გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ზათიაშვილი - ლექსები



***
ვიშვი... უფალმა მადლად მომმადლა აზრი და გონი...
და ამაყოლა ხვიასავით დედ-მამის ძირებს...
ძირებს მადლიანს, მამა-პაპურს, ოფლისგან მორწყულს...
გავნოყიერდი... გადავყლორტე კვირტები მზისკენ...
გავკადნიერდი... და ავაცოცე ყლორტი ყლორტზე, 
- მივიწევ მისკენ... მივიწევ... ვიწვი... მცხუნვარეა 
სხივები მზის... უგუნურობით (თუმც გონით ვიშვი)
ძირებს ვივიწყებ... რა დროს ძირი და ფესვებია...
სულ მაღლა, მაღლა! თუნდაც დამფერფლოს მზის მცხუნვარებამ...
ძირს კი, მთლად ცხვირწინ, ამსვეტია ბედნიერება 
და ზედ ვაბიჯებ... ვსრისავ და ვჩეხავ ვაზს მსხმოიარეს
და მოვიარე ცხრა მთა და ბარი, თუმც ვერ ვიხილე 
მსგავსი და მგვანი ვერსად მტევანი...
მაინც უძღები გულ-გესლობით ვარ მე მდევარი
ცრუ წუთისოფლის თესლი ვარ... გესლში ამოლესილი
ხორცთ საწყაურში უძღები ხვითო.
დამვიწყებია, ნაყოფი ვარ! დედის ემბაზში ნამყოფი ვარ! 
ღვთის სადიდებლად გამონაყოფი!
და თუ დამღალა ცრუ წუთისოფლის პასუხ-კითხვებმა,
უსურვაზივით ზევით მცოცავს მომეკითხება 
სულ მისხალ-მისხალცოდვაც და ბრალიც,
თუ მივასვენე უკანასკნელ წამს სასთუმალს თავი.
(უფალმა გაგვინათლოს
ჩვენი მიცვალებულები)
2019 წლის15 ივნისი.


შენ
შენ გაბრუებდნენ...
მე ჩემი გენის ოფლს ვაწურავდი უცხოთ მიწა-წყალს.
მეგონა, შენზე მონდობილი შვილების ლხენას ვიზეიმებდი.
ჩაიხუტებდი, დაატკბობდი მანდ ჯერ ვინცა გყავს...
ემიგრანტობა მესახებოდა, ვით ზე იმედი.
შენ გატყუებდნენ... მე ჩემს წილ ყანას ვიმკიდი სხვაგან.
მიზეზთ-მიზეზი არ დაილია. თვაცრემლიანი
წუთ-წამთა დავა არ დამთავრდა და არც გაილია.
და მათრახივით დრო წამებს იქნევს...
გამათრახებულ სხეულს ვილოკავ შლეგი ხვადივით,
ყალყზე შემდგარი ბალანი კი ოფლ-ცრემლს მაწურავს.
გამომწყვდეული გალიაში ვღრიალებ, ვროკავ... დღემ მზე გაწურა.
შენ გადუმებდნენ... მე  სხვათა ცის ქვეშ სულ-ფერმკრთალი 
და მაინც ამაყი, ცხრა ტყავს ვიძრობდი, რომ გადამთიელთ
თვალი მოსჭროდათ ჩვენი ,,ვარაყით“, ,,თვალში ნაცარი“,
,,სულში ეკალი“ ჩვენი არსობა დღეს ხომ ეს არის...
შენ თვალებს გთხრიდნენ... 
მე ღია ცის ქვეშ კოცონს ვანთებდი ისევ ქართულად.
სულის ღადარში კვერებს გიცხობდი წელგამართულად.
გულს ვიამებდი, გულს დაობლებულს სიტყვა ნართულად.
ტერფნი მეწვოდა, მაინც ვწვეთავდი ცის-ცვარ ქართულად!
21 ივნისი2019 წელი.


***
სული სხეულის ჯებირებს არბევს
და სისხლის კოლტებს ისხლეტავს გული.
უძღები ხორცი გზას ვეღარ იგნებს,
რომ სულს დანებდეს, შემყაროს რული 
და განმაშოროს ცრუ წუთისოფელს არარაობის.
განწირული და გაწირულია თვით 
სანუკვარზე სანუკვარი სამშობლო მიწა...
ფსონი? - დიდია... და აზარტ-ხოშა მოთამაშენი
ბანქოს კარტებით სულსა ჰყიდიან...
მოუსავლეთის მოუსავლეთში მწყობრად მიდიან...
და არც რიდი აქვთ დედაღმთისმშობლის
ცრემლით მორწყული კურთხეულ მიწის...
და უფლობს ფული, ბინძური ფული...
ხორცის ჯებირებს გამომინგრევს საცაა სული.


ქვიშის საათი
თენდება და ღამდება,
შენდება და ინგრევა,
იბადება და კვდება,
იზრდება და ბერდება...
ყველაფერი ცვდება,
ყველაფერი ქრება...
სამყარო კი ჯერჯერობით ისევ ბალანსირებადია 
და დედამიწაც კვლავ ბრუნავს... ბრუნავსსს...
...გაფაციცებული თვალებით აკვირდებოდა ყველაფერს პატარა გოგონა.
ისეთი პაწია, სიფრიფანა და ნაზი იყო, ვინმეს სული რომ შეებერა, პეპელასავით აუფრიალდებოდა აბრეშუმის
კოპლებიანი კაბა და თვითონაც აყვებოდა ალბათ ჰაერში.
თვალები არ წყვეტდნენ ფაციცს...
დროც ტრიალ-ტრიალ, ციბრუტულად დააფრიალებდა...
სკოლის მოსწავლე გახდა.
უკვე დიდი და ჭკვიანი გოგონაა.
გაკვეთილის მსვლელობისას, ისე აფოფინებს ხატულა წამწამებს, როგორც ნიბლია ჩიტი.
ყველაფერს გულმოდგინედ იმახსოვრებს და სახლში მისულს, სულ აღარ სჭირდება მეცადინეობა.
მისი გონება ხომ საშრობივით ისრუტავს ინფორმაციას.
ისრუტავს და ტვინის სათადარიგო უჯრაში კოპწია, წესრიგის მოყვარული დიასახლისივით კეცავს და ალაგებს.
კეცავს და ალაგებს...
დრო კი წლებს ხედნის.
ხედავს ვარდთ ანარეკლში,
ეკალთ თვალთ-წნეხში
კვესავს, ვით აბედი ნება უფლისა და (თან) 
ბედი... ბედი?
უფლის მორწმუნე ბედს როგორ ახსენებო, რამდენჯერ უთხრეს...
ტვინის უჯრებიც გაუხსნეს და 
ქალობაც უქეს,
მერე გაიარეს და დაივიწყეს.
ვიღაცამ ვითომ შეიყვარა...
ესმის - ის წვლილი ვერ შეიტანა
იმ ,,ზეთა“ სკივრში,
რომ ,,ფასეული“ ყოფილიყო,
,,მოდურთა“ სტილში...
და ჩაიცრიცა.
ყავლი მოედო უჯრებს ტვინისას...
ვერა და ვერ ქნა,
ტლინკნი ვერ ყარა
უტყვი ვირისა...
უნიათობა ვერ აპატია 
დედას შვილისა!
უიმედობა ვერ აპატია
გულს გაშმაგებულს!
და დაშმორებულს გაერიდოს 
უნდა სამყაროს!
იქნებ, როგორმე, ტაბუ აჰყაროს
აზრსა და გონსა
და ისევ მოსვა შხამნარევი
არსის ფიალა...
და სიფრიფანა, აბრეშუმისკოპლება კაბა
ახლა ოცნებით აიფრიალა...
და ქვიშის საათს დააცქერდა...
აჰაააა,
საცაა ჩამოიცლება!..
23 ივნისი2019 წელი.


ჩემი დაისი
🌅
ჩემი დაისია ჩუმი,
ჩემეული, ჩამი-ჩუმა...
ვენებდაწრეტილი,
ვნებადამცხრალი და მომაკვდავი.
სველი მაისია სულით ბერწეული, შარი-შურა.
დღეებგაცრეცილი ხვდება რაც არის
და მოაქვს თავი.
ჩუმი, ჩემეული , ჩამი-ჩუმა,
მიყვარს ზაფხულის ცა დაისები.
სველი, გაცრეცილი შარი-შურა
დამასველებს ისევ მაისები.
28 ივნისი2019 წელი.


***
ცხოვრება დიდი სცენააო
გამიგონია...
ხო და სცენაზე ,,უშუალო“
დონის მსახიობს
აღარ აძლევენ როლს 
ითამაშოს, 
თუნდ ეპიზოდში.
სცენას შემორჩნენ 
ნიჭიერი უნიჭონი და 
უნიჭო ნიჭით განდიდებული
ამპარტავანნი,
ცოდვით მავალნი 
მავან-მავანნი,
კარიერისტნი, რომ
უყვართ რისკი,
ბარ-იერ-რისტნი...
მოწრუპონ ვისკი 
და ითამაშონ 
როლი მთავარი.
ცხოვრება წუთის წამიაო,
თანაც დიდია...
ხო და შნო ვისაც აღმოაჩნდა
ირგებს ნიღბებს და
მაინც მიდიან
აღმა სრული სვლით...
იქნებ სულის სვრით?
და ზარ-ზეიმობს
უნიჭოთა ნიჭიერთ მოდგმა...


***
როგორ მიყვარდა ღამის სიჩუმე, მთვარის ნათება, 
ჩუმი ჩამიჩუმი, გაყურსება და ბუხრის ანთება.
როგორ მიყვარდა აალებული შეშის ტკრციალი. 
ალიონს თეთრად დაჭირხლული ნამთა ციალი.
როგორ მიყვარდა აფეთქებული ხეთა კვირტები. 
ტალღა ტალღაზე აკიდებული ზღართა ზვირთები. 
როგორ მიყვარდა აქაფებული, მდორე მდინარე.
დედის დაღლილი თვალები და სახე მცინარე. 
როგორ მიყვარდა სურნელება ვარდის კოკრების.
მაისობა და ერთად თავშეყრა სტუმარ-მოყვრების. 
როგორ მიყვარდა ჩემი ბავშვობა... გაჰქრა ყოველი... 
დროში ჩაკარგულს, დრო გამეყინა, - არას მოველი. 
არაფრისაგან არაფერმა შექმნა ყოველი!
დროში ჩაკარგულს, დრო გამეყინა, - რაღას  მოველი?!


***
ნასამშობლარი გაგვიხადეს
ღვთის მადლა მიწა,
საფლავებშიც კი ააწრიალეს
მშვიდად ვინც იწვა
და ყოფილ ერად უნდათ გვაქციონ,
თავს გვტეხეს რისხვა.
თვითნებურად და თვისივე ნებით
გვწვავენო ყველას
კოცონზე ცოდვის...
მედროვენი კი დრო-ჟამს ქსელავენ
ურცხვინო ბოდვით
და ცრუ სიმართლის მქადაგებლად 
გვევლინებიან, ვით წმინდანები...
ვის? ვის დანებდი, გველ-ხვლიკებიან
უბით სავსე კეთილის მყოფელს?
დაგესლილს რითღა ვუსაშველებთ
ქალაქს, ან სოფელს?
მცურავი, სისინ-სრიალაა,
კვერცხს მთა-ბარს მოჰფენს.
თვითნებურად და თვისივე ნებით
რად ილანძები კოცონზე ცოდვის...
გამოიღვიძე! დრო აღარაა ცდების და ბოდვის...
ცა იღრუბლება... გაავდრდებაო საცაა მთებში.
უხუცესთ სხდომა მოუწვევიათ ზეციურ თემში.
დაბერილ ნესტოთ ოხშივარი სცემს ივერთ ჭიუხებს
და ჯიხვთა რემა გადმომდგარა ყველა კლდის ქიმზე.
ნაქართველარისაქართველო - ღმერთმა გვაშოროს!
სხვის ნართველარი ვენახის ზვრები არ ნახოს თვალმა!
ცოდო და მადლი ღვთისნიერმა ბრძენმა აწონოს,
მიწა გოჯი-გოჯ გვინოყიეროს წინაპართ ძვალმა!..
2019 წელი, 20 ივლისი
.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge