გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შერვუდ ანდერსონი/ერნესტ ჰემინგუეი - ტედი/სუფთა, კარგად განათებული ადგილი

                                                   თარგმანი ლელა კოდალაშვილისა

                   
                             ტენდი
                                             

                                        შერვუდ ანდერსონი

სანამ შვიდი წლის შესრულდებოდა, გოგონა ტრუნიონ-პაიკისკენ მიმავალ მიტოვებულ გზაზე მდგარ ძველ, შეუღებავ სახლში ცხოვრობდა. დედა მკვდარი ჰყავდა, მამა კი მთელ დროს რელიგიაზე ფიქრსა და ლაპარაკში ატარებდა. თავი აგნოსტიკოსად მოჰქონდა და იმდენად შეეპყრო სურვილს, მეზობლების ტვინებში დაბუდებული ღვთის რწმენა დაენგრია, რომ ვეღარ ამჩნევდა ღმერთის განსახიერებას საკუთარ პატარა შვილში, მამისგან მივიწყებული სამადლოდ რომ ცხოვრობდა  გარდაცვლილი დედის ნათესავებთან.
ერთხელაც უაინესბურგში უცნობი ჩამოვიდა და ბავშვში რაღაც ისეთი შენიშნა, რასაც მამამისი ვერ ხედავდა. ეს მაღალი, წითური ახალგაზრდა კაცი, რომელიც თითქმის სულ მთვრალი იყო, ტომ ჰარდთან ერთად ,,ნიუ უილარდ ჰაუსის’ წინ, სკამზე იჯდა ხოლმე. სანამ ტომი სიტყვით გამოდიოდა და ირწმუნებოდა,  რომ ღმერთი არ არსებობს და შეუძლებელია, რომ საერთოდ არსებობდეს, უცნობი შეკრებილ ხალხს უღიმოდა და თვალს უპაჭუნებდა. ის და ტომი მალევე დამეგობრდნენ და ამის მერე ერთადაც ხშირად ნახავდით.
უცნობი კლივლენდელი მდიდარი ვაჭრის შვილი იყო და უაინესბურგში მისიით იყო ჩამოსული - ლოთობისთვის თავის დანებება გადაეწყვიტა და ფიქრობდა, რომ თუ დიდ ქალაქს გამოექცეოდა, თანამეინახეებს ჩამოშორდებოდა და სოფელში დასახლდებოდა,  მეტი შანსი იყო, სმას შეშვებოდა. 
მაგრამ უაინესბურგში ჩამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოწყენილობისგან კიდევ უფრო მეტი სმა დაიწყო. თუმცა ერთი კი ნამდვილად მოახერხა – ტომ ჰარდის გოგონას საზრისითა და მნიშვნელობით სავსე  სახელი შეარქვა.
ერთ საღამოს, ხანგრძლივი ლოთობის მერე, უცნობი, როგორც იქნა, გონს მოვიდა და  ბარბაცით გაუყვა ქალაქის მთავარ ქუჩას. ტომ ჰარდი ,,ნიუ უილარდ ჰაუსის’’ წინ, სკამზე ისვენებდა  და მუხლებზე დაესვა თავისი პატარა გოგონა, რომელიც იმ დროს ხუთი წლისა იყო. იქვე, ტროტუარზე ახალგაზრდა ჯორჯ უილიარდი იჯდა. უცნობი მათ წინ, სკამზე დაეხეთქა. მთელი ტანით ცახცახებდა და როცა ლაპარაკი სცადა, ხმაც აუკანკალდა.
გვიანი საღამო იყო. ქალაქიც  და რკინიგზაც, რომელიც სასტუმროსთან ახლომდებარე პატარა შემაღლებიდან მოემართებოდა, სიბნელეში გახვეულიყო. სადღაც შორს, დასავლეთით სამგზავრო მატარებლის სასტვენის გაბმული ხმა გაისმა. ხიდისთავთან მძინარე ძაღლს გაეღვიძა და  წამოიყეფა. უცნობი აბუტბუტდა და აგნოსტიკოსის მუხლებზე მჯდომი გოგონას მომავლის შესახებ დაიწყო წინასწარმეტყველება: 
,,აქ ჩამოვედი, რომ სმისთვის თავი გამენებებინა’’...- თქვა და  ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. ის ტომ ჰარდის მიღმა სიბნელეს ისე გაჰყურებდა, თითქოს იქ რაღაც სანახაობა შეამჩნიაო. ,,ქალაქიდან იმიტომ გამოვიქეცი, რომ განკურნება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. და ამას თავისი მიზეზი აქვს.”
ბავშვისკენ შემობრუნდა, რომელიც მამის მუხლებზე წელში გამართული იჯდა და რომელმაც საპასუხო მზერა შეაგება. უცნობი ტომ ჰარდს მკლავზე შეეხო.
,,მარტო სასმელზე არა ვარ მიჯაჭვული’’. – თქვა მან. - ,,კიდევ არის რაღაც. მე სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი და ვერა და ვერ ვიპოვე ეს სიყვარული. ძალიან ძნელია... იმედია, ხვდებით, რას ვგულისხმობ. ესაა, რომ მანადგურებს, გესმით ალბათ. ყველას არ გაეგება ეს.’’ - უცნობი გაჩუმდა. თითქოს მწუხარება დაძლიაო, მაგრამ მატარებლის საყვირის ხმამ ხელახლა გამოაფხიზლა. 
,,თუმცა იმედი არ დამიკარგავს. ამას ხმამაღლა ვაცხადებ. უბრალოდ,  აქ ჩემი ოცნება ვერ ახდება.’’ - თქვა ჩახლეჩილი ხმით. მერე დაკვირვებით შეხედა ბავშვს და ამის მერე მამამისისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მას მიმართავდა. ,,აი, მომავალი ქალი.’’ - წარმოთქვა გულწრფელად და თავდაჯერებით. - ,,ხედავთ, როგორ ავცდით. გამოვტოვეთ ერთმანეთი.’’
,,ჩვენ ერთმანეთს ავცდითდროში ვერ დავემთხვიეთ.  რაღაც ბედისწერას დაემსგავსებოდა, ერთხელაც მის გვერდით რომ აღმოვჩენილიყავი ისეთ საღამოს, როგორიც ახლაა, როცა ჩემი საქმე უკვე წასულია, ის კი ჯერ კიდევ ბავშვია.’’ - უცნობს მხრები ძლიერად აუცახცახდა და პაპიროსის გახვევისას აკანკალებული თითებიდან ქაღალდი გაუვარდა. გაბრაზდა და გინება დაიწყო.
,,ყველას ჰგონია, რომ ქალად ყოფნა იოლია. იოლია, იყო საყვარელი  და კარგი, მაგრამ მე უკეთ ვიცი.’’ - თქვა და ისევ შებრუნდა ბავშვისკენ.  - ,,მე მესმის. და იქნებ სხვებზე უკეთაც!’’ - დაიყვირა და ისევ გახედა ბნელ ქუჩას.
,,მე ამ ქალზე იმდენი რამე ვიცი. თუმცა გზად არასოდეს გადამყრია“. - თქვა  ჩუმად. - ,,ვიცი მისი ბრძოლებიც და მარცხებიც.  და სწორედ ამ მარცხების გამოა ჩემთვის ძვირფასი.  ეს მარცხები აჩენენ ქალში ახალ ძალებს. ვიცი ამ ყველაფრის სახელი. როცა ეს მოვიფიქრე, მეოცნებე ვიყავი, სხეულიც არ მქონდა ასე გამომპალი. ეს სახელია -  ტენდი. რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი უნდა იყო, რომ შეგიყვარონ. კაცები სწორედ ამას ეძებენ ქალებში, მაგრამ ვერ პოულობენ.“
უცნობი ტომ ჰარდს წინ დაუდგა. ის მთელი ტანით წინ და უკან ქანაობდა, თითქოს წაქცევას აპირებსო, მაგრამ ამის მაგივრად ტროტუარზე მუხლებით დაეცა, პატარა გოგონას თითები ხელში მოიქცია, მთვრალ ტუჩებთან მიიტანა და აღტაცებულმა აკოცა.
,,იყავი ტენდი, პატარავ!“ - მუდარით სთხოვა.  - ,,გაბედე,იყო ძლიერი და უშიშარი. ეგაა შენი გზა. იყავი გაბედული, რომ შეგიყვარონ. იყავი რაღაც  უფრო მეტი, ვიდრე კაცი ან ქალი. იყავი ტენდი!“
უცნობი ადგა და ბარბაცით დაეშვა ქუჩაზე. ერთი თუ ორი დღის მერე დაჯდა მატარებელზე და შინ, კლივლენდში დაბრუნდა.
ზაფხულის ერთ საღამოს, სასტუმროსთან საუბრის მერე, ტომ ჰარდმა გოგონა ღამის გასათევად ნათესავის სახლში წაიყვანა. ხეების ჩრდილქვეშ მიმავალს უცნობის მთვრალი ბოდვა აღარც კი ახსოვდა, ფიქრებით ისევ იმ არგუმენტებს უტრიალებდა, ადამიანებს ღვთის რწმენას რომ დააკარგვინებდა.
ტომმა გოგონას სახელი  დაუძახა. ბავშვი ატირდა. ,,არ მინდა, რომ ასე დამიძახონ.“ - განაცხადა მან. - ,,მე მინდა, რომ მერქვას ტენდი, ტენდი ჰარდი.“
ბავშვი ისე მწარედ ტიროდა, რომ ტომ ჰარდი დაიხარა, ჩაეხუტა და მისი დამშვიდება სცადა. მერე ხესთან შეჩერდა, ხელში აიყვანა და მოეფერა.
,,შენ ხომ კარგი გოგო ხარ. დაწყნარდი.“ – მკაცრად უთხრა.
მაგრამ გოგონა ვერ წყნარდებოდა. ბავშვური სიჯიუტით მისცემოდა მწუხარებას. ღამის სიმშვიდეს არღვევდა მისი ხმა.
,,მე მინდა ვიყო ტენდი. მე მინდა, ვიყო ტენდი.’’
,,მე მინდა ვიყო ტენდი ჰარდი!“ - ყვიროდა ის. თავს იქნევდა და სლუკუნებდა, თითქოს ნორჩი ძალები არ ჰყოფნიდა, დაეტია გულში შესახლებული წარმოსახვები, რომელიც მთვრალი უცნობის სიტყვებმა ჩაუსახა.



                 სუფთა, კარგად განათებული ადგილი

                               ერნესტ ჰემინგუეი

გვიან საღამოს კაფედან ყველა გაკრეფილიყო ერთი მოხუცი კაცის გარდა, რომელიც ელექტრონით განათებული ფოთლების ჩრდილში, ხის ქვეშ იჯდა. დღისით ქუჩაში ბუღი იდგა, ღამით კი მთელ მტვერს ცვარი იწოვდა. ასეთ დროს აქ სიჩუმე იდგა. ყრუ მოხუცი ამ განსხვავებას კარგად გრძნობდა, ამიტომ  გვიანობამდე უყვარდა  ჯდომა.კაფეში მყოფი ორი მიმტანი თვალს ადევნებდა.   იცოდნენ, რომ ნასვამ მოხუცს,  მიუხედავად იმისა, რომ  კარგი გადამხდელი იყო, თუ ძალიან დათვრებოდა, შეიძლება, ანგარიშის გასწორება დავიწყებოდა.
- წინა კვირას თავის მოკვლა სცადა. - თქვა ერთმა.
- რატომ?
- სასოწარკვეთილი იყო.
- რის გამო?
- რა ვიცი. არაფრის გამო.
- რა იცი, რომ არაფრის გამო.
- ქვეყნის ფულის პატრონია და...
ისინი კედლის სიახლოვეს, კაფეს კართან მიმდგარ მაგიდასთან ისხდნენ და ტერასას გაჰყურებდნენ. ყველა ადგილი ცარიელი იყო იმ მაგიდის გარდა,  მოხუცი რომ იჯდა, ხის ძირას, ელექტრონით განათებული ფოთლების ჩრდილში.  ქუჩაში გოგონამ და ჯარისკაცმა გაიარეს. ჯარისკაცის საყელოზე დაკრული სპილენძის ნომრები ლამპიონების შუქზე ბზინავდა. თავშიშველი გოგონა აჩქარებით მიაბიჯებდა  ბიჭის გვერდით.
- ამას ახლა დაცვა აიყვანს.  - თქვა ერთმა მიმტანმა.
- რა მნიშვნელობა აქვს, თუ თავისი მიიღო? 
- აჯობებს, გზიდან გადაუხვიოს. თორემ დაცვა აიყვანს. ახლახანს ჩაიარა, ხუთი წუთი არ გასულა.
მოხუცმა ჭიქა თეფშს მიუკაკუნა. ახალგაზრდა მიმტანი მიუახლოვდა.
- რა გნებავთ?
მოხუცმა შეხედა და უთხრა: 
- კიდევ ერთი ბრენდი.
- დათვრებით. - უპასუხა მას მიმტანმა.
მოხუცმა შეხედა. მიმტანი წავიდა.
- ახლა მთელი ღამე ვერ გაეტევა. - უთხრა კოლეგას.   - საშინლად მეძინება. მაგრამ სამამდე რას დავწვები. ეჰ, ნეტავ ჩაძაღლებულიყო წინა კვირას.
მიმტანმა ბუფეტიდან ბოთლი გამოაძვრინა, თეფში აიღო და მაგიდისკენ წავიდა. მერე თეფში მაგიდაზე დადო და ჭიქა აავსო.
- კაი იქნებოდა, ჩაძაღლებულიყავი წინა კვირას.   - უთხრა მან ყრუს.
- ცოტაც. - თითით ანიშნა მოხუცმა. მიმტანმა ჭიქა ისე გადაუვსო, რომ სასმელი თეფშზე გადმოიღვარა.
- გმადლობთ. - თქვა მოხუცმა. მიმტანმა ბოთლი უკან წაიღო და ისევ მაგიდას მიუჯდა.
- მთვრალია უკვე. - თქვა მან.
- ეგ ყოველდღე მთვრალია.
- რატომ უნდოდა თავის მოკვლა?
- აბა, მე რა ვიცი.
- როგორ ქნა ეს?
- თავი ჩამოიკიდა.
- და ვინ ჩამოხსნა?
- დისშვილმა.
- და რატო?
- რა ვიცი, ალბათ ცხოვნება უნდა იმქვეყნად.
- და რამდენი ფული აქვს?
- უჰ, ბევრი.
- ალბათ, ასე, ოთხმოცის იქნება, არა?
- ჰო, ნაკლებს არ მისცემ.
- წავიდეს რა, სახლში. სამ საათზე ადრე ვერასოდეს ვიძინებ. რომელზე უნდა დავწვე?
- უნდა და ზის, რა გინდა. ალბათ ასე მოსწონს.
-  მარტოხელაა და იმიტომ ზის აქ. მე კიდევ ცოლი მელოდება საწოლში.
- ამასაც ჰყავდა ერთ  დროს ცოლი.
- რა ჯანდაბად უნდა ახლა ამას ცოლი.
- ეგრეც ნუ იტყვი. ცოლთან ერთად უკეთ იქნებოდა.
- ეს დისშვილი ხო აქცევს ყურადღებას. შენ არ თქვი, რომ იმან გადაარჩინა?
- ჰო. 
- არ მინდა ასე დაბერება.  საზიზღრობაა სიბერე.
- ყოველთვის არა. ეს მოხუცი სუფთაა. ისე სვამს, რომ წვეთს არ ღვრის. აი, ახლაც, მთვრალია და მაინც. შეხედე.
- არ მჭირდება მაგის შეხედვა. დროზე წაეთრას. საერთოდ არ ფიქრობს  დაღლილ ხალხზე.
მოხუცმა თავისი ჭიქიდან მზერა ჯერ მოედანზე გადაიტანა.  მერე კი მიმტანებს გახედა.
- ერთიც. - და ჭიქაზე მიუთითა.
მიმტანი, რომელსაც ეჩქარებოდა,  მიუახლოვდა.
- გათავდა. - უპასუხა ისეთი ტონით, მთვრალებს ან უცხოელებს რომ პასუხობენ ხოლმე. - ამაღამ გეყოს. მორჩა. ვიკეტებით.
- კიდევ ერთი. - გაიმეორა მოხუცმა.
- არა. ვიკეტებით-მეთქი. - მიმტანმა მაგიდის კიდე გადაწმინდა და თავი გააქნია.
მოხუცი წამოდგა. თეფშები ნელა გადათვალა, ტყავის საფულიდან მონეტები ამოიღო. სასმელისა გადაიხადა, ჩაიც დაუტოვა. მიმტანი ხედავდა, როგორ დაეშვა ის ქუჩაზე  - ბარბაცით, მაგრამ ღირსეულად. 
- დარჩენილიყო და დაელია. რას ერჩოდი. - იკითხა მიმტანმა, რომელსაც არ ეჩქარებოდა. თან დარაბებს კეტავდნენ.   - ჯერ ხომ არაა სამის ნახევარი.
- სახლში მინდა.
- და რომელი საათია.
- ჩემთვის უფრო გვიანია, ვიდრე მაგისთვის.
- საათი ერთი და იგივეა.
- შენც ამ ბებერივით ლაპარაკობ. რა. არ შეუძლია, იყიდოს სასმელი და სახლში დალიოს?
- აქ სულ სხვაა.
- მართალია. აქ სულ სხვაა.  - დაეთანხმა ცოლიანი მიმტანი. არ უნდოდა, რომ უსამართლო გამოჩენილიყო.  უბრალოდ, სახლში ეჩქარებოდა.
- და შენ? არ გეშინია შინ დროზე ადრე მისვლა?
- შენ რა, ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება გინდა?
- არა, კაცო, ვხუმრობ უბრალოდ.
- არა. - თქვა მოჩქარე მიმტანმა და ჟალუზები დაწია. -  საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. მე  სრულიად თავდაჯერებული ვარ.
- შენ გაქვს ახალგაზრდობა, თავდაჯერებულობა და სამსახური. - თქვა ხანში შესულმა მიმტანმა. შენ ყველაფერი გაქვს.
- და შენ რა არ გყოფნის?
- ყველაფერი, გარდა სამსახურისა.
- შენც გაქვს  ის ყველაფერი, რაც მე.
- მე არასოდეს  მქონია თავდაჯერებულობა. და არც ახალგაზრდა ვარ.
- ეეეჰ, შეეშვი სისულელეების ლაპარაკს და დავკეტოთ.
- მე ის ტიპი ვარ, ვისაც კაფეებში გვიანობამდე უყვარს დარჩენა. იმათთან ერთად, ვისაც არ ეძინება. და იმათთვის, ვისაც ღამე განათებული ადგილების დანახვა უხარია.
- მინდა, დროზე წავიდე და ლოგინში ჩავწვე.
- მე და შენ სხვადასხვანაირები ვართ – თქვა ხანში შესულმა მიმტანმა. ის უკვე ჩაცმული იყო და წასასვლელად ემზადებოდა. - ეს მარტო თავდაჯერების და ახალგაზრდობის თემა კი არაა. ღამღამობით არ მინდა ხოლმე, რომ დავიკეტოთ, ვფიქრობ,  იქნებ ვიღაცას სჭირდება კაფეში შემოსვლა.
- კაცო, ღვინის სარდაფები მთელი ღამეა ღია.
- შენ არ გესმის. ჩვენი კაფე სუფთა და სასიამოვნო ადგილია. კარგადაა განათებული.  თან ღამე ფოთლების ჩრდილებია.
- ღამე მშვიდობისა. - თქვა უმცროსმა მიმტანმა.
- ღამე მშვიდობისა, - უთხრა უფროსმა. შუქი გამორთო და თავისთვის გააგრძელა ლაპარაკი: განათება კი, ბატონო, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილი იყოს სასიამოვნო და სუფთა. თქვენ მუსიკა არ გინდათ. ცხადია, არ გინდათ მუსიკა. ცხადია, ბართან ღირსეულად ვერ დადგები.  თუმცა ასეთ საათებში სხვაგან სად გინდა, რომ წახვიდე.რისი ეშინოდა? ეს არ იყო შიში. ეს იყო არაფერი და ის ამ არაფერს ძალიან კარგად იცნობდა. ეს ყველაფერი იყო არაფერი და კაციც არაფერი იყო. აი, ასე. შუქის გარდა არაფერი არაა საჭირო. და სისუფთავე და წესრიგიც, ცხადია. ვიღაცები ცხოვრობენ და ამას ვერ გრძნობენ. მან კი იცის, რომ ეს არის არაფერი და ისევ და ისევ არარა და არაფერი. მამაო არარავ, არარა ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ არარა შენი, მოვედინ არარა შენი, იყავნ არარა შენი, ვითარცა არარასა შინა, ეგრეცა არარასა ზედა. არარა ჩვენი არსობისა მოგვცე ჩვენ დღეს და მომიტევე ჩვენ არარა ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ არარასა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ არარასა, არამედ გვიხსენ ჩვენ არარასაგან.
- რა გნებავთ? - ჰკითხა ბარმენმა.
- არარა. 
კიდევ ერთი არანორმალური. - თქვა ბარმენმა და შებრუნდა.
- პატარა ფინჯანი. - თქვა მიმტანმა. ბარმენმა დაუსხა.
- ძალიან  საამო განათება გაქვთ. მაგრამ ბარი არ გაგიპრიალებიათ.  - თქვა მიმტანმა. ბარმენმა შეხედა, მაგრამ არაფერი უპასუხა. მეტისმეტად გვიანი იყო საუბრის გასაბმელად.
- ერთი ფინჯანიც?  - ჰკითხა მან.
- არა. გმადლობთ. - უპასუხა მიმტანმა და გარეთ გამოვიდა. არ უყვარდა ბარები და ღვინის სარდაფები. კარგად განათებული კაფე სულ სხვაა. ახლა კი არაფერზე აღარ იფიქრებს. წავა სახლში, შევა თავის ოთახში, ჩაწვება საწოლში და ბოლო-ბოლო, გამთენიისას მაინც ჩაეძინება.  თავს დაირწმუნებს, რომ  უბრალოდ უძილობაა. ეს ხომ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge