკვირველია, შავი რომი. წარმომიდგენია რა რაოდენობის შავ რომს დალევდნენ კოლუმბი და მისი მეზღვაურები, როცა შორეული მიწების აღმოსაჩენად გაივოიაჟეს. თუმცა, კოლუმბი ბუნებით ავი კაცი იყო და შეიძლება არც კი მიეცა განტვირთვის საშუალება მისი მეზღვაურებისთვის. 
ბარმენს ვთხოვე, ერთი პინტი ‘კრუსკამპო’ ჩამოესხა – სევილიელების საამაყო ლუდი. მან შეკვეთა შემისრულა და ლუდთან ერთად ზეთისხილით სავსე პატარა თეფში მომცა – პინჩო – ჩვენებური მისაყოლებელის ამბავში. სევილიაზე ვფიქრობდი. გიდი მართლაც სწორი იყო როცა სევილია პოეტური ქალაქის სტატუსით შეამკო. აქ ყოველ ქუჩაზე და ყოველ ბარში განსხვავებულად ამაღელვებელი აურა ტრიალებს. 
შუახნის ესპანელი მომიახლოვდა, ხელში ლუდის ჭიქით. გვერდზე მომიჯდა, პინჩო შეუკვეთა და ცოტახანი ბარის ობლივიონს გასცქეროდა. 
– ხელოვანისთვის, სევილია მუზასავითაა, არა? – მკითხა შემოუხედავად. 
– მუზების არ მჯერა, – ვუპასუხე, – თუმცა, აქ ისეთი ატმოსფეროა, რომ აუცილებლად მოგინდება ეს ემოცია შენს ხელობაში გამოაჩინო. 
– ხელოვანება თავიდანვე შეგატყვე, თუმცა რას საქმიანობ მაინც ვერაფრით ამოვიცანი, – ჩემმა მოსაუბრემ სწრაფად შემათვალიერა და თვალებში ანდალუსიურად მომაშტერდა.  
მაღალი და გამხდარი კაცი იყო, მუქი ფერის კანი ჰქონდა – კარმენზე ღია, თუმცა საშუალო ესპანელზე მუქი. ვენებში ბოშების სისხლი აუცილებლად უნდა ჰქონოდა. თმა უკან გადაეწია, ხოლო ცოცხლად მოძრავი წარბები სათვალეს ნაწილობრივ დაეფარა. მისი თმიანი მკერდი ამაყად მოჩანდა ზოლიანი პერანგის ფართოდ გახსნილი საყელოდან. 
– ვწერ ხოლმე, – ვუპასუხე. 
ცოტახნით ორივე დავდუმდით. „ელ რინკონსილიო“-ს ხმაურიან, ოფლიან, ალკოჰოლიან და კვამლიან, მაგრამ ლაღ და მხიარულ აურას მივენდეთ. სხეულში ლუდისგან აჩქარებულად მოძრავი სისხლის ნაკადი ვიგრძენი. რბილი სიმთვრალე დამეტყო. 
მოსაუბრე ჩემი ეროვნებით დაინტერესდა. მეც ვუთხარი ქართველი ვარ-მეთქი, რასაც ესპანელების და იბერიელების ძმობის ცალი ყურით გაგონილი ამბავი მოაყოლა. მე კი აღვნიშნე, რომ ესპანელები და ქართველები ერთმანეთს განსაკუთრებულად უგებენ-მეთქი. 
– ჩვენ ხომ ძველი ხალხები ვართ, რომელთაც აღმოჩენების მიწაზე მოუწიათ ცხოვრება. შეიძლება ამას გავლენაც კი არ მოეხდინა ქართველებისა და ესპანელების განვითარებაზე, თუმცა ჩვენი წინაპრები იმდენად ცნობისმოყვარენი იყვნენ, რომ თავგადასავალს წინ არასდროს აღუდგებოდნენ. სწორედ ასე შექმენით ღვინო – თქვენ, და აღმოვაჩინეთ ამერიკა – ჩვენ, – მიპასუხა ესპანელმა. 
ვუსმენდი და კოლუმბისდროინდელ ესპანეთზე ვფიქრობდი. ესპანეთზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის იმპერია იყო და ქვეყანა, რომელშიც ევროპელებმა პირველად გასინჯეს კარტოფილი, პომიდორი და ყავა; ქვეყანა, რომელიც ერთ თავზეხელაღებულს მიენდო, მან კი ათასობით კილომეტრი გადაცურა რათა დაემტკიცებინა, რომ ცხოვრება ევროპის მიღმაც არსებობდა.
ბარმენთან ანგარიში გავასწორე, ჩემს ახლადშეძენილ ესპანელ მეგობარს დავემშვიდობე და გარეთ, სევილიური ღამის შესაცნობად გამოვედი. რამდენიმე წუთით ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში გადავიკარგე – თვალები გზას მანიშნებდა, ფეხები კი მხოლოდ მიყვებოდა. ჰაერი კვლავაც გაჯერებული იყო ყვავილების მდელოს ტკბილი სურნელით.
ქუჩას – ქუჩა მოჰვებოდა, სახლს – სახლი. სევილიაში ჩემ ხეტიალს არც მიზანი ჰქონდა და არც გარკვეული ტრაექტორია. ერთ-ერთ ქუჩაზე ჩასულს, საშუალო ასაკის მამაკაცმა მომაძახა. თურმე, გვერდი ისე ავუარე, რომ არც კი დამინახავს. 
– ახალგაზრდავ, ჩემთან ერთად სიგარას ხომ არ მოსწევდი? – მკითხა.
სიგარის ერთად მოწევა ესპანეთში წმინდა რიტუალად ითვლება. ასე, მასპინძელი სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის უმაღლეს დონეს გამოხატავს. თან, კარგი სიგარის გაბოლებაზე უარს ისედაც არ ვამბობ ხოლმე. 
შუახნის კაცს განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა. მას გრძელი ხუჭუჭა და შავზე-შავი თმა თავზე ქუდივით ეფარა, ხოლო ტუჩს გრძელი და ბოლოებში ზევით აპრეხილი ულვაში უმშვენებდა. მისი დიდი თვალები უსასრულო სიღრმეს მოეცვა. ის სახლს მიყრდნობილი, მიწაზე ჩაფიქრებული იჯდა. სიგარა გამოვართვი და გვერდზე მივუჯექი. 
არაფერი უთქვამს, უბრალოდ იჯდა და ჩვენ ერთობას შეიგრძნობდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მას არაფერი აკლდა ამ ქვეყანაზე გარდა ადამიანური კავშირისა. ის არც ღარიბს ჰგავდა და არც უბედურს, თუმცა რაღაც იყო მის გამომეტყველებაში ისეთი, რაც სხვებისგან გამოარჩევდა. 
– ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე, – მითხრა ჩუმად, საკმაოდ დაბალი ხმით, – თუმცა დღეს აქ არაფერია. ავეჯი გაყიდეს, ჭურჭელი გაზიდეს და კარიც კი დალუქეს. ხანდახან ვბრუნდებოდი შთაგონებისთვის, ახლა კი, ის აქ აღარ ბუდობს. 
– აქ თუ არა, სხვაგან იქნება, – ვუპასუხე, – მთავარია მაძებარი იყოს მზად მის აღმოსაჩენად. 
– წერა გიყვარს, არა? – მკითხა, – უმალვე გეტყობა გამომეტყველებაზე… ნივთს რომ უყურებ დეტალებს ხედავ და არა მთლიანობას, – სიგარის ბოლი პირიდან გამოუშვა და დაამატა, – თან ყურს უკან ამოდებული ფანქარიც ამაზე მიმანიშნებს.  
– ვწერ ხოლმე, თუმცა თავს ვერ დავიკვეხნი, – ვუპასუხე. 
– რაზე წერ? – გრძელი პაუზის შემდეგ მკითხა უცნობმა. 
– ისეთ ისტორიებს ვყვები, რომელიც შეიძლება მოხდეს. ცოტა მაგიურობასაც გავურევ, ცოტა ნამდვილობას, ცოტა სიხარულს და ცოტა სევდას. არც წესებს ვემორჩილები და არც კანონებს – მთავარია ამბავი იყოს საინტერესო და დეტალები მას ბუნებრივად ესადაგებოდეს. 
ქუჩაში უჯიშო ძაღლმა გაირბინა. ჩემმა მოსაუბრემ მოიხმო და ხამონის პატარა ნაჭერი აჭამა. ძაღლი კუდის ქიცინით დაგვემშვიდობა და საკუთარ გზას დაადგა.  
– სამოგზაუროდ საუკეთესო ქალაქი აგირჩევია, – სიგარის ანთებული წვერი სახლის ყვითელ კედელს შეასრისა. 
ცოტახანი ღამის სიჩუმეს ვუსმენდით. გონებაში დღეს გადამხდარი ამბები ამომიტივტივდა. ნუთუ გიტარისტი, ფორთოხლის ხის ძირას რომ უკრავდა, ნამდვილი პაკო დე ლუსია იყო? ნუთუ კარმენიც სინამდვილეში წარმომიდგა თვალწინ? სევილიაში ხომ დროში მოგზაურობა შეიძლება! – გიდის სიტყვები გამახსენდა და ამოვიოხრე. 
– ფიქრი არ გასვენებს, არა? – მკითხა მოსაუბრემ, – წლების განმანვლობაში იმდენი ადამიანის პორტრეტი დამიხატავს, სახის გამომეტყველებით ვხვდები რაზე ფიქრობთ და რა გადარდებთ.  
– დღეს ბევრი უცნაურობა გადამხდა თავს, ოღონდ გთხოვთ გიჟად არ ჩამთვალოთ, – გვერდით მჯომისკენ მივტრიალდი და დღევანდელი არაჩვეულებრივობები მოვუყევი. ბოშა კარმენზე, გიტარისტ პაკო დე ლუსიაზე და სხვა სტუდენტებზე. ის ვუამბე, თუ როგორ შეიცვალა დრო და როგორ გარდაიქმნა სამყარო. 
მხატვარი ჩემს ამბავს გულდასმით უსმენდა და რიტმულად თავის ქნევას აყოლებდა, თუმცა კრინტიც კი არ დაუძრავს.
– ქალბატონმა სევილიამ საკუთარი ნამდვილი სახე დაგანახა და მეც სხვა არაფერი დამრჩენია გარდა იმისა რომ დედა-ქალაქს დავემორჩილო, – დიდი ხნის შემდეგ მიპასუხა, – დიეგო ველასკესი მქვია, – ხელი გამომიწოდა, – სასიამოვნოა შენი გაცნობა.[3]
გვერდით მჯდომს ხელი ჩამოვართვი, თუმცა პასუხმა ისე შემარხია, როგორც საეპისკოპოსო ზარი ირხევა აღდგომის ღამეს.  
– არ გჯერა, არა? – ჩემი ფიქრი კვლავ სახიდან ამოიკითხა, წარიმართა, სახლის მთავარ შესასვლელთან მივიდა და ხმამაღლა წაიკითხა: „ველასკესის მშობლიური სახლი“.  
ისე აღმოვჩნდი მემორიალურ დაფასთან, რომ ეს მეც ვერ შევამჩნიე.
– ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა და თქვენ უკვე წლების წინ… – წინადადების დამთავრება ვერ გავბედე. 
– მოვკვდი, არა? ამის თქმა გინდოდა? – გამიღიმა, – ჩემი პრობლემაც ეგაა, რომ უკვდავი ვარ. იქამდე ვარ მიჯაჭვული ამ სამყაროს, სანამ ხალხი არ დამივიწყებს… – ველასკესმა სიგარა კვლავ გააბოლა, – ყველანი უკვდავი მკვდრები ვართ: პაკო დე ლუსიაც, კარმენიც და მეც. 
– ხალხი რატომ ვერ გივიწყებთ? 
– სხვადასხვა მიზეზების გამო, – ნელ-ნელა მე და ჩემი კომპანიონი გზას გავუდექით, – კაცებს კარმენი დღემდე თავგამოდებით უყვარდებათ, პაკო დე ლუსიას გიტარა კი ესპანელი ხალხის გენეტიკური კოდის ნაწილი გახდა.
მივდიოდით ნელა, ნაზად და მშვიდად და სევილიური სურნელის ბუკეტს შევიგრძნობდით. 
– და თქვენ? – ჩავეკითხე ველასკესს.
– ეგ ვერც მე გამირკვევია, – წრფელი ღიმილით შემომხედა მხატვარმა.
ათობით ნაბიჯი სრულ სიჩუმეში გავატარეთ. პირველივე გზაჯვარედინზე დიეგო ველასკესი დამემშვიდობა და საკუთარ გზას დაადგა.
– აუცილებლად ნახე ფლამენკო, – შორიდან მომაძახა და სევილიური ღამის იასამნისფერ სიბნელეში მიიმალა. 
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი და ვცდილობდი მომხდარი გადამეხარშა. ღრმად ჩავისუნთქე, ყვავილების სურნელმა კი ცხვირზე თუთიყუშის ბუმბულივით მომიქიცინა. ჯიბეში ორად გადაკეცილი ფურცელ აღმოვაჩინე. ხიმენესის ქუჩისკენ გავწიე. იქ „კასა დე ფლამენკო“ მეგულებოდა. 

* * *

ფლამენკოს მომღერალი ცხოვრებისეული სევდის ამბავს სულშიჩაწვდომი ესპანური გიტარის ფონზე ჰყვებოდა. ისიც იქ იყო, წითელ ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი ჩემი მეთუნე მეგობარი. მისი სხეული თავისუფლებას, ხოლო სახე სიამაყეს აფრქვევდა. ის გრაციოზულად, ნელა, მაგრამ ამავდროულად ნაზად მოძრაობდა და გიტარის რიტმს კასტანიეტებს ხმას უსადაგებდა. ეს თავისუფლებისა და სიამაყის, ვნებისა და ლტოლვის, სიძულვილისა და სიყვარულის ჰაეროვანი კონიანტელი იყო, რომელმაც ისე მომაჯადოვა, როგორც კარმენმა დონ ხოსე მოაჯადოვა.
– გავისეირნოთ? – მხიარულად მკითხა, წარმოდგენის დასრულების შემდეგ დარბაზში რომ მომკრა თვალი, – მე კარმენი ვარ, – დაიხარა, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და გზას ფეხშიშველი გაუდგა. 
– მაშინ მე დონ ხოსე ვიქნები, – მხარი ავუბი. 
– და მასსავით გულში ხანჯალს ჩამასობ? – რითორიკულად მკითხა. 
ეს ისტორია ხომ ჩვენ თვითონ უნდა დაგვეწერა. არც ის იყო ბოშა კარმენი და არც მე – ქურდი დონ ხოსე. 
აკვანში მძინარე ჯანმრთელი ბავშვივით მშვიდი ღამე იდგა. ცა იასამნისფრად განათებულიყო, ხოლო ჰაერი კვლავაც გაჯერებული იყო სურნელების საოცარი ბუკეტით. მე და კარმენი სევილიას მიხვეულ ქუჩებს ერთად მივუყვებოდით. ვერ გაგვერჩია სად იყო სინამდვილე და სად – ხელოვნება. ვერ გაგვერჩია რა იყო მართალი და რა – გამოგონილი. თუმცა კი, ეს საერთოდ არ გვადარდებდა.

[1] იგულისხმება ჟორჟ ბიზეს ოპერა “კარმენი” (1875), რომლის მთავარი გმირები არიან კარმენი, დონ ხოსე და ესკამილიო. აღსანიშნავია, რომ “კარმენის” ორიგინალურ ვერსიაში (პროსპერ მერიმე, 1845) ესკამილიო არ მონაწილეობს.
[2]იგულისხმება ვირტუოზი ესპანელი გიტარისტი პაკო დე ლუსია (1947-2014). აღიარებულია ფლამენკოს საუკეთესო შემსრულებლად.
[3] იგულისხმება ესპანური “ოქროს ხანის” უმთავრესი მხატვარი დიეგო ველასკესი (1599-1660).
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge