გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნენე გიორგაძე - ლექსები



ნემსი

დიდ ფუმფულა პლედზე ნემსი დამივარდა.
ვერცხლისფერი ნემსი ვერცხლისფერ პლედზე.
თვალებს ვაცეცებ, მაგრამ ვერ ვხედავ.
ხელისგულებიც ვერ პოულობენ
პაწაწინა წვეტიან რკინას. 
მალე ოთახში შემოირბენს ჩემი შვილი
და ფუმფულა პლედზე ყიჟინით იკოტრიალებს. 
არაფერს ვამბობ, ნემსის ძალიან ეშინია.
უკან ვიხევი, გეზი რომ ავიღო
და მის ნაცვლად დავხტე ლოგინზე.
სულ ესაა ეს ყბადაღებული სიყვარული — 
პატარა ბავშვივით კოტრიალი ნემსის ძებნისას.


უახლოესი მეგობარი

ყველაზე მეტად მას ჭირდება დესაკრალიზაცია,
უფრო თავისუფლად იმოძრავებ
სიტყვებსა და წინადადებებს შორის
და არც ტალახის შეგეშინდება.
ხომ ხდება ასე:
მიდიხარ მიწისკენ თავჩაქინდრული
და უეცრად, ჭუჭყიან გუბეზე არეკლილ
ცისარტყელას გადაეყრები. 
ან ასეც ხდება:
შემთხვევით გხვდება უახლოესი მეგობარი,
სახეს ვერ ხედავ, 
ხედავ მხოლოდ უტიფარ ღიმილს
და თვალს არიდებ.
არა, გესმის, რომ ყველაზე მეტად 
მას ჭირდება დესაკრალიზაცია, 
მაგრამ ძალიან მწარედ იკბინება ეს ღიმილი.
გგონია, გარბიხარ რაც ძალი და ღონე გაქვს და 
ღიმილი კი უკან მოგდევს ავი ძაღლივით.


მეკუბოვე

— რატომ ავირჩიე ეს პროფესია? ყველას ჭირდება, — ღიმილით მიპასუხა მეკუბოვემ.
გამახსენდა, რომ ჩემ სოფელში ცხოვრობდა ბებო, რომელმაც სიცოცხლეშივე შეუკვეთა თავისთვის კუბო. მუხის უნდა იყოსო, სქელიო, კარგად შეკრულიო, დიდხანს რომ გაძლოსო, — ისეთი თავდაჯერებით ამბობდა, რომ სხვებსაც ლამის ჭკუაში დაუჯდათ. ბავშვებს ძალიან გვიყვარდა იმ კუბოში დამალვა და ბებოც არ გვიკრძალავდა. ჩავძვრებოდით და დავახურავდით სახურავს. მეგონა, რომ უფსკერო იყო, მოჩვენებები და ავი სულები გვიტაცებდნენ და შორეულ გამოქვაბულში მივყავდით. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, აღარ გვეშინოდა, პირიქით, რაღაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ვგრძნობდით იქ, კუბო ხან წყალქვეშა ნავი იყო და ოკეანის სიღრმეში მიცურავდა, ხან — თვითმფრინავი და ღრუბლებს მიაპობდა ცაში.
მეკუბოვის ხმამ გამომაფხიზლა, რამდენი სანტიმეტრია მიცვალებულიო. 65, — ვუპასუხე და სანამ სხვა რამესაც მკითხავდა, სწრაფად დავამატე: მუხის უნდა იყოს, სქელი, კარგად შეკრული, დიდხანს რომ გაძლოს.


კიბე

პირველად იყო ამ ფოსტაში, რომელიც ძველი შენობის 
მეორე სართულზე მდებარეობდა. ალაგ-ალაგ ჩამომტვრეულ 
ქვის ძველ კიბეზე ასვლისას გრძნობდა, რომ ეს ფოსტა 
ჩვეულებრივი არ უნდა ყოფილიყო. შესვლისთანავე 
ავტომატთან მივიდა და ბილეთი აიღო. 008. შუშის ბარიერის
მიღმა ფოსტის თანამშრომელთა სახეები მოჩანდა. 
ყველა ფანჯარას თავისი ნომერი ჰქონდა. ბილეთს დახედა, 
მისი რიგი მოსულიყო. ახალგაზრდა ქალიშვილმა ამანათი 
გამოართვა, აწონა და ფასი უთხრა. ფოსტიდან გამოვიდა 
და მომტვრეულ საფეხურებს ჩაუყვა. უცებ გაახსენდა სიზმარში 
ნანახი — როგორ აიარა ზუსტად ასეთ ქვის ძველ კიბეზე
და როგორ აიღო სწორედ ეს ნომერი. 
ამანათში იდო გაკრული ხელით დაწერილი 
30 წლის წინანდელი წერილები.


ჯვარცმობანა

როცა ჩემმა პატარა შვილმა ეკლესიაში პირველად ნახა 
ჯვარცმის სცენა, ტირილი მორთო — ღმერთი შეეცოდა. 
დასამშვიდებლად ვუთხარი, — მულტფილმებში რომ 
კატა და თაგვი ან მგელი და ბაჭია თამაშობდნენ, 
ესეც ასეთი თამაში იყო, რომ ქრისტე ადამიანად გადაცმული 
ბაჭია ან თაგუნია იყო და თავს იმკვდარუნებდა. ტყუილმა გაჭრა 
და ბავშვმა ტირილი მაშინვე შეწყვიტა. მე კი ვიფიქრე, რომ 
ჯვარცმობანა დიდების თამაშია, რომ ბავშვებისგან განსხვავებით, 
თაგვები და მგლები გველანდება ღმერთის მაგივრად.


მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ტელეფონის ჯიხურიდან გამოსვლისას, ქალმა კარი მთელი 
                ძალით მოაჯახუნა. ჯიხური გაქრა რკინის მძიმე ტელეფონთან 
ერთად. ქალმა ბეწვიანი საყელო გაისწორა, სქელი გავა გააქნია 
                და ხალხმრავალ ქუჩაზე გაუჩინარდა.
მამაკაცმა, რომელიც ტელეფონის ჯიხურში მყოფ ქალს 
                მოპირდაპირე კაფედან სმარტფონით ესაუბრებოდა, კარგად 
დაინახა, როგორ გამოვიდა ჯიხურიდან ქალი, მოაჯახუნა კარი, 
                გაისწორა ბეწვიანი საყელო, გააქნია სქელი გავა და გაუჩინარდა 
ხალხმრავალ ქუჩაზე. ამის მეტი არაფერი მომხდარა. კაცმა გაიფიქრა, 
                რომ სადღაც ათიოდე წლის წინ, არც ქალი გაქრებოდა 
და არც ჯიხური, რომ სულ სხვაგვარად გადაიღებდა შემდეგ ეპიზოდს. 



მონელება

დიდხანს ჰქონდა პირში მწარე გემო.
რა აღარ ჭამა, რა აღარ ივლო,
ექიმებთანაც ბევრი ირბინა კონსულტაციებზე.
ვერაფერი მოუხერხა.
ბოლოს ადგა და ცრემლი ჩაიგუბა.
კარგა ხანს ხმა არ ამოუღია.
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები. 
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები.
იჯდა ჩუმად და პირში ჩაგროვილ 
მლაშე სითხეს ყლაპავდა.
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები. 
მწარე ადამიანები.
დიდხანს იყო პირმოკუმული. 
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები.
ასე უხმოდ იჯდა და იჯდა.
მწარე ადამიანები.
მარილიანმა სითხემ თავისი გააკეთა.


მონატრება

„მერამდენე ღამეა ისევ ამ სიზმარს ვხედავ — 
ტელეფონით სელფებს გიგზავნი. 
ცალკე ფოტოებად ვიღებ 
მ ე  დ ს, 
 ე  ტ  ბ ს,
ბ  ქ  ე , 
 უ ნ დ  ლ  ბ ს,
ხ  ლ  ს  უ  ს
 ე  ი   მ  ე ვ ა  ს ..
ნეკა თითის ბალიშით გიწერ პატარა სიტყვებს .. 
მერე ვეხები ღილაკს Send. 
ფოტოწერილები ცაში დაფარფატებენ
და გადამფრენ ფრინველებზე მსხდარ 
ანგელოზებს შეერევიან“ .. 
ქალი ლოგინიდან წამოდგა და სარკეში თვალების ქვეშ ჩამობერილ 
ბალიშებს დააკვირდა. სიზმარში ნანახი სულ პირველი შეყვარებული 
დიდი ხნის წინ, 18 წლისა გარდაიცვალა. „ჩემი შვილისხელაა, დედად 
ვეკუთვნი და მესიზმრება,“ — ფიქრობდა ქალი. მისი შინაგანი დრო 
ზამბარასავით იკუმშებოდა და იშლებოდა, და როდესაც იკუმშებოდა, 
სარკიდან 18 წლის გოგო უმზერდა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge