გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურა ოდილავაძე - სექსუალური ,,ლიკბეზი“ (რომანი ,,ბეკერის“ როიალი)

             
              გიორგის ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ყველა თანაკლასელი ხუთოსანი გოგო შეუყვარდა. ამასთან ერთად, სრულიად უნაშთოდ დნებოდა კლასის დამრიგებლის ერთი წლით უმცროს შვილზე – ფაინაზე; თანატოლი უმცროსი პიონერხელმძღვანელი სვეტაც მეტად ხიბლავდა – პიონერთა შეკრებისას მის ოდნავ ჩახსნილ თეთრ პერანგზე წითელი ყელსახვევის ორი ბოლო ამაყად ფრიალებდა და მკერდიც ისე ამაღელვებლად იწევდა მაღლა...
              არც უფროსებისადმი იყო გულგრილი: აღუწერელ ექსტაზში მოჰყავდა გაბერილტუჩებიან სკოლის უფროს პიონერხელმძღვანელსა და ფრანგულის მოკლეკაბიან მასწავლებელს; მეზობლად მცხოვრები რამდენიმე მდგმურის, როგორც ამბობდნენ, ,,ბოზების“, კისკისის გაგონებისთანავე, უმალ აივანზე ერჭობოდა და მათ შორიახლო მდგარ ხის ქოხს უცქერდა; უყვარდა დედაქალაქიდან ჩამოსული, დედის ახალგაზრდა თანამშრომელი პედიატრი თინა და ფოსტალიონის ქალიშვილი ვნებიანად მილულული თვალებით ლიუდა – ბევრი უყვარდა, ბევრზე ოცნებობდა და ბევრს ეტრფოდა... თუმცა, იმჟამინდელ ოცნებებსა თუ სიზმრებში გოგონებს მხოლოდ ჩაცმულს ხედავდა – ჯერ მისი გონება მათი სხეულის არცერთ დეტალს არ აშიშვლებდა. გიორგი კი შეყვარებულებზე განუწყვეტლივ ფიქრობდა და საწინააღმდეგო სქესის ამ რჩეულ არსებებზე გიჟდებოდა, თუმცა რას ეტრფოდა და რისი მიღება სურდა, ჯერ არ იცოდა. 
            ღვთაბრივი არსებები, ხშირად, გიორგის უჩუმარ სიყვარულს არად აგდებდნენ და უფრო აქტიურ თაყვანისმცემლებთან ფლირტით ერთობოდნენ. ისიც თავს არ ინდობდა და ეჭვიანობის მორევში ეშვებოდა. ყველასგან გამორჩეულად მაინც კლასის დამრიგებლის შვილი ფაინა უყვარდა, რომლის ფაფუკ ლოყებს, ციმციმა თვალებსა თუ გამოხატულ ყვრიმალებს გულის აჩუყებამდე, ცრემლებამდეც კი მიჰყავდა. ერთხელ, შესვენებაზე გამოსულმა, დაინახა, რომ მისი ჰარემის დედოფალი ფაინა ,,დაჭერობანას“ დედაქალაქიდან ახლადგადმოსულ ბიჭთან თამაშობდა... სირბილისგან დაქანცული ფერია ჩერდებოდა, თავს უკან აგდებდა და თავდავიწყებით კისკისებდა – დაწითლებული ლოყები და ვარდისფერი ტუჩები სხვას უცინოდნენ! ფაინას ღალატმა გული მოუკლა. სახლში მოსულს კი, განცდების ქარიშხალისგან სიცხემ აუწია. მთელი ღამე ფაინათი ბოდავდა და სარეცელზე მიგდებული მწარედ ქვითინებდა. დილისკენ არაქათი გამოეცალა და თვალცრემლიანს ჩაეძინა...
                ...საბჭოეთში დიდი ამბები ხდებოდა, ძალიან დიდი! პატარა გიორგი ბოხუასგან განსხვავებით, საბჭოელი მფრინავები ქალებზე დროს უქმად არ აცდენდნენ და დევიზით: «Первым делом, первым делом самолёты, ну а девушки,  а девушки потом» – ხელმძღვანელობდნენ. საბჭოთა რაკეტები «Восток» ერთმანთს კოსმოსში გაფრენას ასწრებდნენ. შუადღის შესვენებაზე მოსწავლე და კლასის დამრიგებელი მარია მაქსიმოვნა, იმხანად ძალიან იშვიათი ტელევიზორის საყურებლად, ბოხუების სახლში მორბოდნენ და მცირე ზომის რუხ ეკრანზე საბჭოთა ხალხთან ერთად კოსმოსიდან მშვიდობით დაბრუნებულ: იური გაგარინს, გერმანე ტიტოვს, ანდრიან ნიკოლაევს, პაველ პოპოვიჩსა და ვალერი ბიკოვსკის – ეგებებოდნენ. გიორგიმ და ტანმორჩილმა მარია ვასილიევნამ კოსმოსური ოდისეის დამაგვირგვინებელი აკორდიც ერთად იხილეს – პირველი ქალი კოსმოსში – ვალენტინა ტერეშკოვა! 
ცრემლმორეულნი ფეხზე იდგნენ და საბჭოეთის ჰიმნს უსმენდნენ – ორივეს, მასწავლებელსა და მოსწავლეს მშობლიური სახელმწიფოს სიდიადით გული ევსებოდა. ვერაგი ამერიკელები კოსმოსში ვერ მიფრინავდნენ, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა საბჭოთა ხალხების კოსმოსურ მიღწევებს. ამ წლებს შემდეგ რომ იხსენებდა, რატომღაც მარია მაქსიმოვნას მოკლე, დაკუნთული ფეხები ახსენდებოდა.
                სწორედ იმხანად, გროხოტის სადგურის გავლით კუბელი კომანდანტე ფიდელ კასტრო და ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა სერგის ძე ხრუსჩოვი ესტუმრნენ. პატარა გიორგი ბოხუა პერონზე დახვდა მათ! მართალია, ვაგონის ბაქანზე გამოსული ორი ბელადი – ნიკიტადა ფიდელი, ხალხის სიმრავლის გამო, კარგად ვერ დაინახა, მაგრამ მომენტის სიდიადე მაინც სავსებით შეიგრძნო. 
                  იმ წლებში საბჭოელი ხალხი ,,თავისუფლების კუნძულს“ თეთრი პურით ეხმარებოდა და ამიტომ გროხოტელები ამ პროდუქტის დეფიციტსა და ტალონებით განაწილებას მაღალი შეგნებით მოეკიდნენ. მშობლების ,,ბლატის“ დამსახურებით, ბოხუების ოჯახში თეთრი პური საკმაოდ იყო, მაგრამ მისი გარეთ გატანა და თანატოლებთან ისე თამაში მკაცრად იკრძალებოდა, რათა ეს უკანონო ფუფუნება სხვებს არ შეემჩნია. ნორჩში კიდევ ერთი საფრთხის შიში იკიდებდა ფეხს, რომელმაც შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, ,,დაბეზღებისა და პოლიტიკური რეპრესიების“ სახელი შეიძინა... 
             ...სანამ დედაქალაქს გაამწესებდნენ, მეხუთე-მეექვსე კლასისთვის, გროხოტის რაიკომში გიორგი ბოხუას, როგორც წარჩინებული მოსწავლისა და პატივდებული მშობლების შვილის, ,,არტეკის“ საგზურით დაჯილდოება გადაწყდა. ,,არტეკი“ – ყველაზე ცნობილი საერთაშორისო პიონერული ბანაკი იყო სსრკ-ში და საკავშირო პიონერული ორგანიზაციის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. საბჭოთა ბავშვებისთვის საგზური ,,არტეკში“ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლებოდა. ყირიმის ნახევარკუნძულზე გაშენებულ დასასვენებელ კომპლექსს ხშირად სტუმრობდნენ საბჭოთა მწერლები და გამოჩენილი საპატიო სტუმრები საზღვარგარეთიდან. 
სიახლის შეტყობისთანავე, გიორგიმ ,,ბავშთა ენციკოლოპედიის“ უშველებელი, ყვითელი ტომი გადმოიღო და ,,არტეკის“ შესწავლას შეუდგა... ფოტოები ბედნიერი ბავშვებით ყირიმის ზღვის სანაპიროზე... კოცონთან შემოკრებილი პიონერული რაზმი და... ბავშვები მოკლე შარვლებში... ელდა ეცა – უკვე მეექვსე კლასში სწავლობდა, ფეხებზე თმები წამოეზარდა, შორტები როგორ ჩაეცვა?! სირხვილია! მთელი დღეები განუწყვეტლივ ჭარბთმიანობის პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრობდა! საათობით სარკიანი კარადის წინ იდგა და ბანჯგვლიანი ფეხების შემხედვარეს ცრემლები სდიოდა. ისეთ სასოწარკვეთამდე მივიდა, რომ წვივები სამართებლით გაიპარსა... სარკეში ჩაიხედა – ხერხმა არ გაამართლა, ადგილ -ადგილ დასისხლიანებული, გაპრიალებული თეთრი კიდურები მეტად არამიმზიდველად გამოიყურბოდა. გამოსავალი არ ჩანდა! ძილი დაკარგა! ბოლოს გადაწყვიტა გასაჭირი მამისთვის გაემხილა. მამას გაეღიმა და უთხრა, რომ ,,არტეკში“ გამგზავრება ზამთრის პერიოდს ემთხვეოდა. მოზარდის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ცხადი იყო, რომ ცივი ზამთრის პირობებში მოკლე შარვალს არ ჩააცმევდნენ! თუმცა, რა იცი რა მოხდება?! უკანასკნელ წუთამდე მაინც სასტიკად ღელავდა და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როდესაც უკვე ,,არტეკში“ ჩასულს, ფორმა ჩამოურიგეს – თბილი ქურთუკი და გრძელი შარვალი.
                  გიორგის პიონერული ცხოვრება ,,არტეკში“ ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა – საბჭოთა კავშირის მრავალრიცხოვან მტრებთან ბრძოლა და გოგონებთან ურთიერთობის გაბმა. ჩასვლის მეორე დღესვე, ასობით პიონერის შეკრებაზე, გიორგი ,,ნორჩ მესაზღვრეთა რაზმში“ საზეიმოდ მიიღეს. პიონერხელმძღვანელებმა იური გენადიევიჩმა ნორჩი არტეკელები გააფრთხილა: ამერიკა და ,,ნატო“ დღედაღამ ფხიზლობდნენ და ყველა ხრიკს მიმართავდნენ, რომ როგორმე ,,არტეკის“ ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირში შემოეღწიათ; მრავალრიცხოვანი მტერი ყოველ კუთხე–კუნჭულში იყო ავაზაკურად ჩასაფრებული; პროლეტარიატის ექსპლუატაციისა და მშრომელთა ფულის ძარცვის მანიით შეპყრობილი, ხარბი ამერიკელი კაპიტალისტები ძალას არ იშურებდნენ, რომ ვერაგი შპიონები ,,არტეკის“ სანაპიროზე წყალქვეშა ნავებით გადმოესხათ; მტრის განზრახვა კი მიზნად ისახავდა საბჭოთა ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების როგორმე არევას. საფრთხის საილუსტრაციოდ პიონერხელმძღვანელ იურის, ბევრი ცოცხალი მაგალითიც მოჰყავდა იმის შესახებ, როგორ გადაარჩინეს ნორჩმა ,,თემურელებმა“ საბჭოეთი. გიორგიც მთელი გულით აენთო! სულიერი თუ ფიზიკური ძალების სრული მობილიზებითა და დიდი შემართებით, მოზარდი მშობლიური მამულის საზღვრების დაცვას შეუდგა! ღამეები წყალქვეშა ნავის პერისკოპის ძიებაში ზღვის ზედაპირს თვალს არ აშორებდა, ,,კალაშნიკოვის“ გახვრეტილლულიანი ავტომატით ბანაკის ტერიტორიაზე დარბოდა და სადღაც გაუჩინარებულ შპიონებს უშედეგოდ ეძებდა. საბოლოოდ, მტრის აღმოჩენისა და დატყვევების აღუწერელი სიხარულიც განიცადა, როდესაც ღამის წყვდიადში საეჭვო ხვნეშა შემოესმა – დამხმარე რაზმს გამოუძახა და ბუჩქებში განმარტოებული ქალ-ვაჟის წყვილი არყის ბოთლით ხელში, მიუხედავად სასტიკი პროტესტისა, შტაბში მიაბრძანეს. 
               არტეკელებს ასწავლიდნენ ავტომატის დაშლა- აწყობასაც. ამ საქმეში ისე დახელოვნდა, რომ ბანაკის ჩემპიონიც კი გახდა. ახლა კი ,,არტეკული“ ცხოვრების მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან შემადგენელზე.
                სამხრეთიდან ჩამოსულ ნორჩ მამრებზე მეტად დიდი მოთხოვნილება შეიქნა. რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, ბაშკირეთიდან თუ ტუვიდან ჩამოსული, ,,ბევრად“ უფროსი, მერვეკლასელი გოგონები შავგრემან ბიჭებს ერთიანად შეესივნენ.
                წარუმატებელი სიყვარულით დამჭკნარმა მოზარდის გულმა, როგორც იქნა, გაიხარა და ერთბაშად გაიფურჩქნა! გიორგი ყველა ბიჭზე მოხერხებული აღმოჩნდა, რადგან პიონერული ყელსაბამების დამაუთოებელის ადგილი ხელთ იგდო და ეს პოსტი ბოლომდე არავის დაუთმო. როგორც იქნა, სიყვარულს მოწყურვებული მოზარდის ოცნებებმა ხორცი შეისხა! საქმე ის გახლდათ, რომ 10 საათისთვის ცხადდებოდა ძილის დრო, რასაც პიონერხელმძღვანელები მკაცრად აკონტროლებდნენ. მხოლოდ ერთს ჰქონდა მღვიძარების უფლება – მთელი პიონერული რაზმის ასობით ყელსაბამს ერთი პიონერი აუთოებდა და ეს უბედნიერესი ადამიანი გახლდათ – გიორგი ბოხუაა-ა! 
                  სექსუალური ორგიის სურათი ასე გამოიყურებოდა: როგორც კი პიონერხელმძღავანელი შემოვლას დაასრულებდა, შუქს გამორთავდა და ბავშვებს დააძინებდა, პიჟამოში გამოწყობილი რამდენიმე ქალიშვილი გიორგის საგუშაგოდან საკუთარ პალატაში იტაცებდა; ოთახში შეჰყავდათ, საწოლზე სვამდნენ, შუქს აქრობდნენ და ათობით ქალი ერთდროულად ეხვეოდა და ეფერებოდა; მუდმივ მღვიძარებაში მყოფ გიორგიზე ტაციაობა იყო გამართული და ღამის განმავლობაში რამდენიმე პალატის მოვლა უწევდა; ასე გრძელდებოდა მთელი ღამე, გამთენიისას საწოლამდე დაღლილი  მილასლასებდა და გაღიმებული სახით იძინებდა. ერთი იყო გულდასაწყვეტი – ჯერ სქესობრივი მომწიფების პროცესი მის ორგანიზმში დასრულებული არ იყო და ამიტომ იმხანად, სწორედ ეს ალერსი წარმოედგინა სიყვარულის აპოთეოზად. თუმცა, აურაცხელი ხვევნა-კოცნა და ქალთა სქესის სითბოს სხეულში აკუმულირება დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. პირველი კვირის ბოლოსვე ათობით ქალზე გაგიჟებამდე იყო შეყვარებული, ყველას სახელი ზეპირად იცოდა და მისამართებიც ჩაიწერა. 
                    აი, დასვენების ბედნიერი ხანაც დასრულდა. პიონერები არკადი გაიდარის სახელობის მოედანზე, თემურის დროშის ქვეშ შეიკრიბნენ და განშორების ცრემლის ოკეანეში ჩაიძირნენ. გამგზავრების წინ, ორი- სამი სამხრეთელი ბიჭი ათობით გოგოთი გარშემორტყმული ავტობუსთან იდგა. ბევრმა გოგონამაც ვერ გაბედა მოსვლა და ბანაკის პალატაში მარტო მოთქვამდა. ყველა ერთად, მომაკვდავ სიყვარულს გულამოსკვნილი ტიროდა: ,,სადა ხარ, ჩემო სულიკოო...“
                    ნათელი იმედებით აღვსილი გიორგი ბოხუა გროხოტში დაბრუნდა. შეყვარებულებთან კარგახანს გულთბილ მიმოწერას აწარმოებდა, იმედს არ კარგავდა, რომ მათ როდისმე ნახავდა და ამჯერად უკვე სათითაოდ შეიყვარებდა. 
2020, მაისი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge