გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლიზი ბუდაღაშვილი - ლექსები



წეროები

იქით, სადაც მიფრინავენ წეროები,
თეროების ღეროები მიფრინავენ,
ამზიანდა, აშრიალდა ჩეროები,
ჟეროების თეთრი გუნდი მისდევს ნავებს.
აქანავებს ქაფს ტალღებზე ლურჯი სიო,
სადღა სდიონ მზეს გადაღმა ნაპირებმა,
დაპირებამ დიდ ლოდინს არ მიგაჩვიოს,
გაგაქციონ იქნებ კიდეც აღვირებმა.
მე უკუნი მდუმარების ზღვაში ვცურავ,
შესაშურად შორს მიდიან ტრამალები,
გამალებით, გამალებით იღდგენ სურათს,
აიწურა დღე, სიცხისგან ნაწვალები.
დალალები გაუშლია ტალღის ბოლოს,
ჩააყოლოს იქნებ კიდეც ოქრო მზისა,
შეეთვისა მცხუნვარება კენჭებს მხოლოდ,
ჟოლოს ჰგავდა განთიადი სასრულისა.
ვისად, ვისად იწოდება გუშინდელი,
აღარ გელი, რაც ჰორიზონტს გასწვდა თვალი,
ამორძალი გიხმობს შორით, გაუძელი,
ელი, ელი, ლამა, ლა-მა საბათქანი!
რანი გახსოვს , მაინც რანი გენატრება,
შრება, შრება ხის ტოტებზე ეს ზაფხული,
ოჰ, ბედკრული აციების იყო წყება
და მიჰყვება გაოცებას სიყვარული
იქით, სადაც მიფრინავენ წეროები,
თეროების ღეროებიც მიფრინავენ,
აშრიალდა, ახმიანდა ჩეროები,
ჟეროები აცილებენ გაღმა ნავებს.


იისფერი მდინარე

ისე არსად იწვიმებს, როგორც უდაბნოებში,
თუ მზემ სცადა გაცურვა შორეული ველისკენ,
იქნებ, გადაგავიწყდა, რა მსუბუქად მოეშვი,
როს იისფერ მდინარის მდუმარებით შეივსე.
აგორებულ ქაოსის გახდი ლურჯი ჭურჭელი,
გრძნობ, რომ კიდევ ადრეა, გადმოვიდეს ნისლებად,
და იცი, რომ ოთახსაც ვეღარაფერს უშველი:
იისფერი მდინარის მდუმარებით ივსება...
უნდა, ალბათ, იყვიროს, როცა პირთან შედგება,
უმიზეზო ტრიალი, შორით გამომდინარე,
მაინც ფრთხილად იყავი, იშვიათად ჩერდება,
მისრიალებს მდუმარედ იისფერი მდინარე,
ისე დაუცხრომელი, როგორც შენი თითები,
როცა ქვიშის ნაპირზე შუშებს შემოუარე,
ახლა არის სიბნელე და იმ ფერად ინთები,
რა ფერიც აქვს მდინარეს, იისფერად მდუმარეს.
ისე არსად დაცხება, როგორც თოვლის მიწაზე,
თუ მზისფერი შუქები შორეთს არ მიფრინავენ,
მაინც ფრთხილად იყავი, არ გაცდუნოს სინაზემ,
მდუმარებით სრიალებს იისფერი მდინარე.


ოცნება

ავდივარ მაღლა, უფრო მაღლა და უფრო კიდევ,
ვეღარ დაიტევს გაოცებას მანძილი შორი,
უდაბნოს გასწვრივ მიუყვება ზმანება ხიდებს,
ზმანება, ისე უშფოთველი და თანასწორი...

შორს არის, უფრო მოშორებით, გადაღმა მთების,
ისე ლურჯია, ისე მშვიდი ღამის ლაგუნა,
ახლა ხმაურობს გონებაში დრო გამართლების,
მოქცევამ გულთან ნიჟარები ააჩხარუნა.

შიშია ჩუმი დასასრულის, უსიტყვო ქართა,
იმდენად არის დაკარგული სიცხადე ხმების,
იმდენად არის ბუნდოვანი, რა დაგემართა,
აუხსნელია და უკვდავი წამი შეხების.

ველი, მოველი შუქთა მღერას, როცა იელვებს,
არსაით მოდის ნიავქარი და მღელვარება,
ისე მშრალია და ამაო სიცარიელე,
ღამეულ ლანდებს მზე გაურბის და ემალება.

ავდივარ მაღლა, უფრო მაღლა, უფრო და კიდევ,
იქნებ მოთავსდეს გაოცება მანძილებს შორის,
ნაზი ოცნება მიუყვება უდაბნოს ხიდებს,
ოცნება, ისე უშფოთველი და თანასწორი.


ვარდისფერი არშია 

ახლა  აღარ გაფიქრებს ჩუმი სიშორეები,
გვერდულ სიოდ რომ გაგდევს, როგორც სადა არშია,
რა ლამაზად გევლება მუქი ლურჯი წრეები,
გამჭირვალე სინათლე როგორ შემოგაჩვია...
ახლა ერთმანეთისგან სიახლოვე გვაშორებს,
როგორ უნდა მოხვიდე, როცა ასე მაღლა ხარ,
გამრუდებულ ჰორიზონტს ქარის ქროლვა ასწორებს,
შენც იმ ქარებს გაჰყევი მოჩურჩულე ბალახად.
და ვერავინ ვერ გხედავს, ახლა ისე ლივლივებ,
ახლა ისე სწყურიხარ ჩაძინებულ ქალაქებს,
როგორც წყალი სწყურიათ თავჩაქინდრულ გვირილებს,
ვიცი, აქაც რომ იყო, არ იტყოდი არაფერს.
ნუთუ მართლა იფიქრე სიახლოვის შესახებ,
ნუთუ მართლა იგრძენი შენს გარშემო წრეები,
მაინც მიუახლოვდი, ხელი მაინც შეახე
და აიმღვრა სარკეში ნაზი სიშორეები.
ნუთუ მაინც გაიგე სიმაღლიდან სიმართლე,
ნუთუ შენც შეამჩნიე, როგორ შემოგახვია
შორეულმა პლანეტამ მოყვითალო სინათლე
და გვერდული ნიავი, ვარდისფერი არშია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge