გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კაზუო იშიგურო - მელვერნ ჰილზი (თარგმანი - მაია ბოლაშვილი)

                          
                     ნოქტიურნები: ხუთი მოთხრობა მუსიკასა და ღამის ბინდზე
                                               
                                       ეძღვნება დებორა როჯერსს


             ინგლისურიდან თარგმნა მაია ბოლაშვილმა
    
    


გაზაფხული ლონდონში გავატარე და თუმცა ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ვერ ავისრულე, ჩემს ცხოვრებაში მაინც სასიამოვნო ეპიზოდად დარჩა. მაგრამ კვირა კვირას მისდევდა და ზაფხულიც მოახლოებული იყო და ჩვეულმა მოუსვენრობამ შემიპყრო. პირველი რაც იყო, მსუბუქი პარანოია დამემართა: უნივერსიტეტის ჩემს  ძველ ნაცნობებთან ქუჩაში შემთხვევით შეხვედრის შიში გამიჩნდა. ქემდენ თაუნში ხეტიალისას ან დისკების საყიდლად, რომლის ფული თუმცა არც გამაჩნდა,ვესტ ენდის უზარმაზარ მაღაზიებში შესვლისას, ძალიან ბევრი ნაცნობი მხვდებოდა და ერთსა და იმავეს მეკითხებოდა: როგორ ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ‘’პატივისა და ბედის’’ საძიებლად უნივერსიტეტში სწავლას თავი მივანებე.მარტო იმიტომ არა, რომ საკუთარ მიღწევებზე საუბრის მერიდებოდა.  საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მცირე გამონაკლისის გარდა, ამ კონკრეტულ პერიოდში, ვერც ერთი ვერ გამიგებდა,იყო თუ არ  უკვე განვლილი  რამდენიმე თვე ჩემთვის ‘’წარმატებული’’.
როგორც გითხარით, რაც დაგეგმილი მქონდა, ყველაფერის განხორციელება ვერ შევძელი-მეთქი. თუმცა, ის მიზნები, რომელთა შესრულებაც ვერ მოვახერხე,  შედარებით გრძელ ვადიან პერიოდზე მქონდა გათვლილი  და  დასასაქმებლად საჭირო, ნებისმიერ ინტერვიუ- მოსმენას, თუნდაც ყველაზე წარუმატებელსაც, ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა. მათი საშუალებით გამოცდილება თითქმის ყველაფერში შევიძინე,-რაღაც ლონდონის სცენის შესახებაც გავიგე, ცოტა რამ,-ზოგადად მუსიკის ბიზნესზეც.
ამ ინტერვიუ-მოსმენებს წმინდა ფილოსოფიური შინაარსი ჰქონდა. დავუშვათ, დიდ საწყობში აღმოჩნდი ან გადაკეთებულ ავტოფარეხში, იქ მენეჯერი დაგხვდა (ზოგჯერ მის მაგივრად  მეგობარი მუსიკოსიც დაგხვდებოდათ), მან შენს შესახებ შეიტყო თუ ვინ ხარ, ჩაის შემოგთავაზებს, ხოლო ზურგს უკან მუსიკალური ანსამბლი რეპეტიციას გადის. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოსმენები ძალიან ქაოსურ სიტუაციაში მიმდინარეობდა. კერძოდ, როცა ბენდების უმრავლესობის საქმისადმი დამოკიდებულებას თვალს ადევნებ, უკვე ნათელია, ლონდონის მთელი მუსიკალური სცენა ძალიან მალე რატომაც გაუქმდა. დრო და დრო, ქალაქის გარეუბნის, ტიპიურ პატარა სახლებიან უბნებშიც მიწევდა გავლა, აკუსტიკურ გიტარას კიბეზე მივათრევდი და დახუთულ ოთახში შევდიოდი, სადაც იატაკზე ლეიბები და საძინებელი ტომრები იყო ჩაჩხერილი, ბენდის წევრები პირს ძლივძლივობით აღებდნენ და თვალებში შეხედვას გაურბოდნენ. მათი არაფრისმთქმელი გამომეტყველების წინაშე იმდენ ხანს ვმღეროდი და ვუკრავდი, ვიდრე რომელიმედაახლოებით ასეთი სიტყვებით არ შემაწყვეტინებდა:’’უჰ,საკმარისია. გმადლობთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ჟანრი მაინც არ არის.’’
მალევე მივხვდი, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭების უმრავლესობას ინტერვიუ-მოსმენის წინ რცხვენოდა ან უხერხულობის განცდა ჰქონდა და თუ მათ სხვა რამეზე საუბარს გავუბამდი, გაცილებით გახსნილები იყვნენ. ასე მაშინ ვიქცეოდი,როცა რაიმე საჭირო ინფორმაციის მიღება მსურდა, მაგალითად, ყველაზე საინტერესო კლუბები სად იყო ან გიტარისტი კიდევ სხვა რომელ ჯგუფებს სჭირდებოდა. ან ზოგჯერ რაიმე ახალი სამუშაოს შოვნის შესახებ სიტყვას გადავუკრავდი ხოლმე. როგორც უკვე გითხარით, ცარიელი ხელებით მათგან არასოდეს მოვდიოდი.
ზოგადად, ხალხს ჩემი გიტარაზე დაკრული ნამდვილად მოსწონდა და ბევრიც ამბობდა, რომ ჩემგან არც თუ ისე ცუდი ბექ-ვოკალისტი1 დადგებოდა. მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ ხელს ორი რამ მიშლიდა. ერთი ის, რომ აღჭურვილობა არ მქონდა. ბევრი ბენდი დინამიკებიან, მიკროფონიან ელექტრო გიტარას ითხოვს, სასურველია გორგოლაჭებიანიც იყოს, რათა მათ საკონცერტო გრაფიკში მოსახვედრად მზად იყვე. მე კი მხოლოდ ჩემი ორი აკუსტიკური, უკვე მოძველებული გიტარის ამარა ვიყავი. ასე, რომ, რაც არ უნდა ჩემი დაკრული ან ხმა მოსწონებოდათ, მაინც ერთი გამოსავალი იყო-ბენდის წევრად არ მივეღე. და ამაზე ვერც შეედავები.
მეორე მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა-და უნდა გითხრათ, რომ როდესაც მის შესახებ შევიტყე, ცოტა გამიკვირდა კიდეც. აღმოჩნდა, რომ ჩემი დაწერილი სიმღერები პრობლემას მიქმნიდა. უბრალოდ, ამის დაჯერება არ შემეძლო. ჩვეულებისამებრ ჭუჭყიან ოთახში, არაფრისმთქმელ გამომეტყველებიანი ჯგუფის წინაშე ვუკრავ, ვამთავრებ, სიჩუმე თითქმის ნახევარ წუთს გრძელდება, მერე კი ვიღაც ეჭვით მეკითხება: ‘’ და ვისი მუსიკაა?’’ ვამბობ, რომ ჩემი საკუთარია და მორჩა, ფარდაც იხურება. ვიღაც მხრებს იჩეჩავს,ვიღაც თავს აკანტურებს, ვიღაც ცბიერად იღიმის, მერე კი ისევ უარი მესმის.
ერთხელაც, როცა იგივე განმეორდა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:
-მომისმინეთ, ვერაფერი გავიგე. გინდათ, რომ  მუდამ მხოლოდ ქავერებისშემსრულებლებად დარჩეთ? და თუ თქვენი ოცნებაც ესაა, მაშ, ამ სიმღერების პირველი ვარიანტები საიდანღა მოდის?ეჰ, მართალია. მათ ვიღაც ქმნის.
მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ვესაუბრებოდი, ცარიელი თვალებით მომაშტერდა და თქვა:
-ნუ გეწყინება, მეგობარო. ასე იმიტომ ხდება, რომ ირგვლივ უამრავი იდიოტი დაეხეტება, რომლებიც სიმღერებს წერენ.
ასეთი ბრიყვული დამოკიდებულება, როგორც ჩანს, ნებისმიერი ინგლისური მუსიკალური სცენისთვისაა დამახასიათებელი და იმაშიც დავრწმუნდი,რომ ის   სამუდამოდ იარსებებს, ნებისმიერ შემთხვევაში, მთლიანად გადაგვარების საფრთხე ემუქრება და ეჭვიც არ მეპარება, რომ მუსიკალური ინდუსტრიის ყველა დონის პროცესზე თავის გავლენას ახდენს.
როცა ამას მივხვდი და იმაზეც დავფიქრდი,რომ რაც უფრო ზაფხული ახლოვდებოდა, თავშესაფრის პოვნა მით უფრო გამიძნელდებოდა, გადავწყვიტე, როგორც არ უნდა მოვეხიბლე ლონდონს,-ჩემი უნივერსიტეტში გატარებული დღეებიც კი მასთან შედარებით უფერულადმეჩვენებოდა-, აუცილებლად დროზე უნდაგავცლოდი. ამიტომ, ჩემს დას,მეგის დავურეკე, რომელსაც ქმართან ერთად მელვერნ ჰილზსში საკუთარი კაფე აქვს და გადაწყდა, რომ ზაფხულს მათთან ერთად გავატარებდი.
  

მეგი ოთხი წლით უფროსია და მუდამ ჩემზე დარდობს,ასე, რომ ვიცი,ჩემი დანახვა გააბედნიერებს. ერთიც უნდა ვთქვა: მუსიკალური პროგრამის შესრულების გარდა, ჩემთვის ცოტა სხვა რამით დახმარების შანსი რომ მიეცა,  ძალიანაც გაეხარდა. როდესაც ვამბობ, მისი კაფე მელვერნ ჰილზსშია-მეთქი, ამით არ ვგულისხმობ, რომ ის ქალაქ გრეით მელვერნში ან სადმე გზისპირა დასახლებულ ა პუნქტში მდებარეობს, არამედ ზუსტად გორაკებშია.ეს არის განმარტოებით მდგარი, ვიქტორიანული ეპოქის სახლი, რომელიც დასავლეთის მხარეს იყურება. ასე, რომ კარგ ამინდში ჩაის და ნამცხვრის მირთმევა პირდაპირ კაფის ტერასაზე შეგიძლიათ და თან ჰერფორდშაირის ფართო ხედითაც ისიამოვნებთ. ზამთარში მეგის და ჯეფს კაფეს დაკეტვა უწევთ, მაგრამ ზაფხულობით აქ ყოველთვის უამრავი ხალხია, განსაკუთრებით ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც საკუთარ მანქანებს ასი იარდით ქვემოთ,’’ვესტ ინგლენდის’’ ავტოსადგომში აჩერებენ და საზაფხულო სანდლებსა და ფერად-ფერად კაბებში ჩაცმულნი, აქ გორაკის ბილიკით ამოდიან და ასევე,ამ ადგილას რუკებითა და სხვა საჭირო ნივთებით აღჭურვილ, მოსეირნე ტურისტთა ჯგუფებსაც შეხვდებით.
მეგიმ მითხრა, რომ ის და ჯეფი კაფეში დაკვრის საფასურს ვერ გადამიხდიდნენ და ამით კმაყოფილიც დავრჩი, რადგან შედარებითცოტა რამ მომეთხოვებოდა და ბევრი მუშაობაც არ დამჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღამის გასათევი ოთახიც მომცეს და კვებაც უფასო მქონდა,  მათ თანამშრომლებში  მაინც მესამე კაცად ვითვლებოდი. პირობები მთლად გასაგები არ იყო და თავიდან, განსაკუთრებით, ჯეფმა თვითონაც არ იცოდა როგორ მომქცეოდა: უსაქმურობისთვის გავეგდე თუ ბოდიში მოეხადა და როგორც სტუმრისთვის, ყველაფერი ეპატიებინა. თუმცა მალევე ყველაფერი მოწესრიგდა. სამუშაო საკმაოდ იოლი აღმოჩნდა, სენდვიჩების კეთება კარგად გამომდიოდა და დრო და დრო საკუთარი თავისთვის ქალაქიდან სოფელში გადაბარგების  მთავარი მიზნის შესახებ შეხსენება მჭირდებოდა: რამდენიმე ახალ სიმღერასთან ერთად შემოდგომაზე კვლავაც ლონდონში დაბრუნებას ვაპირებდი.
დილით ადრე ადგომა ჩვევაში მაქვს, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ კაფეში საუზმე ნამდვილი კოშმარი გახლდათ: ვიღაცას ასე მომზადებული კვერცხი უნდა მიუტანო, სხვა ცოტა მეტად გახუხულ ტოსტს გთხოვს,ამასობაში კი შესაძლოა ყველაფერი დაგეწვას ან გადაგეხარშოს და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თერთმეტზე ადრე კაფეში არასოდეს  გამოვჩენილიყავი.ვიდრე ქვემოთ ასეთი ორომტრიალი იდგა, ჩემს ოთახში დიდ ერკერს3 გამოვაღებდი, მის განიერ რაფაზე ჩამოვჯდებოდი, სოფლის ხედებით ვტკბებოდიდა თან გიტარას ვუკრავდი ხოლმე. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მზიანი დარი დაიჭირა და აღტაცების გრძნობა დამეუფლა, თითქოს შემეძლო ასე, დაუსრულებლად ფანჯრიდან მეცქირა და როცა გიტარის სიმებს შევეხებოდი, მის ხმას ქვეყნის დასასრულამდე მიეღწია და როგორც კი შემოვბრუნდებოდი, ფანჯარას მოვცილდებოდი, ქვემოთ კაფეს ტერასას ვხედავდი, სადაც უამრავი მომსვლელ-წამსვლელი ირეოდა ძაღლებთან და ბავშვის საგორავებიან სკამებთან ერთად.
ეს მხარე ჩემთვის უცხო არ იყო. მე და მეგი აქედან სულ რამდენიმე მილის დაშორებით,პერშორში გავიზარდეთ და მშობლებს ამ სერებზე სასეირნოდ ხშირად მოვყავდით. ასეთი გასეირნებები გულზე სულაც არ მეხატებოდა და როცა წამოვიზარდე, მათზე საბოლოოდ  უარი ვთქვი. თუმცა, იმ ზაფხულს,ვიგრძენი, რომ მთელს სამყაროში ამაზე ლამაზი ადგილი არ მოიძებნება და რომ წარსულშიც და ახლაც ამ სერებთან რაღაც უხილავი ძაფები მაკავშირებს. შესაძლოა, ნაწილობრივ ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენი მშობლები გაიყარნენ და საპარიკმახეროს მოპირდაპირედ მდგარი ნაცრისფერი პატარა სახლი ‘’ჩვენი’’ აღარაა. რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ბავშვობიდან ნაცნობი კლაუსტროფობია ამ ადგილის მიმართ თბილი გრძნობითა და ნოსტალგიით შემეცვალა.
სერებზე თითქმის ყოველ დღე დავეხეტებოდი, ზოგჯერ გიტარაც  თან მიმქონდა, თუ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გაწვიმდებოდა. განსაკუთრებით სერების მწკრივთა დასასრულს, ჩრდილოეთით ჩამომდგარი  თეიბლ ჰილი და ენდ ჰილი მიყვარდა, სადაც ტურისტებს იშვიათად თუ გადავეყრებოდი. აქ ,ზოგჯერ, საათობით, ჩემს ფიქრებში ისე ჩავიძირებოდი, რომ ერთ სულიერსაც თვალს ვერსად მოვკრავდი. თითქოს სერები პირველად აღმოვაჩინე და ვგრძნობდი,რომ ახალი სიმღერების შექმნის იდეაც თავში მიტრიალებდა.
თუმცა კაფეში მუშაობა სულ სხვა საქმე იყო. სალათს ვამზადებ და რაღაც ხმა მესმის ან ვხედავ, თუ როგორ მოდის ვიღაც დახლთან და წამიერად კვლავ წარსულში ვბრუნდები. ყველაზე ხშირად ჩემი მშობლების ძველი ნაცნობები მოდიოდნენ, ჩემს საქმიანობაზე მეკითხებოდნენ და თავის არიდება უხეში მანერით მიწევდა. ჩვეულებრისამებრ ისინი ასეთ რამეს მეუბნებოდნენ: ‘’კარგია, რომ როგორც იქნა, რაღაც საქმით დაკავდი’’ და პომიდვრის თხელ ნაჭრიან პურს დამანახვებდნენ ხოლმე,  ვიდრე  ფინჯან-ლამბაქთან ერთად მაგიდისკენ გაეშურებოდნენ ან ისეთებიც გამოჩნდებოდნენ, სკოლიდან რომ ვიცნობდი და ახალი ‘’საუნივერსიტეტო’’ ხმით იმის შესახებ საუბრობდნენ, თუ როგორ ჭკვიანურად შეეძლოთ ბეტმენის უკანასკნელ პერიოდში კინო-ეკრანებზე გამოსული ფილმის ანალიზი ან მსოფლიო სიღატაკის გამომწვევ რეალურ  მიზეზებზე მიწყებდნენ საუბარს.
მათი საწინააღმდეგო სულაც არაფერი მქონდა. რამდენიმე მათგანის დანახვა ნამდვილადაც მიხაროდა. მაგრამ, იმ ზფხულს, კაფეში ერთი ადამიანი გვესტუმრა, რომლის დანახვაზეც შინაგანი მყინვარება ვიგრძენი და ის -ის იყო სამზარეულოდან გაქცევა დავაპირე, მაგრამ უკვე გვიანღა იყო.
ეს მისის ფრეიზერი გახლდათ , იგივე კუდიანი ფრეიზერი, როგორც ვეძახდით ხოლმე. მაშინვე ვიცანი, როცა ჭუჭყიან პატარა ბულდოგთან ერთად კაფეს კარს გადმოაბიჯა.მინდოდა მეთქვა, რომ ძაღლებს შიგნით არ ვუშვებდით, თუმცა როცა ჩვენთან ვინმეს რაიმეს შეძენა სურს, ძაღლს არავინ გარეთ არ ტოვებს. კუდიანი ფრეიზერი პერშორის სკოლაში ჩემი მასწავლებელი იყო. საბედნიეროდ, ვიდრე მეექვსე კლასში გადავიდოდი,პენსიაზე გავიდა, მაგრამ სკოლასთან დაკავშირებულ ჩემს მოგონებებს მისი აჩრდილი არ შორდება. მისის ფრეიზერს თუ არ ჩავთვლით, სკოლაში  არც თუ ისე ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ პირველივე დღიდან თვალში ამომიღო და თერთმეტი წლის ბიჭიც ასეთი ადამიანისგან თავის დაცვას როგორ მოვახერხებდი? ყველა სხვა ბოროტი მასწავლებლის მსგავსად, ისიც იგივე ხრიკებს მიმართავდა. მაგალითად, გაკვეთილზე ისეთ კითხვებს მაძლევდა, რომლებზეც დარწმუნებული იყო, რომ პასუხს ვერ გავცემდი, მერე მაიძულებდა ფეხზე ავმდგარიყავი და მთელ კლასს ჩემზე ეხარხარა. მოგვიანებით სიტუაცია შედარებით მორბილდა. მახსოვს, ერთხელ, თოთხმეტის რომ ვიყავი, ახალი მასწავლებელი, მისტერ ტრევისი კლასში რაღაცაზე გამეხუმრა. მე კი არ დამცინა, არამედ ისე,  თანატოლივით იხუმრა, მთელმა კლასმაც გაიცინა და კმაყოფილიც დავრჩი. თუმცა ორი დღის შემდეგ, როცა დერეფანში მივდიოდი, მისტერ ტრევისი მასთან ერთად შემხვდა და როცა გვერდით ჩავუარე, მისის ფრეიზერმა გამაჩერა და საშინაო დავალების თუ  სხვა რაღაცის შესახებ მთელი ამბავი ამიტეხა. საქმე იმაშია,რომ  ეს მისტერ ტრევისისთვის გააკეთა, რათა მას სცოდნოდა, თუ როგორი ‘’ამრევი’’ვიყავი და თუ   პატივისცემის ღირსად მთვლიდა, თურმე ძალიანაც სცდებოდა. არ ვიცი, შეიძლება ასე ასაკის გამოც იქცეოდა,მაგრამ სხვა მასწავლებლები მის ხასიათს ვერ ხვდებოდნენ და რასაც იტყოდა,  სახარებისეულ ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ. 
იმ დღეს, როცა კუდიანი ფრეიზერი ჩვენთან მოვიდა, აშკარად მიცნო, მაგრამ არც გამიღიმა და არც სახელით მომმართა. ჩაისა და კრემიანი ნამცხვრის ფული გადაიხადა და ტერასაზე გავიდა. მეგონა, რომ სულ ეს იყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოვიდა, ცარიელი ფინჯანი და ლამბაქი დახლზე დადო და თქვა: ‘’არ შეგიძლიათ, რომ მაგიდა აალაგოთ, ჭურჭელი მე თვითონ მოვიტანე’’. ეს სიტყვები წარმოთქვა და იმაზე დიდხანს და ისეთნაირად მიმზერდა, ვიდრე სიტუაციას შეეფერებოდა და უსიტყვოდ მეუბნებოდა:’’ეჰ, ადრე უნდა მეცემე ‘’ და გამეცალა. 
ბებერი ურჩხულის მიმართ ზიზღი ისევ განმიახლდა და როცა მეგი დაბრუნდა, მთლიანად ვდუღდი. მაშინვე შემამჩნია და მკითხა, რა დაგემართაო. ტერასაზე რამდენიმე ადამიანი იჯდა, კაფეში უცხო არავინ იყო, ასე, რომ ყვირილი ავტეხე და კუდიან ფრეიზერს ყველა იმ საზიზღარ სახელს ვეძახდი, რასაც თავისი სიტყვების გამო იმსახურებდა. მეგიმ დამამშვიდა და მითხრა:
-კარგი, რაა. ის მასწავლებელი აღარ არის. ერთი სევდიანი, ბებერი, ქმრისგან მიტოვებული ქალია.
-ამაში გასაოცარი სულაც არაფერია.
-მაგრამ მის მიმართ ცოტა თანაგრძნობა გმართებს.სამსახურს თავი დაანება, ეგონა, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრებდა, მაგრამ ქმარმა მიატოვა, ახალგაზრდა ქალში გაცვალა და ახლა სასტუმროს მოვლა, რომელიც როგორც ამბობენ, სადაცაა დაინგრევა, სრულიად მარტოს უწევს.
ეს ახალი ამბავი მთელი გულით გამეხარდა.თუმცა კუდიანი ფრეიზერი მალევე მიმავიწყდა, რადგან ტურისტების ჯგუფი შემოვიდა და თინუსის სალათა უნდა მომემზადებინა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სამზარეულოში ჯეფს ვეჭორავებოდი, მისგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია შევიტყვე,-მაგალითად, ის, თუ კუდიანი ფრეიზერის  ქმარი ორმოცი წლით უმცროს, საკუთარ პირად მდივანთან ერთად მისგან როგორ წავიდა, თავიდან სასტუმრო არც თუ ურიგოდ მუშაობდა, მაგრამ ახლა უკვე ყველა ჭორაობდა, რომ სტუმრები ფულის უკან დაბრუნებას სთხოვენ ან ნომრის დანახვისთანავე უარს ეუბნებიანო. ეს სასტუმრო ერთხელ დავინახე, როცა მეგის წვრილმანების საბითუმო მაღაზიაში პროდუქტის ყიდვაში ვეხმარებოდი და მის ახლოს ჩავიარეთ. კუდიანი ფრეიზერის სასტუმრო პირდაპირ ელგარ რუთის გზაზე იდგა. ეს იოლად შესამჩნევი, გრანიტის ქვით ნაგები სახლი იყო, რომლის აბრაზეც ‘’მელვერნ ლოჯი’’ ეწერა.
მაგრამ კუდიან ფრეიზერზე საუბარი უკვე საკმარისია. მასზე ან მის სასტუმროზე აკვიატება სულაც არ მჭირს. ამ  ყველაფერის მოყოლა  მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რაც მერე მოგვიანებით მოხდა, როცა ტილო და სონია ჩვენთან შემოვიდნენ.
იმ დღეს ჯეფი გრეით მელვერნში წავიდა და საქმეს მე და მეგი ვუძღვებოდით. ლანჩის დრო იწურებოდა, ფუსფუსის ცხელი პერიოდი მთავრდებოდა, მაგრამ როცა ‘’ფრიცები’’ კაფეში გვესტუმრნენ, კვლავაც საქმეში ვიყავით ჩაფლულნი. მათ აქცენტს ყური მოვკარი თუ არა, საკუთარ თავს ვუთხარი: ‘’ფრიცები’’არიან -მეთქი. რასისტი სულაც არა ვარ.უბრალოდ, როცა დახლში დგახარ და უნდა დაიმახსოვრო, ვინ ჭარხალს ვერ იტანს, ვის პურის დამატება სურს, ვის შეკვეთას რამდენის გადახდა უწევს, შენდაუნებურად კლიენტების სახასიათო ნიშნებს ამჩნევ, თიკუნებს უძებნი, მათ ფიზიკურ აღნაგობას იმახსოვრებ. ვიღაცა,-პირ-სახე სახედარივით რომ ჩამოგრძელებია, გლეხურ ბუტერბროდს და ყავას გიკვეთავს. ‘’უინსტონ ჩერჩილს’’ და მის მეუღლეს თინუსიან- მაიონეზიანი ბაგეტი სურთ. აი, ასეთი ტექნოლოგია მაქვს. ასე, რომ ტილო და სონია ჩემთვის ‘’ფრიცებთან’’ ასოცირდებოდნენ.
იმ ნაშუადღევს ძალიან ცხელოდა, მაგრამ სტუმრებს, რომელთა უმეტესობა ინგლისელები იყვნენ , ისევ გარეთ, ტერასაზე ჯდომა ერჩიათ, რამდენიმე  ტენტისგან მოშორებით, მზეზე გარუჯვას ეშურებოდა, მაგრამ ‘’ფრიცებმა’’ შიგნით, ჩრდილში ჯდომა გადაწყვიტეს. ორივეს განიერი, აქლემისფერი შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და მაისური ეცვა, თუმცა მაინც მოხდენილად გამოიყურებოდნენ, რაც კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ. მეგონა, რომ ორმოცის იყვნენ, შეიძლება ასე, ორმაოცდაათამდეც,-მაშინ მათი ასაკისთვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. ლანჩის დროს წყნარად საუბრობდნენ და სასიამოვნო, საშუალო ხნის ნებისმიერ ევროპელ წყვილს გავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, კაცი წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა, 1915წელს გადაღებულ, სახლის გაცრეცილ ფოტოს ყურადღებით დააცქერდა, რომელიც მეგის კედელზე ეკიდა. მერე, ხელები გაშალა და თქვა:
-ჩინებული სოფელი გაქვთ! ჩვენთან შვეიცარიაში მრავალი ლამაზი მთაა, მაგრამ აქ სულ სხვაა. აქ სერებია. თქვენ მათ სერებს ეძახით. განსაკუთრებული  ხიბლი აქვთ, ისეთი ნარნარი, სასიამოვნო.
-ოჰ, ასე, რომ შვეიცარიიდან ხართ,-ზრდილობიანად უთხრა მეგიმ.-იქ წასვლა ყოველთვის მსურდა.ალპები, საბაგირო გზები,-ზღაპარივით ჟღერს.
-რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას სილამაზე არ აკლია. მაგრამ, აქ, ამ ადგილს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. დიდხანს გვინდოდა ინგლისის ამ მხარის მონახულება. მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდით და აი, ჩამოვედით კიდეც! -კაცმა გულიანად გაიცინა.-აქ ყოფნა ნამდვილი ბედნიერებაა!
-შესანიშნავია,-თქვა მეგიმ.-იმედი მაქვს, რომ კარგ დროს გაატარებთ. რამდენი ხნით ხართ?
-კიდევ სამი დღე გავჩერდებით, მერე კი სამუშაოს უნდა დავუბრუნდეთ.უკვე დიდი ხანია, რაც გული აქეთ მოგვიწევდა, მას შემდეგ, რაც ელგარზე4 გადაღებული ის არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი ვნახეთ.აშკარაა,რომ ელგარს ეს სერები უყვარდა და ველოსიპედით სეირნობისას ამ ადგილებს გულდასმით სწავლობდა  კიდეც და როგორც იქნა, ჩვენც აქ ვართ!
მეგიმ კაცს რამდენიმე წუთით საუბარი გაუბა, ეკითხებოდა, ინგლისში უკვე რომელი ადგილები მოინახულეს, აქ რის ნახვას აპირებდნენ, -ჩვეულებისამებრ ტურისტებს ასე ესაუბრებიან. ამგვარი საუბრები მანამდეც უთვალავჯერ მქონდა მოსმენილი და მე თვითონაც მეტ-ნაკლებად ავტომატურად შემეძლო, რომ გამება, ამიტომაც დანარჩენი საუბრისთვის აღარც მომისმენია. რაც შევიტყე ის იყო, რომ ‘’ფრიცები’’ შვეიცარიელები იყვნენ და ნაქირავები მანქანით მოგზაურობდნენ. კაცი საუბარს აგრძელებდა, იმეორებდა, ინგლისი როგორი დიდებული ქვეყანა იყო  და ყველა, ვისთანაც კი მას აქ კონტაქტი ჰქონდა, გამორჩეულად  ზრდილობიანები იყვნენ და მეგის ნებისმიერ,  ნახევრად ხუმრობით ნათქვამზე, ხმამაღლა ხარხარებდა. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მათ აღარ ვუსმენდი, რადგან ჩვეულებრივ მოსაწყენ წყვილად მივიჩნიე. ყურადღება მხლოდ მაშინ მივაქციე, როცა რამდენიმე წუთის შემდეგ შევამჩნიე, როგორ ცდილობდა კაცი მდუმარედ მჯდარი ცოლის საუბარში აყოლიებას, რომელიც ტურისტების მეგზურის ბუკლეტს მიშტერებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს საუბარი საერთოდაც  არ ესმოდა. მათი ყურადღებით თვალთვალი მხოლოდ ამის მერე დავიწყე.
მზე ორივეს თანაბრად, ბუნებრივად მოჰკიდებოდა, ჩვენი ადგილობრივებისგან განსხვავებით, რომლებიც გაოფლილ კიბორჩხალებს დაემსგავსებიან ხოლმე და მიუხედავად ასაკისა, ორივეს მოხდენილი, სპორტული აღნაგობა ჰქონდა. კაცს თმაში ჭაღარა შეჰპარვოდა, მაგრამ უბრწყინავდა და აკურატულად დაევარცხნა, რომელიც სამოცდაათიანი წლების ვარცხნილობის, ‘’აბბას’’ მომღერალი ბიჭების სტილს წააგავდა. ქალს ქერა, თითქმის თოვლივით თეთრი თმა ჰქონდა, ტუჩის კუთხესთან გაჩენილი უმნიშვნელო ნაოჭები სახის გამომეტყველებას უმკაცრებდა და  რომ არა ისინი, ასაკიანი ლამაზი ქალის შესახედაობა ექნებოდა. ასე, რომ, როგორც უკვე გითხარით, ქმარი ცოლის საუბარში აყოლიებას ცდილობდა-მეთქი.
-რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს ელგარი ძალიან მოსწონს და მისი სახლის ნახვა, სადაც ის დაიბადა, ძალიანაც აინტერესებს.
სიჩუმე.
ან: -უნდა გამოგიტყდეთ, რომ პარიზის დიდად მოყვარული არ ვარ. ლონდონი მირჩევნია. აი, სონიას კი უყვარს პარიზი.  
ისევ სიჩუმე.
ყოველთვის, როცა მსგავს რამეს იტყოდა, კაცი კუთხეში მჯდარ ცოლს მიუტრიალდებოდა ხოლმე და მეგისაც მისკენ გახედვა უწევდა, მაგრამ ქალი წიგნიდან თავს არ წევდა.კაცს ეს დიდადაც არ აღელვებდა და ყბედობას ისევ მხიარულად განაგრძობდა. მერე ხელები ისევ გაშალა და თქვა:
-უკაცრავად, ცოტა ხნით დაგტოვებთ და ამ საუცხოო ხედით დავტკბები!
კაცი გარეთ გავიდა და ვხედავდით, ტერასაზე როგორ მიდი-მოდიოდა. მერე გაუჩინარდა. ცოლი კუთხეში ისევ ისე იჯდა,  ტურისტების მეგზურის კითხვაში გართული და ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ, მეგი მაგიდასთან მივიდა და ალაგება დაიწყო. ქალმა არანაირი ყურადღება არ მიაქცია, ვიდრე  ჩემმა დამ მაგიდიდან ის თეფში არ აიღო, რომელზეც ფუნთუშის მომცრო ნაჭერი იდო. მან წიგნი უცბად მიაგდო და იმაზე ხმამაღლა დაიძახა, ვიდრე საჭირო იყო: 
-მე ჯერ არ დამიმთავრებია!
მეგიმ მოუბოდიშა და ფუნთუშის ნაჭერი კვლავ თეფშზე დადო,რომელსაც როგორც შევნიშნე, ქალმა ხელიც არ ახლო. მეგიმ გვერდით ჩამიარა და შემომხედა, მხრები ავიჩეჩე.მერე, ოდნავ მოგვიანებით, ჩემმა დამ ქალს ძალიან ზრდილობიანად ჰკითხა, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთო.
-არა.მეტი არაფერი მინდა.
ქალის ტონიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ მარტოდ დატოვება ერჩია, მაგრამ მეგი საკუთარი წესებით ხელმძღვანელობდა.  თითქოს ძალიან აინტერესებდა, ქალს ჰკითხა:
-ყველაფერი მოგეწონათ?
ასე, ხუთი ან ექვსი წამით, ქალი ისევ კითხულობდა,ვითომ ნათქვამი ვერც გაიგო. მერე წიგნი კვლავ გვერდზე გადადო და ჩემს დას შეხედა.
-რადგან მეკითხებით, -თქვა მან, -გეტყვით. საჭმელი ნამდვილად ძალიან გემრიელი იყო. ყველაზე საუკეთესო, რაც კი ამ საშინელ ადგილობრივ კაფეებშია. თუმცა ოცდათხუთმეტი წუთის ლოდინი დაგვჭირდა, ვიდრე რაღაც სენდვიჩსა და სალათს მოგვიტანდით. ოცდათხუთმეტი წუთი.
მაშინვე მივხვდი, რომ ქალს ბრაზი ახრჩობდა. ის ბრაზი არა, წამიერად რომ დაგეუფლება და მალევე გაივლის.არა, ეს ქალი, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დიდი ხანი იყო, რაც მისგან იტანჯებოდა. სიძლიერის ხარისხით მისი გაცხარება თავის  ტკივილს მოგაგონებდათ: თანდათან გემატება და გემატება, დასასრული არა აქვს და დაცხრომის  პირი არ უჩანს. მეგი ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია და ამიტომაც მისთვის ასეთი სიმპტომები უცხოა და ალბათ გაიფიქრა, რომ ქალის ჩივილს რაღაც რეალური საფუძველი ჰქონდა. ამიტომაც მოუბოდიშა და თავის მართლებას მოჰყვა:
-როგორც ხედავთ, ამდენი სტუმრის გამო...
-ყოველ დღე ასეთი სიტუაცია გაქვთ? არა? ყოველ დღე, ზაფხულში, როცა მზიანი ამინდია, აქ ყოველთვის ასეთი ამბავია? ასეა? მაშინ ამისთვის რატომ არ ემზადებით? ჩვეულებისამებრ აქ თურმე ასე ხდება და აღარ უნდა გიკვირდეთ. ამის თქმა გსურთ, ხომ?
ქალი ჩემს დას შეჰყურებდა, მაგრამ როცა დახლიდან გამოვედი და მეგის გვერდით ამოვუდექი, მზერა ჩემსკენ გადმოანაცვლა. შესაძლოა სახეზე ჩემი გამომეტყველების გამოც მომაშტერდა, თუმცა დავინახე, რომ ბრაზი კიდევ უფრო მეტად მოჰკიდებოდა. მეგი ჩემსკენ მოტრიალდა, შემომხედა და წყნარად მანიშნა, რომ მოვშორებოდი, მაგრამ ფეხიც არ მომიცვლია და ქალს თვალებში ჯიუტად ვუყურებდი.მას უნდა სცოდნოდა, რომ მეგის დამცველი ჰყავდა. ღმერთმა იცის, ეს სიტუაცია სადამდე გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს მისი ქმარი დაბრუნდა.
-რა შესანიშნავი ხედია! შესანიშნავი ხედი, შესანიშნავი ლანჩი, შესანიშნავი ქვეყანა!
ცოტა ხანს კიდევ მოვიცადე, ვიდრე კაცი იმას შენიშნავდა, რაც ხდებოდა, მაგრამ რამეს რომც მიმხვდარიყო, სერიოზულად მაინც არ მიიღებდა. ცოლს გაუღიმა და სავარუდოდ ჩვენს გამო,ინგლისურად უთხრა:
-სონია, აუცილებლად უნდა წახვიდე და ამ საუცხოო ხედებით დატკბე. თუნდაც ამ პატარა ბილიკზე ბოლომდე გაისეირნე!
ქალმა გერმანულად რაღაც უპასუხა და ისევ წიგნს მიუბრუნდა. კაცი ოთახში შემოვიდა და გვითხრა:
-დღეს მანქანით უელსში ვაპირებდით წასვლას. მაგრამ თქვენი მელვერნ ჰილზი ისეთი არაჩვეულებრივია, რომ დარჩენილი სამი დღის ისევ აქ გატარება მომინდა. თუ სონია დავითანხმე, უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნები!
ცოლს შეხედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა და რაღაც ისევ გერმანულად  უთხრა, რაზეც კაცმა მისთვის ჩვეული ხმამაღალი და გულიანი სიცილით გაიცინა.
-კარგია! დამთანხმდა! ასე, რომ გადაწყდა. უელსში მანქანით აღარ წავალთ. მომდევნო სამ დღესაც აქ, თქვენთან გავატარებთ!
გაცისკროვნებული სახით შემოგვხედა და მეგიმაც რაღაც გასამხნევებული უთხრა. ცოტა შვებით ამოვისუნთქე, როცა დავინახე, რომ ქალმა წიგნი შეინახა და წასასვლელად გაემზადა. კაცი მაგიდასთან მივიდა, პატარა ზურგჩანთა აიღო და მხარზე მოიგდო. მერე მეგის უთხრა:
-ხომ არ შეგიძლიათ, აქ, სადმე ახლოს სასტუმრო მირჩიოთ? არც  ისე ძვირიც რომ არ იყოს, მაგრამ კომფორტული და სასიამოვნო და თუ შესაძლებელია, რაღაცნაირი ინგლისური არომატიც რომ ჰქონდეს!
მეგი ცოტა ხანს შეყოვნდა და პასუხი დაუგვიანა, რაღაც ასეთი უაზრო ფრაზა წარმოსთქვა:
-როგორი გინდათ? მაგრამ მე სწრაფად ვუთხარი:
-ყველაზე საუკეთესო ადგილი აქ , ახლოს,მისის ფრეიზერის სასტუმროა. ვუსტერის გზაზე. ‘’მელვერნ ლოჯი’’ ქვია.
-‘’მელვერნ ლოჯი’’! ზუსტად ისე ჟღერს, როგორც საჭიროა!
მეგი გამკიცხავი სახით მომიტრიალდა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ისევ რაღაცეებს ალაგებდა, ვიდრე  მათ კუდიანი ფრეიზერის სასტუმროს დეტალებს ვაცნობდი. მერე წყვილი წავიდა, კაცმა მადლობა გულითადი ღიმილით გადაგვიხადა, ქალს უკან ერთხელაც არ მოუხედავს.
ჩემმა დამ გადაღლილი თვალებით შემომხედა და თავი გააქნია. გავიცინე და ვუთხარი:
-აბა, ერთი მითხარი, თუ ეს ქალი და კუდიანი ფრეიზერი ერთმანეთს არ იმსახურებენ! ძალიან მაგარია, ასეთი შანსი ხელიდან რომ არ გავუშვი.
-შენთვის ასე გართობა მშვენიერია,-მეგიმ სამზარეულოსკენ ხელი წამკრა.-მაგრამ მე აქ უნდა ვიცხოვრო.
-და მერე რაა? მთელი ცხოვრება ამ ‘’ფრიცებს’’ სადღა ნახავ და როცა კუდიანი ფრეიზერი შეიტყობს, რომ ჩვენ მის სასტუმროს რეკომენდაცია გავუწიეთ, არა მგონია,  ისევ ჩივილსა და წუწუნს მოჰყვეს, ასე არ არის?
მეგიმ თავი ისევ გააქნია, თუმცა ამჯერად ღიმილი ვეღარ შეიკავა.

ამ ამბის შემდეგ კაფეში სიჩუმემ დაისადგურა, მერე ჯეფიც დაბრუნდა და მეც მაღლა ავედი, რადგან გადავწყვიტე, რომ სუფთა სინდისით შემეძლო განვმარტოებულიყავი. აქ ერკერის რაფაზე გიტარასთან ერთად ჩამოვჯექი და ცოტა ხანს იმ ახალ სიმღერაში ჩავიძირე, რომელიც ნახევრად უკვე დაწერილი მქონდა. მაგრამ მერე,-დროის გასვლა ვერც კი ვიგრძენი,-ქვემოთ ისევ ხმაური ატყდა, ტურისტები ჩაის დასალევად მოდიოდნენ.  ხალხის დიდი მასა რომ მოგვწყვდომოდა, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდებოდა ხოლმე, მეგი მაშინვე დასახმარებლად დამიძახებდა, რაც უსამართლობა იქნებოდა, რადგან იმ დღეს ჩემი საქმე უკვე გაკეთებული მქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ  უპრიანი იქნებოდა სერებისკენ გამესეირნა და ჩემი სამუშაოც იქვე გამეგრძელებინა.
ისე, რომ არავის შევემჩნიე, უკანა გასასვლელიდან გავიპარე და სუფთა ჰაერი წამსვე შევიგრძენი. მზიანი დარი იდგა, გიტარას ბუდიანად მივათრევდი და ნელი სიო ძალიან მეამა.
ჩემს მიზანს ყველაზე განმარტოებულ ადგილამდე მისვლა წარმოადგენდა, რომელიც გასულ კვირას აღმოვაჩინე. იქამდე მისასვლელად, სახლის უკან, ციცაბო ბილიკითუნდა გევლო, შემდეგ შედარებით სწორი გზა გაგევლო და რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გრძელ სკამთანაც  აღმოჩნდებოდი. ამ ადგილით აღფრთოვანებული მარტო იმიტომ არ ვიყავი, რომ აქედან არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა. მთავარი ის იყო, რომ ამ გზაზე   გადაქანცულ  შვილებთან ერთად ბარბაცით მიმავალ ტურისტებს ძნელად თუ დაინახავდით, რომლებიც გვერდით მოგისხდებოდნენ. მეორეს მხრივ, ეს არცთუ მთლად განმარტოებული ადგილი იყო: დრო და დრო, ვინმე ფეხითმოსიარულემგზავრი გამოჩნდებოდა, გვერდით ჩაგივლიდა და გამარჯობას ასე გეტყოდა: ‘’სალამი!’’ზოგჯერ გიტარაზეც გამეხუმრებოდნენ და შეუჩერებლად გზას განაგრძობდნენ. სულაც არ მწყინდა. იმისავითაა,-როცა მსმენელი ან გყავს, ან არა. მთავარი ისაა, რომ წარმოსახვა ცოტა უნდა შეაფუცხუნო.
სკამზე ალბათ ასე, ნახევარი საათი ვიჯექი,  მორიგი გამვლელები რომ შევნიშნე, წინ ჩამიარეს და ჩვეულებისამებრ მოკლე სალამი მომცეს, მერე ცოტა მოშორებით შეჩერდნენ და მიყურებდნენ. მათი საქციელი არ მომეწონა და ოდნავ სარკაზმშეპარული ტონით ვუთხარი:
-ყველაფერი კარგადაა. ფულის დაგდება საჭირო არაა.
პასუხად ნაცნობი გულიანი  ხარხარი მომესმა, თავი ავწიე და სკამისკენ მომავალი ‘’ფრიცები’’ დავინახე.
უცბად ტვინში აზრმა გამიელვა: ისინი კუდიან ფრეიზერთან უკვე იყვნენ,მიხვდენ, რომ გავაცურე და ახლა ჩემსკენ შეგნებულად მოემართებოდნენ. მაგრამ ამ დროს შევნიშნე, რომ არა მხოლოდ კაცმა, არამედ ქალმაც მხიარულად გამიღიმა. ორივე სკამთან დაბრუნდა და ჩემს წინ გაჩერდა. მზე უკვე ჩადიოდა და ნათელი  ცის ტატნობის ფონზე აჩრდილებივით მოჩანდნენ. კიდევ უფრო მომიახლოვდნენ და შევამჩნიე, რომ გიტარას, რომელზე დაკვრას კვლავაც განვაგრძობდი,  ისეთი ბედნიერი, გაოცებული სახით მიშტერებოდნენ, როგორც  მხოლოდ თოთო ბავშვს შევუყურებთ ხოლმე. კიდევ უფრო მეტად იმან გამაოცა, რომ ქალი რიტმს ფეხს აყოლებდა.  მომერიდა და დაკვრა შევწყვიტე.
-ოჰ, ისევ დაუკარით, რა!-შემეხვეწა ქალი.-ნამდვილად კარგია,რასაც უკრავთ.
-დიახ,-კვერი დაუკრა ქმარმა,-არაჩვეულებრივია! შორიდანვე მოგვესმა. ხელით მიმანიშნა.-აგერ, იქით ვიყავით, იმ გორაკის ქედზე და სონიას ვუთხარი, რომ მუსიკის ხმა მესმის-მეთქი.
-და სიმღერისაც,-დაამატა  ქალმა.-ტილოს ვითხარი, სადღაც მღერიან-მეთქი და ასეც იყო. სულ ცოტა ხნის წინ, ხომ მართლა მღეროდით?
არ მჯეროდა, რომ ეს მომღიმარი ქალი ის იყო,  ლანჩის დროს რომ ნერვები აგვიშალა და მათ ისე ვუყურებდი, თითქოს ვიღაც სხვებში მეშლებოდნენ. მაგრამ ზუსტად ისევ ისე ეცვათ და მიუხედავად იმისა, რომ კაცს ‘’აბბას’’ სტილზე დავარცხნილი თმა ქარზე ცოტა გასწეწოდა, შეუძლებელი იყო შემშლოდა. ასეა თუ ისე, კაცმა თქვა:
-თქვენ ის ჯენტლმენი უნდა იყოთ, იმ არაჩვეულებრივ რესტორანში ლანჩით რომ გაგვიმასპინძლდა.
დავეთანხმე,  ნამდვილად მე ვიყავი. მერე ქალმა თქვა:
-ის მელოდია, სულ ცოტა ხნის წინ რომ მღეროდით, იქ, ზემოთ გავიგონეთ, თავდაპირველად ქარს მოჰქონდა.  თითოეული სტრიქონის დასრულების ტექნიკა მომეწონა.
-გმადლობთ,-ვუთხარი მე. ზუსტად ამაზე ვმუშაობ. ჯერ არ დამიმთავრებია.
-ასე, რომ თქვენი საკუთარი ნაწარმოებია? ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი ყოფილხართ! ისევ გვიმღერეთ, გეთაყვა, ისევ ის მელოდია, გთხოვთ!
-იცით რაა, -თქვა კაცმა, -როდესაც ამ სიმღერის ჩაწერას დააპირებთ, პროდიუსერს უნდა უთხრათ, რომ ასე უნდა ჟღერდეს. აი, ასე!- მან ხელი  ჩვენს წინ გადაშლილ ჰერფერდშაირისაკენ გაიშვირა.-უთხარით, რომ თქვენ ასეთი ჟღერადობა გჭირდებათ, ასეთი სმენითი აღქმა, რის საშუალებასაც ასეთი გარემო იძლევა. მსმენელი მხოლოდ მაშინ მოისმენს ისეთ მელოდიას, როგორის მოწმენიც ჩვენ დღეს გავხდით, როცა გორაკის ქედიდან ქვემოთ ვეშვებოდით, ქარის მოტანილი ჰანგების.
-მხოლოდ ცოტა უფრო მკაფიოდ,-დაუმატა ქალმა.-თორემ მსმენელი სიტყვებს ვერ დაიჭერს. მაგრამ ტილო მართალს ამბობს. აუცილებლად უნდა მიანიშნონ, რომ სიმღერა გარეთ, ბუნებაში სრულდება. ქარი, ექო.
ისეთი აღფრთოვანებულნი იყვნენ, თითქოს ამ სერებზე მეორე ელგარი აღმოაჩინეს. თავდაპირველი ეჭვების მიუხდავად, გული მაინც მომილბა.
-კარგით,-დავეთანხმე,-ამ სიმღერის დიდი ნაწილი აქ დავწერე. გასაკვირი სულაც არაა, რომ სიმღერას აქაური გარემოს კვალი ატყვია. 
-დიახ, დიახ,-ორივემ ერთდროულად წამოიძახა და თავი დამიქნია.მერე,ქალმა მითხრა:
-ნუ დაიმორცხვებთ, გეთაყვა. ისევ გვიმღერეთ. საოცარი სიმღერაა.
-მაშ, კარგი,-დავეთანხმე. შევეცადე ოდნავ დაუდევარი ტონით მესაუბრა.-კარგი. რადგან ასე გსურთ, გიმღერებთ. მხოლოდ იმ სიმღერას არა, რომელიც ჯერ არ დამიმთავრებია. სხვას.მაგრამ თუ თქვენ ასე ფეხზე იდგებით, ვერ ვიმღერებ.
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა,-გაეხარდა ტილოს.-როგორ ვერ მოვიფიქრეთ. მე და სონიას შესრულება უამრავ  უცნაურ და რთულ პირობებში გვიწევს , სხვა მუსიკოსების მოთხოვნილებათა მიმართ გულგრილები  ვართ.  
კაცმა გარემო მოათვალიერა და ბილიკთან ახლოს, ნამჯის კიდეზე ჩამოჯდა, ჩემსკენ ზურგით დადგა და  სახე ხედისკენ მიატრიალა. სონიამ  გასამხნევებლად გამიღიმა და ქმრის გვერდით მოკალათდა. კაცმა მაშინვე მხრებზე ხელი მოხვია, ქალი მისკენ გადაიხარა, მერე თითქოს იქ არც ვიყავი, ერთმანეთს ისე ეალერსებოდნენ და სოფლის ჩამავალი მზის ხედით ტკბებოდნენ.
-აბა, დავიწყეთ,-ვთქვი მე და ის სიმღერა წამოვიწყე, ჩვეულებისამებრ ინტერვიუ-მოსმენებს რითიც ვიწყებდი ხოლმე. ხმა ჰორიზონტისკენ მქონდა მიპყრობილი,მაგრამ ტილოს და სონიას თვალს არ ვაშორებდი. მიუხედავად იმისა, რომ მათ სახეებს ვერ ვხედავდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთმანეთზე ისე იყვნენ მიხუტებულნი და არ ინძრეოდნენ, ვხვდებოდი რომ ჩემი შესრულება მათ სიამოვნებას ანიჭებდა.როცა დავამთავრე, სახეგაბადრულნი  მომიტრიალდნენ და ტაში დამიკრეს, სერებსაც ექომ გადაუარა. 
-ფანტასტიურია!-თქვა სონიამ. -ნიჭიც ასეთი უნდა!
-ბრწყინვალეა, ბრწყინვალე,-გაიძახოდა ტილო.
ცოტა დავიბენი და თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ გიტარას რაღაცას ვუკეთებდი. როცა საბოლოოდ თავი მაღლა ავწიე, ცოლ-ქმარი ძველებურად ისევ  ბალახზე ისხდნენ, მაგრამ ისე შემოტრიალებულიყვნენ, რომ დავენახე.
-ასე, რომ მუსიკოსები ხართ?-ვკითხე მე. -მინდოდა მეთქვა, პროფესიონალი მუსიკოსები?
-დიახ,-დამიდასტურა ტილომ.-ალბათ, შეიძლება ასეც ითქვას. მე და სონია დუეტში ვასრულებთ. სასტუმროებში, რესტორნებში. ქორწილებზე, წვეულებებზე. ევროპის გარშემო, თუმცა ყველაფერს მაინც შვეიცარიასა და ავსტრიაში მუშაობა გვირჩევნია. თავს ასე ვირჩენთ, ასე, რომ დიახ, პროფესიონალები ვართ.
-მაგრამ ყველაზე მთავარი და უპირველესი ისაა, რომ ჩვენ მუსიკის გვჯერა,-თქვა სონიამ.-და თქვენც, როგორც ჩანს, ასევე გჯერათ მისი.
-როცა საკუთარი მუსიკის მიმართ რწმენას დავკარგავ,-ვუთხარი მე,- აღარც დავუკრავ. მერე ესეც დავუმატე: მეც მსურს, რომ პროფესიონალი მუსიკოსი გავხდე. ეს ალბათ ძალიან კარგი ცხოვრებაა.
-ოჰ, ასეა, კარგი ცხოვრებაა,-თქვა ტილომ. -ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს შეგვიძლია.
-მომისმინეთ,-ვთქვი მოულოდნელად.-იმ სასტუმროში იყავით, მე რომ მიგასწავლეთ? 
-რა უზრდელები ვართ! წამოიყვირა ტილომ.-თქვენი მუსიკით ისე გავერთეთ, რომ მადლობის თქმა  სულ დაგვავიწყდა. დიახ, იქ წავედით და ძალიანაც მოგვეწონა. საბედნიეროდ, თავისუფალი ნომერი ჯერ კიდევ ჰქონდათ.
-ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდოდა,-თქვა სონიამ.-გმადლობთ.
თავი ისევ ისე დავიჭირე, ვითომ გიტარას რაღაცას ვუკეთებდი და მერე იმდენად ბუნებრივად  ვთქვი, რამდენადაც შემეძლო:
-მოიფიქრეთ, სხვა სასტუმროც ვიცი. მგონი, ‘’მელვერნ ლოჯზე’’უკეთესი უნდა იყოს. ალბათ, ცუდი არ იქნება, იქ რომ გადახვიდეთ.
-ოჰ, მაგრამ იქ უკვე ვიყავით,-თქვა ტილომ.-ჩვენი ბარგიც გავხსენით და ამოვალაგეთ, გარდა ამისა, ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდოდა.
-ეჰ, მაგრამ...საქმე იმაშია, რომ ადრე, როცა სასტუმროზე მკითხეთ, არ ვიცოდი მუსიკოსები თუ იყავით. ვიფიქრე, რომ ბანკირები ან რაღაც ამდაგვარი არიან-მეთქი.
ორივეს ისეთი სიცილი წასკდა, თითქოს რაღაც არაჩვეულებრივი  ანეგდოტი მეთქვას. მერე ტილომ თქვა:
-არა, არა, ბანკირები არ ვართ. თუმცა ბევრჯერ გვინატრია, რომ ვყოფილიყავით!
-მე იმას გეუბნებით, რომ აქ სხვა სასტუმროებიც არსებობს, ხელოვანებს რომ უფრო შეეფერებათ. რთულია, როცა უცნობები სასტუმროს რეკომენდაციას გთხოვენ, ვიდრე არ გაიცნობ,  როგორი ხალხია. 
-გმადლობთ, რომ ჩვენთვის ასე წუხდებით,-თქვა ტილომ.-მაგრამ, არ ღირს, გეთაყვა. იქაც მშვენივრად მოვეწყეთ. გარდა ამისა, ადამიანები ერთმანეთისგან არც თუ ისე ბევრად განვსხვავდებით. ბანკირებიც,მუსიკოსებიც,ცხოვრებისგან  საბოლოოდ ერთსა და იმავეს ვითხოვთ.
-იცი, რაა, არ მგონია, რომ ეს ასეა,-ჩაერია სონია.-აი, ეს ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი,-ვფიქრობ,  ბანკში სამსახურს სულაც არ ეძებს. სულ სხვა რამეზე ოცნებობს.
-შეიძლება, მართალიც ხარ, სონია. მაგრამ სულ ერთია, ჩვენი სასტუმრო ძალიანაც მოგვწონს.
სიმებისკენ  დავიხარე და მოკლე მუსიკალური ფრაზა ჩემთვის ჩამოვკარი. ორივე დუმდა.მერე ვკითხე:
-და როგორ მუსიკას უკრავთ?
ტილომ მხრები აიჩეჩა.
-ჩვენ ორივეს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა შეგვიძლია. კლავიატურაზე ორივე ვუკრავთ. კლარნეტი მიყვარს. სონია მშვენიერი მევიოლინეა და ასევე ბრწყინვალედ მღერის. მიმაჩნია, რომ ყველაზე უკეთესად მაინც ჩვენი ტრადიციული, შვეიცარიული ხალხური მუსიკის შესრულება გამოგვდის, თუმცა თანამედროვე სტილში ვასრულებთ. შეიძლება ითქვას, რომ სუპერ-თანამედროვე სტილით. იმ დიდი კომპოზიტორებით ვართ შთაგონებულნი, ვინც იგივე გზა გაიარა.მაგალითად, იანეკმა5. თქვენმა ვოენ უილიამსმა6.
-მაგრამ ასეთ მუსიკას,-თქვა სონიამ, -ამ ბოლო დროს ასე  ხშირად აღარ ვუკრავთ.
ერთმანეთს ისე შეხედეს, რაღაც დაძაბულობა ვიგრძენი. მერე ტილოს პირზე ისევ ჩვეული ღიმილი მოადგა.
-ასეა, როგორც სონიამ შენიშნა, ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და უმეტესად  იმის დაკვრა გვიწევს, რაც მსმენელს მოსწონს. ამიტომაც ბევრ ჰიტებს ვასრულებთ. ‘’ბითლზებს’’, ‘’კარპენტრებს’’. რამდენიმე თანამედროვე სიმღერასაც. იმას, რასაც გვთხოვენ.
-‘’აბბაზე’’ რა აზრის ხართ? იმპულსურად ვკითხე და წამსვე ვინანე. მაგრამ ტილოს წარბიც არ შეუხრია.
-დიახ, რა თქმა უნდა. ‘’აბბას’’ რამდენიმე სიმღერაც გვაქვს. ‘’მოცეკვავე დედოფალი’’. ყოველთვის წარმატება მოაქვს. გულახდილად რომ გითხრათ, ‘’მოცეკვავე დედოფალში’’ მე პირადად უმნიშვნელოდ თუწავიმღერებ. სონია დაგიდასტურებთ, რომ ძალიან საშინელი ხმა მაქვს. ამიტომაც ამ სიმღერას იქამდე არ ვმღერით, ვიდრე ჩვენი კლიენტები შუა ჭამაში არ არიან, როცა  გაქცევის შანსი უკვე აღარა აქვთ!
კაცმა ჩვეულებისამებრ ხმამაღლა გადაიხარხარა  და სონიაც აჰყვა, თუმცა შედარებით წყნარად. შავი რეზინის კომბინიზოიანმა ველოსიპედისტმა დიდი სისწრაფით ახლოს ჩაგვიქროლა და გაგიჟებით წინ მიმავალ ფიგურას ყველამ თვალი გავაყოლეთ.
-შვეიცარიაში ერთხელ ვიყავი,-ვთქვი ბოლოს. ზაფხულში, ორი წლის წინათ. ინტერლაკენში. ახალგაზრდულ ტურბაზაში ვცხოვრობდი.
-ოჰ, დიახ,ინტერლაკენი. ლამაზი ადგილია. ზოგიერთი შვეიცარიელი მას აბუჩად იგდებს.  ამბობენ, რომ მხოლოდ ტურისტებისთვისაა ზედგამოჭრილი. მაგრამ მე და სონიას აქ კონცერტის ჩატარება ყოველთვისაც გვიყვარს. ზაფხულის საღამოს ინტერლაკენში დაკვრა, როცა მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ბედნიერ ხალხს ხედავ,  მართლაც ძალიან არაჩვეულებრივია. იმედი მაქვს, იქ კარგ დროს გაატარებდით.
-დიახ, მართლაც შესანიშნავი იყო.
-ინტერლაკენში ერთი რესტორანია, სადაც ყოველ ზაფხულს რამდენიმე ღამით კონცერტზე გამოვდივართ. პერფომანსისთვის რესტორნის გარეთ, ტენტით გადახურულ ადგილს ვირჩევთ, მაგიდებს პირდაპირ გადავცქერით, რომლებიც რა თქმა უნდა, ასეთ საღამოებზე გარეთაა გამოტანილი და ყველა ტურისტს ვხედავთ, რომლებიც საჭმელს მიირთმევენ და თან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ერთმანეთს ესაუბრებიან და ტურისტების უკან, დიდი მინდორია, სადაც დღისით  პარა პლანერები ეშვებიან, ხოლო საღამოს ჰეევეგის გასწვრივ ლამპიონები ანათებენ და თუ უფრო შორს გაიხედავ, ალპებს დაინახავ, მინდორს რომ გადმოჰყურებენ. ეიგერის, მიუნჰის და იუნგფარუს კონტურები მოჩანს და ჰაერში სასიამოვნო სითბო და ჩვენი მუსიკის ჰანგები ერთდროულად ტრიალებს. როცა იქ ვართ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ძალიან გაგვიმართლა. ვთვლი, რომ დიახ, კარგია, რასაც ვაკეთებთ. 
-იმ რესტორანში,-თქვა სონიამ. -გასულ წელს მისმა მენეჯერმა გამოგვიცხადა, რომ მთლიანად ეროვნულ კოსტუმებში უნდა გამოვწყობილიყავით და კონცერტი ასე უნდა ჩაგვეტარებინა, იმ პაპანაქება სიცხეში. ძალიან მოუხერხებელი იყო და ჩვენ ვუთხარით: რა მნიშვნელობა აქვს? ეს ფართხუნა ჟილეტები, შარფები და ქუდები რისთვის გვინდა? ჩვენს ზედატნებში კოხტად გამოვიყურებით და სტილიც ზუსტად შვეიცარიულია. მაგრამ რესტორნის მენეჯერმა გვითხრა, ან ასეთ კოსტუმებს ჩაიცმევთ, ან არა და კონცერტს ვერ ჩაატარებთო. ჩვენი არჩევანი ესააო, გვითხრა და გაგვეცალა.
-მაგრამ, სონია, ყველა სამსახურში ასეა. ნებისმიერი დამქირავებელი ფორმის ჩაცმას დაჟინებით ითხოვს. ბანკირებიც ზუსტად ასე იქცევიან! და ჩვენს შემთხვევაში, სულ მცირე,  ეს ისაა,რისიც გვწამს. შვეიცარიული კულტურა.შვეიცარიული ტრადიცია.
და ცოლ-ქმარს შორის რაღაც გაუგებარი უხერხულობა კვლავ შეიქმნა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა,შემდეგ ორივემ გაიღიმა, თვალი ისევ ჩემი   გიტარისკენ ეჭირათ. მომეჩვენა, რომ დუმილმა დიდხანს გასტანა და ვთქვი:
-მგონი,  სხვადასხვა ქვეყნებში კონცერტების ჩატარება მომეწონებოდა. არ უნდა მოდუნდე, შენი მსმენელის ხასიათი ყოველთვის უნდა იცოდე.
-დიახ,-თქვა ტილომ.-კარგია, რომ კონცერტების დროს ყველა კატეგორიის ადამიანთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ ევროპელებთან. ზოგადად, უკვე სხვა  ბევრი ქალაქიც კარგად შევისწავლეთ.
-მაგალითად, დიუსელდორფი,-თქვა სონიამ.
ხმა უმნიშვნელოდ შეეცვალა, სიმკაცრე შეეპარა და მასში ისევ ის ქალი შევიცანი, პირველად რომ კაფეში შევხვდი. თუმცა, ტილომ თითქოს ვერაფერი შეამჩნია და  უდარდელად მითხრა:
-დიუსელდორფში ახლა ჩვენი ვაჟი ცხოვრობს. თქვენი ასაკისაა. შეიძლება, ცოტა უფროსიც.
-წელს ვიყავით დიუსელდორფში,-თქვა სონიამ.-იქ კონცერტი გვქონდა დანიშნული. ისეთი არა, როგორსაც ჩვეულებისამებრ ვატარებთ ხოლმე,-ეს ჩვენი საყვარელი მუსიკის შესრულება იყოდა დავურეკეთ, ჩვენს ვაჟს, ჩვენს ერთადერთ შვილს, რათა იქ ჩასვლის შესახებ შეგვეტყობინებინა. ტელეფონზე არ გვიპასუხა და შეტყობინება დავუტოვეთ. მერეც ბევრი შეტყობინების დატოვებამ მოგვიწია. მაინც არ გვიპასუხა. ჩავედით დიუსელდორფში, კიდევ დავუტოვეთ მესიჯები. ვეუბნებოდით, რომ იქ ვიყავით, მის ქალაქში. ისევ არანაირი პასუხი. ტილომ მითხრა, არ ინერვიულოო,შეიძლება ღამით კონცერტზე მოვიდესო, მაგრამ არ  გამოჩენილა. დავუკარით და მერე სხვა ქალაქში, მომდევნო კონცერტისთვის წავედით.
ტილომ ჩაიხითხითა.
-მგონი, პიტერს ჩვენი მუსიკა პატარაობიდან ყელში აქვს ამოსული! საცოდავი ბავშვი-ყოველ დღე ჩვენი რეპეტიციების მოსმენა უწევდა.
-ალბათ, ეს იოლი არ არის,-ვთქვი მე,-შვილებიც გყავდეს და მუსიკოსიც იყო.
-მხოლოდ ერთი შვილი გვყავდა,-თქვა ტილომ,-ასე, რომ არც თუ ისე რთული იყო. რა თქმა უნდა, გაგვიმართლა. როცა გასტროლებზე მივდიოდით და წაყვანა არ შეგვეძლო, მისი ბებია და პაპა სიხარულით გვეხმარებოდნენ  და როცა პიტერი გაიზარდა, მისი გაგზავნა კარგ სკოლა-ინტერნატში მოვახერხეთ, რაშიც ისევ ბებია და პაპა დაგვეხმარნენ. სხვანაირად იქ სწავლის გადასახადს  მარტო ჩვენ ვერ გადავიხდიდით. ასე, რომ ძალიანაც გაგვიმართლა.
-დიახ, გაგვიმართლა,-ჩაერია საუბარში სონია,-გარდა იმისა, რომ პიტერს სკოლა სძულდა.
სულ ცოტა ხნის წინანდელი  კეთილგანწყობილი სტუაცია ნამდვილად ფუჭდებოდა. ამიტომ გამოსწორებას შევეცადე და სწრაფად ვთქვი:
-ასეა თუ ისე, სჩანს, რომ ორივეს  სამუშაო სიამოვნებას ნამდვილად განიჭებთ.
-დიახ, ეს ასეა,-თქვა ტილომ,-ჩვენთვის ეს ყველაფერია.  მაგრამ ასეთ შემთხვევაში დასვენებაც ძალიან გვჭირდება. იცით, ბოლო სამი წლის მანძილზე ეს ჩვენი პირველი რეალური შვებულებაა.
ამ სიტყვებმა ჩემზე ისევ ცუდად იმოქმედა და გავიფიქრე, საუბარი კვლავ სასტუმროს შეცვლის შესახებ ხომ არ ჩამომეგდო, მაგრამ სასაცილოდ გამომივიდოდა. იმედად ისღა დამრჩენოდა, რომ კუდიანი ფრეიზერი საკუთარი თავის დადებითად წარმოჩენას დიდი ძალისხმევით შეეცდებოდა.  ამის მაგივრად, ვუთხარი:
-თუ გსურთ, ისევ იმ სიმღერას გიმღერებთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია და ჩვეულებისამებრ ასე არ ვიქცევი ხოლმე,მაგრამ რადგან ნაწილი უკვე მოისმინეთ, წინააღმდეგი არ ვარ დანარჩენიც დავუკრა.
სონიას სახეზე ღიმილი ისევ დაუბრუნდა.
-დიახ,-მითხრა მან,-მოგვასმენინეთ, გეთაყვა. ასეთი ლამაზი მელოდია.
ვიდრე დასაკვრელად ვემზადებოდი, ცოლ-ქმარი ჩემსკენ ისევ ზურგით მიტრიალდა. მაგრამ, ახლა, ჩახუტების ნაცვლად, ბალახზე საოცრად წელში გამართულნი დასხდნენ  და მზისგან დასაცავად თვალებზე ხელისგულები აიფარეს. ვიდრე ვუკრავდი,ასე გაუნძრევლად ისხდნენ, გასაოცარ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ და უკან, გრძლად გაწოლილი საღამოს ჩრდილის ფონზე,  გამოფენაზე  გამოტანილ სკულპტურებს გავდნენ. რადგან სიმღერის დასასრული ჯერ კიდევ მოფიქრებული არ მქონდა, დაკვრა უთავბოლოდ შევწყვიტე. ცოლ-ქმარი მაშინვე არ განძრეულა. მერე მოდუნდნენ და ტაში დამიკრეს, თუმცა ისეთი აღტაცებით არა, როგორც პირველად. ტილო წამოდგა, კომპლიმენტებს ბუტბუტებდა,მერე სონია ფეხზე წამოაყენა და აი,მხოლოდ მაშინ, მათი მოძრაობით მივხვდი, რომ ნამდვილად საშუალო ასაკის იყვნენ ან შეიძლება უბრალოდ გადაიღალნენ. როგორც შევიტყვე,  ვიდრე გადამეყრებოდნენ, ცოტა ფეხით გაისეირნეს. . ასეა თუ ისე, მაინც შევამჩნიე, რომ ადგომა გაუჭირდათ. 
-დაუვიწყარი კონცერტი მოგვიწყეთ,-მითხრა ტილომ.-ტურისტები ვართ და ვიღაც ჩვენთვის უკრავს! ამაზე სასიამოვნო სხვა რა უნდა იყოს!
-ამ სიმღერას დიდი სიამოვნებით მოვისმენ, როცა დამთავრდება.-თქვა სონიამ და აშკარა იყო,  მთელი გულით ამბობდა.-გამორიცხული არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რადიოთიც მოვისმინო. ვინ იცის?
-დიახ,-თქვა ტილომ. -და მერე მე და სონია ჩვენს მაყურებელს საკუთარ ვერსიას ვუმღერებთ! მისმა ხარხარმა ჰაერში ზარის ხმასავით გაიჟღერა. მერე ზრდილობიანად თავი ოდნავ დამიკრა და თქვა:
-ასე, რომ დღევანდელი დღის გამო თქვენი სამი ვალი გვაქვს. შესანიშნავი ლანჩისთვის. შესანიშნავი სასტუმროსთვის და ბოლოს ,-შესანიშნავი კონცერტისთვის, აქ, სერებზე!
როცა მემშვიდობებოდნენ, რაღაც სიმართლის თქმას  დაჟინებით მაიძულებდა. უნდა მეღიარებინა, რომ ყველაზე ცუდ ადგილობრივ სასტუმროში შეგნებულად გავგზავნე და ჯერ კიდევ დრო იყო, გამეფრთხილებინა, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, მაგრამ ასეთი გულითადი ხელის ჩამორთმევის შემდეგ, ეს სიტყვები პირიდან ვეღარ ამოვუშვი. მერე, ცოლ-ქმარი სერებიდან ქვემოთ დაეშვა და სკამზე ისევ მარტო დავრჩი.

სერებიდან დაბრუნებულს, კაფე დაკეტილი დამხვდა. მეგი და ჯეფი გადაქანცულები ჩანდნენ. მეგიმ მითხრა, რომ ასეთი გადატვირთული დღე ჯერაც არ ჰქონიათ და კმაყოფილი იყო. მაგრამ  როცა კაფეში სხვადასხვა საჭმლის მონარჩენით სავახშმოდ დავსხედით, ჯეფმა უკმაყოფილო ტონით ისევ იგივე შემახსენა, რომ იმ დღეს თავზე საყრელი საქმე ჰქონდათ და მე კი დახმარების მაგივრად რას ვაკეთებდი? მეგიმ მკითხა, დღე როგორ გაატარეო და რადგან საქმის გართულება არ მსურდა,  ტილო და სონია არც მიხსენებია, მაგრამ ვთქვი, რომ სიმღერაზე სამუშაოდ შუგარლოუფზე ავედი და როცა მკითხა, წინ თუ მაინც წაიწიეო და ვუპასუხე, რომ წინსვლა ნამდვილად მქონდა, ჯეფი წამოდგა, თეფშზე შეუჭმელი ვახშამი დატოვადა გაბრაზებული გავიდა. მეგიმ არაფერი შეიმჩნია, ვითომც აქ არაფერი და მართალიც იყო. ჯეფი სულ რამდენიმე წუთში თუნუქის ქილიანი ლუდით, უკან დაბრუნდა, უმეტესად ჩუმად იყო და გაზეთის კითხვას შეუდგა. ჩემს დასა და სიძეს შორის უთანხმოების მიზეზს მოვერიდე, ამის შემდეგ საკუთარ თავს მოვუბოდიშე და სიმღერის დასამთავრებლად  ოთახს მივაშურე. 
ჩემი ოთახი, რომელიც დღისით შთაგონებით აღმავსებდა, საღამოობით სულ სხვა იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფანჯარას ფარდები ბოლომდე არ ეფარებოდა და სიცხეში ვერ ვაღებდი, რადგან იქაურობა კოღოებით წამსვე ივსებოდა  და სინათლე ჭერში ჩამოკონწიალებული მბჟუტავი ნათურიდან ძლივს რომ აღწევდა, გარშემო უღიმღამო ჩრდილებს ტოვებდა, რაც ოთახსა და საწყობს  შორის არც თუ უმნიშვნელო განსხვავებას კიდევ უფრო ააშკარავებდა. იმ ღამეს,  სიმღერის სიტყვების დასაწერად, თუ რა თქმა უნდა ისინი თავში მომივიდოდა, სინათლის ანთება ნამდვილად დამჭირდა. თუმცა დახუთულ ოთახში დიდხანს ვერ გავძელი, საბოლოოდ სინათლე გამოვრთე, ფარდები გადავწიე და ფანჯარა ფართოდ გამოვაღე. მერე, გიტარიანად ერკერზე ჩამოვჯექი, როგორც დღისით ვაკეთებდი ხოლმე. 
აქ ასე, დაახლოებით ერთი საათი ვიჯექი, პასაჟის დამაკავშირებელი სიტყვების სხვადასხვა ვარიანტებს ვუკრავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგონე და მეგიმ თავი შემოყო. რა თქმა უნდა ისევ ბნელოდა, მაგრამ ქვემოთ, ტერასაზე დაცვის სინათლე ანათებდა და ჩემი დის სახის გარჩევა შევძელი. მეგი უხერხულად მიღიმოდა და მეგონა, რომ ქვემოთ ჩასვლას  და დახმარებას მთხოვდა. ოთახში შემოვიდა, კარი მიხურა და მითხრა:
-ბოდიში, ჩემო საყვარელო. მაგრამ ჯეფი დღეს გადაიღალა, უბრალოდ ფეხზე ვეღარ დგას და ფილმის მშვიდად ყურებას ითხოვს?
მეგიმ ეს სიტყვები ზუსტად ასე წარმოთქვა, -შეკითხვის ინტონაციით და მაშინვე ვერ მივხვდი, რომ გიტარაზე დაკვრის შეწყვეტას მთხოვდა.
-მაგრამ მე მნიშვნელოვან პასაჟზე ვმუშაობ,-მივუგე.
-ვიცი, მაგრამ საშინლად დაღლილია და ამბობს, რომ შენი გიტარა დასვენებაში ხელს უშლის. 
-დროა ჯეფმა გაიგოს, რომ მარტო ის არ მუშაობს, მეც ჩემი სამუშაო მაქვს.
ამ სიტყვებმა ჩემი და დააფიქრა. მერე ღრმად ამოიოხრა. 
-ალბათ, ჯეფს ეს არ უნდა ვუთხრა.
-რატომ? რატომ არ უნდა უთხრა? დროა, იცოდეს.
რატომ? იმიტომ, რომ ვიცი, არ ესიამოვნება და ეჭვი იმაშიც მეპარება, რომ შენსა და თავის სამუშაოს ერთმანეთთან აიგივებდეს. 
ცოტა ხანს მეგის უსიტყვოდ მივშტერებოდი. მერე ვუთხარ:
-რა სისულელეს მელაპარაკები? ასეთ სისულელეს როგორ მეუბნები?
თავი უხალისოდ ჩაქინდრა, თუმცა არაფერი უთქვამს.
-არა, არ მესმის. ასეთი სისულელე რაში გჭირდება? და ეს მაშინ, როცა ჩემი საქმე წინ მიდის. 
-საქმე წინ მიგდის, არა, საყვარელო? ასეა, ხომ? -დაღონებული შემომყურებდა.-მაშ, კარგი,-მითხრა ბოლოს,-შენთან კამათს არ დავიწყებ.-კარისკენ მიტრიალდა.-ჩამოდი, ჩვენთან, თუ გინდა,-დაუმატა ღია კარიდან.
ბრაზისგან გაცეცხლებული დახურულ კარს მივაშტერდი. ქვემოდან ტელევიზორის დაბალი ხმა მომესმა. მაშინ ასეთ გამწარებულ მდგომარეობაში მყოფიც კი, ტვინის რომელიღაც უჯრედში მივხვდი, რომ მეგიზე კი არ უნდა გავბრაზებულიყავი, არამედ ჯეფზე, რომელიც აქ ჩამოსვლის დღიდან ჩემთვის ძირის გამოთხრას ცდილობდა და მაინც, ზუსტადაც საკუთარ დაზე გავცეცხლდი. ტილოსა და სონიასაგან განსხვავებით, მთელი ის დრო, რაც მათთან გავატარე, ერთხელაც არ უთხოვია, რომ რამე დამეკრა ან მემღერა. ნუთუ ასე ბევრს ვითხოვდი ჩემი დისგან, მითუმეტეს მაშინ, როცა ბავშვობიდანკარგად მახსოვდა მისი მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარული? და ახლა, აქ, როცა მუშაობას ვცდილობ, მაწყვეტინებს და რაღაც სისულელეებს მეუბნება. გონებაში მის სიტყვებს ვიმეორებდი: ‘’ კარგი, ხელს არ შეგიშლი’’ და ისევ ბრაზი მეკიდებოდა. 
ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი, გიტარა გვერდზე გადავდე და ლეიბზე გავიშხლართე. მერე,ცოტა ხანს ჭერზე გამოსახულ სინათლის ლაქებს მივაშტერდი. ცხადი იყო, რომ აქ თვალთმაქცურად მომიპატიჟეს; ზაფხულის გახურებულ სეზონზე იაფი დამხმარე სჭირდებოდათ, ერთი ვინმე დოყლაპია, რომელსაც ფულს არ გადაუხდიდნენ და სულ ეს იყო, მეტი არაფერი, მაგრამ ჩემი და ვერ იგებდა, რომ მე უფრო დიდი და უკეთესი რამის მიღწევას ვცდილობდი, ვიდრე მისი იდიოტი ქმარი.ორივე ღირსი იყო, რომ იმ დომხალში დაუყონებლივ მიმეტოვებინა და ლონდონში დავბრუნებულიყავი. ეს აზრი თავში განუწყვეტლივ მიტრიალებდა, ვიდრე ასე, ერთი ან ცოტა მეტი საათის შემდეგ, ოდნავ არ დავმშვიდდი და გადავწყვიტე,  ეს ღამე როგორმე გამეთია.

როცა ქვევით ჩავედი, მას შემდეგ, რაც ვახშამზე ის უსიამოვნება მოხდა, ჩვეულებისამებრ, მათთან დიდხანს საუბარს გავურბოდი. პური გავიხუხე, ყავა დავისხი, ომლეტის ნარჩენები თეფშზე დავიდე და კაფეს კუთხეში მივიყუჟე. მთელი ეს დრო იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რომ ზემოთ, სერებზე, შესაძლო იყო ისევ ტილოსა და სონიას გადავყროდი. ალბათ კუდიანი ფრეიზერის სასტუმროს შესახებ რაიმის გაგება მსურდა და საკუთარი თავი იმაშიც გამოვიჭირე, რომ მათთან შეხვედრა ისევ მინდოდა. გარდა ამისა, სასტუმროს პირობები რაგინდ აუტანელიც არ უნდა  ყოფილიყო,ვერც კი მიხვდებოდნენ,რომ იქ, ისინი, სრულიად  შეგნებულად, ბოროტი განზრახვით გავაგზავნე. თავის დაღწევა სხვადასხვანაირად  შემეძლო. 
მეგი და ჯეფი ალბათ მელოდნენ კიდეც, რომ დილის ქაოსში მივეხმარებოდი, მაგრამ გადავწყვიტე ადამიანების მიმართ ანგარიშის გაწევის თაობაზე მათთვის გაკვეთილი მესწავლებინა. ასე, რომ საუზმის შემდეგ ზემოთ ავედი, გიტარა ავიღე და სერებისკენ უკანა შემოსასვლელიდან გავიპარე.
ისევ ძალიან ცხელოდა და ჩემს სკამამდე ვიდრე მივაღწევდი,ლოყებზეოფლი წურწურით ჩამომდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ საუზმის დროს ტილოსა და სონიაზე ფიქრი არ მასვენებდა, ახლა, აქ ისინი სრულიად მიმავიწყდა და როცა უკანასკნელი ფერდობი ავათავე და სკამს გავხედე, მარტო მჯდარი სონიას დანახვა ძალიან გამიკვირდა. მაშინვე შემამჩნია და ხელი დამიქნია.
მის მიმართ ისევ ცოტას ვფრთხილობდი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ტილო იქ არ იყო, მის გვერდით ჯდომა სულაც არ მეპიტნავებოდა.  მაგრამ გულითადად გამიღიმა და ისე წამოიწია,  თითქოს ჩემთვის ადგილის გათავისუფლებას ცდილობდა, ასე, რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა.
ერთმანეთს მივესალმეთ და ცოტა ხანს ასე, გვერდი -გვერდ ჩუმად ვისხედით. თავდაპირველად ეს არც თუ ისე უცნაურად ჩანდა, იმიტომ, რომ ამოსუნთქვა მჭირდებოდა და იმიტომაც,რომ თვალწინ ასეთი ხედი გადაშლილიყო.  გუშინდელთან შედარებით გარემოს მეტი ნისლი და ღრუბელი მოჰფენოდა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით, უელსის მისადგომებთან შავ მთებს მაინც შეამჩნევდით. ქარი გვარიანად, მაგრამ სასიამოვნოდ ქროდა. 
-და ტილო სად არის?-ვკითხე ბოლოს. 
-ტილო? ოჰ...ქალმა ხელი ასწია და თვალებზე მოიჩრდილა.მერე თითი გაიშვირა.-იქ არის. ხედავთ? აი, იქ. ტილო იქ არის.
შორს, მწვანე სპორტულ მაისურსა და თეთრ კეპში გამოწყობილი ფიგურა დავლანდე, რომელიც ბილიკის ზემოთ, ვორსესტშაიერის სასიგნალო შუქურის მიმართულებით მოძრაობდა.
-ტილოს გასეირნება უნდოდა ,-თქვა ქალმა.
-და თქვენ მასთან ერთად წასვლა არ გინდოდათ?
-არა. მე აქ დარჩენა გადავწყვიტე.
სონია ახლა კაფეს იმ ჭირვეულ სტუმარს სრულებითაც არ ჰგავდა და არც ჩემთან იმ თბილ და მეგობრულად მოსაუბრე გუშინდელ ქალთან რაიმე საერთო ფქონდა. ნამდვილად რაღაც აწუხებდა და კუდიანი ფრეიზერის დასაცავად მოვემზადე.
-სხვათა შორის,-ვთქვი მე, -იმ სიმღერაზე ცოტა წავიმუშავე. გსურთ, რომ მომისმინოთ?
ქალი შეყოყმანდა,მერე მითხრა:
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ახლა არა. იცით, მე და ტილო ეს ესაა ვსაუბრობდით. შესაძლოა კამათიც კი ვუწოდოთ.
-ოჰ, დიახ. ძალიან ვწუხვარ.
-და მან სასეირნოდ გასწია.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ამოვიოხრე და ვთქვი:
-ალბათ, ყველაფერი ჩემი ბრალია. 
სონია ჩემსკენ მოტრიალდა, შემომხედა და მითხრა:
-თქვენი ბრალი? საიდან მოიტანეთ?
-თქვენ იმიტომ იჩხუბეთ, რომ მთელი  შვებულება წყალში ჩაგეყარათ. ჩემი ბრალია. იმ სასტუმროს გამო, ასეა არა? არ ვარგა, ხომ ასეა?
-სასტუმრო?  ქალი საგონებელში ჩავარდა. -ის სასტუმრო. კარგით, შეიძლება იქ ყველაფერი მოსაწონი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სასტუმროა, სხვებზე არაფრით ნაკლები.
-მაგრამ თქვენ თვალში ზუსტადაც ის რაღაცეები მოგხვდათ, რაც მოსაწონი არ არის, ხომ ასეა? არაფერი გამოგპარვიათ. ნამდვილად არაფერი.
სონია ჩემს სიტყვებზე დაფიქრდა,მერე თავი დამიქნია.
-მართალი ხართ. რაღაცეები შევნიშნე. თუმცა, ტილომ სულაც არაფერი. ტილო, რა თქმა უნდა, თვლიდა,რომ სასტუმრო შესანიშნავი იყო. ოჰ,როგორ გაგვიმართლაო,-სულ ამას გაიძახოდა. სასტუმროში გაგვიმართლაო. ამ დილით ვისაუზმეთ. ტილოსთვის ეს ყველაზე საუკეთესო საუზმე იყო, რაც კი ოდესმე ჰქონია. ვეუბნები, ტილო ბრიყვი ნუ ხარ -მეთქი. სულაც არ არის კარგი საუზმე და არც ეს სასტუმროა კარგი-მეთქი. ის ისევ თავისას გაიძახის: არა, არა, ძალიან გაგვიმართლაო. ამიტომაც გავბრაზდი. მეპატრონეს ყველაფერი ვუთხარი, რაზეც პრეტენზია მქონდა.ტილო უკან მექაჩებოდა. მოდი, გავისეირნოთო,-მეუბნებოდა. თავს უკეთესად იგრძნობო. ასე, რომ გარეთ გამოვედით და მეუბნება, -სონია, ამ სერებს შეხედე, ულამაზესია, არა? როგორ გაგვიმართლა, შვებულებას რომ აქ წამოვედით, არა? ეს სერები,-ის ამბობს, -გაცილებით არაჩვეულებრივია,ვიდრე წარმომედგინა, როცა ელგარს ვუსმენდით. მეკითხება: ხომ ასეა? შეიძლება ისევ ამიტომაც გავბრაზდი. ვეუბნები, ეს სერები არც ისეთი გასაოცარია-მეთქი. ის მაინც არაა, რაც ელგარის მუსიკის მოსმენისას წარმომედგინა-მეთქი. ელგარის სერები დიდებული და იდუმალებით სავსეა. აქ კი ასეა თუ ისე, რაღაც პარკივითაა. აი, ყველაფერი ასე ვუთხარი და ახლა თვითონ გაბრაზდა. თქვა, რომ მაშინ სასეირნოდ მარტო წავალო. ამბობს, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და ვერასოდეს ვთანხმდებით.დიახ,-ასე ამბობს, -სონია, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და წავიდა. სულ ეს არის. ამიტომაც არის, იქ, ზემოთ და მე აქ,-ქვევით. ქალმა ხელით ისევ მოიჩრდილა და ტილოს გახედა.
-გულწრფელად ვწუხვარ,-ვუთხარი მე. -მე რომ თქვენ იმ სასტუმროში არ გამეშვით...
-გეთაყვა, სასტუმრო არაფერი შუაშია. ტილოს უკეთესად დასანახად ქალი წინ გადაიხარა. მერე ღიმილით მომიტრიალდა და მომეჩვენა, რომ თვალებში ცრემლი აუკიაფდა.
-მითხარით,-თქვა მან. -დღეს ახალი სიმღერის დაწერას აპირებთ?
-ასეთი გეგმა მაქვს ან ყოველ შემთხვევაში, რაც დაწყებული მაქვს,იმას დავამთავრებ. აი,ის,გუშინ რომ უსმენდით.
-შესანიშნავი სიმღერაა. მერე რის გაკეთებას აპირებთ, როცა აქ სიმღერების წერას დაამთავრებთ? სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
-ლონდონში დავბრუნდები და ანამბლს ჩამოვაყალიბებ. ამ სიმღერებს სათანადო ჯგუფი  სჭირდება,-სხვანაირად ვერ შესრულდება. 
-რა ამაღელვებელია. წარმატებებს გისურვებთ.
ცოტა ხნის შემდეგ, წყნარად ვთქვი:
-მერე ისევ უნდა ვიწვალო. ასე იოლი სულაც არ არის, თქვენც ხომ იცით.
ქალს არ უპასუხია და გავიფიქრე, რომ ვერ გაიგონა, რადგან ისევ უკან მიტრიალდა და ტილოს გახედა.
-იცით რაა,-თქვა მან ბოლოს,-როცა ახალგაზრდა ვიყავი, არასოდეს ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი მაღიზიანებს. მე თვითონაც არ ვიცი, ასე რატომ დამემართა. ამაში კარგი არაფერი ყრია. ასეა თუ ისე, ვიცი, რომ ტილო აქ აღარ დაბრუნდება. სასტუმროში წავალ და იქ დაველოდები.
სონია სკამიდან წამოდგა, თან  შორეულ ფიგურას მზერას არ აშორებდა.
-სირცხვილია,-ვთქვი და მეც ავდექი,-რომ შვებულების დროს იჩხუბეთ. აი,გუშინ, როცა თქვენთვის ვუკრავდი, ორივე ძალიან ბედნიერები ჩანდით.
-დიახ, კარგად გამოვიდა.გმადლობთ, ამისთვის. უცბად, სონიამ გულითადი ღიმილით ხელი გამომიწოდა.- თქვენი გაცნობა ძალიან სასიამოვნო იყო.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, შედარებით მსუბუქად, ისე, როგორც ქალებს ეკადრებათ. სონია თავის გზას გაუდგა, მაგრამ შეჩერდა და შემომხედა.
-ტილო რომ აქ ყოფილიყო, გეტყოდათ, რომ სასოწარკვეთილებას  არასოდეს მიეცეთ. ალბათ, იმასაც გეტყოდათ, რომ ლონდონში აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ და ჯგუფის ჩამოყალიბებას შეეცადოთ. რა თქმა უნდა, წარმატებებს მიაღწევთ. აი, ეს არის, რასაც ტილო გეტყოდათ. იმიტომ, რომ ეს მის სულშია.
-და თქვენ რაღას მეტყოდით?
-მეც იგივეს გავიმეორებდი. რადგან ახალგაზრდა და ნიჭიერი ხართ. თუმცა მე საკუთარ თავში ასე დარწმუნებული არ ვარ, რადგან ცხოვრება საკმაოდ მრავალი იმედგაცრებითაა სავსე. როცა გიმართლებს, ამაზე არც ოცნებობ...
ისევ გამიღიმა და მხრები აიჩეჩა. 
-მაგრამ ეს არ უნდა მეთქვა. თქვენთვის კარგ მაგალითად ვერ გამოვდგები. გარდა ამისა,ვგრძნობ, რომ ტილოს უფრო გავხართ. თუ გაწბილდებით, არ უნდა დანებდეთ. მასავით თქვენც ასე უნდა თქვათ: როგორ გამიმართლა.
რამდენიმე წუთით მზერას არ მაშორებდა, თითქოს ჩემს დამახსოვრებას ცდილობდა. ნელი სიო თმებს უფრიალებდა, რის გამოც ასაკთან შედარებით გაცილებით ხანდაზმული ჩანდა. 
-ბევრ წარმატებებს გისურვებთ,-მითხრა ბოლოს. 
-ასევე თქვენც,-ვუთხარი მე.-და ვიმედოვნებ, რომ ისევ შერიგდებით.
ქალმა ხელი საბოლოოდ დამიქნია, ბილიკზე დაეშვა და გაუჩინარდა.
გიტარა ბუდიდან ამოვაძვრინე და საკმზე დავჯექი. ცოტა ხანს არაფერი დამიკრავს, რადგან შორს ვიყურებოდი, ვორსესტერშაიერის სასიგნალო შუქურისაკენ და აღმართზე ტილოს ერთ ციცქნა ფიგურასღა ვხედავდი. შესაძლოა იმიტომაც, რომ მზის სხივები ამჯერად სერების იმ ნაწილს ეცემოდა, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოდ ვხედავდი, ვიდრე მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ უფრო შორს წასულიყო.  ბილიკზე ცოტა ხანს შეჩერდა, ალბათ მის გარშემო აღმართულ სერებს ათვალიერებდა, თითქოს მათ ხელახლა შეფასებას ცდილობდა. მერე ისევ გზა განაგრძო.
რამდენიმე წუთით ისევ სიმღერაზე  წავიმუშავე, მაგრამ აზრების თავმოყრა გამიჭირდა, ძირითადად კუდიანი ფრეიზერის გამომეტყველებაზე ვფიქრობდი, სონია რომ იმ დილით თავს დააცხრა. მერე ღრუბლებს  ავხედე და ქვემოთ გართხმული სივრცის ცქერით დავტკბი და საკუთარ თავს ისევ სიმღერაზე ფიქრი ვაიძულე, იმ დამაკავშირებელ პასაჟზე, რომელიც ვერაფრად ვერ დავწერე.

შენიშვნები

1.ბექ-ვოკალისტი -მომღერალი, რომელიც სოლისტისთვის  აკომპანიმენტს აკეთებს;
2.ქავერი-სიმღერის ან მელოდიის გადაკეთებული ვარიანტი;
3.ერკერი- კედლის სიბრტყიდან გამოწეული ნახევარწრიული, სამკუთხა ან წახნაგოვანი შემინული ნაწილი. ხშირად ასდევს რამდენიმე სართულს, ზოგჯერ - მთელ ფასადსაც.
4. ელგარი ედუარდ უილიამ (1857-1934)-ინგლისელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
5. იანეკ გვიზდალა (1978)-ინგლისელი ჯაზ ბასგიტარისტი და პროდიუსერი;
6.ვოენ უილიამსი (1872-1958)-ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორი;
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge