გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგუა - წითელი ცელი

           
                        (საუკუნის ამბავი)               

  როცა დიდი სასკოლო არდადეგები ახლოვდებოდა, ერთი სურვილით ვივსებოდი: მინდოდა, რაც შეიძლება მალე, ზაფხულის - ჩემი თავგადასავლებისთვის ისედაც ხანმოკლე ფერადი დღეების - არც ერთი ეპიზოდი არ დამეკარგა ქალაქში და მის სულისხუთვას გურიაში გავქცეოდი. ახლა რაც უფრო მეტად ვუფიქრდები, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ადგილი, საითაც გული ასე მიმიწევდა, არ იყო უბრალოდ სახლი, კოხტად გაკრეჭილი მოლი და მისი სიმწვანის ასწლოვანი მცველი - ეზოს განაპირას მდგომი ვეებერთელა ცაცხვის ხე; ის არც მხოლოდ მსხალზე ველურად გასული კაჭიჭის მწიფე მტევნები და მსხმოიარე კივის გემრიელი ნაყოფი იყო. ჩვენი გურული ოდა-კარის მაგნიტიზმი ყველა ამ ფერად შეგრძნებას იტევდა და ასხივებდა კიდეც ერთდროულად. თანაც, იქ და იმ დროში ჩვენთვის არავითარი სხვა საზრუნავი არ არსებობდა ბედნიერი წუთებით ტკბობის ვალდებულების გარდა. დიდი ბებიის სამყოფელი უბრალოდ მხიარული არდადეგების სამასპინძლო სახლი კი არა, პატარების სააღმზრდელო სავანეც გახლდათ. ორსართულიანი, ღია თიხისფერი კრამიტით დახურულ საზაფხულო რეზიდენციის მეორე სართულს ვაზის მწვანე ფოთლებში შებუდრული დიდი აივანი ამკობდა. ამ აივანს ერთი დიდი პრაქტიკული უპირატესობაც ჰქონდა - გარეთ რაც არ უნდა მწველი მზე ყოფილიყო, ზღვიდან მონაბერი საამური ნიავი, დღისითაც გრილად გამოძინების საშუალებას იძლეოდა.
ყოველ საღამოს მე და ჩემს უმცროს ძმას ამ აივანზე დიდი ბებიის მონათხრობი ათას ერთი ზღაპრის ღამეებივით გრძელი და შთამბეჭდავი ისტორიების მოსმენა გველოდა. არაბული ღამეების გურული ალტერნატივა ხან სენტიმენტალური, ხანაც ოპტიმისტური ტონებით უხვად იყო გაჯერებული. ამ ისტორიებს არც დამაჯერებლობა აკლდა და არც მგრძნობიარობის ფერ-უმარილი, რადგან ბებია, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ემოციური გულწრფელობით გამორჩეული რიტორი გახლდათ. მოწეული ღამის სიმყუდროვეში იჯდა ბებია მის საყვარელ სარწეველა სკამში და თხელ პლედში გახვეული, ამბიდან - ამბამდე, დროდადრო, ჭრიჭინების ხმაურს მიაყურადებდა ხოლმე, - აქაოდა, ხომ ისევ ასრულებენ შემოქმედისგან დადგენილ წესსო. 
სწორედ ბებია იყო იმ ამბების მთავარი მთხრობელი და მონაწილე, ჩვენ კი მისი - ამ ერთი მსახიობის თეატრის - უერთგულესი მაყურებელი და მსმენელი. ბებია ელისაბედს, რომელსაც ჩვენ მხოლოდ „ელოთი“ მოვიხსენიებდით, უყვარდა ძველი ამბების თხრობა. მასში ჩვენთვის აუცილებელ შეგონებებს უხვად აბნევდა, გარდა ამისა, მისი შემეცნებითი ისტორიები საწუთროს სიმუხთლეებზეც გვაპარებდა ცნობებს. 
  იმედისა და სასოწარკვეთის, ერთგულებისა და ღალატის, ძმობისა და მტრობის ამ ერთობ ადამიანურ კვინტესენციებს ბებია თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე გვაცნობდა. რამდენიმე საღამო გამორჩეულად დამამახსოვრდა, რადგან საუბარი უშუალოდ ბებიის ოჯახის -  მშობლებისა და ორი დის - საკმაოდ დრამატულ წლებს შეეხებოდა. პირველად სწორედ მაშინ, ცხრა წლის ასაკში, გავიგე ისეთი სიტყვები, რომელთათვის მანამდე არც სკოლაში და არც ქალაქელ თანატოლებთან საუბრისას მომეკრა ყური. 
ბურჟუა-კომუნისტები-რეპრესია-კულაკი...
   ბურჟუა -კომუნისტები-რეპრესია-კულაკი-გადასახლება.... 
ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარი სიტყვები იძულებულს მხდიდნენ ასოციაცების აღსაძვრელად წარმოსახვა ჩამერთო, რადგან ბებიას დიდი დამაჯერებლობით ვუქნევდი თავს. ალბათ, ისიც ფიქრობდა - რახან ფაბულა მისთვის ნათელი და გასაგებია, ეს ტერმინებიც მეტად  აღარ საჭიროებენ განმარტებასო. მთლად ასე მარტივადაც არ იყო საქმე. ჩემი უცნაური ფანტაზიის გამო, „ბურჟუა“ რატომღაც XVI საუკუნის პარიკიანი ჰერცოგის ჰაბიტუსს დავუკავშირე. შესაძლოა პორტრეტი მქონდა მანამდე სადღაც ნანახი. შესაძლოა ამ პორტრეტზე რუსო ან მოცარტიც ყოფილიყვნენ გამოსახული, და მეც დავასკვენი, რომ ასეთ ნატურებს ზუსტად შეესაბამებოდა ბურჟუას ეპითეტი. მეორე შიფრს და ფანტაზიის კიდევ ერთ გამოწვევას - „კომუნისტებს“ - ცბიერი ადამიანების ჯგუფი დავარქვი. „რეპრესია“ კი წარმოვიდგინე პროცესად, რა დროსაც ადამიანს სპეციალური საწარმოო დანადგარი, ორივე მხრიდან ისე ძლიერად უჭერს რკინის მარყუჟებს, რომ მას არც განძრევის შესაძლებლობას აძლევს და არც მისგან  გათავისუფლების იოტისოდენა იმედს. „კულაკიც“ დაახლოებით ისეთი ვინმე „აღმოჩნდა“, როგორსაც ამ სიტყვის ასოციაცია მეუბნებოდა: მას ძველ და დაკემსილტანსაცმელში გამოწყობილ ისეთ სევდიან კაცად აღვიქვამდი, როგორადაც ჩვენი თხრობის უმთავრესი პერსონაჟი, ბებია ელისაბედის მამა, გადასახლების შედეგად უქცევიათ....  
ელისაბედის მამა, ბიქტორი, იყო ამ ბოროტი იდეოლოგიის და სისტემის ერთი რიგითი მსხვერპლი ბედმსგავსთა დიდი არმიიდან. ელისაბედს მამა არ ახსოვდა. ერთი წლისაც არ იქნებოდა, როცა იგი, როგორც იტყოდნენ, „გააციმბირეს“. მამა-შვილს, მხოლოდ გადასახლებიდან გამოგზავნილი ერთადერთი, სასწაულებრივად ჩამოღწეული სურათი აკავშირებდა, რომლის უკანა მხარესაც იყო წარწერა: „ჩემს საყვარელ ელისაბედს სახსოვრად მამისაგან“ და დათარიღება: “1935 წლის 7 ივლისი“. ამ დროს, ნაბოლარა ბებია უკვე თერთმეტი წლის იყო. არ უნახავს და არც არასდროს ეწერა მამის ნახვა, მაგრამ ბავშვს მაინც ახარებდა ის ფაქტი, რომ მისგან შორს მყოფი მამა ცოცხალი იყო და ისიც იმ ციურ სხეულებს შეჰყურებდა, რომელთაც მამაზე ფიქრებში გართული პატარა ქალიშვილი. ელისაბედის მსგავსად, მის დებს და დედასაც, ალბათ, მსგავსი სენტიმენტალური, უხილავი კავშირების დამყარება შეეძლოთ მხოლოდ და მეტი ვერაფერი. დედამ, მარიამმა, დამოუკიდებლად აღზარდა სამი ქალიშვილი, სათუთად შეინახა გაკულაკებულ-გადასახლებული, შემდგომ კი სადღაც ციმბირულ გულაგში გარდაცვლილი მეუღლის ერთგულება და ნამუსი. როცა ბებია ელისაბედი ამ ამბებს ჰყვებოდა, დანანებით გააქნევდა ხოლმე თავს და თავისი მარად წყლიანი ცისფერი თვალების მზერას იქით, შორეული წარსულისკენ მიაპყრობდა. იფიქრებდით, ნივთიერად ხედავს გაცოცხლებულ წარსულსო.
–„არ იყო, ბებია, ის წლები ისეთი მშვიდი და უშფოთველი, როგორსაც დღეს მოვესწარი. მამას გადასახლება ჩვენთვის საარსებო, უკანასკნელი ლუკმის წართმევასაც ნიშნავდა. როცა წამოვიზარდეთ, სამამულო ომიც დაიწყო და კიდევ უფრო გაჭირდა  სარჩოს მოპოვება. ჩვენი რაციონი დიდი ხნის განმავლობაში რძე, ჭადი და ფხალეული იყო. მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, თეთრი პურით ვინეს სუფრა გაეწყო ოჯახში. გარდა ამ მატერიალური სიდუხჭირისა, ჩვენ კომუნისტურ მარწუხებსაც მეტად განვიცდით. როცა მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა გადასახლებაში იმყოფებოდა, საზოგადოებისთვის მიუღებელ ოჯახად ვითვლებოდით. რეპრესირებული მამის შვილები მაშინ „ხალხის მტრის შვილებს“ და ოჯახს ნიშნავდა. ახლოს მცხოვრებნიც კი ერიდებოდნენ ჩვენთან მჭიდრო მეზობლურ ურთიერთობას, რაც მცირეკომლიანი სოფლისთვის სრულიად ბუნებრივი რამ უნდა ყოფილიყო. სკოლაშიც კი ავად გვიყურებდნენ მასწავლებლები. თანატოლებს, მასწავლებლისა და მშობლების ჩაგონებით, თავი ჩვენგან შორს ეჭირათ. მუდმივად ვგრძნობდით მე და ჩემი დები მათ დამამცირებელ მზერას. მერე, რაღაცნაირად შევეგუეთ კიდეც და წამოვიზარდეთ თუ არა, დიდად აღარც გვაღელვებდა ეს საკითხი. მაშინ დედა შიშობდა, რომ ასეთი დამღის გამო ჩვენ უმაღლესი განათლების მიღებაც გაგვიჭირდებოდა და განათლებული მამის შვილები უწიგნურები დავრჩებოდით. თუმცა სამამულო ომმა და შემდგომ განვითარებულმა ამბებმა ვითარება შედარებით უკეთესობისკენ შეცვალა. 
ბიქტორის  ოჯახმა ერთგვარი რეაბილიტაცია მიიღო და მას შემდეგ კეთრივით საშიში სიტყვები, „ხალხის მტრის შვილები“ - დავიწყებას მიეცა. უკვე დროც იყო, ახლოვდებოდა ჟამი, როცა ბელადის კულტის საყოველთაო დაგმობა მოხდებოდა, როცა კომუნისტური ტირანიის მართვის სადავეებს, იოსებ სტალინის საეჭვო გარდაცვალების  შემდეგ, ნიკიტა ხრუშოვი გადაიბარებდა. ეს პოლიტიკური ამბებია, ჩემი თაობის ახალგაზრდებმა მეტ-ნაკლებად რომ ვიცით. თითოეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ცენტრალური კომიტეტი და პარტია იღებდა მისივე საცეცებად ქცეული აღმასრულებელი სამსახურებისთვის კონკრეტულ დავალებებს ნიშნავდა, თუნდაც ისეთი დავალების აღსრულებას, როგორიც მაშინ ბიქტორ ჭანტურიას განადგურება იყო. ხშირად მიფიქრია, - ბიქტორს ასარჩევად რომ ჰქონოდა საქმე, სამუდამო გადასახლების ნაცვლად დახვრეტას ამჯობინებდა-მეთქი, თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს „მსჯავრი“ ერჩია. ალბათ, არ იქნებოდა იმ შორეული ყოფის არც ერთი დღე, ოჯახში დაბრუნების იმედი რომ წაერთმია მისთვის. უცნობია, ჰქონდა თუ არა ბიქტორს ბანაკიდან გაქცევის მცდელობა. 1931 წელს 43 წლის ასაკში იგი გადასახლებაში გარდაიცვალა.
ბიქტორის მეუღლე, მარიამ დობორჯგინიძე-ჭანტურია, რომელსაც ქმრის დაკარგვის შემდეგ ერთპიროვნულად დაეკისრა სამი ქალიშვილის აღზრდა, მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მარიამი კოხტა, კაფანდარა ქალი ყოფილა. მისი რამდენიმე ფოტოსურათი მაქვს ნანახი. თითეულ მათგანზე  სამ არასრულწლოვან გოგონასთან ერთად გამოსახული ქალი 40 წლამდე ასაკისაა. სწორად ჩამოსხმული სხეული და უზადოდ მოყვანილი სახის ნაკვთები ... შუბლზე ორად გაყოფილი თმა ზურგს უკან ვერცხლის ორნამენტებიანი წვრილი ჯოხითაა შეკრული. სახე თანამოსახელე წმინდა ქალწულს მიუგავს, ისეთივე მშვიდი და სინაზით სავსეა. მეორე მხრივ, ეს ლამაზი სახე სავსეა სევდით და ტკივილის დათმენის ღვთაებრივი მადლმოსილებით. ბებია ელისაბედი მასზე ამბობდა, რომ მარიამი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა რწმენას და ამითიც გამორჩეული იყო იმ უღმერთო დროში. თურმე ღვთისმშობლის მსწრაფლშემწე ხატს ხშირად ებუტბუტებოდა ხოლმე. ამ ერთადერთ ხატთან დასანთებ სანთელსაც თავისი ხელით ამზადებდა, ხოლო ვაზის ლერწების ჯვარი, ნინოს მსგავსად, თავისივე თმით ჰქონდა შეკრული.
ალბათ ოჯახური ცხოვრება  სხვანაირად, უფრო ბედნიერ და ნათელ ფერებში ჰქონდა მარიამს წარმოდგენილი. ისეთ ნათელ და ბედნიერ დღეებად, როდესაც ის და ბიქტორი ახალშეუღლებულები იყვნენ. 
  მარიამისა და ბიქტორის ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისი უკვე მასპინძლობდა რეგიონალურ დელეგაციებს, მოახლოებულიყო საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ორივესთვის ეს ამბავი ძალიან ბევრს ნიშნავდა. ვეფხისტყაოსნის, სახარების და ქართლის ცხოვრების იდეალებზე იზრდებოდნენ, ამიტომ პირველი რესპუბლიკის დაფუძნება და ნანატრი თავისულფების მოპოვება უდიდეს სიხარულს იწვევდა მათში. მეორე მხრივ, ბიქტორს თავისი მცირე წვლილი ჰქონდა შეტანილი აგერ უკვე საუკუნის წინანდელ ამბავში. როგორც იტყვიან, მასაც თავის წილი ერთი აგური დაედო იმ დიდ საქმეში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმე ერქვა. იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში. იდეური კავშირი ჰქონდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან და მის თავკაცს, ნოე ჟორდიანასაც, ახლოს იცნობდა. 1917 წლის 19 ნოემბერს, როდესაც საქართველოს ეროვნული ყრილობა შედგა, გურიის წარმომადგენლობასთან ერთად, ბიქტორიც ესწრებოდა. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ერთსულოვნად არჩეულ ნოე ჟორდანიას ბიქტორმა პირადად მიულოცა ეს გამარჯვება და რესპუბლიკის საკეთილდღეოდ სამომავლო წარმატებებიც უსურვა.
სანამ კარლ კაუცკის იდეებით მოხიბლული, ქართველ სოციალი-დემოკრატებს დაუახლოვდებოდა,  ბიქტორს განათლების და ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებაც მოესწრო. 1916 წელს მისმა მშობლებმა, რომლებიც იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ, სამეურნეო საქმიანობითა და ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლებით 28 წლის ახალგაზრდა, ინტელიგენტური მანერებისა და გარეგნობის მქონე ყმაწვილკაცი ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად პეტერბურგში გაგზავნეს. მაშინდელი მეფის რუსეთის იმპერიის კულტურულ ცენტრში გატარებულმა ერთმა წელმა ახალგაზრდა ბიქტორს საინტერესო შთაბეჭდილებების, გამოცდილების და, რაც მთავარია, ეკონომიკური განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა. ამ პერიოდის რუსეთში, მოგეხსენებათ ფუნდამენტურ ძვრებს და დიდ სოციალურ ვნებათაღელვას ჰქონდა ადგილი. 1917 წელს, როცა ოქტომბრის რევოლუცია მოხდა და დროებითი მთავრობა დაემხო, ხელისუფლება კი ბოლშევიკებმა იგდეს ხელთ, ბიქტორი უკვე საქართველოში იყო და საკუთარ მშობლებს მეუღლის შერთვის საკითხებზე ეთათბირებოდა. 
ქორწილი 1918 წლის 15 მაისს შედგა. 30 წლის ბიქტორ ჭანტურიამ ცოლად მეზობელ სოფელში მცხოვრები, მასზე 7 წლით უმცროსი, მარიამ დობორჯგინიძე შეირთო. ახალშეუღლებულები, სოფელ სუფსაში დასახლდნენ, სადაც იმ დროს უკვე უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ხაზი გადიოდა. ბიქტორმა, მოხერხებულობის, ენერგიული ბუნებისა და გამჭრიახი გონების წყალობით, მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ერთი-ორად გაზარდა. სუფსაზე გამავალი სარკინიგზო ხაზი შესაძლებლობას აძლევდა საფრანგეთიდან და გერმანიიდან  გამოგზავნილი პროდუქციით შეუზღუდავად მოემარაგებინა საკუთარი მაღაზიები ლანჩხუთში, ფოთსა და სუფსაში. მათგან მიღებული მოგების ნაწილით ბიქტორი პირველ რესპუბლიკას და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის რეგიონალურ წარმომადგენლობას ეხმარებოდა. მისი ფინანსური შემოწირულობით, სოფელ სუფსაში საფუძველი ჩაეყარა 4-კლასიანი, დაწყებითი სკოლის მშენებლობას. ბიქტორი ხელს უმართავდა მეზობლებს და არც გაჭირვებაში მყოფ ქვრივ-ობლებს ივიწყებდა. 
ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მისი მონაწილეობის დასტურია 1919 წლის 26 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილი, რომელშიც ბიქტორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოქალაქეთა მხრიდან  პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევის გამო, დეკრეტი ექსპორტზე სიმინდის გატანას კრძალავდა:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან ბათომში სიმინდის გატანა სასტიკად აკრძლულია, მაინც ბლომათ გააქთვ. სიმინდის გამყიდვეთა შორის უკმაყოფილებაა, რომ რესპუბლიკაში თავისუფლათ სიმინდის გადატანა აკრძალულია, რაც უფრო უწყობს ხელს ფასების აწევას და გადაზიდვას ბათომში“.
ბებია ელისაბედისგან გადმოცემით ვიცი, რომ არსებობდა მამას სხვა საგაზეთო წერილები, საყურადღებო დოკუმენტები და ფოტომასალა, თუმცა ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მათი დიდი ნაწილი დღეს უკვე დაკარგულია, ან პერიოდულ პრესაშია მიმობნეული. წყაროების სიმწირე სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დავიწყებასაც ბევრი რამ მიეცა. როგორც იტყვიან, „მლეთის წყალი დაილია“. ამაში კომუნისტებს „ლომის წილი“ მიუძღვით. მათთვის ხომ ცნება - „დამოუკიდებელი საქართველო“ არ არსებობდა. მით უმეტეს, არ არსებობდა  პირველი რესპუბლიკა, რადგან იგი თავად დაამხეს. კომუნისტები ყოველ ღონეს ხმარობდნენ მისი კვალის წასაშლელად. პატრიოტებისა და ეროვნული გმირების ანტიგმირებად და „ხალხის მტრებად“ წარმოჩენისთვის ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. მათი მიზანი ახალი - საბჭოთა ისტორიის - დაწერა და „საბჭოთა ადამიანის“ აღზრდა იყო. დღეს, აგერ უკვე XXI საუკუნის გადმოსახედიდან, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ამ საშინელი „ექსპერიმენტის“ სავალალო შედეგები.
ბიქტორი განათლებული კაცი იყო და ალბათ კარგად გრძნობდა იმ საფრთხეებს, რომლებსაც ბოლშევიკები შეუქმნიდნენ მეფის რუსეთისგან ახალთავდახსნილ საქართველოს. მისი წინათგრძნობა მალე გამართლდა. დაიწყო განგაშის მაუწყებელი ამბები. 1918-1921 წლების პერიოდის კავკასიის გეოპოლიტიკურ მოვლენებსაც რომ გადავავლოთ თვალი, ნათლად დავინახავთ, თუ რა პირობებში უხდებოდა მაშინდელი რესპუბლიკის ხელმძღვანელობას პოლიტიკური თუ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. ცოტა ხანში აღარ არსებობდა საკმარისი რესურსი და მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველოსა და მის ორ მეზობელ რესპუბლიკას, აზერბაიჯანსა და სომხეთს, დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. ამიერკავკასიის სეიმის დაშლაც ერთ-ერთი ასეთი ავისმაუწყებელი ცნობა იყო. მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია და გაჩნდა რეალური მოლოდინი, რომ „წითლების“ მე-11 არმია მალე საქართველოშიც შემოიჭრებოდა. 
საბედისწერო მოვლენები მართლაც ძალიან სწრაფად განვითარდა, იმდენად სწრაფად, რომ ჩვენს გმირს ვერც კი მოესწრო წინასწარ რაიმე თადარიგის დაჭერა. 
უკვე 1921 წლის 16 თებერვალი იდგა, როცა ნოე ჟორდანიას ხელმოწერილი, ცნობილი მოწოდება - „ერობებს, თემებს და გვარდიის შტაბებს“- გამოქვეყნდა. ამ ემოციური წერილის დასასრულ, ავტორი ქართველ ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებდა: „ქართველო ხალხო, ხელი ხმალს იკარ, საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება“. ნოე ჟორდანიას ეს სიტყვები, ცხადია, უკვე იმ „მღაღადებლის“ ხმას ჰგავდა, „უდაბნოსა შინა“ რომ გაისმა ამაოდ. მან და მისი მთავრობის წევრებმა 24 თებერვლის ღამეს თბილისი დატოვეს. ბიქტორი უკვე  ყველაფრის საქმის კურსში იყო და ჟორდანიას ინსტრუქციას ელოდა. ქუთაისში გამაგრებისა და დასავლეთ საქართველოს შენარჩუნების იმედის გადაწურვის შემდეგ ცხადი შეიქნა პირველი რესპუბლიკის ბედი რომ საბოლოოდ იყო გადაწყვეტილი. ისტორიამ შემოინახა საქართველოს პოლიტიკური მესაჭისა და მე-11 არმიის ბოლშევიკი სარდლის - სერგო ქავთარაძის შეხვედრის საგულისხმო მომენტი.
- „თქვენ დამარცხდით, ჩვენ გავიმარჯვეთ, ზედმეტი ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილების მიზნით გამოაცხადე თქვენი მთავრობის გადადგომა, ხელისფულებას ჩვენ ავიღებთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენც ქართველები ვართ!“ - უთხრა ქავთარაძემ ბატონ ნოე ჟორდანიას. მან კი მიუგო: - „მე არ გავაკეთებ განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. თქვენ უნდა დარჩეთ ოკუპანტებად!“
ჟორდანიას წერილი/ინსტურქცია 15 მარტს მოუვიდა ბიქტორს. ნოე მოკლედ იუწყებოდა შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას - ბათუმის პორტიდან 17 აპრილს პირველი რესპუბლიკის მთავრობა იტალიური გემით საქართველოს დატოვებდა. ამ გემზე ერთი ადგილი ბიქტორ ჭანტურიასთვისაც გამოიძებნა, თუმცა„მაშველი რგოლის“ მიღმა მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი რჩებოდნენ. 
ბიქტორი დარჩა... 
კომუნისტური რეჟიმის მიერ 1924 წლამდე ჩატარებულ „გამაგრებით“ სამუშაოებს, რაც სისხლში ჩახშობილ აჯანყებებს, დახვრეტებს, ქონების კონფისკაციასა და მასობრივ გადასახლებებს ნიშნავდა, მისი ცხოვრებაც შეეწირა. ამავე წლის 25 დეკემბერს,  ზუსტად იმ დღეს, როდესაც მამას საკუთარი 1 წლის ქალიშვილის, ელისაბედის, იუბილე უნდა აღენიშნა, მის სახლს შავი ტყავის პალტოებსა და რეზინის ჩექმებში გამოწყობილი პირები მიადგნენ და ბიქტორი წაიყვანეს. მას შემდეგ იგი სახლში აღარასოდეს დაბრუნებულა.
ამ ამბებიდან ზუსტად ერთი საუკუნეა გასული, იქიდან კი, რაც მის შესახებ ბებია ელისაბედისგან მოვისმინეთ - დაახლოებით 17 წელი. ვეებერთელა ცაცხვის ხე, რომელიც ჩვენი გურული ოდის განაპირას დგას მწვანე მოლის დარაჯად, ამ ამბების ერთადერთი ცოცხალი მემატიანეა. დღემდე, როდესაც ამ ხეს ვუყურებ, მახსენდება მისი დამრგველი ბიქტორ ჭანურია, პირველი რესპუბლიკა და ბებიასთან გატარებული ზაფხულის დღეები. ვფიქრობ, როგორი იქნებოდა დიდი ბებიის ოჯახის და კიდევ ათასობით სხვა ოჯახის ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში, წითელ ცელს რომ არ გაესხიპა მათი აწყმო და მომავალი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge