გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეა ხასაია - ლექსები


***

ქარს არ ვუფრთხოდი ერთ დროს,
ახლა ნიავიც მყოფნის,
როგორ დავღლილვარ, ღმერთო,
ადამიანად ყოფნით.
სულის მზე ავა-ჩავა,
მიმძიმს ჭურჭელში თიხის,
ვერ ვუგებ ავან-ჩავანს
ამ ცხოვრების, - არც მიღირს.
ცოდვიან ფიქრებს უცებ
ვაფარებ ლოცვის კარვებს,
ხანაც ცოდვის მგლებს ვუსევ
სულის უმანკო კრავებს.
თუ გულში არ ხარ, ერთობ 
ვგავარ უსულო საგნებს,
ვიცი, ყველგან ხარ, ღმერთო,
მაინც, ვეღარსად გაგნებ.
ვერ დაგიუნჯე განძი,
გიხმობ დიადს და შორისს,
ამაოდ გეძებ განცდით,
ადამიანთა შორის.
ბალღამს ვხაპავდი ერთ დროს,
ახლა წვეთიც კი მყოფნის,
როგორ დავღლილვარ, ღმერთო,
ადამიანად ყოფნით.


***

ვერვინ მსხვერპლად ვერ მაქცია,
ერთხელ მკლავდნენ, ვიშვი ათად,
არც მაქვს რამის რეაქცია,
თუ მაქვს, ისიც - იშვიათად.
არ მფენია გზანი ვარდად,
ყველამ ჩემს გზას უდარაჯა,
მე მურტალო არ მიყვარდა,
მეც მიყვარდა კუკარაჩა.
ვინც მიყვარდა, მისთვის ხრამთან
მე გავედე მოგრძო მილად,
სხვანაირად არ მიყვარდა,
არ შემეძლო - მოზომილად.
მსხვერპლად ვერვინ ვერ მაქცია,
ერთხელ მკლავდნენ, ვიშვი ათად,
არც მაქვს რამის რეაქცია,
თუ მაქვს, ისიც - იშვიათად.


***

მე და შენ - სხვადასხვა ველური სტიქია,
შენში მწვერვალები, ჩემში - ზღვა კენჭებით,
შენ ჰგავხარ მყინვარწვერს, მე - ჭაობს სიცხიანს,
შენ დაღლილს ომებით, მე დაღლილს - ეჭვებით.
შენ მთები უძრავი, მე ვგავარ პილიგრიმს,
შენ თითქოს ყველასი, მე უფრო შენი ვარ,
მე მხოლოდ ცოტათი ვაჩვიე პირი გრიმს,
შენ უფრო გამოგდის ფიქრების შენიღბვა.
შენში სულ თოვლია, მე გივსებ მზით თასებს,
შენ ვით უკუქცევა, მე მუდამ მოქცევა
და მაინც, მე და შენ-ს ,,ჩვენს“ გულში ვითავსებ
და გულიც ბაგუნობს, იმედის მომცემად.


***

სულს წვრილ შუშაზე ფეხი დაუსხლტა,
სისხლით ავავსებ მგონი სინჯარებს,
მე მიპოვიან სევდის აუზთან,
უსისხლო მაჯას მომისინჯავენ.
ბოლო შეკითხვამ რაღაც მასწავლა,
ჩამჭრელად იყო რახან დასმული
სიკვდილისათვის ახალგაზრდა ვარ,
სიცოცხლისათვის ვარ ხანდაზმული.
რომ დამდგომიხარ თავზე ცელივით,
ჩქარობ, ქარონო, გამყოლო სულთა,
გასაგზავნი მაქვს ბოლო წერილი,
ბოლო ღიმილი და ბოლო სუნთქვა.
მერე გავაგდებ სიცოცხლის უღელს,
რად მინდა ყოფნა, დარდს თუ არ აქრობს.
რომ დამადექი სიკვდილო, წუხელ,
უყველაფეროს და უარაფროს.
მოკვდავად მაინც არ მომაქვს თავი,
მე დავბრუნდები, ალბათ, ამ მზიდან,
უბრალოდ, მე დღეს ვარ მომაკვდავი,
დარდმა ტკივილის სვეტად ამზიდა.
მომდევს სიკვდილი. ის უკან, წინ - მე,
ლხინი არც აქ, _ იქ ჭირი სუფევს,
შედგეს, მაცალოს, მოვიდეს ვინმე,
ვინც დამმარხავს და მიჭირისუფლებს.
წუხანდელ ელდამ რაღაც მასწავლა,
რაღაცა ნიშნით, ჯვართან დასმულით,
სიკვდილისათვის ახალგაზრდა ვარ,
სიცოცხლისათვის ვარ ხანდაზმული.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge