გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგუა - 5 რამ, რაც 2020-მა მასწავლა


2020-ის ლაკონურად შეფასების მცდელობისას ბევრ არასასიამოვნო ეპითეტს მოისმენდით, თუმცა შესაძლოა თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც ამგვარი ეპითეტით თავადვე შეგიმკიათ ჩვენი პანდემიური ყოფა. ვირუსო-კრიზისული ვითარების ერთ წლიანმა პერიოდმა მრავალი მიზეზის გამო ადამიანებს თავსატეხი, გასაჭირი, დაბნეულობა, შიში და სასოწარკვეთა უხვად მოუვლინა. ბუნებისაგან თავს მოხვეულმა სენმა, ვირუსმა, მთელი ჩვენი სინამდვილე ვირუსულადვე შთანთქა. სოციალური ქსელები და მას-მედიის საშუალებები ციფრულად; დაცარიელებული ქუჩები, სკვერები და მოედნები კი მეტი ფიზიკური  სიცხადით გვაგრძნობინებდნენ უჩვეულო დროში მყოფობას. გარე, მოდერნული რეალობის შეზღუდვამ, მისივე პრუდუქტი - თანამედროვე ადამიანი აიძულა  „წუთით“ მოსწყვეტოდა,  ყოველდღიურ კონვეირულ რუტინას და მზერა საკუთარი თავისკენ მიეპყრო. ამ იძულებითი ინტროსპექციით მოხდა ის, რომ სიცოცხლე გამოთავისუფლდა სოციალური - ყოფითი სინამდვილის დანამატებისაგან. ლოდთან შეჭიდებულ სიზიფეებს, ღმერთებმა წუთით, სწორედ ამ ფიქრისთვის მოსვენების საშუალება მოგვცეს. მეორეს მხრივ, ჩვენთვის ამ „წუთიერმა“ მოცალეობამ, იმ ფაქტის მტკივნეული განცდა გაგვიღვივა, რომ არ გვჭირდება პაუზა, რომელიც საკუთარ ხვედრზე ჩაგვაფიქრებდა.  ცხოვრების ჩვეულ რიტმში, ასეთი ეგზისტენციალური თავისტკივილისთვის დრო არ გვრჩებოდა. მხოლოდ ახალ, მისგან (ჩვეული ყოფისგან) ამოვარდნილებმა და შინ გამოკეტილებმა ვიგრძენით მთელი სიმძიმით ადამიანად ყოფნის ტკბილ-მწარე ხვედრი. თურმე რა ბედნიერები ვყოფილვართ მაშინ, როცა დილიდან საღამომდე სარჩოს მოსაპოვებლად, ოჯახის გამოსაკვებად, საკუთარი თავისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად  ჭაპანწყვეტაში ვიყავით ჩაბმულები. 
ახალმა გამოწვევამ, ჩვენი ცხოვრებისა და მოქმედების წესი მნიშვნლოვნად შეცვალა. ადამიანებს განურჩევლად ეროვნებისა, მოგვიხდა ერთგვარი გადაწყობა და ტრადიციული საქმიანობ(ებ)ის განხორციელებისათვის ალტერნატიული გზების ძიება. საერთო ჯამში კი ამ მდგომარეობით საზოგადოებამ ერთად, ხოლო ინდივიდმა პიროვნულ დონეზე, რამდენიმე მიმართულებით ყურადსაღები გაკვეთილი მიიღო. 
   გაკვეთილი #1 : მე მარტო არ ვარ, ანუ ადამიანი სოციალური ცხოველია. 
   
     პანდემიის საგანგაშო მასშტაბებით გავრცელებას, მთავრობებმა სოციალური დისტანცირების წესის შემოღებით და მთელი რიგი შეზღუდვებით უპასუხეს. ყოველდღიურ სასაუბრო ენაში, გაჩნდა ისეთი  ტერმინები, რომლებსაც აქამდე მხოლოდ სპეციფიური დატვირთვით ვიყენებდით. „ლოქდაუნი’, და „კლასტერი“ ამათგან ყველაზე უფრო ხშირად გვჭრიდა ყურს. თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანდა, თავი ინტროვერტი მეგონა და სიმართლე გითხრათ ნაადრევი აღტაცებაც დამეუფლა, როცა მოყვასთა შორის ურთიერთობის დისტანცირებული, „ონლაინ“ ფორმა დამკვიდრდა. მეგონა მთელს ამ გამოთავისუფლებულ დროს, რაც ტრანსპორტში, კოლეგებთან შეხვედრისას ან ნაცნობებთან უაზრო ლაყბობაში მეხარჯებოდა, შინ მყოფი უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებდი. იძულებითი კარჩაკეტილობის პირველი ერთი თვე, ძველის სტატიების დამუშავებას, მათ განახლებასა და წყაროებით გამდიდრებას დავუთმე. მომდევნო თვეებში, კიდევ მქონდა მსგავსი პროაქტიური და ენთუზიასტური გაელვებები. აი უკვე „ლოქდაუნის“ მესამე თვის თავზე კი ყველაფერი მომბეზრდა, ვეღარც ჩემი სათნოება - წიგნის კითხვის სიყვარული მშველოდა. მოწყენილობის და მარტოსულობის განცდა გამეფდა და მას უკვე ვეღარაფრით ვაძევებდი ფსიქეს სამეფოდან. 
    ზაფხულში, როცა შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა და ვირუსის „პირველმა ტალღამ“ ღელვას უკლო, სახლიდან გამოსვლას მოვუხშირე. ვხვდებოდი კოლეგებს და ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობდით  სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გარდა. იმ ტიპებმა, რომლებიც  თავს ათას სისულელეებზე ლაყბობით მაწყენდნენ - უცრად ფერი იცვალეს, მათგან გაგონილს, მონაჭორსა და მონაჩმახს -  ყველაფერს ხალისითა და გულისყურით ვისმენდი. მეგობარი, რომელიც ჩემგან საკმაოდ შორს, სხვა ქალაქში ცხოვრობს, აქამდე თუკი მასთან ონლაინ კომუნიკაციით შემოვიფარგლებოდი - მომენატრა და მის სანახავად ფაც-ფუცით გავეშურე. 
     ამასობაში ინტროსპექციის თანდაყოლილი უნარი ბევრი რამის აღმოჩენაში დამეხმარა. მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ წარმოვადნეთ  ვინმეს ან რამეს, როდესაც გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩართულები. როცა ვცვლით, გავცემთ და ვიღებთ ემოციებს უშუალოდ, პირისპირ, ფიზიკურად. ჩემი პირველი და ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილიც ეს იყო - პრაქტიკული დასტური იმისა, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და ის მის მსგავსებთან ურთიერთობით ვითარდება მხოლოდ. 
      გაკვეთილი # 2 : იყავი მადლიერი
2020 წელი ჩემთვის პირველივე თვიდან კოშმარული აღმოჩნდა. ზუსტად 14 იანვარს, (ძველით ახალი წლის ღამეს) ქალაქგარეთ სამსახურეობრივი მისიით მყოფმა, საღამო კოლეგებთან, სუფრასთან გავატარე. ამ დროს, როგორც იუწყებოდნენ კორონა ვირუსს ვუჰანიდან ჯერ მხოლოდ ტაილანდამდე მოესწრო ჩაღწევა. ჩინეთის ეს ერთი პატარა ქალაქი, რომელიც სულ რაღაც 10 მილიონ მაცხოვრებელს მოითვლის,  მთლიანად საკარანტინე ზონად იყო ქცეული, დანარჩე სამყარო კი ამ ყველაფერს უჩვეულო სიმშვიდით ადევნებდა თვალყურს. ჩემს ამბავს რომ დავუბრუნდე, ის საღამო მართლაც შესანიშნავად გავატარე, აკი მიგრძნო გულმა მარცხი რომ მელოდა, დასწყევლოს ეშმაკმა სულ ასე არ გვემართებ ხოლმე ? ხარ შენთვის ბედნიერი, გახარებული, ცხოვრება გიხარია და ამ დროს არსაიდან გეცემა რაღაც ჭირი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ სწორედ „კორონამ“ ჩამაგდო დღეში - რომლის აღწერაც ცალკე დრამა იქნებოდა. ჩემი ცუდად ყოფნის გამო დასავლეთიდან, მეორე  დილას დავიძარით. სანამ თბილისამდე მოვაღწევდი 30 ჯერ მაინც გავაჩერებინე მძღოლს მანქანა ღებინების საზიზღარი მოთხოვნილების გამო. შემდეგ, როგორც იქნა საავადმყოფომდე მივაღწიე. 4 დღის განმავლობაში - გადასხმები, ანალიზები, სასუნთქი აპარატი, კათეტერი, გულ-მეკრდზე მიტყეპებული კარდიოგრამის მავთულები, მედდა, ექიმი, თერმომეტრი -  და ეს ყველაფერი სხვადასხვა სიმძიმის მქონე პაციენტებით გადატვირთულ რეანიმაციულ პალატაში. ოთხი დღის შემდეგ სახლში გამომწერეს, ექიმის თქმით, ანალიზებმა აჩვენა რომ საკვებით ინტოქსიკაცია მივიღე, რომელსაც თან რაღაც ვირუსული გართულება დაერთო. ექიმი თავად აღნიშნავდა  მსგავსი სიმპტომებით გახშირებულ მომართვიანობაზე. ჩემი ეჭვები რომ გამეზიარებინა მისთვის, ვფიქრობ მაშინ ისიც სკეპტიკურად განიხილავდა ვირუსის საქართველოში შემობრძანების ამბავს, ან უბრალოდ დამცინებდა. 
ეს იყო ჩემთვის 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გაკვეთილი, რომელიც ლამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა. მე მივხვდი, რომ თავი და თავი სიცოცხლისა - მადლიერების გრძნობაა. მადლიერება იმისათვის, რომ დღე გაგითენდა და ღამე დაგიღამდა ცოცხალს, საღსალამათს.
    გაკვეთილი #3 : მე და ჩვენ
2020 წელი მნიშვნელოვანწილად პანდემიითა და მისგან მომდინარე გამოწვევებით აღსავსე წელი იყო. ამიტომ, შემდეგი გაკვეთილი რომელიც მივიღე მრავალმხრივ განვითარებული მოვლენებისადმი ახლებური, მე ვიტყოდი უფრო რაციონალური ხედვის ჩამოყალიბებაში დამეხმარა.  დასაწყისშვივე ავღნიშნავ, რომ ეს საკითხი ჩემთვის მართლაც ღრმა და საკრალური მნიშვნელობისაა, რამეთუ მართლმადიდებელ ქრისტიანად ვარ მონათლული, მწამს ბიბლიური ღმერთის და მის მიერ მხსნელად მოვლენილი განკაცებული ძისა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, რმწენა და რელიგიური აღმსარებლობა აქ არაფერ შუაშია. შორს რომ აღარ წავიდეთ, ალბათ გეხსომებათ, საზოგადოების ორად გაყოფილი (თუ მეტად არა) აზრი აღდგმოის დღესასწაულზე ტაძრებში ხალხის მისვლა-არმისვლის დასაშვებობაზე. მე იმ კატეგორიის ადამიანებს წარმოვადგენდი ერთობ მცირერიცხოვან სასულიერო პირებთან ერთად, რომლებიც ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებდნენ. გულწრფელად მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ღმერთმა გონიერ არსებებად ჩაგვიფიქრა და ჩვენგან არ ითხოვს უაზრო მსხვერპლს, ერთმანეთის სიცოცხლისადმი უდიერ დამოკიდებულებას, ფანატიზმსა და ბრმა მორჩილებას. მაშინ ჩემი აზრი ამ თემაზე საჯაროდაც დავაფიქსირე. შედეგად ადამიანთა ნაწილი აღშფოთდა, ალბათ მათ თვალში დამწყებ მკრეხელადაც ვიქეცი, რომელმაც ჯერ ალბათ დაუყონებლივ უნდა შეინანოს, მერე კი განაგდოს უკეთური აზრები. მალევე მივხვდი ცეცხლზე ნავთს რომ ვასხამდი და 
ამ ამბებმა დამაფიქრა. მივხვდი, რომ ადამიანებს, რომლებსაც მცდარ აზრსა და დამოკიდებულებაში უყვართ გაჯიუტება არ უნდა დაუწყო განმარტება იმისა, რასაც ვერ და არ შეისმენენ. ამასთან ისიც ნათელი გახდა, რომ არსებობდა გრადაციები ორივე პოლუსს შორის. „კანონის ენით მოლაპარაკეებში“ - ბევრი ისეთ იდეას აჟღერებდა, რომ თუ მათ დავეთანხმებოდით მეორე დღეს საპატრიარქოს შენობაზე დიდი ბოქლომი უნდა დაგვედო. „რწმენის დამცველებშიც“ გამოარჩევდით ზომიერი ფრთის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთჯერადი კოვზით ზიარებას, მსახურებისას ხალხის დისტანცირებასა და პირბადის გამოყენებას, გონივრულ აუცილებლობად მიიჩნევდნენ. 
  
      გაკვეთილი #4 : ძალა ერთობაშია
2020 წელს, ხალხმა მადლიერების ნიშნად ექიმებს საჯაროდ საკუთარი სახლებიდან ტაში დაუკრეს. პოლიციას, ჯარს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს ხალხმა იმედის თვალით დაუწყო ცქერა. კახელმა გლეხმა, რომელსაც ტიტების მოსავლის გასაღების პრობლემა შეექმნა ადამიანებმა თანხა აუგროვეს დასახმარებლად, ამავე მოხუცმა მეორე დღეს ასობით ტიტა საჩუქრად თბილისში მედ პერსონალს გამოუგზავნა. ახალგაზრდები ხანდაზმულებისა და უპოვრების დასახმარებლად გაერთიანდნე და საკუთარი დანაზოგებით მათთვის სურსათ-სანოვაგეს ყიდულობდნენ. ათობით ქართულმა კომპანიამ, „სოლიდარობის ფონდში“ გვარიანი მოცულობის თანხები გადარიცხა და ამით კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა. ამ საყოველთაო კრიზისის ჟამს, გაჩნდა არნახული სოლიდარობა და საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა სიკეთის იდეის გარშემო, მათი თანამოქალაქეების დასახმარებლად. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ კრიტიკულ მომენტში, ჩვენს საზოგადოებას შესწევს უნარი დავიწყოს ის წყალგამყოფი ხაზები, რომლებიც პოლიტიკური, მორალური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში. ვფიქრობ, საერთო პრობლემებზე ფოკუსირებით, თავიდან ავირიდებთ მძაფრ პოლიტიკურ პოლარიზაციას და ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში კონსენსუსსა და დიალოგს უალტერნატივო ინსტრუმენტად ვაქცევთ. 
     
    გაკვეთილი #5 არასოდეს, არასოდეს დანებდე ! 
იმაში, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყარო, ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვა და არაფრისმომცემი დარდისგან თავი არ უნდა ავიტკიო 2020-მა იმაზე მეტად დამარწმუნა, ვიდრე სხვა რომელიმემ.  გავაცნობიერე, რომ გამოწვევა რომელიც მთლიანად პლანეტას დაუდგა, ყველას საწუხარი იყო და ამან ერთგვარი შვებაც კი მომგვარა. მივხვდი იმასაც, რომ ამ სლოგანის პრინციპით ცხოვრება მხოლოდ ჩემი მედეგობისთვი არაა საჭირო, რადგან გარშემო არსებობენ ადამიანები რომელთაც ვუყვარვარ და ვჭირდები.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ნანა მომცელიძე - ლექსები ნანა მომცელიძე - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები გიორგი გოგუა - დიდი თავისუფალი დრო გიორგი გოგუა - დიდი თავისუფალი დრო ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge