გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნიკა კვესელავა - ლექსები

                           
                      ნიკა კვესელავა - ქართველი პოეტი (1991-2020). 
                   

                  პოეტის ბედი ყოველთვის ტრაგიზმით აღსავსეა. ის ცდილობს, ბუნებას გამოსტაცოს მარადიულობა და მყოფ რეალობაში გადმოიტანოს სიყვარულის სახით, რომელი სიყვარულიც იტევს ყოველგვარ აღმატებით განცდას, სამყაროულ სასოწარკვეთილებასა და ადამიანური არსების დამოუკიდებლობას. 
                    ნიკა კვესელავა პოეტის სახელით შევა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მისი პოეზია უსაზღვროებას ეზიარა.
                    ასეთია პოეტის ბედი, - სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია და ვიდრე ამ ნაბიჯის ნებსით ან უნებლიეთ გადადგმამდე - უნდა მოასწროს მყოფობაში მარადიულობის შეგრძნება... ნიკა კვესელავამ ეს შეძლო.
                                                                  
                                                                ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქტორი                                     



°°°
შუაღამეა, ყველას სძინავს, ამ მკვდარ ოთახში,
სუნთქვაშეკრულს და უსიცოცხლოს მიჯობს რა უფრო,
ახლა რომ ჩემთან მოხვიდოდე გაშლილი თმებით, ანგელოზივით, მაცოცხლო და
გამესაუბრო.
სიცხიან სახეს, შეუბერო სული, სიცილით,
უწყლო ტუჩებზე, მომაშველო ცივი თითები,
ნაცნობი მზერა დამამჩნიო, გამითავისო,
სანამ სიტყვები, უსაშველოდ ასე ითმენენ.
გარეთ საღამო უჩემოდ რომ ჩამოთავდება
და უძილობით გაათევენ შიშებს, ბუები...
ტკივილებივით ამტკივდება ხორცში სიცოცხლე
და უშენობას, უშენობით, შევეგუები.
სანამ შენს თვალებს, შენს ხმას, შენს თმებს, გადავიჩვევდე,
დაღლილი მხრებით გამექცევი ღვთისფერ კანიდან,
ყველა სურვილი, ყველა ნატვრა, ყველა ოცნება,
გადაილაგე, გაიყოლე ჭუჭრუტანიდან.
შუაღამეა, ყველას სძინავს ამ მკვდარ ოთახში,
ჩემმა თვალებმა შეძლო მხოლოდ ამის დანახვა,
რა საშინელი ადგილი და სანახავია, როცა გგრძნობ მაგრამ რეალურად ჩემთან არახარ.

ნიკა კვესელავა

°°°
შუაღამეა, Mezza notte ასე იტყვიან
აქ და ძილისთვის ნაჩქარევად ემზადებიან,
მე კი გამშრალი თვალები მაქვს ამოსავსები
ცრემლით,

რადგანაც კვლავ სევდები მეძალებიან.
უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ მიჭირს გაძლება,
თმენების წყებად მიმრავლდება უკვე სიშორე
საკუთარ თავის და ღრიალის მინდა დაწყება
იმ ბავშვის მსგავსად, ზღვის პირას რომ მარტო იპოვეს
გუშინ და წვიმდა...
სწორედ ასე მინდა იწვიმოს
იქნებ ტკივილი ჩამომრეცხოს ძლიერ თავსხმით და
ახლა რამდენჯერ მივალურსმე მთვარე ღრუბლებზე
იმდენივეჯერ მიღალატა სხვაგან წავიდა
ფიქრიან ღამის ძილგატეხილ დიდი თვალებით
ფანჯრების მიღმა გადაღლილი თვლემენ ბუები
და ჩემს მიწაზე, ჩემი ცის ქვეშ (უცებ დავფიქრდი,
სუნთქვა შემეკრა როცა მივხვდი) შენ მეგულები
მაგ ცისფერი და დარდიანი დიდი თვალებით
რა შეიძლება ახლა მჭირდეს ვიდრე სიშორე
თუმცა მიკრძალავ ცრემლებს, არ გსურს ისევ ვიტირო,
მაინც წვიმები თვალებიდან ვერ მოვიშორე ...

შუაღამეა mezza notte ასე იტყვიან

Spirito


***
ხელიდან წასული პოეტი ვარ,
არ აღიარებენ და იციან,
დედა კი არა,დრო მეტირა,

სიცხიანს.
გარეთ წვიმა დარბის ფეხშიშველი,
მშვიდი ამინდები გაავდრდა,
ნეტავ,ვიცოდე შენ მიშველი,
ავად ვარ!
მხოლოდ ძაღლებიღა ერთგულობენ,
ათასჯერ გეფიქრება, არ ნატრობ,
ალბათ აღარსად გეგულები
მღალატობ.
ტკივილიც თვესავით გაივლის,
ლურჯ ზეცას ღრუბლებით კირავენ,
იმ ქუჩას, სადაც შენ გაივლი,
ვქირაობ!
იცინე, რაც გინდა დავარქვათ,
ამ გრძნობებს გულიდან ამომხტარს,
გაგვჭოროს სოფელმაც,ქალაქმაც,
რა მოხდა!
ლექსებსაც გიკითხავ მერე და
თითებით მოგიქსოვ ნაწნავებს,
ლოცვა თუ არ იცი მერე რა,
გასწავლი!
ადამის ნეკნი ვარ თუ ლავიწი,
ან უფრო პოეტი და ვამეტებ,
ალბათ სიცხე მაინც დამიწევს,
წავედი!

ნიკა კვესელავა

***
არ შემიძლია უშენობა ვივსები თმენით,
ტაძარს გამდგარი მლოცველი ვარ უგანთიადო,
ლოცვად წამომცდარ შიშებს ძლივსღა ვახვედრებ რწმენას,
როდესაც მტკივა უშენობა სხვა რა ვიდარდო-
როცა ბეჭებზე მადევს ჯვარად მთელი სამყარო
და ჯვარედინად დასმულ ლექსებს ვიკრიფავ გულთან.
რა ვთქვა, ვიცლები უხმაუროდ რომ არ დაგღალო,
თმენების წყება დამიჯერე ასეთი უნდა...
სადა ხარ ახლა, ფორიაქობს დრო და სიშორე,
მანძილებივით განთიადმა ფიქრი აშალა,
დაღამებამდე მოვითმენ და ღმერთო მიშველე,
ან როგორ შევძლო ჩამომდგარ დღის მარტოდ გატანა...
ვისწავლე ლოცვა შენებურად, ანდა მასწავლე,
ერთია რწმენა, სიყვარულიც როცაა ერთი,
სხვა ყველაფერი დამავიწყდეს, დავთმო, არ მქონდეს,
ოღონდ მჯეროდეს
როცა მიყვარს ის არის ღმერთი!

Spirito



***

მე ახლა იქ ვარ,საიდანაც,
გრძელდება უკუშხვარა,ლემწა,ბონდი,
ყვავილებს გაზრდიან და გაიტანენ,

ვაი თუ,აღარ მოგაგონდე.
მე ახლა იქ ვარ, საიდანაც,
მიპოვნე,შემიყვარე ამისთანა.

მწადდა ტახტისებრი არაგონი,
კედლებჩაცვენილი,მღვრიე ხარგა,
სადმე ქარის მოსვლა გამაგონა,
სულაც ცხრა მთას იქეთ გადამკარგა.

მწვანე მანდარინებს ფერი მისდით,
როგორ დაგიძველდა დაო, ცვილი,
იქნებ ეს ზამთარი გამიჭირდეს
და შენ ვერც გაიგო,დალოცვილო.

ღამემ მოიხდინა ალბათ ფიქრი,
დაჭლექიანებულს მიგავს სახე,
სადმე გამოვნახავ არყით ჭიქას
შენ კი ერთი სიტყვა გამონახე.

ზეცის მოზეცისფრო ათინათი,
გაედმოედება გზებს და ხიდებს,
ღირდეს ყველაფერი ამისათვის,
ანდა არაფერი სულ არ ღირდეს.
გაქრა, მიილია ჩვევაც, ლანდიც,
დღესაც გუშინდელი ამინდია,
თითქოს ჩემს აჩრდილში გავიბლანდე,
ნეტავ, ყვავილები სად მიდიან?!

ხელიდან გეცლები ავადმყოფი,
შენი იერსახის, ჭაღარა,
შენ რომ ყოველთვის ამაყობდი,
დაო, მე ის ძმა აღარ ვარ.
მოგონებებია ძველი კადრი,
ჩვენების ტკივილი და შავი სენი,
ცრემლები როგორ შემოგკადრო,
ატირებამდე გამიხსენე.

მე ახლა იქ ვარ,საიდანაც,
გრძელდება უკუშხვარა, ლემწა, ბონდი,
ყვავილებს გაზრდიან და გაიტანენ,
ვაი თუ, აღარ მოგაგონდე.
მე ახლა იქ ვარ, საიდანაც,
მიპოვნე, შემიყვარე ამისთანა.


***
ოთახში, ჭერზე დახტის კალია,
ვუსმენ საკუთარ აჩრდილის ფეთქვას,
ჰო, ყველაფერი ჩემი ბრალია,
რაც უკვე ვთქვი ან რაც უნდა მეთქვა.

რაოდენია სულში რაოდენ,
გაუქმებული გზებით, ხიდებით,

მოვალ სიცილით, სასაფლაომდე
და ერთიანად აგიტირდები.

შენი ქუჩაა, მეათასედი,
მოლურჯო ზონა, ხველას იწყებენ,
სინამდვილეში არ ხარ ასეთი,
გახსენებამდე, დაგავიწყდები.

ღამე მორგია,
ან რა მოგივა,
მთვარის მაგივრად შეხვდე ალიონს,
რისთვისაც იბრძვი,
თუ შენი ღვიძლი
გაგიშვებს
ბიჭო,
უნდა დალიო.

ყველასთან ვისაც ფული არა
აქვს
ცდომა ნიჭია და მსახიობი,
გულისტკივილი ვეღარ გადაგაქვს...
წერონ მაგათმაც,
ხატონ მაგათმაც,
შენი პილატე,ჩემი იობი.

მოკვდი!
იომე!

ყველა ჭრილობის განსახილველად,
მოდი პირველად!
წადი მეორედ,
გაგიმეორებ,
რომ გზა მცდარია,
წყვეტილ სანიშნით,
არც არაფერი არ მიხარია,
შენი ცრემლები იცის ბალიშმა.

აღარ გამიშვა,
აღარ გამიშვა,
თეთრი ხელები, ლურჯი მოლია,
არ გაგიკვირდეს ზეცამ ქარი შვას,
არც არასოდეს მოგიყოლია.

რატომ გიყვარდა,
როგორ უყვარდი,
წიგნების კითხვა,
იმ ვიღაც ვირთხას,
შენი თვალები არ უნახია,
შენი ტუჩები არ უნახია,
არც შენი ცრემლი, არც შენი სევდა.
აკი ახია,
იქ აღარ ცხოვრობ, ძველი სახლია.

ან რაღა დარჩა, ხარაკირია,
გადაირიე?!
რას მემართლება,
მუხლებზე არა,
საწოლზე ჯდები
მიყურებ მღვრიედ, ქრისტეს სანთლებით.

დავრჩით მარტონი,
აწი, ბატონო...
არავინაა ჩვენი პატრონი,
მიმიღე, გულში ან
მიმატოვე!

სიმინდის ყვითელ თავთავებიან,
ღეროებს,
თავი უნდა უხარო,
იქნებ ეშველოს რამე ამინდებს,
მეტყვი ,,ბუ ხარო''
გეტყვი ,,წავიდეთ''

ლოდინში სმას რომ აღარ გადავყვე,
სიკვდილზე ფიქრებს რომ არ გადავყვე,
უნდა მიშველო,
სიზმრებ შიშველი,
ენდო სულითქმას, გული არჩიო,

ან მომკლა
ან სულ გადამარჩინო.

ოთახში ჭერზე დახტის კალია,
ვიფიქრე, მოვკვდი, ღამე ვათიე,
თუ ყველაფერი ჩემი ბრალია,
მე მაპატიე!


***
მდინარის გაღმა, მთებს გადმოღმა, ღმერთის მხარეში,
შორია ზეცა(მდე) და ნედლი პურის მიწები,
დავხუჭავ თვალებს შუაღამით, სითბოს გარეშე,
ჩავაქრობ მთვარეს, სიზმრებიდან შემოგიწვები.

ჩვენს შორის ახლა უსასრულო სივრცის ხმებია,
რისი ტკივილი, ამ განცდასთან გულს ხეთქს შენახვა,
რათ მინდა ხელი თუ შენს ხელებს ვერ ეხებიან,
ან იქ რა მინდა საყვარელო სადაც შენ არ ხარ.

გაძარცვულ რიცხვებს, დღეებს, თვეებს, მორიგს, მომდევნოს,
ვიძულებ, ვიკლავ, რა ჭირია, რამე მახსოვდეს...
ვაღებ დარაბებს, ზღვებმა შენი სუნი მოდენოს
და მერე გულმაც არ იფეთქოს აღარასოდეს.


***
მე უფლება მაქვს, როცა მინდა მაშინ მიყვარდეს
და დავემუქრო ყველა გრძნობას გარეთ გაგდებით,
პამ პარამ პამპამ, პარარირა, პარამ პარამპო,
მთვრალი კაცივით გზაზე წვანან,ლიანდაგები.
უიდილიოთ ვარსკვლავებთან მთვარე იძინებს,
ზღვებს ფსკერზე უფრო უსაშველოდ დიდი ფონი აქვს,
პარატიფებით აორთქლილ წიგნს ვიიშვიათებ,
რა დალევს ღამეს, ღვინის მსგავსად,ალკოჰოლიანს.
უსაფუძვლოა ყველა ეჭვი სირცხვილზე,დეუ,
მეხსიერება ვერ იტანდა ქლორს და ნატრიუმს,
რამეთუ ბაბუმ ვერ უშველა კიბოს ქიმიით,
ოჰ,არა,ღმერთო, რა გაუძლებს ფსიქიატრიულს.
მოლანდებებით ჩაიხერგა ქუჩა,ლოდინის,
ემიგრანტისგან მიღებული რაღაც ქვითარი,
მოკითხვა მშობლებს,წერილიდან ამონანთხევი,
შარშან დავმარხეთ და პასუხი, არავითარი.
ჯანდაბას! სივრცე ჩაიხუთა უჰაერობით,
მწამს, ეს სამყარო სიმყუდროვეს წელსაც იშვილებს,
ხორხს დაიგლეჯენ ეპოქები სულის სლოკინით,
გაგვიხსენებენ, კვესელავებს, სულთანიშვილებს.
დღეები სცდება უწარწერო პავილიონებს,
ფიქრები ურმებს აბრუნებენ, გზას ვერ იგნებენ,
სიბრძნეს არ ენდოთ,თორემ ბრძენნი გათავხედდება
და მერე ჭკუას კარტებივით დაგვარიგებენ.
თქვენ უფლება გაქვთ,ისე გწამდეთ რომ არ გიყვარდეთ,

დამატუსაღოთ,მარტოობით ციხეს დამალპოთ,
გეპატიებათ, მებრალებით, მაინც მიყვარხართ,
პამ პარამ პამპამ, პარარირა, პარამ პარამპო.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge