გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ რთველიაშვილი - განჩინბის სუტრა

                                                                                                         ზურაბ რთველიაშვილი (1967-2021), ქართველი პოეტი და პერფორმერი. ზურაბის მოღვაწეობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მისი ენერგია და მუხტი შთაგონებით აღავსებდა ყოველ ადამიანს, მათაც კი, რომლებსაც შეხებაც არ ჰქონდათ ხელოვნებასთან. მისი პოეზია მეამბოხე სულის გამოვლენაა, დაუშრეტელი აზროვნებისა და სიცოცხლის მარადიულად განცდაა, სადაც თანდროული ქმნადობაა უპირველესი გამოვლენა და არა შექმნილი არსი.
                                                                                            
ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქტორი


         ტექსტი შექმნილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში ,,წიგნები პანდემიისას“. პროექტის ორგანიზებისათვის ავტორი და ჟურნალის რედაქცია მადლობას უხდიან გიორგი კეკელიძესა და ლია ტოკლიკიშვილს.
                                      
                       

დიდი აფეთქების თეორიას თუ ვირწმუნებთ, მთელი სამყარო, ჩვენი ჩათვლით, ენერგიის თვითგამოთავისუფლების პრინციპზეა აგებული. გონებიდან გამოთავისუფლებული ენერგიის ნაირსახეობაა ზოგადად კულტურა და ცალკე აღებული პოლიტიკური კულტურაც მსგავსი შემოქმედებითი პროცესის პროდუქტია, - ჩაილაპარაკა თავისთვის პოეტმა
და საკუთარი არაბუნებრივი ინტონაციით შეშინებული მიაშტერდა თეთრ
მონიტორს, რომელზეც, ცოტა ხანში, ვერბალური ხმაურისგან გამოცალკევბული ბგერები ცალკეულ სიტყვებად უნდა აეკრიფა.
ვერ ვისვენებ, ბოლთას ვცემ მისაღებ ოთახში და განვაგრძობ ხმაურზე ნადირობას: შუაიანვრის ქარბუქივით ჰკივის ჩაიდანი გაზქურაზე, უჰჰჰ როგორი თავგამეტებით ჰკივის, გახურებული ლითონის გინეტალიიდან
ამოფრქვეული ცხელი ორთქლის ჭავლი კი ამრავლებს პატარა, ნოტიო ვარსკვლავებს ჩემი საკუჭნაოს მაღალ ჭერზე, ცოტა ხანიც აცალეთ და თანავარსკვლავედების აღლუმი დაიწყება მაღლა, ამ ბობოქარი თავის გარშემო...
დამიჯერე, მწერალს ზოგჯერ ნეიტრალური ინტონაციით საუბარიც უნდა შეეძლოს, მისი გამოჩენა არ უნდა იყოს მარად მისიონერისტული მანერით გამორჩეული, საზოგადოებასთან საუბარი არაა მორიგი გამოცდის ჩაბარება, რომელიც კიდევ ერთი სიმწიფის ატესტატის მიღებას და აღიარებას ისახავს მიზნად, მოდი, ეს სხვა შემთხვევისთვის გადავდოთ, ლიტერატურული ველი ამის ყველაზე კარგი ადგილია და საშუალება,
მაგრამ...

სულ ცოტა ხნის წინ, 14 ივლისს, ფრანგებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ბასტილიის აღების წლისთავი, 1789 წელს პროგრესულად მოაზროვნე სამყაროს ნაწილმა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე პირველად გამოათავისუფლა
ის მძიმე, ნეგატიური ენერგია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მისხალ-მისხალ გროვდებოდა ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ, თუმცა, მიუხედავად დიდი ტექნოლოგიური ნახტომებისა, რამდენად უკეთესობისკენ შეცვალა ამ საბედისწერო მოვლენამ ადამიანური ცივილიზაციის არსი, დღეს ყველაზე უკეთესად გამოჩნდა.

ბასტილია, პირველ რიგში, სახელმწიფო ძალადობის კლასიკური სიმბოლოა და მისი ფიზიკური განადგურებით არ იცვლება ამ უაღრესად ნეგატიური ინსტიტუციის შინაარსი და დანიშნულება, არც არასდროს შეიცვლება, თუ მეტაფიზიკური მეთოდით, ძირფესვიანად არ მოვახდენთ ძალადობაზე აგებული მთელი სისტემის დემონტაჟს, ვიდრე თითოეული ჩვენგანი საკუთარ ცნობიერებაში საფუძვლიანად არ დაანგრევს საკუთარ ბასტილიას. ვიდრე ძლიერნი ამაქვეყნისანი დემოკრატიის წმინდა სახელით არ შეწყვეტენ მათზე უფრო სუსტი სახელმწიფოების ოკუპაციას,
კვლავ იარსებებს ხალხთა ისტორიული საპყრობილე - რუსეთი, კომუნიზმს ამოფარებული ყველაზე მასშტაბური ოკუპანტი ჩინეთი და თანამედროვე ჯვაროსნობის აკვანი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დემოკრატიის სახელით სისხლის მღვრელ ომებს აწარმოებს მთელ მსოფლიოში.

ახალი გენერაციის ფეოდალი ბევრად უფრო დახვეწილია და დაუნდობელი, ვიდრე მისი ისტორიული წინამორბედი, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას ხმლით, თოფითა და ბირთვული იარაღით ცდილობდა, თანამედროვე ფეოდალის ხელში დღეს ბევრად უფრო
საშიში, მასობრივი განადგურების იარაღია.
ჩინეთიდან ძალზე საეჭვო ვითარებაში გავრცელებულმა პანდემიამ მსოფლიო საბაზრო ეკონომიკის პარალიზება მოახდინა, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარლი მიადგა დომინანტ კაპიტალისტურ სახელმწიფოებს და მათი პოლიტიკის განმსაზღვრელ ტრანსნაციონალურ კოორპორაციებს და რომ არა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედია, ეს ჭირი ნამდვილად მარგებელი იქნებოდა მონურ ექპლუატაციაზე აგებული ფეოდალური ცნობიერების მატარებელი სისტემისთვის.

გარე სამყაროსგან ხანგრძლივ იზოლაციას, უარყოფითთან ერთად, შეიძლება თავისი დადებითი მხარეც აღმოაჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოეტი ხარ და აპირებ, ვრცელ პროზაულ ნაწარმოებებს მოუსინჯო კბილი.
რამდენიმე თვის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე პარალელურად ვმუშაობდით საკუთარ ტექსტებზე, საღამოობით კი ერთობლივ კინოჩვენებებს ვაწყობდით, მივუბრუნდით ძველ, მონატრებულ კინოსურათებს და ბევრი ახალიც ვნახეთ.
ერთ დღეს, როდესაც ბერტოლუჩის "მეოცნებეები" გავიხსენეთ, გონებაში პარალელური კადრები ჩამერთო, რეტროსპექტივა უახლესი ქართული სინამდვილიდან, პანდემიამდელი თბილისის ცხელი ზაფხულის დღეები იდგა, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე, თითქოს რაღაც საინტერესო ხდებოდა, თითქოს რაღაც ახალი, სტუდენტების შემართება თითქმის 1968 წლის პარიზს გაგახსენებდათ, ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას ძალიან სურდა, მსგავსი ასოციაცია გაჩენილიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რევოლუციური სპექტაკლების გამოცდილი აქტიორებიც უკვე საკუთარ გარდერობებში მოუსვნრად ფუსფუსებდნენ, ბუნტის ესთეტიკა ხომ შესაფერის დიზაინს და შესაბამის მზაობას მოითხოვს, აი, ცოტაც და ქართველი გოშისტების გვერდით აღმოჩნდებოდნენ მარადიული ამბოხის სინდრომით შეპყრობილი ვეტერანი რევოლუციონერები, ადამიანები, რომლებიც არასოდეს ბოლომდე არ ენდობოდნენ მოქმედ პოლიტიკოსებს, პიროვნებები, რომლებიც ყოველთვის მოითხოვდნენ ყავლაგასული სისტემის სრულ დემონტაჟს და სრულებით ახალი რევოლუციურ-ონტოლოგიური გარდაქმნების დაწყებას, მაგრამ პატივცემულმა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს ამ ლოკალური ბუნტის შესაფერისი კოსტიუმების შერჩევა საკუთარ გარდერობში...
სპექტაკლი ვერ შედგა, რადგან მას არ გააჩნდა 1968 წლის რევოლუციის სულისკვეთება, მას არ გააჩნდა თანამედროვე ფეოდალური სისტემის სრული დეკონსტრუქციისთვის საჭირო მოტივაცია და მიზანი, მსგავსი ქაოტური სიტუაციით კი ხშირ შემთხვევაში ათასი რჯულის პოლიტიკური ნაძირალა სარგებლობს. ამჯერადაც ასე მოხდა, უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლში ამოსვრილი პოლიტიკური ზომბები, რომლებიც იმალებოდნენ კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდობის ზურგს უკან, ორგანიზებულად გადმოვიდნენ წინა პოზიციებზე, თავიდან მათ პოლიტიკურ მძევლებად აიყვანეს ახალგაზრდა ბუნტარები, ხოლო შემდეგ სრულებით მოისროლეს ისინი ავანსცენიდან და საკუთარი სცენარით გააგრძელეს რევანშისტული გადატრიალებისთვის გამიზნული სპექტაკლი.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ბანალურ არითმეტიკულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ამ შემთხვევაში კი ქართველი საზოგადოება ბევრად უფრო საშიშ ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, მძიმე პოლიტიკურ და სისხლის სამართლებრივ დანაშაულში მხილებული ძალის ხელისუფლებაში მობრუნებით ქვეყანა, მინიმუმ, მწვავე სამოქალაქო დაპირისპირების ქარცეცხლში გაეხვეოდა, მე აღარაფერს ვამბობ იმ მასშტაბურ ეკონომიკურ კატასტროფაზე, რომლსაც გამოიწვევდა ეს უმართავი პროცესები.

მოდი შევეშვათ პანდემიამდელ ალიაქოთს, მითუმეტეს, რომ ამ შეუმდგარი ბუნტის ჩქარმა მატარებელმა ისე ჩაიარა უახლესი ისტორიის უხარისხო ლიანდაგებზე, რომ გაჩერების აღმნიშვნელი დასახელებაც ვერ დატოვა თავის შემდეგ. სხვათა შორის, 68 წლის ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი იდიოლოგი პოეტი და ფილოსოფოსი გი დებორი თავის "სპექტაკლის საზოგადოებაში" წერდა: " ხელოვნებამ, როგორც გრძნობების გადმოცემამ, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა და გახდეს პირდაპირი მოქმედება – უფრო მაღალი შეგრძნებების ორგანიზებისათვის."
მეც ზუსტად ამ პარალელურ ლიანდაგზე მინდა გადავიყვანო ჩემი ტექსტის საფინალო მიმართულება...


რადგან ჩვენი საუბრის თემა ასე თუ ისე პანდემიას და მის მიერ გამოწვეულ სინდრომებს ეხება, მოდი, განვსაზღვროთ, ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ, გავუკეთოთ შესაძლო დეფინიცია ამ მოვლენას და გადავიტანოთ იგი შედარებით განსხვავებულ ჭრილში.
ათეულობით ათასი წლის უკან, როდესაც ადამიანმა დაიწყო ცხოველური სამყაროსგან გამიჯვნის გაუცნობიერებელი პროცესი, ყველაფერი ბუნებრივ რიტმიკაში იყო მოქცეული, კაცობრიობა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა, გამოეთავისუფლებინა ის ცხოველი, რომელიც მას პირველადი ცნობიერების ჩასახვაში უშლიდა ხელს, ყოველი გაუჩინარებული მხეცის ადგელს იკავებდა პირველადი პოეტური ელემენტი, გაჩნდნენ ჯადოსნური ბგერები, თავისუფალ ცეკვაში გარდამავალი მოძრაობები, ერთმანეთის და გარე სამყაროს მიმართ ფაქიზი სენტიმენტები და არავინ იცის, როგორი გემო ჰქონდა პირველ სიტყვებად აღმოცენებულ ცდუნებებს, როგორ ჟღერდა პირველი გალაქტიკური ორგაზმისგან გამოწვული შეკივლება, როგორი იყო ცხოვრება თავზე მოხვეული მორალისა და კულტურული ნიშნების გარეშე:


" პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი პირველი
მოიპარა პირველმა პოეტმა...
ვის ახსოვს დღეს სახელი მისი?
ვინ იცის, როგორ გამოიყურებოდა პირველი მესიტყვე?..
როდესაც პირველად აგებულ ტაძარში გაისმა პირველი ლოცვა,
როცა პირველად აგებულ სასახლეში შევიდა პირველი მეფე,
როდესაც პირველ საპყრობილეში გამოკეტეს პირველი პოეტი,
როდესაც პირველად, მოჭრილი თავი გამოისყიდეს პირველი
მოჭრილი მონეტით,
გაუფასურდა სიტყვა იგი პირველი და გახდა სიტყვა იგი უკანასკნელი... "

აი, ასე, ჩემო პატივცემულო კოლეგებო მონათესავე კლასტერიდან, ალბათ, დაახლოებით, ასე და ამგვარად გაჩნდა იმ მენტალური ეპიდემიის ნიშნები
ადამიანურ ცნობიერებაში, რომელმაც დროთა განმავლობაში ტოტალური პანდემიის მასშტაბები შეიძინა. ინსტიქტების ენით მოქმედი ცხოველი, რომლის გამოთავისუფლებასაც პირველი ადამიანი ცდილობდა, უკანვე შემოუბრუნდა მას. ეს იყო დაუნდობელი შურისმაძიებლის მოულოდნელი შემობრუნება, რომლისთვისაც კაცობრიობა აშკარად მზად არ იყო, ხოლო მხეცი იგი აღარ იყო უწინდებურად მშვიდი და მდუმარე.
კაცობრიობის მთელი ისტორიული დრო ამ მხეცის მოთვინიერებას და დაშოშმინებას შეეწირა.


დროდადრო, გალაქტიკების მთავარი დიზაინერი და დეველოპერი გრძელვადიანი მივლინებით, კომპანიის საუკეთესო წარმომადგენლებს აგზავნიდა პლანეტა დედამიწაზე.
ამ ურთულესი მისიის შესასრულებლად იგი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ ინდობდა, თუმცა კვალიფიციური კადრების სიმწირის გამო, სულიერი პანდეემის წყაროს აღკვეთა მაინც ვერ მოახერხა, ვერც ურეცეპტოდ გამოწერილმა მსოფლიო ომებმა და რევოლუციებმა გამოიღეს სასურველი შედეგი, პირიქით, პოსტინდუსტრიული ეპოქის მხეცი ბევრად უფრო სასტიკი და ცინიკური გახდა:

"მცირე პოეტური ონტოლოგია
ბიჟუტერია:

შინაგანი ქათმისთვის,
შინაგანი ღორისთვის,
შინაგანი მხეცისთვის.

აქტი I

გამოდის შინაგანი ქათამი.
გამოდის შინაგანი ღორი.
გამოდის შინაგანი მტაცებელი.

გამოდის შინაგანი ქათამი - აღშფოთებულია.
გამოდის შინაგანი ღორი - გაბრაზებულია.
გამოდის შინაგანი მხეცი - განრისხდა.

შინაგანი ქათამი მარტივია.
შინაგანი ღორი - მასიური.
შინაგანი მხეცი - სახიფათო.

შინაგანი ქათამი ფარულად.
შინაგანი ღორი ფარულად.
შინაგანი მტაცებელი ფარულად.

ქალია(?) შინაგანი ქათამი,
ქალია(?) შინაგანი ღორი,
ქალია(?) შინაგანი მხეცი,

კაცია(?) შინაგანი მხეცი,
კაცია(?) შინაგანი ღორი,
კაცია(?) შინაგანი ქათამი.

ღვთის მოშიში ქათამი მარხვის დროს(!)
ღვთის მოშიში ღორი მარხვის დროს(!)
ღვთის მოშიში მტაცებელი მარხვის დროს(!)

შინაგან ქათამს – სძულს,
შინაგან ღორს – შურს,
შინაგან მხეცს – სწყურია.

ფინალური აქტი

შინაგანი ქათამი ურტყამს ნისკარტს!
შინაგანი ღორი ურტყამს დინგს!
შინაგანი მხეცი საშიშია(!!!)

შინაგან ქათამს დაკლავენ,
შინაგან ღორს დაკლავენ,
შინაგან მტაცებელს მოკლავენ...

(ფარდა) "



კულტურა, რომელიც არ არის ორიენტირებული მომავალზე,
რომელსაც უნარი არ შესწევს, მინიმუმ 100 წლის პროგნოზი გააკეთოს
ადამიანური ცივილიზაციის განახლების, განვითარების პერსპექტივებზე,
მკვდარი, სამუზეუმო კულტურაა, პატივცემულო ამხანაგებო...

ტექნიკური განვითარების პროგრესმა რომ თანამედროვე ადამიანის სულიერ და მენტალურ მდგომარეობას ბევრად წინ გაუსწრო, ეს უდავოდ კარგი, იმედის მომცემი ნიშანია. კაცობრიობა გადარჩება, თუკი ის გამოიმუშავებს მკაცრ შინაგან დისციპლინას მკვდარი კულტურებისგან გამოთავისუფლების პროცესში. იგივე ეხება ცალკე აღებულ ვერბალურ ენას ამ რთულ, გარდამავალ გზაზე. ინტელექტუალური საქმიანობით დაკავებული ადამიანი, პირველ რიგში, უნდა გაემიჯნოს ძველი სისტემისთვის დამახასიათებელი ენის პირდაპირ თუ ირიბ დიქტატს. მკვდარი, სტატიკური ენის სისტემა განსაკუთრებით ძნელი მოსახელთებელია, როცა შედიხარ მხატვრული მეტყველების ლაბირინთში, მას მეტეფორული ფორმების ბევრი მიმზიდველი სატყუარა გააჩნია, რომლებზეც შეიძლება იოლად წამოეგოს მწერალი და არტისტი, ასეთი პროვოკაცია შემოქმედს ისევ და ისევ სისტემის მიერ დადგენილ თამაშის წესებში აბრუნებს, სულიერებას დაცლილი ობიექტები აშორებს ადამიანს მოულოდნელი კრეატიული აქტისგან, უსპობს მას შანსს, გაარღვიოს ეგრედწოდებული ჭეშმარიტებით დადგენილი სტატიკური ტერიტორიის საზღვრები.
სახარებაში ზედმიწევნით მარტივად და ლაკონურად არის გადმოცემული ის სულიერი და მენტალური მდგომარეობა, რომელსაც განიცდის ადამიანი მრავალი საუკუნის განმავლობაში დღემდე: "რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? აქ აღარ არის, არამედ აღდგა; " (ლუკას სახარება , 24:6) ალბათ ქრისტეს ეპოქაში საკმაოდ რთული იყო მოუმზადებელი ადამიანისთვის ამ სიტყვებიდან სწორი აზრის გამოტანა,
მხოლოდ ერთეულებს გააჩნდათ მაშინ ამის უნარი.
დღეს კი უკვე რადიკალურად სხვა ვითარებაა და ამ სახარებისეული სიბრძნის გაუაზრებლობა მკვდარი ფიგურებით გაფორმებულ სივრცეში ჩარჩენას ნიშნავს, ეს კი სულიერი და მენტალური სიკვდილის ტოლფასია.
და ბოლოს, პირადი შემოქმედებიდან მინდა შემოგთავაზოთ სულ ახლახანს დაწერილი ლექსი, რომელიც პოტური ცნობიერების ვერბალური კრიზისიდან გამოსვლის პრობლემებზე საუბრობს, ცდილობს, აჩვენოს ერთი კონკრეტული ენიდან მეორე ენაში
შინაგანი თარგმანის განხორციელების შეუძლებლობა.
ისიც შემთხვევითი არაა, რომ სწორედ პრაჯნა პარამიტა სუტრა წარმოადგენს ამ ტექსტის კონცეპტუალურ ჩარჩოს, თან გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ
შუნიატას (აბსოლუტური სიცარიელის) ბუდისტური წვდომა კვანტური ფილოსოფიის გაჩენამდე დაახლოებით 2600 წლით ადრე უკვე არსებობდა, ეს კი პირდაპირ იმაზე
მიანიშნებს, რომ იმ ეპოქაში ადამიანების გარკვეული კატეგორია კარგად აცნობიერებდა კულტურის, მათ შორის, ვერბალური კულტურის ტექნიკურ, პირობით ხასიათს და ცდილობდა კაცობრიობის იმპერსონალური ცნობიერებისკენ მიმართვას, შემობრუნებას.
მაშ ასე!


განჩინბის სუტრა

ხუთ პოლიციელს ბოთჰისატვას ღიმილი ჰქონდა

და ათი სილა მოხვდა პოეტს მწარედ სახეში,

არ იყო ძალა, სიძულვილი, არ იყო ბოღმა,

არ იყო ვნება, სინანული, სიტყვა ნუგეშის

და ოქროს ფული მიფრინავდა დიდი სიჩქარით,

მილიარდობით დანთებული ვარსკვლავის მტვერში

და არქიმანდრიტს ხელში ეპყრა ფართე ნიჩაბი

და სცემდა, სცემდა ამაყ პოეტს გაბღენძილ მკერდში...

პირველი სილა ღაღადებდა: არა ხარ ფორმა!

მეორე სილა კისკისებდა: არა ხარ ფერი!

მესამე სილამ: არ არსებობს არცერთი დოგმა!

მეოთხემ წამში გაუფანტა სურვილი წერის.

აჰა, შენ მუშტი! - მეხუთემ თქვა, - ყბაში რომ მოგხვდა,

ესაა სივრცე, რასაც ეძებ სტროფების მერე,

უმალ გაგივლის უძილობა და ყალბი შფოთვა,

დაჯექი, ისევ, როგორც გინდა, ბეჭდე და წერე!

არ არის ენა, სხვისი პირის რომ თარგმნოს გემო.

არ არის გემო, სხვის თარგმანით დაიტკბოს პირი.

არ არის ცხვირი, რომ დანესტროს მდედრმა ფუტკარმა,

მინდვრიდან სკაში რომ გადააქვს უცხო სურნელი.

არ არის ენა, რომ გაუყრი სხვას ნათარგმნ პირში,

არ არის ყური, შენი კვნესის შესწევდეს სმენა

და ცელქი პირი უსასრულოდ აუღლებს მწკრივში,

მშიერ პირებში დაუნდობლად დაღეჭილ ენას...
29.07. 2020
წავკისი-თბილისი
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - გამოხმაურება თეიმურაზ ლანჩავას წიგნის (,,ფიქრის გასამართლება“) შესახებ გორვანელი - გამოხმაურება თეიმურაზ ლანჩავას წიგნის (,,ფიქრის გასამართლება“) შესახებ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ფერეიდანში გამოცემული ქართული ჟურნალი ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ფერეიდანში გამოცემული ქართული ჟურნალი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge