გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სილვენ პრიუდომი - კაფე ,,სამოთხე" (თარგმანი - ნანა გოგოლაშვილი)

   
    ბალზაკს თხუტმეტი წლის წინ შევხვდი, პარიზიდან ორმოციოდე კილომეტრის დაშორებით, მელან - პარადის ერთ-ერთ უნიკალურ კაფეში, სადაც, მაშინ, ისეთი მიზეზით მოვხვდი, რომლის გამხელაც ახლა უკვე აღარ მაშინებს; პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა დანაშაულის გრძნობა მინელდა, ერთგვარი ცნობისმოყვარეობითაც კი მახსენდება  სადღაც მანტ-ლა-ჟოლისა და კონფლან-სენტ-ონორ-ინს შორის მდებარე იმ პატარა, პავილიონური ტიპის დაბა-ქალაქში გატარებული დრო და, სადაც, სხვა დროს ვერაფერი მაიძულებდა ჩასვლას, ერთ მშვენიერ დღეს, ფუქსავატურ ხასიათზე ყოფნისას, სარკინიგზო ქსელის რუქის თვალიერებისას მხოლოდ სახელწოდების გამო რომ არ მიექცია ჩემი ყურადღება; ეს დაპირებული ,,სამოთხე“  სენ-ლაზარიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობდა და საიდუმლოს შენახვის მიზნით, რომელიც არა მხოლდ ჩემს ინტერესებში შედიოდა, არამედ იმ ძნელად მოსახელთებელი ქალისაც, ვისთანაც ყველასგან მალულად, ჩვენი სასიყვარულო  ურთიერთობებისგადასარჩენად ვაპირებდი ფარულ შეხვედრებს, ურთიერთობას, რომელიც პირველივე წუთებიდან, სხეულთა აშკარა მიზიდულობის წყალობით გვაიძულებდა ყოველ პარასკევ დღეს დილიდანვე დავსხლტომოდით სამსახურებრივ რუტინას, შევხტომოდით გარეუბნის მატარებელს და  მაკომპრომეტირებელ თვალთაგან შორს, უცხო  დედებისა და მამების თვალწინ, სიმშვიდეში მოსაწევად გამოსული კოლეჯის მოსწავლეებისა და   ხასხასა მდელოებზე მომუშავე მებაღეების თვალწინ  ჩავხუტებოდით ერთმანეთს. სწორედ ბალზაკის სახელის გაგონებამ მიმახედა იმ სათვალიანი კაცისკენ, რომელიც დარბაზის სიღრმეში, დახლთან ახლოს მდგომ მაგიდასთან იჯდა იმ კაფეში, სადაც მე და მორენი  დილის ქუჩებში ხეტიალის შემდგომ მოვკალათდით (ახლა უკვე თამამად შემიძლია მისი სახელის გამხელაც), ჯერ კიდევ პირუხლებ,  ნახევრად სავსე ლუდის კათხებთან, რომელთაც ჯერ ისევ ასდიოდათ  ცივი ოხშივარი; სადაც აშკარად იგრძნობოდა ჩვენი შემოსვლით გამოწვეული  ცნობისმოყვარეობითა და მორენს მიშტერებული მამრთა ხარბი მზერით გაჯერებული ჰაერი.  აშკარადვიგრძენი  მისმა გამოჩენამ როგორი დაბნეულობა გამოიწვია მაგიდებთან მსხდომთა შორის, როგორ აიძულა ისინი შეეწყვიტათ საუბარი, უნებურად ედევნებინათ თვალი დახლთან მოტრიალე ქალისათვის, ურცხვად გაეშიშვლებინათ, მოჰფერებოდნენ მის რძისფერ, სიფრიფანა, მოკლე  ჯინსის შორტებიდან მოელვარე ინგლისურ წვივებს, რომელთაც ისეთი მშვენიერი და სრულყოფილი  ურცხვობით იფერებდა, რომ იქ დაყუდებულ მამრთა შორის აშკარად ავტორიტეტსაც კი სძენდა. უფრო მეტიც, მათ ერთგვარ ფანტასმაგორიულ წარმოსახვებსა და აკრობატულ ილეთებსაც აძლევდა გასაქანს  ამ სათაყვანო ფეხების პატრონ ქალთან მიმართებაში, რომელიც თითქოს ჩაცმული, თუმც  უფრო შიშველი ვერც კი აცნობიერებდა რა გამოცდას უწყობდა საკუთარ თავს და როგორ ახერხებდა ყოფილიყო სანდომიანი, როგორ იწვევდა მათ. გარშემო ნელ-ნელა ალაპარაკდნენ, მე ჩემი ლუდის კათხა მორენისას მივუახლოვე და, ის იყო ქილიკს  ვაპირებდით მამრთა  რეაქციებზე,რომ ბარმენმა დარბაზის მხარეს დაიძახა:
- ბალზაკ, შენთვის იგივეს ვაკეთებ.
ეს კითხვას  კი არა,წინმსწრებ პასუხს უფრო ჰგავდა, რომლიცუეჭველ თანხმობას   იმთავითვე გულისხმობდა.
არა, ასეთი სულაც არ მახსოვდა მწერალი ბალზაკი. მე ის ძლიერ, ჩასუქებულ, ულვაშიან კაცად მახსოვდა  გრავიურებიდან და ფოტოებიდან.  იქნებ  ეს სავარაუდო სიმსუქნე ,,ადამიანური კომედიის’’ - მისი ნაწარმოების პროპორციებიდან გამომდინარე, არაცნობიერად წარმომედგინა  ავტორის სილუეტად: წიგნის სისქე - თავად ბალზაკად. 
აი, ,,სამოთხის“ ბალზაკი  კი, პირიქით, ერთი ხმელ-ხმელი, სამოც წელს მიტანებული კაცი  გახლდათ. კუთხოვანი ყბებით, ცხვირზე წამოსკუპული სათვალით, შორსმხედველი, რომელსაც გაზეთის კითხვაც კი უჭირდა, თუმცა თვალებზე ეტყობოდა, რომ ირგვლივ არაფერი გამოეპარებოდა. ის ,,ლე პარიზიენს“ კითხულობდა და თითქოს  ვერავის ამჩნევდა.  არც ჩემი და  მორენის არსებობა შეუმჩნევია. ბარმენს კი ერთი სიტყვა აკმარა:
-              მიდით!
ეს  ნაწყალობევ, თავდაცვით თანხმობას უფრო ჰგავდა, ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად: - მიდით, თუ შეგიძლიათ, მაინც თქვენი გასაკეთებელიაო. ,,იგივე’’ - ამ შემთხვევაში პიკონს* გულისხმობდა და დავინახე, როგორ გაავსო ბარმენმა ჭიქა ოქროსფერი სითხით, როგორ დაუმატა  მოყავისფრო, ციტრუსის ქერქისა და რაღაც ფესვების   ნაზავი, რომელიც თავიდან რაღაც სქელ  დახვეულ მასად დატრიალდა ლუდში, მერე  გაიშალა დამუქი ფერის სითხედ აქცია მთელი შიგთავსი.
თავი ვერ შევიკავე და ბარმენს გადავულაპარაკე:
-              ბალზაკი. . . მწერალს გულისხმობთ?
მეტი დამაჯერებლობისათვის მხრების აჩეჩვა და მოგუდული სიცილიც მივაყოლე.
-              მაშ სხვა ვის. . .
მომეჩვენა, რომ ჩემი  კითხვა  მაგიდასთან მჯდომმა ბალზაკმაც  გაიგონა და ერთგვარად ესიამოვნა კიდეც. მოვლენების განვითარებას დაველოდე, რატომღაც ვიფიქრე, ბარმენი კიდევ  მეტყოდა რამეს, მაგრამ ის სხვას  მიუბრუნდა შეკვეთის მისაღებად - ყავის ერთი დოზა ჩაყარა ყავადანში და ესპრესოს მოდუღებას შეუდგა.
რატომ  ბალზაკი? - სახელის  წარმომავლობით დავინტერესდი. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ, ის  ერთ დილას გამოცხადებულა კაფე ,,სამოთხეში“, მისჯდომია ფინჯან ყავასა და ფურცლების დასტას და საღამომდე უწერია. მხოლოდ შუადღისას შეჩერებულა ხბოს რაგუს ერთბაშად გადასასანსლად.
- კარგი, წერეთ,რადგან გეწერებათ… უთქვამს პატრონს.
შემდეგ კვირას ბალზაკი კვლავ დაბრუნებულა კაფეში საწერად, მომდევნო კვირებშიც და ასე გრძელდებოდა თურმე თითქმის მთელი წელიწადი. მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, ის საწერკალმისა და ფურცლებისგარეშე, გაზეთის საკითხავად მიჯდომია თავის მაგიდას  და, მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სტრიქონიც  აღარ დაუწერია,  სახელი ბალზაკი მაინც შერჩენია.
იმ დღეს აღარაფერი მიკითხავს. მისი მიმართულებით ჭიქა ავწიე და ჟესტით გამოვხატე მისი დღეგრძელობის სურვილი. თავშეკავებული თავაზიანობით მიპასუხა და აუცილებლობით განპირობებული წამიერი ღიმილით, ისე რომ ყლუპიც არ მოუსვია,  თავისი ჭიქა ლუდის კათხის სადგამზე დადგა გაზეთის გვერდით.
       ჩუმად თვალთვალს ვაგრძელებდი. ვხედავდი, მორენს როგორ უყურებდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მოწონებას სულაც  არ მალავდა და რომ მორენი, რომელიც   მიჩვეულიც კი იყო კაცების ყურადღებას, საკუთარ თავში დარწმუნებული იოტისოდენა უხერხულობასაც კი არ გრძნობდა ამით. მეტიც, სიამოვნებდა კიდეც და დარწმუნებული იყო იმაშიც, - როცა უნდოდა, მაშინ ჩამოიცილებდა,  როგორც მე - წლების მერე. ეს ის მორენია, რომელიც სილამაზის წყალობით თავისუფლად ახერხებდა   სარგებლიანობასა და სხვათა გამოყენებას.
თხუთმეტიოდე წუთით გავიხანგრძლივეთ მეზობელ დახლთან მიმდებარე მაგიდის წევრებთან საუბრის სიამოვნება. რაღაცნაირად მოგვწონდა კიდეც ეს თამაში, თუმცა კარგად ვიცოდით, რომ ზედმეტი არ უნდა მოგვსვლოდა, რადგან რამდენიმე სახლის იქით სასტუმრო  ,,ლა ბიუტში“ (კორდი) დაჯავშნული ნომერი გველოდა.
,,სამოთხეში“ გვითხრეს, რომ ამ დაბაში ერთი ცნობილი, წარსულში სამგზის ჩემპიონი ძიუდოისტი ცხოვრობდა და კაფეს ღია კარიდან მისი ვილის სამი მეტრის სიმაღლისა და ასი მეტრი სიგრძის გალავანიც კი დაგვანახეს. სიცილ-სიცილით აღგვიწერეს მისი შვიდი კვადროციკლი, სამი გერმანული მეცხვარის ნაგაზი,  წიფლნარში  დამალული სავარჯიშო ბაგირები,  მისი შავნიღაბჩამოცმული იდუმალი სეირნობები მოტოციკლით, თითქოს არავის სცოდნოდა, რომ ეს ასოცკილოგრამიანი, 1200 სმ/3 ცილინდრიან მოტოზე ამხედრებული სილუეტი მას ეკუთვნოდა.
ის იყო წასვლა დავაპირეთ, რომ ბალზაკმა, ჩვენდა გასაოცრად, გამოლაპარაკება სცადა.
-              და, პანორამა?.. იკითხა მან უცებ მხიარულად. პანორამა თუ ანახეთ ამ ადამიანს.
    წუთით დავყოვნდი, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის სწორედ მე მომმართავდა და ,,ამ ადამიანშიც“ სწორედ მორენს გულისხმობდა. მოკლედ, ბალზაკი  მოულოდნელად, ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე, რომელიც ასეთი შემოჭრის უფლებას მისცემდა, რჩევას მაძლევდა. შეიძლება ითქვას, იგი ჩემს მეტოქეობას, ჩემი გამჭრიახობის ეჭქვეშდაყენებას ცდილობდა და მორენთან  ერთად ქუჩაში სეირნობასაც უშვებდა.
- არა, პანორამა არ გვინახავს, ვუპასუხე თავაზიანად. რა პანორამას გულისხმობთ?
- პანორამას. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. ხედი სენაზე, გალავანი, ფლინის ქარხანა.
- ფლინის ქარხანა… - გაიმეორა მორენმა. . . ფლინისცნობილი  ქარხანა.
ბალზაკი მაშინვე წამოდგა-მეთქი, ასე ვაპირებდი თქმას მანამ, სანამ იგი წინ მიმავალ მორენს მკლავში არ სწვდა.
-              წამოდით, წამოდით, ახლავე წაგიყვანთ იქ.
მორენმა თავი ვეღარ შეიკავა და  ჩვეული  გადამდები ხმით გადაიკისკისა,  იმ საოცრად სექსუალური სიცილით, გაცნობისთანავე რომ მომხიბლა.
უნდა გაგახსენოთ რა მდგომარეობაში ვართ მე და მორენი: ოდნავ შეზარხოშებულნი, მღელვარებითა და სრული უმანკოებით გაჯერებულნი, სასიამოვნო, ფრთხილ ეიფორიაში მყოფნი, თითქოს აქ, -  კაფე ,,სამოთხესაც“ ვგულისხმობ, ყველასგან  და ყველაფრისაგან დაცულებს ვერავინ მოგვწვდება, თითქოს ფეხბურთის მოედნებიც და ირგვლივ ატეხილი წიფლნარიც ჩვენს უსაფრთხოებას დარაჯობს. აბა, ვინ შეიძლება  აქ მოგვაგნოს? რომელმა რიკოშეტით გზასაცდენილმა მეგობარმა? 
        ახლა ვხვდები, როგორ ვცდებოდით მაშინ. კაფე,,სამოთხე“, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წერტილი ტრანსილიის რკინიგზის ქსელის რუკაზე,  სულაც არ ყოფილა ისეთი საიმედო, როგორც მაშინ, ჩვენისთანა თვალთმაქცებს შეიძლება მოსჩვენებოდათ. ასე ფიქრი სისულელეა.
  იმ დღეს  კარგ გუნებაზე მყოფნი სიამოვნებით გავყევით ბალზაკს. უფრო ზუსტად კი, უკან დავედევნე სწრაფი ნაბიჯით წინ მიმავალ  ბალზაკსა და მორენს. ბალზაკი ისეთი გატაცებით ესაუბრებოდა ქალს, რომ ჩემს უკან ჩანჩალს სულაც არ შეუწუხებია, მეტიც, ზრდილობის გამო ერთხელაც  არ გამოუხედავს ჩემკენ. სულ სამი შესაძლო აზრი შეიძლებოდა გასჩენოდა უცხოს ჩვენნაირი წყვილის დანახვაზე: -ვერაფერს ხედავდე, ვერაფერს ხვდებოდე შენს წინაშე მდგომი ორი ადამიანის საიდუმლო კავშირზე; ასეც ხომ ხდება? არადა, მე რომ მკითხოთ, არაფერია იმაზე მყვირალა, ვიდრეაკრძალული ურთიერთობის მიზიდულობა. რამდენადაც მეტია თავშეკავების, სხვათაგან დამალვის  და საკუთარი გრძნობების ლაგამამოდების სურვილი, მით უფრო მეტია მათ შორის მიზიდულობის ძალა; - ხედავდე და დუმილს ამჯობინებდე, მოერიდო, თითქოს ვერაფერს ხედავ;  და ბოლოს, ხედავდე და გამოხატავდე, აჩვენებდე, რომ ხვდებით, მაგრამ თქვენი თავშეკავებულობის და ენადაცულობის იმედად შეიძლება მოდუნდნენ.
  სავარაუდოდ, ბალზაკი მესამე კატეგორიაში მოიაზრებოდა: ის,  აშკარად, კაფეში შესვლისთანავე მიგვიხვდა ურთიერთამოკიდებულებას, მაგრამ  ამის არც დემონსტრირება და არც  დამალვა არ უცდია.  ბატონკაცის გამომეტყველებით  მჯდარს ფეხებზე ეკიდა როგორ ვგრძნობდით თავს. კარგად თუ ცუდად. ამ აღმოჩენაში მან იმთავითვე გათვალა  ,,სათავისო“ წილი. თითქოს  ამ კონფიდენციალურობაში, როგორც პროცესის თანამონაწილესა და ხელშემწყობს  თავისი მინიმალური სარფიანი წილი  აუცილებლად ეკუთვნოდა.
       პატარა ქუჩის გაყოლებით ერთ შემოღობილ, მოუვლელობით ბალახმოდებულ მოედანს მივადექით. ბალზაკი თეთრად შეღებილი, აქა-იქ აქერცლილი გრძელი სკამისკენ გაგვიძღვა და იქიდან თითგაშვერილი ცდილობდა ჩვენთვის ქვემოთ, ეკალბარდებით შემოსაზღვრული სიცარიელე დაენახვებინა. სამივე უხმოდ გავყურებდით  მდინარე სენას, რომელიც მთელ სიგრძეზე მიიკლაკნებოდა და რომლის  გამოღმა ნაპირას მაღალი კედლები და ქარხნის ანგრები  მოსჩანდა. ვცდილობდი, რაღაც ისეთი  მეთქვა, რითაც მადლიერებას გამოვხატავდი ჩვენი აქ მოყვანისთვის. შემდეგ კი ისევ სიჩუმე, რომლის დარღვევა არც მე და არც მორენმა აღარ ვისურვეთ.
     ბალზაკს თავის გასულელება არც უცდია. გვითხრა, უკან ვბრუნდებიო და ჩვენ მარტო დაგვტოვა. წასვლის წინ მორენს მიუბრუნდა და დამაჯერებელი ბუნებრიობით საფეთქელთან აკოცა. მორენმაც უფლება მისცა, თითქოს,  მამრის სამყაროს ცოდნის მისეული გამოცდილება კარნახობდა, რომ ეს ქმედება ასეთი მდგომარეობიდან თავდახსნის ყველაზე ნაკლებ ფასს გულისხმობდა. ქმედება, რომელიც ფარდას ახდიდა ბალზაკის კადნიერებასაც და, ერთგვარად, მადლიერების გამომხატველ ჟესტადაც ჩაეთვლებოდა ჩვენთვის გაწეული სამსახურისათვის. 
მას შემდეგ წლები გავიდა. მე და მორენს მოგვბეზრდა ერთმანეთი  და ჩვენი ურთიერთობაც შეწყდა. უძლურნი ვიყავით და, რაც მთავარია, აღარც გვიცდია რამენაირად შეგვეჩერებინა ეს ეროზიული პროცესი.
შვიდი თუ რვა წლის შემდეგ გაზეთში შემთხვევით გადავაწყდი წერილს, რომელიც იტყობინებოდა ჰარდრიკურის ციხე-სიმაგრის, იმპერატორ ჟან ბედელ ბოკასას ექს-რეზიდენციის გაყიდვის ამბავს და, რომელიც ორ ნაბიჯზე მდებარეობდა მელან -პარადისგან. ნოსტალგია? რაღაცის  აღმოჩენის მოლოდინი?  არ ვიცი. რატომღაც მეორე დღესვე მივაშურე სენ - ლაზარის სადგურს. ამჯერად, მატარებელში ისეთი რამ შევნიშნე,რაც უწინ არ შემიმჩნევია, ეტყობა, მორენით  გაჯერებულს: - მძინარე ადამიანთა სიმრავლე.  პირღია, ფანჯრის მინას მინდობილი  ადამიანები, რომელნიც  თითქოს ნებაყოფლობით  უშვებდნენ ხელიდან ადამიანად ყოფნის  წუთებს და ძლიერმოქმედი წამლების დახმარებით უსუსურ ბავშვებად ქცევას ლამობდნენ.
ორმოცდახუთ წუთში ჩავედი.
საცალფეხო ხიდიდან, რომელც ორ გზას აკავშირებდა, საოცარი ხედი გადაიშალა ჩემს თვალწინ: მცენარეული საფარი უწინდელზე უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი მეჩვენა, ჩიტებიც უფრო შთამბეჭდავად გალობდნენ. ძიუდოისტის გალავანს გავყევი, სერზე ასვლისას სამი გერმანული მეცხვარის ნაგაზი და შვიდი კვადროციკლი  წამომეწია. მაინც ბოლომდე ავხოხდი. დიდხანს გადავყურებდი ჩემთვის უკვე ახლობელ ადგილებს, ძველებურად უკაცრიელ ფეხბურთის მოედნებსა და ცარიელ ქუჩებს. ვანამდვილებდი ყველაფერს, რაც მაშინდელ ეიფორიას გამახსენებდა. სიჩუმეს. სიმშვიდეს. ტკბობით  მოხელთებულ წამებსა და წიფლნარის შრიალში ჩაკარგულ მზერას. პანორამასთან მისვლისას აღმოვაჩინე, რომ  გადასახედთან კიდევ ერთი მერხი  დაედგათ. ეკალბარდები უფრო დადაბლებულიყვნენ, ჰორიზონტი უფრო  ფართოდ გაშლილიყო. ორ სკამზე ისხდნენ. მარჯვნივ ახალგაზრდა წყვილი გადახვეოდა ერთმანეთს, მარცხნივ ვიღაც კაცი და ბავშვი უხმოდ დაჰყურებდნენ შუაში ჩადგმულ პო-ლისტერინის თვითმფრინავს.
სივრცეს დავეწაფე. იმ სივრცეს, საიდანაც ოდესღაც ბალზაკთან ერთად სენას გადავყურებდით.  უკანა მერხზე მჯდარ შეყვარებულ წყვილს მივაყურადე. გამეღიმა. ისინიც ჩვენსავით იტყუებდნენ თავს. მეზობელ სკამზე  მამა ბიჭს ეხვეწებოდა,მოდი,   თვითმფრინავიმოვმართოთო. ბავშვისკენ საგულდადგულოდ გადახრილი მამის და გაბუტული ბიჭის სიცივეში ადვილად ამოიცნობდით მათ ურთიერთდამოკიდებულებას. ეტყობოდათ, რომ ისინი ხშირად ვეღარ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათ აღარ აძლევდნენ ამის უფლებას - რომ ამ შეხვედრის შემდეგ მამა ისევ თავის მარტოობას მიაშურებდა, კიდევ უფრო დაშორდებოდა თავის ვაჟს და კვლავაც  აიძულებდნენ  ექვსი თვის ლოდინის შემდეგ ისევ მალულად შეხვედროდა საკუთარ შვილს.
  ცოტა მოშორებით  მოსეირნე ქალსა და კაცს გადავეყარე. ესენი უფრო ასაკოვნები ჩანდნენ და ისე ეკვროდნენ ერთმანეთს, თითქოს  ერთად ყოფნის ყოველი წუთი დათვლილი ჰქონოდათ. უფრო წინ კი ისევ წყვილი დავლანდე. ამჯერად ასაკოვანი  ქალი სრულიად ახალგაზრდა კაცთან.
ამ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ წყვილთა სახის გამომეტყველებამ გამაოცა,  გარშემომყოფთა მზერის მიმართ მათმა უდარდელობამ, მათი  წინდაუხედაობის სხვათა მიერ შემჩნევის უგულებელყოფამ.
მორენთან  გატარებულ შვიდი წლის წინანდელ  დროს გადავხედე. ნუთუ  ,,სამოთხე“ მაშინაც ასე იზიდავდა ჩვენნაირ წყვილებს-მეთქი, გავიფიქრე. იქნებ მორენთან ყოფნა მიშლიდა ხელს მათ შემჩნევაში. ვიღაც ქალმა ჩამირბინა. მომეჩვენა, რომ არც კი შეუმჩნევია მოხუცი ქალისა და ახალგაზრდის ხვევნა-კოცნა.
ბოლოს მთავარ ქუჩას მივადექი. კაფე ისევ იქ დამხვდა. ისევ ისეთი. ძველი რკინის დარაბებით. შევედი. ბალზაკი იქ იყო, თავის მაგიდასთან იჯდა. გამოხედვაზე შევატყვე, რომ მორენი და პანორამა  მის მეხსიერებას ხელუხლებლად შემორჩენოდა. მანიშნა ჩემთან დაჯექიო. ორი პიკონი შეუკვეთა. ვსვამთ. არანაირი კითხვის დასმა არ დამჭირვებია, თვითონ დაიწყო: წლების განმავლობაში დავდიოდი აქ ერთ ქალიშვილთან ერთად, რომელიც სიგიჟემდე მომწონდა - მიყვება ის. შემდეგ ეს გოგონა თავისი გზით წასულა, მას კი გაუგრძელებია  სამ შვილზე მამობრივი  ზრუნვა და ელექტროხელსაწყოების ქარხნის მართვა, რომელიც მაშინ  დიდ აღმავლობას განიცდიდა თურმე.
მას შემდეგ წლები გასულა და ერთ მშვენიერ დღეს, რომანის  დაწერა განუზრახავს. არადა, ეს აზრი დიდი ხანი აწუხებდა თურმე, მას შემდეგ, რაც დიდი ბიძის დღიურებს გაცნობია, ბიძისა, რომელიც ჩინეთში იბრძოდა, დიენ ბიენ  ფუ-ში. ,,სამოთხეში“ გატარებული დრო აწამებდა. წლის განმავლობაში, კვირაში ორჯერ მოდიოდა აქ, ამ კაფეში, მაგიდას მიუჯდებოდა და წერდა.ასამდე გვერდი იმაზე მალე აიკინძა, ვიდრე ეგონა.   პროფესიულ საქმიანობასაც წარმატებით აგრძელებდა. მისი საწარმო სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. იმჟამად 3 000 კაცს ასაქმებდა ოთხ ქვეყანაში.
-              მეტს ვიდრე ფლინში - ამოიოხრა მოწყენილმა, თითქოს ეს წარმატება სულაც არ ანიჭებდა სიხარულს, ან სულაც არ მიაჩნდა 2 500  მუშახელის დამსაქმებელი   ფაბრიკის კომპენსაციად.
შვიდი წლის წინანდელი ვიწრო  პიჯაკი ეცვა, სათვალეებიც ისეთივე მკაცრი ეკეთა, მხოლოდ  გაზეთი ეჭირა სხვა ნომერი, კაცმა არ იცის, რამდენ ათას ,,ლე პარიზიენის“ ეგზემპლარს გაევლო მის ხელში დღემდე.
-              ადრე აქ სამიჯნუროდ ფლირტისთვის და საწერად დავდიოდი, ისეთი რამეებისთვის, რასაც ჩემი ცხოვრების სტილი მიკრძალავდა. ახლა კი მხოლოდ ამოსასუნთქად დავდივარ. შეიძლება ითქვას, არაფრისთვის.
გვერდით მოდებულ ორ გამორთულ ტელეფონზე მიმითითა:
-              უარესი კი ისაა, რომ აღარაფერი ხდება. აუცილებელს გვერდი არასდროს აუაროთ. წინათ მეშინოდა, რომ  მეძებდნენ, წუხდნენ ჩემზე, რომ ჩემი არყოფნა დააზარალებდა ანგარიშებს, გადაწყვეტილებების დროულად მიღების პროცესს. ახლა ვიცი, რომ მსგავსი აღარაფერი მოხდება. იმას, რასაც ვერ გადავჭრი დღის განმავლობაში, საღამოს რამდენიმე წუთში მოვაგვარებ, ნაცვლად საათებისა. განა რა შეიძლება მოხდეს დღისით  ისეთი, რასაც  საღამოს ვერ გავუმკლავდები.?
ღიმილით ასწია  თავისი ჭიქადა  პიკონის უკანასკნელი ყლუპიც მოსვა. 
-              მწვერვალი თვალუწვდენელია, ვერავინ ხედავს მას. ბოლო რვა წელია თითქმის ყოველ პარასკევს მოვდივარ აქ  და  არავინ იმჩნევს ამას, ჩემი ასისტენტიც კი, ვერც ჩემთანყველაზე ახლოს მდგომი თანამშრომლები. აქ მარადისობის ზიარი ყოველი წამი მატკბობს, ყოველ საათს ვაგემოვნებ, თითქოს  წინადღე არც არსებულა და აქ მოსული მიმდინარე დროში ვხვდები, იმ დილით შერჩეულ ადგილას,  უფრო მშვიდი და უფრო ნათელგონიერი.
-              და მე ვსვამ დროის სადღეგრძელოს, ძვირფასო ჩემო. დროისა და მისი მოქნილობის სადღეგრძელოს, მისი საიდუმლო დარბაზების, მისი ორმაგი წიაღისა თუ ფასეულობების, რომლის გარეშეც ვიცხოვრებდით, მაგრამ ასე საამოდ ვერა.
   გავიდა წლები. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე  ოჯახთან და ბავშვებთან ერთად სამხრეთის პატარა ქალაქში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. მოედანთან ახლოს ერთი სახლი გვაჩვენეს, რომელიც მაშინვე მოგვეწონა - ცენტრთანაც ახლოს იყო და წინ პატარა ბაღიც ჰქონდა, სადაც თეთრი ვარდები ყვაოდა. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დროს, მაშინ, როცა ჩემი უმცროსი ქალიშვილი ფეხებში  მედებოდა,მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ბალზაკის ქუჩაზე ცხოვრება მელოდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ერთბაშად დამიდგა თვალწინ გულზე მიხუტებული მორენი, მიტოვებული საფეხბურთო  მოედნები, წიფლნარი და, რა თქმა უნდა, ბალზაკი. ამას მოჰყვა მისი სადღეგრძელო დროისა და მისი იდუმალი გზების  შესახებ. რაღაცნაირად მოვახერხე მღელვარების დაოკება და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ეს ამბავი მე და სახლის ყოფილმა მეპატრონემ ლუდით აღვნიშნეთ. მისი წასვლის შემდეგ ბაღში ჩამოვჯექი. სისხლი რამდენიმე წუთს  კიდევ მიბაგუნებდა საფეთქლებში. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. ჰაერს ხარბად დავეწაფე.  მშვენიერი ადგილია, - ჩავილაპარაკე  სიმშვიდით ნასიამოვნებმა,  ბალზაკი და მისი დროში მოგზაურობა გავიხსენე, ლუდის ჭიქა ავწიე და მისი დღეგრძელობისა ვთქვი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge