გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია ჯოლბორდი - ლექსები

         
                 
                     სავედრებელნი ღვთისმშობლისადმი 

***
აქედან ჩემი თვალები გკითხულობენ ხედვას ნუ დამიზარებ დედაო
მაშინ როცა ყველა ფერი შავია რას ჩავუთქვა შვილების სიმწვანე
მარადიულ სიხარულად რომ ვაქციო და ნათელი კრისტალები ბილიკზე მიმოვუბნიო
დამარიგე გახელილი თვალებით როგორ შევიკაო სულწასული სუნთქვა
თოკზე ჩამომხრჩვალი მომავლის დღეები უკვე სუნს აუტანელს ხდიან
მე კი ფეხზე ბოტები მაცვია და ერთი და იგივე ტალახში ნაბიჯების თვლლით დაღლილი
სამი კედლიდან თითოეულის ნოტიო ჰაერს ვიკრებ ფილტვებში
ტვინი რომ არ გადამეწვას ზაფხულის პაპანაქებას წაართვი გვალვიანი მიწის ნაფხვენები
ჩემი სხეული ვერ აიტანს გამომწვარ აგურს
უკვე საკმარისად დავიღალე
შემიბრალე უფლის დედაო.


***
ფიქრი ვერსად მიმაქვს დედაო ეს ადამიანური სისუსტეა
ვიცი და მწყინს საკუთარი თავისაგან ამდენი შეურაცხყოფა
ღამეს ვერაფერი მოვუხერხე სულში ჩაწყვეტილი ექოსავით გაჰკივის
კარის ჩარაზვა თუ დამავიწყდა თეთრად გაათენებს ამოუხსნელ იმედებს
სულ ცრუობს სოფელი  მხოლოდ ტყე ინახავს ჩრდილებს რომელიც ნამდვილად ჩვენია
დღეს მკვდრის მზემ რომ სხივი გამომიწოდოს ისიც აღარ ვიცი რა უნდა მოვიმოქმედო
კვერცხი გულიანად შევწვა თუ უგულოდ
იქ რას ჭამენ რითი იკვებებიან რა უყვართ რას ეყრდნობიან ჩვენი ეჭვები
მხოლოდ მდინარის კენჭების აუხდენელი ღიმილი 
თუ მედუზის მოთახთახე სხეულზე გადასმული ღალატი
რას დავეკიდო 
თხილიანში გაყურსულ სიცივეს როცა იგრძნობს ჩემი სხეული
სწორედ მაშინ მეიმედები მე ცოდვილს
მომიტევე დედაო.


*** 
დ ვიტამინის ნაკლებობას განიცდიან ამქვეყნიური დღეები
ამიტომაც ტკაცუნობს ძვლები მკვდრის მზეს შეუძლებლად ესახება
სიცხის სიჭარბე და გაყინული სტრიქონები ერთმანეთის საკვების თანაზიარნი
აუჩქარებლობით შეპყრობილ ფიქრებს აწვდიან დანაოჭებულ გონებას
აქ ისევ ისე ცივა დედაო შენი კალთიდან მუჭით წამოღებული მადლი მესიზმრება
ჭარმაგ ასაკში ცურვის სწავლა ისე ძნელია
ნამცეც-ნამცეც გაბნეული ყვავილების მტვერი არომატს ცვლის
და დავდივარ ყოველდღე  სული რომ დავიფერთხო
მომიტევე.


*** 
აქ მიწაა დედაო და ეს მიწა ისე რბილია ჩემი ცოდვებისთვის არ მემეტება
ისინი ყურუმ ღამესავით ფხიზლობენ ჩემში მაიძულებენ ვთელო 
სიმწვანით ავსილი მდელო და ტერფებდახეთქილმა გიყურო
რატომ ვიკვებები დღეებით არ ვიცი მაშინ როცა მარხვაა
და როცა ოთხშაბათი და პარასკევიც მონაცვლეობენ
სულში სილასავით იყრება მათი სახეები
გულის ფიცარი გაიბზარა გამთელება არ უხერხდება
შენ დანანებით მაკვირდები ჩემი დედის სახეს იღებ
თეთრი კაბითა და შინდისფერი თავსაბურავით შემოსილი
ეყრდნობი კედელს რომელშიც უნდა გავიდე და
დავტოვო ხორცი როგორც პროდუქტი ამ ცხოვრების ამაოების
ნუ დამიღლი
უფლის დედაო.


*** 
შენ გაიმარჯვე ჩემში ნისლისფერი იდგა გაზაფხული
შემოდგომასავით მსუყედ ჩადექი ორ მთას შორის და ბარაქიანი მოსავლით
დაბრმავებული ორი თვალი ვეღარ აღიქვამს რეალობას ის რაცაა 
ჩანს როგორ მდორდება  ბლანტდება და გეკვრის 
ცა ნაიარევს იშვიათად იმჩნევს როცა გაუსაძლისად ქუხს 
როცა მეწყერი გარდაუვალია სწორედ მაშინ მოვდივარ ჩვეული ბილიკით
დაცვარული სიზმრებისაგან გონი რომ გავითავისუფლო და ჩაგიფიქრო ბუჩქის ძირას
ოდეს კუნელი აყვავდება ხელახალი გადარჩენისთვის
ვიცდი
იქნებ არც ღირდა თეთრი აგურებით ნაშენი სახლი მეხილა და ნაცარში გამეფანტა თითები
იქნებ ფიჩხი წვას არ ექვემდებარება და ღრუბლებიც სულ არსად მიდიან
მაშინ რაღა გამოვიგონო ღელის პირას კოალები ნაცნობ მელოდიას მღერიან 
თქვენ ნამცხვარს აცხობთ და არომატებით მანებივრებთ
მაყვლის ძებნაში დაკაწრულ ფიქრებს ვინ გადამიხვევს
ხავსიან სულში დავანება სათუოა ვხვდები დედაო.


*** 
თვალები ცრემლებს არ ემალება სიმშრალე მაინც დასჩემდათ დღეებს
რამ მომინატროს ასე უხვი ასე მდიდარი შენი სხეული ჭარბია ჩემთვის
რისკენ ვისწრაფო ტურები შიმშილს გამალებით გამოჰკივიან
ყურებში ცვილი ადნება ხმაურს და ვიცი რბოლას ვერ დავეწევი ამიტომაც ვიმტვრევ თითებს 
დაღამებულში ნათლის სხივზე დაკიდებული  სიტყვები 
მითხარი რატომ ფერმკრთალდებიან თუ შენში ისევ ხმაურობს ზეცა
შემოგვისაზღვრე ნატერფალები სად დაგაბიჯოთ ამაღლებისთვის 
კერიაში დაგროვილ ნაცარს პირთან მიტანილს მართმევს ქარი
ჩვენი დამწვარი წარსული მომავალში ტოვებს არომატს 
მომავალი კი ისე ძნელია
შემომესაზღვრე უფლის დედაო. 
  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge