გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირაკლი ლომოური - ანტიმეტამორფოზა

 
       ბლატტელლა გერმანიცა-ს, ვისაც დედამ დაბადებისთანავე „კოკროჭინა“ შეარქვა (მოფერებით - კოკრო), რადგან თავის და-ძმებთან შედარებით პატარა, დალეული გაჩნდა, და ვისაც იმ დღიდან ყველა მეტსახელს ეძახდა - ოჯახის წევრებიც, ნათესავებიც და მეზობლებიც, - ძილში წრიალებდა, ბორგავდა. 
    ბოლო დროს უცნაური სიზმარი აეკვიატა - თითქოს ფორმულა ერთის მანქანა იყო, საოცარი სისწრფით მიქროდა უკიდეგანო, ყინულივით გლუვსა და სლიპინა ველზე... სხვა მანქანებს ასწრებდა, ყველას უკან ჩამოიტოვებედა, უკვე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, მაგრამ უცებ ციდან რაღაც ატყდებოდა თავს, უზარმაზარი ჩრდილი ეშვებოდა... კოკრო ლავირებდა, მიმართულებას იცვლიდა, იდუმალ საფრთხეს რომ გაქცეოდა, მაგრამ ის რაღაც, ვეება სვეტს რომ მიაგავდა, ულმობელი და სასტიკი, ბედისწერასავით გარდუვალი, უკან მოსდევდა, არ ეშვებოდა... ცოტაც და!.. არ იყო საშველი... გაშლილ ველზე, აბა, სად დაიმალებოდა?.. და ბოლო წამს, საბედისწერო წამს, როდესაც კოკრო გრძნობდა, მორჩა, ყველაფერის დასრულდა, - იმ რაღაც გიგანტურს უკვე უნდა გაესრისა, - ეღვიძებოდა... ეღვიძებოდა დაზაფრულს, გახვითქულს - ოფლში ცურავდა. მაგრამ თანაც  შვებით ამოისუნთქვდა ხოლმე, რადგან აცნობიერებდა - კოშმარული სიზმარი იყო და მეტი არაფერი, თავის სახლშია, საკუთარ ლოგინში, მოსიყვარულე მშობლების, და-ძმების გვერდით. და განცდა იმისა, რომ ცოცხალია, აღარაფერი ემუქრება, იმდენად საამური, იმდენად ტკბილი და ნეტარი იყო, რომ ძილში განცდილ შიშს თითქოს აქარწყლებდა, თავისებურად სასიამოვნო გახსენებადაც კი აქცევდა. „მაზოხისტი“ ხომ არა ვარ?“ - ასეთ მომენტებში კოკრო თავის თავს ეკითხებოდა ხოლმე. 
     ფორმულა ერთის მანქანების შეჯიბრი უზარმაზარ ტელევიზორში ნახა. დღისით, როდესაც და-ძმებსა და მშობლებს ეძინათ, მალულად გაძვრებოდა, შეიპარებოდა ხოლმე დიდი ოთახში, კუთხეში შეიყუჟებოდა და უყურებდა. ოთახიც და ტელევიზორც იმ ვეება არსების იყო, სიზმარში რომ ხედავდა. 
     კოკრო ფორმულა ერთის მანქანებით ისე მოიხიბლა, რომ დღე და ღამე თვალწინ ელანდებოდა... ოცნებობდა, ცხადად წარმოიდგენდა, რომ თვითონაც ერთ-ერთი მათგანია, ხან მწვანე „მაკლ-ლარენი“, ხან ყვითელი „ლოტუსი“, მაგრამ უფრო ხშირად, წითელი „ფერარი“... 
     გამოვიდოდა ხოლმე  უკიდეგანო ველზე და გაქანდებოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიქროდა, ყურებში ქარი უწუოდა... 
     დედა კი მისი შემხედვარე წუხდა, გული ეწურებოდა, ჩუმად ყლაპავდა ცრემლებს... ამუნათებდა - რა თავქარიანი ხარ, შვილო, რას დაქრიხარ გიჟივით, რატომ მიხეთქავ გულსო, მაგრამ შეგონება არ ჭრიდა. კოკრო თავისას არ იშლიდა. მამამ რამდენჯერმე დასაჯა, კუთხეშიც დააყენა და განჯინაშიც კი ჩაკეტა, მაგრამ არაფერმა უშველა... კოკრო სიტყვას აძლევდა, მეტი აღარ განმეორდებაო, მაგრამ გავიდოდა თუ არა უკიდეგანო ველზე, გაქანდებოდა... თავს ვერ იკავებდა... მოზარდი იყო, უმწიფარი...
     მეზობლები ხმადაბლა, დედამისს რომ არ გაეგო, ერთმანეთს ეჭორავებოდნენ, ეგ ჯეელი ისეთი აწყვეტილია, უთუოდ ცუდად დაამთავრებსო...
     მართალია, კოკრო ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, მაგრამ მალე ზრდასრულ ასაკს მიაღწევდა და მისგან ოჯახი სავსებით სამართლიანად მოითხოვდა, დრო, ძალა და ენერგია უაზრო სირბილსა და გართობაში კი არ დაეხარჯა, არამედ ეშრომა, ოჯახის გამოკვებზე ეზრუნა. უდღეური კი დაიბადა, მაგრამ აღნაგი, ძალღონით სავსე ახალგაზრდა დადგა... მეზობლის გოგოები მალულად თვალს რომ აყოლებენ ხოლმე... არადა, კოკროს სპორტული მანქანების გარდა არაფერი აინტერესებდა.
     ერთხელაც გაიღვიძა კოკრომ, დაიხედა ფეხზე და თვალებს არ დაუჯერა, იფიქრა, ისევ კოშმარში ვარო - ფორმით მისი ფეხი იმ ვეება სვეტსა ჰგავდა, სიზმარში რომ ატყდებოდა თავს... ადგა, სარკესთან მივიდა, ჩაიხედა და გაოგნდა - სარკიდან იმ უზარმაზარი, ამაზრზენი არსების დაპატარავებული ასლი შეჰყურებდა, იმ ვეება არსების, ტელევიზორთან რომ იჯდა ხოლმე. კოკრომ თვალები მოხუჭა. არა, ამის დაჯერება შეუძლებელი იყო, შეუძლებელი! უთუოდ სიზმარია, ახალი სიზმარი! ფრთხილად გაახილა ცალი თვალი, ფრთხილად ჩაიხედა სარკეში... და ისევ ის მონსტრი შეეფეთა, რომლითაც ცელქ, უზნეო ბავშვებს აშინებენ ხოლმე მშობლები, თუ არ დაგვიჯერებ, მოვა და გაგსრისავსო!.. ოღონდაც კოკრო მომცრო იყო, მინიატურული... ნამდვილთან შედარებით...
     კოკრო ცუდად გახდა, გული შეუწუხდა, გონება დაკარგა. რამდენი ხანი ეგდო, არავინ იცის. დედამ იპოვა. ოთახში შეიხედა, კოკრო რომ გაეღვიძებინა და შეჰკივლა, ისეთი შემზარავი, განწირული, სასოწარკვეთილი ხმა ამოუშვა, რომ კოკრო გონზე მოვიდა, თვალი გაახილა, დედას შეხედა და უმალ მოხუჭა თვალი. დედის შეშლილ თვალებში თავისი განაჩენი წაიკითხა. 
     დედა უკან გახტა და ოთახის კარი ბრახუნით მოხურა, გასაღებზე გადაკეტა. მერე კი ზურგით მიაწვა, ინსტინქტურად, თუმცა ეს სრულიად ზედმეტი იყო - კოკრო გამოვარდნას არ აპირებდა... კოკრომ ისეთი სიცარიელე იგრძნო, რომ ადგილიდან წამოდგომაც კი არ უცდია, იატაკზე ეგდო და კედელზე გაკრულ პოსტერს უყურებდა, თავისი ხელით რომ დახატა - მონაკოს გრან-პრის გამარჯვებული წითელი “ფერარი” ამომავალი მზისკენ მიქრის...
     ამოიოხრა და ლოგინისკენ გაცოცდა, ჩაწვა, საბანი თავზე წაიფარა და შეეცადა არ ეფიქრა, უნდოდა ჩაეთვლიმა, მაგრამ, აბა, რა დააძინებდა? წამები გულისგამაწვრილებლად მიზოზინობდნენ... მოლოდინი აუტანელი იყო... თუმცა არც კი იცოდა, რას ელოდებოდა. სასწაულს? რა მოხდა, რა დაემართა, რატომ იქცა ამ შემზარავ საძაგლობად? იქნებ სიზმარი იყო ისევ? ახალი კოშმარი? ყველაზე უფრო საზარელი კოშმარი რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო?
     უცებ კარი მოწყვეტით გაიღო, კოკრომ საბანი ჩამოსწია - მამა შემოვიდა უფროს ძმებთან ერთად. კარის ღიობში დედას მოჰკრა თვალი, მის დებს აკავებდა, ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევდა, არ გინდათ, არ შეხედოთო! ისინი კი უძალიანდებოდნენ, საყვარელი ძმის ნახვა სურდათ... კოკრო უმცროს დებთან უფრო მეგობრობდა, ვიდრე უფროს ძმებთან - ძმები დასცინოდნენ და ჩაგრავდნენ ხოლმე... 
     მამამ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა, ახლოს არ მისულა. გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა, ხმას არ იღებდა. ძმებმა კი ფურთხება და გინება მორთეს. მაგრამ მამამ მკვეთრი მოძრაობით გააჩერა. კოკროს შორიდან დახედა, დაფიქრდა, ჰკითხა:
- რას იტყვი?
     რა უნდა ეთქვა კოკროს? დაზაფრული იყო.
- მამა!.. - მხოლოდ ამის თქმამოახერხა და ტირილი აუვარდა.
    დედამ შეჰკივლა და გული წაუვიდა. მამამ მიიხედა, ქალიშვილებს მოკლედ უთხრა, ბრძანებასავით: „წყალი!“ და ისევ კოკროს მიაჩერდა. 
- ის რაც შენ მოგივიდა, შემთხვევითი სულაც არაა... რასაც  შეიყვარებ, იმას დაემსგავსები... ურჩხულს შეიყვარებ, ურჩხულად იქცევი!..
- არა, მამა! - კოკრომ განწირული ხმით შეჰყვირა, - მე მხოლოდ მანქანები მომწონდა! მანქანები!
- და ვისი გაკეთებულია ეგ შენი მანქანები?.. ჩვენი დაუძინებელი მტრის!.. მონსტრის ნახელავზე გამუდმებულმა ფიქრმა გაქცია მონსტრად!.. ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, უნდა შეიძულო ის, რასაც ეტრფოდი ამდენი ხანი და იქნებ დაგიბრუნდეს პირვანდელი სახე! მთელი ძალით, მთელი შენი არსებით თუ შეიჯავრებ, თუ განეშორები ამ საზარელ საცდურს, გეშველება... ოღონდ იცოდე, დროს გაძლევ - ერთ კვირას... არც გაჭმევთ და არც გასმევთ, იქნები ამ ოთახში ჩაკეტილი, ვერ გამოხვალ... იფიქრებ, მოინანიებ და გეშველება, არადა, შენს თავს დააბრალე!... შენი ბედი, შენს ხელშია, კოკრო, გულისხმა ჰყავ! 
    მამამ, ცოტა არ იყოს, პათეტიკურად დაამთავრა და ოთახიდან გავიდა, ძმები მიჰყვნენ. გასვლისას მალულად დაეჯღანენ და უზრდელური ჯესტიც აჩვენეს.  
    კლიტეში გასაღები ორჯერ გაჩხაკუნდა. კოკრო მარტო დარჩა. 
    „როგორა თქვა მამამ? - გაიფიქრა კოკრომ, - ურჩხულს როცა შეიყვარებ, ურჩხულად იქცევიო?! მაგრამ მე არ მიყვარს ურჩხული! მეზიზღება! მეჯავრება! ვერ ვიტან! მძულს! მე მხოლოდ...“ აზრი არ დაასრულა, შუაში გაწყვიტა... უსამართლობის ისეთი მწველი, ისეთი მძაფრი განცდა დაეუფლა, რომ შეაძაგძაგა... მერე კი თვალში მოხდა კედელზე გაკრული პოსტერი და იგრძნო - ამ სილამაზეს, ამ სისწრაფეს, ამ სრულყოფილებას ვერასოდეს შეიჯავრებს! ვერასოდეს...
    თუმცა კი ეცადა, პატიოსნად ეცადა... რადგან იცოდა, სხვა გზა არ ჰქონდა, მოკვდებოდა... წყურვილით მოკვდებოდა... საკვების გარეშე ერთ თვეს და მეტსაც კი გაძლებდა, მაგრამ წყლის გარეშე ერთ კვირაში ბოლო მოეღებოდა... 
    დრო უსაშველოდ გაიწელა... დღე იყო თუ ღამე, უკვე ვეღარ არჩევდა... თვლემდა, ბორგავდა, ბოდავდა... ისევ ის სიზმარი ელანდებოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ - სიზმარში ბედნიერი იყო ხოლმე, უკიდეგანო ველზე როცა მიქროდა, მაგრამ მით უფრო გაუსაძლისი იყო გამოღვიძება, რადგან შვებას კი აღარ ჰგვრიდა, არამედ, ჟრუანტელს... 
    გამოიღვიძებდა და ოდნავ გონს მოეგებოდა თუ არა, მეთოდურად იწყებდა თვითშთაგონებას: „მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები, მეზიზღება მანქანები!..“
    მანტრასავით იმორებდა, მაგრამ არ შველოდა, რადგან მექანიკური გამეორება გამოსდიოდა, გულის სიღრმეში კი წითელი ბოლიდი ღუოდა ჰორიზონტიდან ამოწვერილი მზის სხივივით... 
    ესმოდა, დედა როგორ მოდიდოდა კართან, ჩაცუცქდებოდა და ჩუმად ტიროდა. კოკროს უნდოდა რაღაც მანუგეშებელი ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა, წვალობდა, ბოლოს დაუღრიალებდა ხოლმე: „გაჩუმდი, დედა, გაჩუმდი!“
    დედა უხმოდ მიდიოდა...
    გამოსავალი არ ჩანდა... დღეები გადიოდა... ყელი გაუხმა... წყურვილით სიკვდილი, თანაც საკუთარ სახლში, ორმაგად შემზარავი იყო...
    გამალებული ფიქრობდა, გამოსავალს ეძებდა, - უნდა გაიქცეს, მაგრამ როგორ? ოთახს არათუ ფანჯარა, უმცირესი ღრიჭოც კი არ ჰქონდა. რკინაბეტონის კედლებს ვერაფერს მოუხერხებდა, მით უფრო, რომ არანაირი იარღი არ გააჩნდა, გასაბურღად ან გასათხრელად... თანც ხმასაც გაიგებდნენ. კოკრო კართან მივიდა. მოსინჯა -  სქელი ფიცრის იყო... არა, ამის გასანგრევად ძალა არ ეყოფა... 
    კოკრო მშვენივრად აცნობიერებდა, რადგან ასეთი საოცარი მეტამორფოზა მოუვიდა და პატარა მონსტრად იქცა - ისე კი ნამდვილად ერჩივნა, საოცნებო ავტომობილად ქცეულიყო, -თავისიანებში აღარ დაედგომებოდა... აგერ, სასიკვდილოდ გასწირეს... უნდა გაიქცეს და იმ მონსტრებთან მივიდეს, ვის ასლადაც იქცა... ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს!... მაგრამ როგორ გაიქცეს? და რომც მოახერხოს და გაიქცეს, ვაითუ არ მიიღონ?.. მაგრამ რატომ არ უნდა მიიღონ, ის ხომ ახლა გაჭრილი ვაშვილითა ჰგავს მათ! მერე რა, რომ პატარაა, ერთი ციცქნა... მაგრამ როგორ  გაიქცეს? როგორ?
    კარზე ფხაჭუნი გაისმა.
- დედა, შენა ხარ? – ჩურჩულით იკითხა კოკრომ.
- მე ვარ... შვილო... - დედამ ნერწყვი გადაყლაპა.
- დედიკო, დედიკო!.. კარი გამიღე!.. გეხვეწები, გამიღე! გავიქცევი და მოგასვენებთ, ვეღარასოდეს მნახავთ!.. გემუდარები! 
- ვერ გაგიღებ, შვილო, ვერა... - ამოიკვნესა დედამ, - გასაღები მამას აქვს კისერზე... არ იშორებს... არა, არ შემიძლია, - დედა კარს გაშორდა, უხმოდ ქვითინებედა.
    კოკრომ კედელს თავი ატაკა, ლამისაა დარეტიანდა, იატაკზე დაჯდა და უცებ ჩურჩული გაიგონა:
- კოკრო, კოკრო! - მისი პატარა დაიკო იყო, ნაბოლარა, - მესმოდა თქვენი ლაპარაკი!.. მე გაგაპარებ, მამა რომ დაიძინებს, ძაფს გადავჭრი, რაზეც გასაღები ჰკიდია, და კარს გაგიღებ... ოღონდ გაუძელი ხვალამდე! 
    კოკრომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, ყელში ბურთი გაეჩხირა. დაიკო უცებ გასხლტა. 
    ...და, აი, კლიტეში გასაღები გაჩხაკუნდა, კოკრომ კარი გამოაღო, დაიკომ თვალი ჰკიდა და გაიქცა, კოკრომ მადლობის თქმაც ვერ მოასწრო... თუმცა მაგის დრო არც იყო, სასწრაფოდ უნდა გაეღწია აქედან. მიხვეულ მოხვეული ლაბირინთებით იარა და სამშვიდობოდ გავიდა, დიდ ოთახში შევარდა. მონსტრი ტელევიზორთან იდგა. კოკრო მისკენ გაქანდა ყვირილით:
- თქვენიანი ვარ, მოვედი!
    მონსტრმა გვერდითი მზერით რაღაც მოძრაობა შენიშნა იატაკზე, სასწრაფოდ დააბიჯა ფეხი და ჩაილაპარაკა:
- როგორ გამრავლდნენ ეს ოხერი ტარაკნები!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge