გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლია პეტრიაშვილი - ლექსები



სულში ჩამხედე

სულში ჩამხედე, სანამ კიდევ შეძლებ წაკითხვას,
სანამ ჯერ კიდევ ამჩნევია შენი სახელი,
ვფიცავ მაღლა მზეს, დაბლა კიდევ ჩვენს დედამიწას,
შევძლებ დაგიცვა, ვერვინ გახლოს მზაკვარი ხელი.
ყურს ნუ დაუგდებ შურით ნათქვამ სხვის ნაქილიკებს,
ნუ ჩაახედებ შენს გრძნობებში მესამე პირებს,
არ აქექინო შენი სულის ოაზისები,
წამოგძახებენ... გულის წყენა გაგინაპირებს...
სიყვარულს მართლა არ ჰქონია ასაკი, ვხედავ...
არც დასაწყისს და არც დასასრულს არ აქვს ადგილი,
როცა ამური გესტუმრება, კარს თუ გაუღებ,
სიცოცხლე ხდება საამო და თანაც ადვილი.
პირველ პაემანს, ვიცი,მაინც შენ დამინიშნავ,
ხანშიშესული ორი გულის ძგერას გამოვცდით,
ხელში აიღებ ჩემს დამჭკნარ ხელს, ეამბორები,
ჯერ არ მოვკვდებით, თუ ამ გრძნობის ნექტარს გამოვცლით.
ვინ დაუწესა დიდ სიყვარულს ნეტავ ასაკი,
ვის ეღიმება ირონიით ხანდაზმულებზე?!
ქარაფშუტულ და ახალგაზრდულ უეცარ ლტოლვებს,
სჯობს დაღვინებულთ გრძნობის ხნული სავსე გულებზე.
სუფთა დაფას ჰგავს ჩემი სული, ჯერ წაუშლელი: 
- შენ რაც დაწერე, ამჩნევია,თუ წაიკითხავ...
მიხვდები ალბათ: უამრავი შეცდომის ავტორს,
გქონია ბედი... იღბალს ჰპოვებ, თუ გაიკითხავ.
მე მაინც ველი უცნაური ლოდინით შენგან,
პირველ შეხვედრას, პირველ ნახვას იმ პაემანზე,
სულში ჩამხედე მოწვევამდე და სევდის ნაცვლად,
იქ მომიქარგე გვირილები, იმ კაეშანზე.
შენს სადღეგრძელოს, უხმოდ დავლევ მრავალსიტყვიანს,
ყველაფერს გეტყვი - უხმოდ, მხოლოდ თვალთა ციალით,
ყველა ზედმეტს თუ ზურგს შევაქცევთ, ასე სჯობია,
მივენდოთ ბედის ქარბორბალას თავზე ტრიალით.
სულში ჩამხედე, დაინახავ მხოლოდ შენს სახეს,
იქ მარტო შენ ხარ, ვერ იპოვი სხვა ვინმე უცხოს,
სიხარულს ნახავ, გამოუცდელს, რომელიც ცდილობს
მადლიერებას უფლის კვერი ტკბილად დაუცხოს.
8 აგვისტო 2020 წ.


მამულს დავუდგეთ სადარაჯოზე

დრონი მეფობენ, არა მეფენი...
ეს დროც გადავა, მოვა ნანატრი,
ამოისუნთებს ქვეყანა შვებით,
შეუხორცდება მკერდი ნაფატრი!
არ მოეშალოს ეს სილაჟვარდე,
ფირუზისფერი - სამშობლოს ზეცას,
ღმერთმა დალოცოს ეს საქართველო,
შეუნარჩუნოს სითბო ამ მზესაც.
ეროვნულობას და მხოლოდ ქართულს,
ტრადიციებით მივაღწევთ შედეგს,
რომელიც გვქონდა, მარად გვექნება--
ქრისტეშობამდე და ქრისტეს შემდეგ!
არ უნდა გაწყდეს გენური ჯაჭვი,
არ აიღრიოს სხვა ტომთა ჯიშში,
ქართველმა ქალმა არ შობოს ,,უცხო"
და არ ჩაუდგეს სამშობლოს ჯიბრში.
არ გავხდეთ მშურნი, ბოროტნი, მრუშნი,
გაგვიგონია - წისქვილმა ფქვასო...
ყურს ნუ ვათხოვებთ ბოროტთა ქადილს,
ვისაც რა უნდა, გაუშვით, თქვასო.
ბოროტს ვაჯობოთ სრული სიჩუმით,
წრფელად ვაკეთოთ მხოლოდ სიკეთე,
მამულს დავუდგეთ სადარაჯოზე,
ვუთხრათ: რაც შევძელ, ის გაგიკეთე.
უნდა გიყვარდეს, რომ გულმოდგინედ
აკეთო ქვეყნად კარგი საქმენი,
სიყვარულია ყოველის შემძლე,
რომ გათქმევინოს გულით სათქმელი!
6 აგვისტო 2020 წ.


სურვილი

ისე მცირეა ეს დედამიწა,
ისე პატარა მთელი სამყარო,
ვერ მოვირგე და ვერ დავეტიე,
მადლი სიკეთით რომ დავამყარო.
სულ სათითაოდ თვლიან ნაბიჯებს
და ყოველ ნათქვამ სიტყვას მარცვლიან,
რუდუნებით და დიდ მოთმინებით,
მათ ქცევას ველი, როდის შეცვლიან.
ეს რომანტიზმი ისე დიდია,
ყველა პლანეტებს შიგნით დაიტევს,
თუ ვერ მივაგნებ მადლიერებას,
გული წუხილით ჯავრს არ დაილევს.
ადამიანურ ყველა სიკეთეს
და სათნოებას მოვძებნი ხალხთან,
თუ მივაგენი, ჩამოვარიგებ,
თითო მადლს დავდებ სულ ყველას სახლთან.
27 ივლისი 2020 წ.


სიყვარული გჭირს

ალუბლისფერი სავსე ტუჩების
ნოსტალგია გჭირს,
თვალთა სინაზის და სისპეტაკის
გარეშე გიჭირს,
იცი, რომ ახლა დეფიციტია,
სიყვარულიც ჭირს,
გრძნობის გარეშე შენ ვერ გაუძლებ--
ცხოვრებას დუხჭირს.
იქნებ გაბედო, სათქმელი ითქვას,
მერე რა უჭირს,
ტვირთი მოიხსნა, ამოისუნთქო,
გასცდე გასაჭირს,
მიესათუთო უფლის საჩუქარს,
არაფერი გჭირს,
მასთან გაიყოფ ამ ცხოვრებაში
ლხენასა და ჭირს.
ალუბლისფერი ტუჩების კოცნით
აისრულებ ჟინს,
გამჭოლი მზერით,ვიცი, აჯობებ
ყველა გასაჭირს,
ამდენი სევდის მატარებელმა
იქნებ თქვა, რა გჭირს...
იქნებ არსებობს რამე საშველი,
უშველონ შენს ჭირს.
ალუბლისფერი ტუჩების დარდს ხომ
ეტყობა, რაც გჭირს,
შენს ავადობას ჰქვია სახელი
- სიყვარული გჭირს.
ხო,მეგობარო, დაიჯერე,რომ
გულის ტრფობა გჭირს.
მაშ, გაუმარჯოს, ამ ქვეყანაზე იმ სიყვარულს,
რომელიც შენ გჭირს!
19 ივლისი 2019 წ.


მეგობარს

(ვუძღვნი ჩემს სულიერ მეგობარს ღვთისო ღვთიურს)

ნიჭი ერთია, ფიქრი მეორე.
შენ სამშობლოზე ხარ ჯვარწერილი,
პირადი უკვე აღარ გადარდებს,
ყალბ ხალხზე ნოტაც გაქვს დაწერილი.
გინდა მოასწრო ვიდრე ,,აქეთ" ხარ,
გსურს დაადგინო კანონპროექტი,
იქნებ სამშობლოს ეშველოს რამე,
მცდარ პოლიტიკას უთხრა პროტესტი.
არ მინდა ჰგავდე იმ არსაკიძეს,
ვისაც მოაჭრეს მარჯვენა მკლავი,
თავის სიმართლე ვერ დაამტკიცა,
შეწირულ იქნა, ვით კერპს საკლავი.
ხარ შეცნობილი, ნაფიქრი ბევრჯერ,
არ გაიწირო უქმად, უმიზნოდ,
სიყვარულისთვის გაწირეს უტა,
შორენა დარჩა მარტოდ, უხიზნოდ.
უზადოდ ქმნილი სვეტიცხოველის
გადააბრალეს ცუდად აგება,
არ დაემსგავსო ცხოვრებით უტას
და სიყვარულშიც ფუჭად წაგებას.
ღმერთმა დალოცოს შენი მიზნები,
ნაფიქრი ყველა აგიხდეს ერთად:
საერო საქმეც, გულში ნანატრიც,
მე კი შეგრაცხე,ღვთიურო, ღმერთად.
18 ივლისი 2019 წ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge