გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიული გიგაური - სამი ჩანახატი

      
                          მაწვნის ქილებით მოტანილი ცხოვრება


მაღალმთიანი აჭარის მთებში დაიბადა. ბავშვობიდან დღემდე შრომაშია. ოჯახში შვიდი შვილი იყო. ყველა მან დააბინავა, ზოგსაც ასწავლა, ზოგსაც სახლი უყიდა. თვითონ კი ბოლოს დაოჯახდა, ისიც მშობლიური მხარიდან შორს. არ გასჭირვებია ცხოვრება. უფრო გაჭირვებულ დროსაც უცხოვრია. ქმართან 23 წლის თანაცხოვრების შედეგად ეყოლა ორი შვილი. ერთი გოგონა და ერთი ბიჭი. დილას მამალსაც ასწრებდა ადგომას, საქმეს მოილევდა და ქალაქისკენ გაუდგებოდა გზას. ალბათ ამ დროს ბავშვებს ეძინათ. ყველაზე მეტად მათ დაბარებულ ტკბილეულს თუ პროდუქტს ყიდულობდა ან ტანსაცმელს. გულს არასდროს წყვეტდა. მართალია მან ამით შვილებს არაფერი მოაკლომატერიალურად, მაგრამ მოაკლო დედა, მისი სითბო და სიყვარული. წლები გრძელდებოდა ასე, სეზონები ენაცვლებოდა ერთმანეთს, მაგრამ დილას ადგომის ტრადიცია არ ირღვეოდა, ბავშვების სურვილები რომ ასრულებლიყო. პირველად ქუჩაზე შეუძინა აკუმლიატორზე მომუშავე ტელევიზორი, პერსონალური კომპიუტერი და ყველაზე მთავარი, რამ მისცა შვილებს _ განათლება. თვითონ ეს ვერ შეძლო.
ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა, ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყოლია. დროებამ და შრომამ თავისი კვალი დაატყო თმებზე, სახეზე, ხელებზე.
ახლა 63 წლისაა. როლები გაიცვალა. შვილი ასწრებს მამალს ადგომას, მოითავებს სახლის საქმეებს და უვლის ქალს, რომელმაც მისი ცხოვრება მაწვნის ქილებით მოიტანა. 

       
                      „დელეით“ ღილაკი

მუდამ მემახსოვრება გარედან თეთრად შეღებილი სახლი, მის ეზოში ამოსული ყვავილები და ჯერაც დაუსრულბელი ბავშობა, ღია ფანჯრიდან გამოსული საჭმლის სურნელი, თავწაკრული ქალი და  წელში ოდნავ მოხრილი მოხუცი კაცი. მეხსიერებას ბევრი ისეთი რამ ახოვს, რისი წაშლაც გინდა, მაგრამ გონებას ის ღილაკი არ აქვს, რასაც „დელეითს“ უწოდებენ. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ასეთი ინოვაციური გამოგონება, მაგრამ ის გამახსენდა, ეგზიუპერი რომ ამბობდა, ადამიანმა ბევრი უნდა გადაიტანო,  ადამიანი რომ გახდეო. ხოდა, რომ არა ეს, დღეს მე ადამიანი არ ვიქნებოდი. ადამიანი კი არა, ჩემს თავს უფრო ადამიანად დაბადებულ არაადამიანს ვუწოდებდი, რომელიც 22 გაზაფხულს ითვლის, მაგრამ ამ 22-ში გაზაფხულის არცერთი ფერია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე მაინც ერთი განსაკუთრებული ფერის მოტრფიალე ვარ, მოიისფროსი... ისიც ვასიკო კეჟერაძის ტრაგიკულმა სიყვარულმა შემაყვარა, ტრაგიკულზე გამახსენდა, ჩემზე ამბობენ: ძალიან მელანქოლიური ადამიანი ხარ, თითქოსდა სევდიანად დაბადებულიო. ეს სევდაც ჩოხელმა შემაყვარა.
კიდევ გაგიკვირდებათ და ერთი დანგრეული სახლი მიყვარს. ჩემი თეთრი სახლის გვერდითაა, სულ ჩამოშლილია. მე მას თავშესაფარს ვეძახი, რადგან ხშირად ვაკითხავ და ვხვდები, რომ მე უფრო მიტოვებული  ვარ ადამიანებისგან, ვიდრე ის. სახლში ძველი ფოტოები და წერილებია შემორჩენილი. ეს წერილები კი დიდ სიყვარულს ინახავს... 
ახლა სიყვარულზე გამახსენდა... უიღბლო სიყვარულზე, კუკარაჩა რომ ამბობს, ნიჭია და ცოდოა ის კაცი, რომელიც ამ ქვეყნიდან ისე წავიდეს,  ვერ გამოსცადოსო, ხოდა, არც მე მინდა, ისე წავიდე. წასვლას კი სულ ვისწრაფოდი და სიკვდილმა საყვარელი ადამიანები გამახსენა, რომელებმაც დიდი ტკივილი დამიტოვეს. მერე ვიფიქრე, ყველაზე მეტად ეს დედას ატკენდა გულს და ამ გულმა გამახსენა დედა... დედა ყველასთვის ძვირფასი და საოცარი ქალი, ჩემთვის ბედნიერებისა და ტკვილის ერთიანი სახე. ბედნიერების იმიტომ, რომ მისი შვილი მქვია, ტკივილის იმიტომ, რომ ყოველთვის მისი ტრაგიკული ისტორია მახსენდება. რაღაც ნაწილი რომ ერთად გავიარეთ... აი, ის ქალია ჩვენი ცხოვრება მაწვნის ქილებით რომ მოიტანა დღემდე... რომ ბედნირად ვყოლოდით. მე კი უსამართლოდ ზოგჯერ ვწუწუნებდი რაღაც მატერიალურის არქონაზე, როცა ბედნირებისთვის სხვა რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი იყო. უფრო მნიშვნელოვანზე გამახსენდა, თურმე რამდენი რამ და ვინმეა მნიშვნელოვანი და მერე ძალიან გვიან ვხვდებით ამას. 
დაგვიანებაზე გამახსენდა... ჩემს ბებიკოს ვერ მივუსწარი ცოცხალს, ვერ ვუთხარი, როგორ მიყვარდა და მენატრებოდა. აი, იმ ბებიკოს, საწოლში რომ იწვა და მელოდებოდა, მე კი გადავდე მისი მონახულება. უკვე სამუდამოდ, ახლა მარტო ფოტოებსა და საფლავზე ვნახულობ. რა ყოფილა ეს მეხსიერება,  რამდენ კარგ და ცუდს ინახავს, მაგრამ ახლა ვხვდები, სულაც არ გამოვიგონებდი ამ „დელეით“ ღილაკს. მე ხომ ამ ბევრმა გადატანილმა და განვლილმა ცხოვრებამ მაქცია ადამიანად, ყველაზე მნიშვნელოვანია ხშირად ვთქვათ სიტყვა მიყვარხარ _ ეს ბედნიერების მოგონებებს იწვევს, მე კი დაგვიანებულზე ვამბობ იმ სახლის ეზოში, სადაც თავსაფრიანი ბებო და ოდნავ მოხრილი პაპა მელოდნენ, რომ ძალიან მენატრებიან და მიყვარან…

                   
                        თეთრი სახლი
  

        ჩემს ქუჩაზე ყველა სახლი ერთმანეთსა ჰგავს, ამიტომ ამ სახლების განსასხვავებლად პაპაჩემმა ჩვენი სახლის ფასადი თეთრად გადაღება. სწორედ ამ სახლში, ჩემ ოთახში, ჩემი საწოლის გვერდზე მდგარ აკვანს რწევა დავუწყე. განა ვინმე იწვა?! მხოლოდ ჩემი ბავშვობა. მეორე გვერდზე გარდერობი იდგა, სეზონები რომ ენაცვლებოდა სულ. ახლა ზაფხული გამოვალაგე და ზამთარი შევალაგე. საწოლის წინ მაგიდა იყო. ზევიდან თეთრი თაბახის ფურცლები ეყარა და იმ ფურცლებზე _ ჩემი ემოციები. მაგიდის ზევით ჩემი წარმატების კედელი იყო და იმ კედელის ზევით ყველაზე დიდი იმედგაცრუება შევინახე. მერე სხვენშიც ავედი, სკივრი ავიტანე, რომელშიც მოვაქციე ჩემი ყველა ფიქრი, გრძნობა და მჭიდროდ ჩავკეტე. იმედია, ვინმე დაინტერესდება წლების მერე და გახსნის და საინტერესო რამეს აღმოაჩენს.
მანამე დავიძინებ ოთახში, სადაც ერთი ფანჯრიდან მწვანე და ხასხასა ხეები ჩანს, ხოლო მეორე მხარეს ხმაურიანი, ჩაბნელებული, ჩამუქებული ქუჩა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge